Friday, January 12, 2018

მებაღე (ნაწილი 7)

7.
ცოტაც და მზე ჩასვლას დააპირებდა. მებაღეს უკვე კარგად შეშრობოდა მდინარის წვეთები. დადა ადგილიდან არ იძვროდა. ამ ახალი აღმოჩენით გაოგნებული, ლამის სუნთქვა შეკრული, თვალებდაჭყეტილი აკვირდებოდა, როგორ იცვამდა მებაღე თავის ძველმანებს, რომელსაც არაფერი შეუნიშნავს. თავზე ფართოფარფლიანი ქუდი ლამის ცხვირამდე ჩამოიფხატა და მდინარის ნაპირს გაუყვა სახლისკენ.
საგონებელში ჩავარდნილი გოგონა მთელი ღამე მებაღეზე ფიქრობდა. ადრე წესიერად არც კი დაჰკვირვებია, თურმე როგორი ათლეტური სხეული ჰქონია და ასე როგორ გამორჩა, რომ აქამდე ვერ შეამჩნია.
მერე ის დრო გაიხსენა, როდესაც პირველად ნახა. მათ ეზოს, რომ მოადგა რა საშინელი შესახედი იყო იმ დროს. შიმშილისაგან და დაღლილობისგან დაუძლურებული, სულ დაკონკილ ჭუჭყიან ჩვრებში გახვეული ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცს უფრო წააგავდა ვიდრე ახალგაზრდა კაცს. მეორედ როცა ახლოდან ნახა, მაშინაც წესიერად ვერ შეათვალიერა, რადგან ბოლო ხმაზე აბღავლებული ძირს დაგდებულ მებაღეს, გასისხლიანებულ სახეს უწმენდდა. მესამედ კი შოკოლადით რომ დაასაჩუქრა, მაშინაც წესიერად არც კი შეუხედავს, მხოლოდ სახეზე, ჯერ კიდევ შეშუპებულ იარას აკვირდებოდა სიბრალულით.
მებაღე კი თითქოს უჩინარი იყო. ლანდივით დაძვრებოდა ბაღის მწკრივებში და ჩამუხლული, წელში გაუმართავად მუშაობდა.
ზეკი, რომ დადას ადგილას ყოფილიყო აუცილებლად იფიქრებდა, რომ მებაღე მოგზავნილი იყო. აბა ვინ შეასრულებდა მოხუცი კაცის სამუშაოს, როცა შეეძლო უფრო მეტი ფული ეშოვნა და სხვა სამუშაოზე გადასულიყო. თმა და წვერი მოეწესრიგებინა, წესიერად და სუფთად ჩაეცვა, ისევე როგორც აქაური მსახურები იცვამდნენ.
პატრონი მათ ყოველ სეზონზე საკმარისზე მეტ ტანსაცმელს ჩუქნიდა. თავად უზადო გემოვნების მქონე, იშვიათად იცვამდა ერთსა და იმავეს. ხშირად სტუმრობდა სალონებსა და ატელიებს. ყოველი თვის დასაწყისში, როგორც უკვე წესად ექცა, ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი გამოჩნდებოდა ხოლმე. მსახურებმა უკვე იცოდნენ, ახლა მათი ჯერი იყო და სიხარულით იდგნენ გემოვნებით შეკერილი ტანსაცმლის რიგში და მორიგეობით ირგებდნენ პატრონის ძღვენს.
იმ დღიდან მოყოლებული დადა ხშირად სტუმრობდა თავის სამალავს და ჩუმად ხატავდა მობანავეს ან მზეს მიფიცხებულ მებაღეს.
ერთხელაც კი ისე გაერთო ხატვაში, რომ სულ დაავიწყდა ჩუმად თვალთვალი და უფრო ძლიერად, გამოსაჩენად ამოჰყო თავი. ისე გააგრძელა ხატვა, რომ არც კი შეუმჩნევია მებაღემ როგორ შენიშნა.
მართალია, არც თუ ისე ახლოს იყო, მაგრამ მაინც ჩანდა ბორცვის კიდიდან ამოწეული ადამიანის თავი. შეამჩნია თუ არა, მაშინათვე ერთ ადგილას გაქვავდა, კარგად დააკვირდა, თითქოს თვალიც გაუსწორა მოთვალთვალეს.
დადა მიხვდა, რომ შენიშნეს და უცებ ჩაიმალა. კარგა ხანს თავის ამოყოფასაც ვერ ბედავდა. მერე ჩუმად ძალიან ფრთხილად კიდევ ამოწია თავი. მებაღე ჩასაფრებულივით ელოდა, ადგილიდანაც კი არ იძვროდა და იმ წერტილს მისჩერებოდა სადაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოთვალთვალე შენიშნა.
დადა ისევ ჩაიმალა. ის დრო იყო იქაურობას უნდა გასცლოდა. ისე ჩამოჩოჩდა ბორცვიდან ფეხზეც კი არ წამომდგარა. მერე წამოხტა და სირბილით გაუყვა გზას. მებაღემ მაშინვე გადაწყვიტა გაეგო თუ ვინ უთვალთვალებდა, ჩანჩქერს ნაპირით აჰყვა, სულ სხვა მხრიდან აძვრა, და იმ ბორცვის ქიმისკენ წამოვიდა საიდაც მოთვალთვალე შენიშნა.
იქ არავინ დაუხვდა და უკვე აღარც ელოდა, რომ დაუხვდებოდნენ. ბორცვზე გაწვა, თავადაც ისევე გადაიხედა, როგორც არც თუ ისე დიდი ხნის წინ უთვალთვალებდნენ. საინტერესოდ მოჩანდა აქედან ჩანჩქერის მიდამო. ერთ ხანს ტკბებოდა ბუნების სიმშვენიერით, მერე გულაღმა გადაწვა, ზეცას დაუწყო ყურება, თავქვეშ ხელები ამოიწყო, რაღაც გაჭრაჭუნდა და ხელში ქაღალდისმაგვარი რაღაც მოჰყვა. ეს შოკოლადის შესაფუთი ოქროსფერი ქაღალდი იყო. წამოწია და კარგად იქაურობა მოათვალიერა და როცა ფანქრის ნათალებსაც მოჰკრა თვალი მებაღეს გაეღიმა.
მეორე დღეს მებაღემ დადას ახლოს დაიწყო წრიალი. გოგონა ყვავილების სურნელითა და ფერებით ტკბებოდა და თითქოს ვერც ამჩნევდა მებაღეს. ისიც ასევე იქცეოდა და ჩუმჩუმად დადასკენ ზურგით იწეოდა, ყვავილებს რწყავდა და თან, უფრო მეტად კი გოგონას გასაგონად ეჩურჩულებოდა:
- მოგწყურდათ ჩემო ლამაზებო? ჯერ თქვენ მოგიკლავთ წყურვილს და მერე მეც ჩემს ჩანჩქერთან ჩავყვინთავ.
დადასთვის ეს საკმარისი ინფორმაცია იყო. ჩუმად ჩაეღიმა, ნელ-ნელა სახლისკენ წავიდა და მდელოზე სალაშქროდ მოემზადა. ახლა უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო. უფრო კარგად უნდა ჩამალულიყო, რომ არ შეემჩნიათ და ისე ემუშავა.
ჩვეული ადგილისგან, სულ ოდნავ მოშორებით ჩასაფრდა. უკეთესიც იყო, აქედანაც მშვენივრად გამოჩნდებოდა მოცურავე.
„ალბათ, მართლაც ვერ მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ, თორემ ხომ აღარ მოვიდოდა მეტს?“
ფიქრობდა დადა თავისთვის და გულდამშვიდებული მოემზადა სახატავად. დარწმუნებული იყო, მებაღემ ნამდვილად ვერაფერი შენიშნა. შესაძლოა იფიქრა, რომ მოეჩვენა კიდეც, მერე აუცილებლად დაათვალიერებდა ბორცვის იმ ადგილს საიდანაც დადა ხატავდა და ვერავისაც ვერ აღმოაჩენდა და ესე იგი, მოთვალთვალეც არ არსებობდა.
დადას ეღიმებოდა და სულმოუთქმელად ელოდა, როდის შეცურავდა მებაღე ტბაში. მებაღემ ცოტა დაიგვიანა. მოვიდა თუ არა მაშინათვე ცურვას მოჰყვა, მაგრამ ამჯერად ჩვეულებისამებრ ტანთ სრულად აღარ გაიხადა, რადგან უკვე იცოდა, რომ მარტო არ იყო.
ერთი-ორჯერ ღრმად ჩაყვინთა, ამოვიდა და ბორცვის პირისპირ დადგა.
დადა ჩაიმალა. გატრუნული ელოდა, როდის ამცნობდა წყლის შხუილი მებაღის უკან ჩახტომას ტბაში, მაგრამ უცებ მებაღის რიხიანი ხმა შემოესმა:
- დადა გინდა ცურვა გასწავლო?
LEX.2016 წლის 2 თებერვალი, სამშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1708186282756995/?type=3&theater

No comments:

Post a Comment