Friday, October 29, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 131)

131. 
ძანე ძალიან გაახარა დიმეოს მისვლამ. გვერდიდან აღარ იშორებდა. მალე ბევრი ფერადი ბუშტები და დიდი მარწყვის ტორტიც მოვიდა და ძანეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დიმეოც საკმაოდ ბედნიერი ჩანდა. 
- უერთმანეთოდ, როგორ უჭირთ გაძლება. - ღიმილით აღნიშნა ძანეს ბებიამ. 
- დიმეოსაც ძალიან უყვარს აქაურობა. - ჩაურთო მიმიმ. - ძანე კი, ჩვენთან დიდ ხანს ვერ ძლებს. არადა, დიმეოზე მართლაც რომ გიჟდება. 
- თავისი სახლი ურჩევნია მაინც. - მიუგო ბებიამ. - მისთვის აქ ყველაფერი ნაცნობია და თავსაც უფრო კომფორტულად გრძნობს. 
- ალბათ. - თავი დაუქნია მიმიმ. - დიმეოც მაგიტომ მორბის სულ აქეთ. 
- მერე იყოს, შენ ისედაც იმდენი სარბენი და საწვალებელი გაქვს. - გაუღიმა ძანეს ბებიამ. - ხომ იცი, საკუთარი სისხლი და ხორცივით ვუვლი, არაფერს ვაკლებ. 
- ვიცი, ვიცი. - გაეღიმა მიმის. - როგორ არ ვიცი. მშვიდად ვარ, როცა თქვენთან ერთად არის. 
- თუმცა, მაინც ჩვენი სისხლი და ხორცია. - დაურთო ძანეს ბებიამ. 
მიმის მდარედ ჩაეღიმა, მაგრამ ამ დროს ის მდარე ღიმილიც სახეზე შეეყინა, როცა იქვე მდგარ დიმეოს მოჰკრა თვალი. 
მიმი გაშრა. ვერაფერი თქვა. სამაგიეროდ, ბებიამ იმარჯვა და ბავშვს მიმართა. 
- ბები, კომპოტი გინდათ კიდევ? თუ მაინც ის ქიმიური კოლა გირჩევნიათ? 
- კომპოტი? კი გვინდა, მაგრამ მე ატმის მირჩევნია ძანეს კი არ ვიცი, ვკითხავ. - დიმეო ოთახიდან გავიდა. 
- ვითომ, ესმოდა ყველაფერი? - ჩუმად ჩაილაპარაკა მიმიმ. 
- რა ვიცი? - თავი გააქნია ბებიამ. - არც კი შემიმჩნევია როდის შემოვიდა. 
- რატომღაც მეგონა, რომ თქვენ არც კი იცოდით. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ზოგჯერ მეც არ მახსოვს. ნეტა, არასდროს დადგეს ის დრო, რომ ამის თქმა მომიწიოს. 
- შენი ნებაა, შვილო. შენ უფრო იცი, რომ ამ შენი სიჩუმით, ისეთივე საბედისწერო შეცდომა აღარ მოგვივა. ჰო, ყველას გვეხება ეს. - ქალმა თვალს მომდგარი ცრემლი, მიმის უჩუმრად მოიწმინდა და უცებ გაშეშდა. დიმეო სახეში შესცქეროდა და თვალს არ აშორებდა. 
- დიმე! - შეუფუცხუნა მიმიმ. - რა არის ეს ჩუმად მოპარვა და ჭორიკანასავით ყურის გდება? რა ქალების საქმეში ერევი? 
- ძანემ რაც დამაბარა, იმის სათქმელად მოვედი. - დინჯი ხმით მიუგო დიმეომ. - და სულაც არ ვარ ჭორიკანა! 
- და რა მინდაო, ძანემ? - ბებიამ სწრაფადვე შეცვალა თემა. 
- ტორტი კიდევ გვინდა და ნაყინიც! 
- ამდენი ტკბილი, რომ არ შეიძლება მისთვის? - თავი გააქნია ბებიამ და მაინც მოუჭრა ბიჭებს კიდევ თითო ნაჭერი. 
სანამ ბებო ბიჭებს კომპოტს უსხამდა, დიმეო იქვე იდგა და სამზარეულოს მაგიდაზე ათამაშებდა თითებს. მიმი, ბავშვის ამ თითების მოძრაობას მდუმარედ შეჰყურებდა. ბებიას ნაღვლიანად ჩაეღიმა. 
