Friday, November 12, 2021

ძველი პიანინო (ნაწილი 144)

 

144.
- შენ თუ საერთოდ დაფიქრებულხარ და აცნობიერებ, თუ ვის ებრძვი, ან რის გულისთვის იბრძვი, ასეთი უაზრო თავგანწირვით? - საყვედურით მიმართა ფიფოს, მამამ, როდესაც ხანუმასთან ყველაფერი ბოლომდე მოისმინა.
- და როგორ ფიქრობ? - აბუზღუნდა ფიფო. - მართლა არ დავფიქრებულვარ და მართლა ასე კრეტინივით ვმოქმედებდი?
- ფაქტია, რომ გჯობნის და ისიც იცი, თუ რატომ? - კვლავ საყვედურის ტონით მიუგო მამამ.
ფიფომ არაფერი უპასუხა.
- და მაინც, რას გადაეკიდე?  - კვლავ განაგრძო მამამ ფიფოს დატუქსვა. - სხვა საქმე არ გაქვს? თუ ყველას გინდა თავი მასხრად ააგდებინო?
- უბრალოდ, ჩამიყოლა და... - აბურდღუნდა ფიფო.
- ჰო! ჩაგიყოლა და გადაგიყოლა! - ჩაურთო ნათლიამ.
- და არც უბრალოდ, ჩაყოლებაა ეს. - დაუმატა ფიფოს მამამ.
- ლამის მესამე წელია უკვე, რაც ნამდვილად დავრწმუნდი, რომ სწორედ ჩემი ეჭვმიტანილია ის კრიმინალი, რომელზეც ჯერ ვერც ვერავინ გავიდა. - ფიფო თავის მართლებას შეეცადა.
- სამი წელია, უკვე მიზანში გყავს ამოღებული და ჯერ კიდევ, ვერც ვერაფერი? - უკმაყოფილოდ ჩაეკითხა მამა.
- ჰო, სამი წელია, ლამის გავთავდი! - ხმას აუწია ფიფომ. - თუმცა მისი საქმე, ჩემთან პირველად რვა წლის წინ მოხვდა და არც ეგ ვიცი, მისთვის ეს იყო პირველი დანაშაული თუ არა.
- ჰმ, ჯერ რვა წლის წინ შეგამჩნევინა თავი და ამის მერე კი სამი წელი თან გადააკვდი და მაინც ასე უაზროდ დაგეგმე მისი დაკავების ოპერაცია?! - ხმას აუწია მამამ.
- უაზრო ნამდვილად არ იყო. - ფიფომ ამოიხვნეშა. - უბრალოდ, ასე გამოვიდა.
- და რატომ გამოვიდა მერე, ასე უაზროდ? - მამა ისე ჩააშტერდა თვალებში, რომ ფიფომ კვლავ თვალი აარიდა.
წუთით დუმილი ჩამოწვა.
- პირადულია ეს! - დაარღვია დუმილი მამამ. - არა, მაინც მიმი? ის... ის, როგორი კეთილი და სათნო გოგოა.
- მიმი არაფერ შუაშია, მამა! - წამოენთო ფიფო. - არც კი იცის, თუ ვისთან მეგობრობს!
- ეს, როგორ? - გაკვირვებით იკითხა ფიფოს მამამ.
- მე ვარ დამნაშავე ყველაფერში! თავიდანვე უნდა მეთქვა მიმისთვის, მაგრამ აბა როგორ ამეხსნა? ისე, როგორ უნდა ამეხსნა, რომ?..
ფიფო ცელქი, დატუქსული ბავშვივით იყო კედელთან ატუზული და ყველა იქ მყოფნი ქვეცნობიერად თუ ხმამაღლა, მაინც ფიფოს ამტყუნებდა. მას კი გამოსავალი მართლაც, რომ არ ჰქონდა.
- ფიფოს ვეთანხმები! ვერანაირად ვერ ეტყოდა მიმის! - ფიფოს მხარდასაჭერად აჟღურტულდა იონა.
- დაეთანხმე მერე, ჰა! - ირონიულად გამოეპასუხა ნათლია.
- დიახაც, რომ სრულიად ვეთანხმები! - კვლავ შემართებით განაგრძო იონამ. - ისე უნდა დაიცვას, რომ მიმიმ არც არაფერი გაიგოს და ვერც ვერაფერს მიხვდეს! 
