Sunday, February 11, 2024

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 160)

160.
- და აი, თურმე რა მილიონი ყოფილა, არა? - ჩაეღიმა მიმის, როცა პიპამ მოუყვა, თუ რას დაათრევდა ბავშვი ჩანთით და როგორ ძლიერ უფრთხილდებოდა.
- არც დამითვლია. ამის საჭიროება არც იყო და არც ის იყო მნიშვნელოვანი, თუ მართლა რამდენი იყო. ბევრი იყო და მორჩა! მაშინვე ის აზრი ჩამომიყალიბდა, რომ ნამდვილად ნაძარცვი ფული უნდა ყოფილიყო. თანაც, ძალიან გამიკვირდა, ბავშვისთვის რატომ უნდა ჩაეაბარებინათ? ალბათ, მკაცრად გააფრთხილეს, ან სულაც დააშინეს, რომ არც უნდა გაეხსნა და არანაირ შემთხვევაში არ უნდა დაეკარგა.
- დარწმუნებული ვარ, ძალიან შეაშინებდნენ. - წაიკვნესა მიმიმ.
- ეჭვიც არ შემპარვია და ასეც იყო. - მიუგო პიპამ.
- და მერე? - გაიკვირვა მიმიმ. - ნუთუ ის მაინც არ გაიფიქრე, რომ ამხელა ფულით ქალაქისკენ წამოსულიყავი, შენი საკუთარი სახლი გეყიდა.
- გულში წამითაც კი არ გამივლია, ფულის მითვისება. - იწყინა პიპამ.
- არა, მითვისება, სულაც არ მიფიქრია. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მაპატიე, ცოტა არ იყოს, ცუდად გამომივიდა...
- ჰმ, მიპატიებია.
- მე უბრალოდ. - მიმი ახსნას შეეცადა. - დიმეოსთან ერთად ვიგულისხმე. იმ ღარიბულ ქოხში ცხოვრებას, ბავშვისთვის უკეთეს მომავალზეც ხომ შეგეძლო გეფიქრა?
- რა თქმა უნდა, ბავშვისთვის საუკეთესო მომავალს ვისურვებდი, რადგან უკვე ჩემად ვთვლიდი და ასეც რომ არ მეფიქრა, ეს ფული მაინც ბავშვის გამოდიოდა. მშობლები კი უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები, მაგრამ არ შეიძლებოდა მისი ასე დახარჯვა, სანამ არ გავარკვევდი, თუ რა ფული იყო და ვის ეკუთვნოდა მანამდე?
- ეგ, ჰო. - კვერი დაუკრა მიმიმ.
- და სწორედ იმან ჩამაფიქრა და შემაშინა კიდევაც, რომ საკმაოდ დიდი თანხა ჩანდა. 
- მილიონი... - წაიჩურჩულა მიმიმ.
- მილიონი კი არა. - პიპამ ამოიხვნეშა. - ათასზე ბევრად ნაკლები თანხისთვისაც კი დაუხოცავთ ერთმანეთი და ამხელა ფულის გამო, არც იყო გამორიცხული რომ როგორღაც მაინც მოეგნოთ ჩვენთვის და ბავშვი კვლავ საფრთხეში აღმოჩენილიყო.
- ჰო, არც ეგ იყო გამორიცხული. - ამოიკვნესა მიმიმ. - რადგან, მაგ ორი ადამიანის უკან მართლაც სხვებიც იდგნენ.
- აბა, რას წარმოვიდგენდი თუ ბავშვი საკუთარი თავის გამოსასყიდს დაათრევდა ზურგით და ასე თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. - პიპამ თავი გააქნია. - ისე, რომ მცოდნოდა, გამოსასყიდი იყო, მაშინ უფრო ვიფიქრებდი, რომ ამ თანხას მოწილეებიც ეყოლებოდა და ასე ადვილად ჩვენს ძებნას არავინ შეწყვეტდა. თუმცა, მე არავინ მეძებდა, მაგრამ ბავშვი კი ახლა უფრო საფრთხეში ჩანდა. როდესმე ხომ აღმოაჩენდნენ, რომ მშობლები დაღუპულია და ეს პატარა ბიჭი კი საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობს. ბუნებრივია იმ ფულს ხარჯავდა. ასე იფიქრებდა ნებისმიერი.
- თავისთავად. - ჩაურთო მიმიმ.
- ამის მერე, იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ გამეგო, საიდან  და ვისგან ჰქონდათ ეს ამხელა თანხა მოპარული.
- და რატომ იფიქრე, რომ მაინც და მაინც მოპარული უნდა ყოფილიყო?
- არც ის ნაძირალა კაცი და არც ის იდიოტი ქალი არ გავდნენ ისეთ ხალხს... - პიპა წამით შეყოვნდა. - მათი ჰაბიტუსის პატრონნი, არც სწავლულებს ჰგავდნენ და არც ბანკში მომუშავეს. მით უმეტეს, რომ ქალს, საკმაოდ კარგი ხარისხიანი ბეწვის ქურქი ეცვა. ის კაცი კი ბომჟივით გამოიყურებოდა, თუმცა ჩაცმულობას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ერთმანეთში როცა საუბრობდნენ არანაირი ინტელექტი, არანაირი დონე. მეტყველებაც კი რაღაცნაირად უხეში, უტაქტო.
- შეიძლება უხეშიც იყოს, უტაქტოც, მაგრამ განათლებულიც. - ჩაურთო მიმიმ. - შენ ხომ არაფერზე გქონდა რეაგირება, არაფერი გახსოვდა და საიდან დაასკვენი მათი ინტელექტუალური დონე?
- სწორი შენიშვნაა. - ჩაეღიმა პიპას. - ამის გაანალიზება, სწორედაც რომ იმ ფულის ნახვის შემდეგ დავიწყე. ვცდილობდი, მათთან თუნდაც წუთიერი შეხვედრა, სულ დეტალებში გამეხსენებინა. მეტადრე მართლა ყაჩაღებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე თუნდაც ბანკის თანამშრომლებს. თუმცა, ბანკიც პირობითად ვახსენე, რადგან დიდ ფულზე იყო საუბარი. თანხა დასტებად იყო შეკრული და არა ისე, აგროვებული და ჩაკუჭულ-მიკუჭული.
- ჰმ. ეს იგი, ბანკში მომუშავენი და არა უბრალოდ, ჩვეულებრივი მარკეტის თანამშრომლები.
- თვით საკმაოდ ყველაზე უბრალოდ და გაუნათლებელ გლეხსაც კი არ ექნებოდა ასეთი საუბრის დიქცია. არ ვიცი, კიდევ როგორ ავხსნა, მაგრამ სულით ხორცამდე დარწმუნებული ვიყავი, ეს ბინძური საქმით გაკეთებული ფული იყო და ამიტომაც იმალებოდნენ და საზღვრის გადალახვასაც ცდილობდნენ. ბავშვი კი თავისთავად ხელს უშლიდათ.
მიმიმ ამოიხვნეშა. პიპამ კი განაგრძო:
- და რადგანაც გარბოდნენ, ესე იგი, მდევრებიც არ უნდა გამომერიცხა და ბავშვიან ოჯახს უფრო ადვილად მიაგნებდნენ. ამიტომაც ხდებოდა ბიჭი ზედმეტი. კაცს აშკარად მისი მოშორება უნდოდა, მაგრამ ქალი, კატეგორიულ უარზე იდგა. ზუსტად რა ზრახვები ჰქონდა არ ვიცი, მაგრამ დავიჯერო, ეცოდებოდა? თუ მისი კვლავ გამოყენება უნდოდა?
- და იქნებ, მართლა ეცოდებოდა?
- რთული დასაჯერებელია, იმის მერე, რაც იქ ვნახე. ჰმ, ძნელი წარმოსადგენია, რომ იმ ქალს, საერთოდ უყვარდა ბავშვები.
- მართლა ასე ცუდად ექცეოდა?
- ვერაფერს გეტყვი, თუ რამდენად ცუდად, მაგრამ იმ კაცისგან განსხვავებით, ამ ქალს ნამდვილად არ სძულდა, არ ეზიზღებოდა იმ კაცივით. თუმცა, მასაც ფეხებზე ეკიდა, მაგრამ თავისებურად. იმ კაცთან შედარებით მსუბუქად.
მიმიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ვერც ვერავინ დამაჯერებს მის ბავშვებისადმი ზრუნვასა და სიყვარულს, რაც მაშინ ჩემივე თვალით ვიხილე და სწორედ ეს მეცნო. შინაგანად ვიცანი, ასე ფეხებზე დამკიდე ქალი, დედად წოდებული, ჩემს ოჯახშიც კი იყო, ჩემი დის სახით და აი ეს ამოიცნო ჩემმა ჩამკვდარმა სულმა.
