Tuesday, July 19, 2022

ნატის ჩექმები (ნაწილი 20)

20. 
- რაც არ უნდა ოფიციალური სახე ჰქონდეს ამ ყველაფერს, ხომ იცით რომ მაინც კონფიდენციალურია. - მაკა ექიმმა, ცხელი კაპუჩინო ოდნავ მოსვა და ფინჯანი, ლამბაქზე დააბრუნა. 
- რა თქმა უნდა! - ერთხმად თავი დაუქნია წყვილმა. 
პასუხად მაკამ, ოდნავ გაუღიმა. 
- მაგრამ ჩვენთვის მაინც სასურველი იქნებოდა, რომ ყველაფერი ზედმიწევნით გვცოდნოდა. - მიუგო კაცმა. 
- და მერე? ხომ იცით? - კვლავ გაუღიმა მაკამ. - ბიჭი ობოლია და მხოლოდ მოხუცებული, მომაკვდავი ბებიის ანაბარად დარჩა, რომელიც ელემენტალურ საარსებოსაც ვერ უზრუნველყოფს ბავშვისთვის. 
- დიახ, რა თქმა უნდა ვიცით. - ჩაურთო ქალმა. - მაგრამ მაინც, ჩვენ თვითონ გვინდოდა გვენახა და... 
- რა გითხრათ, აბა? - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მაკა ექიმმა. - თავად ამ ქალბატონმა არ ისურვა, არც პირადად შეხვედრა და არც თქვენი ფოტოების ხილვაც კი. - მაკამ წამით იყუჩა. - თქვენი ვინაობის გაგებაც კი არ მოისურვა. 
- რა საოცარია? - გაიკვირვა ქალმა. 
- რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ბავშვის ბებიას სურს, რომ მის ერთადერთ და ნაადრევად დაობლებულ შვილიშვილს, სულაც აღარ უნდა რომ ახსოვდეს, თავისი მძიმე წარსული, ობლობა, სიცივე, შიმშილი და უკიდეგანო გაჭირვება. - ნაღვლიანად მიუგო მაკამ. - ამიტომაც ამ მცირეოდენ შემოწირულობაზეც თანახმა ვარო, ოღონდაც ბავშვი ბედნიერი იყოსო. 
- ჰმ, არც იმდენად მცირეოდენი იყო. - კაცმა ცინიკურად ჩაიღიმა. - ეს ეგრეთ წოდებული, შემოწირულობა. 
- ფულის დახარჯვას, სულაც არ ვნანობთ! - ცოლმა ქმარს, უკმაყოფილოდ გახედა. 
- დიახ, გეთანხმებით. - მაკამ თავი დაუქნია კაცს. - ნამდვილად არ იყო მცირეოდენი და ეს თქვენ, ჩემზე უკეთ იცით, იმიტომ რომ მე პირადად, არც თანხის გადაცემაში მიმიღია მონაწილეობა, საერთოდაც არ შევხვედრილვარ იმ ქალს, არც ბავშვი მინახავს და თქვენ წარმოიდგინეთ, მისი სახელიც კი არ ვიცი და სხვათა შორის, არც არავინ ყოფილა ჩვენი თანამშრომლებიდან, იმ თანხის წილში, რადგან ეს სულ სხვა გარიგება იყო და ფული აქ, ნამდვილად არაფერ შუაში იყო!
მაკას წარბიც არ შეურხევია, ისე ცრუობდა. სინამდვილეში კი, საკმაოდ დიდი წილიც მიიღო და ვინც იყო ამ საქმეში ჩარეული, ყველას საკმარისად შეხვდა. არც ბებია დარჩა ნაწყენი, მანაც კარგა დიდი თანხა ჩაიჯიბა, გაყიდულ შვილიშვილში. 
- მე... მე ვიფიქრე, რომ... - ქალი უხერხულად შეიშმუშნა. 
- ჩვენ გვეგონა, რომ ეს თანხა, შუამავლებისთვისაც იყო განკუთვნილი. - შეეშველა ქმარი. - არც თუ ისე მცირე იყო და თუ საჭიროა, დავამატებთ კიდევაც, მაგრამ თუ ამგვარი დანამატების დაუსრულებელი მოთხოვნები გაგრძელდება, მაშინ ახლავე დავაბრუნებთ ბიჭს, სანამ ჯერ კიდევ შევჩვევივართ! 
- რას ამბობ? - სასოწარკვეთილი ხმით შეიცხადა ცოლმა. 
პასუხად კაცმა, თვალები დაუბრიალა. ამით ანიშნა, დამაცადეო. ქალი უხმოდ დაემორჩილა. 
- არა, მართლაც, რას ამბობთ? - გაეცინა მაკას. - სრულიად გეთანხმებით იმაში, რომ საკმაოდ მსუყე გასამრჯელო მოითხოვა ბებიამ და ზუსტად იმდენივე მიიღო კიდევაც და ნამდვილად, არანაირი გამრიგებელ-მომრიგებელი არ ყოფილა წილში!
- ჰმ. - კაცმა მხრები აიჩეჩა. - ცოტა საკვირველი კი არის, ისე. 
- უბრალოდ. - მაკამ თვალი გაუსწორა კაცს. - აქ სულ სხვა სიტუაცია იყო და არა საქმის მოკვარახჭინება, ან რამე მსგავსი. 
- და შეიძლება, რომ ჩვენც ვიცოდეთ, თუ ზუსტად რაშია საქმე? - ჩაეკითხა ქალი. - დღეს ბავშვს გულში ჩავიკრავთ და ხვალ იქნებ, მოაკითხონ და... 
- რაღაც არა მგონია, რომ ხვალვე მოაკითხონ, ან თუნდაც ზეგ, ან... - კვლავ გაბადრული დამაიმედებელი ღიმილი შეაგება მაკამ, შეშფოთებულ წყვილს. 
ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედეს. 
- და რაც შეეხება, იმ სიტუაციას. - განაგრძო მაკამ. - მერწმუნეთ, არაფერია საგანგაშო. 
- მართლა? - ქალს თვალები გაუბრწყინდა. 
- უბრალოდ. - კვლავ განაგრძო მაკამ. - საკმაოდ მოხუცებული, დაუძლურებული ქალი დახმარებას ითხოვდა, რადგან როგორც ფიზიკურად, ასევე ფინანსურადაც გაუჭირდა დაობლებული შვილიშვილის მოვლა. უპატრონოდ მიგდებას და ბავშვთა სახლში ჩასაბარებლად კი ვერ იმეტებდა, მაგრამ უკვე ფიქრობდა ამაზეც და იმას ნამდვილად ვერ მოგატყუებთ, რომ თქვენ რომ არ გამოჩენილიყავით, ბავშვს რა ეშველებოდაო, ეს რომ გითხრათ, ნამდვილად ტყუილი იქნებოდა, რადგან ისედაც ბევრია მსურველი, როგორც ჩვილის აყვანის, ასევე ცოტა წამოზრდილი ბავშვისაც.
- ნუთუ, ამდენად ბევრი? - უნდობლად ჩაეკითხა კაცი.
- თქვენ წარმოიდგინეთ, არც იმდენად ცოტანი არიან მსურველნი. - მიუგო მაკამ. - თუმცა, უმეტესად ჩვილის აყვანა ურჩევნიათ, რომ მერე... - მაკა წამიერად შეყოვნდა. - ჯერ გააშვილებენ, გააზრდევინებენ, გულით შეაყვარებენ ბავშვს და ამდენი სითბოსა და ამაგის შემდეგ გამოეცხადება ბიოლოგიური მშობელი და უკან ითხოვს, უკვე გაზრდილ და ასეთ ნანავებ შვილს.
- რა საშინელებაა! - შეიცხადა ქალმა. - ამ დროს, მშვილებელი მშობლების გარდა, ბავშვიც როგორ ცუდ მდგომარეობაში ვარდება.
- დიახ, სწორად შენიშნეთ. - კვერი დაუკრა მაკამ. - ბავშვის ფსიქიკაზე, სულაც აღარ დარდობს, რადგან ჩემიაო და უკან ითხოვს და რა? განა მაშინ არ იყო მისი? როცა უსინდისოდ შეაქცია ზურგი და უკანმოუხედავად გავარდა? და ხშირ შემთხვევაში, რაც ძალიან აქტუალური გახდა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, საკმაოდ მსუყედაც აიღო გასამრჯელო, საკუთარ გაყიდულ ჩვილში!
- მარლაც რომ საშინელებაა. - შუბლი შეიჭმუხნა კაცმა.
- ღმერთო ჩემო! რამდენი უსამართლობაა ამ ქვეყნად. - ქალმაც უკმაყოფილოდ გააქნია თავი. - რამდენი ჩვენნაირი ოჯახი, შვილს ვნატრობთ და ესენი კი, მთელი ცხრა თვე მუცლით ატარებენ და მერე, ისე აგდებენ...
- და თან ამაში, ფულსაც ითხოვენ. - ხაზი გაუსვა მაკამ. - და თქვენ გგონიათ, თუ ფული ვერ იშოვა, მართლა თავისთან დაიტოვებს? სულაც არა! ის ჩვილი უკვე ისედაც განწირულია მისატოვებლად და თუ მისი გაყიდვა, დროულად ვერ მოახერხა, აუცილებლად ბავშვთა სახლში მიუჩენს ადგილს და ზოგჯერ და ის რაც არაერთხელ ყოფილა. - მაკა წამით შეყოვნდა, თითქოს ვერ უყრიდა სიტყვებს. - ისე მიიყვანენ და დასვამენ კართან, რომ არც რამე საბუთს უტოვებენ, ზუსტი ასაკი მაინც რომ ყოფილიყო მინიშნებული.
- რა საშინელებაა?! - აღმოხდა ქალს.
- ყოფილა მსგავსი შემთხვევებიც და არაერთხელ. - კვლავ ხაზი გაუსვა მაკამ. - არა ისე ზოგი, რაღაც წერილსაც კი ტოვებს და სულ ეს არის! მერე ან მოიკითხავს ოდესმე და ან არა და.
- ჰმ. - თავი გააქნია კაცმა.
- მერე კი, ბავშვთა სახლიდან გაშვილების, იმხელა პროცედურებია და იმდენ ხანს გრძელდება, რომ ბავშვი უკვე ლამის, სკოლის ასაკის ხდება. - მაკა შეყოვნდა. - ნუ, თუ მაინცდამაინც ჩვილი არ გინდა, მაშინ არ იქნება პრობლემა, მთელი წელიწადი საბუთებზე სირბილი და ასევე ხარჯიც, არანაკლებია.
- დიახ, ვიცით ეს. - თავი დაუქნია ქალმა.
- ვიცი, რომ იცით. - კვერი დაუკრა მაკამ. - და არც მსგავსი პროცედურა ჯდება მთლიანობაში იაფი. - კვლავ ხაზი გაუსვა მაკამ. - ყოველი ბიუროკრატიული საბუთიც კი ფასიანია.
კაცმა თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია.
- ორჯერ გვქონდა მაგის გამოცდილება. - ნაღვლიანად დაიწყო ქალმა. - მაგრამ...
- მაგრამ? - ვეღარ მოითმინა მაკამ.
- მართლაც იმდენი გვარბენინეს და იმდენი გვაწვალეს და საბოლოოდ... - კაცი შეყოვნდა. სევდიანი სახით გახედა ცოლს.
- ახლა არ მითხრათ, რომ აყვანილი ბავშვი, უკანვე წაიყვანესო?! - შეეშველა მაკა.
კაცმა თავი დაუქნია. ქალმა თავი ჩაღუნა, ჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ღაპაღუპით გადმოცვენილი ცრემლები მოიწმინდა.
- პირველად ლამის, ყოველ დღე მივდიოდით ვნახულობდით ბავშვს. - გაბზარული ხმით დაიწყო ქალმა. - ზოგჯერ მთელი დღე ჩემთან იყო, მაგრამ საბუთების გაფორმება, რატომღაც ვერა და ვერ მოხერხდა.
- სავარაუდოდ, ბიუროკრატიზმი! - დაასკვნა მაკამ. - ან სულაც... - მაკა გაყუჩდა.
- სულაც, რა? - ვეღარ მოითმინა კაცმა.
- ნუუ... - მაკა თითქოს, უხერხულადაც შეიშმუშნა. - ვინმეს ფული ეცოტავა, რომელიმე სახელმწიფო მოხელეს, ან სულაც ბიოლოგიურმა დედამ გადაიფიქრა, რადგან შეიძლება, უკეთესი ვარიანტიც ნახა, ან უბრალოდ, მართლა გადაიფიქრა.
- მერე თუ ფული ეცოტავათ, ეთქვათ და დავუმატებდი! - კაცი სიბრაზისგან წამოჭარხლდა.
- არც მასე ადვილია, ზედმეტის მოთხოვნა. - მიუგო მაკამ. - მშვენივრად იციან, თუ როგორი საფრთხილო და სარისკოა, ამიტომაც ალბათ, ამ მიზნით შეაყოვნეს ბავშვის გაშვილება და რადგან თქვენგან არ წამოვიდა, თანხის დამატების წინადადება, დაშინდნენ და შეაჩერეს აყვანის პროცესი!
კაცმა ბრაზით გააქნია თავი.
- ეს მხოლოდ, ჩემი ვარაუდია. - განაგრძო მაკამ. - თუმცა, იქნებ სულაც, დედამ მართლა გადაიფიქრა, ან ახლობელი ნათესავი აღმოაჩნდა ბავშვს, რომელმაც ითავა მისი აღზრდა.
წუთით სიჩუმე ჩამოვარდა.
- და მეორე შემთხვევა? - იკითხა მაკამ.
- მეორე უფრო მძიმე იყო. - ამოიხვნეშა კაცმა.
ქალი თავს ვეღარ სწევდა და ქსუტუნით იწმენდდა ცრემლებს. ჩანდა, ისევ ქმარს მოუწევდა საუბრის გაგრძელება.
- უკვე სახლში გვყავდა მოყვანილი. - კაცს აშკარადა ხმა გაებზარა. - მეოთხე დღეს კი, წაიყვანეს...
- ალბათ, აქაც რამემ შეუშალა ხელი გაშვილებას. - შენიშნა მაკამ.
- და მერე, ასე როგორ შეიძლებოდა? - თავი გააქნია ქალმა.
- რა გითხრათ, აბა? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - ამიტომაც არის, ხოლმე რომ არც ვერევი მასეთ ამბებში. - თავი მოიკატუნა მაკამ. - თუმცა ახლა, რაღაც მომენტში მომიწია მაინც ოდნავ ჩარევა. 
- შეიძლება, ჩვენც ვიცოდეთ? - წაიკნავლა ქალმა. - რომ მერე, ისევ პრობლემის წინაშე არ დავდგეთ.
- თუ დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, ჩვენც გვითხარით. - ჩაურთო ქმარმა.
- არც იმდენად დიდი საიდუმლოა. - ცალყბად ჩაეღიმა მაკას. - მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ჩვენი ერთ-ერთი სანიტრის, რომელიღაც მეზობელი სოფლიდან წამოვიდა ასეთი ამბავი, რომ მარტოხელა მოხუც ბებიას, სურს თავისი ობოლი შვილიშვილის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილ ოჯახში გაშვილება! აი, სულ ეს იყო!
წყვილმა თავი დაუქნია მაკას.
- მთავარია, ბავშვი სითბოსა და სიყვარულში გაიზარდოსო და სხვა, არანაირი პრეტენზია არ მაქვსო. - განაგრძო მაკამ. - და როგორც გავიგე, მხოლოდ ჩემი დასამარხი ფული მქონდესო და სანამ ცოცხალი ვარ, ასე კუჭ გამომხმარი მაინც ნუ შევხვდები სიკვდილსო.
- მის კუჭსაც მშვენიერი მადა ჰქონია. - ცინიკურად აღნიშნა კაცმა.
- აბა, რა გითხრათ? - გაეცინა მაკას. - აი, სულ ეს იყო და ამის მერე, უკვე თქვენ პირადად, ვინ დაგიკავშირდათ და აქ ჩემთან, როგორ მოხვდით, მართლა არც კი ვიცი. - ყურებამდე გაუღიმა მაკამ და მშვენივრადაც იცოდა ყველაფერი.
- თქვენმა პედიატრმა გასინჯა. - დაიწყო ქალმა. - თუ რამე პრობლემა ექნებოდა ბავშვს, ბარემ ახლავე ვუმკურნალებდით.
- იმედია, ჯანმრთელია? - ჩაეკითხა მაკა და ესეც მშვენივრად იცოდა.
- კი, კი! - ერთხმად მიუგო წყვილმა.
- ყველაფერი წესრიგშია! - დაურთო ქალმა. - ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ბავშვი, არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არ ყოფილა.
- და რომც ყოფილიყო, მაინც ავიყვანდით. - დაუმატა კაცმა. - მაგრამ მაინც კარგია, რომ ბავშვი, ტრავმირებული არ არის.
- რა თქმა უნდა! - დაეთანხმა მაკა. - ბავშვობის ტრავმა, ხშირად საკმაოდ დიდ კვალს ტოვებს ადამიანზე.
- დიახ, დიახ! - კვერი დაუკრა კაცმა. - სწორედ ეგ ვიგულისხმეთ.
- ლევანიკო დავარქვით. - განაგრძო ქალმა. - ბებიამ, ახალ დაბადების მოწმობის აღებაზეც თანხმობა განაცხადა.
- და იმედია, ამას მერე, კიდევ რამე კუდები არ მოჰყვება. - ჩაურთო კაცმა.
- რაზეც ოფიციალურად მოაწერა ხელი და თანხმობა განაცხადა, კუდები და მაიმუნები რომც მოყვეს, კანონი მაინც თქვენს მხარეზეა! - ღიმილით მიუგო მაკამ. - და როგორც ვხედავ, პატარა ლევანიკოსაც ძალიან გაუმართლა...
და ის იყო, მაკას უნდა ეთქვა, რომ დაკავებული იყო და წყვილის წასვლის დრო იყო, რომ მისდა ბედად, ექთანმაც დაკაკუნებისთანავე შემოაღო კარი.
- მაკა ექიმო! ალეკო ექიმი, ცუდად გახდა და თქვენ გიხმობენ სასწრაფოდ, საკეისრო კვეთაა საჭირო! - აღელვებული ხმით მიახალა ექთანმა და პასუხსაც აღარ დაელოდა, უკანვე გაბრუნდა.
- რამ გახადა ნეტა ცუდად, ეს ახალგაზრდა კაცი? - დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა მაკამ და სტუმრებთან ერთად, თავადაც წამოდგა.
- და ხშირად ტოვებენ სამშობიაროში ჩვილებს? - უკვე კართან მისულმა იკითხა ქალმა.
- რამდენად ხშირად? ვერაფერს გეტყვით? - მხრები აიჩეჩა მაკამ.
- ეს ერთი წელი ჯერ შევიჩვევთ ბიჭს და მერე იქნებ, პატარა დაიკოც... - ქალმა მაკას მუდარით შეხედა.
- ან ძამიკოც... - დაურთო კაცმა.
- ასე წინასწარ, ვერაფერს შეგპირდებით. - ღიმილით მიუგო მაკამ. - მაგრამ მხედველობაში მეყოლებით. მეტი აბა, რა გითხრათ?
წყვილმა ბედნიერი სახით დატოვა მაკას კაბინეტი.
მაკაც საკმაოდ გაბადრული იყო. ახლაც კარგად ჩაიჯიბა და ჩანდა, რომ მომავალშიც ელოდა იმავე წყვილისგან ფული ჩაკუჭვა ჯიბეში.
- ამ ალეკოს, რაღა ეტაკა ნეტა? - გაკვირვებით იკითხა მაკამ, როცა ალეკო ექიმის პაციენტს, საკეისრო კვეთის ოპერაცია, წარმატებით ჩაუტარა.
- რა ვიცი, მაკა ექიმო. - მყისვე აქაქანდა ელზა ექიმი. - ჯერ ვითომ, თავს მშვენივრად გრძნობდა, მაგრამ მერე, სულ ცივი ოფლი ასხამდა შუბლზე და თვალები უბნელდებოდა, მაშინვე საორდინატოროში წამოვაწვინეთ, წნევაც გაუზომეს გოგოებმა და...
ელზა კიდევ განაგრძობდა ქაქანს, მაკა კი აღარ უსმენდა და თავისთვის ფიქრობდა.
„ხომ არ იჩხირავს, ეგ უბედური, ნეტა?“
გაიფიქრა თუ არა, მაშინვე გაეშურა ალეკოს მოსანახულებლად, რათა ნებისმიერი სიტუაცია, თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
საორდინატოროში წამოგორებული ალეკო ექიმი, უკვე კარგ ხასიათზე იყო მოსული და თავს მშვენივრად, საკმაოდ მხიარულადაც გრძნობდა, ახალგაზრდა ექთანი გოგონებისა, თუ ექიმების გარემოცვაში. კისკისი და ჟრიამული, იქაურობას აყრუებდა. საკმაოდ სიმპათიურ, დასაოჯახებელ ახალგაზრდა ექიმს, არასდროს აკლდა საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღება და არც თავად იყო უარზე. ადვილად ეხვეოდა რომანტიკულ თავგადასავლებში და თუ საჭიროება მოითხოვდა, აბორტსაც თავად უკეთებდა, მისგანვე დაორსულებულ, უკვე ყოფილ სატრფოს.
მაკამ ეს ყველაფერი იცოდა, თუმცა არც იმდენად დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა, მაგრამ მაკასთვის ეს ყველაფერი, ვერაფერი სახარბიელო ინფორმაცია იყო. ასეთ ამბები, ცნობილ მექალთანე ახალგაზრდა კაცზე, დიდი არაფერიც იყო და არც შანტაჟისთვის გამოდგებოდა, ამიტომ ახლა უფრო დაინტერესდა მაკა ექიმი, თუ რის გამო ვერ შესძლო გამოცდილმა ექიმმა, საკეისრო კვეთის ჩატარება, იმ დროს როცა უკვე დაწყებული იყო ოპერაცია და პაციენტიც უკვე ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდა. ასეთმა, რამ შეუშალა ხელი, როცა ახლა თავს, საკმაოდ კარგად გრძნობდა და მშვენიერ ხასიათზეც იყო.
საორდინატოროში მაკა ექიმის გამოჩენაზე, ის გამაყრუებელი ხორხოცი შეწყდა და შედარებით, მორიდებულ თავშეკავებულ კისკისში გადავიდა.
- რას ჩაჩუმდით?! - მხიარული ხმით შეუძახა მაკამ. - თუ სასაცილოა, მეც გამაცინეთ!
- აბა, ქალბატონ მაკას, შევაგებოთ ყველაზე მხიარული ანეკდოტი! - დასჭექა ალეკომ, რასაც კვლავ, იქ მყოფთა კისკისი მოჰყვა.
გაიწ-გამოიწიეს და მოწიწებით დაუთმეს გზა, სამშობიაროს მთავარ ექიმს.
მაკა ექიმი, გაბადრული ღიმილით, საწოლთან იმდენად ახლოს ჩამოუჯდა „პაციენტს“, რომ თვალებში კარგად ჩაკვირვებოდა, თან პულსიც გაუსინჯა, თან წნევაც იკითხა, რამდენი ჰქონდაო.
- რა ვიცი, წეღან რა მეტაკა? - ალეკო ექიმმა, მაკა ექიმის მარწუხებიდან მაჯა გაითავისუფლა, წამდაუწუმ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა და ცდილობდა, მაკასთვის მზერა აერიდებინა.
მაკა კი მაინც დაჟინებით ჩაშტერებოდა ამღვრეულ თვალებში, მერე ხალათის სახელოც, ზომაზე მეტად წამოუწია, ვითომ აინტერესებდა, წნევა ახლა რამდენი აქვსო, სინამდვილეში კი ნანემსარების კვალს ეძებდა, თუმცა მსგავსი ვერაფერი შენიშნა, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. ალეკო ექიმის ცუდად გახდომა, ეს სულაც არ იყო ბახუსის შედეგი, როგორც თავად იფიცებოდა, არამედ აშკარად გამოხატული ნარკოტიკების ზეგავლენა იყო.
„ჰმ, ერთი ნაჩხვლეტიც კი არა აქვს.“
ფიქრობდა მაკა.
„და აბა, როგორ გაიკეთა? ან სად? იქნებ, ფეხის თითებს შუა, რომ შესამჩნევი არ ყოფილიყო?
