Saturday, November 13, 2021

ძველი პიანინო (ნაწილი 147)

 

147.
- ყველაზე მეტად, იმ საათზე დამწყდა გული. - ამოიხვნეშა ფიფომ. - ძალიან მეწყინა. თუმცა, უკვე მივიტანე ხელოსანთან. მალე იქნება.
- ჰოო? და ამუშავდა?
- ჯერ არ ვიცი, მგონი კი. გუშინ უნდა მიმეკითხა და მიმი! ასეთი ძვირიანი საათი, რატომ მიყიდე?
- საჩუქარს მიწუნებ? - იწყინა მიმიმ.
- არა, რას ამბობ? კი არ გიწუნებ! - შეწუხდა ფიფო. - უბრალოდ, ძალიან ძვირიანია და...
- და რა?
- მე რომ ვერაფერს გჩუქნი და თანაც, ამხელა თანხის დახარჯვა იქნებოდა? წინ იმდენი ხარჯი გველოდება ისედაც.
- მე ვისაც მინდა და რასაც მინდა იმას ვჩუქნი! - ამაყად წარმოსთქვა მიმიმ. - განა იმიტომ გაჩუქე, რომ სამაგიეროს ველი. უბრალოდ, მომეწონა და სურვილი გამიჩნდა, სულ ეს არის და თან, არც იმდენად ძვირი მივეცი, დამშვიდდი.
- როგორ არა! მესაათემ მითხრა, რომ მარტო ამის ნაწილებიც კი კარგი ფასი ღირსო.
- მერე დაუტოვე, თუ არ გაკეთდება და ნუ გაკეთდება. ახალს გაჩუქებ.
- კარგი რაა მიმი, რაა? არაფერსაც აღარ ავიღებ შენგან! მართლა ძალიან მერიდება, ასეთი ძვირიანი საჩუქრების მიღება, აქეთ მე უნდა გჩუქნიდე და შენ კი...
- შენ უკვე მაჩუქე! ისეთი მეგობრობა მაჩუქე, რომ ვერასდროს ამოვალ შენი ვალიდან!
- კარგი რაა, რა ვალი?
- ჰმ, რომ იცოდე, როგორ ძალიან იაფად ჩამივარდა ხელში და შანსი რატომ უნდა გამეშვა? - გაუღიმა მიმიმ. - მეგობარმა უყიდა თავის შეყვარებულს იმან კი, ცოლი ისე მოიყვანა, რომ ვერც მოასწრო საჩუქრის მიღება და ასე დარჩა უსაჩუქროდ! - სხაპასხუპით მიაყარა მიმიმ.
- და სასწრაფოდ გაყიდა, არა? - გაეცინა ფიფოს და ამოისუნთქა კიდევაც. ისიც კი გაიფიქრა კიდევ კარგი, მიმი ძალიან არ დახარჯულაო. თუმცა, არც კი იცოდა, რომ მიმის მონაჩმახ ისტორიას ისმენდა.
- გაყიდა კი არა, ფანჯრიდან აგდებდა, რომ არ მიმესწრო - აკისკისდა მიმი. - ასე, რომ მორჩი წუწუნს და მიიღე ის, რასაც გჩუქნიან! 
მიმი ოსტატურად ცრუობდა. საჩუქარი თავად შეარჩია, მშვენივრად იცოდა ფიფოს ხასიათი, ამიტომაც თავის დროზე, მისი ღირებულება არც გაუმხილა და სთვლიდა, რომ არც ამ ტყუილში იყო არაფერი ცუდი.
- ისე მართლა, სად იყავი? - შეაპარა ფიფომ. - არა, თუ არ გინდა, ნუ მიპასუხებ.
- ჰაჰ. - გაეცინა მიმის. - მე თავისუფალი ადამიანი ვარ. სადაც მინდა, იქ წავალ! - დაუმატა ღიმილით.
ფიფოსაც გაეღიმა, თუმცა გულს მაინც ეჭვი უღრღნიდა.
მიმიმ ფიფოს მზერას, ისევ აარიდა თვალი. ფიფოს კვლავ არ გამოჰპარვია.
გრძნობდა, მიმი რაღაცას უმალავდა, მაგრამ რას? რა იყო ასეთი, რომ ვერ ამბობდა.
- მოხდა რამე? - ისევ შეაპარა ფიფომ.
- არა! არაფერი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - უბრალოდ...
- რა? - ფიფო წამოდგა, მიმისთან ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა.
მიმიმ კვლავ თვალი აარიდა.
- როგორც ვიცი, ჩვენ მეგობრები ვართ. - დაიწყო ფიფომ. - და თანაც, საუკეთესო! მასეა?
- აბა რა? - სევდიანად გაეღიმა მიმის.
- ჰოდა, აბა ახლა მითხარი, რა ხდება, თორემ აი, ამ აივნიდან გადავხტები! - ირონიულად წარმოსთქვა ფიფომ. - ან, აი იმ აივნიდან!
მიმის გაეცინა.
- რა ხდება და... - მიმი ისევ შეყოვნდა. - რაღაც არ ვარ... ვერ ვარ ისე კარგად, თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ, ძლივს დავდივარ უკვე.
- მერე? რა? ექიმები დაილია? თუ გინდა, ახლავე წავიდეთ! - შეშფოთდა ფიფო.
- ნუ გეშინია. - გაეცინა მიმის. - დავდივარ ექიმებში, საშიში არაფერია, უბრალოდ მიჭირს მთელი დღე მარტო ყოფნა და თანაც შენ ძალიან გვიან მოდიხარ... და დედასთან მირჩევნია, ეს ბოლო ორი თვეც... მალე გავა... რაღა დარჩა.
- უჰ, თუ მეტი სხვა არაფერია. ფიფომ შვებით ამოისუნთქა. - ისე, მეც უფრო მშვიდად ვიქნები და თუ მომცემ ნებას, ყოველდღე გინახულებ.
- რა თქმა უნდა! როცა გინდა, მოდი და იყავი მთელი დღე! - მიმის ცოტა გულზე მოეშვა. მართალია, ეს ჯერ კიდევ შესავალი იყო, მაგრამ მაინც.
- რა გინდა? რა მოგიტანო ხოლმე?
- არა, არაფერი, რა ვიცი. ჯერ რაც მინდა, ყველაფერი მაქვს, მერე ვნახოთ.
- მიმი. - დაბალი ხმით მიმართა ფიფომ.
- ბატონო. - წაიკნავლა მიმიმ.
- ასე მგონია, რაღაცას ბოლომდე არ ამბობ. დაგრჩა კიდევ სათქმელი?
- რა ვიცი. - მიმი წამით შეყოვნდა. - დედამ მითხრა ბავშვი, რომ გაჩნდება ორმოცი დღე ჩემთან უნდა იყოო, ასეთია წესიო და რა ვიცი.
- მერე რა პრობლემაა! - ისევ გულზე მოეშვა ფიფოს. - იყავი დედასთან, როდის დაგიშალე? და ამის თქმა გიჭირდა? - გაეცინა ფიფოს, თუმცა ხვდებოდა, მიმი მაინც ბოლომდე გულწრფელი არ იყო.
- ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ ეს ორი თვე კიდევ აქ ვიქნები და კიდევ ორმოცი დღე და ესეც უკვე, სამ თვეზე მეტი გამოდის! ლამის ოთხი თვე და... - მიმი გაჩუმდა.
- და რა? - ფიფოს უკვე მოთმინების ფიალა აევსო.
- ვერ ვიტან იმ ბინას! - წამოიყვირა მიმიმ.
- უჰ! - ფიფოს კიდევ ერთხელ მოეშვა გულზე.
- დაუბრუნე რა, ბინის პატრონს გასაღები. - მუდარით შეხედა მიმიმ. - სულ ტყუილად ამხელა ფული უნდა გადაყარო ქირაში. შენთვისაც უკეთესია დაგეზოგება თანხა, რატომაც არა! ნუ, თუ გინდა ცალკე იცხოვრო, დოებით მაინც, მაშინ დაიტოვე და მე იქ, ვეღარ ვჩერდები და აღარც მინდა! მთელი დღე მარტო ვარ!
- ჰოოო, ისე შენ თავიდანვეც უცხოდ გრძნობდი იქ თავს. მე კი მეგონა, რომ ჩემს გამო იყავი ასე, მე ვერ მეგუებოდი.
- იქაურობას ვერ შევეგუე! სხვისი სახლი, სხვისი ავეჯი. კარადა, დივანი! ტელევიზორიც კი სხვისია და ტოსტერიც! - მიმი გაჩუმდა და მერე ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. - ასე მგონია, სტუმრად ვიყავი, სკამსაც კი ჩემს გემოზე ვერ ვუცვლიდი ადგილს.
ფიფოს გაეცინა. მშვენიერი აზრი იყო. მართლაც ცოტას ამოისუნთქავდა, იქნებ მანქანისთვის მიეხედა მაინც. ოთხი თვის ბინის ქირის დაზოგვა, თავისი კომუნალურებით, ხუმრობა არ იყო.
- მოკლედ, აღარ გვინდა ეგ სახლი რა. - მიმიმ, როგორც იქნა ამოხეთქა და ამოისუნთქა.
- კარგი. კეთილი. არც მე მინდა, შენ რომ არ ხარ, ვერც მე ვერ ვათევ იქ ღამეს. ისე, რომ იცოდე. 
- ჰოდა, ლამის ოთხი თვე, ტყუილად ბინაში, ამხელა ქირის გადახდა, დიდი სისულელეა!
- სრულიად გეთანხმები! - კვერი დაუკრა ფიფომ.
- და კიდევ! - წამოიძახა მიმიმ.
- რა კიდევ?
- ვერ ვიტან შენს მანქანას!
- ჰმ. -  ფიფოს გაეცინა. - დღეს ძლივს დავძარი. მაგარი შესარემონტებელია და აი, მივხედავ ახლა, ქირის ფულიც დამეზოგება.
- არა, რა შეკეთება? ნაწილებად თუ გაიყიდება! გაყიდე! მოიშორე!
- რომ გავყიდო, მაგ ფასში ისევ მასეთივე თუ მომივა, ეგეც საკითხავია.
- მე ვეღარ ვზივარ საჭესთან, საშინელ დისკომფორტს ვგრძნობ, განსაკუთრებით იმ ავარიის შემდეგ.
- რაა?! - იყვირა ფიფომ. - რომელი ავარიის?
- არაფერი ისეთი. ცოტა დამარტყეს და მე კი სხვას მივეჯახე, არაფერი ისეთი.
- რას ჰქვია დაგარტყეს?! მერე არ უნდა გეთქვა ჩემთვის? დავადუღებ ძვლებამდე! ვინ იყო, არ იცი?!
- კარგი, არ გინდა, რა. - მუდარით უთხრა მიმიმ. - ამ ორსულობაში არ მინდა, თავი ვაწყევლინო. ისედაც იმ საცოდავს სამი მანქანა ჰყავს გასაკეთებელი.
- ეგ მართლა საცოდავი, ლუკმად არ მეყოფა! - განრისხდა ფიფო.
- გამოიყვანე ჩემი მანქანა და შენიც დაუმატე და გაყიდე ორივე, იყიდე ერთი ისეთი, რომ მეც მატარო. შენნაირი ძველმოდური არ მინდა. ვერ ჩავჯდები. რამე ცოტა ნორმალური შეარჩიე.
- აირჩიე მაშინ შენ და მოგიყვან, როგორიც გინდა.
- მე კი არ მომიყვან! შენ ივლი! - მიუგო მიმიმ. - მხოლოდ, ცოტა წესიერი მანქანით და როცა დამჭირდება, მეც მატარებ.
- ესე იგი, შენი მანქანა გავყიდო და ჩემთვის ვიყიდო? არა მიმი. - იწყინა ფიფომ. - შენ თუ გინდა, გამოგიცვლი, მაგრამ მე...
- მე მინდა, რომ შენ მატარო! კარგი გამართული, კომფორტული მანქანით და ბარემ, ისეთი უნდა იყოს, რომ შენც იარო სამსახურში, აბა გოგოშკური სტილის მანქანით ხომ არ ივლი?
- კი მაგრამ... - ფიფომ თავი უხერხულად იგრძნო.
- რა მაგრამ? ორი თვეზე მეტი, მაინც საჭესთან ვერ დავჯდები. შენ მოგიწევს ჩემი ტარება. ტყუილად ხომ არ ვიყიდი მანქანას? ორი რად გვინდა? გოიმურად, ქაჯებივით ორი ვიყიდოთ და ერთი გავაჩერო? რისთვის? როცა შეიძლება, სამი თვის მერე, უფრო ახალი და უკეთესიც ვნახო. ჩვენ კი, ჯერ ერთიც გვეყოფა.
იდეა კარგი იყო, მაგრამ ფიფო მაინც უხერხულობას გრძნობდა.
- შენს მანქანაში ბევრჯერ რაღაც საწვავის სუნი ვიგრძენი და საშინლად არ მომეწონა, ცუდად გამხადა. - დაიწუწუნა ისევ მიმიმ.
- სულ შენს ხარჯზე, ხომ არ ვიქნები. - უხერხულად მიუგო ფიფომ.
- რატომ სულ? ქირას და კომუნალურებს ხომ სულ შენ იხდიდი? სადილზე თუ დაგპატიჟე, ამას ჩემს ხარჯზე ყოფნას ეძახი? - იწყინა მიმიმ. - დედაშენმაც რამდენჯერ მოგვიტანა გემრიელი სადილი და ვინ უფრო დახარჯულა? აბა? ვიანგარიშოთ?
ფიფომ ვერაფერი უპასუხა.
- ვეღარ ვიტან, ვეღარც იმ სახლს და ვერც შენს მანქანას და ვერც ჩემს მანქანას! ამიტომ სიახლე მინდა! გააკეთე ისე, როგორც გთხოვე. ჯერ საერთო მანქანა იყოს. მერე მე სხვა მინდა შევარჩიო. შენ ის ძველი დაიტოვე. აი, ხომ ხედავ? შენ მაინც ძველი გრჩება. - გაიკრიჭა მიმი. - რა მოხდა მერე?
- არა, არაფერი.
- ჰოდა, ნორმალური მანქანა მინდა, ისეთი, რომ ცუდად არ გამხადოს. - ცხვირი აწია მიმიმ.
- კარგი. უფროსო! როგორც მეტყვით ისე მოვიქცევი. - ღიმილით უპასუხა ფიფომ. - დღესვე მივხედავ მაგ საქმეს.
- უჩემოდ არ იყიდო იცოდე.
- არც ვიყიდი და არც გავყიდი უშენოდ.
- არა, გაყიდვით შენ თვითონ გაყიდე რა, დანახვაც აღარ მინდა. იმ ავარიას მახსენებს. - მიმის ცოტა მოეშვა. ქვეცნობიერად ფიფოს ქრთამავდა.
ფიფო საკმაოდ ამაყი იყო, არ იკადრებდა მიმის ნაყიდ მანქანას, ამიტომ მიმიმ სხვა მხრიდან მოუარა და გამოუვიდა კიდევაც.
ფიფოს კი საშინლად ერიდებოდა, მაგრამ მართლაც გამოუვალ მდგომარეობაში იყო, ამიტომ მიმის დახმარებაზე, უარი ვეღარ სთქვა.
მიმიმ ცოტა ამოისუნთქა. შესავალი გააკეთა, მაგრამ დიდი არაფერი იყო ეს. მალე უკვე შემდეგ ეტაპზე იყო გადასვლა საჭირო, მაგრამ სიტყვებს ვერ უყრიდა თავს. ათას რამეს მიედ-მოედო და ბოლოს, ისევ ფიფომ ითავა.
- მიმი! მაინც რაღაც დაბნეული მეჩვენები? თითქოს, რაღაცას მალავ... ან ვიღაცას. - ფიფოს ხმა ირონიულად კი ჟღერდა, მაგრამ მიმი მაინც შეცბა და ფერიც დაკარგა.
- მეე? - სიტყვა შეუბრუნა მიმიმ, რადგან მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
- ჰო. მიმალავ რაღაცას და მიკვირს, რატომ? ჩვენ ხომ მართლა მეგობრები ვართ? უკვე რამდენჯერ ვთქვი და დაგიმტკიცე კიდევაც! ერთმანეთს, ძალით არ ვიჭერთ.
ფიფო, ქვეცნობიერად გრძნობდა უკვე პიპას არსებობას მათ შორის, მაგრამ ხვდებოდა, მიმის გამოტეხვა არც ისე ადვილი ჩანდა. 
- მიმი! შენც გაქვს არჩევანის უფლება და მეც, მაგრამ ეს პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს და არა ვინმე სხვამ გვითხრას, ჭორივით. არის თუ არა ასე? შენც თავისუფალი ხარ და მეც!
- ჰო. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- და რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყანაც, რომ დაინგრეს, მაინც ბოლომდე მეგობრებად ვრჩებით! აბა მეტს შენგან არაფერს ვითხოვ.
- ჰო, მაინც მეგობრებად ვრჩებით. - წაილუღლუღა მიმიმ. - ქვეყანაც, რომ დაინგრეს, მაინც ვიმეგობრებთ.
- და ჩვენს შორის, არანაირი ტყუილი არ იქნება და არც არის, ხომ? - ფიფო მიმის ჩააშტერდა.
- და შენ? - მიმი უცებ გონს მოეგო, ატყობდა ფიფომ რაღაც იცოდა და გამოტეხვას ცდილობდა, ამიტომაც ოსტატურად გადავიდა შეტევაზე. - შენ, რომ მომატყუე?
- მე მოგატყუე? - გაიკვირვა ფიფომ. - რა მოგატყუე?
- მივლინებაში მივდივარო და...
- აა, ჰოო! ჰაჰა! - ფიფოს ხმამაღლა გაეცინა. - ვაპირებდი! მართლა ვაპირებდი და ბედი არ გინდა? სწორედ იმ დღეს, ისე დავგორდი კიბეზე, რომ ძლივს ვადგამდი ფეხებს. მაშინ უნდა გენახა ჩემი სახე, რა დღეში ვიყავი, საჭესაც ვერ ვიჭერდი, ხელის გულები დახეთქვაზე მქონდა.
- ვაიმე, მართლაც ასე, როგორ დაიმტვერი? - შეწუხდა მიმი.
„მაინც, რა საოცარია ეს ყველაფერი.“ 
ფიქრობდა მიმი.
„ჩემი ორი საუკეთესო და უსაყვარლესი მეგობარი, ორივე ერთდროულად დაშავდა და თანაც, ორივე ბავშვის მამობას იჩემებს.
ჰაჰა, რა საყვარლები არიან.
როგორ გულით მინდა, ორივემ იმეგობროს და კარგად იყვნენ, სულაც არ მინდა ჩემი გულისთვის, მტრად გადაეკიდონ ერთმანეთს.“
- ეჰ. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- რა გული ამოაყოლე? - თბილი ხმით მიმართა ფიფომ.
- ბევრი ტყუილი დამიგროვდა დედასთან, არ იმსახურებს ჩემგან, მაგრამ აბა როგორ ვუთხრა, ჩვენი ამბავი? ვერც გაიგებს და არც გაიგებს! მერე დაიწყებს ნერვიულობას და მეც ამანერვიულებს. - ისევ მოახერხა მიმიმ თავის დაძვრენა.
- ჰოდა, შენც ნუ ფიქრობ მასე. არაფერს ისეთს არ ატყუებ.
- ჰო, მაგრამ მაინც, იმ ღამით, შენ რომ აქ დარჩი, ზედიზედ მომიხდა ტყუილების მოფიქრება და მერე, საშინლად განვიცადე.
