Wednesday, February 14, 2024

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 161)

161.
- შენ მოკალი არა, ის ბიჭი? - კვლავ გაუმეორა მიმიმ.
- და რომელი, ის? - ცინიკურად აღნიშნა პიპამ. - შენს მოსაკლავად რომ მოიწევდა, იმ ყმაწვილს გულისხმობ?
მიმიმ ვერაფერი უპასუხა.
- აჰ! ეს ის ჭაბუკი იყო, არა? - კვლავ სარკაზმით განაგრძო პიპამ. - ვიდრე შენამდე მოვიდოდა, ჯერ ის უდანაშაულო სიცოცხლით სავსე გოგონა, ახალგაზრდა ექთანი გამოასალმა სიცოცხლეს და სხვათა შორის, ზემოთ ბავშვსაც გაგუდულს ეძინა. ჰმ, და იცი რატომ ეძინა ასე გაგუდულს? და ვერც შენ ვერაფერი გაიგე, თუ როგორ მოგიახლოვდა.
- ეგ კი ვიცი. - ამოიხვნეშა მიმიმ. - დასაძინებელი იყო ჩაიდანში ჩაყრილი.
- უი! - ირონიით შეიცხადა პიპამ. - და ეს, ჩემს მიერ ჩადენილი, კიდევ ერთი მკვლელობა იყო, არა მიმი?
- ჰო... წაიკნავლა მიმიმ. - ასე გამოდის.
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- და ჩემგან რაღა უნდოდა? - გაბზარული ხმით დაიწყო მიმიმ. - იქნებ, სულაც არ უნდოდა ჩემი მოკვლა? ანდა ჩემი სიკვდილი, რას არგებდა?
- იმიტომ რომ ის ჩაი, ძალიან ცოტა გქონდა დალეული. - მიუგო პიპამ. - მერე ხან თვალები მოიფშვნიტე, ხანაც სავარძელშიც არაერთხელ შესწორდი. მოკლედ, რაღაც ვერ ისვენებდი. შინაგანად რაღაცას გრძნობდი კიდეც ალბათ და აი სწორედ ის რაღაც ქვეცნობიერი არ გასვენებდა.
- ალბათ...
- და მკვლელად მოვლენილმა დაცვის ბიჭმა კი ასე ჩათვალა, რომ სათანადოდ არ იყავი გათიშული. ის ჩაიც ცოტა გქონდა მიღებული და იფიქრა, რომ შესაძლოა, ყველაფერი დაინახე, რაც მანამდე ჩაიდინა და უბრალოდ, თავს იმძინარებდი, რომ მოგვიანებით გემხილა.
- ჰმ, რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - და შენ საიდან დაასკვენი, რომ სწორედ ასე შენიშნა და ამიტომაც მოიწევდა ჩემს მოსაკლავად.
- თვალს გადევნებდით ყველას, თითქმის ყოველ ღამით.
- ჰმ. იქნებ საძინებელშიც და სააბაზანოშიც ასე უხილავად შემოდიოდი?
- კარგი, რა მიმი, რააა. - უკმაყოფილოდ აღნიშნა პიპამ. - ისევ იღრინები?
- შევეცდები, გამოვსწორდე. - ირონიულად მიუგო მიმიმ. - და მერე?
- მერე როცა შევნიშნე, რომ შენს ფინჯანს ჩახედა და მერე შენც კარგად ჩაგაკვირდა სახეში. - პიპა წამით შეყოვნდა. - არა, არა! მასე არ იყო. სამზარეულოდან რომ გამოდიოდა, სწორედ ამ მომენტს შევესწარი. არც კი ვიცოდი, რომ ის საცოდავი ექთანი უკვე მოკლული თუ ჰყავდა. ცოტა არ იყოს, მეცნაურა ფიფოს ოთახში საკმაოდ თამამად რომ შედგა ფეხი და რატომღაც შენ გიყურებდა.
- ალბათ მაკვირდებოდა, მეძინა თუ არა.
- ალბათ, მაგრამ იმ წამს ვერ მივხვდი მის ასეთ ქცევას და ამან უფრო დამაინტერესა. მერე უკვე ფიფოს დაუწყო დაკვირვება. თავიდან თითქოს მეგონა მომეჩვენა, რომ აპარატის მონოტონური ხმა შეწყდა და უფრო დავიძაბე. უცებ ფიფომ ხროტინივით დაიწყო და აი, ამ ხმაზე შენც შეიშმუშნე, მან კი სასწრაფოდ ამოუღო საინტუბაციო მილი, სხვათა შორის, საკმაოდ ოსტატურად. ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა და ამის მერე შენზე გადმოვიდა, ფინჯანსაც ჩახედა და უკვე, ასე ვთქვათ, გამოუვალი მდგომარეობის გამო, შენი ლიკვიდირებაც გადაწყვიტა.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა მიმიმ. - ასე მგონია, თითქოს რაღაც თრილერს ვისმენ, საშინელებათა ფილმიდან!
პიპამ არაფერი უპასუხა.
- ის საწყალი ექთანი გოგოც როგორ მოკლა. - სინანულით აღნიშნა მიმიმ. - ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ ისიც დაეძინებინა?
- ვერ გეტყვი. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - თუმცა ვფიქრობ, რომ ტყუილად არ მოკლავდა.
- იქნებ, იმ გოგომ დაინახა, როცა ჩაიდანში რაღაცას ყრიდა? 
- შეიძლება, მაგრამ მერე იმ ექთანმაც რაღატომ დაისხა იმ ჩაიდნიდან?
- ჰო. ექსპერტიზის დასკვნამაც უჩვენა, რომ სიკვდილის მომენტში, ღრმად ეძინა.
- დარწმუნებული ვარ, ის საცოდავი ექთანიც რაღაცაში ეყოლებოდა უკვე მანამდე გამოყენებული და ამიტომაც მოიშორა. 
- და იცი, რა მაინტერესებს? - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო მიმიმ. - დავუშვათ მეც და ფიფოც, ორივენი მოვეკალით, მერე თვითონ როგორ აპირებდა ამ ამბიდან გამოძრომას?
- ჩემი ვარაუდით, როცა საქმეს მოითავებდა, მერე თვითონაც დალევდა ჩაის ან ყავას რომ თავადაც გათიშული ეპოვნათ დილით მოსულ შემცვლელებს. ან სულაც თავში რაღაცას ჩაირტყამდა, უფრო მეტი დამარწმუნებელი ეფექტისთვის. ათასი რამის მოფიქრება შეიძლება და აუცილებლად ექნებოდა უკვე თავის დაძვრენის რამდენიმე ვარიანტიც მოფიქრებულიც.
- ნუ ახლა, ეგ შენ არ გესწავლება. - ცინუკურად აღნიშნა მიმიმ.
- დიახაც, რომ საკუთარი გამოცდილებიდან ვასკვნი. - ირონიით მიუგო პიპამ.
- და ფიფოს აპარატიც შენ ჩართე ესე იგი და საინტუბაციო მილიც შენ ჩაუდგი?
- რა თქმა უნდა. - კვერი დაუკრა პიპამ. - სიმართლე გითხრა, მაშინ პირველად ჩემს ცხოვრებაში გავაკეთე ინტუბაცია და წარმოიდგინე, რომ მშვენივრად გამომივიდა. თეორიულად კი თავის დროზე ყველაფერი შევისწავლე, მაგრამ მაშინ სულ სხვა ინტერესი მქონდა.
- ჰმ, საოცარია. - ჩაეღიმა მიმის. - ხან მე მბრალდებოდა აპარატის უკანვე ჩართვა და ხან დიმეოს, თუმცა არავინ იცოდა, რომ ინტუბაციაც თავიდან დაუდგეს. ან ეს ქირურგი მაინც, როგორ ვერ მიხვდა?
- სავარაუდოდ არც იყო მისახვედრი, რადგან მთელი ყურადღება აპარატზე იყო მიმართული. - პიპა ფიფოს ჩააკვირდა. მის სუნთქვას მიუგდო ყური და მერე პულსიც დაუთვალა.
- რა ხდება? - შეშინებული ხმით იკითხა მიმიმ.
- სტაბილურად არის.
- მგონი უკვე ერთი საათიც გავიდა, არა? - იკითხა მიმიმ.
- საათი და ოცი წუთი.
- ესე იგი, ამდენი ხანი გაძლო. - მიმიმ იმედით სავსე თვალები შეავლო ფიფოს. - და ახლა რა ვქნათ?
- ახლა უკვე დროა, გასამგზავრებლად მოვემზადოთ.
- ამხელა გზაზე... - მიმიმ ამოიხვნეშა.
- ფიფოს ვერტმფრენით სპეციალური რეანომობილით გადავაფრენთ. - მიუგო პიპამ. - ჩვენ კი მანქანით წავალთ.
- და ჩვენც გადავფრენილიყავით, მერე? - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- სწორედ შენი ასე მგზავრობა მაშინებს, რადგან ისედაც საშინლად ემოციური გახდი და ახლა სჯობს თავი დავიზღვიოთ.
- და ფიფოსთვის უფრო საშიში არ იქნება, მერე?
- ფიფოს ისევ აპარატზე ჩავრთავ, ასე აჯობებს და თუ რამეა, ხომ ნახე? ისედაც მშვენივრად შეუძლია დამოუკიდებლად სუნთქვა. ასე რომ, რისიც მეშინოდა, ფიფოს მგზავრობის დროს, ახლა შეგვიძლია უფრო მშვიდად ვიყოთ.
- და რომ ჩავალთ იქ დაგვხვდებიან ექიმები? შენ ხომ ყველას დათხოვას ითხოვ?
- ფაქტიურად ერთდროულად ჩავალთ. ფიფოს, ჩვენი წასვლიდან, რამდენიმე ხნის მერე გადმოაფრენენ. ჩვენი ქირურგიც ფიფოსთან ერთად იმგზავრებს. მხოლოდ მას ეცოდინება, რომ ფიფოს დამოუკიდებლად შეუძლია სუნთქვა და თუ რამეა, ის მიხედავს.
- ჰო, ეგ კარგია. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- კიდევ რა გაინტერესებთ, ქალბატონო მიმი? - ირონიით მიმართა პიპამ. - უკვე მერამდენე ღამეს მათევინებ და მაინც ვერ ამოიწურა შენი კითხვები.
- კარგი წადი დაისვენე, მე მივხედავ ფიფოს. - მიმი წამით შეყოვნდა. - მაგრამ უცებ რომ ვეღარ შესძლოს სუთნთქვა?
- მაშინვე ჩავრთავ! დამიძახე, აქ არ ვარ? - მხრები აიჩეჩა პიპამ.
- და რომ ვერ მოასწრო? - შეშფოთებით იკითხა მიმიმ.
- აქვე დავიძინებ, ბუხართან დივანზე, შენ კი მანამდე ესაუბრე, მოუყევი ის რაც გაწუხებს, თანაც კარგად დააკვირდი, თუ რამე რეაქცია ექნება, მაშინ კიდევ უფრო წინ მივიწევთ.
- კარგი, კარგი... - მიმის არც შეუხედავს პიპასთვის, ისე იყო ჩაერთო ფიფოს მოვლაში. სახეს უწმენდდა, თმებს ვარცხნიდა და გამუდმებით ელაპარაკებოდა.
ცოტა ხანში დიმეოც თავს დაადგა.
- დეე, რატომ არ გძინავს? - მიესიყვარულა მიმიმ. - ჯერ ძალიან ადრეა.
- მამიკოს უკვე აპარატი აღარ სჭირდება? - გაოგნებული იკითხა ბიჭმა.
- ჰო, ცოტა ხნით დავასვენეთ, მაგრამ იცოდე, ჯერ არავინ უნდა გაიგოს, კარგი?
- და რატომ? - გაკვირვებული ხმით იკითხა ბავშვმა.
- ასე ბრძანა! - იქვე, ფიფოს პალატის შუშის მიღმა მძინარე პიპაზე მიანიშნა მიმიმ.
დიმეო გაიბადრა. რადგან მისმა საუკეთესო მეგობარმა ასე „ბრძანა“ ესე იგი, ასეა საჭირო და ეს ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ცუდი.
- მამიკო უკეთ არის! - დიმეო თვალებ გაფართოებული მისჩერებოდა ფიფოს.
- მეც ასე ვფიქრობ. - ღიმილით მიუგო მიმიმ. - შენ კიდევ აშკარად ძილი გაკლია, ყოველ წუთს ამთქნარებ. წადი გამოიძინე და მერე ჩამოდი. დღეს უკვე ყველაფერი უნდა ჩავალაგოთ. დილით ადრე მივდივართ, ხომ იცი?
- არ მინდა დაძინება... - დიმეომ ძლივს მოასწრო სიტყვის დამთავრება, რომ კვლავ დაამთქნარა.
- ახლავე მოუსვი აქედან! - მიმიმ ბიჭი ღიმილით ჩაიკრა გულში. - გამოიძინე, მე შენ ფხიზლად მჭირდები.
- არ მინდა, ზემოთ საძინებელში. - დიმეო ოთახიდან გავიდა და იქვე მძინარე პიპას შეუწვა.
- ღმერთო ჩემო! - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მიმიმ. - ამ კაცს მართლა თაფლი სცხია. მაგნიტივით იზიდავს.
მიმიმ პიპას მიბაძა და ახლა მან დაიწყო პულსის დათვლა. ფიფო, ჩვეულებრივ ღრმად სუნთქავდა და ისე იწვა, თითქოს ახლახან ჩაეძინაო. ფერზეც მშვენივრად გამოიყურებოდა.
- მალე ეს პატარაც დაიბადება. - დაბალი ხმით დაიწყო მიმიმ ფიფოსთან საუბარი. - ნუთუ საერთოდ არ გაინტერესებს, თუ როგორი იქნება? ისიც კი არ ვიცი, ბიჭია თუ გოგო. ესეც ჩემი ახირებაა. ასე მინდა და მორჩა! შვილი საჩუქარია და მართლაც მინდა რომ ბოლომდე სიურპრიზი იყოს. ჰმ, ბავშვის სახელებიც კი არ მაქვს მოფიქრებული. ეჰ, ნეტა მართლა ეგ მქონდეს ახლა პრობლემად. ძალიან დავიღალე, ძალიან. მინდა ჩემს ცხოვრებას, თავადვე განვაგებდე. სულ ვიღაცის რჩევა-დარიგების ქვეშ, აღარ მინდა ყოფნა, გაიგე ფიფო? სხვა გზა აღარ დაგრჩა, გეყოფა ამდენი ძილი. მშვენიერი დასვენება გამოგივიდა და უკვე დროა თვალი გაახილო.
ფიფოსგან განსხვავებით, პიპას იმდენად ფხიზლად ეძინა, რომ დიმეოს შემოწოლაც კი იგრძნო. ერთ ხანს იყო ასე გატრუნული. ძილ-ბურანში ბავშვის სასიამოვნო სურნელით ტკბებოდა. მერე ფრთხილად გამოეცალა და კვლავ ფიფოს პალატას მიაშურა.
- არაფერი შეცვლილა. - დანახვისთანავე უთხრა მიმიმ. - ეს კარგია, თუ ცუდია?
- უფრო კარგია, ვიდრე ცუდი. - მშვიდად მიუგო პიპამ. ფიფოს კარგად დააკვირდა. კვლავ შეუმოწმა სუნთქვის სიხშირე. პულსიც დაუთვალა და მიმის, კითხვით სავსე თვალებს რომ გადააწყდა, პასუხიც აღარ დააყოვნა. - სტაბილურად არის.
- არც განძრეულა. თვალიც არ დაუხამხამებია. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- ახლა შენ გინდა, რომ უცებ წამოხტეს და იხტუნოს? - ღიმილით მიუგო პიპამ.
- არა, მაგრამ...
- იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ შეიძლება თვალის გახელისთანავე, ვერც ერთი ვერ გიცნოთ. არც თავისი ვინაობა ახსოვდეს და...
- ვაიმე, ესე იგი, ვერ გვიცნობს? - შეშფოთებით იკითხა მიმიმ.
- მე გითხარი, რომ მზად უნდა იყო ყველაფრისთვის და არც უნდა გაგიკვირდეს და არც უკან უნდა დახიო. თუ საჭირო გახდება, თავიდან უნდა ასწავლო ლაპარაკიც, ჭამაც და ჩაცმაც.
- კი, კი. ყველაფერს გავაკეთებ. - თავი დაუქნია მიმიმ. - ოღონდაც თვალი გაახილოს და მართლა ყველაფრისთვის მზად ვარ.
- ჰო, მთავარია, ჯერ გაიღვიძოს და მერე ყველაფერი მოგვარდება. - დააიმედა პიპამ.
უკვე თენდებოდა და სანამ დღის ექთანი მოვიდოდა, ფიფო ისევ აპარატზე ჩართო პიპამ. მიმის საშინლად დასწყდა გული, თუმცა უსაფრთხოების სხვა გზა მაინც არ ჩანდა.
დიმეოს უკვე ყველაფრის ჩალაგება მოესწრო და გამგზავრების მზად ყოფნაში იყო. მანამდე კი ძანესთან გამომშვიდობება მოისურვა. 
- რა წავიღო? - მიმი კარადებს ათვალიერებდა. - არც კი ვიცი როგორი ტანსაცმელი დამჭირდება.
- სეზონური. - მიუგო პიპამ. - და რომელშიც ეტევი.
- ჰმ. ეგ კიდევ ცალკე საფიქრალია.
დღის განმავლობაში, გამოსამშვიდობებლად ფიფოს მშობლები, მიმის დედა და მამიდა ესტუმრნენ.
- ფიფო უცხოეთში, ბევრად კარგ მკურნალობას გაივლის, თუმცა ამას რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება. - ასე ამშვიდებდა ყველას მიმი. - ამიტომაც მივყვები მეც, თორემ ამ ორსულობაში არც კი მინდა თვითმფრინავით მგზავრობა.
- იქნებ, ბავშვი მაინც დაგეტოვებინა? - შესთავაზეს ორივე მხრიდან.
- საუკეთესო კოლეჯში მოვაწყვე უკვე. დროებით იქ ისწავლის. ჩვენც გვერდით ვეყოლებით. - მიმიმ სევდიანად გაუღიმა სტუმრებს.
იმ ღამის გათევა დიმეომ, ძანესთან მოინდობა. დილით გამომიარეთ და აქედან წავიდეთო. პიპას საშინლად არ ესიამოვნა.
- არ შემიძლია, იმ სახლთან კი არა, იმ ქუჩაზე ავლაც. - სევდიანი ხმით უთხრა პიპამ მიმის.
- იცი რა მაინტერესებს? ნუთუ, ძანე არ გენატრება?
- საშინლად! - ამოიხვნეშა პიპამ. - იმაზე, ძლიერ ვიდრე წარმოგიდგენია, მაგრამ ჩემს სურვილებზე წინ, ჩემი შვილის ბედნიერება უნდა იდგეს წინ.
- და ბედნიერებას რას ეძახი? - უკმაყოფილოდ იკითხა მიმიმ. - შენს შვილს, რომ სიგიჟემდე ენატრები და დარდისგან აღარ არის, ეს არის ძანეს ბედნიერება?
- შენც ხომ კარგად იცი, რომ მე ვერ გამოვჩნდები. - პიპა შეყოვნდა. - ჩემი გამოჩენა, ამ ეტაპზე თქვენ ვეღარ დაგიცავთ და თანაც, ერთი წუთითაც რომ მნახოს, მერე ისევ ხომ უნდა გავუჩინარდე და მეორეჯერ მოუწევს ბავშვს იმის გადატანა, რაც მაშინ გადაიტანა. ახლა, ასეა თუ ისეა, შეეგუა ლოდინს. ვიცი რომ ყოველ დღე, ყოველ წუთს მელის და აუცილებლად შევუსრულებ ამ გულის წადილს. მერე კი სულ ჩემს გვერდით მეყოლება. მთავარია, ახლა ჯერ თქვენი დაცვა შევძლო.
- წამოგვეყვანა მერე სოფელში? ჩვენთან ერთად ყოველთვის მშვენივრად გრძნობს თავს.
- არც მასე გამოვა. - თავი გააქნია პიპამ.
- რატომ?
- ძანეს კვალში, აუცილებლად ბებია ბაბუა მოჰყვება, რადგან მათ გარეშე ბავშვს, ძალიან გაუჭირდება. იმათ მერე შენები, ფიფოს მშობლებიც მოჰყვება. - პიპამ ამოიხვნეშა. - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ეცოდინება თუ სადაც ვართ და ფიფოც რომ უკეთ არის.
- და პრემიერს, ხომ ვუთხარი რომ სოფელში გადავდივართო?
- იმასაც ჰგონია, რომ მარტო თვითონ იცის. შენ ხომ ასე აუხსენი. ფაქტიურად ამით ისიც მიანიშნე, რომ თუ მტერი მოგვაგნებს, მაშინ ცხადი ხდება თუ ვინც ჩაგვიშვა. ეს კი სულაც არ აწყობს ახლა პრემიერს.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა მიმიმ. - ასე ყოველ წვრილმანზე როგორ უნდა ვიფიქრო და ყველაფერი სათითაოდ როგორ უნდა ვარკვიო, გამისკდება ეს თავი.
- ჰოდა, შენც ნუ ფიქრობ. - მიუგო პიპამ. - მაგ ყველაფერს მე ვიფიქრებ. შენ მხოლოდ მხარი დამიჭირე.
- ჰო, ვიცი. - უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები მიმიმ. - ყველამ შენს ჭკუაზე უნდა ვიაროთ.
- ჰმ. ჭკუასაც გააჩნია.
- უკაცრავად, ბატონო პროფესორო. - ცინიკურად მიმართა მიმიმ. - ყველას ხომ ვერ ექნება თქვენი დონის განათლება.
- გადაეშალათ მერე წიგნები. როდის დავუშალე? - გაეცინა პიპას.
- ეჰ, მარტო წიგნების კითხვაც არ შველის, თუ არ გაიაზრებ წაკითხულს მაინც.
- მშვენიერი დასკვნები გამოტანა შეგიძლიათ, ქალბატონო მიმი და ზოგჯერ თავს მაინც რატომ იშტერებთ?
- კარგი, ახლა! - მკაცრად შეუტია მიმიმ, თუმცა მაშინვე გულიანად გაეცინა.
დიმეოს წამოსაყვანად, პიპას ნამდვილად არ სურდა, იმ ძველ უბანში გავლა. ამიტომ ეს გალეომ ითავა, თუმცა მიზეზი არც კი უკითხავს, რადგან ეს უბრალოდ მიმის თხოვნა იყო.  
უთენია გზას დაადგნენ. საჭეს პიპა მართავდა, როგორც ჩვეულებრივი დაქირავებული მძღოლი. ამის ყველა საბუთი ჰქონდა თან. მანქანაში კი მხოლოდ დიმეო და მიმი ისხდნენ. მოგვიანებით ფიფოსთან ერთად ვერტმფრენით, გალეო და ქირურგი იმგზავრებდნენ. მხატვარს რამდენიმე დღით მოუწევდა იმ სახლში გაჩერება თან ყველაფრისთვის თვალი უნდა ედევნებინა. პიპა დარწმუნებული იყო, რომ ვიღაც მაინც ეცდებოდა სახლში შეღწევას. ამას კი მიმი აუცილებლად შეატყობინებდა პრემიერს და კიდევ ერთხელ გამოთხოვდა მისგან ოჯახის დაცვას.
- ჰმ. რა მარაზმია. - უკმაყოფილობას გამოთქვამდა მიმი. - ზუსტად იმას უნდა ვთხოვო ჩემი დაცვა, ვინც მართლა ჩემს ოჯახს ემტერება.
- სწორედაც, რომ ასეა საჭირო. - მიუგო პიპამ. - უნდა აფიქრებინო, რომ მხოლოდ მას ენდობი და არც არაფერი იცი ფიფოს ფარული გამოძიებების შესახებ.
- და მართლა არაფერი ვიცი! - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- მეც მართლა მჯერა შენი, მაგრამ სხვებმაც ბოლომდე უნდა ირწმუნონ.
საშინლად წვიმდა. მთელი ღამე არც შეჩერებულა. მიმი წუხდა. ჩვენ მანქანით მაინც მივდივართო და ფიფოს ვერტმფრენი ასეთ თავსხმაში, როგორ იფრენსო. პიპა ამშვიდებდა დღის განმავლობაში გადაიღებს და მოგვიანებით წამოვლენო.
- ამასობაში ჩვენ უკვე ჩასულებიც ვიქნებით, დავისვენებთ კიდევაც და მათ დასახვედრადაც მოვემზადებით.
გზა ძალიან გაიწელა. მოღრუბლული ცა მთლიანად ისე იყო გაშავებული, თითქოს გამოდარებას არასდროს აპირებდა, არც წვიმის გადაღებას უჩანდა ბოლო, მაგრამ შუა დღისკენ გამოიდარა და მზეც მცხუნვარედ ანათებდა. გზის პირა რესტორნებთან ბევრი მანქანა იყრიდა თავს, ამიტომ ასეთ ადგილებში, პიპა ცდილობდა სვლა შეენელებინა. თუმცა არც იმდენად სწრაფად მიდიოდა. გზაში სადმე გაჩერება, კატეგორიულად გამორიცხული იყო.
- არ გვინდა, სადმე თუნდაც, პატარა სასადილოშიც კი ვინმეს ზედმეტად თვალში შევეჩეხოთ. ამიტომ, არავითარი გაჩერება და არავითარი მომშივდა!
ესეც პიპას ერთგვარი შეგონება იყო. ამიტომ მიმის საგზლის გამზადებაც მოუწია.
ერთ ხანს უხმოდ მგზავრობდნენ. მიმი თვლემდა. დიმეო მობილურით ერთობოდა. ხანდახან როცა მანქანა სვლას ანელებდა დიმეო მაშინ აწევდა თავს და იქაურობას ათვალიერებდა. რესტორნების სიახლოვეს ბევრი ძაღლი ირეოდა და მაინც გამხდრები და საშინელი შესახედავნი იყვნენ.
„ნუთუ საჭმლის ნარჩენებსაც ამადლიან?“
სინანულით ფიქრობდა ბავშვი.
ერთგან, მცირე ხნით საცობშიც მოჰყვნენ და შეჩერებულ მანქანებს, დამშეული უპატრონო ძაღლები ყეფით აწყდებოდნენ. დიმეო იმდენად შეწუხდა, რომ ლამის მთელი საგზალი ძაღლებს გაუნაწილა. ზოგს მეტი შეხვდა, ზოგს ნაკლები. ერთი გრძელფეხება ხალებიანი, საშინლად გამხდარი ძაღლი ცდილობდა, ყველაზე დიდი ლუკმა დაეთრია და გამწარებული ჩაერთო ბრძოლაში. ბავშვი გაკვირვებული ადევნებდა თვალს. ისიც შეამჩნია, რომ ვინც ლუკმას ითრევდა, მაშინვე ყლაპავდა. ამ ძაღლმა კი, რომელსაც სიგამხდრისგან ტანზე ნეკნები ზოლებივით ეტყობოდა, კუთვნილი ლუკმა იქვე არ შეჭამა და სადღაც წინ წაიღო. დიმეოს ერთი სული ჰქონდა, რომ დროულად დაძრულიყვნენ და კარგად დაენახა, თუ სად მიჰქონდა, იმ ყველაზე გამხდარ ძალღს, მისი ასეთი ბრძოლით მოპოვებული ლუკმა. მანქანა მალევე დაიძრა, ბევრად წინ წაიწია. ოდნავ გასცდა კიდეც რესტორანს. ბავშვმა კისერი წაიგრძელა, იმ ძაღლს ეძებდა და რადგან პიპას „ბრძანებით“, არსად უნდა შეჩერებულიყვნენ, დიმეომ ხერხს მიმართა.
- ტუალეტში მინდა! - იმხელა ხმით იყვირა, რომ 
მოულოდნელობისგან, მიმი და პიპა ადგილზე შეხტნენ.
- ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად თავს შევიკავებდით. - მშვიდად მიუგო პიპამ. - განსაკუთრებით, ხალხმრავალ ადგილებში.
- და ვეღარ ვითმენ! - ბავშვს მართლა გამწარებული გამოხედვა ჰქონდა.
- რაც შეიძლება სწრაფად. - პიპამ მანქანა გააჩერა.
დიმეო შურდულივით გავარდა რესტორნის მხარეს.
გავიდა ხუთი... ათი წუთიც. პიპას მოუსვენრობა დაეტყო. მიმის მარტო დატოვება არ უნდოდა. ბავშვიც არსად ჩანდა. აღარ იცოდა, იქ გაჩერებულიყო, თუ დიმეოს მოსაძებნად წასულიყო. 
- გთხოვ, ბავშვი მოძებნე! - 
 ახლა  უკვე  მიმიც შეშფოთდა. 
პიპა უხმოდ გადმოვიდა მანქანიდან და რესტორნის იმ მხარისკენ წავიდა, საიდანაც დიმეო გაუჩინარდა.
სინამდვილეში დიმეო სულაც არ იყო გაუჩინარებული. პიპა სწორედ მაშინ დაადგა თავს, როცა ბიჭი ცხელ-ცხელ შოთის პურს დედა ძაღლსა და მის სამ პატარა ლეკვს უნაწილებდა. ეს სწორედ ის ყველაზე გამხდარი ძაღლი იყო, სულ ცოტა ხნის წინ, სიმწრით მოპოვებული ულუფა, იქვე არ შეჭამა და სადღაც წააცუნცულა. ასეთი უპასუხისმგებლობისთვის და მით უმეტეს, ასეთ სიტუაციაში, ბავშვი მართლაც საყვედურის ღირსი იყო, მაგრამ პიპას ჩაეღიმა. დიმეოს ასეთმა საქციელმა, ძლიერ გაახარა, თუმცა არც შეიმჩნია.
- ნუ გეშინია, ასე სულ მშივრებიც არ რჩებიან აქ. - დააიმედა პიპამ. - ჩვენ კი ახლა ნამდვილად არ გვაქვს ამის დრო.
- წავიყვანოთ, რაა. - შეევედრა ბიჭი.
- იქ უკვე სამი დიდი ძაღლი გველოდება. ორი შენს ხელში გაჩნდა და შენვე ზრდიდი, ხომ არ დაგავიწყდა?
- არა! არა, მაგრამ...
- იცი, როგორ გელიან ახლაც. - პიპამ ბიჭს მიეალერსა. - ჩემო სიხარულო, მესმის შენი, მაგრამ შეიძლება არც მიიღონ ჩვენმა ცუგებმა ეს უცხო ძაღლი. ლეკვებს უფრო შეითვისებენ, მაგრამ დიდზე ვერაფერს გეტყვი.
- მართლა?
- სავარაუდოდ, კი. - თავი დაუქნია პიპამ.
- მარტო ლეკვები რომ წავიყვანოთ?
- მერე დედა ცოდო არ არის? ნახე რა თვალები აქვს. თვითონ დამშეულს, შვილებისთვის როგორი ბრძოლით მიჰქონდა ლუკმა.
- შენც დაინახე? - კვლავ გაკვირვებით იკითხა ბიჭმა.
- და ამიტომაც, არ გიბრაზდები. წავიდეთ თორემ დედიკო ლამის ჭკუიდან გადავიდა, რომ აღარ გამოჩნდი.
დიმეომ ამოიხვნეშა და უხმოდ გაჰყვა პიპას. მთელი გული და სული იქ რჩებოდა, მაგრამ რა უნდა ექნა.
მიმი მანქანიდან გადმოსული ელოდა. გული გახეთქვაზე ჰქონდა.
- დეე, სად დაიკარგე? - შეშფოთებული ხმით მიეგება მიმი.
- რიგი იდგა. - მშვიდად მიუგო პიპამ. - ის უნამუსო ხალხი კი, ბავშვს სულაც არ უთმობდნენ გზას.
მიმიმ ვეღარაფერი უთხრა.
დიმეომ კი ძლივს შეიკავა სიცილი, თუმცა როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, მაშინვე დანაღვლიანდა და აცრემლებული თვალებით გახედა იმ ადგილს სადაც დედა ძაღლი, თავისი ლეკვებით ძლივს ირჩენდა თავს.
მანქანა დაიძრა. უკვე საკმაო გზა ჰქონდათ გავლილი და ბიჭს ისევ ნაღვლიანი მზერა ჰქონდა.
არც მიმის გამოჰპარვია, ბავშვის ასეთი უხასიათობა და თბილი ხმით მიმართა:
- რა მოხდა, დეე? სხვა დროს ერთი სული გქონდა, სანამ აქეთ წამოხვიდოდი, ძანეც რამდენჯერ წამოიყვანე და ახლა რა ხდება? აღარ გენატრება ის ბაბუ?
- კი, როგორ არა! - მკვირცხლად მიუგო ბიჭმა და გამხიარულებას შეეცადა.
- ცოტა ხანს მოვერგოთ იქაურობას და მერე ძანეც ჩამოვიყვანოთ. - განაგრძო მიმიმ ბავშვის დამშვიდება. - და შენც ჩამოხვალ ხოლმე ქალაქში ძანესთან.
- არ შეიძლება ხანდახან რომ მოვიდეთ და იმ ძაღლებს ვაჭამოთ? - იკითხა დიმეომ.
- რომელ ძაღლებს? - გაიკვირვა მიმიმ. - მგონი ასი ძაღლი მაინც დაგვესია.
- ყველაფერი შეიძლება. - ღიმილით მიუგო პიპამ.
როგორც იქნა ჩააღწიეს. ბაბუ ძალიან გაახარა დიმეოს დანახვამ. ბიჭმა მთელი ეზო მოირბინა, ყველას და ყველაფერს მიესიყვარულა. მალე ფიფოც ჩამოიყვანეს და მისთვის განკუთვნილ ოთახშიც მოათავსეს. პიპას თაოსნობითა და ძალისხმევით, ფიფოს დღის და ღამის ექთანიც აღარ სჭირდებოდა. მიმის დახმარებითა და ონლაინ კონსულტაციით, ყველაფერს თავად გაუძღვებოდა.
ღამდებოდა. სტუმრებიც უკვე წასულები იყვნენ. დიმეო ბედნიერი ჩანდა. მიმიც უფრო მშვიდად იყო. ქალაქში ფაქტიურად სახლში იყო გამოკეტილი. არც არავინ უშლიდა, მაგრამ არსად წასვლა სურდა. აქ კი ეზოში გავლა ძლიერ ესიამოვნა და ახლა უფრო დარწმუნდა, რომ პიპა მართალი იყო. ფიფოს გამოსაჯანმრთელებლად, ეს სუფთა ჰაერიც უფრო კარად იმოქმედებდა, რადგან უკვე დამოუკიდებლად შეეძლო სუნთქვა.
უთენია დიმეო საწოლიდან წამოფრინდა. ეგონა, ყველას დაასწრებდა ადგომას, მაგრამ შეცდა. ბაბუც უკვე ფეხზე დახვდა და მწირიც. მოულოდნელად, ლეკვების წკავ-წკავი მოესმა. დიმეო მაშინვე მიეჭრა და გაოგნებული დარჩა.
- ეს... ეს ის ლეკვებია? - განცვიფრებული ხმით ჰკითხა მომღიმარ პიპას.
- შენც ხომ ეს გინდოდა?
- კი, მაგრამ მერე ამ ლეკვების დედა?..
- ამ ლეკვების დედა იქ დავტოვე. - მიუგო პიპამ.
- საწყლები. - ბიჭმა ამოიხვნეშა, თუმცა ძალიან გაუხარდა ლეკვები, მაგრამ ახლა დედა შეებრალა.
- აჰა, ესეც ავცერი და ჭიებიც დავაყრევინე. - ზურგს უკან მოესმა ბაბუს ხმა.
დიმეომ უკან მიიხედა და გაოგნებისგან პირი დააღო.
ლეკვების დედა იქვე შორიახლო იდგა და ჯერ კიდევ გაუცხოებისგან შეშინებული, თავის ლეკვებთან მოახლოებას ვერ ბედავდა.
LEX. 2024 წლის 7 თებერვალი, ოთხშაბათი. 

No comments:

Post a Comment