მიმის გაცნობიდან არც თუ ისე დიდი დრო იყო გასული, რომ ფიფო უკვე მის ყველა მეგობარსა თუ მეზობელს, კარგად იცნობდა.
სამსახურშიც მოუხშირა მიკითხვას და ცდილობდა, სადაც მიმი წავიდოდა, როგორმე გამოეძებნა დრო და მისულიყო. თუ დიდი ხნით ვერ ახერხებდა, რამდენიმე წუთით მაინც მიირბენდა იმ წვეულებაზე, სადაც მიმი ეგულებოდა. ამით თითქოს ხალხს თავს ახსენებდა, ფრთხილად იყავით, არაფერი შეგეშალოთ, მიმის ჩემი სახით, ძლიერი პატრონი ჰყავსო.
მიმის კი სულაც არ ადარდებდა ფიფოს ასეთი გადამეტებული ყურადღება. პირიქით, ართობდა კიდეც.
მხოლოდ ერთხელ საშინლად გაღიზიანდა, როდესაც შეამჩნია, თუ როგორ შეეყინა ფიფოს თვალები, მისი დაქალის გარუჯულ მუხლებს.
ფიფოს გაუხარდა კიდეც მიმის ეჭვიანობა. თუმცა, მაინც ვერ ჩასწვდა იმ არსს, რომ საყვარელი ადამიანის თვალწინ ფლირტი, ეჭვიანობა კი არა, შეურაცხყოფა იყო. მიმის ასე სწამდა და დარწმუნებულიც კი იყო თავის სიმართლეში და ისე გაებუტა, რომ ფიფოს მრავალფეროვანმა იუმორმაც კი ვერ მოულბო გული, ყველაზე მეტად კი თავის თავზე ბრაზობდა, ვისთვის ვიშლი და ვიწეწავ ნერვებსო.
ისევ მისმა სამუშაომ დაამშვიდა. ქალაქის სიძველეების აღრიცხვა, დათვალიერება ართობდა და ახარებდა.
თავიდან სხვა უბნისკენ აიღო გეზი, მაგრამ ცოტა ხანში ისევ იმ ძველ ქუჩაზე აღმოჩნდა.
მანქანიდან გადმოსვლას არ ჩქარობდა, არც სადარბაზოსკენ გაუხედავს. ორივე ხელით ჩასჭიდებოდა საჭეს და გრძნობდა, მთელი სახლი როგორ დაჰყურებდა ზემოდან
თითქოს ეუბნებოდა კიდეც, - ან წადი ან გადმოდიო.
ისევ გადმოსვლა ამჯობინა. ღიღინით აუყვა კიბეს. ამჯერად პიანინოს ხმა არ ისმოდა.
„ალბათ ახლა არავინ უკრავს...“
კიბის იმ ნაცნობ ბაქანზე მხოლოდ ორი კარი იყო და ორივე ისე იყო ჩარაზული ალბათ აღარც გაიღებოდა. აპარატი კედლის ნაპრალს დაუმიზნა თუ არა, უცებ ვიღაცამ პირზე ააფარა ხელი და ყურთან დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით უთხრა:
- ათამდე დაითვალე და კიბეს ისე ჩაუყევი, რომ უკან არც მოიხედო და აღარასდროს დაბრუნდე აქ!
მიმი უცნობის მუქარას დაემორჩილა და კიბეს გაფითრებული სახით ჩაუყვა, მაგრამ შიშთან ერთად, ინტერესიც ჰკლავდა. წამით შეყოვნდა. ცნობისმოყვარეობამ მაინც თავისი გაიტანა და სასწრაფოდ შემობრუნდა. იქნებ, თვალი მაინც მოეკრა ვინ იყო.
არავინ ჩანდა, ჩქამიც კი არ ისმოდა.
„ასე უცებ სად აორთქლდა?“
სიბრაზე მოერია, განსაკუთრებით საკუთარმა სიმხდალემ გაამწარა.
„ვინ მიგდია!
ეგღა მაკლია ვიღაცამ მიმითითოს სად ვიარო და სად არა!“
გაგულისებულმა კვლავ ამოირბინა კიბე, გაუჩერებლივ დაიწყო ფოტოების გადაღება. საშინლად გულმოსული ბოღმიანად ილანძღებოდა გულში.
„იდიოტი! ნაბიჭვარი!“
გამალებით აჩხაკუნებდა აპარატს, არ დატოვა არც ერთი კუთხე და კუნჭული. დარწმუნებული იყო, როგორ ადევნებდა ის ვიღაც თვალს და როგორ სკდებოდა გულზე, რომ ვერაფრით შეაშინა სადარბაზოს დაუპატიჟებელი სტუმარი.
არ ჩერდებოდა, უამრავი ფოტო გადაიღო. იღებდა იქამდე, სანამ აპარატს არ ამოეწურა ყველა რესურსი და თავადაც არ დაიქანცა.
კმაყოფილი და სიამაყით სავსე გამოვიდა სადარბაზოდან და მთელი სისწრაფით გააქანა მანქანა.
ქუჩის ბოლო პატარა ჩიხით მთავრდებოდა. მანქანა იქ უნდა მოებრუნებინა. ღია სარკმელში ისე ძლიერად შემოიჭრა აკაციის ყვავილის სურნელი, რომ მიმიმ მანქანიდან თავი გადმოყო და იქვე მდგარ ხეს ახედა.
წუთიც და უკვე მანქანის სახურავზე იდგა და ცდილობდა, როგორმე ტოტი ჩამოეწია და იქნებ, ერთი ყვავილი მაინც მოეწყვიტა.
მანქანაში მიგდებული ტელეფონი კი ამ დროს, უსასრულოდ რეკავდა.
„რეკოს რამდენიც უნდა!“
დარწმუნებული იყო, ასეთი თავგამოდებით, მხოლოდ ფიფო თუ დაურეკავდა.
ის იყო, შესწვდა ერთ დიდ ყვავილს, რომ ქვემოდან ხმა მოესმა:
- მხოლოდ ქალს თუ შეუძლია, საკუთარ მანქანას ასე მოექცეს!
მოულოდნელობისგან მიმის აკაციის ყვავილის მოსაწყვეტად მიმართული ხელი ჰაერშივე გაუშეშდა.
ევროპული ტიპის საკმაოდ სიმპათიურ მამაკაცს, ლოგინის პიჟამის გრძელ ზოლიანი ფართო შარვალი, ოთახის ფლოსტები და თეთრი მოკლემკლავიანი მაისური ეცვა. წვერგაუპარსავი, დასველებული თმები უკან გადაეყარა და ახალ გაღვიძებულს ჰგავდა.
მიმიმ გაიფიქრა, ალბათ ამისთვის ახლა გათენდაო, თუმცა უკვე შუადღე იდგა. მოულოდნელად თავისდაუნებურად ჰკითხა:
- თქვენ მხატვარი ხართ?
თავადაც გაუკვირდა საიდან გაუჩნდა ასეთი კითხვა.
მიმიზე უფრო მეტად გაკვირვებულმა კაცმა, მანქანის სახურავიდან ჩამოსასვლელად ხელი მიაშველა.
- ჰმ, აბა წამოდი!
მიმისთვის ხელი არ გაუშვია, ისე შეუძღვა ვიწრო გასასვლელიან იტალიურ ეზოში და პირდაპირ მხატვრის სახელოსნოში ამოაყოფინა თავი.
LEX·2016 წლის 19 აპრილი, სამშაბათი.https://www.facebook.com/photo/?fbid=1735498963359060&set=a.1732417817000508
No comments:
Post a Comment