- გახსენებაც კი არ მინდა. - უთხრა მიმიმ ქალს, როგორც კი დიმეო გავიდა. - ყველაზე მეტად კი, ჩემს თავზე მეშლება ნერვები! არადა, მე თვითონ ავეკიდე, მოსვენებას არ ვაძლევდი, თავად კი... ისეთი მომნუსხველი თვალებით და მათრობელა ხმით... 
- იმიტომ, რომ მასაც ძლიერ შეუყვარდი. - მიუგო ბებიამ. - შეიძლება, თავიდან შენ დაასწარი მისი შეყვარება, ან სულაც თვითონ არ უტყდებოდა საკუთარ თავს.
- რა თქმა უნდა, მე დავასწარი! - ნაღვლიანად გააქნია თავი მიმიმ. - რაღაც უცნაური, ზებუნებრივი ძალა მიწევდა მისკენ, საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. - მიმიმ ამოიხვნეშა. - თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემი ასეთი გულუბრყვილობით სარგებლობდა. 
- არის ზოგჯერ ისეთი რამ, რომელთანაც ჭიდილი გამორიცხულია და ამის ერთ ერთი მაგალითი კი სიყვარულია. 
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი და მერე დაბალი ხმით წაიჩურჩულა:
- მეგონა, სხვას ვერასდროს შევიყვარებდი.  
ბებიამ გაუღიმა.
- ფიფო, ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, ჩემი განუყოფელი ნაწილი.  - განაგრძო მიმიმ. - მაგრამ მე! მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველაფერი ვიცოდი, სწორედაც რომ მე, უტვინომ და დაბრმავებულმა, მაინც წლები შევალიე იმ სიყვარულს. ასე მეგონა, სამუდამო იყო და ვერასდროს შევიყვარებდი სხვას და თურმე, რა ცეცხლში ვყოფილვარ! რა სიყვარული, რის სიყვარული? სად მქონდა ჭკუა და გონება. 
- მასე რატომ ამბობ? მერე რა თუ სამუდამო არ იყო? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სიყვარული საერთოდ არ ყოფილა? 
- სულ ჩემგან გარბოდა, სულ ცივად და მკაცრად მექცეოდა, მე კი? - მიმის ბრაზი მოერია. - გასაქანს არ ვაძლევდი და თურმე... 
- შენ მაინც არასდროს არაფერს დაგიშავებდა და იცოდი ეს შენც. - ქალს თვალები აუცრემლდა. - მერედა, რა ტვინის პატრონი, როგორი ნიჭიერი, გამჭრიახი გონების და ასე დაიღუპა თავი, მაგრამ აბა, როგორ გავამტყუნო? 
- და მართალია? - წამოენთო მიმი. - მის საქციელს, რამე გამართლება აქვს? 
- არა. - მშვიდი ხმით მიუგო ქალმა. - გამართლება ნამდვილად არა აქვს, მაგრამ მე მაინც ვერ ვამტყუნებ. 
მიმიმ თვალი ოთახისკენ გააპარა, სადაც ბიჭები ისხდნენ. დიმეომ რამდენჯერმე გამოხედა დედას და გაუღიმა. 
- საოცრად ვამსგავსებ. - დაბალი ხმით დაიწყო მიმიმ. 
- ჰო. - მდარედ ჩაეღიმა ბებიას. - მისი ასლია. ზუსტად ეგეთი იყო ბავშვობაში. 
- და ასე ჩუმად მოპარვა და ყურის დაგდება იცოდა? - უკმაყოფილოდ იკითხა მიმიმ. 
- არა, მაგრამ... რა ვიცი. - თავი გააქნია ქალმა. - მართლა ყველაფერი იცოდა, ყველაფერი ესმოდა და მაშინვე უღებდა ალღოს ნებისმიერ რამეს და თანაც ისე, რომ გეგონებოდა, უკვე დიდი ხანია იცისო. 
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- დიმეოს ბოლომდე ვერასდროს გაიცნობ, მაგის იმედი არ გქონდეს. - ღიმილით განაგრძო ბებიამ. - რადგან ეს ბიჭიც ასეთია. შეუცნობელი, ნიჭიერი, ჭკვიანი, გამჭრიახი. 
მიმიმ კვლავ არ ამოიღო ხმა. ქალმა კი განაგრძო:
- ყოველთვის ვფიქრობდი, იმიტომ იყო ასეთი ჭკვიანი და გონიერი, სხარტი აზროვნების, რომ ბავშვობიდან ბევრი სიდუხჭირე ჰქონდა გამოვლილი და ასე გამოიწვრთნა მეთქი, მაგრამ ახლა, ამ ჩვენს ბიჭს რომ ვუყურებ, მისი ასლია! ეს გენეტიკაა, რაც მასში დევს. 
- არც დიმეომ გადაიტანა ნაკლები. - მიმის თვალები აევსო. 
- ჰო, მესმის, ეგ უკვე უცებ აღარც გამახსენდა, ვცდილობ დავივიწყო. - დანანებით გააქნია თავი ქალმა. - რამდენი გადაიტანა ჩვენმა პატარამ და აი, ხომ ხედავ? მაინც როგორ ფეხზე დგას? ჰმ, აქეთ გვასწავლის ჭკუას ყველას. 
მიმის გაეღიმა. 
- აი, მეც მაგიტომ ვამსგავსებ. - განაგრძო ქალმა. - ჭკუა გონებაშიც ჰგავს და ქცევაში და მასავით კეთილია. - ქალი წამით შეყოვნდა. - მართალია, თავისმა ცხოვრებამ ასეთ დაუნდობლად აქცია, მაგრამ ბოროტი არასდროს ყოფილა, მისი გული ყოველთვის სიკეთით იყო სავსე. 
- რაა?! - მიმის იმდენად ხმამაღლა აღმოხდა, რომ ბიჭებმა ყურები ცქვიტეს. 
- აი, ასეთი ანეკდოტი იყო ეს! - ბიჭების გასაგონად, ხმამაღლა დაურთო ბებიამ.
- და ნუთუ, ის არ იყო, სიბოროტე? - დაბალ ხმაზე დაიწყო მიმიმ. - რაც მან გააკეთა? 
- და რა გააკეთა? - თითქოს, გაკვირვებითაც იკითხა ქალმა. 
მიმი შეცბუნდა. 
„დავიჯერო, მართლა არაფერი იცის.“ 
გაივლო გულში მიმიმ, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს. 
- ზოგჯერ, აღსარებაც და სინანულიც შენდობასაც კი იმსახურებს, თუმცა ყოველთვის არა, იმიტომ რომ რთულია იმ წლების პატიება და არც იმდენად ადვილია, როგორც ეს, ერთი შეხედვით ჩანს. 
- სწორედაც რომ შურისძიება ანგრევს ყველას და ყველაფერს ანადგურებს ირგვლივ. - მიუგო მიმიმ. 
- არ მინდა ხშირად გაგახსენო, მაგრამ მხოლოდ კიდევ ერთს გეტყვი. - ჩუმი ხმით დაიწყო ქალმა და თან, თვალი ბავშვებისკენ გააპარა. 
დიმეო და ძანე რაღაც დიდი კონსტრუქციას აგებდნენ და არც იხედებოდნენ იქეთ, საიდანაც, სამზარეულოს ღია კარიდან, ორი წყვილი თვალი მისჩერებოდა მათ. 
- დიმეო, როცა იმ ჯალათებმა მოგვტაცეს. - განაგრძო ქალმა და ცრემლი მოადგა. - აი, მაშინ, ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. ცხოვრებაში, თითი არავისთვის დამიკარებია, მაგრამ სამზარეულოს დანის ტარს არა ერთხელ, მოვუჭირე ხელი და იმასაც ვფიქრობდი, თუ როგორი სიამოვნებით გამოვფატრავდი სათითაოდ მუცლებს! 
მიმი შემცბარი შეჰყურებდა. ყველაფერი გასაგები იყო, ამ ქალმა რაც იგულისხმა, მაგრამ მკვლელი მაინც, მკვლელი იყო და არანაირი გამართლება არ ჰქონდა მას.
- ფიფოს... - წაიკვნესა მიმიმ. - ერთი პატიმარი ქალი ისე შემოელახა, რომ ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან... ეს იმ დროს... 
- აბა, მართლა ფიფოსგან, როდესმე წარმოვიდგენდი, რომ ქალს ხელი დაარტყა? - თავი გააქნია ბებია. - შენც ხომ ხვდები, ეს რა დარტყმაც იყო? 
- ვიცი. - ამოიხვნეშა მიმიმ. - როგორ არ ვიცი, მაგრამ ფიფოს ხომ მაინც წინასწარ არ ჰქონდა დაგეგმილი და გათვლილი? აი, ამაშია სხვაობა, თორემ ჩემი ბიჭის დასაბრუნებლად, მეც ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. 
- და მაინც, გიკვირს, არა? - მდარედ ჩაეღიმა ქალს. - უბრალოდ, ბავშვობიდან ნატანჯ კაცს, უკვე იმდენად ამოასხა, რომ შუბლის ძარღვიც ბოლომდე გაეგლიჯა. ჯერ თავიდან ალბათ უნებურად, მერე ერთს მეორე მიჰყვა და მერე უკვე მუსრს ავლებდა და ღირსებიც იყვნენ, მაგრამ ამ ბიჭმა კი დაიღუპა თავი მაგათ გამო და ეს ქვეყანა, მაინც არ გამოსწორდა, თორემ აბა, ფიფოსნაირ ადამიანს კაცი, სასიკვდილოდ გაიმეტებს? თუმცა, კაცი არც უნდა დაუძახო, მასეთ უსულგულო არსებას, არაადამიანი! და არ არიან ახლა ისინი მოსაკლავები? გინდაც, ბავშვის გამტაცებლები აიღე!
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი და წამოდგა. 
- ახლა ჩემებთანაც შევივლი. მაინც გამიმზადეს საჩუქრები და ერთი სული აქვთ, როდის მივალ. ჩემი დაბადების დღეა, ვითომ.
- რადგან, ეს რიცხვი გადაწყვიტა იმ ქალმა, ვინც მთელი ცხოვრება მოგიძღვნა, რას ვიზამთ? - გაუღიმა დამწუხრებულ მიმის ბებიამ. - დარჩეს ეს დღე, შენს დაბადების დღედ!
- ფაქტია, რომ რჩება. - ნაღვლიანად გააქნია თავი მიმიმ და მერე ბავშვს გასძახა. - დიმეო! მოდიხარ, თუ რჩები? 
პასუხად ბავშვმა, უკმაყოფილო სახე მიიღო. ძანეს კი, ისეთი საბრალო თვალები ჰქონდა, რომ მიმის გაეცინა. 
- რა ვუყო, ამ ბიჭებს? - ეღიმებოდა მიმის. - თქვენი კედები მალე ჩამოვა, დიმეოც მორჩება სკოლას და ირბინეთ მერე ერთად. 
- ისე, რა გახდა, ამათი სკოლა? - დაიჯღანა ბებია. - ამ პანდემიის გამო, ყველა სკოლები დაიხურა და ესენი ვითომ, რას ასწავლიან ასეთს? 
- კერძო სკოლაა და ისედაც ცოტანი და თანაც ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან მოშორებით სხედან კლასში. - მიუგო მიმიმ. - წესებს იცავენ, გაკვეთილების მერე საკლასო ოთახებს ასუფთავებენ და ფილტრავენ და რა ვიცი? მეც ვფიქრობ, რომ ბარემ რაღა დარჩა, სემესტრის ბოლომდე? 
- დიმეოს დაბადების დღე დარჩა. - გამოეპასუხა ძანე. 
ყველას გაეცინა. 
- მართალი ხარ, ძანე. - გაუღიმა მიმიმ. - ზუსტად ზაფხულამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადა. 
- და რა მინდაო, საჩუქარი? - დაბალი ხმით გადაულაპარაკა ბებიამ. - არაფერი უთქვამს? 
- კედები მინდაო და ვუყიდე. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - რასაც მოითხოვს ვუყიდი. იმედია, ისეთ რამეს არ მოისურვებს, რომ სახიფათო და საზიანო იყოს.
- ჭკვიანი ბიჭია ეს. და მე, რა ვაჩუქო? 
- არც არაფერი. - მიუგო მიმიმ. 
- აბა, მასე როგორ შეიძლება? ბავშვს დაბადების დღე აქვს და არაფერი ვაჩუქო? შენც ასე უსაჩუქროდ დამირჩი, არაფრით არ გამომართვი ის სამაჯური. 
