2.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1732466870328936
სახლში მისულს უარესი რუტინა დახვდა.
- ტელეფონი რატომ გქონდა გათიშული?
რა ფერი გადევს?
მანქანა ხომ არ დაამტვრიე?
რამე შეგემთხვა?
ამდენი ხანი სად იყავი?
ბოლო შეკითხვაზე, როგორც იქნა აღირსა პასუხი:
- სად ვიქნებოდი აბა? სამსხურში ვიყავი!
- აბა სამსახურიდანაც რომ გირეკავდნენ?
- ოოოო!.. რა ხალხი ხართ, რაა... –
გულმოსულმა, ცხვირწინ მიუჯახუნა თავისი ოთახის კარი და ფეხსაცმლის გაუხდელად მიეგდო საწოლზე.
თუმცა ვინ მოასვენა.
- მიმი! მიმი, გამიღე დედა კარი! - არ ეშვებოდა დედა. - ცუდად ხომ არ ხარ? მიმი, რა მოხდა, დედა?
ყურზე ბალიში წაიფარა, მაგრამ კარს იქეთ, ხმა მაინც არ ცხრებოდა.
- ყავა მინდა, დეე! – ამოიღმუვლა მიმიმ.
რადგან რაღაც პასუხი მაინც აღირსეს, დედა ცოტათი თითქოს დამშვიდდა კიდეც.
მიმის ყავის გარეშე ჩაეძინა და როცა გამოეღვიძა, უკვე კარგად შებინდებულიყო. ისევ ძილ-ბურანში გრძნობდა თავს და ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო ღამდებოდა, თუ თენდებოდა.
სასადილო ოთახში კვლავ დედის ქოთქოთის მოსმენა უწევდა:
- აი, დილით რომ არ საუზმობ, სწორედ მაგან იცის ასე მოთენთვა! აბა შუადღეზე, საბავშვო ბაღშიც კი ვერ გაძინებდნენ, ახლა კი იმდენი ხანი გეძინა?
მიმიმ ნამძინარევი თვალები უაზროდ მოავლო ოთახს.
პიანინოს დანახვამ რაღაც მელოდია მოაგონა, თითქოს ყრუდ, შორიდან ჩაესმა ძველი აკორდები.
ინსტრუმენტი საკმაოდ მოძველებული იყო. დიდი ბებიისგან ერგო სახსოვრად, როგორც პირველ შვილთაშვილს. მის გვერდით, კი ასევე ძველებური პატარა მრგვალი, შავი ხის, მოჩუქურთმებული მაგიდა ამშვენებდა კუთხეს, სადაც მიმისდა გასაოცრად, ლარნაკში დიდი ყვავილების თაიგული ეწყო.
„ფერადი მიხაკები?.. ჰმ...“
თვალები უფრო დიდზე დაჭყიტა. კარგად ვერ გაეგო გამოფხიზლდა, თუ ისევ ჯერ კიდევ ძილში იყო.
საერთოდაც არ ესმოდა დედა რას ელაპარაკებოდა. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც დედამ პატარა ბარათი გაუწოდა.
„დარწმუნებული ვარ გამოვიცანი.“
ბარათზე მხოლოდ ეს ეწერა.
მიმიმ უსიამოდ აიჩეჩა მხრები, ცხელი ყავა დიდი ყლუპით მოსვა. მისმა სითბომ ყელში გაუარა, გულში ჩაეღვარა და როგორც იქნა, გაეღიმა.
დედა კვლავ უამრავ კითხვას აყრიდა, თუმცა არც უსმენდა, კვლავ გემრიელად მიირთმევდა ყავას და დღევანდელი დღის განცდილს ათასნაირად ატრიალებდა თავში.
მოულოდნელად წამოდგა. მაგიდაზე მიგდებულ მანქანის გასაღებს სტაცა ხელი და გარეთ გამოვიდა.
ლამპიონების შუქზე ქალაქში გასეირნებას არაფერი სჯობდა. დღის სიცხეს ღამის სასიამოვნო სიგრილე სცვლიდა. რამდენჯერმე აატარა მანქანა იმ ქუჩაზე. სადარბაზო ჩაბნელებული იყო.
ფანჯრებიდან ზოგან ოდნავ გამოკრთოდა შუქი, ზოგან კი საერთოდაც არ იგრძნობოდა, თუ ვინემ ცხოვრობდა. ავარიული, ბზარებისგან დახეთქილი ძველი ნაგებობის ფასადზე, აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩენოდა პატარ-პატარა, ლომის თავიანი გამოსახულებები.
რას ეძებდა, ან ვის ეძებდა, თავადაც არ იცოდა.
ანდა რას მოელოდა ძველი ქალაქის, ძველი უბნის და ძველი ქუჩის, ძველი სახლიდან საიდანაც, თითქოს ისევ მოისმოდა ძველი პიანინოს ხმა.
მაინც გაბედა და სადარბაზოში შევიდა. თუმცა, კიბეზე ასვლა არც უცდია. ქვემოდან ახედა სიბნელეში შთანთქმულ კიბეთა რიგს.
ახლაღა გაახსენდა ფერადი მიხაკები...
და უახლოესი მეგობრის დაბადების დღეც.
აიკლებენ ახლა წუწუნითა და საყვედურებით. მთელი დღე ხომ ტელეფონიც გამორთული ჰქონდა და არც კი უცდია ჩართვა.
მოგვიანებით მანქანას მეგობრის სახლისკენ მიაქროლებდა, გვერდითა სავარძელზე კი უცნობი თაყვანისმცემლისგან მორთმეული ფერადი მიხაკები ეწყო.
LEX·2016 წლის 15 აპრილი, პარასკევი https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1732466870328936
No comments:
Post a Comment