- ჰოო? მომიყევი აბა, მერე მეც რომ მკითხოს, არაფერი შემეშალოს. - გაეცინა ფიფოს. მშვენივრად ხვდებოდა, მიმი თავისი ქალური პატარა ხრიკებით, მნიშვნელოვანი თემიდან, უმნიშვნელო, არაფრის მომცემი საუბრისკენ უხვევდა.
- რა და, ფიფო ხშირად დარჩესო, აქ გადმოდითო. მე კი ვუთხარი, შენი ისე ერიდება, იმ დილით შხაპიც კი ვერ მიიღო-თქო და მერე შენთან შეგეყვანაო და უცებ, ძლივს მოვიფიქრე, რომ ჩემთან წყალს არ აცხელებს და ფიფო, ხელოსანს შეუთანხმდა, მეთქი. - მიმი გაჩუმდა. მიხვდა, რომ შეტოპა, მაგრამ შეეცადა არაფერი შეემჩნია.
- სად შენთან? - გამომცდელად შეეკითხა ფიფო.
- ჩემთან. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ჩემს საშხაპეზე ვამბობ. ჩემს ოთახში. 
- ააა. - გაიკვირვა ფიფომ. - არ ვიცოდი, თუ კიდევ გქონდა სააბაზანო. - და ისეთი სწრაფი ნაბიჯებით შევარდა მიმის ოთახში, რომ თითქოს, ვიღაცას ედგა კვალში.
მიმი ძლივს დაედევნა.
- ვააახ. უყურე შენ. რა ლამაზად მოგიწყვია. - ფიფო პირველად იყო მიმის საძინებელში და როგორც შეეძლო ისე გულდასმით დაიწყო თვალიერება. ლამის კარადის კარიც კი გამოაღო. მერე საშხაპეში შეჰყო ცხვირი. ხან კაფელიც მოიწონა. ცალკე ჯაკუზიც შეაქო.
„აშკარად რაღაცას ეძებს. თუ ვიღაცას? იქნებ, პიპას კვალს ეძებს? ბოლოს და ბოლოს, მაინც დეტექტივია და შეიძლება იცის კიდევაც რაღაც. 
რა მატლიკინებდა ნეტა?“
ფიქრობდა მიმი და შეშფოთებული ადევნებდა თვალს და ჩანდა ფიფო, მიმის სააბაზანოდან გამოსვლასაც აღარ აპირებდა. ხუმრობა ხუმრობაში, იქაურობა კარგად მოათვალიერა, მერე იქვე სააბაზანოს პუფზეც ჩამოჯდა და თითქოს, სპეციალურად პუფის უკან ჩავარდნილი კარგად დაკეცილი, უკვე სისხლ შემხმარი, დიდი პირსახოცი ამოაძვრინა.
მიმის მკვდრისფერი დაედო.
პირსახოცი საკმაოდ დიდი იყო და სულ ერთიანად სისხლში მოთხვრილი. თუმცა, არც იმდენად ახლად დასვრილს ჰგავდა. აშკარად ეტყობოდა, სამი ოთხი დღის მაინც უნდა ყოფილიყო.  
- ახლავე დააგდე! - იწივლა მიმიმ. - როგორ არ გრცხვენია! მასეთ რამეებს, როგორ მეკითხები, ქალის პირად ჰიგიენაში იჩხრიკები და ესაა შენი საქმიანობა?! - მიმი გაჩუმდა.
თავადაც გაუკვირდა, ასე სპონტანურად და ასე ოსტატურად, როგორ გამოუვიდა ასეთი მშვენიერი ტყუილი, რომ სახეზე წამოჭარხლებული ფიფო, თვალებს ვეღარ უსწორებდა და მერე უცებ, ხმის ამოუღებლივ მოსწყდა ადგილს და ისე გავარდა, მიმის არც კი გამოემშვიდობა.
LEX. 2018 წლის 25 მარტი, კვირა.

No comments:

Post a Comment