- რა თქმა უნდა, უნდა დაიცვას! - ჩაურთო ფიფოს მამამ. - მაგის გამო კი არ ვკიცხავ, მაგრამ მე მისი ეს არასწორი ქმედების მეთოდი მაღელვებს.
- ყველა დამნაშავე საშიშია! - განაგრძო იონამ. - მით უმეტეს, უფრო მაშინ, თუ მას, შენი ოჯახის წევრთან აქვს კონტაქტი. 
- ჰო, ეგ თავისთავად, ასეც არის. - კვერი დაუკრა ნათლიამ. - რა იცი? რა დროს რას მოიმოქმედებს. 
- და ყველაზე მეტად კი მაშინ არის საფრთხილო, თუ შენიშნა, რომ გაშიფრულია! - კვლავ განაგრძო იონამ. - სწორედ მაშინ უფრო მეტ საფრთხეში აგდებ შენს ახლობელს, რადგან თუ ყველაფერს გაუმხელ, მაშინ მისი გადამალვა მოგიწევს, იმიტომ რომ შემთხვევითაც რომ შეხვდეს სადმე, შეიძლება ნებისმიერსაც და მით უმეტეს მიმის, აუცილებლად სახეზე შეეტყობა, რომ ყველაფერი იცის და აი, ამიტომაც ამის ცოდნა უფრო საშიშს ხდის, ვიდრე მისი არ ცოდნა!
- და მაინც, რა გარანტიაა? - ჩაურთო მამამ. - ნუთუ საყვარელ ქალს ასეთი რისკის ქვეშ...
- სრული გარანტია, ნამდვილად არ მაქვს. - მიუგო ფიფომ. - მაგრამ ისიც ვიცი, რომ ყოველთვის, ზუსტად და კონკრეტულ მსხვერპლს ირჩევს და ასეთი მიდგომით თუ შევხედავთ, მიმისთვის ნამდვილად არ ჩანს საშიში, თუმცა მაინც ვიცი, რომ ყურადღება არ უნდა მოვადუნო და ფხიზლად უნდა ვიყო. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- ეგ მაინც არ არის გარანტია! კრიმინალია და თანაც, სერიული მკვლელი და რა იცი შენ, როდის რა მოუფრენს თავში?! - შეუფუცხუნა მამამ. - ყველა დამნაშავე საშიშია! მაგრამ ყველაზე საშიში კი ის არის, ვინც სამართლის ძიებაში, თავად გახდა კრიმინალი! მკვლელის მკვლელი კი, კიდევ უფრო დიდი კრიმინალია! და ამის მერე...
- არა. არა! ერთი წუთით. - გააჩუმა მამა ნათლიამ. - ყველა ის მოკლული ხალხი, მკვლელი არ ყოფილა.
- მათი დანაშაული, მკვლელობაზე ნაკლებ მძიმე კი არ იყო, ისე რომ იცოდეთ. - ჩაერია ხანუმა. - უსუსური, დაუცველი, უდანაშაულო არსების მიმართ ჩადენილი ავი ქმედება, ყოველგვარ საზღვრებს სცდება! ამიტომაც, მეც ვეთანხმები ფიფოს! ამ ეტაპზე, არა მგონია, რომ მიმის რამე დაუშავოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშავებს, თუ მიმიც რაღაც მსგავსს არ ჩაიდენს.
- მაგრამ, თქვენ ყველას გავიწყდებათ, რომ მკვლელი მაინც მკვლელია! - აღშფოთებას ვერ მალავდა ფიფოს მამა. - და მასე, ყველა ადამიანმა, რომ აიღოს ხელში თვითსამართალი, მაშინ რა გამოვა? ვინ გამოვალთ ჩვენ? სამართალ დამცავები, თუ ხელის შემწყობები? ვიქნებით უმუშევართა ხროვა! ჰო, უმუშევართა, რადგან სათანადოდ ვერ ვიმუშავეთ თავის დროზე და ფაქტიურად, ჩვენი გასაკეთებელი საქმე, სხვამ გააკეთა და აი შედეგიც, თუ როგორ გააკეთა!
- აღიარეთ, რომ მკვლელი გენიოსია! - წამოიძახა იონამ. - ყველაფერში და ყველა სფეროში! მან შესძლო გამოეთვალა, გამოეაშკარავებინა სწორედ ის ნამდვილი სახელმწიფო დონის დამნაშავეები, კანონდამცავების გარეშე! თქვენს გარეშე და სწორედ ეს გიღრღნის ფიფო გულს და შენც ისეთივე მკვლელად იქცევი, თუ სხვა კუთხით არ შეხედავ ამას! და ნუ უარყოფ იმას, რომ შენც გაგჩენია სურვილი, პირადად შენთვის მტრად ქცეული ეჭვმიტანილი, შენივე ხელით მოგეხრჩო!
- ჰოოო, აი მაგაშია სწორედაც საქმე. - ჩაურთო ფიფოს მამამ.
- მან შესძლო და გამოარკვია ის დამნაშავეთა ჯგუფი. - განაგრძო  იონამ. - სწორედ ის ქსელი დაშალა, რომელთა ფესვები, წლების მანძილზე, საკმაოდ დიდ სინდიკატს წარმოადგენდა და დიდი ხნის წარსულიდან იღებდა სათავეს! სამართალდამცავებმა კი ეს ვერ შესძლეს! შესძლეს კი არა და, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუმცა... - იონა გაჩუმდა და ფარულად ნათლიას გახედა.
- სამწუხაროდ, საქმე ბოლომდე ვერ გაიხსნა. - ნათლიამ ამოიხვნეშა.
- რაა?! - აღშფოთდა ფიფო. - როგორ, თუ ვერ გაიხსნა?! ამდენი ვიწვალე, ამდენი დრო შევალიე, ჩვილების გაყიდვების საქმე გავშიფრე და გავხსენი და ახლა ამბობ, რომ თურმე, საქმე ბოლომდე ვერ გაიხსნაო?!
- შენ იმდენზე გახვედი, რამდენიც საჭირო იყო. - გააჩუმა ნათლიამ. - იმას იქეთ არც გაგიშვეს! არ გაგიშვეს კი არა, სასწრაფოდ გაგაჩუმეს, ისე, რომ ვერც კი გაიგე!
ფიფომ გაოგნებული მზერა, ნათლიიდან მამაზე გადაიტანა. მამა უკმაყოფილოდ აიწურა. ფიფო მიხვდა, ისევ გაბრიყვებულ სიტუაციაში აღმოჩნდა და ისევ ყველამ ყველაფერი იცოდა მის გარდა და ყველაფერთან ერთად, ყველა ის ხალხი, ახლაც კი, დაუსრულებლად ჭკუასაც ასწავლიდა.
- მე კი მეგონა, რომ... - წაიბურტყუნა ფიფომ. - დამაწინაურეს კიდევაც, ხელფასიც მომიმატეს, პრემიაც ავიღე და ესე იგი, რა?! ამით გამაჩუმეს?! მომქრთამეს?! - იყვირა ბოლოს.
- ჰო, დამშვიდდი! - შეუტია მამამ. - ნუ ღრიალებ! ყველამ კარგად იცის და ვიცით, ვინც ხარ. რაც მიიღე, სამართლიანად დაიმსახურე და გეკუთვნოდა კიდევაც!
- შენ უბრალოდ გეგონა, რომ მთავარზე გახვედი, ამიტომაც განტევების ვაცნი, ხელში ჩაგაგდებინეს! - ჩაერია ნათლია. - ვინც ცოცხალი იყო დარჩენილი, ის ხალხი დაიკითხა, ზოგიც დააკავეს, ზოგს ვერც დაუმტკიცდა დანაშაული, ზოგსაც  ისეთი პატრონი გამოუჩნდა, რომ ვერც კი დააკავეს!
- და რა გამოვიდა? - წარბი შეკრა ფიფომ. - ესე იგი, სულ ტყუილად ვიმუშავე?
- რატომ ტყუილად? - მიუგო ნათლიამ. - მართალია, ზოგიერთი კი დაუძვრა ბრალდებულის სკამს, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ გაიშიფრა და გამოაშკარავდა, იმ პერიოდის დამნაშავეთა ქსელი და საქმეც აღიძრა!
- თუმცა სამწუხაროდ, უკვე დაიხურა. - უკმაყოფილოდ ჩაურთო ფიფოს მამამ.
- შენ, კი მართლაც მაგრად იმუშავე! და აი, სწორედაც რომ ეგ დაგიფასდა! - ნათლიამ ფიფოს გადახედა. - და ნუ გგონია, რომ დაუმსახურებლად დაგაწინაურეს, ან როგორც წეღან თქვი, მოგქრთამეს! სულაც არა! მართლა გეკუთვნოდა, რადგან კარგად იმუშავე!
ფიფოს სახე გაუნათდა. მხოლოდ ახლაღა მიხვდა, თუ რაში იყო საქმე და თურმე, რა ხდებოდა სინამდვილეში.
- ჰმ, სახეზე გეტყობა, რომ ყველაფერს მიხვდი. - ჩაეცინა ნათლიას.
- გასაგებია, ახლა ყველაფერი გასაგებია. - ჩაილაპარაკა ფიფომ. - მე მხოლოდ იმ პერიოდის საქმეები გავხსენი და...
- და წარმატებულადაც დახურე! - დაუმატა მამამ.
- ამ პერიოდისა კი, შენ უკვე არ გეხება! წლებია მაგაზე ვმუშაობთ. - ნათლიამ ფიფოს მამას გახედა.
- ჰმ. - ჩაეცინა ფიფოს და ჩაფიქრებული მზერა, მამას მიაპყრო.
„ესე იგი, მამაჩემი აგენტიც ყოფილა, თურმე“.
- დაიმახსოვრე შვილო. - მიმართა ფიფოს, მამამ. - ამ ქვეყნად, ყველაფერი იყიდება, აბსოლუტურად ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მაგრამ ყველასი, არა!
ფიფომ თავი დაუქნია.
- ისე მართლა გასაჟლეტია ის ხალხი, ვინც კანონის ავლით და თავიანთი თანამდებობებისა თუ პრივილეგიების სარგებლობით, პატარა უსუსურ არსებებს უწყვეტს ბედს. - ჩაილაპარაკა ხანუმამ, რომელიც აქამდე უხმოდ იჯდა თავის ჩვეულ სავარძელში და თვლემდა.
- ჰმ, შენ მაინც ნუ ამბობ მაგას! - შეეპასუხა ნათლია. - აქ ვინც ვართ ახლა, ყველანი შენი გამოზრდილები ვართ, შენ გვასწავლე კანონის დაცვა და მისი პატივისცემა.
- ეჰ, რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო ახლოს ხარ ღმერთთან. - ორაზროვნად უპასუხა ხანუმამ.
ერთ ხანს, სიჩუმე ჩამოვარდა. უხმოდ სვამდნენ ზოგი ჩაის, ზოგი ყავას. სიგარეტის მოსაწევადაც, ასევე უხმოდ გადი-გამოდიოდნენ აივანზე.
- ორდერი გვინდა. - დაარღვია დუმილი ნათლიამ. - ჩხრეკის ორდერი. მოულოდნელად უნდა დაადგე სამსახურში და იმავე დღესვე ისე რომ, ამოსუნთქვის საშუალება არ მისცე, სახლშიც უნდა ჩატარდეს ჩხრეკა!
- მერე რა საფუძველზე გამოვაწერინო ორდერი? - ჩაეკითხა ფიფო. - ეჭვებისგან უძილო ღამეებს, რომ ვათევ თუ?..
- ბლანკს დავითრევ! ჰმ, რატომღაც რომ ვერ ვიშოვნო და ჩემს ბეჭედს დავარტყამ, ხელსაც მე მოვაწერ! - ნათლია ფიფოსკენ მიბრუნდა. - შენ და ჩემი ორი სანდო თანამშრომელი, ჩხრეკას ჩაატარებთ!
- მერე? როცა გაიგებს, რომ ყალბი ორდერით არაკანონიერი ჩხრეკა ჩავატარეთ? მერე მე რაღას ვიზამ? ხომ დავემშვიდობები სამუდამოდ სამსახურს და შეიძლება, დამიჭირონ კიდეც! - წამოიძახა გაწიწმატებულმა ფიფომ.
- ბიჭო, შენ რატომ არ იცი, ბოლომდე ყურის დაგდება?! - შეუღრინა ნათლიამ. - მართალია, დამამტკიცებელი საბუთი არ გაქვს და ამ ეტაპზეც, მართლაც რომ ოფიციალურად ვერაფერს უმტკიცებ, მაგრამ აშკარად და პირდაპირი მინიშნებით ეჭვის მიტანაც, ხომ იცი, რომ არანაკლებად მუშაობს.
- აბა სხვანაირად, ხომ ხედავ, რომ არაფერი აღარ გამოდის. - ჩაურთო ფიფოს მამამ.
- არც იმდენად სულელია, რომ რამე სამხილი, თუნდაც შემთხვევით, სადმე დარჩეს ან დაიტოვოს, გინდაც სახლში და გინდაც, სამსახურში. - ჩაიქნია ხელი ფიფომ და მაშინვე გაიფიქრა.
„აბა, ის ხელთათმანების დარჩენა, რა იყო? იქნებ, სულაც არ იყო მისი?
და მაინც, დაფრთხა. ეგონა, მართლა რამე გამორჩა? ვითომ?“
ფიფოს ხელთათმანების შესახებ, მხატვრის გარდა, არავისთვის უთქვამს. ამიტომ ამაზე, არც ახლა ამოიღო ხმა.
- ისე, მართლა არც მაქვს იმის იმედი, რომ საერთოდ რამეს აღმოუჩენ. - ჩაფიქრებული ხმით დაურთო ნათლიამ.
- აბა ეს ფარსი, რაღა საჭიროა? ვისთვის არის? - არ ცხრებოდა ფიფო.
- პირველ რიგში. - დაიწყო ნათლიამ. - გააგებინებ, რომ ყველაფერი იცი, მერე რა რომ ვერ უმტკიცებ?! სამაგიეროდ, იმას ეცოდინება, რომ საქმე, ორდერის გამოწერამდე მივიდა! აი, ამაშია საქმე!
- პრინციპში, ჰო. - თავი დაუქნია ფიფომ.
- მან ხომ არც კი იცის, შენ ზუსტად რა იცი და რა არა! - განაგრძო ნათლიამ. - ამიტომ, ჩვენს ასეთ ქმედებაზე დაეჭვდება, დაფრთხება. შეიძლება სულაც, უკანაც კი დაიხიოს!
- მაგრამ მანდ კიდევ, სხვა მომენტიც ერთვება. - ჩაერია იონა. - სადაც ამდენი გააკეთა, ასე ადვილად არ გაჩერდება, ვეღარც გაჩერდება და მაინც კიდევ შეეცდება, კვლავ ჩაიდინოს დანაშაული!
- ესე იგი, ბარემ კიდევ ერთიც მსხვერპლად შევწიროთ? - ირონიულად ჩაეკითხა ფიფო. - და იქნებ, მორჩა უკვე?! დაამთავრა დაწყებული საქმე?!
- აი, სწორედაც რომ, ზუსტად ეგ უნდა ვეცადოთ! მსხვერპლის გარეშე უნდა შევძლოთ მკვლელის შეჩერება! - მიუგო ნათლიამ. - დღედაღამ უნდა თვალთვალი! ეს ისე, არაოფიციალურად, მას კი ეცოდინება, რომ ყველაფერი კანონიერია. თანაც, აუცილებლად უნდა შეგვამჩნიოს! მოთვალთვალეები უნდა შეამჩნიოს და ჩვენ კი, ვითომ ამას ვერ ვხვდებით.
- ესე იგი, უნდა გავაცუროთ და გგონიათ, რომ ასე ადვილად მოტყუვდება, არა? - ჩაეცინა ფიფოს. 
- და რატომ არ მოტყუვდება, ვითომ? - ირონიულად ჩაეკითხა ნათლია. - მაგისთანები გამოგვიტყუებია ბუნაგიდან?! აბა, ჰკითხე მამაშენს!
- თქვენ მართლაც არ იცნობთ მას. - ამოიხვნეშა ფიფომ. - წარმოდგენაც კი არ გაქვთ.
წუთით, სიჩუმე ჩამოვარდა.
- განსაკუთრებით, თვის ბოლო კვირას უნდა გაძლიერდეს თვალთვალი. - დუმილი ფიფოს მამამ დაარღვია.
- მარხვის პერიოდი, ამოაგდეთ კალენდრიდან. - ჩაურთო ხანუმამ.
- მოთვალთვალეს, რომ შეამჩნევს მის გაცურებას შეეცდება და გამოუვა კიდევაც, დალხენილად განგრძობს გზას, სინამდვილეში კი სულ სხვა ისე აეკიდება, რომ ვერც შეამჩნევს. - განაგრძო მამამ.
- ჩემი ორი, უკვე პენსიაზე გასული თანამშრომელიც კი ჩავასახლე მის სადარბაზოში. - ნათლიამ ფიფოს თვალი ჩაუკრა. - სტუდენტი შვილიშვილით, რომელიც მალე, უკვე ოფიციალურად ჩვენს რიგებსაც შემოუერთდება.
- ჰმ. - ჩაეცინა ფიფოს.
- ჰო, რა იყო? - ჩაეკითხა ნათლია. - აბა შენ გეგონა, მართლა სულელად გთვლიდით? და არ დაგეხმარებოდით და გვერდში არ ამოგიდგებოდით? ჩვენი გაზრდილი ხარ და ჩვენი შვილი ხარ, ასეც და ისეც! მეც და ხანუმასაც, შენზე ახლობელი, შვილი არავინ გვყავს!
ბოლო სიტყვებზე, ფსიქოლოგი ბიჭი აიწურა. თითქოს, რაღაც ჩასწყდა გულშიო და ნაღვლიანად დახარა თვალები.
- მეც მყავს უკვე შვილი. - თბილი მზერა მიაპყრო ხანუმამ, გულდაწყვეტილ ბიჭს. - თუ მიიღებთ ფიფოს უმცროს ძმად, მიიღეთ, თუ არა და მარტო ჩემი იქნება და მორჩა!
იონას სახე გაუნათდა, წამოწითლდა კიდევაც და ემოციებისგან ლამის თავი მუხლებში ჩარგო.
მერე? რაღას უცდი? ბარემ მართლა აიყვანე შვილად და ოფიციალურად გააფორმე. ისედაც ორი დღე დაგრჩენია. - ჩაიხითხითა ნათლიამ.
- მერე ერთი დღით ადრე ყურში, რომ მარილი ჩამაყაროს? - ეცინებოდა ხანუმას.
- არა რას ამბობთ?! - იყვირა იონამ.
ყველას გულიანად გაეცინა.
- ჰო, კარგი, მოვრჩეთ ახლა! - აროხროხდა ნათლია. - სასაცილოდ მართლა არ გვაქვს საქმე.
- თუ შეამჩნია, რომ უთვალთვალებენ, გინდაც თავი დაიძვრინოს მაინც არ წავა მკვლელობაზე, სანამ თავს ბევრად მშვიდად და უსაფრთხოდ არ იგრძნობს. - უკმაყოფილოდ წარმოსთქვა ფიფომ. - საკმაოდ ჭკვიანი და გამჭრიახია, სულ არ წავა დანაშაულზე არც იმ თვეში და არც მომდევნო და შეიძლება, სულაც რამდენიმე თვითაც კი გადადოს კიდევაც.
- ჰოდა, ჩვენც მოვხსნით თვალთვალს. ისიც დამშვიდდება. დარწმუნდება, რომ აღარაფერი ემუქრება და აი სწორედ მაშინ მიიღებს დარტყმას! - დაუმატა მამამ. - ჰო, კიდევ, ჩხრეკის ორდერის წარდგენის დროს, აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციო მის გამომეტყველებას, კარგად უნდა დააკვირდე თან ისე, რომ არაფერი შეგეტყოს.
- ესე იგი, ეს ფარსი ჩხრეკა და თვალთვალი, სპეციალურად იქნება სააშკარაოზე გამოტანილი, რომ დაფრთხეს და შეცდომა დაუშვას? - ჩაურთო იონამ.
- ჰმ. - ჩაეცინა ფიფოს. - არა მგონია, რომ ასე ადვილად გავაცუროთ.
- ფიფოს ვეთანხმები. - კვერი დაუკრა იონამ.
- იმ ხანძრის ამბავზე, ხომ წამოეგო? ჰა? - ნათლიამ თვალები მოწკურა. - შენ არ მიიტყუე? კინაღამ ეს ბავშვიც დაღუპე!
- ჰო, მაგრამ, ისიც არ ვიცი მოტყუვდა თუ უბრალოდ გარისკა ან... - ფიფო გაჩუმდა.
- ან, რა? - ვეღარ მოითმინა ნათლიამ.
- ვფიქრობ გადამამოწმა. ჩემი შეგდებული ფარსი იყო, თუ არა. - ფიფომ ბოღმისგან საყელო შეიხსნა. - მე იდიოტმა ამაში მეგობრებიც ჩავრთე. ზოგი ნებით და ზოგიც უნებლიეთ და სწორედ ახლა მივხვდი ამას!
ფიფო მართალი იყო. პიპა ყველაფერს მიხვდა და მაინც მივიდა და ამით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ფიფოს, ბოლომდე ჰყავდა გაშიფრული, თუმცა, მაინც ვერაფერს უმტკიცებდა.
LEX. 2018 წლის 25 მარტი, კვირა.

No comments:

Post a Comment