- რატომ ჯიუტობ, დედი? - უკმაყოფილოდ ჩაეკითხა მიმი.
დიმეომ არაფერი უპასუხა.
- როცა არ მინდოდა იმ სოფელში გამეშვი, მაშინ გადაირიეთ შენ და მამაშენი და იმდენი გააკეთეთ, რომ მაინც დამითანხმეთ, თუმცა უკვე ისედაც ყველაფერი მზად გქონდა გასამგზავრებლად და ახლა? ახლა რა მოგივიდა?
- უბრალოდ, არ მინდა იქ. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
- სულ ძანესთან გარბიხარ და ძანეც იქ იქნება და სხვა ბავშვებიც, ვაჩეს ძმებიც მიდიან.
- აუჰ! - შუბლი შეჭმუხნა ბავშვმა. - სწორედაც რომ მაგათთან ერთად არ მინდა!
- მერე თქვენ ცალკე ითამაშეთ, შენ და ძანემ.
- ისედაც ლამის მასე ვიყავით მაშინაც.
- ჰოდა, ძალიან კარგი. - გაუღიმა მიმიმ. - იქ სუფთა ჰაერს მაინც ჩაყლაპავ აბა ამ სიცხეში ქალაქში რა გინდა? ცოდო ხარ დედი.
- არ მინდა არსად წასვლა. - დაიჯღანა ბიჭი. - სახლში მინდა!
- დედი, მე აბა როგორ წაგიყვანო, თორემ. - მიმი ბიჭს მიეალერსა.
ბავშვმა თვალი მუცელს შეავლო.
მიმის გაეცინა.
- ჩემი ორსულობა არაფერ შუაშია, მარტო ეს რომ იყოს მაინც წაგიყვანდი სადმე, მაგრამ ახლა დეე, მამიკოს ვერ დავტოვებ. ხომ გესმის?
- და არ მინდა არსად წაყვანა! - ჯიუტად გააქნია თავი ბიჭმა.
- ვიფიქრე, ძანესთან ერთად სოფელში გაერთობოდი და აბა, არ გინდა და რა ვქნა?
დიმეომ არაფერი უპასუხა.
- იქაური ბავშვებიც ბევრია, ვაჩეს ძმებიც და ფეხბურთის ორი გუნდი გამოგივათ, ითამაშებდით, გაერთობოდით და ბოლოს და ბოლოს, მეგობრებს შეიძენდი.
- ჯერ ერთი, მყავს უკვე მეგობრები და მეორეც, ვაჩეს ძმები იქ როგორ წამოვლენ მარტო? ვინ მოუვლის იმ გიჟებს იქ?
შვილის სიტყვებზე მიმის გულიანად გაეცინა.
- რომელი მეგობრები? - ღიმილით ჰკითხა მიმიმ. - ძლივს რომ გაუგეთ ერთმანეთს, შენი კლასელები?
- დიხაც!
- ეგ ძალიან კარგია, მაგრამ მაინც მოგიწევს ჰაერის გამოცვლა ყმაწვილო.
დიმეო მოიღუშა. არაფერი უპასუხა.
- იცი, ვაჩეს ძმები ცოტა უფრო შედარებით დაჭკვიანებულან. - კვლავ განაგრძო მიმიმ დიმეოს დაყოლიება. - და თუ ცუდად მოიქცევიან, იმავე დღესვე ჩამოიყვანენ ქალაქში. ვაჩე და ანდრაც ხშირად ჩამოვლენ.
- და როგორ ხშირად? - დიმეომ უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები. - ვაჩე წელს აბარებს და თავის გადარეულ ძმებს სდიოს სოფელში თუ სწავლას მიხედოს?
- რა ვქნა აბა, რა გიყო? - ამოიხვნეშა მიმიმ. - ბებიებთან ერთად რომ არსად წახვალ ეს ნამდვილად ვიცი და ამიტომ არც შემოგთავაზე, მაგრამ იმ სოფელშიც თუ არ გინდოდა წასვლა, აბა რას ვიფიქრებდი.
- აუცილებელია სადმე წავიდე?
