Monday, November 1, 2021

ძველი პიანინო (ნაწილი 137)

137.
- ჰააა!!! წამოეგო ბიჭი ანკესს? - ჩაიცინა ფიფომ. 
- ჰო! - კვერი დაუკრა მხატვარმა. - მართლა, ისე ანერვიულდა, რომ ვეღარც დაფარა. 
- ჰაჰ! 
- ისე, მაინც? ხომ არ მიხვდებოდა რამეს? 
- ვითომ? - ჩაეკითხა ფიფო. 
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - თითქოს ყველაფერი ბუნებრივად გამოვიდა. 
- ვნახოთ, ვნახოთ. - მიუგო ფიფომ. 
- აი შენ, რომ ყოფილიყავი და შენ, რომ დაგეწყო ეგ საუბარი, მაშინ შეიძლება მართლაც ეეჭვა, მაგრამ მიმი ისე ოსტატურად ავალაპარაკე და თანაც... 
- მშვენიერია, მშვენიერი! - კმაყოფილებისგან გაიბადრა ფიფო. 
- ისე, შეიძლება ცოტა კი იეჭვა კიდეც, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ წამოგებულია ანკესს. 
- ვნახოთ აბა ამაღამ, ვნახოთ. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო ფიფომ. 
- მეც რომ წამოვიდე? 
- არა! არავითარ შემთხვევაში! - კატეგორიულად გააქნია თავი ფიფომ. 
- ჰო, კარგი! მაინც მეზარებოდა. - ჩაეცინა მხატვარს. - და ადრე, რომ მივიდეს? მიგასწროს იქ მისვლა? 
- გამორიცხულია! ჯერ არც ისე გვიანია, მეზობლები შენიშნავენ. ამიტომ უფრო შედარებით გვიან დროს აარჩევს და მეც გამოვიმწყვდევ ხაფანგში! დამაცადოს აბა, ერთი! - ფიფო სიგარეტს დასწვდა. 
სამსახურში, ამ ახალ აღმოჩენაზე, ის რაც ფოტოზე შეამჩნია, ხმა არ ამოუღია. მთელი დღე მოუნდა საქმის ბოლომდე ჩაკირკიტებას. ნივთმტკიცებებიც მოითხოვა, მაგრამ სამწუხაროდ, რადგან თავიდანვე უბედურ შემთხვევად ჩათვალეს, წესიერად არც შეუმოწმებიათ ნახანძრალი და ამის გამო, შემთხვევის ადგილიდან, არანაირი ნივთი არ იყო ამოღებული. ფიფო საშინლად განრისხდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა? ამჯერად, მხოლოდ ფოტოებზე შემორჩენილი ნივთმტკიცებებით უნდა დაკმაყოფილებულიყო. 
ფიფომ დრო იხელთა და სანამ პიპა და მიმი მხატვართან ერთად სახელოსნოში ელოდნენ, მეხანძრეები თავიდან დაკითხა. მეზობლებიც ხელმეორედ გამოკითხა. დანაშაულის ადგილიც ხელახლა სულ დეტალებში გადაათვალიერა, მაგრამ ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ აღმოაჩინა და ვერც ის, როიალზე შემორჩენილი ნივთი ვერ ნახა, რამაც ასე ააღელვა და უფრო მეტად გაუჩნდა ეჭვი, რომ ესეც უთუოდ პიპას ჩადენილი მორიგი მკვლელობა იყო. 
- მაინც რა ნახე ასეთი? აღარ მეტყვი? - დაელია მოთმინება მხატვარს. 
ფიფომ მობილური ამოიღო. ფოტო ეკრანზე გაუშალა. 
მხატვარი ჩაფიქრებული აკვირდებოდა. თითქოს ვერაფერი უჩვეულო ვერ შენიშნა.
- ვერაფერს ამჩნევ? - ღიმილით ჩაეკითხა ფიფო. - ხელთათმანებიიი, როიალის თავზეეე. 
- ჰოოო? - გაიკვირვა მხატვარმა. 
- მაგრამ იქ რომ მივედი, ფაფუ! აღარ დამხვდა! ლამის ხუთ კვირაზე მეტია გასული. სახლი კი იყო დალუქული. დღისითაც შეუმჩნევლად ვერავინ შეაღწევდა, თუმცა მაინც შესაძლებელია, რომ შესაფერისი დრო შეარჩია, შეძვრა და წააცუნცულა! 
- ისე მიმის ფოტო წესიერად არც აუწერია. 
- წესიერად როგორ? - ჩაეკითხა ფიფო. - მიმის არაფერი უთქვამს როიალი თავახდილი იყო თუ თავდახურული. ეს თვითონ პიპამ თქვა. მიმის კი ყურადღება არც მიუქცევია. 
- ჰაჰ! წამოსცდა ბიჭს! - წამოიძახა ფიფომ. - აი, ხომ ხედავ? შენ კი ეჭვი გეპარებოდა. იქნებ, ეგ არაფერ შუაშიაო და თურმე, შუაში კი არა, თავშია! 
- შეიძლება მართლაც ლოგიკურად იმსჯელა. - მხატვარმა მხრები აიჩეჩა. - ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა პატრონი უკრავდა და რა დროს პიანინო იყო გარეთ გამოვარდებოდაო. 
- და ლოგინში ჩაწვებოდაო და სიკვდილს დაელოდებოდაო? - ჩაეცინა ფიფოს. 
- ჰა, ჰა! 
- და მერე ხელთათმანებს, რა უნდოდა მანდაო? 
- რა იცი? იქნებ, ის მსხვერპლი ქუჩიდან ახალი შემოსულიყო, მერე უცებ დაკვრაც მოუნდა. - მხატვარი კვლავ ცდილობდა რაღაც გამართლება მაინც მოეძებნა. 
- საქმე იმაშია, რომ. - ფიფომ მხატვარს ნიშნის მოგებით გადმოხედა. - გარეთ დიდი ხანია აღარც გადიოდა. პურზეც მეზობლის ბავშვებს აგზავნიდა. ყველაფერი დაწვრილებით გამოვქექე. აფეთქებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, მისი სახლიდან პიანინოს ხმა ისმოდა. - ფიფომ ყავა მოსვა. - ამაში უჩვეულო არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მსხვერპლი უკვე რამდენიმე დღის გარდაცვლილი, უფრო სწორად, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოკლული! განისვენებდა თავისივე საწოლში. 
- მდაა. 
- და კიდევ ერთი! ვფიქრობ, უფრო არანაკლებ საინტერესო ფაქტიც! - ფიფომ ჩაახველა. - როგორც ზემოთ აღვნიშნე, აფეთქებამდე, ეგრეთ წოდებული გვამი, რადგან უკვე მკვდარი იყო, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს, მაინც პიანინოს უკრავდა და შენ წარმოიდგინე ისიც კი ვიცი, რასაც უკრავდა! 
- ჰაჰ! 
- თურმე, თავის სიცოცხლეში, ეს ჩვენი მსხვერპლი! - განაგრძო ფიფომ. - არც თუ ისე კარგად ფლობდა კლავიშებიან ინსტრუმენტს. ისე, უბრალოდ, ჩვეულებრივი, რიგითი მოყვარული იყო და უცებ! შუა ღამისას, პროფესიონალი პიანისტივით უკრავს! თანაც ისე საოცრად, ვირტუოზულად შეასრულა ბახი, რომ მეზობლის, ზედმეტად ცნობისმოყვარე გოგონა, აღფრთოვანებულიც კი დარჩა! 
- ჰმ. - თავი გააქნია მხატვარმა. - იქნებ, მშვენივრადაც უკრავდა ბახს, მაგრამ იშვიათად და ამიტომ გაუკვირდა? მაგრამ, გვამს რა ვუყოთ, რა? - ჩაეცინა მხატვარს. 
- საქმეც მაგაშია. - თავი დაუქნია ფიფომ. 
- და ის გოგონა, ასე დააინტერესა ბახმა? - ჩაიხითხითა მხატვარმა. 
- შენ წარმოიდგინე, რომ კი! - კვლავ თავი დაუქნია ფიფომ. - მართლა ძალიან გაკვირვებული დარჩა ბავშვი, რადგან, ეგრეთ წოდებული ჩვენი გვამი, მით უმეტეს თუ, კლასიკაში ნაკლებად იჭრებოდა, ისე თავისთვის რაღაცას წაუბლუზებდა, ცოტას მღეროდა კიდეც, მაგრამ აი, ბახი?! - ფიფო გაჩუმდა. 