- სინამდვილეში, სულაც არ არის ჩემი დაბადების დღე და საჩუქარი კიდევ როგორ ამეღო? სამაგიეროდ, გემრიელი კექსი დამხვდა. 
- შენ უზარმაზარი ტორტი მოგვიტანე და ჩემი კექსი გაგიკვირდა? 
- ჩემი საჩუქარი, ყველა ჩემიანის კარგად ყოფნაა. - მიუგო მიმიმ. - ამიტომ მიხედეთ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს. დიმეო! - მიმიმ ბიჭს გასძახა. - კარგი, იყავი ჯერ აქ და გვიან გამოგივლი. 
დიმეოს, არც გვიან უნდოდა, სახლში წასვლა, მაგრამ იუბილარ დედას, უარი ვეღარ უთხრა. 
გვიანი საღამო იყო, როცა უკვე მიმი, დედასთან მივიდა. უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი დახვდა იქ. მიმის კი აღარაფერი აინტერესებდა. ზედაც არ შეხედა არაფერს. მერე ბავშვს დაურეკა და თუ გინდა, დარჩი ძანესთანო. 
 - კარგი დეე! დავრჩები! - ბიჭის სიხარულს, საზღვარი არ ჰქონდა. 
მიმიმ გაკვირვებით აიჩეჩა მხრები და მერე მისი ოჯახის უერთგულეს დეტექტივსაც შეეხმიანა. ხვალ საღამოს, შენთან ვიკრიბებითო, მოკლედ მოუჭრა გალეომ და ტელეფონი გაუთიშა. 
მიმი ზედმეტად აღარც ჩაეძია. ყველაფერი ისედაც გასაგები იყო. სავარაუდოდ, გალეო ისეთ ადგილას იმყოფებოდა, რომ იქიდან მეტს ვერაფერს ეტყოდა და ესეც საკმარისი იყო. 
- შენი გოგოები იყვნენ მოსული. - უთხრა დედამ. 
მიმიმ არაფერი უპასუხა. 
- დიდხანს არც დარჩენილან. - განაგრძო დედამ. - ცოტა მოვილხინეთ კიდევაც. 
მიმიმ ცალყბად გაუღიმა. 
- საჩუქრებიც მოგიტანეს. - დაურთო მამიდამ. 
- კარგით, რაა?! - თავი გააქნია მიმიმ. - რა საჩუქრები? 
დედამ და მამიდამ ერთმანეთს გაკვირვებით გადახედეს. 
- მერე არ უთხარით, რომ ეს დღე, აღარ არის ჩემი დაბადების დღე? 
ქალებმა მხრები აიჩეჩეს. 
- და რა იყო? - ჩაეკითხა მიმი. - ნუთუ, სირცხვილია იმის თქმა, რომ აყვანილი ვარ და ამის გამო, არც კი ვიცი, როდის დავიბადე?! 
ქალები მოიბუზნენ. დამნაშავესავით თავჩახრილები, ერთ ხანს მდუმარედაც ისხდნენ. მათ შემხედვარე მიმის, გული მოეწურა, თავიც დამნაშავედ იგრძნო. არა, მართლა, რა შუაში იყვნენ, ეს ორი, ხანში შესული ქალი, რომლებმაც მთელი ცხოვრება, მის აღზრდას მიუძღვნეს. 
- რა ცხვირები ჩამოუშვით? - მხიარულად შეუძახა მიმიმ. - თქვენ, არაფერი დამახვედრეთ? 
- კი დედი, როგორ არა. - ფრთებ შესხმული წამოფრინდა დედა. - რაც შენ გიყვარს, ყველაფერი გაგიმზადე. აქაც ჭამე და სახლშიც გაგატან. 
- კარგი დეე! - ახლა უფრო შეწუხდა მიმი. - რამდენი გიწვალია. განა, მართლა საჭმელი მენატრება? არც მშიერი დავდივარ, მაგრამ შენი ნახელავიიი მმმმმ... 
- ჰოდა, ჭამე ახლა კარგად. - მიუგო დედამ. - სულ გადარბენაზე რომ ხარ. ორსული ქალის ამდენი სირბილი, გამიგონია? 
- რა ვქნა, დეე? ცხოვრება მარბენინებს ასე თორემ... - თავი გააქნია მიმიმ. - კიდევ კარგი, თქვენ ამირჩიეთ, თორემ ვინ იცის ახლა, ან რა სიღარიბეში ვიცხოვრებდი და ან, სად ვეგდებოდი. 
- საჩუქრებს აქ გახსნი, თუ სახლში? - ჩაეკითხა მამიდა. 
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მოდით, ერთად გავხსნათ! 
მიმიმ იცოდა, თუ როგორ ინტერესით კვდებოდნენ, ეს ორი მისი აღმზრდელი დედიკო. ერთი სული ჰქონდათ გაეგოთ, თუ მიმის მეგობრებმა, როგორი საჩუქრები მოუტანეს. 
ყოველი ახალი საჩუქრის გახსნაზე, მიმი სახეზე მიხატული ღიმილით პასუხობდა. თუმცა, ეს საჩუქრები ახლა, სულაც არ ადარდებდა, მაგრამ ამ ორი მოხუცი ქალის წყენინება, ნამდვილად არ უნდოდა. 
- ახლა, არ მაქვს მაგის დროც და ხალისიც, ამიტომ იყოს ეს საჩუქრები აქ. - დაიწყო მიმიმ. - ზოგიერთს ჩემს ოთახში შევიტან და ეს ლარნაკი და ეს ხილის ვაზა იყოს აქ. 
- სახლში არ გინდა, ახალი ნივთები შეიტანო? - გაკვირვებით იკითხა მამიდამ. 
- ძალიან ხშირად მიწევს ჩემი სახლის განახლება, აქ კი კარგა ხანია არაფერი ახალი არ შეგვიძენია, ამიტომ იყოს აქ. - მიუგო მიმიმ. - აქაც, ხომ გვინდა სიახლე? არა, თუ არ მოგწონთ, ჩემს ოთახში დავდებ. 
- მაშინ ამ საყვავილეს აქ დავდებ. - დედამ მაშინვე ადგილი მიუჩინა, მაგრამ მამიდას არ მოეწონა და სულ სხვა მხარეს გადასდო. 
- თუ შეიძლება, ნუ იკამათებთ! - ღიმილით შეუძახა მიმიმ. - ერთი კვირა აქეთ იდგას, მეორე კვირა იქეთ და მორიგდებით. 
- და მაინც, არ გინდოდა სახლში წაღება? - ჩაეკითხა მამიდა. 
- ორ-ორჯერ ხომ არ გავიმეორებ, არა? - ცოტა არ იყოს, წყენით მიმართა მიმიმ. - ჩემი სახლი იქ სულ მუდმივ განახლებაშია. ფიფოს არ ეშლება, არც საჩუქრები და... - მიმი გაჩუმდა. თვალები ცრემლით აევსო. 
- ზოგჯერ, ისე უცებ იცის... - დაიწყო დედამ და გაჩუმდა. 
- მოულოდნელად, მაშინ როცა სულ არ ელოდები, უცებ წამოდგება ფიფო ფეხზე. - მამიდა დედას შეეშველა. 
- ალბათ... - ამოიხვნეშა მიმიმ. - ალბათ მაშინ, როცა ყველა იმედი გადამეწურება. 
- შარშან ამ დროს იყო, ხომ? რემონტი რომ გააკეთა? - მამიდა დედას ჩაეკითხა. - მიმის სიურპრიზს ვუმზადებო. 
- რემონტი? - გაიკვირვა მიმიმ. 
- ჰო, ჰო! - თავი დაუქნია დედამ. - შენი დაბადების დღის წინა დღე იყო, ფიფომ მუშები მოიყვანა და ჯაკუზზე რაღაც ახალი დაამონტაჟებინა, აღარ გახსოვს? - გაკვირვებით ჩაეკითხა დედა მიმის. 
მიმიმ წარბები აზიდა. ნამდვილად არ ახსოვდა. თუმცა, მაინც დაუქნია თავი და წასასვლელად მოემზადა. ისიც კი გაიფიქრა, ალბათ ფიფომ შემთხვევით, რაღაც მოშალაო და ისე გააკეთებინა, აღარც კი მითხრაო.
სახლში თითქოს, არაფერი შეცვლილიყო. ფიფო, ისევ ისე მძიმედ სუნთქავდა. სამაგიეროდ ახლა, ერთი მცველის მაგივრად უკვე ორი იყო. ზედა სართულზე ასვლაც არ უნდოდა. ამხელა სახლში მარტო იმ სართულზე, რა დააძინებდა. ისევ ფიფოს პალატაში, სავარძელში ჩაესვენა და ისევ, როგორც წინა დღით, ექთანს სთხოვა დაისვენეო. 
მიმიმ ფიფოს საყვარელი კონიაკი, ორ ჭიქაში ჩამოასხა და იქვე, ფიფოს თავთან ახლოს დადგა და თავადაც ახლოს მიიწია. 
- ვიცი, გულით მილოცავ დაბადების დღეს. - მიმის ცრემლები მოადგა. - თუმცა, შენ არც კი იცი, რომ თურმე, სულაც არ არის ეს დღე ჩემი. - მიმი გაჩუმდა და მერე ისევ განაგრძო. - შარშან თურმე, რემონტიც გაგიკეთებია დედაჩემთან, იქ ჩემს ოთახში და რატომ არ მითხარი მერე? ჰმ, ისე როდის იყო, რომ შენ, ასეთი ამბებით ინტერესდებოდი, ხოლმე? ჰაჰ! შენს მშობლებთან, ლურსმნის მიჭედებაც კი არასდროს გიცდია, სულ მე ვლიდერობდი, აბა ეს გავაკეთოთ, აბა ის! შენ კი ყველაფერზე უკან იხევდი, ნუ წვალობ, ნუ წუხდებიო... 
მიმი ისევ გაჩუმდა, მაგრამ მერე უფრო ხმამაღალ წარმოსთქვა: 
- და მაინც, რა რემონტი?.. ახალი ჯაკუზიო და რომელი ნეტა? ყველაფერი ისევ ისე დამხვდა, თან მუშებიც მიგიყვანია, თურმე და მე, რატომ ვერ გავიგე? ჩემებს რამე ხომ არ ეშლებათ? იქნებ, ეს ყველაფერი ადრე გააკეთე და... არა! აბა, ადრე როდის? და ან, რა გააკეთებინე? არაფერი ყოფილა შეცვლილი.
მიმი წამოდგა. ერთ ხანს, ფანჯრიდან ღამის ქალაქს გაჰყურებდა. მერე მოტრიალდა და მზერა კონიაკიან ჭიქებზე გაუშეშდა. ისევ, ისე სავსე იყო. ან ვის უნდა დაელია? 
მიმიმ ამოიხვნეშა და ახლა თვალის არეში, ფიფოს კაბინეტის კარი მოხვდა. 
და რა ხდებოდა იქ? 
მიმიმ ვერაფერი იპოვნა. ვერც ერთ დროს ფიფოს მოტანილი ძველი საბუთები და ვერც სხვა ვერაფერი საინტერესო. და რატომღაც, არც ფიფოს ლეპტოპი მოხვდა თვალში. თუმცა, ისიც არ ახსოვდა, ბოლოს როდის იდო იქ. 
მოულოდნელად, ის ძველი ლურჯი ლეპტოპი გაახსენდა, რომელიც ერთ დროს, სხვა ქონებასთან ერთად, ანდერძად ერგო. ნამდვილად ახსოვდა, რომ ბოლოს დიმეოს ოთახში ნახა, მაგრამ არც ის ლურჯი ლეპტოპი დახვდა ბავშვის ოთახში.
გვიანი იყო, ახლა დარეკვას რა აზრი ჰქონდა. ბავშვს შესაძლოა, უკვე ეძინა კიდეც. ისევ ხვალამდე უნდა მოეთმინა, ხვალ კი გალეოც სავარაუდოდ, ახალ ამბებსაც ეტყოდა. ქირურგსაც უნდა გადაემოწმებინა, ფიფოს აპარატს ვინმე შეეხო თუ არა.
- ჰმ, მაინც საიდან მოუვიდა დიმეოს ეს აზრი? რა მაიმუნი ბიჭია. ახლა, ტკბილად სძინავს და დედას კი აქ ეღიმება მის საქციელზე. 
მიმი ცდებოდა, დიმეოს სულაც არ ეძინა და გვიან ღამით ისევ იმ იდუმალი სხვენის დასალაშქრად ემზადებოდა.
LEX. 2021 წლის 29 ოქტომბერი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment