Saturday, July 30, 2022

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 140)


140. 
„მე როგორ ვერ შევამჩნიე?“ 
გაოგნებული ფიქრობდა ბავშვი, როცა ძველი ფოტოსურათიდან მისივე მსგავსი სახე შემოჰყურებდა. 
- რა ხდება? - შეუძახა მოხუცმა გაშეშებულ ბავშვს. - დაგავიწყდა? თუ დაიღალე? 
დიმეო კვლავ ხმას ვერ იღებდა. 
- აბა, განაგრძე დაკვრა! - ისევ შეუძახა მოხუცმა. 
დიმეო დაემორჩილა, თუმცა მაინც მალევე შეწყვიტა და კლავიშებზე ათამაშებული თითებიც დადუმდა. 
- რატომ შეწყვიტე?! - კვლავ შეუძახა მოხუცმა. 
- დღეს ძალიან გადავიღალე. - ნაღვლიანად მიუგო ბიჭმა. 
- ჰმ, ასე რამ გადაგღალა? - გაიკვირვა მოხუცმა. 
- ალბათ, სიცხის ბრალია. - კლასელი გოგონა დიმეოს დაცვას შეეცადა. 
- გარეთ საშინელი ხვატია და აქაც თითქოს, უჰაერობაა. - დაურთო კლასელმა ბიჭმაც. 
- ფანჯრებს ვერ გავაღებ, რადგან საშინელი ნესტის სუნი ამოდის ეზოდან და ქუჩიდან კი გამაყრუებელ ხმაურთან ერთად, ქუჩის მტვერიც უხვად შემოდის, ასე რომ კონდიციონერის ჩართვით დაკმაყოფილდით ყმაწვილო! - უკმაყოფილოდ მიახალა ქალმა. 
პასუხად დიმეომ მხოლოდ მხრები აიჩეჩა. ისე იყო დაბნეული რომ ახლა ვერც სიცხეს გრძნობდა და ვერც სიგრილეს. 
- რა იყო? - სიცილით გადახედა მოხუცმა ბავშვებს. - მართლა ქვის ხანიდან კი არ ვარ, რომ კონდიციონერის არსებობაც არ ვიცოდე.
ქალის სიტყვებზე ბავშვებსაც გაეღიმათ. 
- მაინც ნებისმიერ კონდიციონერს, სუფთა ჰაერი მირჩევნია. - მიუგო დიმეომ. 
- ოჰ! - კვლავ ჩაეცინა მოხუცს. - ჰქონია გემოვნება ბიჭს! 
დიმეოს ცალყბად გაეღიმა. 
- ესე იგი, დაიღალე არა? - კვლავ ჩააცივდა მოხუცი. 
- დავიღალე. - ნაღვლიანად მიუგო ბიჭმა. 
- და როდის იყო, რომ შენ ასე ადვილად იღლებოდი? 
დიმეომ ხმა ვეღარ გასცა, მართლაც როდის იყო, რომ ფორტეპიანოს დაკვრით ასე მალე იღლებოდა, მაგრამ ახლა სულ სხვა რამ ადარდებდა და გაოგნებული აკვირდებოდა როიალზე შემოწყობილ ფოტოებს და თან გულში საკუთარ თავს ტუქსავდა, რატომ ადრე ვერ შევამჩნიეო. 
„ამ საოცარი ინსტრუმენტის დანახვაზე, ისე დამებინდა გონება, რომ წესიერად არც კი დავაკვირდი, ან რატომ უნდა დავკვირვებოდი, უცხო ადამიანის სახლში მისი ნათესავებისა თუ ახლობლების ძველ გაუფერულებულ სურათებს?“ 
- ესე იგი, დღეს ამით დამთავრდა ჩვენი კონცერტი? - კვლავ შეახსენა მოხუცმა, თუმცა ისედაც ჩანდა, რომ ბიჭი დაკვრის გაგრძელებას აღარ აპირებდა. 
- სხვა დროს იყოს. - შეეშველა გოგონა დაბნეულ ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ ფოტოებს ვერ წყვეტდა თვალს. - კიდევ თუ მიგვიღებთ სტუმრად, სხვა დროსაც მოვუსმენთ. 
- რატომაც, არა? - თავი გააქნია მოხუცმა. - მხოლოდ უცებ ნუ დამაცხრებით თავს, წინასწარ მაინც გაფართხილეთ. 
- დიმეოს გარეშე არ ამოვალთ. - მიუგო გოგონამ და წამოდგა. 
- ჩვენი წასვლის დროა. - ახლა უფროსი ბიჭიც ამოუდგა გვერდით თანაკლასელს, რადგან ამჩნევდა, რომ უკვე იქ ყოფნა, მოსაწყენი და უინტერესოც ხდებოდა მათთვის. - სხვა დროს თუ კიდევ დაგვპატიჟებთ, მაშინ მოვალთ და სიამოვნებით მოვისმენთ, როგორ დაუკრავს დიმეო. 
- მართლა მაგრად უკრავს. - კვერი დაუკრა გოგონამ და წასასვლელად მოემზადა.
- ჰმ! - სიამაყით აღნიშნა ბებიამ. - უნდა დაუკრას აბა, რაა? მაგას ისეთი გენეტიკა აქვს, სირცხვილიც იქნებოდა რომ უნიჭო გამოსულიყო! 
დიმეომ ცალი თვალით მოხუცს გახედა. ჯერ კიდევ დაბნეული იდგა, არც იცოდა საიდან თუ როგორ უნდა აეხსნა, ჯერ ის რომ ეს მოხუცებული სულ ვიღაცას ამსგავსებდა, როგორც გარეგნულად ისე ქცევითა და გენეტიკური ნიჭებითაც და ახლა, მართლაც რომ ფიზიკური მსგავსებაც თავადაც შენიშნა და რაღა უნდა ეთქვა, ან როგორ უნდა დაესვა კითხვა. 
- ჩვენ, მივდივართ და შენ წამოხვალ, თუ დარჩები?
გოგონას სიტყვებმა დიმეო გამოაფხიზლა და გაგაცილებთო დაბალ ხმაზე მიუგო. 
- რა ცხვირი ჩამოუშვი? - ახლა უფროსი ბიჭი ჩაეკითხა, როცა უკვე ქვემოთ ჩავიდნენ. - დებილები კი არ ვართ, მშვენივრად მივხვდით რომ შენი ნათესავები არიან და შენს ოჯახთან კონფლიქტის გამო, მათგან უჩუმრად გიწევს აქ ამოსვლა.
- მაგრამ მაინც საკვირველია. - ჩაურთო გოგონამ. 
- რა არის აქ საკვირველი? - ძლივს ამოიღო ხმა დიმეომ, თუმცა სულაც აღარ ჰქონდა არანაირი საუბრის სურვილი. 
- დიდი ამბავი, თუ მომაკვდავ მოხუცს მოინახულებ. - განაგრძო გოგონამ. - ნუთუ, მართლა ასე მტრად გადაიქეცით ერთმანეთის მიმართ, რომ?.. 
- დაზუსტებით არაფერი ვიცი. - დიმეომ მხრები აიჩეჩა. - მაგრამ ჯერ არ მინდა რომ დედამ გაიგოს, აქ რომ ამოვდივარ. მოგვიანებით, მე თვითონ ვეტყვი.
პასუხად გოგონამ გაუღიმა. დიმეო ცალყბად გამოემშვიდობა კლასელებს და კვლავ უკან აბრუნდა. 
- ისე მართლა რა უცნაური ბავშვია. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო უფროსმა ბიჭმა. 
- და მართლა რა მაგრად უკრავს. - დაურთო გოგონამ. - გასაოცარია, ამ ერთ ციდა, სულ პატარა ბიჭში ამდენმა ნიჭმა ერთად როგორ მოიყარა თავი და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველაფერში საუკეთესოა. 
- ალბათ, მართლაც იბადებიან გენიოსები. - დასძინა უფროსმა ბიჭმა. 
- ნეტა ასეთი რა აწყენინეს, ამ ოჯახებმა ერთმანეთს? - ჩაფიქრებული ხმით მიუგო გოგონამ. 
- რა შენი საქმეა? - ღიმილით მიმართა ბიჭმა, გოგონას ხელი მოხვია და დაღმართს ჩაუყვა. 
დიმეოს უამრავი კითხვა ერთდროულად მოაწვა და აღარ იცოდა, თუ საიდან დაეწყო. 
- რატომ შეწყვიტე წეღან დაკვრა? - ფიქრებიდან მოხუცის ხმამ გამოიყვანა. 
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. 
- არც იმდენად პატარა ბიჭი ხარ, რომ ვერ აცნობიერებდე, ასე უცებ ნაწარმოების შეწყვეტა არ შეიძლება.
- უბრალოდ, დავიღალე. 
- მესმის, რომ იღლები და საკმაოდ რთულ ნაწარმოებებს შეჭიდულიც ხარ და მაინც მიუხედავად ამისა, მშვენივრად უკრავ, მაგრამ ასე დაუმთავრებლად და უცებ გაწყვეტა მაინც არ არის ლამაზი. - მოხუცი წამით შეყოვნდა. - თითქოს რაღაც მოხდაო, ისე უცებ შეწყვიტე დაკვრა და აღარც გააგრძელე. 
პასუხად დიმეომ კვლავ მხრები აიჩეჩა. 
- ასეთი რა გაგახსენდა? ან რა უნდა დაგენახა? ან როდის? 
დიმეოს ბევრი აღარც უფიქრია, ერთ-ერთ სურათს დასწვდა, სადაც სწორედაც რომ მისი მსგავსი ბიჭი იყო გამოსახული, მხოლოდ მასზე უფროსი და ცოტათი უფრო მოზრდილი. ფოტო მოხუცს ახლოს მიუტანა და კითხვის თვალით შეხედა. 
მოხუცს ცრემლი მოერია, სურათი გულში ჩაიკრა და დიდხანს არც ხმას იღებდა და არც ფოტოს უშვებდა ხელიდან. 
- აბა, არ არის გენეტიკა ეს?.. - დიდი ხნის დუმილის შემდეგ, წაიჩურჩულა მოხუცმა და დიმეოს აკანკალებული ხელი თავზე გადაუსვა, მეორე ხელით კი კვლავ ფოტოსურათი ჰქონდა ჩაბღუჯული და გულში ჩაკრული. 
- ვინ არის მაგ სურათზე?! - დიმეოს უკვე მოთმინების ფიალა აევსო და ხმაშიც სიმტკიცე შეეპარა. - ვისი ფოტოა? 
- ჰმ, მამაშენზე მეკითხები, ვინ არისო? - ქალს გულიანად გაეცინა. 
დიმეო გაშრა, თვალები დაჭყიტა. ვერაფერი უპასუხა. ახლა უფრო მეტად დარწმუნდა რომ სავარაუდოდ, ეს მსგავსება სადღაც მიმის უცნობი სანათესაოსგან მოდიოდა, თუმცა იქნებ, მართლაც უბრალოდ მსგავსება იყო და მეტი, არც არაფერი. 
„ესე იგი, რადგან ამბობს საწყალი დედაშენიო, თან ხშირად იმეორებს ამას, ალბათ არ არის ცოცხალი, ან ძალიან ავად არის, მაგრამ მამაშენიო, ამაზე უფრო ცოცხლად საუბრობს.“ 
ბიჭმა ამოიხვნეშა. 
„ან მართლაც ვგავარ მის ვიღაც ნათესავებს, ან მართლა ვიღაცაში ვეშლები, ან იქნებ მართლა ჩემი ნათესავია ეს ქალი, რადგან დედამ არც კი იცის ვინ არიან მისი ნამდვილი მშობლები.“ 
- რა გული ამოაყოლე? - ჩაეკითხა მოხუცი. 
- რა ვიცი? - ბიჭმა მხრები აიჩეჩა. 
- შენ გგონია ვერ გიცნობდი აქ რომ ამოძვერი და ჩუმჩუმად გამოკითხვები დამიწყე? 
დიმეომ ვერაფერი უპასუხა. 
- თუ მართლა ასეთი გამოპრუტუნებული მოხუცი გგონივარ, რომ ვერაფერს მიგიხვდებოდი? - კვლავ ცინიკური ხმით მიმართა ქალმა. 
- მე, შვილიშვილი გამოვდივარ, თუ შვილთაშვილი? - დიმეომ ახლა სხვა კუთხიდან მოუარა. 
- შენ? - ქალმა ბავშვს გახედა. - შვილიშვილი! 
- და ამ სურათზე? 
- ამ ფოტოზე ჩემი შვილიშვილია და რა გჭირს? - შუბლი შეკრა ქალმა. - საკუთარ თავს ვეღარ სცნობ? 
„აუჰ! აურია ისევ.“ 
გაივლო გულში ბავშვმა. 
„რადგან მართლა ასე ძალიან ვგავარ ამ ვიღაც ძველ ფოტოსურათზე გამოსახულ ბიჭს, მართლა ხომ შეიძლება რომ ჩემი ნათესავი იყოს? 
ისე, მართლა რატომ ვიჭყლეტ ტვინს ამდენი დაუსრულებელი ფიქრით? დნმ-ი გადაწყვეტს ყველაფერს, მაგრამ ჯერ დედას არაფერს ვეტყვი, შევეცდები მე თვითონ გავარკვიო და იქნებ, მართლაც ამდენ დარდსა და ტანჯვაში ერთი კარგი სიურპრიზი მეც მოვუწყო?“
გაიფიქრა ბავშვმა და ახლა უფრო ინტენსიურად დაუწყო ქალს გამოკითხვა. თუმცა, ახალი მაინც ვერაფერი შეიტყო, ის რაც უკვე არაერთხელ ჰქონდა მოსმენილი, რომ ქალს მხოლოდდამხოლოდ ერთადერთი ვაჟიშვილი ჰყავდა და ორი შვილიშვილი, რომლებიც წლებია აღარც კითხულობდნენ. რაც შეეხებოდა ფორტეპიანოზე შემოწყობილ ფოტოსურათებს, დიმეომ სულ სათითაოდ გადმოულაგა და რამდენჯერმე გაამეორებინა თუ ვინ იყვნენ და რა კავშირი ჰქონდათ მოხუცთან. 
- ჩემი შვილიშვილები არიან და რა გააწყალე გული? - უკვე შეწუხებული ხმით მიუგო მოხუცმა. - ერთი და იგივე, რამდენჯერ უნდა მკითხო? 
- და ახლა სად არიან? - კვლავ დაუსვა დიმეომ შეკითხვა. 
- ერთი ალთას და მეორე ბალთას! 
- და აღარც გნახულობენ. - მოწყენილად დაურთო დიმეომ. 
- სამაგიეროდ შენ ხომ მოგაგზავნეს? - ირონიულად მიმართა ქალმა. 
- არავის მოუგზავნივარ! - იწყინა დიმეომ. - მე თვითონ მოვედი! 
- ჰო. - ამოიხვნეშა მოხუცმა. 
- დაუჯერებელია, არა? - ჩაეკითხა ბიჭი. 
- მჯერა. - თავი დაუქნია ქალმა. - ნამდვილად მჯერა, რომ სისხლის ყივილმა ამოგიყვანა აქ. 
პასუხად დიმეოს გაეღიმა. 
- აბა, ის ჩემი გაოხრებული შვილი კი ვერ გაბედავს აქ ფეხის ამოდგმას! - ქალს ხმა გაუმკაცრდა. - რაც მან ჩაიდინა... საშვილიშვილო ცოდვა... და საწყალ ბავშვზე გადავიდა... - ქალს ცრემლები გადმოსცვივდა. 
„ნეტა, ვინ ბავშვზე?“ 
გაიფიქრა დიმეომ. 
„ცოდვა ალბათ ის იყო, რომ დედაჩემი გააშვილეს? და მაინც საწყალი რატომღა გამოდის, როცა ასეთ კარგ ოჯახში გაიზარდა?“ 
დიმეო ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამოაფხიზლა. დედა ურეკავდა. ბიჭმა მაშინვე გააგონა. 
- კლასელებთან ერთად ვიყავი და ახლა ძანესთან მივდივარ. - მყისვე მიუგო ბავშვმა და მობილური მალევე გათიშა, რომ კიდევ არ დაესვა დედას კითხვა.
დიმეო წასასვლელად მოემზადა და მოხუცს ცოტა არ იყოს, ნაღვლიანად მიმართა:
- ჩემი წასვლის დროა, დედა ინერვიულებს. 
- დედა? - ქალმა გაკვირვებით დაჭყიტა თვალები, მერე კი მხრები აიჩეჩა და თავიც გააქნია. 
„რა გაუკვირდა?“ 
გაიფიქრა ბიჭმა. 
- ახლა მართლა უნდა წავიდე და კიდევ მოვალ, ძალიან მალე. - ბავშვმა ყურებამდე გაუღიმა, თუმცა მოხუცი აშკარად სხვაგან იყო და არც უსმენდა, სადღაც ერთ წერტილს მიშტერებოდა. 
დიმეო ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა კარისკენ და ის იყო უნდა გამოეღო, რომ ამ დროს მოხუცმა სრულიად მოულოდნელი რამ უთხრა: 
- ძანეს მე არ ვუყვარვარ! - ჯერ თითქოს ნაღვლიანად, შემდეგ კი უფრო ომახიანად განაგრძო. - ალბათ, ეშინია ჩემი. ასეთი მიხჩუებული სახის დანახვა აშინებს ბავშვს და შენ? შენ რატომ არ გეშინია ჩემი? 
დიმეომ მაშინვე საწოლთან გაჩნდა. შორიახლო გაჩერდა და კვლავ ახალი ამბის მოლოდინში გაიტრუნა. იქნებ, კიდევ რამე წამოსცდენოდა მოხუცს. 
- შენ გულადი მყავხარ! მამაშენის ჯიშზე ხარ, მედგარი, შეუპოვარი, ნიჭიერი და თანაც, ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარე. 
დიმეომ შეიფერა. თუმცა ისიც კი გაიფიქრა, მაინც ვიღაცაში ვეშლებიო. 
„ან იქნებ, ფიფოსაც იცნობს და მაშინ კი, ვგავარ მამას! მამიკოსავით შეუპოვარი ვარ, მაგრამ ძანესაც იცნობს... ჰოდა, თუ მამასაც იცნობს და ძანესაც, მაშინ დედაჩემის არსებობა რაღაც საეჭვოდ რატომ უკვირს?.. 
ისევ ვერაფერი გავიგე.“ 
- ყველაზე ცუდი კი ის არის. - განაგრძო მოხუცმა. - როცა მშობელი გაიძახის და თანაც სიამაყით აცხადებს. - ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო და რა აზრი აქვს მაშინ იმ ნიჭს? ჰო, აბა მითხარი! 
- სიზარმაცე ძალიან ცუდია. - მიუგო ბავშვმა. - ნიჭიერება, განგების საჩუქარია და სიზარმაცე და სიბეჯითე კი უკვე საკუთარი თავისგან მოდის. 
- ოჰ! - გაეღიმა ქალს. - შენ როგორი ფილოსოფიური მიდგომაც შეგძლებია!
დიმეომ შეიფერა. 
- თუმცა, მამაშენის ჯიშზე ხარ და არაფერია საკვირველი. - კვლავ დაასკვნა ქალმა. 
- წავალ უკვე! - დიმეო კვლავ წასვლა დააპირა. - დედა მელოდება. - ბავშვმა სპეციალურად ხაზი გაუსვა დედას და მოხუცს მზერა გაუსწორა. 
- ჰმ, დედა. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მოხუცმა. 
დიმეოს საშინლად არ ესიამოვნა. 
- დედაჩემი, კარგი ქალია! - წყენით მიუგო ბიჭმა. 
- მერე? ძანე რატომ არ უყვარს? - ჩაეკითხა ქალი. - განა შეიძლება, რომ საკუთარ შვილს, ზურგი შეაქციო და შენივე გაჩენილი ასე მოიძულო? თანაც, ძანესნაირი ბავშვი? 
- დედაჩემი, ძანეს დედა არ არის! - მკვირცხლად უპასუხა ბიჭმა. 
- აბა, ვისია? 
- ჩემი! 
- დედაშენი, შენი იქნება, აბა ჩემი? - ჩაეცინა ქალს. 
„ეჰ, ისევ აურია, ამ საწყალმა ქალმა“. 
გაიფიქრა ბავშვმა. კვლავ წასვლა დააპირა. 
- მაინც ვერ გავიგე ვინ ხარ და აქ საიდან მოხვდი? - კითხვა დააწია მოხუცმა, უკვე კარისკენ წასულ ბიჭს და უკვე მერამდენედ ეკითხებოდა ამას. 
დიმეომ ნაღვლიანად მოხედა საბრალო, მარტოხელა მოხუცს, რომელიც სხვენში გამოკეტილი, ახლობელ-ნათესავებისგან მიტოვებული, უკვე ლამის ყველაფერს ერთმანეთში ურევდა, მხოლოდ მუსიკის გაკვეთილები არ ეშლებოდა და ბავშვსაც მშვენივრად ამეცადინებდა. ასე ფიქრობდა ბიჭი და უკვე მისი იქ ყოფნაც მოსაწყენი ხდებოდა. 
- ძანემ მასწავლა ეს გზა და მეც ამოვედი და მოგინახულეთ. - დიმეომ ისევ ძანეს ხსენება ამჯობინა, იქნებ კიდევ რამე თქვას მოხუცმაო. 
- ძანემ? - გაიკვირვა ქალმა. - ძანე არავინ ენდობა და არც არავის ელაპარაკება, მარტო მამამისზე გიჟდება და შენ ვინ ხარ ასეთი? ასე როგორ გენდო? 
- ჩვენ, ძმები ვართ! - მტკიცედ მიუგო დიმეომ, თუმცა არასდროს დაფიქრებულა, თუ რატომ იყვნენ ძმები, ან იყვნენ კი საერთოდ? 
- მამაშენის შვილი ხარ და ძმები იქნებით, აბა რაა? - ჩაეღიმა ქალს. 
„ისევ დაიწყო.“ 
გული შეუღონდა ბავშვს და ახლა უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლებოდა დროულად გამოტეულიყო იმ უცნაური საცხოვრებლიდან. 
საერთოდ ბიჭს, ძალიან ახალისებდა, ასეთ მხცოვან მოხუცთან ვიზიტები და ცდილობდა ხშირად მოენახულებინა, მაგრამ ზოგჯერ ქალს ზედმეტებიც მოსდიოდა, რადგან სულ ვიღაცას ამსგავსებდა და თითქოს სულ იმას უმტკიცებდა, რომ როგორი კარგი მამა ჰყავს და სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, როგორი უნიათო და საწყალი დედა, რომელსაც ელემენტალურად საკუთარი შვილის დაცვაც კი არ შეეძლო, ხანაც კი პირიქით, დიმეოს დედა, უსულგულო და სასტიკი გამოჰყავდა, რომელმაც შვილი მიატოვა და ასე ბედის ანაბარად მიაგდო. ზოგჯერ ეს ყველაფერი, მოხუცის ასეთი მტკიცე საუბარი და განსაკუთრებით, მიმის ასე უსამართლოდ ლანძღვა, საშინლად აღიზიანებდა ბიჭს, მაგრამ აბა როგორ უნდა აეხსნა ასეთი მოხუცისთვის, რომ ახლა უკვე სხვა დრო იყო, სხვა წლები და ის ვიღაც ბავშვის დედა, სულაც არ იყო დიმეოს დედა, მაგრამ აბა როგორი ასახსნელი და დასაჯერებელი იყო, როცა მოხუცი ქალი, კვლავ თავის ძველი დროის, სულ სხვა განზომილებაში აგრძელებდა ცხოვრებას. ისე, უბრალო შეპასუხებასაც აზრი აღარ ჰქონდა და დიმეოც ყველაფერზე თავს უქნევდა. ბოლოს ისიც კი დაასკვნა, რომ მიმი, უთუოდ ამ ოჯახს ენათესავებოდა, ან სულაც ამ ოჯახიდან იყო. დედამ მასზე უარი თქვა, გააშვილა და ამიტომაც არის ასეთი უნიათო და უსულგულო, როგორც მოხუცი ახასიათებდა და მეორეს მხრივ კი საწყალი და დაჩაგრული, რადგან ვერ დაიცვა საკუთარი შვილი და მისი მიტოვება აიძულეს.
„და ეს საწყალი მოხუცი კი იმდენად უხუცესია, რომ მართლა დედაჩემი ჰგონია, ის ვიღაც ქალი, რომელიც შვილს ასე მოექცა და ესე იგი, რა გამოდის? 
გამოდის რომ მიმის დედა, ჩემი ბებია, ამ ქალის შვილია? 
აბა, მარტო ერთი ბიჭი მყავდაო? თუ მყავსო? 
მაშინ?.. 
მაშინ აი, ამ მოხუცის ბიჭის შვილია ის ქალი, ვინც დედაჩემი გააშვილა! ჰო! მასე იქნება! მე კი, შვილთაშვილი გამოვდივარ, ასაკითაც აშკარად შემეფერება. უჰ, ძლივს არ დავალაგე აზრები. ტვინი მეტკინა.“
დიმეოს გულზე მოეშვა, მაგრამ ვინ აცალა? მოხუცის მორიგმა სიტყვებმა ახლა ახალი სადარდებელი გაუჩინა. 
- ეჰ, ძანე, ძანე... - ამოიხვნეშა მოხუცმა. - ნეტა მართლა ვის დაემსგავსებოდა, ასეთი რომ არ იყოს? 
- ასეთი, როგორი? - ისე ჩაეკითხა ბიჭი, თითქოს ვერც ხვდებოდა თუ ქალმა რა იგულისხმა. 
- ძანესნაირი ბავშვები თითქმის ერთმანეთს გვანან, განსხვავება მხოლოდ თმის და კანის ფერშია, თორემ ისე ჰაბიტუსი ერთნაირი აქვთ. 
- ჰო. - დიმეომ მოწყენილად დაუქნია თავი. - სამაგიეროდ კეთილია, ძალიან კარგი ბიჭია. 
- აბა, სიბოროტისა მაგან რა იცის? - ნაღვლიანად გაუღიმა მოხუცმა. - იმ გაოხრებულ დედამისსაც კი არ ჰგავს მაგაში. 
დიმეო აიწურა, დარწმუნებული იყო, რომ ახლა უთუოდ ქალი, მიმის ლანძღვას დაიწყებდა და უკვე ყელში ამოსული, შესაპასუხებლადაც მოემზადა, მაგრამ სულაც არ მოხდა ასე, მოხუცი პირიქით, დიმეოს მიეალერსა. 
- ძანემ არც კი იცის, თუ როგორი ბედნიერია. 
- ბედნიერია? - გაიკვირვა ბავშვმა. 
- აბა, არ არის ბედნიერი? - ჩაეღიმა მოხუცს. - ასეთი კარგი ძმა რომ უდგას გვერდით. შენ ხომ მართლა მისი ძმა ხარ? 
- რა თქმა უნდა! - შეიფერა ბიჭმა. - ძანეს არასდროს მივატოვებ! და რაც არ უნდა დამიშავოს, მაინც მის გვერდით დავდგები, რადგან შესაძლებელია იმ მომენტში სულაც ვერ გააცნობიეროს თუ რატომ აშავებს რამეს, ამიტომ მაინც ყოველთვის, მის მხარეს დავიჭერ! 
ბავშვის ასეთ მტკიცე სიტყვებზე მოხუცს გაეცინა და დიმეოს კვლავ ალერსიანად მიმართა: 
- შენ საუკეთესო მამის, საუკეთესო შვილი ხარ! და რაო, რა მითხარი წეღან? ძანეს დედა, დედაშენი არ არის? 
- არ არის. 
- აბა ვინ არის? ვისი შვილი ხარ? 
- მიმის! მიმის შვილი ვარ. 
- მიმი? - ქალი ჩაფიქრდა. - მიმის არ ვიცნობ... მიმი... მიმი... 
„იმედია, ახლა მაინც აღარ განაგრძობს დედაჩემის ლანძღვას, რადგან მიხვდა, რომ სულ სხვა ქალია.“ 
გაიფიქრა ბიჭმა. 
- ეს ალბათ, ის მეორე... - ქალი ჩაფიქრებული ხმით განაგრძობდა ჩურჩულს. - ის მეორეა... რა მითხრა მაშინ, ვერ ვიხსენებ... აქ რომ იყო, რა მითხრა?.. კიდევ ერთი შვილიო... ჰო... კიდევ ერთი შვილი... - მოხუცმა დიმეოს თავზე გადაუსვა ხელი და კვლავ სახეში ჩახედა. - როგორ გავხარ... როგორ გავხარ...
დიმეომ უხმოდ დაუქნია თავი, ანდა შეწინააღმდეგებას, რა აზრი უნდა ჰქონოდა?
- წადი ახლა. - გამოუცხადა მოხუცმა. - ძალიან დავიღალე, დასვენება მინდა!
დიმეო მაშინვე წამოდგა და კარისკენ გაემართა. 
- და შემდეგ გაკვეთილზე, მოუმზადებელი არ მოხვიდე! - დააწია მოხუცმა. 
- ვიმეცადინებ! - ღიმილით მიუგო ბიჭმა და იქაურობა დატოვა.
LEX. 2022 წლის 30 ივლისი, შაბათი.

No comments:

Post a Comment