- ჰმ, ესე იგი ბახი... - ჩაილაპარაკა მხატვარმა. 
- დიახ! ბახი! დაიცა აქ ჩავიწერე. - ფიფომ მობილური მოიმარჯვა. - G-minor! მხოლოდ ლუონისეული ბახიო და არა თვითონ ბახიო! ნუ, ესეც იმ გოგონამ მითხრა, რაღაც ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ... 
- ლუო ნის - Bach G-minor-ი! - დაუმარცვლა მხატვარმა. - ბახისადმი მიძღვნილი მისივე სტილში. ჩინელი კომპოზიტორია. 
- ჰო, აი შენც გცოდნია, იმ ბავშვმაც რაღაც ასე ამიხსნა. 
- მდაა. 
- ჰოდა, იძახე ახლა, მდააა! - გაეცინა ფიფოს. 
- ესე იგი? 
- ესე იგი! - დაიწყო ფიფომ. - ჯერ გაგუდა! მოახრჩო! მერე ალბათ უტრიალა რამდენიმე დღე. არ ვიცი რატომ და რისთვის და მერე ხანძარიც გაუჩინა. ალბათ, უფრო კვალის დაფარვის მიზნით, ვითომდა, კვამლმა გაგუდა. სინამდვილეში კი რამდენიმე დღის მკვდარი იყო. გვამის გახრწნაც დაწყებული იყო. 
- ფუ, მოიცა რაა. - დაიჯღანა მხატვარი. - რა სუნი იდგებოდა იქ. უკან რაღამ დააბრუნა? 
- აი ეგ არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - შეიძლება, მართლაც კვალი უნდოდა დაეფარა. ჰოდა, აფეთქებაც მოაწყო და მანამ, სანამ მოკლე ჩართვა მოხდებოდა დაელოდა და კლასიკური მუსიკით გაიგრილა გული. აფეთქების ხმაზე მოასწრო გარეთ გამოვარდნა, მაგრამ ხელთათმანები იქვე დარჩა, ეგ უკვე ვეღარ გატვინა, რომ აეღო. 
- და ახლა გგონია, რომ მივა და წამოიღებს? 
- მე არაფერიც არ მგონია, იქ რომ მივედი, აღარც დამხვდა და ვერც ვერსად აღმოვაჩინე, რადგან არანაირი ნივთები არ იქნა ამოღებული დანაშაულის ადგილიდან, იმიტომ რომ თავიდანვე ეს საქმე, უბედური შემთხვევის სახით შემოვიდა და არც ჩათვალეს საჭიროდ ნივთმტკიცებების ამოღება! ადვილად მოიშორეს და გახსნილ საქმეებში უკრეს თავი, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, თქვენი მონა-მორჩილი და მეგობარი - ფიფო - ესე იგი, მე! მივაქციე ყურადღება რა, იმ საეჭვო გარემოებებს, მოვითხოვე ყველასი და ყველაფრის ხელმეორედ გადამოწმება! და აი, შედეგიც დაიდო! თურმე, უბედური შემთხვევა კი არა, მკვლელობა ყოფილა და არც შემთხვევითი, მკვლელობა, არც აფექტის შედეგი, არამედ წინასწარ კარგად დაგეგმილი და მომზადებული, განზრახ ჩადენილი მკვლელობა! თუმცა, მკვლელმა რაღაც ისე კარგად ვერ გაართვა თავი. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, აქ რაღაც აურია. 
- დაიღალა, ან მობეზრდა, ვეღარ გაქაჩა! 
- შესაძლებელია! - კვერი დაუკრა ფიფომ. - და ისიც დასაშვებია, რომ ერთხელ მაინც, ყველას ეშლება და ყოველთვის ბოლომდე მაინც ვერ გათვლი, ისე როგორც შენ გინდა! 
- ხოო, ცოტა რაღაც უტვინოდ კი გამოუვიდა. ხანძარი მაშინვე უნდა მოეწყო, სანამ გვამი გახრწნას დაიწყებდა, ან სულაც მკვდარი სამზარეულოში დაესვა სკამზე, მაშინ შენ საერთოდ არც მიაქცევდი ყურადღებას. 
- აი, სწორედ მაგაშია საქმე! რაღაც ისე ვერ გააკეთა, ან იმ მომენტში ვერ მოასწრო. მერე შეიძლება უტრიალა რამდენიმე დღე შევიდა და გეგმა შეცვალა. 
- რაღაც სპონტანურადაც გამოუვიდა გეგმის შეცვლაც! 
- ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ახლა ეგ სულაც არ მაინტერესებს რატომ და რისთვის რა შეცვალა, ჩემთვის მთავარი მიზანია, ფაქტზე ავიყვანო და მერე ვნახოთ! 
- იქნებ, ისევ მიბრუნდა ხანძრის მერეც და თვითონვე წაიღო ის ხელთათმანები, მაშინ როგორღა დაიჭერ ფაქტზე? - ჩაეკითხა მხატვარი. 
- კი, მაგრამ მაშინ რატომღა ანერვიულდა? - ფიფომ გამომწვევად გადახედა მხატვარს. - ისე, შეიძლება, მართლაც მერე მივიდა და აიღო და ან სულაც ხანძრის ჩაქრობის დროს, ვინმემ ისარგებლა მომენტით, ან ბავშვები შეძვრნენ მოგვიანებით. მოკლედ ვერსიები უამრავია, მაგრამ რადგან მღელვარება ვეღარ დაფარა ბიჭმა, უთუოდ შეირბენს დანაშაულის ადგილას. თანაც, ეს დაუწერელი კანონივით არის, ხშირად სჩვევიათ მკვლელებს დანაშაულის ადგილის ხელმეორედ მონახულება და მით უმეტეს, თუ რაღაც სამხილის არსებობას მოჰკრავენ ყურს. 
- ხომ, ისე თუ მართლა მოგვიანებით მივიდა და თავად წამოიღო, ახლა რატომღა უნდა აღელვებულიყო ასე? - ჩაფიქრებული ხმით დაუმატა მხატვარმა. 
- აქ მარტო ხელთათმანებზე არ არის საქმე! - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - იცი, კიდევ რატომ უფრო ანერვიულდებოდა? 
- აბა, რატომ? - მან ხომ არ იცის როიალის გარდა, კიდევ რა იყო იმ ფოტოზე გამოსახული. 
- ხოოო... - მხატვარმა წარბები აზიდა. - ზუსტადაც ხოოო! აი, ამაშია საქმე!
- ალბათ, დანაშაულის ადგილის ხელმეორედ მონახულებისას გაუჩნდა ეს ხანძრის იდეაც. ხომ შეიძლება? 
- შეიძლება! ყველაფერი შეიძლება! - თავი დაუქნია ფიფომ. 
- ჰოო, აი სწორედ მანდ დაიწვა! 
- დიახ! დაიწვა და თანაც, მერე როგორ?! 
- მაგრამ მაინც მიკვირს, თუ კვალის დაფარვა უნდოდა მაშინვე ვერ მოაწყო ხანძარი? არც თუ ისე შტერია, რომ ასე სულელურად დაეწყო გეგმა. ყოველთვის ყველაფერი, ყოველი დეტალი აქვს გააზრებული და გათვლილი, ყოველთვის წინასწარ შედგენილი გეგმით მოქმედებს, მაგრამ ახლა რაღაც ვერ... - მხატვარი გაჩუმდა და ფიფოს თვალი აარიდა. 
ფიფო ელოდა როდის ამოღერღავდა, ის კი მაინც დუმდა. 
- აუ, თქვი რა რის თქმაც გინდა! რაღაც იდეა მოგივიდოდა თავში. თქვი რა ბარემ, ნუ გადამდგი ჭკუიდან! - ვეღარ მოითმინა ფიფომ. 
- ჩვენ ხომ ადრეც ვისაუბრეთ ამაზე. 
- და, მაინც? - არ მოეშვა ფიფო. 
- სწორედ იმ სერიული მკვლელისთვის, რომელიც შენ პირადად გაინტერესებს და დარწმუნებული ხარ, რომ კვალში უდგახარ! 
- ჰო, მერე? - არ აცალა ფიფომ. 
