Tuesday, November 9, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 132)

132. 
დიმეოს ჯერ ღამით უნდოდა ისევ იმ სხვენში აძრომა. რას ეძებდა ან რა უნდოდა, თავადაც არ იცოდა და მხოლოდ იმაში იყო დარწმუნებული, რომ სხვენის იმ ოთახებს, უთუოდ სხვა შესასვლელიც უნდა ჰქონოდა, საიდანაც ვიღაც, ჩვეულებრივ შედიოდა და გამოდიოდა. ან სავარაუდოდ, იქვეც ცხოვრობდა. შეიძლება იმ მოხუცის ნათესავი იყო, ან სულაც მომვლელი, მაგრამ ვინ? ან საიდან დადიოდა? 
დიმეომ მაშინ მხოლოდ იმ ქალის ჩრდილს მოჰკრა თვალი და შიშისგან თვალები იმდენ ხანს ჰქონდა დახუჭული, სანამ ქალმა საკუჭნაოს კარი ბოლომდე არ მიიხურა. ახლა ქუჩაშიც რომ შეხვედროდა, ნამდვილად ვერ იცნობდა და ვინ იცის? იქნებ, არა ერთხელაც ჰყავდა ნანახი, იქ ეზოში ან სადმე მახლობლად. 
არა, მარტო ისევ აძრომა და ისევ იმ ჭკუიდან შეშლილი, გამოკეტილი მოხუცის სულ ტყუილად ანერვიულება არაფერს მოუტანდა. ისევ სჯობდა კარგად დაელაგებინა და გაეაზრებინა, თუ როგორ შეეტყო ვინ იყო და რატომ ცხოვრობდა მათი სახლის სხვენში, როცა სხვა ცარიელი ბინებიც იყო, როგორც იმ ეზოში, ასევე გვერდით ეზოებშიც. 
- ზოგიერთი ბინა, რატომ არის დაკეტილი? - გულუბრყვილო სახით იკითხა დიმეომ. 
ბაბუ წამით ჩაფიქრდა. უკვე მერამდენედ კითხულობდა ბავშვი ამას. 
- რატომ ბაბუ და სარემონტოა და იმიტომ. - მიუგო ბაბუამ. - იქ არ იცხოვრება. 
- მერე რამდენი უსახლკაროა, შევიდნენ და იცხოვრონ! - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. 
- ბაბუ დღეს, სხვა დროა და არც იმდენად უსახლკაროები არიან. - ჩაეღიმა მოხუცს და ისიც კი გაიფიქრა, ალბათ ამიტომაც კითხულობსო და ცოტა გულზე მოეშვა. 
- მართლა? - დიმეოს კვლავ მიამიტი გამოხედვა ჰქონდა. 
- ჰო. ზოგს სოფელი აქვს და არ მიდის იქ. ნუ, მიზეზს რა გამოლევს, ზოგს კი ასეთივე სარემონტო ბინა აქვს და არ უნდა იქ ღამის გათევა. ზოგს კიდევ რა ვიცი? აბა, მე ხომ არ გავურემონტებ? - ბაბუ გაჩუმდა და მალევე განაგრძო. - ზოგს ისე, შეიძლება მართლაც არ ჰქონდეს ღამის გასათევი. 
„ჰმ. საინტერესოა.“ 
გაიფიქრა ბიჭმა. 
„იმ სხვენში თუ აიყვანეს მუშები და მშვენიერ სუფთა ოთახებად აქციეს, სხვა სართულებზე რატომ არ გააკეთეს მასე? 
თუ ის ქალი, შეშლილი რომ არის იმიტომ? ალბათ, ღამით ყვირის ან დღისითაც და ხალხი წუხდება, ვითომ? 
ისე, ჰო, რომ დამინახა, რამხელა ხმით იჩხავლა.“ 
დიმეო ერთ ხანს გაყუჩული იჯდა. მერე კი, იფიქრა, მართლაც რას გადავეკიდე იმ საცოდავ მოხუცსო და შეეცადა დავიწყებას მიეცა ყველაფერი იქ ნანახიცა და გაგონილიც. 
ახლა უკვე გული სახლისკენ მიუწევდა. იცოდა, რომ იმ საღამოს მათ სახლში მეგობრები უნდა შეკრებილიყვნენ და გამოძიების დეტალებზე ისაუბრებდნენ. მართალია, მათ საუბარს დედა არ დაასწრებდა, მაგრამ უკვე მოფიქრებულიც ჰქონდა, თუ როგორ შესძლებდა უჩუმრად მოსმენას. 
როგორც იქნა, დადგა ის ნანატრი საღამოც, თუმცა არც იმდენად საღამო იყო. ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა, როცა უკვე ყველა მიმისთან შეიკრიბა.
- შენი ძილის დრო აღარ დადგა? - ღიმილით შეაპარა მიმიმ დიმეოს. 
თავიდან დიმეო ცოტა ფეხს ითრევდა, მაგრამ მერე დედას ძალიან მშვიდად გამოემშვიდობა და დასაძინებლად ავიდა. 
- მოკლედ, შენც ხომ კარგად იცი, მიმი და თქვენც ყველამ იცით, რომ ეს გამიზნული თავდასხმა იყო ფიფოზე. - დაიწყო გალეომ. - და მისი ლიკვიდირების, კიდევ ერთი მცდელობა. 
ყველამ თავი დაუქნია. 
- დავიწყეთ მოკვლევა და აგერ, ჩვენს ქირურგთან ერთად აღმოვაჩინეთ, რომ ფიფოს აპარატი, მართლაც ყოფილა რამდენიმე ხნით გათიშული და მერე ისევ, ხელახლა ჩართული. - გალეომ ახლა მიმის გადახედა. 
მიმიმ თავი გააქნია. 
- ცოტა უცნაურიც არის. - ჩაურთო ჩუკიმ. - მკვლელი შემოვიდა და სავარაუდოდ, ჯერ ექთანი მოკლა, არა? 
- დიახ. - თავი დაუქნია გალეომ. - ამის მერე, კლავს მცველს და თიშავს აპარატს, მაგრამ ეს წუთები, რაღაც არ ემთხვევა. 
- მაინც? - ვეღარ მოითმინა მიმიმ. 
- ახლა მიმი კარგად დაფიქრდი. - გალეო მიმის ჩააშტერდა. - აბა, კარგად გაიხსენე, გთხოვ, დაფიქრდი. იქნებ, შენ ჩართე ისევ ფიფოს აპარატურა და უცებ ვერ იხსენებ, იმის მერე რაც ნახე ან... 
- არა! გამორიცხულია! - მიუგო მიმიმ. - რომ გამომეღვიძა, ფეხზე რაღაც სიმძიმე ვიგრძენი და ეს ის საცოდავი მცველი ყოფილა. როგორც კი წამოვდექი და უკვე კარგად გავახილე თვალი, მაშინვე ფიფოს შევხედე და დანამდვილებით ვიცი, რომ ჩართული იყო. ბავშვიც კი ამის მერე მოვიკითხე. - მიმის ნაღვლიანად ჩაეღიმა. 
- და ესე იგი, შენ მართლა არ ჩაგირთავს? - კვლავ ჩაეკითხა გალეო. 
- არა! - თავი გააქნია მიმიმ. - და ამას აქვს მნიშვნელობა? 
- შენ წარმოიდგინე მიმი, რომ აქვს. - ჩაურთო ქირურგმა. 
მიმიმ გაკვირვებით აიჩეჩა მხრები. 
- მოკლედ, ყველა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ცოტა არ იყოს, უცნაური შემთხვევაა. - დაიწყო გალეომ. 
- უცნაური? - გაიკვირვა მიმიმ. 
- მიდი, აბა გისმენთ, ისევ შენ მოყევი, თორემ მიმის ემოციები არ დაელევა, არც დღეს და არც ხვალ. - ღიმილით აღნიშნა ჩუკიმ. 
- და ალბათ, არც არასდროს. - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- უცნაური ის იყო, რომ. - გალეომ კონიაკი მოწრუპა და განაგრძო. - ფიფოს აპარატი ხელმეორედ როდესაც ჩაირთო, აი სწორედ მაშინ უკვე ექთანიც და დაცვის ბიჭიც მკვდარი იყო. 
- ესე იგი, ჯერ ექთანი მოკლეს. - ჩუკიმ უფრო განმარტა. - მერე დაცვა და... 
- და აპარატურა, გამოდის რომ მკვლელმა ჩართო? - მიმიმ გაკვირვებისგან თვალები დაჭყიტა. - ეს ხომ აბსურდია?! ან ვის უნდა გამოერთო მანამდე?
- მეც მაგიტომ ვთქვი, რომ უცნაურიაო. - დაურთო გალეომ. 
- და იქნებ, ექსპერტი ცდება? - იკითხა მიმიმ. 
- ამ შემთხვევაში შეცდომა, გამორიცხულია! - მიუგო გალეომ. - რამდენჯერმე ყველაფერი გადავამოწმებინე და დამატებით კიდევ, ორი სხვა ექსპერტიც მყავდა მოწვეული. 
- მაშინ, რა გამოდის? - აიჩეჩა მიმიმ მხრები. - და იქნებ, ფიფოს აპარატურა, სულაც არ გამორთულა? ან იქნებ, იმ საცოდავმა მცველმა, მაინც მოასწრო ჩართვა, მაგრამ ცოტა გვიან ამუშავდა და ამიტომ იძლევა ექსპერტიზის დასკვნა, მასეთ დროს. 
- მაშინ, ფიფო გაიგუდებოდა და... - ჩაურთო ქირურგმა. 
- არა, არა! დაუჯერებელია, დაუჯერებელი! - გაოგნებული ხმით იმეორებდა მიმი. 
- ამიტომაც გკითხე, იქნებ, შენ ისე, ინსტიქტურად ჩართე და არ გახსოვს? - კვლავ ჩაეკითხა გალეო. 
- არა, ნამდვილად არა! - კატეგორიული ხმით მიუგო მიმიმ. - როგორც კი გამოვფხიზლდი და მართლაც თვალებში გამოვიხედე, პირველი ნამდვილად ფიფოს აპარატურას შევხედე და დავმშვიდდი, რომ ჩართული იყო და იმ მომენტში არც მიფიქრია, რომ ის დაცვის ბიჭი, ძირს რომ ეგდო, მკვდარი თუ იქნებოდა და მით უმეტეს, მოკლული. ჩემი პირველი რეაქცია, ნამდვილად ფიფოზე იყო მიმართული.
გალეომ გაკვირვებით გააქნია თავი. სხვებიც ასევე გაოცებული და გაკვირვებული სახით მიაჩერდნენ ერთმანეთს.
მიმი ჩაფიქრებული იჯდა, კიდევ არა ერთხელ შეეცადა გაეხსენებინა, ყოველი დეტალი, ყოველი წვრილმანი. 
- არა, ნამდვილად ჩართული იყო. - ჩაფიქრებული ხმით ამოიხვნეშა მიმიმ. 
- იქნებ, მაინც მოასწრო მცველმა ჩართვა და სწორედ ამ მომენტში დაიღუპა კიდევაც. - ჩუკიმ გალეოს გახედა. - ხომ შეიძლება, არა? ექსპერტიც რაღაც წამებში ცდებოდეს? 
- რა ვიცი აბა? - მხრები აიჩეჩა გალეომ. - აღარც კი ვიცი, რა ვიფიქრო, მაგრამ აქ წამებზე არ არის ლაპარაკი. ცოტა ოდნავ მეტზე, თუმცა არც იმდენად ბევრზე. 
- დიმეო ხომ არ ჩართავდა? - კვლავ წაიჩურჩულა მიმიმ. - მაგრამ მაშინ იტყოდა. არადა, ნამდვილად ვიცი რომ ეძინა, მე გავაღვიძე. 
- ესე იგი, მკვლელმა ინამუსა? - სიცილით დაურთო ჩუკიმ. 
ყველას გაეცინა. 
- ასე გამოდის. - კვერი დაუკრა გალეომ.
მოულოდნელად მიმიმ ქირურგს შეხედა, რომელმაც მზერა აარიდა და სადღაც სივრცის მიღმა ჩაფიქრებული სახით დაიწყო ყურება. თითქოს ორივემ ერთი და იმავე რამეზე გაიფიქრეს, თუმცა აბსურდი იყო. 
- შენსკენ, რა ხდება? - მიმიმ ქირურგს მიმართა. - აღარ აპირებ იმ სამსახურიდან წამოსვლა? ხომ ხედავ, რა სახიფათოც არის? 
- ჯერ კიდევ საჭირო ვარ. - მიუგო, უმალ ფიქრებიდან გამორკვეულმა ქირურგმა. - და სახიფათო, რატომ არის? - გაეცინა ქირურგს. - იქაც ჩვილებს ვმკურნალობ და არც ზედმეტ შეკითხვას ვსვამ, რასაც მეტყვიან იმას ვაკეთებ. ჯერ არ ვარ მაგათ წრეში მიღებული ისე, როგორც საჭიროა და მერე ვნახოთ. 
- და იმას ისე აკეთებ, როგორც ჩვენ შევთანხმდით? - ახლა გალეო ჩაეკითხა. 
- რა თქმა უნდა. - თავი დაუქნია ქირურგმა. 
- და, ჩვენც რომ ვიცოდეთ ეგ შეთანხმება? - ახლა მიმიმ იკითხა. 
- ქალური პანიკების გარეშე თუ არ შეხედავ ამ ამბავს, მაშინ გეტყვი. - მიუგო გალეომ. - მაგრამ ეს ძაან დიდი საიდუმლოა და სულაც არ მინდა, რომ ბევრმა იცოდეს, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ის ბევრნი ჩემთვის. 
- კარგი, გპირდები რომ არ ვიპანიკებ. - მდარედ გაუღიმა მიმიმ. 
- ისევ, ისე ინტენსიურად მიმდინარეობს ჩვილების ყიდვა-გაყიდვა. - დაიწყო გალეომ. - ამ ეტაპზე ხელს ვერ ვუშლით, ასეა საჭირო. თუმცა, იცოდე. ყველა ჩვილი ვინ სად და როდის, ვის მიყიდეს, ყველაფერი აღრიცხული მაქვს. როგორც კი ეს ჩვენი ოპერაცია დასრულდება, მაშინვე დავუბრუნებთ მშობლებს. 
- და მერე? ის მშობლები თანახმა არიან ასეთ... - შეშფოთებული ხმით იკითხა მიმიმ. 
- ხომ გითხარი? - ჩაეღიმა გალეოს. - ქალური პანიკების გარეშე. 
- ნუ, კარგი. - შეწუხებული ხმით უპასუხა მიმიმ.
- ჩვილების მშობლებმა ჯერ არაფერი იციან. - განაგრძო გალეომ. - რადგან დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ იქნებოდა თანახმა. ბავშვები კი, აუცილებლად დაუბრუნდებიან მშობლებს, ამის გარანტიას საკუთარი სიცოცხლის ფასად ვდებ! 
- ნეტა, მალე დასრულდებოდეს და ეგ საშინელებაც მოისპობოდეს. - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- ეეჰ მიმი. - ახლა ჩუკი ჩაერთო. - კლინიკის დახურვას რა უნდა, მაგრამ ის მთავარი აპარატი, საიდანაც ეს უმსგავსობანი იმართება, სწორედ ის ბუდეა დასარბევი ჯერ. 
- თორემ ამას დავხურავ, იმას გახსნიან. - ახლა გალეომ განაგრძო. - თუ კიდევ სხვაგანაც არა აქვთ გახსნილი, რაშიც დარწმუნებული ვარ, მაგრამ... - გალეომ ქირურგს გახედა. 
- ჯერ არაფერი ჩანს ჰორიზონტზე. - დაურთო ქირურგმა. - თუმცა, მეც ეგ აზრი მაქვს, მარტო ეს ერთი არ იქნება. 
- ღმერთო ჩემო, ეს რა საშინელებები ხდება. - შეწუხებული ხმით აღნიშნა მიმიმ. - რომელ ერთზე ვიდარდო, აღარ ვიცი. 
- არაფერზე არ იდარდო! - შეუტია ქირურგმა. - შენს თავს მიხედე! 
- დანარჩენი ჩვენ მოგვანდე. - დაუმატა გალეომ.
სტუმრები გვიან ღამით დაიშალნენ. მიმი ჯერ ფიფოსთან შევიდა, ძილი ნებისაო, ნაღვლიანი ხმით უთხრა და მერე ზევით ავიდა. ოდნავ შეაღო დიმეოს საძინებლის კარი, დარწმუნდა რომ ბიჭს ეძინა და ასევე ჩუმად, თავის საძინებლისკენ გასწია. 
დიმეოს მართლაც ეძინა, მაგრამ წინასწარ ჰქონდა თადარიგი დაჭერილი და ახლა ტკბილ სიზმრებს ხედავდა. 
მომდევნო კვირასაც არაფერი შეცვლილა და ასე გრძელდებოდა ერთ ხანს. დროდადრო მიმისთან იკრიბებოდნენ. მიმის კი რამდენჯერაც გაახსენდა ის ძველი ლურჯი ლეპტოპი, იმდენჯერვე გადაავიწყდა და ამის მიზეზი ხან რა იყო და ხან რა. მერე ერთხელაც, როგორც იქნა გაახსენდა და პირდაპირ დიმეოს სამეცადინო ოთახში დაიწყო ძებნა. 
მიმი გაკვირვებული დარჩა. ბავშვს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ყოველ ნივთს, დიდსა თუ პატარას ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი, მაგრამ ის ძველი ლეპტოპი მაინც არსად ჩანდა. 
მიმიმ ახლა საძინებელში ააკითხა. დიმეოს არ ეძინა, ახალ გაღვიძებული დახვდა. 
- დეე. - მიმი საწოლზე ჩამოუჯდა ბიჭს და ნაზად მიეალერსა. 
- ეს ბავშვი, როდის დაიბადება? - დიმეომ მუცელზე ოდნავ შეეხო დედას. 
- ეს ბავშვი, ჯერ ბოლომდე მოილევს გაზაფხულს, მერე ზაფხულსაც მიაყოლებს, მერე შემოდგომასაც და მერე უკვე ვნახოთ. 
- ზამთარში? 
- შემოდგომის მიწურულამდე მოგვევლინება, რომელსაც მსოფლიოში, ყველაზე საუკეთესო ძამიკო უმასპინძლებს სახლში და ცხოვრების ბოლომდე, მეგზურობას გაუწევს.
- მე უფროსი ძმა ვიქნები. - დიმეოს გაეღიმა. 
- მგონი უკვე ისედაც შეთავსებული გაქვს უფროსობა. - მიმიმ ლოყებში ნაზად ჩაავლო ხელი. - ზოგჯერ, ჩემი უფროსი ძმა, მეც კი მგონიხარ, მაგრამ ახლა ის მითხარი, სად არის ის ჩემი ძველი ლურჯი ლეპტოპი? ბოლოს მახსოვს, შენს ოთახში შევნიშნე, თუმცა მაგისთვის მაშინ არც მეცალა. 
- სადმე იქნება. - მიამიტი სახით მიუგო დიმეომ და თვალიც აარიდა. 
- ჰოდა, საიდანაც უნდა, იქიდან გაჩნდეს ჩემთან! - მიმიმ ოდნავ ხმა გაამკაცრა. 
- რა იყო, დეე? - გაიკვირვა ბიჭმა. - კი არ გავაფუჭებდი. რატომ ანერვიულდი ასე? 
- უნებართვოდ სხვისი ნივთის აღება მანერვიულებს სწორედ ასე! 
- ხომ გითხარი? - გაიბღუზა დიმეო. - მამამ მთხოვა.
- და ბოლოს და ბოლოს, რაო? - ჩაეკითხა მიმი. - ვერ გაიხსნა? 
- ისე არის დაცული პაროლი, რომ ზედმეტი წვალება, საერთოდ დაბლოკავს და ყველა მასალას წაშლის. 
- უი, აბა მაშინ რა აზრი აქვს მაგის ქონას. - თავი გააქნია მიმიმ. - გადავაგდოთ და შენც დაისვენებ, მეც და ეს ლეპტოპიც! 
- მაშინ მე მაჩუქე! - დიმეო საწოლიდან წამოდგა. - ტანსაცმლის კარადის უჯრა გამოიტანა მთლიანად გამოაძრო და კარადის ძირში დამალული ლეპტოპი ამოაძვრინა. 
მიმიმ გაოგნებისგან თვალები დაჭყიტა, მაგრამ მაშინვე მოეგო გონს და სწრაფადვე მიუგო: 
- ისე მაინც, რას გადაეკიდეთ შენ და მამაშენი ამ ძველ ლეპტოპს? - მიმის ხმაში ცოტა საყვედურიც გაისმა. - ფიფომაც სად აღარ წაიღო და მაინც ვერ გაახსნევინა და შენც თუ გთხოვა, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. 
- დეე, მართლა მთხოვა. - დიმეომ ამოიხვნეშა. 
- კარგი, მჯერა. - მიმიმ სევდიანად გაუღიმა ბავშვს.
- და მაინც რა არის მაგ ლეპტოპში ასეთი? 
- უკვე აღარც მახსოვს. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ჩემი სამსახურის ძველი ფაილებია და რაღაც ჩემი რამეები. ვეღარც კი ვიხსენებ უკვე, რა. 
მიმი ცრუობდა, მაგრამ აბა მართლა ხომ არ ეტყოდა, თუ საიდან და ვისგან ჰქონდა ნაბოძები ესოდენ ასეთი „სანუკვარი“ ნივთი. 
- უბრალოდ, ერთ დღესაც, ძველი ნივთების დალაგებისას, იქ ჩემთან, ბებოს სახლში. - მიმი ახსნას შეეცადა. - თვალში მომხვდა და ვეღარ გავხსენი, მერე ფიფოს ვთხოვე სამსახურში წაეღო და ასე იყო ამის ისტორია.
- ალბათ, მამიკოს ეგონა, თუ გაიხსნებოდა შენ გაგახარებდა და მეც კი მთხოვა. 
- ალბათ. - მიმიმ ბავშვს გაუღიმა. - მაშინ იყოს ისევ ჩემთან, მე შევინახავ და როცა მამიკო კარგად და ჯანმრთელად გახდება, ერთიც კიდევ ვცადოთ და თუ მაინც ვერ გავხსენით, მაშინ სადმე ავიდეთ მწვერვალზე და იქიდან ერთად მოვისროლოთ! 
დიმეოს გაეღიმა, მაგრამ აშკარად ჩანდა, არ სურდა ლეპტოპის დათმობა. მართალია, მიმის შვილის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ მაინც უკვირდა, რატომ უნდა ეთხოვა ფიფოს ბავშვისთვის მისი გახსნა? 
„და იქნებ, დიმეო მატყუებს?“ 
ფიქრობდა მიმი. 
„როგორ გამოვტეხო, არც კი ვიცი. ხომ არ აჯობებს, პირდაპირ მივახალო, რომ ტყუის! ჰო, ვიცი, რომ ტყუის, მაგრამ არ მწყინს და... 
და, რა?.. 
მერე უფრო დაკარგავს ნდობას ჩემს მიმართ და ეს ნამდვილად არ მინდა. მგონი, სჯობს რომ არაფერი შევიმჩნიო, ვითომ ვერ ვხვდები, რომ მატყუებს, მაგრამ სამომავლოდ, არც ეს ივარგებს. 
ახლა კი, უნდა გავჩუმდე. ასე უფრო მენდობა.“ 
მიმი ათასნაირად გადასწვდა ფიქრებს და ბოლოს იფიქრა, იმ წარწერის ან თუნდაც, იმ მათხოვარი კაცის ირგვლივ ესაუბრა. აი, მაშინ იქნებოდა დიმეოს რეაქცია, ყველაზე საინტერესო. 
- დღეს რას ვაპირებთ? - საუზმისას მიმართა მიმიმ ბავშვს. - სკოლა მორჩა ხომ უკვე? 
- არა, მაგრამ ეს ბოლო თვე, მხოლოდ ონლაინზე გადავედით. 
- ძალიან კარგია! - ღიმილით მიუგო მიმიმ. - თუ ცუდია? შენ როგორ მოგწონს? 
- იქ მისვლას და იმათი სიფათების დანახვას, ისევ ონლაინით სწავლა მირჩევნია.
- დიმე! - შეწუხდა მიმი. - მართლა რას გიშავებენ ის ბავშვები ასეთს? 
დიმეო მოიღუშა. 
- ხომ გავარკვიეთ ყველაფერი? - განაგრძო მიმიმ. - იმ ბავშვებმა ბოდიშიც მოიხადეს, დირექტორმა შეგარიგათ კიდევაც და მეტი რა? 
- კარგია მაინც ონლაინი. - დიმეომ თავი აარიდა კითხვას. - ასე სახლიდანაც შევალ ზუმში და ძანესგანაც. 
- ჰმ, ზუსტად საშენო ყოფილა. - გაეცინა მიმის. - თუმცა, სკოლის მეგობრები მაინც საჭიროა. ნუთუ, ერთი ბიჭი მაინც არ გინდა საძმაკაცოდ? ან თუნდაც გოგონებთან მაინც არ გინდა მეგობრობა? ნუთუ მართლა არც არავინ მოგწონს? 
დიმეომ უსიამოვნოდ შეჭმუხნა წარბები. 
- არადა, შენთან ძალიან ლამაზი გოგონები სწავლობენ. ბოლოს რომ ვიყავი გავიგონე, თუ როგორ გადაუჩურჩულა ერთმა გოგონამ მეორეს, ეს დიმეოს დედააო. 
- მართლა? - გაიკვირვა ბავშვმა და ოდნავ წამოწითლდა კიდევაც. 
- ჰო, მართლა. 
- რომელმა? 
- აბა, მე რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ორივე ერთი სიმაღლის იყო და თმები... - მიმი ჩაფიქრდა.
- ერთს უფრო მოკლე და მეორეს კუდივით კიკინა? - ჩაეკითხა ბავშვი. 
- ჰო, ჰო! - ისე დაუმოწმა მიმიმ, თითქოს მართლაც ახსოვდა. 
დიმეოს ისევ შეეფაკლა ლოყები. 
„ნამდვილად იმ ორი გოგოდან, რომელიღაც მოსწონს. ნეტა, რომელი?“ 
მიმი ღიმილის ძლივს იკავებდა. 
- ასე რომ, იმეგობრე, იმეგობრე! - განაგრძო მიმიმ. - ნამდვილი, ჭეშმარიტი მეგობრობით ჯერ არავინ ყოფილა წაგებული. 
- ყოველთვისაც ხომ არ ამართლებს! მეგობრის ღალატის უამრავი შემთხვევა ახსოვს კაცობრიობას! 
- ჰაჰ! - გაეცინა მიმის. - კაცობრიობის ზუსტად რა და რა არ ახსოვს, ეს შენი და ჩემი გასარჩევი ახლა ნამდვილად არ არის, მაგრამ დაიმახსოვრე, ბავშვო! მეგობარი არასდროს გიღალატებს და თუ გიღალატა, ის უკვე მეგობარი კი არა მოღალატეა! 
- ამიტომაც ვერ ვენდობი ვერავის. - ისეთ სერიოზული სახით თქვა ბავშვმა, რომ მიმის კვლავ გულიანად გაეცინა. 
- ნდობას გააჩნია. - მიმი ბიჭს მიეალერსა. - გარკვეული დოზით უნდა ენდო კიდევაც თავიდან და მერე თვითონ საქმე გამოაჩენს, გააგრძელებთ მეგობრობას, თუ საერთოდ ბოლომდე დაუსვამ წერტილს. 
მიმის ეღიმებოდა. ყოველდღე, ლამის ყოველ წუთს, საკუთარი შვილის თავიდან გაცნობა უხდებოდა. ბოლომდე ამოუცნობი ბავშვი, თურმე ღალატის შიშით მეგობრობასაც თავს არიდებდა. 
- ესე იგი, სკოლაც ასეა თუ ისეა დაიხურააა. - შეპარვით დაიწყო მიმიმ. - და წასვლაც აღარ მოგიწევს. 
დიმეომ უხმოდ დაუქნია თავი. 
- მდაა, სამწუხაროა. - თავი გააქნია მიმიმ. - არადა, როგორ მინდოდა იმ საცოდავი კაცის მოძებნა. 
- ვინ საცოდავის? - გაიკვირვა ბავშვმა. 
- აი, მაშინ ჩხუბი რომ მოგივიდა შენი სკოლის ბიჭებთან და იმ კაცმა დაგიცვა. ხომ ვნახეთ სკოლის კამერებიდან? 
დიმეომ არაფერი უპასუხა, თუმცა ჩანდა რაღაც არ მოეწონა ამ თემაზე საუბარი. 
- ჰოდა, არაერთხელ ავიარ-ჩავიარე შენი სკოლის წინ და ვერც ერთხელ ვერ შევხვდი. ვინ იცის, როგორ უჭირს, წესიერად დავაპურებდი, ტანსაცმელსაც ვაჩუქებდი და ჩვენს უფასო სასადილოსაც მივასწავლიდი, მშიერი აღარ ივლიდა. 
- ჰო, ეგ კარგი აზრია. - დიმეოს ახლა უფრო გაუხარდა. 
- მაგრამ ვერსად მოვკარი თვალი და მერე გალეოსაც ვთხოვე ქუჩის კამერებიდან მოეძებნა. - მიმი გაჩუმდა.
დიმეო ფერდაკარგული შეჰყურებდა დედას. 
მიმიმ არ შეიმჩნია და კვლავ განაგრძო: 
- მომიძებნა და მისი ფოტოებიც გადმომიგზავნა, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობ. 
- ფოტოები?.. - ლამის წაიჩურჩულა ბიჭმა. 
მიმიმ ლეპტოპი ჩართო და დიმეოს ფოტოები აჩვენა.
სანამ მიმი ფაილს გახსნიდა, ბავშვი გაფითრებული შესცქეროდა მონიტორს, მაგრამ როგორც კი ფოტოები გამოჩნდა, დიმეოს აშკარად გულზე მოეშვა, ფერზეც მოვიდა და ამოისუნთქა. 
„ნამდვილად არ ჰგავს ეს იმ კაცს.“ 
გაიფიქრა მიმიმ.
„ჩანაწერიც საშინლად უხარისხოა და არც ის დამუშავებული ფოტოებია მისი მსგავსი და მაინც რაღაცას მიმალავს ეს ლაწირაკი ბიჭი.“
ეღიმებოდა მიმის. 
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული. ღამით კი მიმი კვლავ სიზმრებმა აიტაცა, ძილში სადღაც ზემოთ არბოდა, მერე დიდი სიმაღლიდანაც, გადმოხტა და შიშისგან გულიანად გაეცინა. მერე უცებ ძალიან ახლოს, ლამის ყურში ჩაესმა ძველებური, დანჭყრეული პიანინოს ხმა და იმ ხმას სადღაც მიჰყვებოდა. 
ძველი მელოდია... ძველი მელოდია... 
ძველი პიანინო.... ძველი პიანინო... 
მერე უცებ პიანინოს სარქველი ისე ძლიერად დაიხურა, რომ მიმი ძილში შეხტა და გამოეღვიძა. 
საწოლზე წამომჯდარი, ჯერ კიდევ თვალს წესიერად ვერც ახელდა, რომ გონებაში რაღაც უტრიალებდა. თითქოს ისევ სიზმარში იყო, თავის კაბინეტში ჩავიდა, ის ძველი ლურჯი ლეპტოპი ჩართო და პაროლის მოთხოვნისას, ძველი პიანინო ჩაწერა და ლეპტოპიც გაიხსნა.
LEX. 2021 წლის 7 ნოემბერი, კვირა.

No comments:

Post a Comment