- შვილო, ჰაერის გამოცვლაა აუცილებელი, თორემ სახლიდან კი არ გაგდებ. - დაუყვავა მიმიმ. - თანაც უკვე სიცხეებიც დაიწყო და მთელი დღე ოთახში მოგიწევს გამოკეტვა და ეს გინდა?
- არ შეიძლება სხვაგან რომ წავიდე?
- სად სხვაგან? - მიმი ბავშვს ჩააკვირდა. - დიმეო, მგონი რაღაც გაქვს ჩაფიქრებული და იცოდე! - მიმიმ თითი დაუქნია. - შენი გამოხტომებისთვის ახლა ნამდვილად არ მცხელა!
- არანაირი გამოხტომები. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - უბრალოდ...
- რა უბრალოდ?
- იმ ვეტერინარი ბაბუს მონახულება მინდოდა და...
- ჰმ. - თავი გააქნია მიმიმ. - რამდენჯერაც მოისურვე, იმდენჯერ მოინახულე, უარი აბა როდის მითქვამს, მაგრამ მე ახლა მთელი ზაფხულის სუფთა ჰაერზე გატარებაზე ვსაუბრობ და სიტყვას, ბანზე ნუ მიგდებ, თუ შეიძლება.
- მერე იქაც არის სუფთა ჰაერი! - მხიარული ხმით მიახალა დიმეომ. - ჩემი ცხენი მელოდება, მამამ ხომ მიყიდა და იქ ცხოვრობს, ლეკვები კიდევ ისე დაზრდილან რომ ლამის უკვე, დიდ ბომბორა ძაღლს ემსგავსებიან.
მიმიმ ღიმილით გააქნია თავი.
- იმ კაცს, იქ სოფელში იმდენი საქმე აქვს და ახლა კიდევ ცალკე შენ დააწექი კისერზე მოსავლელად, თანაც რა გინდა იქ მარტო? ახლო-მახლო არც არავინ ცხოვრობს.
- დედა! - ბიჭს სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა. - ხომ მივლიდა ამდენი თვე? დაგავიწყდა? - შუბლი შეკრა ბავშვმა. - ნუთუ, ცუდად მოვლილი ჩამოვედი?
- როგორ ფიქრობ? დამავიწყდა? - ნაღვლიანად უპასუხა მიმიმ და ბიჭს მოეხვია. - და მართლა სუფთად მოვლილი ჩამოხვედი. სასაყვედურო ნამდვილად არაფერი მაქვს, პირიქით ჯერ კიდევ ვფიქრობ რომ შესაფერი პატივიც ვერ ვეცი იმ კაცს.
- ჩემი ახალი მობილური რომ ჩავუტანე, სულ ცრემლები სცვიოდა.
- ჰო, დეე, შენგან გაუხარდა და მაგიტომ. - კვლავ მიეალერსა მიმი. - კარგი, გაგიშვებ, რადგან ასე ძალიან გენატრება იქაურობა, მხოლოდ ერთი კვირით და იმიტომ რომ...
- შენ ყველაზე! ყველაზე საუკეთესო დედიკო ხარ! - შეჰყვირა ბიჭმა.
მიმის გულიანად გაეცინა.
- მხოლოდ დღესვე არ მინდა წასვლა, ჯერ კლასელები უნდა ვნახო და მერე წამიყვანე.
- კარგი, ბატონო დიმეო, როგორც თქვენ გვიბრძანებთ, ჩვენც ისე მოვიქცევით. - სიცილით მიუგო მიმიმ.
დიმეომ კმაყოფილი სახით შეავლო თვალი დედას.
- და ისე, დაპატიჟე თუ გინდა შენი კლასელებიც იმ სოფელში. - შესთავაზა მიმიმ. - რაც იქნება საჭირო ყველაფერს მოგაწვდით და გაერთობით ერთი კვირით, შენც მარტო აღარ იქნებოდი.
- მერე ისინი წამოვლენ მასეთ სოფლის სახლში? შენც ხომ ნახე როგორი უბრალო სახლია.
- ჩვენ ყველაფერი შევთავაზეთ, მაგრამ ის კაცი უარზე დადგა. - მიუგო მიმიმ. - ახალ და ძვირფას სახლს, ისევ ჩემი ქოხი მირჩევნიაო.
- და მაინც რამდენი რამ გაუკეთეთ შენ და მამამ. - გაუღიმა ბიჭმა. - ახლა იქ ბაბუს, ცხელი წყალიც აქვს, საკუთარი გენერატორიც, ინტერნეტიც, სარეცხი მანქანაც და საშხაპეც, თუმცა გარედან ის სახლი, ისევ ისევე იმ ძველ სახლს გავს და არც სახლშია ევრო რემონტი გაკეთებული.
- თავად მოისურვა ასე და რაც გავაკეთეთ მაგაზეც ხომ გახსოვს, რა დღეში იყო? სულ არა-არაო, გაიძახოდა. ის სათბურიც სულ ჭიდილში გავაკეთებინეთ. და მაინც? - მიმიმ ხმას აუწია. - რაო, რა თქვი? ის შენი კუდაბზიკა კლასელები, არ იკადრებენ უბრალო სოფლის სახლში ზაფხულის გატარებასო?
- ჰო, რაა.
- ვითომ, რატომაო? მე მაგათზე ნაკლები პრინცი მყავს სახლში? ჩემი ოქროს ბიჭი, ჩემი ოქროს პრინცი...
- აღარასდროს დამიძახო, ოქროს ბიჭი! - ბოლო ხმაზე იყვირა დიმეომ. - ოქროს პრინცი! ოქროს ბილეთიი! - ბავშვი აბღავლდა.
- დამშვიდდი, დეე. - მიმი თვალცრემლიანი ეხვეოდა ბავშვს. - შენ მართლა ჩემი ოქროს შვილი ხარ და არა ვიღაც ნაძირლების ბილეთი და მოსაწვევი! გესმის, დეე?
დიმეო თავს უქნევდა და საშინელი ამღვრეული თვალებით ცდილობდა ცრემლი შეეკავებინა. მერე თავი ვეღარ შეიკავა და დედას ჩაეხუტა.
- იცი, როგორ მენატრებოდი, დეე. - ტიროდა ბავშვი. - ალბათ მწირი რომ არ შემხვედროდა, ვერასოდეს გნახავდით შენ და მამას.
- ამიტომაც ასე ძალიან გინდა იმ სოფელში ჩასვლა? ის მწირიც გენატრება? - ეალერსებოდა მიმი.
- ისე, ჩვენ რამდენჯერაც ჩავედით, იმდენი იქ არ დაგვხვდა. მეც ძალიან მინდა გავიცნო და არც კი ვიცი, მადლობა როგორ და რანაირად უნდა გადავუხადო.
- მამიკო, პატარა საყდრის აშენებას შეგვპირდა, სპეციალურად მწირისთვის.
- მერე? ავუშენებთ აბა რაა. - ცრემლებს მიმიც ვეღარ იკავებდა. - ახლა შენ რომ ჩაგიყვან იქ, კარგად მოათვალიერეთ ადგილები და სადაც მოისურვებს ის მწირი, იქ ავუგოთ გინდა საყდარი და გინდა დიდი ეკლესიაც ავაშენოთ.
- დიდი არ უნდა! პატარა საყდარი მირჩევნიაო.
- კარგი, ბატონო! იყოს პატარა. მხოლოდ რამდენიმე ადგილი უნდა შეარჩიოთ და მერე ჩვენ გავარკვევთ რომ ვინმეს საკუთრება არ იყოს ის მიწა.
- და თუ არავისი არ არის?
- მაშინ შევეცდებით რომ შევისყიდოთ, ან უფლებას მაინც მოვიპოვებთ ტაძრის ასაშენებლად. - დააიმედა მიმიმ.
- ჰო, კარგი იქნება და ჩვენმა მხატვარმა მოხატოს!
- აი, მხატვარიც დავასაქმეთ უკვე. - გაეცინა მიმის. - მოხატავს, აბა რას იზამს, მხოლოდ შენ სთხოვე, განა უარს გვეტყვის, მაგრამ შენგან უფრო გაუხარდება.
მოულოდნელად დიმეოს ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა.
- ბავშვები მელოდებიან. - დიმეომ შეტყობინებას დახედა. - ჯერ სკეიტპარკში მივდივართ და მერე, ნაყინებზე.
- დეე, ჭკვიანად იყავი, რაა გთხოვ. - შეევედრა მიმი. - ისინი უფროსები არიან, უკვე მოზარდები, შეიძლება ეწევიან კიდეც ან სვამენ და შენ არ აყვე რაა...
- დედა! - იწყინა ბიჭმა. - ახლა შენ როგორ გგონია, რომ მე დავლევ და მოვწევ?!
- არ მგონია. - მიმის გულიანად გაეცინა. - უფრო სწორად არც კი მინდა რომ მასე მეგონოს, მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკივა. შეიძლება სხვა მათმა მეგობარმა შემოგთავაზოს გასინჯეო და აი, სწორედ ეგ არ მინდა, გესმის? შეიძლება ზოგმა დაგცინოს კიდევაც, უკვე ამდენი წლის ხარ და ჯერ გასინჯულიც არ გაქვსო მის ჯიბრზე, თუ შენი თავის ჯიბრზე მაინც...
- დეე, დამშვიდდი რაა. - დააიმედა ბიჭმა. - თუ გადავწყვიტე სიგარეტის გასინჯვა, მაშინ პირველი შენ გეტყვი.
- კარგი. - მიმის კვლავ გაეცინა.
- ისე, შენზე ადრე ეგ მამიკომ მითხრა.
- რა? რა გითხრა? - დაინტერესდა მიმი.
- სიგარეტის გასინჯვა თუ მოინდომეთ ბავშვებმა, ჯერ ჩემთან მოდითო.
- ჰმ. - თავი გააქნია მიმიმ. - და მერე, ერთად გავაბოლოთო?
- ეგ არ უთქვამს. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - კაი, დეე წავედი, უკვე მელოდებიან.
- ფული ხომ გაქვს დეე?
- კი, ბარათზე მაქვს!
უკვე კიბიდან გადმოსძახა დედას და ტანსაცმლის გამოსაცვლელად ოთახში სირბილით შევარდა.
ბიჭს კლასელები მართლაც ელოდნენ, მაგრამ ისინი სულ სხვაგან აპირებდნენ წასვლად და დიმეო კი ისევ იმ მოხუცი ბებოს მოსანახულებლად გარბოდა, სადაც ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, მისი მონაწილეობით, მორიგი მუსიკის გაკვეთილი უნდა ჩატარებულიყო.
ახლა უკვე იცოდა, საიდანაც უნდა ასულიყო და ისევ იმ მტვრიან სხვენში აღარ უწევდა აძრომა და გადაძრომა. კვირაში ორჯერ მაინც, სხვადასხვა სასუსნავებით დახუნძლული აკითხავდა მოხუცს და ისიც სიხარულით იკრავდა გულში, ამ პატარა უცნაურ და ასე უცნაურად მოვლენილ ბავშვს.
და ის იყო კლასელებმა, დიმეო მიაცილეს იმ სადარბაზომდე, რომ უცებ გოგონა გაჯიუტდა და აღარ მოისურვა დიმეოს გაშვება.
- ისე, ნეტა მართლა სად დადიხარ? - გოგონამ თვალები მოწკურა. - იქნებ, რაღაც საშინელებას სჩადიხარ და მერე რამე რომ იყოს, ჩვენ უნდა დაგვბრალდეს?
- დასაბრალებელი არაფერია. - მხრები აიჩეჩა დიმეომ.
- ვაა! - ჩაერია კლასელი ბიჭიც. - და რას გვიმალავ? ან რატომ?
დიმეო გაიტრუნა. ჩაფიქრდა კიდევაც. გაემხილა თუ არა მისი საიდუმლო, თუმცა რა იყო ამაში ცუდი? მაგრამ რადგან მოხუცმა სთხოვა, არავინ მინდა იცოდეს, აქ რომ ვცხოვრობო, ბიჭიც ინახავდა ამ საიდუმლოს, მაგრამ მაინც რა იყო ამაში ცუდი? ცხოვრობდა იქ, სადაც უნდოდა და მორჩა. ვისი რა საქმე იყო?
- ჰა?! - ბიჭი დიმეოსკენ დაიხარა. - რას ჩაფიქრდი? შენ მართლა რაღაც საეჭვოდ დაძვრები იქ და ვინ იცის, რას აკეთებ!
- უბრალოდ... - დიმეო შეყოვნდა. - ერთი მოხუცი ბებოს სანახავადა დავდივარ, რომელიც...
ბავშვი გაჩუმდა. აღარ იცოდა ეთქვა თუ არა ბოლომდე სიმართლე და გაემხილა სხვისი საიდუმლო, თუმცა ჩანდა რომ ეს წყვილი, ასე ადვილად, არც მოეშვებოდა.
- ჰმ. - გაეღიმა გოგონას. - ყველაფერი გასაგებია.
- რა არის გასაგები? - გაოცებით გახედა თანატოლმა.
დიმეომაც კი თვალები დაჭყიტა. მასაც ძალიან გაუკვირდა, საიდან და როგორ უნდა მიმხვდარიყო ეს გოგონა, თუ მართლა რას დაძვრებოდა ბავშვი იმ მოხუცთან.
- რა რთული მისახვედრიც ეს იყო?! - ამაყად მოიღერა ყელი გოგონამ. - იმ ვიღაც მოხუცის ოჯახი და დიმეოს ოჯახი ერთმანეთთან... ნუუ, კონფლიქტობენ რაა.
- აა! - ახლა როგორც ჩანდა, ის უფროსი ბიჭიც გაერკვა.
დიმეომ არაფერი უპასუხა, მშვენივრად მოეწონა ეს ვერსია.
- და შენ გეცოდება, ის მოხუცი? - ჩაეკითხა უფროსი ბიჭი დიმეოს.
- კი, ხან ნაყინიც მიმაქვს ხოლმე მისთვის. - დიმეომ თვალი გაუსწორა.
- ესე იგი. - ახლა გოგონამ განაგრძო. - იმის მაგივრად რომ შენს ტოლებში, ან თუნდაც ჩვენთან ერთად გაერთო, გირჩევნია ვიღაც მოხუცთან გაატარო რამდენიმე საათი და ბედნიერი ხარ?
- და უბედურებას რას ხედავ? - იქეთ ჩაეკითხა დიმეო.
- უბედურება არ არის, მაგრამ უცნაურობა კი ნამდვილად არის. - ჩაეცინა გოგონას.
- შენგან არც მიკვირს. - დაუმატა ბიჭმა. - მაგრამ მაინც დაუჯერებელია.
- თუ გინდათ, ნუ დაიჯერებთ. - მხრები აიჩეჩა დიმეომ.
- მაშინ, გაგვაცანი! - მიმართა გოგონამ.
დიმეო მოიღუშა.
- რა ცხვირი ჩამოუშვი? - კვლავ ჩაეკითხა გოგონა. - ესე იგი, გვატყუებ?
- მატყუარაც ყოფილხარ! - დაურთო ბიჭმა.
- არ ვარ მატყუარა! - კოპები შეკრა დიმეომ. - უბრალოდ, ის ქალი ავად არის, სულ წევს, ძლივს დგება და ამდენი ხალხის სტუმრობაც...
- და იქნებ, უნდა იმ ქალს, რომ შენს გარდა სხვაც ესტუმროს? - კითხვის ნიშნით მიუგო ბიჭმა.
- ჩვენც გავიცნოთ და იქნებ, ჩვენც მოვინახულოთ ხოლმე ხანდახან? რა? არ შეიძლება? - ახლა გოგონა ჩაეკითხა.
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა დიმეომ. - მაშინ უნდა ვკითხო და...
- კარგი, ჰკითხე და წასვლისას რომ გამოგივლით, გაგვაცანი შენი მოხუცებული მეგობარი. - ცოტა არ იყოს, ცინიკური ღიმილით მიუგო გოგონამ.
დიმეომ გაუღიმა და არც სწყენია ეს მსუბუქი ქილიკი, თუმცა ახლა იმაზე ჩაფიქრდა, თუ როგორ უნდა შეეპარებინა მოხუცისთვის სტუმრების მიყვანა, ისე რომ არც სწყენოდა და უარიც არ ეთქვა. ამიტომაც იყო, რომ მთელი ის პერიოდი, რაც მოხუცთან ფორტეპიანოს გაკვეთილზე იჯდა, ხშირად უწევდა გონების გაფანტვა და შეცდომებსაც ბევრჯერ დაუშვა. ამის გამო, არა ერთი შენიშვნაც მიიღო მოხუცებული პედაგოგისგან.
- რა გჭირს შენ დღეს?! - უსაყვედურა ქალმა. - ისე, „ტოკატა და ფუგას“ ორგანი უხდება. - დაუმატა დაბალი ხმით. - თუმცა შეგიძლია ჯერ ფორტეპიანოზეც ივარჯიშო, მაგრამ მაინც ეს სულ სხვაა.
- სახლში ელექტრო პიანინოც მაქვს, და შემიძლია გადართვა, როგორც სხვადასხვა ტონალობაზე, ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტზე. - მხიარული ხმით მიუგო დიმეომ.
- ელექტრო პიანინო? - ქალმა წარბები აზიდა. - და გინდა მითხრა, რომ ჩემს უძველეს და სულ სათითაოდ ხელით ნაკეთებ როიალს სჯობნის ხმით?
- ეს ნამდვილად უნიკალური ინსტრუმენტია! - მიუგო დიმეომ. - მეც მაქვს სახლში პატარა კაბინეტის ტიპის როიალი და მასაც საოცარი ჟღერადობა აქვს, მაგრამ ეს უფრო ლამაზია და მგონი, რომ ეს უფრო უკეთესია.
- ჰმ. მგონი? - ჩაეცინა მოხუცს. - და ესე იგი, ჩემი ინსტრუმენტი, მაინც სჯობს შენსას?
- დიახ! ეს უკეთესია. - მიუგო ბიჭმა. - ჩემიც ძველებურია, ბაბუმ მაჩუქა, მაგრამ ეს აშკარად უფრო ძველებურს ჰგავს.
- დიახ! ყმაწვილო, დიახ! - მტკიცე ხმით დაუდასტურა მოხუცმა. - ამ ინსტრუმენტს ჯერ კიდევ ბაბუაჩემი უკრავდა! მისმა მამამ, ესე იგი, ჩემმა დიდმა ბაბუამ, პირველი ვაჟიშვილი რომ შეეძინა, სპეციალური შეკვეთით დაამზადებინა და ისე ჩამოიტანა უცხოეთიდან.
- მართლა? - თვალები დაჭყიტა ბიჭმა. - ასეთი ძველებურია?
- ჩვენ მუსიკოსებისა და მეცნიერების გენეტიკას ვატარებდით და თუ ერთი შვილი არა, მეორე მაინც აუცილებლად ისწავლიდა მუსიკასო, ასე ფიქრობდა, ჩემი დიდი წინაპარი და არც შემცდარა.
„ნეტა მე ვისგან გამომყვა ეს ნიჭი?“
ჩაფიქრდა ბავშვი.
„ჩემებიდან არავინ უკრავს, არავინ კი არა ვერავინ. ჰო, კლასიკას მართლაც ვერავინ უკრავს.
მხოლოდ...
მხოლოდ ძანეს ბაბუ უკრავს! მართლა საოცრად უკრავს, მაგრამ უკვე აშკარად მე ვჯობნი და ძალიან უხარია, ეამაყება კიდევაც, მაგრამ ის ხომ ძანეს ბაბუა და მართლა ჩემი ნათესავი ხომ არ არის.
ალბათ, დედაჩემის მხრიდან გამომყვა ეს გენი. იმ ნათესავებისგან, რომელზედაც დედას წარმოდგენაც კი არ აქვს.“
- რამ ჩაგაფიქრა?!
იმხელა ხმით შეუძახა მოხუცმა, რომ დიმეო ადგილზე შეხტა და მაშინვე გამოერკვა.
- ჩემს მეგობრებს უნდათ თქვენი გაცნობა! - უცებ მიახალა ბიჭმა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
- ჩემი? - სიცილით გაიკვირვა ქალმა. - აბა მე რა გასაცნობი ვარ?
- ფოტოები ვაჩვენე თქვენი ინსტრუმენტის და ძალიან დაინტერესდნენ.
- რა ფოტოები? როდის გაუდაუღე? შენ რა? ფოტოგრაფიც ხარ? ჰაჰ! - ჩაეცინა ქალს.
- ჩემი ტელეფონით გადავუღე. - დიმეომ ჯიბიდან მობილური ამოიღო და ფოტოები აჩვენა.
- ჰმ, საკუთარი ტელეფონი, რომელიც თურმე ფოტოსაც იღებს. ეჰ! - ქალმა ამოიხვნეშა. - კიდევ რას მოიგონებენ ნეტავ?
დიმეომ ღიმილით აიჩეჩა მხრები.
- და ჩვენი შეთანხმება? - მოხუცი ბავშვს სახეში ჩააშტერდა. - შენ იმ პირობით მოდიხარ ჩემთან, რომ არავინ უნდა იცოდეს ეს ჩემი სამყოფელი და ახლა რა გამოვიდა?
- ჩემი მეგობრები არიან და სწორედ მათ ხელშეწყობით ამოვდივარ აქ.
ქალი წუთით ჩაფიქრდა და მერე დაბალი ხმით მიუგო:
- კარგი, მოიყვანე. იმედია ბევრნი არ არიან. არ შემიძლია ზედმეტი ხმაური.
- ორნი არიან! - გაუბრწყინდა თვალები ბიჭს.
- და იცოდე! - თითი დაუქნია ქალმა. - აქ რია-რია და ზედმეტი მისვლა-მოსვლა თუ დაიწყება, საერთოდ დავლუქავ შემოსასვლელს და ვეღარც შენ შემოყოფ მაგ ცხვირს! ან სულაც, სხვაგან გადავალ!
- არ დაიწყება! - მთელი შემართებით მიუგო ბავშვმა. - გპირდები!
- კარგი, მაშინ მოვიწვიოთ სტუმრები, მხოლოდ ცოტა ხნით!
დიმეო სიხარულით შეატყობინა ბავშვებს და კლასელებიც სულ რამდენიმე წუთში იქ გაჩნდნენ.
- და როგორ არიან შენი კლასელები? - გაოცებული დარჩა მოხუცი. - ლამის ორი შენხელა არიან ტანით.
- მართლა ჩვენი კლასელია. - ერთხმად დაუმოწმეს ბავშვებმა.
- უფრო ზედა კლასშიც შეიძლება მისი გადაყვანა, მაგრამ რატომღაც დირექტორი თავს იკავებს. - თითქოს ცოტა ცინიკურად აღნიშნა უფროსმა ბიჭმა.
- ალბათ, ვერ ელევა საუკეთესო მოსწავლეს. - დაურთო გოგონამ. - არ უნდა რომ მალე დაამთავროს სკოლა.
ყველას გაეცინა.
- მშვენიერია! - მოხუცი აღფრთოვანდა. - ნიჭი უნდა შეიფერო, მაგრამ არ უნდა გაიბღინძო.
- არა, დიმეო სულაც არ არის ამპარტავანი. - განაგრძო გოგონამ. - ცოტა უცნაურიც კი არის ისე, თავისებურად, მაგრამ ძალიან კეთილია. სკოლის ირგვლივ მათხოვარს როგორც კი დაინახავს, მაშინვე თავის ლანჩს უყოფს.
- მშვენიერია! - კვლავ წამოიძახა მოხუცმა. - მაშინ ახლა ფორტეპიანოს ნიჭიც გვიჩვენოს და თან ღია გაკვეთილსაც ჩავატარებთ, თქვენი თანდასწრებით!
ბავშვები მოსასმენად მოეწყვნენ. დიმეო მართლაც საუცხოოდ უკრავდა და ახლა უფრო მეტი მონდომებითა და გულისყურით იღებდა კლავიშებს. კლასელები გაოგნებულნი უსმენდნენ, მაგრამ მოულოდნელად, გოგონას ინსტრუმენტის ერთ წერტილზე გაუშეშდა მზერა. მერე წამოდგა როიალის თავზე დაწყობილ ძველებურ ჩარჩოში ჩასმულ ერთ ფოტოს დასწვდა, გაკვირვებით ჩააშტერდა და მერე წარბები აზიდა და ფოტოსურათი დიმეოსკენ მოაბრუნა.
ბავშვმა დაკვრა შეწყვიტა, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. ძველი შავთეთრი სურათიდან მომზირალი, მასზე ცოტათი უფროსი ბიჭი, საოცრად ჰგავდა მას.
LEX. 2022 წლის 22 ივლისი, პარასკევი.
No comments:
Post a Comment