- მისთვის, მკვლელობის ადგილი, არის სცენა! - განაგრძო მხატვარმა. - სპექტაკლს დგამს, მათთვის, ვინც ეს უნდა დაინახოს! და აი, ამიტომაც მოაწყო ის აფეთქება, რადგან რამდენიმე დღის მკვდარი იყო და ჯერ არავინ გამოეხმაურა ამ ფაქტს! ამიტომაც დაგანახა, აი, შენ! კონკრეტულად შენ! ხომ შეეძლო მართლაც, გვამი დაესვა სამზარეულოში ვითომ და, ტელევიზორის საყურებლად. ვერც ვერავინ ვერასდროს მიხვდებოდა ამას. ახლა კი ხედავ? შენ დაგანახა! გაჩვენა! ეს მე ვარო და არა უბედური შემთხვევაო. 
- ხოოო... - ფიფო ჩაფიქრდა, აქამდე გამარჯვებული იერის მქონეს, ახლა ბრაზისგან სახეზე სისხლი მოაწვა. 
- გაჩვენა, ეს მე ვარო და შენ კი ვერ დაინახეოოო! - გაუშიფრა მხატვარმა. 
- ისე, მეც რამდენჯერმე გამკრა გულში, რაღაც ძალიან სუსტი გეგმა იყო. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ფიფომ. - მაგრამ მინდოდა დამეჯერბინა, რომ მართლაც შეეშალა და შეცდომა დაუშვა და აი თურმე, აქაც გამაბრიყვა?! გაგიჟდება რა კაცი რა! შეიძლება ის ხელთათმანებიც სპეციალურად დატოვა? 
- ან მართლაც დარჩა, მაგრამ აი, აფეთქება უფრო იმიტომ მოაწყო, რომ შენ დაგენახა! ეს უკვე უტყუარი ფაქტია! 
- და იქნებ, სპეციალურადაც უკრავდა, რომ ხმა გარეთ გასულიყო? 
- და ცნობისმოყვარე მეზობლებიც კი უეჭველი მიხვდებოდნენ, სახლის პატრონი ასე კარგად ვერასდროს დაუკრავდაო. - ცალყბად ჩაეღიმა მხატვარს. 
- და კიდევ ერთხელ, ამითაც მიმანიშნა, მე ვარო... - ჩაილაპარაკა ფიფომ. 
- ისე, შეიძლება, ის ხელთათმანები მართლა დარჩა? 
- შეიძლება მართლაც დარჩა... მაშინ ასე არ აღელდებოდა... - ფიფო უკვე თავისთვის ბჭობდა. 
- ჰო. აფეთქების ხმაზე, როიალიც თავ ახდილი დატოვა და გარეთ გამოვარდა და სანამ ვინმე შენიშნავდა, ადვილად მიიმალა. - მხატვარმა სიგარეტს მოუკიდა. - უჰ, ძლივს არ ვაბოლებ ადამიანურად. მიმის ხათრით აქაც ვეღარ ვეწეოდი.
ფიფოს გაეცინა. 
მხატვარმა განაგრძო: 
- ისე, ბატონმა პროფესორმაც, ზუსტად ასე აღწერა. მიმის ეცინებოდა, ის კი ცოტას უბღვერდა კიდეც. 
- მიმის რაღაზე უბღვერდა?! - წამოენთო ფიფო. 
- ხომ მოგიყევი წეღან? მიმიმ იუმორში გატარა ფოტოზე დაფიქსირებული ფაქტი, პიპა კი უკვე ისედაც აღელვებული იყო და ალბათ მიმისთან მიმართებაში გამოხატა და ასე გადაიტანა და დაფარა მღელვარება. 
- და რაო? 
- როცა თავის გადარჩენა გახდა საჭირო, რა დროს ინსტრუმენტის სარქველის დახურვა იყოვოოო!!!
- და ხელთათმანებიც აღარ გამახსენდაო. - ჩაეცინა ფიფოს. 
- ალბათ! ახლა უფრო დავრწმუნდი, იმიტომ უფრო აღელდა, რომ... 
- რომ რა? - არ აცალა ფიფომ. 
- მან ხომ მართლაც არ იცის ფოტოზე ზუსტად რა იყო. აი, მართლაც მაგაშია საქმე! შეიძლება ხელთათმანები უკვე თავად აიღო, მაგრამ ხომ შეიძლება ფიქრობდეს, რომ კიდევ რაღაც გამორჩა? 
- ჰოდა, თუ დამნაშავეა, სწორედ მაგ ფაქტმა ააღელვა! და ამიტომაც მე ახლა, ვაგრძელებ ბრძოლას და სუნ ძუს მეთოდით უნდა ვისარგებლო! 
- სუნ ძუ? - „ჯაპანია?“ - ჩაეცინა მხატვარს. 
- არა! „კიტაია“. - გაეცინა ფიფოსაც. - ჩინური სამხედრო სტრატეგიაა - სწორედ იქ მიიტყუო მტერი, სადაც შენ გაწყობს! 
- ჰაჰ! რა ყველაფერი ჩინურია. 
- ჰო, რაა - გაეცინა ფოფოს. 
- Бог создал мир! Остальное сделано в Китае! - დამარცვლით გაშიფრა მხატვარმა, რასაც ფიფოს სიცილი მოჰყვა. 
- ჰო, რა გაცინებს მასეა. - სიცილში აჰყვა მხატვარი. 
- ჰოო, ხედავ შენ... - ფიფო სავარძელში გადაწვა. 
- კატა-თაგვობანას გეთამაშება. არ უნდა, რომ დაიჭირო, მაგრამ თან გაჩვენებს, რომ ეს მე ვარ! მე! მოდი აბა და დამიჭირე! 
- ვაჩვენებ მე მაგას თამაშს! - წაიღრინა ფიფომ. 
- ისე, აქ რომ იყო, სულ სხვანაირი ჩანდა. 
- აბა აქ შენ ხომ არ დაგიწყებდა დახრჩობას ან მიმის? 
- მე რას მერჩის? - გაეცინა მხატვარს. 
- ვაიმე, მიმის რომ ოდნავ მაინც რამე დაუშავოს, ან რომ დავინახო მიმი მაგის გულისთვის აცრემლებული, აი ლუკმად არ მეყოფა! - ფიფომ შეკრული მუშტები სავარძლის სახელურებს დაჰკრა. 
- კაი, ხოო, მიმის არაფერს დაუშავებს. დარწმუნებული ვარ და იმასაც კარგად ვხედავ სპეციალურად რომ უბღვერს და თავიდან იშორებს, თითქოს თავს აძულებს. 
- აბა მკვლელი, რა შესაყვარებელია? 
- მიმიმ ხომ არ იცის! - მხატვარი სავარძელში გადაწვა. - ისე, მართლა როდის უნდა უთხრა? 
- და რა ვუთხრა? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - როგორ უნდა ვუთხრა? თან ჯერ მაინც მეშინია, რამე არ წამოცდეს ან სახეზე მის დანახვაზე შიში არ დაეტყოს და უფრო ხათაბალაში არ გახვიოს თავი. 
- ჰო! სანამ პიპა დარწმუნებულია, რომ მიმიმ არაფერი იცის, ასე უფრო დაცულად იგრძნობს თავს და მიმისაც თავისთავად არაფერი საფრთხე ემუქრება. 
- მეც მასე ვიფიქრე, ამიტომაც შევიკავე თავი. 
- მართალი ხარ! ასე სჯობს. - დაეთანხმა მხატვარი. 
ფიფომ საათს დახედა. 
- და ვინაიდანაც და რადგანაც, ბიჭი აგვინერვიულდა! ცივმა ოფლმაც დაასხა, ამიტომაც უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად მივა იქ! თანაც, რაც შეიძლება მალე, ესე იგი ამაღამვე! - ფიფომ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. 
უკვე წასვლის დრო იყო. სანამ გვიანი ღამე დადგებოდა, მანამდე უნდა ყოფილიყო ჩასაფრებული. 
ფიფო წამოდგა. ქამარი შეისწორა. იარაღიც მოისინჯა. მხატვარს უნებურად მისკენ გაექცა მზერა და ფერი წაუვიდა. 
- რა იყო? - ჩაეცინა ფიფოს. 
მხატვარმა არაფერი უპასუხა. 
- ჰო, რა იყო, რამ შეგაშინა? - ისევ ეცინებოდა ფიფოს. 
მხატვარი ისევ ფერწასული მდუმარედ იჯდა. 
- თუ საჭირო გახდება, უნდა ვისროლო კიდეც, აბა ისე როგორ?! - თვალები დააბრიალა ფიფომ. 
- სხვანაირად არ გამოვა? - ხმა გაებზარა მხატვარს. 
- შენ მე მართლა იდიოტი ხომ არ გგონივარ? ხომ გითხარი? თუ საჭირო გახდება! გასაგებია? მისი მოკვლა კი არ მინდა! არ მინდა კი არა, სულაც არ მჭირდება. მირჩევნია ფაქტზე დავიჭირო! 
- ჰო, კარგი. შენ უფრო იცი. 
- დამშვიდდი. მხოლოდ მაშინ ვესვრი, თუ თვითონაც მესროლა! სხვა შემთხვევაში, ჰაერში გავისვრი! ვაა, მეტი რაღა გითხრა? 
- ჰო. კარგი, კარგი. - აბურდღუნდა მხატვარი. 
- ისე, სიმართლე გითხრა, მართლა არავინ მომიკლავს! კი, მისვრია კიდეც, როგორ არა და თანაც, არა ერთხელ, სპეციალურადაც დამიჭრია კიდეც, მაგრამ არავინ მომიკლავს!
- კარგი და გელოდები მერე გვიან, მიმი მაინც დედამისთან დარჩება ამაღამაც და შენ კი ისევ აქ მოდი. 
- მოვალ, აბა ცარიელ სახლში, რა მინდა? დილამდე დაველოდები. თუ არ გამოჩნდა წამოვალ უკან. დღისით არც მინდა იქ, რომ ვიწრიალო და შესამჩნევი გავხდე. მერე მეორე ღამესაც ჩავუსაფრდები და ვნახოთ ერთი სადამდე მომიწევს იქ ყურყუტი. 
- ნამდვილად არ გინდა, რომ წამოგყვე? 
- არა, მართლა არ მინდა! თანაც, მარტო მაინც არ ვიქნები. ერთი ჩემიანი კარგი ბიჭი მყავს ჩასაფრებული უკვე და არც ამდენი ხალხის ტრიალი მინდა. 
- მერე იმან, რომ ატეხოს სროლა? 
- კარგი რაა, რა გჭირს?! არა აქვს იმას იარაღი და არც სროლა იცის. ფსიქოლოგი ბიჭია, კარგი ერთგული მეგობარია და სწორედ ამ საქმეში მეხმარება. სხვათა შორის, მისი დამსახურებაა, ყოველივე ამდენი იმედ გაცრუების მერე, ჩემი სამუშაოზე წინ წაწევა. 
- მერე მე რატომ გამაცნობ? ერთხელ მაინც მოგეყვანა აქ თუ ასეთი კარგი და ერთგული მეგობარია. 
- ნუ ეჭვიანობ! - გაეცინა ფიფოს. - დავაპირე აქ მოყვანა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. 
- რატომ ვითომ? - ჯერ არ მინდა, არც მიმი, რომ იცნობდეს და მით უმეტეს, აქ თუ პიპამ დაიწყო სიარული არც მინდა, რომ ერთმანეთი ნახონ. 
- რამე გაქვს ჩაფიქრებული? 
- ბავშვთან და ბებიასთან დავამეგობრე. 
- ვინ ბავშვთან? - გაიკვირვა მხატვარმა. 
- შენი „ლუბოვი“, რომ გყავს იმის შვილთან და დედამისთან და საერთოდ არ გაარკვიე ბოლოს და ბოლოს, ის ბავშვი კონკრეტულად ვისია? ან ესენი და-ძმანი როგორღა გამოდიან? 
- როგორ უნდა გამერკვია? რაც ვკითხე ის პასუხები შენც იცი და აბა თვითონ პიპას ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას? მერე რამე ისეთი, რომ წამომცდენოდა. მიმისაც მაგიტომ არაფერს ვეკითხები, მერე არ დაგვიწყოს საიდან გაიგეთო. 
- ჰო, კარგი, კარგი. ახლა ეგ ნაკლებად მაინტერესებს, მოვა მაგის დროც. წავედი! - ფიფო კარისკენ გაეშურა. 
LEX. 2018 წლის 20 თებერვალი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment