დადა სერიოზულად შეიპყრო ,,მოაზროვნემ’’. მთელი საათი ჩაფიქრებული იდგა და ზემოდან დაჰყურებდა მოლაპლაპე ფიგურას. მერე უცებ ზურგი აქცია, ეზოში გავიდა და საკმაოდ საქმიანი, სერიოზული სახით მსახურებს მიაშურა.
მსახურებმა დადას დანახვაზე კვლავ ყელი მოიღერეს, მიხვდნენ დადა ახალ მუზას ეძებდა. მან კი მხოლოდ მამაკაცები შეათვალიერა. ზოგი წელში გასწორდა, წამოიმართა, ზოგსაც თვითონ დადამ ანიშნა ადექიო. მერე, როგორც იქნა ერთი ახალგაზრდა შეარჩია, თუმცა მსახურმა უარი განაცხადა, ჯერ არ მცალიაო. დადა კვლავ შეეცადა ბიჭი დაეყოლიებინა, მაგრამ მსახური, თითქოს მის ჯიბრზე კატეგორიულ უარს აცხადებდა და სასწრაფო, აუცილებელ საქმეს იმიზეზებდა.
დადა მოიღუშა. ზურგი აქცია და სახლისკენ გაბუტულივით წავიდა და ისე უცნობივით ჩაუარა პატრონს, რომ მის ღიმილსაც კი ყურადღება არ მიაქცია.
გაკვირვებულმა პატრონმა მზერა მსახურებისკენ გადაიტანა, მათაც სასწრაფოდ მოახსენეს რაშიც იყო საქმე.
დადა მოიღუშა. ზურგი აქცია და სახლისკენ გაბუტულივით წავიდა და ისე უცნობივით ჩაუარა პატრონს, რომ მის ღიმილსაც კი ყურადღება არ მიაქცია.
გაკვირვებულმა პატრონმა მზერა მსახურებისკენ გადაიტანა, მათაც სასწრაფოდ მოახსენეს რაშიც იყო საქმე.
- რა ვქნა ბატონო, დღეს ბევრი საქმე სამუშაო მაქვს, ასე უსაქმურად ვერ დავჯდები, მერე გვიან მომიწევს სამუშაოს დასრულება. - აწუწუნდა მსახური ბიჭი.
პატრონს გაეცინა და მსახურს უბრძანა სასწრაფოდ მიეტოვებინა ყველაფერი, რათა დადას ეს ახირება დაეკმაყოფილებინა, თან დაჰპირდა არ იდარდო, ამ დღეს უსაქმურობაში არ ჩაგითვლიო.
არც იმდენად რთული იყო მენატურის როლში ყოფნა, მით უმეტეს თუ სამუშაო დღის გაცდენად მაინც არ ჩაეთვლებოდა და ბიჭიც უყოყმანოდ დაეთანხმა პატრონის ბრძანებას.
რამდენიმე საათის მუშაობის შემდეგ დადა მაინც უკმაყოფილოდ შეჰყურებდა თავის ნამუშევარს. ცხვირ აბზუებული, ათვალიერებდა ნახატს და რაღაც მაინც არ მოსწონდა.
ასე გაგრძელდა მთელი კვირა. მსახურები რიგ-რიგობით სხდებოდნენ ,,მოაზროვნის’’ პოზაში, დადა კი დაუზარებლად ხატავდა და ხატავდა, მაგრამ მაინც ვერ მიიღო ის რასაც ეძებდა.
პატრონი მშვენივრად ამჩნევდა, რომ ყველაზე მეტად ზეკი მოირგებდა ამ როლს, მაგრამ რატომღაც არაფერი უთქვამს.
ზეკი სიმპათიური ახალგაზრდა კაცი იყო. პირსახეც მშვენიერი ჰქონდა და აღნაგობითაც მამულში ბადალი არ ჰყავდა.
ერთი ორჯერ კი შეავლო პატრონმა თვალი მის ათლეტურ სხეულს, მაგრამ მაინც გულმა არ გაუწია, რომ დადასთვის ზეკის დახატვა შეეთავაზებინა.
ზეკი კი მუდამ თვალში ეჩხირებოდა დადას. ძალიანაც კი უნდოდა დაეხატა, მაგრამ თავად ზედმეტი სიამაყის გამო არ სთავაზობდა. დადას კი სულაც არ აინტერესებდა მისი პოზირება, ზოგჯერ ისე იქცეოდა, თითქოს ვერც ამჩნევდა მას. ზეკი კი სულ მის ირგვლივ ტრიალებდა და წლების მანძილზე იმასაც კი ცდილობდა, რომ როგორმე დადასთვის მისი სახელის დაძახება მაინც ესწავლებინა.
ბევრს ავარჯიშებდა, მაგრამ გოგონა თითქოს ჯიუტად ვერ გამოთქვამდა მის სახელს და ,,ზეკის’’ მაგივრად რაღაც ბზუილის მაგვარ ხმებს გამოსცემდა, მერე ამ ბზუილზე თავადვე ეცინებოდა. ზეკიც ბევრჯერ აჰყოლია სიცილში, მაგრამ გული მაინც ბოღმით ევსებოდა, რადგან ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ დადას უცებ წამოსცდებოდა რომელიმე მსახურის სახელის მარცვალი და ასე უხმობდა. მათაც ესმოდათ, რომ ეძახდნენ და მხიარულად გამოქანდებოდნენ ხოლმე მისკენ. ზეკი კი ამ დროს საშინლად იბღვირებოდა, არაფერს ამბობდა და გულში იხვევდა ბოღმას.