- მაშინ გაგახსენდა ყველაფერი?
- არაფერი გამხსენებია. - თავი გააქნია პიპამ. - მხოლოდ ეს მომენტი იყო ჩემთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი და სწორედ მაშინ ამეხილა პირველად თვალები. მართლა ამქვეყნიურის, რაღაც უხილავი ფარდა გაირღვა ჩემში. მკაფიოდ შევამჩნიე ის, რომ ვიღაც საქონელი ქალი, თბილ ქურქში გახვეული, თივაზე რბილად იწვა და არხეინად ეძინა, როცა მისი შვილი, საცოდავად ნარზე მიგდებული, ხველებისგან იხრჩობოდა და სიცხისგან იწვოდა.
- ჩემი საწყალი ბიჭი. - მიმის ისევ ცრემლები მოადგა.
- თანაც მშვენივრად იცოდა, რომ იმ მოხუცი და უძლური ბერის გარდა, სხვა არავინ იყო და იქნებოდა იმ ტყეში, მთის წვერზე, თანაც ამხელა თოვლში ბავშვის მომკითხავი და მომვლელი.
- ვაიმე შვილო, გული დამეწვა. - მიმიმ ცრემლები ძლივს შეიკავა. - ჩემი კი არა ვისი შვილიც გინდა ყოფილიყო, ასეთ დღეში რომ მენახა...
- ჰოდა, როგორ გინდა დაიჯერო, რომ მასეთ ქალს შვილი, ან საერთოდ ვინმე ენაღვლებოდა?
- მართლა რთული წარმოსადგენია.
- და რაც შეეხება ჩემს ამნეზიას. – პიპა შეყოვნდა. - საერთოდ, მეხსიერების აღდგენა ხშირად რაღაც ინციდენტის გამო უფრო ხდება. ამიტომაც, ხშირად მეხსიერება დაკარგული პაციენტის ახლობლებს, სახლის პირობებში ურჩევენ მკურნალობას. ოჯახურ გარემოში, ნაცნობ სიტუაციაში უფრო ადვილი შესაძლებელია მეხსიერების აღდგენა. თუნდაც, ნაწილობრივ.
- და შენთვის ასეთი გულცივი დედა აღმოჩნდა, ის რაღაცნაირი სტრესი, რამაც მეხსიერება დაგიბრუნა, არა? - ჩაურთო მიმიმ.
- ფაქტიურად, იმ წუთს არაფერი გამახსენდა და არც მეხსიერება დამბრუნებია. - მიუგო პიპამ. - მაგრამ სწორედ ის მომენტი იყო ჩემთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი და ძლიერ მტკივნეულიც, ამიტომაც ასე შემძრა სულში და გულიც მეტკინა.
- არ მესმის ასეთი უგულო ხალხის. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- ბავშვი კიდევ რაღაცაში სჭირდებოდა. თუმცა, სულაც არ ანაღვლებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ გადარჩებოდა კარგი იქნებოდა, თუ არადა დიდად არც ინაღვლებდა და ალბათ, საზღვარზე გადასვლისას პირველივე შემხვედრს მიჰყიდდა ბავშვს მონად.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა მიმიმ.
- ჰო, მიმი! სამწუხაროდ, დღემდე ყიდიან და ყიდულობენ ნებისმიერი ასაკის ბავშვებს სექსუალურ მონებად. რადგან ბავშვის უმანკო სხეული ძალიან ძვირი ღირს და კარგ ფასსაც იხდიან!
- ვაიმე, შვილო, როგორ გადამირჩი! - მიმი კვლავ ცრემლებად დაიღვარა.
- და არც იმ შავ ბაზარს გამოვრიცხავ.
- და კიდევ რომელ შავ ბაზარს? - აკანკალებული ხმით იკითხა მიმიმ.
- ორგანოებით მოვაჭრეებს.
- ღმერთო ჩემო... ღმერთო ჩემო... - მიმის ხმამაღლა ატირდა.
- მიმი, თუ ამდენს იტირებ და ასე ინერვიულებ, მაშინ აღარ გავაგრძელებ რაა.
- ნუ რა ვქნა? მეტირება... - ასრუტუნდა მიმი.
- მორჩა! - პიპა წამოდგა. - აღარ გავაგრძელებ!
- რატომ? მე მინდა ბოლომდე მოვისმინო! - უკან არ იხევდა მიმი.
- იმიტომ, რომ მეც აღარ შემიძლია! - მკაცრად მიუგო პიპამ. - როცა გიყვები, ამ ყველაფრის თავიდან გადახდა და გადატანა ხდება ჩემს სულში და გონებაში და აღარ შემიძლია, მიმი!
- და მაშინ არ გქონდა სული, როცა...  როცა... - მიმი გაჩუმდა.
- როცა დანაშაულს ჩავდიოდი? - მწარედ ჩაეღიმა პიპას. - მაგის თქმა გინდა?
- დიახ! - მედგრად დადგა მიმი. - სწორედაც რომ მაგის თქმა მინდა!
- არა! - პიპა წამით გაჩუმდა. - მაშინ არ მქონდა არც სული და არც გული, რადგან ზუსტად ისეთივე ნაძირლებზე ვნადირობდი, როგორიც იქ დამხვდნენ, იმ მღვიმეში და ალბათ სწორედ ეგენი შევიცანი. სავარაუდოდ ჩემი თვალის ახელაც ამის გამო მოხდა. ის, რაც მთელი ცხოვრება მაძრწუნებდა და რის გამოც კრიმინალი გავხდი, ზუსტად იმას შევეჩეხე მრავალი წლის შემდეგ და მიძინებულმა გულმაც გაიღვიძა, მკვდარი სულიც გაცოცხლდა და ამიტომაც შევძელი პატარა ბიჭისთვის მეშველა და გადამერჩინა მათი ბოროტი კლანჭებისგან. სწორედ ამან გაიღვიძა ჩემში.
- ჰო, ალბათ... - ქსუტუნებდა მიმი.
- სხვა შემთხვევაში, ალბათ ჩვეულებრივ შევხედავდი. ბავშვიანი ოჯახი, სადაც დედა მხოლოდ ჩაცმაზე ფიქრობს, სულ არ აინტერესებს ქმარ-შვილი, ამ დროს ბავშვი, ფაქტიურად თავისით იზრდება. არავის სჭირდება მის მომავალზე ზრუნვა, უბრალოდ დაიბადა, გაჩნდა და ცხოვრობს. მამას კი ფული შემოაქვს ოჯახში, საკუთარ ჩაცმულობაზეც არ ფიქრობს და არც ცოლი ინტერესდება თუ საიდან, რა გზით შოულობს მისი ქმარი ფულს.
- ერთი შეხვედით ასეც ჩანდა ალბათ, მაგრამ შენ... - ჩაურთო მიმიმ და პიპამ გააწყვეტინა:
- ერთი შეხედვით კი, მართლაც ასე შეიძლებოდა გეფიქრა, მაგრამ მე სწორედ იმას შევესწარი, რასაც უმწეო ბავშვის ჩაგვრა ჰქვია. ავადმყოფი პატარა ბავშვის ხელში, დედას ასე უდარდელად როგორ ეძინა? და მარტო ბავშვის უმოწყალოდ ცემა-ტყეპა კი არ არის ჩაგვრა. დიმეოს და ბედად, სწორედ ამან გამაღვიძა.
- კიდევ კარგი. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- და როცა ეს ამხელა ფული აღმოვაჩინე, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ყაჩაღებისგან ბოძებული განძი, შარს უფრო გადაგვყრიდა, ვიდრე სიმშვიდეს მოგვიტანდა.
- და დიმეომ, რა გითხრა? არ შეეკითხე?
- ბავშვი იმავე დილით გამოვკითხე. - განაგრძო პიპამ. - თანაც, არ მინდოდა ჩემი ნდობა დაეკარგა. არც მითქვამს, რომ უკვე გავხსენი ჩანთა. მხოლოდ ის აღვნიშნე, რომ შევამჩნიე, სასკოლო ზურგჩანთას სხვადასხვა ადგილებში როგორ მალავდა.
- და მერე, რაო? რა გითხრა? - ვეღარ ითმენდა მიმი.
- ბიჭს თურმე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რას დაათრევდა და იცოდა, რომ მხოლოდ ეს ტვირთი გადაარჩენდა მათ სიცოცხლეს და ასე შემდეგ. ათასი ტყუილით დაარწმუნეს ბავშვი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, აუცილებლად უნდა დაეცვა ეს განძი და მარტო იმ ქალს ჰქონდა მისი გახსნის უფლება, სხვას კი სიკვდილს მოუტანდა.
- ჰმ.
- ჰოდა, მეც ავუხსენი, რომ ძალიან სამწუხაროა, შენი მშობლები ცოცხლები აღარ არიან და ახლა ეს ტვირთი, როგორც შენს მეურვესა და პატრონს, უკვე მე უნდა გადმომაბარო და შენ კი დაივიწყე მისი არსებობა-თქო.
- და რაო? რა გითხრა? 
- შენ წარმოიდგინე, სიხარულით დამთანხმდა და აშკარად ამოისუნთქა ბავშვმა.
- შენ ისინი მშობლები გეგონა და მიკვირს, მაშინ მაინც როგორ არ გითხრა დიმეომ სიმართლე, ხომ გენდობოდა?
- ბავშვს ეგონა, რომ შენ და ფიფოც აღარ იყავით, ასე დაარწმუნეს. მიმი ეს ხომ უკვე მოგიყევი? 
- ეგ, ხომ, მაგრამ მაინც ხომ უნდა ეთქვა, რომ მისი მშობლები სულ სხვა ხალხი იყო, უნდა მოეყოლა თუ სად ცხოვრობდა, როგორ ოჯახში იზრდებოდა ანდა რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ისიც არ მოგიყვა, თუ იქ როგორ მოხვდა?
- წარსულიდან არაფერს ყვებოდა და ზედმეტად აღარც მე ჩავეძიე, რადგან ასე უფრო ჩაიკეტებოდა, ისედაც გულჩათხრობილი ბიჭი და როცა თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ, მაშინ მეტყოდა ყველაფერს.
- ჰო, ალბათ... - ჩაურთო მიმიმ.
- კი მიმი. ასე სჯობდა. ჰმ, თანაც, მეგონა რომ უკვე ძალიან კარგად ვიცოდი მისი წარსული და მართლა მშვენივრად მესმოდა მისი.
- შენ მაინც როგორ ითმენდი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მე მოვკვდებოდი ინტერესით.
- გეგონა, არ მაინტერესებდა? ჰაჰ! - პიპამ თავი გააქნია. - მაგრამ არ შეიძლებოდა ზეწოლა. ისედაც, ასეთმა პატარა ბიჭმა რამდენი გადაიტანა, სიკვდილს ჩახედა თვალებში და კიდევ ვინ იცის, როგორ ცუდად ექცეოდნენ მთელი მისი პატარა ცხოვრება, ამას ვფიქრობდი. საწყალს, ალბათ არასდროს ასე არ გაუხარია, როგორც ჩვენთან ხარობდა იქ სოფლის ღარიბულ სახლში.
- დიმეო, ისედაც არასდროს ყოფილა ამპარტავანი. - დასძინა მიმიმ.
- ამაში, კი ნამდვილად ჰგავს დედას. - ღიმილით მიუგო პიპამ.
მიმისაც მდარედ ჩაეღიმა.
- ამიტომაც, მაშინვე შემეჩვია და სულ ადვილად ჰქონდა ახალ ოჯახზე ადაპტაცია. სულ მიკვირდა, როგორი საოცარი ბავშვია-თქო.
- მართლა საოცარი ბიჭია...
- და როდესაც მშობლების გარდაცვალება ვუხსენე. - განაგრძო პიპამ. - ბიჭმა ბუნებრივია, თქვენ გიგულისხმათ, მე კი ის ნაძირლები, ამიტომაც დიმეომაც არაფერი მითხრა, რადგან უკვე მე ვიყავი მისი დამცველი და ჩემს იქეთ, აღარავის ენდობოდა.
- ჰომ, მაგრამ მაინც... რა ვიცი...
- ალბათ, დროთა განმავლობაში ყველაფერს მომიყვებოდა და თავის ნამდვილ ვინაობასაც გამიმჟღავნებდა, რადგან ხომ იცი, რომ დოტი დაირქვა, დიმეოს არც ახსენებდა და თავისი სკოლის წიგნებზეც კი ხან დოტო დააწერა, ზოგან კი, დოტი.
- ჰმ. როგორ ძლიერ ყოფილა ბავშვი დაშინებული. - თავი გააქნია მიმიმ. - ალბათ, ეგონა რომ ჯერ კიდევ მას დასდევდნენ მოსაკლავად, რადგან მშობლები დაუხოცეს და ის ნაძირლები იცავდნენ ვითომ.
- შეიძლება.  - კვერი დაუკრა პიპამ. - ნდობით კი უკვე ნამდვილად მენდობოდა, მაგრამ მაინც მართლა ძლიერ იყო დაშინებული, ამიტომ ცდილობდა ძველი ყველაფერი დაევიწყებინა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო.
- და ისიც კი მოიფიქრა, რომ სკოლის წიგნებზეც წაეშალა სახელი.
- შეიძლება ეს მანამდე გამტაცებლებმაც გააკეთებინეს, უსაფრთხოების გამო.
- შეიძლება. - ამოიხვნეშა მიმიმ. - და მერე?
- რაღა მერე? - ჩაეღიმა პიპას. - ხომ მოგიყვანე უვნებელი და საღ-სალამათი. თანაც, გაკაჟებული, მაგრამ შენთვის კი ყოველთვის კრიმინალად ვრჩები მაინც.
- მაშინ ჩემს წარსულსაც უნდა გადავუსვა ხაზი. - თავი გააქნია მიმიმ.
- და გადაუსვი, მერე! აღარ უნდა დაივიწყო? - ჩაეკითხა პიპა. - პირადად შენთვის, ხომ არაფერი დამიშავებია?
- როგორ არა! - გაკაპასდა მიმი. - როცა შენი საგმირო ამბები მომახსენეს, ისე ვინერვიულე რომ კინაღამ მოვკვდი და ბავშვიც მაგის გამო, ორი კვირით ადრე დაიბადა.
- და მერე? - კვლავ ჩაეკითხა პიპა. - ჯანმრთელობის პრობლემა ხომ არ ჰქონია?
- არა, მაგრამ რომ ჰქონოდა?
- და რა გინდა, მიმი? - ჩაეღიმა პიპას. - მაინც რატომ მებრძვი? ასეთი ბიჭი გაჩუქე და კიდევ შენ ხარ უკმაყოფილო? თანაც, ორჯერ გაჩუქე, მეორეჯერ საღ-სალამათი დაგიბრუნე გატაცებული ბავშვი და შენი გული მაინც არ გათბა.
- შენ თუ იმის იმედი გაქვს, რომ ჩემგან სიყვარულს მიიღებ, ძალიან სცდები! - საშინლად იწყინა მიმიმ.
- არაფერს ვითხოვ. - მშვიდი ხმით მიუგო პიპამ. - მხოლოდ ასე გამწარებით ნუ იღრინები. უკვე თვალშისაცემი ხდება შენი ასეთი ქცევა. თუ გინდა, რომ დიმეომ უამრავი კითხვა დაგისვას? რადგანაც მხოლოდ მარტო მე მეცქევი ასე.
მიმიმ ვერაფერი უპასუხა.
- ნუ დაგავიწყდება ვისი გენები აქვს. ხომ ასე კარგად მიცნობ და იცოდე, მაინც ისე გათქმევინებს, რაც მას აინტერესებს, რომ შენ აზრზეც ვერ მოხვალ, უკვე ისე დაწვრილებით გექნება მოყოლილი ყველაფერი.
- ჰო... კარგი. - მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. - ვეცდები, შედარებით თბილად მოგექცე. შევეცდები!
- თუ შეიძლება, ირონიის გარეშე. - მსუბუქად შეუტია პიპამ. - არც შენი ზედმეტი სითბო მჭირდება და არც შენი სიყვარული, მაგრამ ასე თვალშისაცემს ნუ გახდი შენს უკმაყოფილებას ჩემს მიმართ!
- კარგი, შევეცდები-მეთქი, ხომ გითხარი უკვე?
- ჰოდა, დაიძინე ახლა! – პიპა კარისკენ გაემართა. -  გათენდება მალე. - კარი ისე გამოიხურა, აღარც დაელოდა მიმის პასუხს.
აბა მიმის რაღა უნდა ეპასუხა. თავადაც ვერ ჰქონდა გარკვეული, თუ ასეთი აგრესიით რატომ ექცეოდა, შვილის გადამრჩენელს. ჯერ კიდევ ვერ მოეშუშებინა ის ძველი ჭრილობა, რაც ამ კაცმა მიაყენა და მაინც რა გახდა მისი პატიება? ან რა ჭრილობა იყო ასეთი, როცა მიმისთვის პირადად მართლაც რომ არაფერი დაუშავებია.
თავის დროზე ამ კაცს, ჯერ კიდევ დიმეოს დაბადებამდე, თავისი საკუთარი ცხოვრების ბნელი წარსულის უკან მოტოვებას ცდილობდა და მიმისთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება უნდოდა, მაგრამ არ გაუმართლა, ვერ მოასწრო ქვეყნიდან გასვლა.
„მაგრამ მაინც ხომ კრიმინალია.“
ფიქრობდა მიმი.
და მაინც მერე რა? ფიფოს ადგილის დაკავებას ნამდვილად არ ცდილობდა, მაგრამ რამდენად სარწმუნო იყო ეს?
ათასგვარი ფიქრები უტრიალებდა მიმის თავში და ძილსაც უფრთხობდა. მერე თითქოს ჩაეძინა კიდევაც. ძილში საოცარი სიზმარი ნახა.
დიდ გაშლილ და ლამაზ ეზოში, აბიბინებულ ბალახზე სეირნობდა. გაზაფხულის სურნელი თავბრუს ხვევდა. ფიფოც იქვე იყო, მაგრამ რატომღაც ვერ ხედავდა, მის სიახლოვეს გრძნობდა, მისი ხმაც ესმოდა. თითქოს ეს ესაა იქვე სადღაც უნდა მოჰკრას ფიფოს თვალი, მაგრამ ამ დროს პეიზაჟი იცვლებოდა. ხან თოვლივით თეთრი, ქათქათა, ფაფუკი ღრუბლებით მოფენილ ცაზე მზის სხივები ირეკლებოდა და ულამაზეს ველს ჰორიზონტად ეფინებოდა, ხანაც ხასხასა მინდორზე ფერად-ფერადი ყვავილები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ და მათი სურნელისგან თავბრუდახვეულ მიმის ბედნიერებისგან გული ლამის ამოვარდნაზე ჰქონდა. მერე უეცრად საკმაოდ მკაფიოდ, თითქოს ყურში ჩასძახეს:
- მიმი!
მიმი საწოლში შეხტა და გულ აფრიალებულს გამოეღვიძა.
- ნამდვილად ფიფოს ხმა იყო... - წაიჩურჩულა და მაშინვე ქვემოთ ჩასვლა გადაწყვიტა. - არა, არა... არ მეშლება. ნამდვილად ფიფოს ხმა იყო... ფიფო მეძახის... მოვდივარ... ახლავე მოვდივარ...
მიმი კიბეზე დაეშვა და მაშინვე ფიფოს ოთახს მიაშურა. შესავლისთანავე შეამჩნია, რომ ფიფოს ყველა აპარატი გამორთული ჰქონდა. მიმის მრისხანებისგან სახე აენთო და ის იყო, იქვე მთვლემარე პიპასთვის ბოლო ხმაზე უნდა ეღრიალა, რომ მოულოდნელად აღმოაჩინა, ფიფო თავისით სუნთქავდა. აპარატის გარეშე. მიმის საღრიალოდ დაღებული პირი ახლა გაოცებისგან დაეღო და გაოგნებისგან ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა.  ერთბაშად უამრავი კითხვა გაუჩნდა და სიტყვები ვერ ამოდიოდა ჯერ კიდევ დაღებული პირიდან.
ფიფო სუნთქავდა...
დამოუკიდებლად სუნთქავდა და ეს იყო მთავარი.
- უკვე ოცი წუთია ასეა. - მოულოდნელად პიპას დაბალი ხავერდოვანი ხმა გაისმა. 
- ესე იგი... - ძლივს ამოილუღლუღა მიმიმ. - ფიფოს უკვე შეუძლია სუნთქვა?
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი. მიმის არც გაუხედავს მისკენ. ჯერ კიდევ გაოგნებული დაჰყურებდა ფიფოს და თავი სიზმარში ეგონა.
- და არანაირი აპარატი აღარ სჭირდება?
- ვნახოთ. - კვლავ დაბალ ხმაზე უპასუხა პიპამ.
- ესე იგი, კარგად არის? - მიმის კვლავ გაკვირვებული ხმა ჰქონდა.
- წესით, იმაზე უკეთ უნდა იყოს, ვიდრე აქამდე.
- და რადგან ოცი წუთია, დამოუკიდებლად სუნთქავს, ესე იგი...
- უკვე ოცდახუთი. - კვლავ მშვიდად მიუგო პიპამ.
- და ახლა რა ვქნათ? - მიმიმ პიპას გახედა.
- წარმოდგენაც არ მაქვს. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - მაგრამ ჯერ რაც ნაკლებ ხალხს ეცოდინება, მით უკეთესი. მერე ვნახოთ.
- კი მაგრამ რა არის აქ დასამალი? - კოპები შეკრა მიმიმ. - ჩემი დედამთილი, რომელიც თავად ცოცხალმკვდარი, ლამის ყოველდღე შვილის სიკვდილს ელის, ეს ამბავი რომ გაიგოს, ქალს სიცოცხლის უნარი დაუბრუნდება.
- მიმი, პრემიერთან რისთვის შეხვედი, დაგავიწყდა? - ირონიით დაიწყო პიპამ. - ის ნიანგის ცრემლები სულ ტყუილად ხომ არ ღვარე, რომ ახლა ფიფოს ლამის უკვე თვალის გახელა და ფეხზე წამოდგომა ამცნო.
- და აბა, როგორ მოვიქცე?
- ისე, როგორც დავგეგმეთ! ჯერ არავის უთხრა, ეს ჩემი პირადი ექსპერიმენტი იყო და გაამართლა.
- და რომ არ გამართლებულიყო? - კოპები შეკრა მიმიმ.
- მაშინვე ჩავრთავდი. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - რა პრობლემა იყო? ყოველ წამს ყოველ წუთს ვაკვირდებოდი და რა ვიცი? შენც ხომ ხედავ, რომ ახლაც მშვენივრად სუნთქავს.
- და მაინც, საშიშია. დიდი რისკია.
- სრულიად გეთანხმები, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა გაერისკა?
- და ამხელა რისკზე რომ მიდიოდი, ჩემთვის არ უნდა გეკითხა? - უკმაყოფილოდ მიმართა მიმიმ.
- შენთვის რომ მეკითხა, დათანხმდებოდი? - ირონიულად ჩაეკითხა პიპა.
- ნუუ, რა თქმა უნდა თავიდან, არა მაგრამ მერე იქნებ ჭკუაშიც დამიჯდებოდა და...
- აჰა, ესე იგი, შენს ჭკუაში დაჯდომას უნდა ვუცადოთ?
- ნუ დამცინი! - შეუტია მიმიმ.
- მაშინ ნუ იგდებ სასაცილო მდგომარეობაში თავს და ვერავინ დაგცინებს. - კვლავ მშვიდად მიუგო პიპამ. - რით ვეღარ ირწმუნე, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერს თქვენდა სასიკეთოდ ვაკეთებ! სამტროდ რატომ უნდა ვიყო მოსული?
- და მაინც! - მკაცრად შეუტია მიმიმ. - ის რაც ჩემს ქმარ-შვილს, ჩემს ოჯახს შეეხება, მინდა რომ პირველი მე ვიცოდე და მე გადავწყვეტ, რა და როგორ იქნება!
- სრულიად სამართლიანად ბრაზდები და ამაში გეთანხმები. - კვერი დაუკრა პიპამ.
- კიდევ კარგი, მეთანხმები მაინც. - ირონიულად მიუგო. - და მაინც, საიდან მოგივიდა ეგ იდეა, რომ ფიფო აპარატიდან გამოგერთო და მისი სუნთქვა შეგემოწმებინა? იცი, რომ ეს ბევრჯერ ვთხოვე მკურნალ ექიმსაც, მეც მინდოდა ასე გადამოწმება, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღე.
- ჯერ ერთი იმიტომ, რომ იმ ექიმმა თავი დაიზღვია და არც ზედმეტად შეწუხდა, რადგან მასეთი რისკის მერე კრახის შემთხვევაში, ბრალი მაინც მას დაედებოდა. შენ კი ნუ ცდილობ იმის დამტკიცებას, რომ არ ხარ შტერი და სულელი. ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს მოუვიდოდა ეს გონებაში, მაგრამ ვინ რამდენად გარისკავდა ამაში იყო საქმე.
- არაფერს ვცდილობ. - იწყინა მიმიმ.
- სწორედ ახლაც იგივეს აკეთებ. - პიპას ხმაში ირონიამ გაჟონა. - იდეა, კი თვითონ ფიფომ მომაწოდა, რადგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ, იმედია გახსოვს, თუ როგორ ამოუღეს საინტუბაციო მილი და აპარატიც გამოურთეს, სწორედაც რომ მისი ლიკვიდირების ბოლომდე მისაყვანად.
- და მერე ხომ ისევ ჩართეს... - მიმი გაჩუმდა და პიპას თვალი გაუსწორა. - შენ... შენ იყავი მაშინ აქ... და შენ მოკალი ის დაცვის ბიჭი...
LEX. 2024 წლის 3 თებერვალი, შაბათი. 

No comments:

Post a Comment