Monday, November 1, 2021

ძველი პიანინო (ნაწილი 139)

139. 
- შენ საერთოდ გადახვედი ხომ ჭკუიდან?! - შესვლისთანავე უღრიალა ნათლიამ.
ფიფომ არაფერი უპასუხა. ანდა, რა უნდა ეთქვა? რა ჰქონდა სათქმელი? ამ ამბის დამალვასაც, უკვე აზრიც აღარ ჰქონდა და ჯერ კიდევ, ტელეფონშივე მიახალა ნათლიას და ხანუმასთან დაიბარა. 
- კი, მაგრამ რატომ ადრე არ მითხარი?! 
- რა ვიცი, ჯერ ვიფიქრე, რომ... - წაიბურტყუნა ფიფო? 
- რა იფიქრე, ვითომ?! წესიერად, რომ ვერ იფიქრე! აი, ამაშია საქმე! - დაუღრიალა ნათლიამ და მერე იონას გადახედა და წარბები აზიდა. - ან ეს მკვდარი, სადღა მიგყავდა? ძალა ამას არა აქვს და კუნთები ამას არ აყრია! ერთი ტვინი უვარგოდა და ისიც იქ დაატოვებინე! 
ყველას გაეცინა. 
ბიჭი მართლაც სასაცილო სანახავი იყო. შუბლზე შემოკრულ დოლბანდში, გაჩეჩილი ხუჭუჭა თმები მოუჩანდა და ჩალურჯებულ თვალს შესიებული ყბის მეწამული ფერი უმშვენებდა. 
- ეჭვმიტანილი თუ გყავდა, რატომ ადრე არ მითხარი? - განაგრძო ნათლიამ, როცა გული მოიოხა ლანძღვითა და გინებით. 
- ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული და არც არანაირი სამხილი არ მაქვს! ამიტომაც, ალალბედზე ვიმოქმედე! მისი ანკესზე წამოგება მინდოდა. - ფიფო თავის მართლებას შეეცადა. 
- ხოდა, ვინ წამოეგო მერე? - დაცინვით მიახალა ნათლიამ. - ალალბედზე?! 
- შენთვის, რომ მეთქვა არ გამოვიდოდა. მერე დაუწყებდით თვალ-თვალს, ან მაშინვე აიყვანდით. ჩხრეკვას ჩაატარებდით და ათასი რამ. თანაც, დამიჯერე, ვერანაირ სამხილს, ვერაფერს ვერ აღმოაჩენდით! 
- რა იყო? ვინ არის ასეთი? ვუნდერკინდია? - ჩაეცინა ნათლიას. 
- შენ წარმოიდგინე, რომ მართლა მასეა! - ამოიხვნეშა ფიფომ. 
- ოხ! გენიოსებთან გვქონია აბა საქმე! - ნათლიამ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. - ეს მეორე „პრაფესორაც“ აგერ გვიზის! 
პროფესორის ხსენებაზე, იონა შეკრთა და მალულად ფიფოს გახედა. ნათლიას ეს მზერა არ გამოჰპარვია. ატყობდა, რაღაცას მალავდნენ ბიჭები. 
- ხომ იცი? შეუცდომელი არავინაა. შეეშლებოდა რამე. არ არსებობს! უბრალოდ, შენ ვერ ხედავ. - თავზე გადაუსვა ხელი ნირწამხდარ ფიფოს, ხანუმამ და ოთახიდან გალასლასდა. 
- ან ჯერ კიდევ არ შეშლია. - წაიკვნესა იონამ. 
- შენ გაჩუმდი! - გამოაჯავრა ნათლიამ. - შენი ხმა არ გავიგო! 
სამზარეულოდან სასიამოვნო სურნელი იფრქვეოდა. ხანუმა დეიდა ბლინებს აცხობდა. ფიფოს კუჭი აუწრიალდა. მალე შუადღეც დადგებოდა, ჯერ არც კი უსაუზმია. ისე გამოფრინდა ხანუმასკენ, რომ ახალ მოდუღებული ყავაც კი მაგიდაზე დარჩა. 
- აბა ვის რა გინდათ? - გამოსძახა სტუმრებს ხანუმამ. - ჩაი, რძე, ყავა? 
- მე მაგარ ჩაის დავლევ, ამათ კი რძე გამოუტანე! „სოსკით!“ - ჩაიცინა ნათლიამ. 
ფიფომ მწყრალად გახედა. 
- ჰოიი, მაგრად ხარ გადარჩენილი, მაგრად! - ისევ შეუბღვირა ფიფოს ნათლიამ. - და თუ ხვდები მაინც, ეგ რის ბრალია? 
- ზედმეტმა ამბიციებმა გძლია. - ჩაერია ხანუმა. - ემოციების გაუკონტროლებადი ქმედებაა. 
- შური, ბოღმა არ გასვენებს! არა, ისე პირადად, რომ იცნობდე, შეიძლება იფიქროს კაცმა, რომ ეჭვის ნიადაგზე უფრო ხარ ასე დაგეშილი! - სახეში ჩააშტერდა ნათლია. 
ფიფო აწრიალდა. მშვენივრად იცოდა, რომ ყველაფერთან ერთად პირადმა ინტერესებმაც უფრო სძლია. 
ერთ ხანს, დუმილი ჩამოვარდა. უხმოდ საუზმობდნენ. 
ნათლია მშვენივრად ატყობდა, ფიფო ბოლომდე არ იხსნებოდა და ისევ ცდილობდა, როგორმე კიდევ ამოექაჩა რამე. 
- რამ ჩაგაფიქრა? - დამცინავად შეუძახა ნათლიამ. - ადრე უნდა გეფიქრა, ადრე!
- ჩემი ბრალია! ყველაფერი ჩემი ბრალია... - წაიბურტყუნა ფიფომ. 
- ჰო! შენი ბრალია! - დაუდასტურა ნათლიამ. 
ფიფო ნირწამხდარი იჯდა. იონას ფიფოსკენ მალ-მალე გაურბოდა თვალი, თითქოს უნდოდა, მისი მზერა დაეჭირა და... 
- რაღაცას ბოლომდე არ ჰყვებით! - გამჭოლი მზერა სტყორცნა ნათლიამ ჯერ ფიფოს და მერე იონასაც გახედა. 
იონა აიწურა და თვალი აარიდა. 
- ჰა! აბა, ბოლომდე ჩამოყაჭეთ ახლა ყველაფერი! - დასჭექა ნათლიამ. 
- რა გინდა, რომ გაიგო? - გაცხარდა ფიფო. - ხო! იდიოტი ვარ! უტვინოდ ვიმოქმედე! საქმე სულ გავაფუჭე და ჩავძირე, მაგრამ ბოლომდე არა. ჯერ კიდევ... 
- რა, კიდევ რა?! - არ მოეშვა ნათლია. - იცი, რაღაცას ბოლომდე ვერ ვიგებ. ამ ამბავს უფრო პირადულის სუნი ხომ არ უდის? ჰა?! 
- ჰო! პირადულია! პირადული! - წამოიყვირა ფიფომ. - ეჭვმიტანილს, რომ პირადად იცნობ პირადულია, აბა რა?! 
- მდააა... - ნათლიამ ამოიხვნეშა. 
ფიფო ბოღმისგან სკდებოდა. ორივე ხელით ისე ძლიერად შეეკრა მუშტები, რომ თითქოს ვინმეს დარტყმას უპირებდა. 
ნათლია მოჭუტული თვალებით შეცქეროდა ფიფოს და თვალს არ აცილებდა. 
- ეჭვი, ის საშინელი რეაქციაა, რომელსაც ნებისმიერი ურთიერთობა, დაღუპვამდე მიჰყავს! - ჩაილაპარაკა ხანუმამ. 
ფიფო შეცბა. არ მოელოდა ასე ადვილად თუ გაიშიფრებოდა. პირველ რიგში საქმე სწორედაც, რომ ეჭვიანობაში იყო და მერე კი სამსახურეობრივ მოვალეობაში. ფიფო ძლივს იმაგრებდა თავს, მზად იყო პიპას მივარდნოდა და შუაზე გაეგლიჯა.
დუმილი ისევ ნათლიამ დაარღვია: 
- შენი ცოლი, რომ გნახავს ასე გალახულს, რას იფიქრებს? - დამცინავი ხმით უთხრა ფიფოს და ისევ სახეში ჩააშტერდა. 
- წუხელ დედამისთან დარჩა. შევეცდები ერთი ორი დღე კიდევ იქ დავტოვო, მანამდე მომიშუშდება კიდევაც. აუუ საათი! - გაახსენდა ფიფოს. 
- რა საათი? 
- მიმის ნაჩუქარი საათი გამიტყდა. უნდა გავიდე, ასეთივე ვიყიდო. 
- მაჩვენე აბა? 
ფიფომ ჯიბიდან ნახევრად დალეწილი საათი ამოიღო. 
- მერე გაქვს ამის ფული? - ნათლიამ ჯიბისკენ წაიღო ხელი. 
- კი მაქვს, მაქვს! - სწრაფადვე მიუგო ფიფომ, თუმცა ბევრი არც არაფერი ჰქონდა. 
- ეს იცი, რა ღირს ბიჭო? - საეჭვოდ გახედა ნათლიამ. 
- კაი რა უნდა ღირდეს? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - მაგდენი კი მექნება ბარათზე. 
- საათიც ემსხვერპლააა. - დაუმატა ხანუმამ. 
- ხო, უტვინოდ ჩატარებულმა ოპერაციამ იცის ასე! - გამოეპასუხა ნათლია. მერე ფიფოსკენ მიბრუნდა. - იქაურობა მისახედია? თუ ეგეც შეგეშალა? 
- არა! ვიყავი უკვე. ავკრიფე ყველაფერი. 
- გადათვალე ზუსტად, ყველა მასრაა? 
ფიფო აიწურა, არც უცდია ცარიელი ჰილზების დათვლა. 
- ჰა! რა იყო? - შეუძახა ნათლიამ ჩაფიქრებულ ფიფოს. 
- მგონი ორი აკლია... 
- რა მგონი?! რა გჭირს ბიჭო შენ?! - უღრიალა ნათლიამ. - ახლავე მიბრუნდი უკან და კარგად მოიძიე! სათითაოდ გადაამოწმე, სანამ განგაში არ ატეხილა. 
- სანამ ეგ დაძებნის, სავადმყოფოებში უნდა გადარეკო, ვინმე დაჭრილი ხომ არ მიუყვანიათ დღეს. - უთხრა ხანუმამ ნათლიას. - მაინც, ყოველი შემთხვევისათვის, თან ოპერატიულად, ხმა რომ არ გავარდეს ისე. 
ფიფო გულდამძიმებული მიაქროლებდა მანქანას და ყველაფერთან ერთად კი მიმის ნაჩუქარი საათის გატეხვა უღრღნიდა სულს. 
მართლაც ზუსტად ორი მასრა აკლდა. ვერსად ნახა. სისხლის კვალი პირველად, რომ მიბრუნდა ჯერ კიდევ მაშინ წაშალა. ახლა კი ინანა, შესაძლოა ის ორი ტყვია დაუპატიჟებელ სტუმარს მოხვდა და გამორიცხული არ იყო, რომ მისი სისხლის კვალიც ყოფილიყო იქ. 
ისევ იდიოტივით გამოუვიდა და უკვე მერამდენეჯერ? 
„ამ სულელმაც კიდევ რა სროლა ამიტეხა აქ! შტერი ბავშვი! რად მინდოდა მისი წამოყვანა? მე თვითონ, მარტოც უკეთესად ჩავატარებდი. ნეტა მართლა მხატვარი წამომეყვანა და ეს ცანცარა ბავშვი არა. ტფუუ! რა დებილურად გამომივიდა. არა, მაინც საიდან მოვიტანე, რომ სროლის ხმა იყო? რაღაც ტკაცანივით გავიგე და ავიწყვიტე უაზროდ. სამსახურში სასაცილოდ არ ეყოფათ, პნევმატურისა და ნამდვილი თოფის ხმას ვერ არჩევსო. უფროსობისგან ხომ მომხვდება და მომხვდება და ახლა კიდევ მიმის ნაჩუქარი საათი.“ 
ფიფოს ახლის ყიდვის არც თავი ჰქონდა არც დრო, რომ ზუსტად ისეთივე მოეძებნა, ამიტომ მისი შეკეთება ამჯობინა. 
- ოჰ. ამდენი რა დალიე, რომ ასეთ ძვირფასი ნივთს, ვერ მოუფრთხილდი? - სათვალის ქვემოდან ამოხედა მესაათემ. 
- არ გაკეთდება? 
- ისეთი ნაწილები აქვს დაზიანებული. - მესაათემ მხრები აიჩეჩა. - საკმაოდ ძვირი დაგიჯდება. 
- ხო, კარგი ახალს ვიყიდი, უფრო იაფად გამოვალ, უბრალოდ ზუსტად ეს მინდოდა. 
- გაჩუქეს? 
- მეუღლის საჩუქარია და არ მინდა გული ვატკინო. 
- ოჰო, როგორ ჰყვარებიხარ ცოლს. ძალიან ძვირიანი ბრენდია და კაი ფასიც ღირს, ორიგინალია. შევეცდები შევაკეთო. ზეგ გამომიარე. 
ფიფო გაოგნებული იყო. აკი მიმიმ უთხრა ძვირი არ გადამიხდია, უბრალოდ ვიტრინაში მომეწონაო და თურმე? 
გულში სითბო ჩაეღვარა. 
„ესე იგი, მიმი მაფასებს. მისთვის არ ვარ სულ ერთი და...“ 
ფიფოს ეღიმებოდა. ამდენი იმედგაცრუების მერე ძლივს ცოტა კარგი ამბავი მაინც შეიტყო. სიამოვნებით მივარდებოდა მიმისთან და გულში ჩაიკრავდა, მაგრამ ასეთი, ნაცემ ძაღლს დამსგავსებული ვერ დაენახებოდა. 
მიმიმ ნამძინარევი ხმით გააგონა. 
- როგორ ეძინა, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მომავალ დედიკოს? 
- მთელი ღამე არ მეძინა. - წაიწრიპინა მიმიმ. 
- რატომ? 
- სტადიონზე ფეხბურთს ვთამაშობდი. - მიმიმ გადაიკისკისა. - მეძინა და თან, ძალიან გემრიელად. 
- კარგია, კარგი. მაშინ იყავი რა მანდ ეს დღეები. ზედიზედ მიწევს მორიგეობა, და შესაძლოა მივლინებაშიც გამიშვან ორი სამი დღე. შენ არ მოიწყინო. იყავი რა დედასთან. არ მინდა სახლში მარტო გაჩერდე. მეც უფრო მშვიდად ვიმუშავებ, როგორც კი ჩამოვალ გამოგივლი და ერთად წავიდეთ სახლში. 
მიმი უყოყმანოდ დაეთანხმა, წარმატებაც უსურვა და ძალიან თბილადაც გამოემშვიდობა. 
ფიფომ შვებით ამოისუნთქა. მიმისთან საქმე მოგვარებული იყო, თუმცა მაინც მეტი სიფრთხილე იყო საჭირო. შემთხვევით მიმის, რომ არ გადაეყაროს, ეს დღეები მხატვართანაც ნაკლებად უნდა გამოჩნდეს და საერთოდ ახლა უკვე დროა, უფრო ჭკვიანურად იმოქმედოს. ამბიციების და ეჭვიანობის დრო უკვე მორჩა! დამთავრდა! 
„მიმი როგორი თბილი, სათნო და კეთილია. რას ვიფიქრებდი, თუ ასეთ ძვირფას საჩუქარს მაჩუქებდა, თანაც... ჰმ.“ 
ფიფო ისევ ხანუმასკენ მიბრუნდა. 
- რა ხდება? გაირკვა რამე? - შესვლისთანავე იკითხა ფიფომ. 
- არაფერი. - უპასუხა ხანუმამ. - არანაირი დაჭრილი არსად არ დაფიქსირებულა. პოლიკლინიკებიანად ავაწრიალე ყველაფერი და სხვათა შორის, მორგებიც გადავამოწმეთ. არაფერიც არ არის! 
ფიფო ჩაფიქრდა. ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ პიპას თავზე დადგომოდა. ან სახლში, ან თუნდაც, სამსახურში, მაგრამ მისი გამოჩენა არაფრით არ შეიძლებოდა ჯერ. ვერც იონას მიაგზავნიდა უკვე, რადგან რა გარანტია ჰქონდა, რომ პიპა სახეზე არ იცნობდა და თანაც, ასეთი გალახული და ნაცემი სახით, არც კი ღირდა მისი გამოჩენა. რამე უნდა ეღონა. ყველაზე კარგი ვარიანტი, ისევ მიმი რჩებოდა, მაგრამ აბა, როგორ უნდა ეთხოვა მისთვის? რა მიზეზით? 
ფიფო ტელეფონს დასწვდა. 