მდაა, ახლა ფეხზე ნამდვილად ვერ გავხდი. რაღაც მიზეზი, მაინც ხომ უნდა მქონდეს.“
მაკა ახლა უფრო კარგად ჩააკვირდა. ალეკოს კი, ერთი სული ჰქონდა, როდის დაუძვრებოდა მაკას ხელიდან. წამოდგომაც კი სცადა, მაგრამ მაკამ არ დაანება, სანამ წნევა თავიდან არ გაუზომა და პულსიც კარგად არ დაუთვალა. ამასობაში თან, უფრო და უფრო დაკვირვებით ჩაჰყურებდა თვალებში, რომელსაც ალეკო ექიმი, უკვე ასე აშკარად არიდებდა.
- არ უნდა დამელია ამდენი. - აწუწუნდა ალეკო ექიმი.
- ჰო, ჩემო კარგო. - ირონიულად მიუგო მაკამ. - არ უნდა აჰყვე ხოლმე ვნებებს! ახალგაზრდა კაცი ხარ, წარმატებული გინეკოლოგი და რის გულისთვის იფუჭებ, ჯანმრთელობას და რისთვის იღუპავ თავს?
ალეკო ექიმი, სულ გაფითრდა. მშვენივრადაც მიუხვდა მაკას მინიშნებას. თუმცა, მინიშნება კი არა ლამის, პირდაპირი ნათქვამი იყო.
- გირჩევ დღეს, სახლში წახვიდე. - მშვიდი ხმით განაგრძო მაკამ. - გამოიძინე, დაისვენე, კარგად დაფიქრდი, შენ! თავად ექიმო! რომ ჯანმრთელობას, ვერანაირი ოქრო და ვერცხლი ვერ გადასწონის.
- უკვე კარგად ვარ! - მედგრად მიუგო ალეკომ და ტახტიდან წამოიწია. - გავაგრძელებ მუშაობს, თან ამაღამ მორიგეც ვარ.
- არავითარ შემთხვევაში! - კოპები შეკრა მაკამ. - შუა ოპერაციის დროს, კინაღამ შენ თვითონაც საოპერაციო გახდი. ახლა როგორ გგონია, რომ პაციენტებთან, ასე ადვილად მიგიშვებ?
ალეკო ექიმი უხერხულად აიწურა.
- ეს ღამე კი არა, მინდა ერთი კვირით დაისვენო! ან თუნდაც, გამოკვლევა ჩაიტარო! ასეთ ახალგაზრდა კაცს, ასე უცებ რა გეტაკა? არ უნდა იცოდე? - მაკა კვლავ, შეტევაზე იყო, თუმცა ხმა, რბილი და ალერსიანი ჰქონდა, მაგრამ თვალები, ავად უელავდა.
- აუ, მაკა ექიმო. - შეწუხებული ხმით მიუგო ალეკომ. - ახლა რომ სახლში მივიდე გაგიჟდება დედაჩემი, რა მოგივიდაო. დავრჩები რა აქ, მაინც მორიგე ვარ! გეფიცები, პაციენტებს ახლოსაც არ გავეკარები, სანიტრის მოვალეობას შევასრულებ! თუნდაც, სუდნოებსაც გავიტან, ოღონდ ახლა სახლში, მართლა არ გამაბრუნოთ, რაა...
- ისე, ჰოო... - ირონიული ხმით დაიწყო მაკამ. - ვესტიბიულში, იატაკია მოსახეხი და მთავარი კიბეა ჩამოსარეცხი!
ალეკო ექიმი შეიშმუშნა.
- ჰო, კარგი, კარგი! - გაეცინა მაკას. - დედაშენი მეცოდება, სულ ნუ გადავრევთ იმ ქალს! დარჩი აქ და გამოიძინე. - მაკა კარისკენ დაიძრა და მერე, უფრო მკაცრი ხმით შეუტია. - და მართლა არ გნახო დღეს, პაციენტებთან მიკარებული!
მაკამ საორდინატორო დატოვა და ალეკო ექიმმაც, შვებით ამოისუნთქა. თუმცა, ჯერ კიდევ სად იყო და რა ელოდა წინ მაკასგან, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
LEX. 2022 წლის 19 ივლისი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment