Wednesday, January 10, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 1)

1. 
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ...
მაგრამ ახალი არაფერი დაწყებულა
მხოლოდ გაგრძელდა, რადგან ახალი, რომ დაწყებულიყო ჯერ ის წინა, ძველი უნდა დამთავრებულიყო
თუმცა კი არაფერი მთავრდება, რადგან ისევ იწყება ცხოვრების რუტინა და ყოველ დასასრულს აუცილებლად მოსდევს დასაწყისი და ასე წრიულად და უსასრულოდ გრძელდება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ალაგზე და სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებით.
ასევე ნახევრად წრიულად დახვეული ძველი კიბის მოაჯირის ორნამენტებიც ქმნიდნენ ერთ მთლიანობას.
სადაც დასასრული იყო, იქვე იყო დასაწყისი.
ხასხასა მწვანე ფოთლებით შემოსილი, მაღალი შავი ხეების მწკრივი ქუჩის ორივე მხარეს აღმართს ბოლომდე გასდევდა.
სადარბაზოში მტვრისა და ნესტის სუნი ერთმანეთში ირეოდა.
კედლებზე სარკმლის მაგვარ მოგრძო ნიშებზე აქა იქ მოჩუქურთმებულ ჩარჩოებში ნახატებიც კი იყო შემორჩენილი. მიუხედავად სიძველისა მკვეთრი ფერებით მაინც გამოირჩეოდა ლამაზ პეიზაჟზე გამოსახულ ადამიანები.
ზოგან მოვაჭრენი დატვირთული აქლემებით, ზოგან ზღვის პირას ზანგი მონები თავზე ხილით სავსე კალათით, ზოგან კი მოჯირითე ცხენოსნები ქმნიდნენ ნახატის სერიებს და რაღაც აღმოსავლურს უფრო წააგავდა ვიდრე ევროპულს...
მერე რამდენჯერ უფიქრია ამ სადარბაზოს დათვალიერება, სადღაც ბავშვობის აუხდენელ ოცნებადაც კი ექცა.
ბევრჯერ უნახავს სიზმრად, როგორ არბოდა ძველი სადარბაზოს, ძველ კიბეებზე. უსასრულოდ ადიოდა და ადიოდა სიმაღლეზე, ბოლოს კი დახვეული კიბით სხვენიდან სახურავზე ასული იმ ხეების თავზე მოექცეოდა. აბიბინებულ მდელოდ გადაქცეული აშრიალებული ფოთლები კი შორს ჰორიზონტზე გადაჭიმული, მზის სხივებს უერთდებოდა და სულ სხვა სამყაროს ქმნიდა.
მიუყვებოდა ძველ კიბეებს ზემოთ და ზემოთ. თითქოს ძველი პიანინოს ხმა ეწეოდა ზევით და ისიც იმ მელოდიას მიჰყვებოდა.
სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდა. რაღაც ძველ დროში. პიანინოსაც ისეთივე მოძველებული ხმა ჰქონდა, როგორც ძველ მუნჯურ ფილმებში და თითქოს ძველმოდურად ჩაცმულმა ბავშვებმაც კი კისკისით გვერდით ჩაუქროლეს... 
თუმცა არავინ იყო.
როგორც ჩანდა, ამ სადარბაზოთი უკვე რა ხანია აღარ სარგებლობდნენ. კიბე უსუფთაო, მოუწესრიგებელი და ბევრგან მინგრეულ-მონგრეულიც კი იყო.
სახლს სხვა შესასვლელიც ჰქონდა, სულ სხვა მხრიდან, ბევრად უფრო ხმაურიანი ქუჩიდან. აქედან კი ქუჩაც ისეთივე მიყრუებული იყო, როგორც ეს სადარბაზო, თუმცა პიანინოს ხმა მაინც სადღაც შორიდან ესმოდა და კიდევ უფრო ზემოთ ეწეოდა. მართალია, სადარბაზოში ნესტისა და მტვრის სუნი იდგა, მაგრამ ქალაქის სხვა, შედარებით მოქმედი სადარბაზოებისგან განსხვავებით, ყოველ მეორე კუთხეში საცხოვრებელი ბინებიდან გამოტანილი ნაგვის პარკები არ ეყარა და არც შარდის სუნი იდგა.
ყოველ ახალი სართულის კიბეებს შორის დიდი ბაქანი ორნამენტებით იყო მოქარგული. ლამაზი ქვის „ხალიჩა“ სიმშვენით კედლის ფერწერას ერწყმოდა და ერთ მთლიან ხელოვნების ნიმუშს ქმნიდა.
