Tuesday, November 2, 2021

ნატის ჩექმები (ნაწილი 17)

17.
- თქვენთან მომასწავლეს. - მაკამ მორიდებით შეაღო, მთავარი ექიმის კარი. - როგორც ქალაქში, ერთ-ერთი საუკეთესო, სანდო, გამორჩეული და გულისხმიერი სპეციალისტი. 
- მობრძანდით. - ჭარმაგმა კაცმა, სათვალის ქვემოდან გამოხედა. აშკარად ესიამოვნა, სიმპათიური ქალისგან ამდენი მსუყე კომპლიმენტი. 
მაკა ექიმი, მის პირდაპირ ნაზად ჩაესვენა სავარძელში და თბილი, მომხიბვლელი ღიმილითაც დაასაჩუქრა. 
კაცი სავარძელში შესწორდა და ახლა უფრო კარგად შეათვალიერა უცხო ქალი. 
- თქვენ... - კაცს თითქოს, ენა დაება კიდევაც. - ორსულად ხართ... 
- ჰმ, რა იყო? - ღიმილით მიუგო მაკამ. - არც იმხელა ასაკში ვარ, რომ ჯერ კიდევ ბავშვის გაჩენა ვერ შევძლო. 
- არა, მე ასაკი არც მიგულისხმია. - კაცი უხერხულად შეიშმუშნა. 
- მაინც, მაგრამ ეგ თემა, ჩემთვის უკვე აღარ არის აქტუალური, რადგან უკვე მოზარდი ბიჭი მყავს სახლში. 
- მართლა? - გაუღიმა კაცმა, მაცდურ სტუმარს. - ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამხელა შვილი გეყოლებოდათ. 
- დიახ. - თავი ნაზად დაუქნია მაკამ. - უკვე თხუთმეტი წლის არის. 
- მაშინ, რადგან შვილის გაჩენას არც გეგმავთ, ესე იგი, ქალური პრობლემები გაწუხებთ, არა? 
- სულაც არა! - მხრები აიჩეჩა მაკამ. 
- ?? აბა?? - გაიკვირვა კაცმა. - ჩემთან მაშინ რატომ მოხვედით? ვინმე თქვენს ახლობელს აქვს პრობლემა? 
- დიახ! - მიუგო მაკამ. - ისედაც ცოტანი ვართ და ასეთ მცირე ერს, გამრავლების გარდა, მოვლაც ხომ უნდა? 
- რა თქმა უნდა! - თავი დაუქნია კაცმა. 
- ჰოდა, არა მარტო გოჭებივით დაყრაა საჭირო, არამედ როცა შვილს აჩენ, იმ ბავშვის რჩენაც უნდა შეგეძლოს. კარგად უნდა გამოკვებო, რომ ჯანმრთელი გაიზარდოს, წესიერად უნდა ჩააცვა, კარგ სკოლაში მიიყვანო, ასევე საუკეთესო ექიმთანაც ხანდახან ვიზიტიც არის აუცილებელი და ათასში ერთხელ არა, როგორც აქ იციან ხოლმე. 
- ჰო, რა თქმა უნდა. - კვლავ დაეთანხმა კაცი, თუმცა უკვე მის მზერაში ახლა უფრო მეტი გაკვირვება იგრძნობოდა. - სანამ მართლა იძულებული არ გახდებიან, მანამდე არც მიიყვანენ ბავშვს ექიმთან და არც თავად მიდიან... 
- და იაფად გამოძრომასაც ცდილობენ. - დაურთო მაკამ. 
პასუხად კაცმა თვალები აზიდა. 
- და ეს სიიაფეც იმიტომ გაწყობს, რომ არ გაქვს მეტის საშუალება და რადგან ისედაც გროშებზე ცხოვრობ? და რატომ მერე? - ჩაეკითხა მაკა. - რად გინდა იმდენი შვილი, რამდენის რჩენის თავიც არ გაქვს? 
კაცი გაშტერებული შეჰყურებდა ამ უცნაურ სტუმარს. 
- და მერე რამდენი შეძლებული ოჯახი რჩება უშვილოდ. - დანანებით გააქნია თავი მაკამ. - და მერე რამდენი ოჯახი ნატრობს, ბავშვის ტიტინის ხმა, მის სახლიდანაც რომ ხშირად ისმოდეს! - დასრულა მაკამ სასოწარკვეთილი ხმით და კაცს მიაჩერდა. 
კაცი ახლა უფრო მეტი დაკვირვებით ჩააშტერდა მაკას. 
- უნდა იმკურნალონ მერე უშვილო ოჯახებში, როგორც ქალმა, ისე მამაკაცმაც. - მშვიდი ხმით მიუგო კაცმა. - დღემდე რატომღაც ქმრები ფეხს ითრევენ და მარტო ცოლებს უშვებენ ექიმთან. არადა ზოგჯერ, ქმარსაც დიდი პრობლემა აქვს. 
- ჰო, მაგრამ. - მაკას სახეზე მაცდური ღიმილი აუთამაშდა. - ყოველთვის, ყველა და ყველაფერი მკურნალობას ხომ არ ექვემდებარება? ზოგჯერ სულ სხვა ჩარევაც გააბედნიერებს უშვილო წყვილს. 
- და ამით, რის თქმას ცდილობთ? - კაცი, თითქოს ბრაზობდა. თუმცა, იქნებ ეს ქალი სულაც შუამავლის როლში იყო. 
„ან იქნებ, ჩემს დასაღუპად არის მოგზავნილი?“ 
გაივლო გულში კაცმა და მაკას თვალი მკაცრად გაუსწორა. 
- არაფერს არ ვცდილობ. - ჩვეული ხმით მიუგო მაკამ. - ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, უკვე გითხარით. 
არც მაკა იყო, სიფრთხილის ნაკლები მოყვარული. რა გარანტია ჰქონდა, რომ ამ კაცს თავის კაბინეტში არ უსმენდნენ. ამიტომაც, შორიდან მოუარა და სათქმელი მაინც გასაგებად უთხრა. 
ერთ ხანს, დუმილიც ჩამოვარდა. თუმცა, დიდ ხანს მაინც არ გასტანა, რადგან ოთახში ახალგაზრდა თეთრ ხალათიანმა გოგონამ შემოიხედა. 
- უჰ! დაკავებული ბრძანდებით?! 
და მაშინვე უკან გავიდა. თუმცა, მანამდე მაკასთვის თვალის შევლება მაინც მოასწრო. 
მაკას კი ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ თითქოს, სპეციალურად მის სანახავად შემოიხედა ამ გოგომ. 
- გამოვალ მალე. - მიაძახა კაცმა და კვლავ მაკას მიაშტერდა 
- ძალიან სიმპათიური თანამშრომლები გყოლიათ. - ღიმილით აღნიშნა მაკამ. 
- კი, ლამაზი გოგონაა, მაგრამ ცოტა თავში უქრის ხოლმე. ისე, ნიჭიერია და სულაც არ არის ზარმაცი. 
- საკმაოდ გამჭრიახიც ჩანს. - ჩაეღიმა მაკას. - ისეთი ინტერესით შემათვალიერა, რომ ალბათ, მეტოქეც ვეგონე. არადა, რომ იცოდეს, რომ თქვენი კოლეგა ვარ და მეც თქვენსავით უამრავი ქალი გავხადე დედად. 
- ჰმ. - ღიმილითვე მიუგო კაცმა. - ჩემი ქალიშვილია. 
- აჰ! - წარბები აზიდა მაკამ. - რა ლამაზი გოგონაა და თანაც, ჩვენი კოლეგაც ყოფილა. სასიამოვნოა. 
- ესე იგი, გინეკოლოგი ხართ? 
- დიახ! 
- ჩემი შვილი, ჯერ ჯერობით პედიატრობს და ვნახოთ მერე, სტუდენტია, აქ გადიან პრაქტიკებს. - მიუგო კაცმა და კვლავ ინტერესით ჩააჩერდა ქალს, კიდევ ვერ იგებდა, რისთვის იყო მოსული ეს უცხო სტუმარი. 
- ასეა, თუ ისეა, მაინც კოლეგები გამოვდივართ. - დაურთო მაკამ. 
- ჩვენთან თუ აპირებთ მუშაობის დაწყებას. - ახლა სხვა მხრიდან მოუარა კაცმა. - ამ ეტაპზე, ვაკანსიები ნამდვილად არ გვაქვს, ისედაც სამინისტროდან ხშირად მოდის შემცირების ბრძანება და... 
- დიახ, ვიცი. - თავი დაუქნია მაკამ. - ჩვენთანაც მასეა. 
- თქვენც სამშობიაროში მუშაობთ? 
- დიახ! - თავი ოდნავ დაუკრა მაკამ. - მხოლოდ თქვენგან განსხვავებით, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ სამშობიარო სახლს ვხელმძღვანელობ. 
- მერე? რამ გადმოგისროლათ ამ დასალიერში? - ჩაეღიმა კაცს. - მოგვიტევეთ ჩვენ, გოიმებს, რომ ცენტრალური ქალაქის ამბებისგან ასე შორს ვართ. 
მაკას გულიანად გაეცინა. 
- და მაინც? - ჩაეკითხა კაცი. - თქვენი აქ მოსვლის მიზეზი?
- ხომ გითხარით, უკვე? მინდა ყველა ქალმა, ნუ რა თქმა უნდა ვისაც ამის სურვილი აქვს, იგრძნოს თავი დედად, მშობლად! მინდა ყველა სახლიდან ისმოდეს ბავშვის ტიტინი, იქ სადაც პატარას ასე გულით ნატრობენ და მოელიან.
მაკა გაჩუმდა. 
კაცი სავარძელში შესწორდა. მერე პერანგის საყელოც ისე შეისწორა, თითქოს უჭერსო. 
- ვითანამშრომლოთ! - მაკა წამოდგა და თავისი სავიზიტო ბარათი გაუწოდა.
კაცმა გამოართვა. ბარათი კარგად შეათვალიერა და იქვე მაგიდაზე დადო. მაკა მაშინვე სწვდა თავის ბარათს და უკანვე ჩანთაში ჩააბრუნა. 
- იყოს, ეს ჩემთან. - მიუგო მაკამ. - ასე სჯობს და დილით უკვე დაგირეკეთ და ამ შეხვედრაზე შევთანხმდით.
ამით მაკამ მიანიშნა, რომ კაცს, სწორედ იმ ნომერზე უნდა დაერეკა, რომლითაც მაკა შეეხმიანა და მასთან ვიზიტიც დაჯავშნა.
კაცმა ცალყბად გაუღიმა და უხმოდ დაუქნია თავი. უკვე ყველაფერი გასაგები იყო. ეს ვიღაც უცხო ქალი, თანამშრომლობას სთავაზობდა, თანაც მშვენივრადაც მიანიშნა, რომ ჯერ თავად არც ენდობოდა ბოლომდე, მაგრამ მაინც რა გარანტია ჰქონდა ამ კაცს? იქნებ, მართლა მოგზავნილი იყო ეს ქალი? 
მაკა უკვე წასასვლელად მზად იყო, რომ კაცმა, როგორც იქნა დაძრა სიტყვა: 
- სიამოვნებით დაგპატიჟებდით ყავაზე.
- მმმ. - მაკამ ტუჩი გადმობრიცა. - ნამდვილად აღარ მაქვს ამდენი დრო. 
- მხოლოდ ფინჯან ყავაზე. - კვლავ შესთავაზა კაცმა და მერე თითქოს, ცოტა დამცინავი ტონიც გაურია. - რესტორანი კი არ მიგულისხმია! 
- აი, სარესტორნოდ, კიდევ ბევრჯერ გვექნება საქმე, თუ ერთმანეთს დავუდგებით მხარში! - მაკამ ახლა უფრო მეტი სითამამით გაუღიმა და იქაურობა დატოვა.
მშვენიერი იყო. მაკამ ყველაფერს თავი კარგად მოაბა. საკმაოდ ოსტატური მინიშნებებიც დაუტოვა და თანაც, ვისაც არ უნდა მოესმინა მათი საუბარი, ვერც ვერაფერს დაუმტკიცებდა. 
საკმაოდ დიდ ეიფორიას მოეცვა მაკას გული და გონება. თუმცა, სად ჰქონდა გული? და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როცა თავის კაბინეტში, მის გაუმაძღარ უკანალზე, რბილი სავარძელი მოირგო და მშვიდად ჩაესვენა. 
- მაკა ექიმო! - არც აცალა მშვიდად ყოფნა მაკას ყმა ექთანმა და მაშინვე შემოაღო კარი. - ალეკო ექიმი გკითხულობდა! 
- რა ჯანდაბა უნდოდა? - დაღლილი ხმით მიუგო მაკამ. 
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ექთანმა. - გიკითხათ, სად არისო? 
- ჰო, ბარემ ამოღერღე! - შეუტია მაკამ. - ამდენი დრო კი არ მაქვს, ისეთი დაღლილი ვარ. ქალაქის ბოლოდან მოვედი ახლა. 
- მართლა? - გაიკვირვა ექთანმა. 
- რა გაგიკვირდა? - ჩაეკითხა მაკა. - ნუთუ, მარტო სახლი და სამსახურია ჩემი ცხოვრების კრედო! გაგიკვირდება და პირადი ცხოვრებაც მაქვს! 
- რა თქმა უნდა. - მხრები აიჩეჩა ექთანმა. - პირადი ცხოვრება... 
- ჰოდა, რაო? - შეაწყვეტინა მაკამ. - რა ამბავი დამახვედრე ასეთი, რომ ამოსუნთქვაც არ მაცალე, ისე შემომეჭერი. 
- საორდინატოროში, შემთხვევით შევესწარი საუბარს. 
- შემთხვევით შეესწარი, თუ სპეციალურად დაესწარი? - მაკას გულიანად გაეცინა. - მერე? რაო? 
- ამ ბოლო დროს, ძალიან მომრავლდა ტყუპების გარდაცვალებაო. - დაბალი ხმით მიუგო ექთანმა. ხან ტყუპისცალი იღუპება და ხანაც ორივეო. 
- ჰოო? - დაინტერესდა მაკამ. - და მერეო? 
- ყველაზე უფრო მეტად, მაკა ექიმის პერიოდშია გარდაცვლილიო... 
- რაო? რაო? - წამოენთო მაკა. - ერთი დაჯექი აქ და წესიერად მომიყევი, ზუსტად ვინ რას ამბობდა და კიდევ ვინ ისმენდა იქ. 
ექთანი იქვე ჩამოჯდა და დაწვრილებით მოყოლა დაიწყო. ვინ რა თქვა, მერე ვინ შეეპასუხა, ვინ რა დაუმატა და ყველა ეს საუბარი, თუ მითქმა-მოთქმა, მაინც იმის ირგვლივ ტრიალებდა, თუ როგორ ხშირად ეღუპებათ მაკას პაციენტებს ტყუპი ჩვილები. 
- და ჩემს ხელში, რომ ყველაზე მცირე შემთხვევაა, თვითონ მშობიარეს დაღუპვის, ამაზე არავინ ხმა არ ამოიღო? - კოპები შეკრა მაკამ. 
- ეგ, არც არავის უხსენებია. 
- ჰმ, ყველა გაჩუმდა, არა? - ცინიკურად ჩაეღიმა მაკას, მაგრამ თვალები მაინც რისხვით აენთო. 
ექთანმა თავი ისე ჩაღუნა, თითქოს თავად ყოფილიყო დამნაშავე. 
- შენ არც არაფერი გითქვამს და არც სხვის საუბარში ჩარეულხარ? - ჩაეკითხა მაკა. 
- თავიდან ვიფიქრე, მაგრამ მერე გავჩუმდი. 
- ძალიან კარგი. - შეაქო მაკამ. 
ექთანმა ერთგული თვალები შეანათა. აშკარად ესიამოვნა მაკა ექიმის შექება. 
- თქვენ, ხომ ასე გამაფრთხილეთ, რომ ხმა არ უნდა ამომეღო. არც გაქოთ და არც გაძაგოთ. 
- ისე, ხანდახან. - განაგრძო მაკამ. - შენც შეგიძლია თქვა ჩემზე, ერთი-ორი სიტყვა. 
- აწი, ვიტყვი ხოლმე. - თვალები გაუბრწყინდა ექთანს. - სულ თქვენს ქებაში ვიქნები! 
- არა, არა! - გაეცინა მაკას. - გადამეტებული ქება ნამდვილად არ მინდა. - მაკა წამით შეყოვნდა. - პრინციპში, ქება სულაც არ მინდა. ხანდახან შეგიძლია, ისე რბილად, წამკბინო ხალხში. 
ექთანმა ღიმილით დაუქნია თავი. 
- უფრო ჩემს მკაცრ ან თუნდაც, კაპრიზულ ხასიათს გაუსვი ხაზი. 
- ასე ვიზამ. - კვლავ დაუქნია თავი ექთანმა. 
- ზოგჯერ, ასეთი ტაქტიკაც საჭიროა, რადგან უფრო მეტ ნდობას მოიპოვებ იმ ხალხისგან, ვინც მე მკბენს და ჩემზე ჭორაობს. 
- გასაგებია, მაკა ექიმო. 
- და ალეკო ექიმმა, რაო? 
- არ ვიცი? - მხრები აიჩეჩა ექთანმა. - ჯერ არ მოსულაო? 
- ჰმ. - უკმაყოფილოდ დაბრიცა სახე მაკამ. - რა უნდა ნეტავ? კიდევ ვიღაცის მოთრევას ხომ არ აპირებს? 
- მერე თქვენც, უარი უთხარით! 
- არ გამოვა მასე. - ამოიხვნეშა მაკამ. - არ გამოვა, თორემ ზოგჯერ ის ალეკოს მოთრეული პედიატრი, ლამრიკოც ისე ნერვებს მიშლის, ხოლმე, რომ ლამის ფანჯრიდან ვისროლო და ალეკოც ზედ მივაყოლო. 
- ჰმ. რამდენჯერ მინატრია იმ ლამარას გაჩეჩვა! 
- ჰოდა, არ გამოვა მასე. - მიუგო მაკამ. - რადგან ალეკოს, დიდი პროტექცია აქვს! ზემოდან მფარველობენ, მეც რაც შემიძლია ვუღიმი და ვუჟუჟუნებ თვალებს.
- ნუ, რას ვიზამთ? - ექთანმა უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები. 
- კარგი! მოვრჩეთ ახლა ჭორაობას და ჩვენს საქმეს მივხედოთ! - შემართებით დაიწყო მაკამ. - აბა, ვინ გვყავს დღეს მენიუში? ბიჭი, თუ გოგო? 
- მგონი ნაადრევი მშობიარობა გველოდება. - მიუგო ექთანმა. - შვიდ თვეზე შემოიყვანეს და შენარჩუნებაზე დააწვინეს. 
- ექოსკოპიამ რაო? - ჩაეკითხა მაკა. 
- ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობსო და რა ვიცი. 
- და აბა, მაშინ რატომ მოიყვანეს? - გაიკვირვა მაკამ. - მშობიარობაც თუ არ ეწყება და ყველაფერი ნორმაშია, მაშინ შენარჩუნებაზე რაღაზე დააწვინეს? 
- იქნებ, ეშინია და ამიტომ თავი დაიზღვია, როცა ტყუპებს ელოდება. 
- ტყუპებია? - მაკამ წარბები აზიდა. 
- კი, მაკა ექიმო. - თავი დაუკრა ქალმა. - ამიტომაც, ჩვენს პალატაში მოვათავსე, ისე ცოტა ბრძოლა კი მომიხდა და ალბათ, ალეკო ექიმსაც თვალში რომ არ მოხვდით, ახალი პაციენტი შემოსვლისას, მაგიტომაც გიკითხათ. 
- ჰმ, ალბათ ალეკოს უნდა არა, თავის პალატაში დაეწვინა? 
- ალბათ, უნდოდა კიდევაც, მაგრამ მე უკვე ვიცოდი, რომ ამ ორსულ ქალს, აქ წინასწარ აყვანილი ექიმი არ ჰყავდა და მაშინვე ჩავავლე ხელი, ეს მაკას პაციენტია, მეთქი. 
- ყოჩაღ შენ! - შეაქო მაკამ. 
- ალეკო ექიმს, აშკარად არ ესიამოვნა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. - ნიშნის მოგებით მიუგო ექთანმა. - აბა მართლა, გამოკითხვას ხომ არ დაუწყებდა, შენ ნამდვილად მაკასთან მოხვედიო? 
- ძალიან კარგი! - კვლავ შეაქო მაკამ. - ძალიან ყოჩაღი მყავხარ და ამისთვის სპეციალური პრიზიც კი გეკუთვნის, მერე თუ ეს საქმეც ჩვენებურად გამოგვივა, მაგრამ ახლა ეს... - მაკამ ხელჩანთა გახსნა და იქიდან სუნამო ამოიღო და ექთანს გაუწოდა. - სულ ორჯერ დავისხი, აი ეტყობა კიდეც, რომ თითქმის სავსეა. 
- ვაიმე, რატომ წუხდებით მაკა ექიმო? - თვალები გაუბრწყინდა ექთანს. - როგორი კეთილი ხართ. 
- კარგი, რაა. - შეიფერა მაკამაც. - ეს დიდი არაფერია, მთავარია ჩვენი ბონუსები, არა? - თვალი ჩაუკრა მაკამ. 
- გაგიჟდება ჩემი შვილიშვილი, ამ სუნამოს რომ მივუტან. 
- მერე არ ეწყინება, გახსნილია რომ არის? 
- რას ამბობთ? - არ შეეპუა ექთანი. - მშვენივრად მიხვდება, ეს სუნამო რაც ღირს, ძალიან კარგად ერკვევა ფასებშიც და ბრენდებში. 
პასუხად, მაკას გაეღიმა. ექთანი კიდევ მადლობებს უხდიდა მანამდე, სანამ მაკამ ხელით არ შეაჩერა. 
- კარგი, კარგი! ახლა მინდა, ჯერ იმ ახალი ორსულის ისტორია შემომიტანო და მერე პაციენტსაც გავსინჯავ. 
სანამ მაკა ახალი საკბილოს ისტორიას ეცნობოდა, მანამდე ექთანიც დატრიალდა და ცხელ-ცხელი ამბებიც შემოუტანა ექიმს. 
- ქალ-ვაჟია და დედამაც იცის. 
- მერე? - ჩაეკითხა მაკა. - ოჯახის წევრები? ვინა ვართო? 
- ორივე მშობელი 22 წლისები არიან, კლასელები ყოფილან და მერე... 
- მათი რომანტიული ისტორიები არ მაინტერესებს. - შეაწყვეტინა მაკამ. - შენ ის თუ გაიგე, ოჯახში რა სიტუაცია აქვთ? 
- როგორ არ გავიგე! - ამაყად მიუგო ექთანმა. - არც დედამთილი ჩანს კმაყოფილი და რაღაც, სიდედრიც მტრულად უმზერს სიძეს. 
- ჰოო? - წარბები აზიდა მაკამ. 
- ჯერ რა ეჩქარებოდათო, აწუწუნდა ერთი მხარე, მერე მეორემ, როგორი რთულია ახლა შვილის გაზრდაო, ისევ ბებიების კისერზე გადავაო და თან ტყუპებისო დაუმატა მეორემ. 
- აჰა, ესე იგი, მარტო იმ ორ სულელ ახლაგაზრდას უნდა ამ ბავშვების მოვლა?
- ასე გამოდის! 
- და როგორც ვხედავ, არც ერთი ბებია არ მოიკლავს თავს ჯაფით? ჰმ. 
- ასე ჩანს. - კვერი დაუკრა ექთანმა. 
- და აბა, ჩვენ რაღას ვუცდით? 
ექთანმა გაკვირვებული სახით შეხედა. ვერ მიუხვდა მაკა რას გულისხმობდა. 
- მთელი ორი თვე, ცხრა თვემდე რომ მიაღწიოს მაგის ორსულობამ, აქ უნდა იწვეს და რატომ უნდა იწვალოს ტყუილად? 
- და, რა ვქნათ? 
- დავიწყოთ ნელ-ნელა მშობიარობის გამომწვევი ინექციები. 
- და ბავშვებზე, რომ იმოქმედოს, მერე? 
- ამიტომ ჯერ ვაგზავნით, ხელმეორე ექოსკოპიაზე, მე ჯერ არ გამოვჩნდები, პალატის ექიმი მიხედავს ყველაფერს, ანალიზების და ყველაფრის პასუხები იდოს ჩემთან მაგიდაზე და დავიწყოთ ჩვენი ოპერაცია. 
- დავუწყო უკვე ნემსების გაკეთება? 
- ამ წუთას არ გითხარი? - უკმაყოფილოდ მიუგო მაკამ. - ყველა ანალიზი, ხელმეორედ გადაისინჯოს, მერე მე გადავხედავ და იმის მიხედვით დავიწყებთ.
როგორც იქნა, ექთანი გავიდა. მაკა ფიქრებში ჩაეფლო. მერე გონებაში თვალი გადაავლო თავის კლიენტებს. ზოგს ბიჭი უნდოდა, ზოგს გოგო, მაგრამ შერეული ტყუპები კი, ბევრად ძვირი სიამოვნება იყო. 
მაკა, ჯერ კიდევ იმის ფიქრში იყო, აღარ იცოდა, ერთი ტყუპი აეცანცლა დედისთვის, თუ ორივე, რომ ამ დროს რაღაც უცნაური მობილურის ზარი მოესმა. ხმა მისი ჩანთიდან მოდიოდა. გაოგნებულმა მაკამ ჩანთა გახსნა და ახლაღა გაიხსენა, ის დილით, სხვის სახელზე შეძენილი მობილური. 
მაკამ ტელეფონი ხელში შეათამაშა. ზარი შეწყდა, მაგრამ მაშინვე განმეორდა. სწორედ ის კაცი ურეკავდა, ვისი გულისთვისაც დილიდან ასე ოპერატიულად იმოქმედა. 
მაკამ ზარს უპასუხა. ქალაქის ბოლოში მდებარე სამშობიაროს მთავარი ექიმი, ყავაზე ეპატიჟებოდა მაკას. 
მაკა სიამოვნებით დათანხმდა. 
LEX. 2021 წლის 2 ნოემბერი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment