Monday, September 16, 2024

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 170)

 
170.
პიპას ცივმა ოფლმა დაასხა, როცა მიმის მამიდამ, დიმეოსთან მსგავსებას გაუსვა ხაზი. თუმცა, წამსვე მოეგო გონს და ღიმილითაც აღნიშნა, გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან კარგი ბიჭიაო.
- ჩვენთან სოფელში, ყველა აქებს. კარგად აღზრდილი ბავშვია.
დედას სიხარულით გაუბრწყინდა სახე, შვილიშვილის შექებაზე, მამიდამ კი ღიმილით შეიფერა.
- სამწუხაროა, რომ პირადად არ ვიცნობ. - განაგრძო პოპამ.
- უი, მართლა? - წარბები აზიდა მამიდამ.
- უბრალოდ, ვერასდროს მოვხვდით ერთდროულად სოფელში.
- რატომ? - არ მოეშვა მამიდა, მიუხედავად იმისა რომ დედა თვალებით ანიშნებდა, გაჩუმდი, გეყოფაო.
- ძირითადად მონასტერში ვარ, განსაკუთრებით...
- ბერი ხარ, შვილო? - არ აცალა სიტყვის დამთავრება მამიდამ.
- არა, არა! - გაეღიმა პიპას. - მონასტრული ცხოვრებით არ ვცხოვრობ, ჯერ მაქამდე დიდი გზის გავლაა საჭირო. ძირითადად ზაფხულს, სულ იქ მთაში ვატარებ.
- ახლა დაკმაყოფილდი? - ნიშნის მოგებით გახედა დედამ მამიდას და კიდევ ანიშნა, მოასვენე სტუმარიო.
მამიდა მაინც ვერ დაშოშმინდა და გამჭოლ მზერას არ აშორებდა სტუმარს. თანაც ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მეტი ჩამჭრელი კითხვები დაესვა, მაგრამ ვერაფერში გამოიჭირა. ყოველ მის პასუხზე ცხადი ხდებოდა, რომ ეს უცხო კაცი, ძალიან კარგად იცნობდა იქაურობას და იქაურებსაც. ეჭვის საბაბიც აღარ ჰქონდა, სტუმარი მართლაც იმ სოფლიდან იყო, მაგრამ მამიდა კვლავაც ვერ ისვენებდა. ამდენი ფიქრისგან, მერე ღამის ძილიც კი გაუტყდა და ბოლოს, საწოლში წამომჯდარს აღმოხდა:
- ღმერთო, შენ მიშველე!
- ვაიმე, რა ხდება? - ნამძინარევი ხმით შეიშმუშნა დედა.
- ეჰ, რა ვიცი... რა ვიცი...
- რატომ არ გასვენებს, გამჩენი? - შეწუხდა დედა.
- გამჩენი, რა შუაშია? - საყვედურით მიმართა მამიდამ.
- აბა, ვინ არის შუაში? ის უცხო კაცი? - გაეცინა დედას.
- მიმი მეცოდება. - ამოიხვნეშა მამიდამ. - ძალიან ბევრ რამეს გვიმალავს, არ უნდა რომ გული გვატკინოს.
- და რას გვიმალავს? - ახლა დედაც შეშფოთებული წამოჯდა საწოლში.
- ის იმხელა სახლი, გაუქირავებია თურმე და ჩვენ არაფერი გვითხრა!
- და ჩვენთვის რატომ უნდა ეთქვა? - საყვედურით მიუგო დედამ. - სახლი თავისია, უნდა გააქირავებს და უნდა გაყიდის, ჩვენი ნებართვა კი არ არის საჭირო!
- ნებართვა რა შუაშია? - მხრები აიჩეჩა მამიდამ. - უბრალო, ფული სჭირდებოდა და ჩვენ არც კი გაგვაგებინა.
- ჭკვიანი გოგოა და იმიტომ. - გულზე მოეშვა დედა. - აბა მართლა, მთელ ქვეყანას იმას ხომ არ მოსდებს, რომ ამხელა ბიზნესი მაქვს და ფულიც თავზე საყრელად მაქვსო და არც არაფერში მჭირდებოდა ის სახლიო.
- ისე, ჰო! - კვერი დაუკრა მამიდამ. - ხალხის თვალის ასახვევად ასე სჯობს, თანაც არც იმდენად პატარა შემოსავალი იქნება იმხელა სახლიდან და ახლა მიმის კი ხარჯი-ხარჯზე აქვს ისედაც.
- არაფერი გვითხრა, რადგან ჯერ ყოფნის ის შემოსავალი და როგორც კი არ ეყოფა, თვითონ ჩვენზე კარგად იცის, თუ როგორც უნდა მოიქცეს, ჩემმა ნატანჯმა და ჭკვიანმა შვილმა. - ამოიხვნეშა დედამ.
მამიდამ არაფერი უპასუხა. ჩაფიქრებული საწოლში წამომჯდარიყო და გონებით სადღაც შორს ფრენდა.
- კარგი ახლა, დაწექი დაიძინე და მეც დამაძინე. - ცალყბად ჩაეღიმა დედას და თავი ბალიშზე მიდო.
- ისე, ძანესთანაც საკმარისი ადგილია ღამის გასათევად. - ჩაიბურტყუნა მამიდამ.
- რაა?! - დედა კვლავ წამოჯდა. - ძანესთან, ვითომ რატომ?! რა?! აქ ვერ ვეტევით? - ახლა უკვე მკაცრი ხმით მიმართა აბეზარ მულს. - ცხოვრებაში ერთხელ, ჩემმა შვილმა სტუმარი გამომიგზავნა და ღამეც ვერ გავათევინო ამხელა სახლში?!
- ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ მიკვირს...
- რამ გაგაკვირვა, ამ შუაღამისას? - ირონიით ჩაეკითხა დედა.
- მგონი, ძანეს ენათესავება იმ სოფლის ოჯახი და...
- და რაღა აქ მოვიდა, არა? ჰაჰ! - წყენით გააქნია თავი დედამ.
- ჰო, რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა მამიდამ.
- იქნებ, ჩემს შვილს უნდა, რომ ამ კაცს, პატივი სცეს?! - საყვედურის ტონით მიუგო დედამ. - აჩვენოს, რომ როგორი სტუმართმოყვარე დედა და მამიდა ჰყავს! ამაზე, არ გიფიქრია?
- ოო, არა, არა! - თავი გააქნია მამიდამ. - მიმის პატივისცემა, ნამდვილად არავისთან შეშლია და არც ახლა ეშლება. ზუსტად იცის, ვის რამდენი პატივი უნდა სცეს და ალბათ, ამ კაცისგანაც დავალებული არის და...
- და მერე, რაა? - შეწუხდა უკვე დედა. - თუნდაც, სულ არ იყოს დავალებული! ამის გამო ძილი, უნდა გამატეხინო? და რა გახდა, ამ ერთი სტუმრის მიღება?!
- არა, სტუმრის მიღება, არც ჩვენ გვეშლება.
- აბა, რას ამოიჩემე ის კაცი? სამუდამოდ კი არ ჩაგვისახლდა. - დედა უკვე მართლა ბრაზობდა.
მამიდამ არაფერი უპასუხა. ისევ თავის ფიქრებში ჩაიძირა.
- და გინდაც, ჩაგვისახლდეს. - განაგრძო დედამ. - ამდენი ცარიელი ოთახია და რადგან მიმიმ გვთხოვა, ესე იგი, ასეა საჭირო და მორჩა!
მამიდა კვლავ დუმდა.
- მე და შენ ერთ ოთახში იმიტომ კი არ გვძინავს, რომ სხვთა ოთახები არ გვაქვს. - კვლავ განაგრძო დედამ. - ერთმანეთს მივხედავთ უცებ, თუ რამეა და მიმიც ასე უფრო მშვიდად არის. - დედამ წამით იყუჩა. - თუმცა, ვინ გაძინებს? ჰაჰ...
- რამდენჯერაც თვალებში ჩავხედე, იმდენჯერ რაღაცნაირი შეგრძნება დამეუფლება. - ჩაფიქრებული ხმით აღმოხდა მამიდას. - თითქოს ნანახიც მყავს უკვე, ან ვიღაცას მაგონებს.
- შენ მასე, დიმეოსაც კი შეადარე. - სიცილით აღნიშნა დედამ.
- ჰო, ისე დიმეოსაც მივამსგავსე, თითქოს მისი თვალებით მიმზერდა.
- კარგი, რააა!!! კარგი! - უკმაყოფილოდ გააქნია თავი დედამ. - ჯერ ერთი, რომ ამ შენი უაზრო ეჭვებით, სხვამ რომ გისმინოს, გამოდის რომ ჩვენს გოგოს ცილს წამებ, ფიფოსთან ღალატში! მეორეც ის რომ დიმეოს ნათლობამდე, მიმი არც იყო იმ სოფელში ნამყოფი და რაც მთავარია, მიმი და ფიფო ჯერ კიდევ რამდენი ხანი იყვნენ შეყვარებულები, ესეც გაითვალისწინე, თუ შეიძლება, ჩემო ძვირფასო და ერთადერთო მულო! და დამაძინე ახლა!
მამიდამ როგორც იქნა, დადო თავი ბალიშზე, მაგრამ მაშინვე წამოჯდა.
- ახლა რაღა მოხდა? - შეწუხებული ხმით იკითხა დედამ.
- იქნებ, მიმის გენეტიკა, სულაც იმ სოფლიდან მოდის და ამიტომაც ასეთი მსგავსება აღმოვაჩინე ჩვენს ბავშვთან და იმ უცხო კაცთან?
- რა აღმოაჩინე? - ცინიკურად მიუგო დედამ. - თვალის ფერში მსგავსება? ჰა, ჰა!
- კი მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მიმის ბიოლოგიური დედა, რომელიღაც რაიონიდან იყო და მერე ვიღაც ლექტორმა, თუ სკოლის დირექტორმა...
- ეჰ, ყველას მასე ეუბნებოდნენ და ხომ იცი, რატომაც?
- და იქნებ, მართლა მასე იყო? - არ ცხრებოდა მამიდა.
- და მერე? რა ვქნა ახლა? - დედა ლამის ისტერიკის ზღვარზე იყო. - ღამის სამ საათზე წამოვხტე და თამარ მეფესავით ფეხშიშველი ჩავიდე იმ სოფლამდე?
- ჰო, კარგი ახლა მსხვერპლად ნუ მოიტან შენს თავს. - ირონიით მიუგო მამიდამ.
- შენს გვერდით, მართლაც რომ უძილობის მსხვერპლი ვარ. - ჩაეცინა დედას.
ათასი ეჭვიანი ფიქრისგან გადაღლილ მამიდას, უკვე თავი ბალიშზე მიედო და რომ არ ჩასძინებოდა, კვლავ ცდილობდა გონებაში გაერკვია, რაღაც-რაღაცეები, თუმცა ძილმა მაინც თავისი გაიტანა და მალე ხვრინვაც ამოუშვა.
- უჰ... როგორც იქნა... - ამოიკვნესა დედამ და თავადაც ძილს მისცა თავი.
არც პიპას ეძინა იმ ღამით. ლამის გათენებამდე სკანირებას უკეთებდა თითოეულ ფურცელს და მერე გადაზღვევის მიზნით ორ ახლადშექმნილ მეილზე აგზავნიდა. ხოლო სკანირებამდე კი, სათითაოდ თვალს ავლებდა ყოველ გვერდს და ამის მერე აქცევდა ელექტრონულ საბუთად. გამთენიისას გადაღლილი, გაუხდელად მიესვენა მიმის საწოლზე. მიმის ბალიშს ჩაეხვია, თითქოს მისი სურნელის გახსენება უნდოდა, მაგრამ ამაოდ. რა ხანია მიმის იქ ღამე აღარ გაუთევია და მით უმეტეს, თუკი სტუმარს ეთმობოდა საძინებელი, მიმის დედამ სულ ახალთახალი თეთრეულით გაუწყო. პიპას მწარედ ჩაეღიმა. მართლა აბა, რას ელოდა?
სოფელში ადრე იღვიძებენო და მიმის დედამაც არ დაახანა. უძილო ღამის მიუხედავად, მაინც უთენია ჩიტივით წამოფრინდა, რომ საპატიო სტუმრისთვის საკადრისი საუზმე გაეწყო. ყველაფერი უკვე მზად ჰქონდა, ცომიც რა ხანია ამოსულიყო და სტუმრის საძინებლიდან გამოსვლას ელოდა, რომ იმ წუთშივე ხაჭაპური დაეცხო, მაგრამ ამაოდ. უკვე თერთმეტი საათი სრულდებოდა და სტუმარი თითქოს გაღვიძებას არც აპირებდა.
- იქნებ, ისე ადრე გავიდა, რომ ვერ გავიგე? - თავისთვის ჩაილაპარაკა დედამ.
- და არც დაგვემშვიდობა? - უკმაყოფილოდ ჩაეკითხა მამიდა.
დედამ არაფერი უპასუხა.
- ისე, თუ ჩვენზე ადრე ადგა, მაშინ ალბათ აღარც გაგვაღვიძა. - მამიდამ მიმის საძინებლის კარს მწველი მზერით ავლებდა თვალს.
დედასაც თვალი მიმის საძინებლისკენ გაურბოდა, მაგრამ ისევ ამაოდ. კარი თითქოს მათ ჯიბრზე არ იღებოდა.
დრო გადიოდა. მამიდა ვერ ისვენებდა. ერთი სული ჰქონდა გაეგო, თუ რა ხდებოდა იმ კარს მიღმა, რომლის გაღებასაც ასე ლამობდნენ, მაგრამ სტუმარი კვლავ არ ჩანდა.
- მე მაინც, ნუღარ მომკლავ შიმშილით. - უკვე ვეღარ ითმენდა მამიდა. - დაიწყე უკვე ამ ხაჭაპურის დაცხობა და იქნებ, სუნზე მაინც გამოვიდეს.
დედას ჩაეცინა და ცომის ერთი დიდი ბურთი ააგუნდავა.
ვერც ახლად გამომცხვარმა ხაჭაპურის სურნელმა გამოიყვანა სტუმარი საძინებლიდან და მამიდის მსგავსად, ახლა უკვე დედაც სერიოზულად შეშფოთდა.
- მართლა რამე ხომ არ მოუვიდა იმ კაცს? - შიშობდა დედა.
- დაკაკუნება მინდოდა, მაგრამ არ მიმიშვი და... - საყვედურით გადახედა მამიდამ.
- შუადღემდე თუ აღარ გამოვიდა... - დედამ მეტი ვერაფერი მოიფიქრა მიმის შეეხმიანა.
- კარგით, აცადეთ. - პასუხობდა მიმი. - ნამდვილად არ ვიცი მისი ძილის რეჟიმი, იქნებ, უყვარს იმ კაცს დილის ძილი და დააცადეთ. ზოგს შუადღემდე სძინავს. რა გაგიკვირდათ?!
მიმიმ კი ვითომ დაამშვიდა დედა, მაგრამ ახლა თვითონვე შეშფოთდა. პიპას არასდროს ეძინა ასე მართლა ლამის შუა დღემდე.
„ნეტა მართლა რამე ხომ არ მოუვიდა?“
მიმიმ ხელის კანკალით ძლივს მოძებნა ნომერი.
პიპა არ პასუხობდა. მიმის ლამის გული გაუსკდა. წამში ათასი საშინელი რამ წარმოიდგინა. კიდევ რამდენჯერმე სცადა დარეკვა და როგორც იქნა, პიპამაც გააგონა.
- კი, მაგრამ რომელი საათია? - უსაყვედურა მიმიმ. - ამდენი ხანი როგორ გეძინა?
- უი! - ირონიით შეიცხადა პიპამ. - სკოლაში დამაგვიანდა?
- სკოლაში კი არა, დაა... - ახლა უკვე მიმიმ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ მაინც არ დააკლო საყვედური. - დედას და მამიდას ჰგონიათ, რომ ცუდად ხარ და ოთახიდან მაგიტომ არ გამოხვედი. ორივეს ლამის წნევამ დაარტყა ნერვიულობისგან, თან ვერც კარზე გიკაკუნებენ, ერიდებათ და გულ გახეთქილებმა ისევ მე დამირეკეს.
- ერთხელ, ცხოვრებაში დილის ძილით მეძინა და დედამიწა შეირყა-გადაიხარა. - პიპას გულიანად გაეცინა.
როგორც იქნა, ნანატრი კარიც გაიღო და საპატიო სტუმარიც ოთახიდან გამოვიდა. მიმის შეშფოთებული ხმის გაგონების შემდეგ, არც მისაღებ ოთახში დახვდა დიდად სიმშვიდე. რძალ მული ერთმანეთს წნევას უზომავდნენ და სტუმრის გამოჩენას იმხელა სიხარულით შეხვდნენ, რომ ვიღას ახსოვდა წნევა.
პიპამ მოუბოდიშა. ასეთ ლამაზი და გემრიელი საწოლი არასდროს მქონია და ისე მაგრად მეძინა გათენებაც კი ვერ გავიგეო.
- მერე საშხაპედან გამოსვლა აღარ მინდოდა, ისე კარგად და გემოვნებით გაქვთ მოწყობილი.
- შეგერგოს შვილო, დილის ძილი. - მიესიყვარულა დედა.
- აბა ჩვენთან სოფელში. - ღიმილით უხსნიდა პიპა. -  ასე კი ვერ მოისვენებ, რადგან დილის ძილი, კატეგორიულად გამორიცხულია!
- მართლა? - თვალები მოწკურა მამიდამ.
- დიახ, მართლა! - მამიდის ამდენ დაკითხვებზე კვლავ ეღიმებოდა პიპას. - ხან მამალი ყივის და ძროხის ბღავილსა და თხის კიკინში, რაც არ უნდა დაღლილი იყო, მაინც ვერ დაიძინებ.
- ჰოდა, შეგერგოს ტკბილი ძილი. - უთხრა დედამ. - აბა ეს დიდი ნაჭერი ხაჭაპური პირდაპირ შენ გიყურებს და გიცდის, შენია!
დედამ მართლაც ლამის უზარმაზარი ხაჭაპურის ნაჭერი დაუდო ცხვირწინ სტუმარს. პიპა უარზე იყო, ამდენს ვერ შევჭამო, თუმცა ვინ უსმენდა. ის ნაჭერიც ბოლომდე შეაჭამეს და კიდევ სხვა რამეებიც სანამ არ მიაყოლებინეს, მანამდე არ მოეშვნენ. პიპამ შექებაც არ დააკლო დიასახლისებს. თან მოიბოდიშა, როგორ შეგაწუხეთო.
- არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. - ღიმილით შეიფერა დედამ. - ის რაც, ჩემს მიმის უყვარს, მის სახელზე გაკეთებულს, აბა სტუმარს როგორ დავამადლი და ახლა უარი არ მითხრა!
პიპამ გაკვირვებული სახით გახედა, ვერ მიმხვდარიყო, თუ კიდევ რას ითხოვდა ეს ქალი. უკვე წინასწარ მოემზადა უარის სათქმელად, რადგან მეტად ლუკმა აღარ გადაუვიდოდა ყელში.
- ეს პატარა კალათი გაგიმზადე და დედას წაუღე, ჩვენს სახელზე. - დედამ იქვე კუთხესთან მდგარ არც თუ ისე პატარა კალათზე მიუთითა.
პიპა უარზე დადგა, ვერ წავიღებო.
- მერე რა რომ იქ სოფელში კარგი მეურნეობა და ყველაფერი გაქვთ, მაგრამ ჩემს გაკეთებულს სულ სხვა გემო აქვს. - არ ცხრებოდა დედა. - თან მიმის რაც უყვარს და ენატრება დედის ხელით მომზადებული... - ქალს ცრემლები მოადგა. - მის სახელზე მიირთვით...
- ნუ, რადგან მიმის სახელზეა, აუცილებლად წავუღებ ჩემებს. - დაამშვიდა პიპამ.
- წაიღო, უნდა აბა რაა. - ჩაერია მამიდა. - ყველა თავისებურად ამზადებს. ახლა ჩვენიც გაგვისინჯეთ.
პიპამ უარი ვეღარ უთხრა. კიდევ ერთი ღამე გაათია იქ. უკვე ყველა ასლი გადაღებული ჰქონდა და ახლა უფრო ღრმად ჩაუჯდა ფიფოს შეგროვებულ მასალებს. მერე დილიდანვე აიღო გეზი სოფლისკენ, სადაც უკვე ინტერესისგან ლოდინით დალეული დეტექტივი და ქირურგი ელოდნენ.
მიმის ერთი სული ჰქონდა გაეგო, ნეტა რა საბუთები ჰქონდა ფიფოს გადანახული, მაგრამ დედისგან გამოგზავნილი ძღვენი რომ დაინახა, ტირილი აუვარდა. მიმის საყვარელ მწნილებსა და მურაბებს ზემოდან დედამ სამი უზარმაზარი ხაჭაპურიც დაადო და ისე გამოატანა სტუმარს.
- დედიკოს გამომცხვარი... - მიმის ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა.
- გზაში რომ არ მოგშივდესო. - ღიმილით უხსნიდა პიპა.
- ხაჭაპური კი კარგია, მაგრამ... - დეტექტივმა კითხვის თვალით გადახედა, პიპას ჩამოტანილი აპარატურას და ცარიელ ფურცლებს.
- არაფერი ამომიბეჭდავს. - მაშინვე მიუხვდა პიპა. - ამისთვის ზედმეტად დრო აღარ დავხარჯე. მარტო სკანირება გავუკეთე ყველაფერს. თავიდან მხოლოდ იმას ამოვბეჭდავ, რაც საჭიროდ ჩაითვლება.
- ჰო, ალბათ ასე სჯობდეს. - თავი დაუქნია გალეომ.
- ისე, ერთი პერიოდი ამობეჭდვაც დავაპირე, მაგრამ მერე გადავიფიქრე. - განაგრძო პიპამ. - რადგან მაინც საშიში იქნებოდა, მისი წამოღება.
გალეომ უხმოდ დაუქნია თავი.
- მართლა შემთხვევითაც რომ გამაჩერონ, ან სავარაუდოდ განზრახ ავარიაც მომიწყონ. - განაგრძობდა პიპა. - ნამდვილად არ იქნებოდა სასურველი, ვინმეს რამე ისეთი თუნდაც, სულ უბრალო საბუთი ენახა.
- მასე ფლეშ ბარათსაც გიპოვნიან, თუ მოძებნა უნდათ. - ჩაურთო ქირურგმა.
- ეგ არც დამჭირვებია. - მიუგო პიპამ.
- და აბა, როგორ ჩამოიტანე? - გაიკვირვა დეტექტივმა. - ზეპირად დაიმახსოვრე? ჰაჰ!
- მეილზე გავაგზავნე და გადაზღვევის მიზნით რამდენიმეზე. სპეციალურად ახლად შექმნილზე.
„რა იდიოტი ვარ. ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე, ეს მართლა გაქექილი კაცი, ჰმ.“
უხერხულად აიბუზა გალეო.
- დედამ დამირეკა ახლა. - მიმი კვლავ აჟიტირებული იყო ქალაქიდან მიღებული ძღვენით. - რაც შენ და ფიფოს გიყვართ ჩემი მომზადებულიდან, ყველაფერი ჩავუწყვე და გავატანე იმ ბიჭსო.
- ჰოდა, შენც უთხარი, დამირეკეს და იმდენი მადლობები მიხადეს, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო-თქო. - ღიმილით მიუგო პიპამ.
- აქ ყოფნა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი ქალაქისკენ გეზის აღების დროა. - აღნიშნა ქირურგმა. - ლამის, სამ დღიანი შვებულება კი გამოგვივიდა.
გალეო ზანტად წამოდგა. იქაურობა არ ეთმობოდა, ერთი სული ჰქონდა ფიფოს გადანახულ საბუთებს ჩაკირკიტებოდა, მაგრამ მართლა ქალაქში დაბრუნების დრო იყო. კვირა დღე ღამდებოდა და ორშაბათისთვის სამმართველოში უეჭველი ვინმეს მაინც უნდა მოხვედროდა თვალში.
- ვაიმე, ჯერ არსად არ გაგიშვებთ, ეს უნდა გაგასინჯოთ! - წინ გადაუდგა მიმი.
- კიდევ რაღა უნდა გავსინჯოთ. - გაეცინა ქირურგს. - სამი დღეა აქ, ჭამის მეტს არაფერს ვაკეთებ.
- ისევე, როგორც მე! იქ, ქალაქში, მიმის სახლში. - სიცილით დაურთო პიპამ.
- სტუმრების შიმშილი აბა, რა წესია. - აღნიშნა მიმიმ. - მით უმეტეს, თუ კი გაქვს მაგის საშუალება.
 - მიმი!  მამიდაშენი რა პროფესიის არის? - საკმაოდ სერიოზული სახით ჰკითხა პიპამ.
- ძირითადად კვების ტექნოლოგია. - მიუგო მიმიმ. - მაგრამ მაგის მერე, იმდენი სერთიფიკატი და კიდევ მეორე დიპლომიც აქვს აღებული.
წამით მიმის მოეჩვენა, რომ პიპას უცნაურ მზერაზე თითქოს გალეომ და ქირურგმა ღიმილი შეიკავეს.
- და რა იყო? - მიმიმ ჯერ პიპას შეხედა და მერე სტუმრებსაც გადახედა.
- არაფერი, ისე. - მიამიტი სახით მხრები აიჩეჩა პიპამ. - უბრალოდ, მეგონა რომ ადრე კგბ-ს პროკურორად იყო ნამუშევარი.
პიპას ამ სიტყვებზე სტუმრებმა ხორხოცი ატეხეს. მიმის ჯერ ცალყბად და მერე მასაც გულიანად გაეცინა.
- პირდაპირი დაკითხვები მოგიწყო, ხომ? - ეცინებოდა გალეოს.
- ჯერ თავიდან, ირიბი. - იცინოდა პიპაც. - მერე ჯვარედინ დაკითხვაზეც გადავიდა.
- და რა თქმა უნდა, ვერაფერში გამოგიჭირა. - სიცილით ჩაურთო ქირურგმა.
- კარგად ვიყავი მომზადებული. - სიცილითვე მიუგო პიპამ.
- რა ქნას. - ღიმილით პასუხობდა მიმი. - მახვილი თვალი აქვს და თანაც, მაინც გადაგამოწმა. ისე, ყოველი შემთხვევისთვის.
- წარმომიდგენია, როცა ფიფო გააცანი, იმასაც რა დღეში ჩააგდებდა. - იცინოდა გალეო.
- დარწმუნებული ვარ, ფიფოც ოსტატურად მოიგერიებდა. - ჩაურთო პიპამ.
- აბა რას იზამდა. - ეცინებოდა ქირურგსაც.
- ჯერ თავიდან დედაჩემის გული მოსაგებად გაისარჯა. - კისკისებდა მიმი. - სულ ადვილად გამოუვიდა, დედას თავიდანვე მოაწონა თავი და ადვილად გამოძვრა, მაგრამ მერე მამიდაჩემი რომ დააცხრა თავისი არწივისებური მზერით, აი ჯაფა და გარჯა მერე იყო, თუ იყო.
- საწყალი ფიფო, რა დღეში ჩააგდებდა. - იცინოდა პიპაც.
- ძალიან დიდ ხანს არ მოსწონდა მამიდას და მილიციონერს ეძახდა.
ამაზე სტუმრები სულ ჩაბჟირდნენ.
- ეჰ, კარგი დრო იყო. - სევდიანად ამოიხვნეშა მიმიმ. - დედა და მამიდა გამუდმებით ჩხუბობდნენ ფიფოზე.
- მილიციონერისთვის არ ემეტებოდი ხომ? - სიცილით ჩაურთო გალეომ. - ალბათ უნდოდა, რომ პროფესორს გაყოლოდი ცოლად.
და მოულოდნელად გალეომ აღმოაჩინა, რომ მის ამ რეპლიკაზე, მარტო თვითონ გაეცინა. რაღაც უცნაური რეაქცია მოჰყვა მის სიტყვებს. პიპამ ისე მწარედ იკბინა ტუჩზე, რომ ტკივილისგან მაინც ყურებამდე გაუღიმა დეტექტივს. ქირურგსაც რაღაც უცნაური გამოხედვა შეეტყო და მიმი კი გაფითრებული შეჰყურებდა ფიფოს. ან ხედავდა საერთოდ ფიფოს იმ მომენტში? ეს წამიერი, რაღაც უცნაური გაელვება პიპამ ისე ოსტატურად განმუხტა, რომ დეტექტივსაც გულზე მოეშვა. ეგონა, თუ მისი ხუმრობა ზედმეტად უკბილო და უღიმღამო თუ იყოო, მაგრამ პიპას გამჭრიახი გონების წყალობით, ადვილად მიივიწყა და ახლა მორიგ თემაზე, ისე გადაერთო, რომ აღარც ახსოვდა ის უცნაური წამი.
- რაო მიმი, მოიწყინე, არა? - სინანულით მიმართა პიპამ და ყველას ყურადღება მიიქცია. - წარმომიდგენია, ახლა რამდენი რამ გაგახსენდა, ამ ერთ წამში.
- იცი, რა გამახსენდა?.. - წაიჩურჩულა მიმიმ და პიპას სევდიანად გახედა. - სოკოს ხინკალი, გახსოვს?
„რა ხინკალი მიმი?“
გაუელვა პიპას.
„ჰმ, თუმცა მშვენიერი ხერხია იმ თემიდან გადახვევა, რაც პროფესორის ცოლობა ეხება ეჰ...“
- როგორ არ მახსოვს? - მხარი აუბა პიპამ. - მხატვართან, იმ ძველ სახელოსნოში. მგონი, რაღაცას ვზეიმობდით. მე, როგორც ყოველთვის, მარხვაზე ვიქნებოდი და ამიტომაც მოიტანა ფიფომ სოკოს ხინკალი. ჰმ, საიდან გაგახსენდა...
ამ გახსენებასაც თავისი გამართლება ჰქონდა და პიპაც მშვენივრად მიუხვდა. ამით თითქოს მიმის, გალეოსთვის უფრო მეტად უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მართლა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ.
- მოიცა, მოიცა. - ახლა ქირურგი ჩაერთო. - და მე, სად ვიყავი? არ დამპატიჟეთ?
- ნამდვილად არ მახსოვს, შენ სად იყავი მაგ დროს. - მიუგო პიპამ.
- ისე, არც მე მახსოვს, შენ რატომ არ იყავი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. თუმცა, მშვენივრადაც ახსოვდა, მაგრამ იმას ხომ არ იტყოდა, რომ ფიფოს მაშინ ჯერ არც კი იცნობდიო.
- ფიფოს ნათლიაც იყო, მგონი ხომ? - ჩაურთო პიპამ.
- კი, კი. - კვერი დაუკრა მიმიმ. - ჯერ რესტორანში გვინდოდა და მერე ისევ, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, მხატვართან სახელოსნოში დავრჩით.
- იმიტომ რომ შენ ორსულად იყავი. - ჩაურთო პიპამ. - და რესტორანში წასვლას ისევ, იქ ამჯობინე, ფიფო ბევრს არ დალევსო.
- ესე იგი, ფაქტიურად დიმეოც ყოფილა, სოკოს ხინკალიც მიურთმევია და მე სად ვიყავი ნეტა ამ დროს? - სიცილით ჩაურთო ქირურგმა.
- ალბათ, ოპერაციაზე იქნებოდი ან სულაც არ დაგპატიჟეს. - ჩაბჟირდა გალეო. ძლივს მოითქვა სული და ახლა უკვე სერიოზული სახით პიპას მიმართა. - ის დოკუმენტები, ჩემს მეილზეც გადმოაგზავნე. ჩავუჯდები, აბა ერთი რა არის ასეთი, რომ...
- არავითარ შემთხვევაში! - მკვახედ მოუჭრა პიპამ.
გალეო უსიამოვნოდ აიბუზა.
- ყოველ დღე, ყოველ წუთს თმის ღერიდან, ფეხის ფრჩხილამდე იშიფრები და ეს შენ, ჩემზე კარგად იცი! - პიპა ახსნას შეეცადა. - ნუ გგონია, არ იციან რომ ახლა სადაც ხარ, თუმცა კარგია რომ ქირურგიც აქ არის და მარტო შენ არ ხარ. ექიმია მაინც და უფრო სხვა კუთხითაც შეიძლება გაამართლო შენი, თუნდაც ერთ დღეზე მეტი აქ ყოფნა.
- მოკლედ, ყველაფერზე, სერიოზული არგუმენტები გაქვს, რაა. - უკმაყოფილოდ მიუგო გალეომ.
- ყველაფერს, მაქსიმალურად სერიოზულად უნდა მიუდგე, თუ გინდა, რომ გადარჩე! - ანდაზასავით ჩაურაკრაკა პიპამ.
გალეო უხმოდ დაეთანხმა, რადგან ამჯერადაც მართალი იყო, ეს კაცი.
- და ნუ, გწყინს! - ღიმილით განაგრძო პიპამ. - ძალიანაც რომ მოვინდომო, უშენოდ მაინც ვერაფერს გავაკეთებ.
- მართლა ძალიანაც რომ მოინდომო, უჩემოდაც მშვენივრად გააკეთებ, შენ ისეთი ხარ. - ცინიკურად ჩაეცინა გალეოს.
პიპას გულიანად გაეცინა.
- მაინც გმადლობ, რომ ასე მენდობი და საქმის კურსში გინდა ჩამაყენო. - ახლა უფრო მეგობრულად გაუღიმა გალეომ.
- ჩემს სიტყვას არ გადავალ! - საკმაოდ სერიოზულად მიუგო პიპამ. - რადგან შეგპირდი, უშენოდ მაინც არ გადავდგამ ნაბიჯს. შემდეგ ჩამოსვლამდე...
- იქნებ, შენ ჩამოხვიდე? - მიმართა გალეომ. - მე კი არ მეზარება, მაგრამ ამდენი ჩემი აქ ასე ხშირად ჩამოსვლაც თვალში საცემი ხდება უკვე.
- არც მე მეზარება ჩამოსვლა, მაგრამ აქ რომ გტოვებთ შენ და ქირურგს, მეც უფრო მშვიდად დავდივარ ქალაქში. - პიპამ ამოიხვნეშა. - ახლა სხვას ვერავის ვანდობ ამათ თავს.
- ჩუკი და მხატვარი გამოგრჩა. - ცალყბად ჩაეღიმა გალეოს.
- სულაც არ გამომრჩა. - ჩაეღიმა პიპას. - მაგრამ სწორად აღვნიშნე, რომ ახლა-მეთქი, რადგან ჩუკი საკმაოდ მძიმედ არის, საწოლიდან უჭირს წამოდგომა, მხატვარს კი განა არ ვენდობი, არასოდეს გაგცემს, მაგრამ აქ ცოტა უფრო სხვა დაცვაა საჭირო, ისეთი როგორიც შენ და ფიფოს გემარჯვებათ.
- კი, მესმის, მესმის... - ამოიხვნეშა გალეომ და ისევ მართალი იყო ეს კაცი.
LEX. 2024 წლის 2 ივნისი, კვირა. 

No comments:

Post a Comment