„რა უგულონი არიან ადამიანები!
როგორ არ უფრთხილდებიან არაფერს!
უგულო და უინტერესო!
შენს საკუთარ ქალაქში. ასეთი და ამდენი მრავალფეროვანი მუზეუმი გქონდეს და კიდევ სხვაგან გარბოდე?..
და ყველაზე საშინელება ის არის, რომ არც კი იცი წესიერად შენი ქალაქის ისტორია.“ 
საკუთარ თავზე უფრო მოსდიოდა ბრაზი. სამსახურს რომ არ დაევალებინა ქალაქის ძველი არქიტექტურის დათვალიერება, მანამდე თავად ერთხელ მაინც როგორ ვერ მოახერხა?
„დაბერდები მშობლიურ ქალაქში და არაფერი იცი მის შესახებ.“
რამდენი დრო გაფლანგა ტყუილად. ახლა კი დარბის ამ სიცხეში უბნიდან უბნამდე და ეძებს ასე მიკარგულ და მოუვლელ ისტორიულ ადგილებს.
„რა ლამაზი ორნამენტია... “
მოულოდნელად, აპარატის ჩაჩხაკუნებისთანავე, ორნამენტის ჩუქურთმაში, კედლის ნაპრალიდან მისკენ მომზირალი თვალები შენიშნა.
გაოცებისაგან ფოტოაპარატიანი ხელი ძირს ჩამოუვარდა, წესიერად ვერც გაოცება მოასწრო, რომ კიბეზე საშინელი ხმაურითა და ბრაგა-ბრუგით კბილებამდე შეიარაღებული სპეც.რაზმმა იწყო ამოსვლა. ამოსვლა კი არა გაშმაგებული ამორბოდნენ, თითქოს ვიღაცას ფეხდაფეხ მოსდევენო.
უნებურად შემობრუნდა და მთელი ზურგით მიეკრო კედლის იმ ადგილს, საიდანაც წამის წინ ვიღაცის თვალები უმზერდნენ.
ასე შეშინებული, გაოცებული, ფერმიხდილი და მთელი სხეულით კედელზე აკრული, ცოტა არ იყოს, სასაცილო სანახავიც კი იყო. 
წამში ათასი კითხვა დააყარეს და არც სიცილი არ დააკლეს. ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, უფრო სწორად, პასუხის გასაცემად ამოძრავებული პირი ვერაფრით გააღო, თითქოს ტუჩები ერთმანეთზე ჰქონდა შეწებებული და ამით უფრო სასაცილოდ გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ამოვარდნილ ავტომატ მომარჯვებულ ბიჭებს სასაცილოდ სულაც არ ჰქონდათ საქმე.
რას ეკითხებოდნენ, ან რა უნდოდათ, წესიერად არც ესმოდა, თითქოს რაღაც სულ სხვა განზომილებაში იყო და ყველაფერ ამას შორიდან ადევნებდა თვალს. რამდენიმე წუთს გაბრუებული შეჰყურებდა, მერე თანდათან გამოერკვა, თუმცა ხმის ამოღებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა. 
ერთ-ერთი მათგანი, შედარებით უფრო მეტ კითხვებს უსვამდა და სხვებსაც აჩუმებდა. 
„ალბათ ეს მათი უფროსია...“ 
გაიფიქრა დამფრთხალმა გოგომ. 
უფროსი იყო თუ მოადგილე, გაოგნებულ და დაბნეულ გოგოს სიტყვა მაინც ვერ დააცდევინა. ისედაც ჩანდა, იქ მის მეტი არავინ იყო, მაგრამ მაინც ყველაფერი დაათვალიერეს. საგულდაგულოდ გადაჩხრიკეს. სადაც კი ზარი დარეკეს ან არ უპასუხეს ან კი სხვა ქუჩიდან ასწავლეს შემოსასვლელი, ცხადი იყო ამ სადარბაზოთი უკვე დიდი ხანია აღარც სარგებლობდნენ. 
მერე დამფრთხალ გოგონას მოუბოდიშეს, უნებურად ასე ძლიერად, რომ მოუხდათ მისი შეშინება და სახლამდე გაცილებაც კი შესთავაზეს.
ყვავილების თაიგული ჩემზეაო - უთხრა მან, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა შეკითხვებით.
- და მერე თქვენ რა იცით, რომელი ყვავილი მიყვარს? - უცებ წარმოსთქვა და თავადვე გაუკვირდა.
თუმცა არ შეიმჩნია, განცვიფრებისა და დაბნეულობის შემდეგ ხმაში ოდნავ სიამაყეც კი შეეპარა.
ბიჭები გამხიარულდნენ, მრავალნაირი ყვავილი დაუსახელეს, მაგრამ ყველაფერზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
ბოლოს „უფროსი“ გამოერკვა და დავიშალოთ, წავედითო - ბრძანა. 
კიბეზე ჩასვლისას კი ღიმილით მოუბრუნდა:
- თავიდან ყველა მასე ამბობს, და მერე ვარდებს, რომ მიართმევ ისე ძალიან უხარიათ და... 
- გააჩნია მერე ვინ მოგართმევს, მთავარი ესაა! – ხმაში ახლა უფრო მეტად შეემატა სიმტკიცე. მერე კი უფრო წყნარი, თითქმის ჩურჩულით დაუმატა მე ყველა არ ვარო.
ეს ბოლო სიტყვები არ გაუგონიათ ისეთი გამაყრუებელი ხმაურით ჩარბოდნენ კიბეზე და როგორც იქნა, სიჩუმემ დაისადგურა.
ახლაღა გაახსენდა მის ზურგს უკან დაფარული თვალები.
ისევ შეცბუნდა, კედლის იქეთ ჩამიჩუმიც არ ისმოდა.
აღარ იცოდა შემობრუნებულიყო თუ პირდაპირ ასევე ჩასულიყო კიბეზე. თუმცა დარწმუნებული იყო, ვიღაც ისევ კუშტად უყურებდა, მის მზერას ზურგში გრძნობდა. მოაჯირს ხელი შეახო, საფეხურზე ფეხი ჩადგა თუ არა, ცნობისმოყვარეობამ სძლია და უკან მოიხედა. 
არავინ ჩანდა. 
თვალების ნაცვლად ნაპრალიდან სიბნელე შეჰყურებდა.
წამით შეყოვნდა, მერე მიეჭრა კედელს, მაგრამ არავინ და არც არაფერი ჩანდა. უკვე გადიდგულდა, შიშმა საერთოდ გადაუარა, ტელეფონის ფარნით შეანათა კედლის ნაპრალში. რაღაც გრძელი დერეფანივით ჩანდა, ძველი დამტვრეული ავეჯი და რაღაც უსარგებლო ნივთების ნარჩენები აქა-იქ უწესრიგოდ მიმოყრილიყო.
თითქოს სხვა გასასვლელიც არ უნდა ჰქონოდა...
 „იქნებ, სულაც მომეჩვენა?..
ან იქნებ...
რა ვიცი...
ჰმ, ტელეფონიც კი არ იჭერს აქ!
რა მიყრუებული ადგილია, არადა ქალაქის ცენტრშია ვითომ.“
დაღლილობისგან თავი უსკდებოდა, ახლა ფინჯანი ყავა ყველაფერს ერჩივნა. სადარბაზოს დათვალიერებასა და მის შესწავლას დღეს უკვე აზრი აღარ ჰქონდა, ისე გადაქანცა ამ რამდენიმე წუთში განცდილმა ყველაფერმა, რომ სახლში წასვლა გადაწყვიტა.
გარეთ გამოსვლისთანავე ტელეფონი აწკრიალდა, არც დაუხედავს ისე გამორთო და მანქანაში მიაგდო. არავისთან საუბრის თავი აღარ ჰქონდა. ერთხანს მდუმარედ იჯდა მანქანაში, თითქოს მართვა დაავიწყდაო. ბოლოს კი მეგაფონში ჩაჩხავლებულმა ხმამ: 
„ვიბარებ ძველ სარეცხის მანქნებსო“ გამოაფხიზლა.
„მანქნებს!.. მანქნებს!.. “  
ეს გაუმართავი სიტყვა ყოველთვის აღიზიანებდა, ხშირად გასჩენია სურვილი ჩასულიყო დაბლა და წესიერად დაძახება მაინც ესწავლებინა.
მერე გაიფიქრა, ნეტა მართლა მე ვინ მეკითხებაო და თავისთავზე ცოტა ბრაზმორეულმა და გაღიზიანებულმა, როგორც იქნა მოიკრიბა გონება და მანქანა ადგილიდან დაძრა.
LEX - 2016 წლის 14 აპრილი, ხუთშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1732035610372062/?type=3&theater

(photographer Thomas Jorion.
A villa lies in the north of Italy)

No comments:

Post a Comment