- სად რეკავ?! - დაიგრუხუნა ნათლიამ. - კიდევ რამე ახალი სისულელე არ ჩაიდინო! 
„ახლა უკვე ოფიციალურად მთვლიან იდიოტად!“ 
გაიფიქრა ფიფომ. 
- ვფიქრობ, რომ უმჯობესია, რამე მიზეზით, ისე რომ არაფერი იეჭვოს სამსახურში უნდა დავადგე... - სიტყვა შუაზე გაუწყდა ფიფოს, როცა ნათლიის დამცინავ მზერას წააწყდა. 
- რას აკეთებს ასეთს, რომ კვირასაც მუშაობს? - ჩაიგრუხუნა ნათლიამ. 
- აა, დღეს კვირაა? - დაბნეული ხმით იკითხა ფიფომ. 
- დიახ, ბატონო! დღეს კვირაა, ეს ერთი კვირაც და თვეც დამთავრდება და წელიც! 
„ვაიმე, თვის ბოლო კვირა მეგონა, მკვლელობის დროს ზუსტად ამთხვევს ასე, მე იდიოტმა, კი ვიჩქარე და აი მივიღე კიდევაც.“ 
- კვირას არ მუშაობს, ტაძარში იქნება. - წაიწრიპინა იონამ. 
- აუჰ, ლოცულობს კიდეც?! - დაიგრუხუნა ისევ ნათლიამ. 
იონამ ფიფოსკენ გააპარა თვალი და უცებ, ნათლიის გამჭოლ მზერას წააწყდა. 
- მდააა. - ნათლია სკამზე შესწორდა და მაგიდაზე თითების კაკუნს მოჰყვა.
თითების მოძრაობაზე იონა ცალკე შეკრთა და ფიფოც რაღაცნაირად შეიშმუშნა, ნათლია ახლა უფრო დარწმუნდა, რომ ბიჭები მართლაც რაღაცას მალავდნენ. 
- მოკლედ ასეეე! აქედან ფეხს ვერც ერთი ვერ მოიცვლით, სანამ ბოლომდე არ მოყვებით ყველაფერს! გასაგებია! - ხმას აუწია ნათლიამ. 
ფიფოს თავი არ აუწევია, ისე დაეთანხმა და ისევ ტელეფონი მოიმარჯვა. ამჯერად, აღარ უცდია ოთახიდან გასვლა. 
- სასწრაფოდ შენი დახმარება მჭირდება. - ფიფოს ხმა უკანკალებდა. ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს. - და რაც შეიძლება მალე უნდა გამიგო, სად იმყოფება ახლა შენი „ლუბოვის“ ძამიკო და მიმისთან არაფერი წამოგცდეს, რა. 
სიჩუმე ჩამოვარდა. უხმოდ ელოდნენ ფიფოს მობილურის აწკრიალებას. როგორც იქნა, მხატვარმა დაურეკა. 
ფიფო მოიღუშა. 
- მონასტერში ბრძანდება. - ჩუმი ხმით ამცნო ფიფომ იქ მყოფთ. 
- რაო?! - შეიცხადა ნათლიამ. - კი, მაგრამ ვინ არის ასეთი?! 
- ერთი ის უჯრა გამოაღე. - მიმართა ხანუმამ იონას. - ის ცისფერყდიანი საქაღალდე მომაწოდე! ასეეე... - ხანუმამ ერთი ფურცელი გამოაძრო, სადაც კალენდარზე გარკვეული რიცხვები იყო შემოხაზული. მერე სათვალე მოიხსნა და ნათლიას ის ფურცელი გაუწოდა. 
- ეს რა არის? 
- საეკლესიო კალენდარია. - მშვიდი ხმით უთხრა ხანუმამ. 
- ხო, მაგრამ რა შუაშია? 
- ყველა მისი მკვლელობანი, ხსნილის დროს არის ჩადენილი. 
- ვიცოდი! თავიდანვე ვხვდებოდი, რომ რაღაც საინტერესო და უცნაურ ფენომენთან გვქონდა საქმე! - წამოიძახა იონამ. - მორწმუნე სწავლული, რომელიც მარხვას მკაცრად იცავს და თან მკვლელობაზე მიდის და არა სპონტანურად არამედ, კარგად დაგეგმილ და გააზრებულ... 
- კარგი ერთი გაჩუმდი! - შეუღრინა ნათლიამ. - ხო! ისე ფენომენი კი გამოდის, თქვენ ორ ბრიყვთან შედარებით! 
- მონასტერში მიკითხვა იმ შემთხვევაში გამოვა, თუ უკვე მის აყვანას აპირებთ. სხვა ვარიანტში დაიწვებით. ვინც არ უნდა მიაკითხოს, თუნდაც თავისიანმა. - ჩუმი ხმით დაუმატა ხანუმამ. 
- რა ვქნა?.. რა უნდა ვქნა?... აღარ ვიცი... - სასოწარკვეთილი ხმით წარმოსთქვა ფიფომ და მაგიდაზე ჩამოდო თავი. 
- მარხვა, რომ მორჩება, მერე უნდა მიუდგე, როგორმე. - მიუგო ხანუმამ. 
- ახალი წელიც მოდის. - წაიკნავლა ისევ იონამ. 
ყველას გაეცინა. 
- შეგიძლია ახლა მშვიდადაც იყო. - განაგრძო ხანუმამ. - არც მკვლელობას ჩაიდენს და არც გამოჩნდება მარხვის დასრულებამდე. 
- ჰმ, მაინც ვინ არის ასეთი? - იკითხა ნათლიამ. 
- შენც იცნობ. - ჩუმი ხმით შეაპარა ფიფომ. 
- მეც ვიცნობ?! - დაიღრიალა ნათლიამ. - თქვენ საერთოდ გააფრინეთ?! - მერე ხანუმას მიუბრუნდა. - და შენც, ამხელა ქალმა და ასეთმა გამოცდილმა, ამათ ჭკუაზე, როგორ გაიარე?! 
- რა გაყვირებს? შენ თვითონ არ ეპატიჟები და სუფრებს უმართავ? - ჩაიქირქილა ხანუმამ. 
ისევ გაეცინათ. 
ნათლია გაოგნებული დარჩა. 
- არადა, როგორ მომეწონა. კარგი ახალგაზრდა ჩანდა, როგორი ჭკვიანი, განათლებული, გამჭრიახი. - განცვიფრებული ამბობდა ნათლია. 
- ხო, ციხეშიც ჩამაყუდა და თვითონვე გამომიყვანა, აქეთ დავრჩი მადლიერი! 
- რა საოცრებაა, პირდაპირ... რა საოცრებაა... გაგიჟდება კაცი... - გაოგნებული ბურდღუნებდა ნათლია და ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ თავადაც ასე ოსტატურად გააცურეს. 

 *** 
როცა ფიფო, ჩასაფრებული მტრის მოლოდინში გაყინულ ხელებს იფშვნეტდა, მიმის ამ დროს თბილად ეძინა და ტკბილ სიზმრებსაც ხედავდა. 
მართალია პიპა უცნაურად იქცეოდა, მაგრამ ცივი გამოხედვის მიღმა, მაინც იგრძნობოდა თბილი ვნებიანი თვალები. მიმი ხვდებოდა ამას და უკვე დარწმუნებულიც იყო მის გრძნობებში, თუმცა მისი ქცევა, მაინც აკვირვებდა.
„იქნებ, სხვების დასანახად იქცევა ასე? მაგრამ ხომ შეუძლია, რომ შემეხმიანოს და ისევ ისე, როგორც ერთ დროს სადმე გაგვესეირნა. 
თუმცა აბა, როგორ? ალბათ ფიქრობს, რომ უკვე მართლაც ფიფოს ცოლი ვარ და ბავშვსაც მისგან ვაჩენ.“ 
ფიქრებმა ძილისკენ წაიყვანეს და ალბათ კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ძილს, რომ რაღაც ხმას არ გაეღვიძებინა. 
ჯერ კიდევ ძილშივე ჩაესმა ხველის ხმა. მიმიმ თვალები დაჭყიტა. აშკარად ვიღაც იჯდა სავარძელში და მოგუდულად ახველებდა, ცდილობდა ხმა ჩაეხშო. 
მიმი არც დაბნეულა და არც შეშინებულა, მყისვე წამოჯდა, ბრა აანთო და პირდაპირ დაუპატიჟებელ სტუმარს მიანათა. 
- ასე ძაან ნუ დამაბრმავებ, რაა. - გაისმა ძალიან ნაცნობი ხმა. 
LEX. 2018 წლის 1 მარტი, ხუთშაბათი.

No comments:

Post a Comment