5.
პატრონი ცდილობდა დადა როგორმე გაემხიარულებინა. უკვე რამდენიმე კვირა იყო გასული, მაგრამ დადას მაინც მხიარულებისა და ბედნიერების შეგრძნება ჰქონდა დაკარგული. იყო თავისთვის მობუზული, საჭმელს პირს ძლივს აკარებდა. აღარც ხატვა უნდოდა და აღარც ბაღში სეირნობა. ყველა გაკვირვებული იყო, არასდროს არავის უნახავს დადას ასეთი ძლიერი რეაქცია და ამ ამბავმა პატრონი კიდევ უფრო მეტად ჩააფიქრა.
„იქნებ დადამ ყველაფერს უყურა?
თავისი თვალით ნახა, როგორ ამოუხოცეს ოჯახი...
იქნებ... სულაც...“
და ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ზეკიც ამასვე ფიქრობდა. იქნებ, მართლაც დადას სიცოცხლე მათ საფრთხეს უქმნიდა და?..
არა, ისე... პატრონს, რომ ეთქვა, ზეკი უმალ ყელს ისე გამოღადრავდა, რომ თვალსაც არ დაახამხამებდა, მაგრამ...
ზეკი დაბღვერილი დადიოდა. ხანდახან პატრონსაც კი უღრენდა, პატრონი კი სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა. ზეკი მებაღესაც კარგად დააკვირდა, მაგრამ მასში მეტოქე ვერ ამოიცნო, თუმცა იყო რაღაც ისეთი, რაც არ მოსწონდა ამ კაცში, მაგრამ რა იყო, ამას თავადაც ვერ ხსნიდა.
მებაღე კი თითქმის არავის ეკონტაქტებოდა, იშვიათად თუ გაიგონებდნენ მის დაბალ, მოგუდულ ხმას. დღიური ულუფის მიწოდებაც, რომ დავიწყებოდათ მისთვის, ხმასაც არ ამოიღებდა და არც არავის შეაწუხებდა, მორჩილად უვახშმოდ დაიძინებდა.
წელიწადზე მეტი იყო გასული, რაც იქ მუშაობდა და მაინც არავინ იცოდა ვინ იყო და საიდან მოვიდა. საკუთარ თავზე არაფერს ჰყვებოდა. დასმულ შეკითხვებსაც კი რაც შეიძლება მოკლე პასუხებით იგერიებდა და ცდილობდა დროულად გასცლოდა იქაურობას, რომ შემდეგი კითხვა აღარ დაესვათ მისთვის.
მებაღის ასეთ საქციელსა და ქმედებას ყურადღებას არავინ აქცევდა. საწყალი კაციაო - ამბობდნენ და ებრალებოდათ კიდეც. დაძონძილი, ნაფლეთებად ქცეული სამოსი ძველმანებით შეუცვალეს. მებაღე თავისი ახალი ცხოვრებით კმაყოფილი იყო და მთელ დღეებს ბაღში მუყაით შრომაში ატარებდა.
პატრონმა გადაწყვიტა უქმე დღეები მთლიანად დადასთვის დაეთმო და ქალაქში გასეირნება შესთავაზა. მართალია დადას ქალაქი დიდად არ მოსწონდა, მაგრამ უარი მაინც არ უთქვამს.
ქალაქის ხმაური და აურზაური საშინლად აღიზიანებდა დადას, მაგრამ სამხატვრო სალონში შესვლამ, ახალი ფუნჯების საღებავებისა და სხვა ნივთების შენაძენმა ძლიერ გაახარა, შემდეგ ტკბილეულის მაღაზიამ ხომ საერთოდ, გამოუსწორა ხასიათი. დადას შეეძლო უზომოდ დაუსრულებლად ეჭამა შოკოლადი, მაგრამ ექიმმა დღიური დოზა დაუნიშნა და ამას უკვე თავადვე აკონტროლებდა, ზედმეტს არასდროს ითხოვდა.
ყველაზე ნაკლებად კი დადას ტანსაცმლის მაღაზია აინტერესებდა. საერთოდ არ ფიქრობდა ოდნავ მაინც ქალურად ჩაეცვა. მისი თანატოლები რა ხანია დაოჯახებულიც იყვნენ და მოსწრებული შვილებიც ჰყავდათ, დადა კი ისევ ისე პატარა გოგონად რჩებოდა და თითქოს არ ემეტებოდა ბავშვობის დათმობა.
ეზოში შესულებს, მსახურები გამოეგებნენ, ჩამოართვეს შენაძენი და დადას ოთახისკენ გააქანეს. დადა სახლში შესვლას არ ჩქარობდა, თავის ბაღს ისე ათვალიერებდა, თითქოს ვიღაცას ეძებდაო. მოშორებით, ბაღის კუთხეში დიდი ბებერი ხის ქვეშ მჯდომ მებაღეს თვალი მოჰკრა და სუნთქვა შეეკრა. ეიფორიამ შეიპყრო, აღარ იცოდა მებაღისკენ წასულიყო თუ სახლისკენ განეგრძო გზა. პატრონი მაშინვე მიუხვდა. ხელკავი გამოსდო და მებაღისკენ წაიყვანა.
მებაღე ხის ჩრდილში იჯდა და პატარა ჭიგოებს თლიდა და ძირს რომ არ მიმოფანტულიყო კალთაში იგროვებდა ნათალებს. მათ დანახვაზე კალთას ხელი მოავლო და წამოდგომა დააპირა, მაგრამ პატრონმა შეაჩერა, ხელით ანიშნა - იჯექიო.
ჯერ კიდევ მოუშუშებელი ნაიარევი სახეზე ძლიერ ეტყობოდა. თვალთან ოდნავ აცდენილი ზოლი ღაწვზე გადიოდა, ცხვირის კიდეს, ზედა და ქვედა ტუჩს უპობდა. წამოზრდილი წვერიც კი ვერ უფარავდა ნაჭრილობევს.
დადა სიბრალულით შეჰყურებდა და ძალიან უნდოდა მოებოდიშებინა მისთვის, ხან პატრონს შეხედავდა, ხანაც კი მებაღეს. მერე უცებ მოისაზრა ჩანთა გახსნა ერთი შეკვრა მისი საყვარელი შოკოლადის კანფეტები ამოიღო და მებაღეს ჩაუგდო კალთაში.
მებაღე შეცბუნდა. პატრონმა კი დაასწრო, რომ უარი არ ეთქვა:
- აიღე შეჭამე, აჩვენე, როგორ ძალიან მოგეწონა!
ეს თითქოს სადღაც ბრძანებასაც ჰგავდა, მებაღე დაემორჩილა ერთი ცალი გახსნა და რომც არ მოსწონებოდა მაინც უნდა ეთქვა რა გემრიელიაო, თუმცა მართლაც გემრიელი რამ იგემა და სახეზედაც შეეტყო. დადას გაუღიმა და დაბალი ხმით უთხრა:
- ასეთი გემრიელი რამ ცხოვრებაშიც კი არ გამისინჯავს...
დადა სიხარულით ცას ეწია.
პატრონმა კი უთხრა:
- აი ხომ ხედავ? მოეწონა და ბედნიერია, ახლა ჩვენს საქმეს მივხედოთ, თორემ ხომ იცი, აქ უსაქმოდ არც ჩვენ ვჩერდებით და არც არავის ვაჩერებთ, ყველას თავისი საქმე აქვს!
დადამ კიდევ ერთხელ გაუღიმა მებაღეს და პატრონთან ერთად სახლისკენ გაუყვა გზას.
LEX. 2016 წლის 31 იანვარი, კვირა
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1708037896105167/?type=3&theater
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1708037896105167/?type=3&theater
No comments:
Post a Comment