დადა წუხდა. უკვე მსახურებიც კი შეწუხდნენ. ვერვინ შეირჩა სასურველ მოდელად. ბოლოს ისევ პატრონმა მოისაზრა და ურჩია მშვენიერი ამინდი იდგა. გარეთ გასულიყო. იქნებ ბუნებაში ეცადა რამე და დროებით გვერდზე გადაედო იმ აკვიატებული ტორსის ხატვა.
დადა სიხარულით დათანხმდა. მართლაც, რომ მშვენიერი ამინდი იდგა. რატომაც არა? ბუნებაში გასეირნება უფრო მეტად მოიყვანდა ხასიათზე.
პატარა ჩანთაში ფანქრები და სათლელი ჩააწყო, მერე ყუთზე დახვავებულ ფერად-ფერად საშლელებსაც შეავლო თვალი. დადას კიდევ ერთი უცნაურობათაგანი იყო, რომ საშლელს იშვიათად ხმარობდა, ამჯერად კი ერთს დასწვდა, ჩანთაში ჩააგდო. დიდი სახატავი ალბომი ამოიჩარა და გარეთ გამოვიდა.
კართან პატრონი ღიმილიანი სახით და პაკეტში გამოკრული თავისი საყვარელი სასუსნავით დახვდა. დადამ კმაყოფილი სახით ესეც ჩანთაში ჩაიგდო და მუზის საძებნელად სახლის უკან აღმართს აუყვა.
მამულს უკანა მხარეს უზარმაზარი მდელო ეკრა, დიდი დაქანებული ბორცვის ქვემოთ კი პატარა ჩანჩქერი ჩამოდიოდა და იქვე საბანაო გუბურას ქმნიდა. გუბურიდან დატრიალებული წყალი კი მოშორებით ეზოსთან პატარა მდინარედ ჩამოდიოდა.
მთელი ეს მიდამო, ისევე როგორც ეს უზარმაზარი მამული, ყველაფერი პატრონის საკუთრება იყო, ამიტომაც არაფერი იყო საშიში. დადას შეეძლო თავისუფლად ეხეტიალა თავის საკუთარ სამფლობელოში, ისე რომ არაფრის შიში არ ჰქონოდა. თუმცა ისედაც უშიშარი გოგონა იყო და ხშირად მარტოც დასეირნობდა. პატრონი მაინც ცდილობდა რომელიმე მსახურის ბავშვი გაეყოლებინა, თუმცა ამჯერადაც მარტო ისურვა წასვლა, არავინ გაიყოლა. რადგან ხშირად იყო ხოლმე ბავშვების სიცელქის გამო დადას ხელი ეშლებოდა, თავისუფლად ვეღარ ხატავდა, ამიტომაც ახლა მარტო ურჩევნოდა.
ზაფხული იწურებოდა, თუმცა ჯერ კიდევ საკმარისზე მეტი სიცხე იდგა.
დადამ ბევრი იხეტიალა, ჩანახატებიც ბლომად მოაგროვა. მდელოს სულ ბოლომდე აჰყვა, ისე შორს ავიდა, რომ იქიდან მათი სახლის სახურავიც უკვე ძლივსღა ჩანდა. ამდენი ხეტიალისგან გადაღლილი ბორცვის კიდეზე გაწვა, ქვემოთ მოჩხრიალე ჩანჩქერს გადახედა.
დადამ კარგად იცოდა, იქ დადგომა საშიშიც იყო და იქიდან ჩასასვლელიც არსაიდან ჰქონდა. ჩანჩქერთან მისვლა მხოლოდ სხვა შორი მხრიდან, მდინარის აყოლებით იყო შესაძლებელი. ამიტომაც ასე ძირს გაწოლილმა ფრთხილად ჩაიხედა ქვემოთ.
ბუნების წიაღში გაშლილი ეს ულამაზესი წალკოტი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. მისი შემხედვარე დადა, ყოველ ახალ ჯერზე სულ ახალ-ახალი ემოციებით ივსებოდა.
უცებ დადამ ტბაში მობანავე შენიშნა, ამოხტებოდა წყლიდან და ისევ მარდად ჩაყვინთავდა. დადა ინტერესით ელოდა, როდისღა ამოვიდოდა წყლიდან მობანავე, რომ კარგად შეეთვალიერებინა, თუ ვინ იყო. როგორც იქნა მობანავე მორჩა ყვინთვას და წყლიდან ამოსვლა დაიწყო. ამოდიოდა ნელი ნაბიჯით, არსად ჩქარობდა. სახეც არ უჩანდა ისე ჩასჩერებოდა წყალს და თითქოს რაღაცის დანახვას ცდილობდა. წესიერად ამოსულიც კი არ იყო, რომ დადასკენ ზურგით მიბრუნდა, ხელები გაშალა და ისედაც უკვე გარუჯული სხეული მზეს მიაფიცხა.
დადა აწრიალდა. საოცარი იყო მისი ათლეტური სხეული. სწორედ მას ეძებდა. ის იყო. მასეთ ნატურაზე ოცნებობდა და უკვე იმასაც ფიქრობდა, რომ როგორმე უნდა შეეთავაზებინა მისთვის დაგხატავო... ან ნეტა ვინ იყო ეს ახალგაზრდა კაცი? ადრე არასდროს შეუნიშნავს, თორემ აუცილებლად დაიმახსოვრებდა, ისედაც უკვე რა ხანია ეძებდა სასურველ მოდელს.
მობანავემ თავზე ხელი ჩამოისვა, მხრებამდე ჩამოყრილი სველი თმა კისერთან ჩაწურა და დადასკენ მობრუნდა.
დადა გაკვირვებისგან დაიძაბა, მის წინ მებაღე იდგა.
LEX. 2016 წლის 1 თებერვალი, ორშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1708085972767026/?type=3&theater
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1708085972767026/?type=3&theater
No comments:
Post a Comment