დიმეო, ხან რა მიზეზით და ხან რა მიზეზით, ლამის მთელი კვირა აცდენდა სკოლას. მიმი მაინც უკან არ იხევდა და სკოლაში წასასვლელად ამზადებდა.
ბებიები კი, როგორც ყოველთვის, კვლავ დამცველად გამოუჩნდნენ და მიმის უჩიჩინებდნენ, დღეს პარასკევია და ბარემ ორშაბათიდან წავიდეს სკოლაშიო.
- ბავშვი მაინც თავს სუსტად გრძნობს. - შეიბრალა ბებიამ.
- ბარემ, წესიერად გამოშუშდეს, საშინელი ეპიდემიაა და სად მიგყავს ბავშვი?! - ახლა მამიდაც გამოექომაგა.
მიმიმ ღიმილით გახედა დიმეოს, რომელიც მშვიდად იდგა და მიამიტი სახით უცდიდა „განაჩენს“.
- დამცველები და ადვოკატები საკმარისად გყავს! - მიმართა ბიჭს. - მაგრამ მაინც არაფერი გიშველის, მიდიხარ სკოლაში და მორჩა!
- დღეს წავალ და ხვალ არ წავალ! - გაიკრიჭა დიმეო.
- კარგი ბები, ხვალ მაინც ნუ გაუშვებ ბავშვს სკოლაში! - კვლავ დაიცვა მამიდამ.
დიმეო სიცილისგან გაიჭაჭა, რადგან ხვალ შაბათი იყო და ისედაც არ უწევდა სწავლა.
ის იყო, გასვლა დააპირეს, რომ მოულოდნელად, მიმის ტელეფონი აწკრიალდა. კლინიკიდან რეკავდნენ, სასწრაფოდ მისვლას თხოვდნენ.
- ხომ მშვიდობა?.. - მიმის ხმა აუკანკალდა, თუმცა მალევე დამშვიდდა, რადგან საშიში არაფერი ყოფილა. სულ სხვა, ახლად მოწვეულ პროფესორს სურდა მასთან გასაუბრება.
- მოკლედ, დღეს გადამირჩი! - მიმიმ ბიჭს გახედა, რომელიც უკვე გაბრწყინებული თვალებით იდგა.
- წადი ბები, გააგრძელე ძილი, ადრეა მაინც. - გაუხარდა ბებისაც.
- რაღა დროს ძილია! - მიუგო მიმიმ. - დაჯდეს და იმეცადინოს!
- ისედაც სწრაფად ვსწავლობ ყველაფერს და მერე რა ვაკეთო, მთელი დღე? - აწუწუნდა ბავშვი.
- ესე იგი, დავიჯერო ახლა შენ გეძინება? - ცინიკურად ჩახედა მიმიმ თვალებში.
- არა, ძილი არ მინდა, მაგრამ. - ბავშვი შეყოვნდა. - შეიძლება ვაჩე რომ მოვიდეს აქ?
- მოვიდეს, მერე! - ერთხმად შესძახეს მოხუცებმა.
- როდის იყო, რომ სტუმრებს არ ვიღებდით? - დასძინა ბებიამ.
- და მოვიდეს, მერე? - გაკვირვებით აიჩეჩა მხრები მიმიმ.
- და მერე ძანესთან წავალთ ერთად. - დასძინა დიმეომ.
- დიმე! - ცოტა მკაცრი ტონით მიმართა მიმიმ. - რაღაცას ხლართავ მგონი და ცუდად არ დაამთავრო!
- რას ვხლართავ? - გაიკვირვა ბიჭმა.
- თუ ძანესთან გინდა წასვლა, მითხარი და მე წაგიყვან! რა საჭირო ამდენი საიდუმლოებები და ჩუმათობები?
- მართლა მინდა ვაჩეს ნახვა! - ბიჭის ხმაში წყენა გაისმა. - კომპიუტერი ცუდად მუშაობს და მინდოდა ენახა.
- რაღაც გაქვს ჩაფიქრებული, შენ პატარა ავანტიურისტო! - მიმიმ თვალებში ჩახედა.
დიმეომ სახე აარიდა.
- და სიმართლე რომ მითხრა? რა? არ შეიძლება, თუ ვერ გავიგებ? - არ მოეშვა მიმი.
- ველოსიპედებით გვინდა გავისეირნოთ, მე და ვაჩეს. - როგორც იქნა, ამოღერღა ბიჭმა.
- და ძანესთან, ეზოში? იქ იმხელა ადგილია, თუ სადღაც სხვაგან უნდა წახვიდეთ?
- სკეიტ-პარკში მინდა წასვლა და ვაჩეს მარტო დღეს სცალია, თან ანდრაც იქნება იქ.
- აბა, ველოსიპედიო? - ჩაეკითხა მიმი.
- ჰო! იმ პარკში სპეცილურად არის ველოსიპედის გზაც და სხვა ყველაფრის!
- და შენ ამდენი ხანია გინდა და... საწყალი ბიჭი! - გაეცინა მიმის. - რატომ არასდროს არ გითქვამს ჩემთვის?
- დედიკოებთან ერთად იქ ვინ დადის? - გაიბღუზა დიმეო.
- ვაი? ტეხავს? - მიმის ახლა გულიანად გაეცინა.
დიმეო უფრო მოიბუზა.
- და ძანე რატომ არ მიგყავთ?
- ბებია მარტო არ უშვებს, თვითონაც არ უნდა რომ წამოვიდეს და...
- ჰა, ჰა! - კვლავ გაეცინა მიმის. - ჯერ დედასთან როგორ ტეხავს და ახლა ბებიასთან ხომ საერთოდ!
- ბები ჩვენ წამოვალთ! - ჩაურთო მამიდამ.
დიომეომ თვალები გადაატრიალა და დედას მუდარით გახედა.
- ბიჭებს ცალკე უნდათ გასეირნება თურმე! - ჩაეცინა მიმის. - მოკლედ, ვინც გინდა, ის მოიპატიჟე და სადაც გინდა იქ წადით, მხოლოდ როგორც კი დაგირეკავ, ტელეფონი უნდა აიღო, გასაგებია!
დიმეო სიხარულისგან გაიბადრა.
მიმი ღიმილით გამოემშვიდობა ორ დედას და ოთახიდან გავიდა. ფიფოსთან მიიჩქაროდა, ისევე როგორც ყოველ დილით, მაგრამ ახლა რატომღაც, იბარებდნენ და თან დაამშვიდეს, ფიფო ისევ ისე სტაბილურად არისო.
„ალბათ, მკურნალობის სხვა მეთოდიც გამოჩნდა და ოჯახის წევრის გარეშე, ვერ გადაწყდება.
კი ბატონო, ოღონდაც ფიფოს ეშველოს და...
ან იქნებ, სულაც არ ვარგა ეგ სიახლე?
არა, რა თქმა უნდა, მაშინვე არაფერს არ დავთანხმდები, არაფერზე არ მოვაწერ ხელს. მოსაფიქრებელი დროც ხომ უნდა მომცენ? მანამდე კი გავიკითხავ და გამოვიკითხავ, ქვეყანას ჩავრევ და როგორც ფიფოსთვის უკეთესი იქნება, ისე მოვიქცევი.
აი, ასე!“
მიმის ფიქრებმა, ცოტა შვებაც მოჰგვარა და საკმაოდ მშვიდად შეაბიჯა კლინიკაში. თუმცა, მაშინვე თითქოს, რაღაცნაირად წინათგრძნობამაც გაჰკრა გულში, როცა დედამთილის ამღვრეულ თვალებს შეეფეთა. მაშინათვე ფიფო მოიკითხა და ცოტათი დამშვიდდა კიდეც, როცა გაიგო, რომ კვლავ არაფერი იყო შეცვლილი.
რამდენიმე წუთი, ვიღაც ახალი პროფესორის კართან აყურყუტეს, ბოლოს ფიფოს მკურნალმა ექიმმაც გამოჰყო თავი და პროფესორი გიხმობთო, მოახსენა. ხოლო როცა, მიმისთან ერთად, ფიფოს მშობლებიც შევიდნენ, მაშინვე პროფესორმა საყვედურით მიმართა კოლეგას:
- ხომ გითხარით?! მხოლოდ ერთი ოჯახის წევრი უნდა შემოვიდეს!
ფიფოს მშობლებმა, მაშინვე უკან დაიხიეს და რძალს დაუთმეს გზა, მაგრამ მიმი ამაზე საშინლად გამწარდა და საკმაოდ ცივად მიახალა:
- და როგორ უნდა გამოარჩიოთ, თუ ვის უფრო შესტკივა გული?
- დამშვიდდით, ქალბატონო! - ასევე ცივი ხმით მიუგო პროფესორმა. - მხოლოდ ის დარჩეს, ვინც უშუალოდ, პაციენტის ოჯახში ცხოვრობს და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებაც მან უნდა მიიღოს.
- ოჯახში, შეიძლება შორიდან ჩამოსული გარე ბიძაშვილიც ცხოვრობდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას მეუღლესთან ერთად, მისი მშობლებიც იღებენ! - მიმი უფრო მეტად გამკაცრდა. - ასე რომ, ან სამივე დავრჩებით, ან სამივე ერთად გავალთ!
- ნუ მაშინ, დაბრძანდით. - უკმაყოფილო სახით მიუგო პროფესორმა.
პირველი ათი წუთი, მხოლოდ ფიფოს ახლობლების ზრუნვასა და ჯაფაზე ისაუბრა, თუ როგორ რთულ სიტუაციაში არიან, ასეთი მძიმე პაციენტის ახლობლებიო. შემდეგი ორმოცი წუთი კი, თვითონ ფიფოს უიმედო მდგომარებას დაეთმო და უამრავი არგუმენტებითა და სამედიცინო ტერმინების მოშველიებით უმტკიცებდა, რომ ასეთი პაციენტის აპარატურიდან გამორთვა, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა.
- როგორც ოჯახის ახლობლებისთვის, ასევე თვითონ პაციენტისთვის! - დაასრულა ბოლოს და მიმის მიაჩერდა.
წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. ფიფოს მშობლებიც მიმის შეჰყურებდნენ და ელოდნენ, თუ რას იტყოდა. მიმის კი, ნერვიც არ შეტოკებია. მთელი ამ ხნის მანძილზე მშვიდად და წყნარად უსმენდა და მხოლოდ ის იკითხა, მოსაფიქრებელი დრო, რამდენი გვაქვსო.
- ასე, ამ წუთასვე სასწრაფო, ნამდვილად არ არის, მაგრამ რად უნდა ამას, ბევრი ფიქრი? - მიუგო პროფესორმა. - რაც მალე, მით უკეთესი იქნება თქვენთვისაც და პაციენტიც მოისვენებს. დამიჯერეთ, ასე ძალიან წვალობს, ვაწვალებთ და სულ ტყუილად. ყველაფერი მოვსინჯეთ და აზრი არა აქვს. არაფერი იცვლება! პაციენტი სტაბილურად მძიმეა და რამდენი ხანი უნდა იყოს, ასე მცენარესავით?
- ვისთვის, მცენარეა და ვისთვის, ცოცხალი და უძვირფასესი ადამიანი! - მკვახედ მიახალა მიმიმ.
- მე მესმის თქვენი. - მიუგო პროფესორმა. - ძალიან კარგადაც ვხვდები ახლა რა დღეშიც ხართ, მაგრამ აწვალებთ მის სხეულს და თქვენც როგორ წვალობთ და თანაც, როცა რიგში სხვა, ბევრად უფრო საიმედო პაციენტი დგას და... - პროფესორი წამით შეყოვნდა, თითქოს არ იცოდა, ეთქვა თუ არა მთავარი სათქმელი ბოლომდე. - ეს ამდენი აღჭურვილობა და აპარატურაც... უკვე ტყუილადაც ცდება.
როგორც იქნა, დაასრულა პროფესორმა და მიმისთვის მზერის არიდება, რომ დაეფარა, მაგიდაზე მდებარე, რამდენიმე საქაღალდეს, საქმიანი სახით, ადგილი შეუცვალა.
ახლა უკვე მიმისთვის ყველაფერი ცხადი გახდა, მაგრამ რატომღაც არაფერზე შეეკამათა, ხმაც არ ამოუღია.
- მოსაფიქრებელი დრო მაინც მოგვეცით. - ძლივს ამოიღვნეშა ფიფოს დედამ.
- კი ბატონო! - მაშინვე მიუგო პროფესორმა. - დღეს პარასკევია. უქმეებზე ოჯახში მოითათბირეთ და ორშაბათს რომ მობრძანდებით, გადავწყვიტოთ ყველაფერი!
მიმის კვლავ არ ამოუღია ხმა, ისე დატოვა იქაურობა. მანქანაშიც ჩუმად ისხდნენ. არც დედამთილ-მამამთილი ამბობდა რამეს. მხოლოდ უკვე სახლთან მისულები, მანქანიდან გადასვლის წინ, მამამთილმა ვეღარ მოითმინა და მიმის მიმართა:
- მიმი შვილო, შენ უფრო უკეთესად იცი, როგორც ჩვენი ფიფოსთვის უმჯობესია, ისე უნდა მოვიქცეთ, მაგრამ რომ არ ემეტება ამ ოხერ გულს, აპარატურის საბოლოო გამოსართავად? როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, მოხუცებულებმა, ამის მერე? მაგრამ, თუ მართლა ასე წვალობს ჩემი შვილი...
- დამშვიდდით. - მიუგო მიმიმ. - ყველაფერს მე მივხედავ და ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ და რაც შეეხება აპარატურის გამორთვას, მაგაზე ნუ იდარდებთ, ორშაბათამდე ქვეყანას შევძრავ, კარგად გამოვიკითხავ და მერე, ერთად გადავწყვიტოთ! უთქვენოდ მაინც, არაფერზე დავთანხმდები.
- შენი იმედი გვაქვს, შვილო. - ტირილით დაურთო დედამთილმა.
- ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენთვის, ყველასთვის უკეთესია. - დაამშვიდა მიმიმ და მანქანა დაძრა.
ჯერ კიდევ დღის პირველი ნახევარი იყო. ორშაბათამდე მხოლოდ ორი დღე რჩებოდა. მიმი მშვენივრადაც მიხვდა, თუ რაც ხდებოდა და ზუსტად რაც სურდა იმ ვიღაც, ახალ პროფესორს. ცხადი იყო, დაავალეს, უბრძანეს, რომ ასე უნდა მოქცეულიყო. რადგან ფიფო ტყვიით ვერ მოკლეს, ახლა ასე უნდათ მოსპონ მისი სიცოცხლეო, ფიქრობდა გულში და არავის უმხელდა ამას. მხოლოდ, თავის ჯიუტ კაპრიზს, ზედმეტად შესამჩნევად გაუსვა ხაზი და ამ მიზეზით განაგრძო მოქმედება.
სპეციალურად ფიფოსთვის, დიდ სასტუმრო ოთახში, პალატა მოაწყობინა, მრავალ კარიანი შუშის დასაკეცი შირმით. თუმცა, თავიდან უნდოდა რომ ჯერ ფიფოს საძინებელშივე მოეწყო ეს ყველაფერი, მერე მისივე კაბინეტში და ბოლოს ეს მინის შირმის იდეა რომ შესთავაზეს, უფრო მეტად დაუჯდა ჭკუაში, ფიფო არც განმარტოებით იქნებოდა გამომწყვდეული კაბინეტსა თუ საძინებელში და ასე, ისედაც უზარმაზარ სასტუმრო ოთახში მნახველებიც ადვილად ესტუმრებოდნენ და თან შუშის ეს ჭერამდე აზიდული შირმაც დაიცავდა ქუჩიდან შემოტანილი ბაქტერიებისგან. შესანიშნავი იდეაც იყო და მიმის ბევრიც აღარ უფიქრია, იმავე საღამოსვე დაამონტაჟებინა.
ცალკე ქირურგსაც შეუთანხმდა და ოჯახში მოსასვლელად, ორი საკმაოდ გამოცდილი, დღე-ღამის ექთანი და ერთიც საუკეთესო ექიმიც შეარჩევინა. ყველაფერი მზად იყო და ახლა უკვე მხოლოდ, ფიფოს ტრანსპორტირება და მისივე აპარატურის დიდი სიფრთხილით გადმოტანა ხდებოდა საჭირო.
ორშაბათიც გათენდა. მიმი კლინიკისკენ მიიჩქაროდა, სადაც საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილების მოლოდინში, ფიფოს მშობლებთან ერთად, ის ვიღაც ახალი პროფესორიც, მის მოსვლას უცდიდა.
კაბინეტში შესვლისთანავე, ზომაზე მეტი ხალისით შეეგება. მიმის ნერვიც არ შეტოკებია. მხოლოდ ცივად მიესალმა და იქვე, დედამთილის გვერდით ჩამოჯდა.
- აბა, გისმენთ. - მიმართა მიმიმ. - რას გვთავაზობთ?
- საჩქარო ნამდვილად, არაფერია. - დინჯად და აშკარად კმაყოფილი ხმით დაიწყო პროფესორმა. - შეგიძლიათ გამოემშვიდობოთ, არ გაჩქარებთ, რამდენი ხანიც გინდათ, იმდენი დაჰყავით.
- ასე, სადღაც, დღის ბოლომდე? - ჩაეკითხა მიმი. - ნუ, არც კი...
- დღის ბოლომდე? - თითქოს არ ესიამოვნა კიდევაც პროფესორს, მაგრამ უკვე იხტიბარი აღარ გაიტეხა და ცოტა უკმაყოფილოდაც დაუკრა თავი. - კეთილი. ნება თქვენია.
- მაშინ, წავედით! - მიმიმ მბრძანებლური ტონით მიმართა ფიფოს მშობლებს და პირველი, თავად დატოვა კაბინეტი.
პალატასთან მიმის უკვე ელოდნენ, ფიფოს სახლში გადასაყვანად, სპეციალურად მოწვეული ეკიპაჟი.
ფიფოს მკურნალი ექიმი, თავიდან უარზე დადგა. შიშობდა, გზაში რამე რომ დაემართოს მე არ დამაბრალოთო, მაგრამ ამაზეც და მსგავს საბუთებზე, მიმიმ ყველაფერზე ხელი მოუწერა, მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა.
ფიფოს პალატის დაცლა თანდათან დაიწყო. მიმის ხელში რაღაც საქაღალდე ეჭირა და იმის მიხედვით გასცემდა მითითებს, თუ რომელი აპარატურა უნდა წამოეღოთ, თუმცა ფაქტიურად ყველაფერი მაინც გადასატანი ხდებოდა, მაგრამ მიმი, ყველაფერ ამას, მაინც ფიფოს მკურნალი ექიმის თვალწინ უფრო აზუსტებდა.
ამის შემსწრე ის ახალ მოწვეული პროფესორი, საშინლად აღშფოთდა.
- ჩვენ მგონი, აპარატურის გამორთვაზე შევთანხმდით და ეს, რა ამბავია, აქ?! - საკმაოდ მკვახედ მიმართა მიმის.
- ჩვენ, არაფერზე არ შევთანხმებულვართ! - მაშინვე მიახალა მიმიმ. - და ჩემს ქმარს, მინდა გამოვრთავ და მინდა ჩავრთავ! ეს თქვენ, არ გეხებათ!
- თქვენი ნებაა! - უკმაყოფილოდ მიუგო პროფესორმა. - კი ბატონო, იყავით და იწვალეთ და ეს ავადმყოფიც აწვალეთ ასე, მაგრამ გაქვთ კი ამის უფლება?!
- ჩვენია პაციენტი და ჩვენვე მივხედავთ! - ახლა ფიფოს მამა დაუდგა მიმის გვერდით.
- მთელი პალატა მთლიანად დაცალეთ, რა უფლებით მიგაქვთ აპარატურა?! პატრონი არ ჰყავს ამ საავადმყოფოს?! - უფრო ხმამაღლა, ყველას გასაგონად იღრიალა პროფესორმა.
- თუ, შეიძლება ხმას დაუწიეთ! - კვლავ შეუტია ფიფოს მამამ. - როგორ ჩემმა რძალმა გადაწყვიტა, ისე იქნება და ნურავინ გაბედავს შეწინააღმდეგებას!
- და რაც შეეხება, ამ აპარატურას. - მშვიდი ხმით დაიწყო მიმიმ. - აი, ყველა საბუთი აქ არის, ყველაფერი პირადად ჩემი შეძენილია და სწორედაც რომ საკუთრების, ოფიციალური უფლებით მიმაქვს! ასე რომ, ფაქტიურად მარტო კედლებია თქვენი.
პროფესორმა ბრაზისგან ლამის თვალები გადმოკარკლა, მაგრამ ვეღარაფერი უპასუხა, ზურგი შეაქცია და თავის კაბინეტს მიაშურა.
- არ ვიცი, შვილო რას აპირებ. - მიმართა დედამთილმა დაბალი ხმით. - მაგრამ იმედია, კარგად იცი, რასაც აკეთებ, ჩვენ ორივე შენ გიჭერთ მხარს, ვენდობით შენს გადაწყვეტილებას.
- ჰოდა, აბა რაღას ვდგავართ?! - ჩაერია მამამთილიც. - რაში მოგეხმაროთ?
- ჩემს მანქანაში დამელოდეთ. - მიუგო მიმიმ. - კიდევ კარგად გადავამოწმებ, რამე რომ არ გამომრჩეს.
მიმის გადაწყვეტილება, საკმაოდ სარისკო იყო, თუმცა არც იმდენად უსაფუძვლო, რადგან ცხადად ჩანდა, რომ კვლავ ფიფოზე ნადირობდნენ და ყველანაირად ეცდებოდნენ მისი სიცოცხლის საბოლოოდ მოსპობას, მაგრამ რა იცოდა ფიფომ? ასეთი რა გაიგო, ანდა რა კვანძი გახსნა, რომ ასე გასამეტებელი გახდა?
- ყოჩაღ, მიმი! - შეაქო დეტექტივმა, როცა ფიფოს სახლში მოწყობილ პალატას შეავლო თვალი. - ასეთ ძლიერ რამეს, ბევრი ვერც მოიფიქრებდა.
პასუხად მიმის გაეღიმა.
- ეს შუშის შირმაც, ფანტასტიური მოფიქრებაა! - დაურთო ჩუკიმ. - თუმცა, ჟალუზებიც იქნება საჭირო, რადგან ან გამოცვლა უნდა, ან სულაც ნუ, რა ვიცი... - ჩუკიმ მხრები ისე აიჩეჩა, უკვე მისახვედრიც იყო.
- აუ, ეგ კი არ მიფიქრია, ისე. - შეწუხდა მიმი. - როგორ ვერ გავთვალე, რომ...
- მერე რა? - მაშინვე ჩაერთო დეტექტივი. - ახლავე დავრეკავ და შევუკვეთავ!
- არ გინდა, ნუ წუხდები. - მიუგო მიმიმ.
- არაფერსაც არ ვწუხდები. - გალეომ მობილური მოიმარჯვა. - ფიფოს ჩემგან, საჩუქრად ექნება. - და მერე ჩუკის გახედა. - ყოჩაღ შენ, მე ვერც მივხვდებოდი.
- ყოჩაღ მიმის. - გაეცინა ჩუკის. - რამხელა რამეს ისე მოაბა თავი, რომ არც კი შეგვაწუხა.
- რა ვიცი, აბა ბიჭებო. - დაბალი ხმით დაიწყო მიმიმ. - მართალია, უკვე მესამე თვე დაიწყო და ფიფოს არანაირი ცვლილება არა აქვს, მაგრამ ის ვიღაც, ახალი პროფესორი ისე მაწვებოდა, გინდა თუ არა გამოვრთოთო, რომ ძალიან დავშინდი. ისიც კი გავიფიქრე, ორშაბათამდე უჩემოდ არ გამორთონო.
- ამიტომაც, იყო, რომ ყველაფერზე დაეთანხმე, არა? - ღიმილით ჩაურთო მამამთილმა. - ისე, ცოტა კი გამიკვირდა შენგან, მაგრამ ჩემს ცოლს ჩუმად, ხელიც მოვუჭირე და არც ერთმა ხმა აღარ ამოვიღეთ.
- ხომ, აბა. - განაგრძო მიმიმ. - წინააღმდეგობა რომ გამეწია, მაშინ უფრო საშიში იქნებოდა, ამიტომ თავი დავუქნიე, თან დროც მოვიგე და აი, ახლა ყველაფერი რაღაც განგების ხელშია და ვინ იცის... - ამოიხვნეშა მიმიმ. - ალბათ, ოდესმე ფიფოს სული მიხვდება იმას, რომ ჩვენ, მისმა ახლობლებმა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადაგვერჩინა. - მიმის ცრემლები წამოსცვივდა და დედამთილიც აიყოლია ტირილში.
- წინასწარ, ნუ დასტირით აბა ცოცხალ ადამიანს! - შეუტია ჩუკიმ ქალებს. - ჩვენ ხომ შევთანხმდით და ამას, ბევრი მეცნიერიც ამტკიცებს, რომ ფიფოს ყველაფერი ესმის, მაგრამ ვერ შემოდის ჩვენთან კონტაქტში!
- ჰო, ჰო. - მიმიმ ქსუტუნით დაუქნია თავი და ცრემლები მოიწმინდა. - დიმეომ ჯერ არც კი იცის, არც არავისთვის მითქვამს. საღამოსკენ მოვიყვან სახლში.
- მე გამოვიყვან, თუ გინდა. - შესთავაზა ჩუკიმ. - შენ იყავი ფიფოსთან, ახლა მაინც არავინ დაგაჩქარებს, პალატაში დიდ ხანს ნუ გაჩერდებითო.
პასუხად მიმის, ნაღვლიანად ჩაეღიმა.
- დიმეოს მოსვლამდე, ჩვენც გავჩერედებით, თუ არ შეგაწუხებთ. - აღნიშნა ფიფოს დედამ.
- ნამდვილად არ მაწუხებთ. - მიუგო მიმიმ. - ერთი პერიოდი, კი ვიფიქრე, თქვენი აქეთ გადმოყვანა, მაგრამ მერე რომ წარმოვიდგინე, თუ როგორ გამებუტებოდნენ დედაც და ცალკე კიდევ მამიდაც...
ყველას გაეცინა.
- სახლი კი დიდია, მაგრამ მაინც ყოველ ოჯახს ცალკე ურჩევნია. - თავი დაუქნია ფიფოს დედამ. - მესმის შენი და ნამდვილად არ მწყინს.
- ჰოდა, იყავით რამდენი ხანიც გინდათ, ახლა მართლა არავინ დაგვაჩქარებს დატოვეთ პალატაო. - მიმიმ ღიმილით გახედა ჩუკის.
სახლში დაბრუნებული დიმეო გაკვირვებული დარჩა, როცა შინ ასეთი ამბავი დახვდა. გაოგნებული კითხულობდა, მართლა დედამ მოიფიქრა ეს ყველაფერიო.
- როცა ადამიანი, ძალიან გიყვარს, პატივს სცემ, მისთვის არ არსებულსაც მოიფიქრებ და ალბათ, გამოიგონებ კიდევაც. - მიუგო მიმიმ და შუბლზე აკოცა. - ახლა დაიძინე და ხვალ სკოლაში წავალთ, დღევანდელი დღეც რომ გავაცდინეთ, გგონია დამავიწყდა?
დიმეომ არაფერი უპასუხა და თვალები მილულა. ჯერ კიდევ გაოცებული იყო, დედის ასეთი სიმამაცითა და ერთგულებით.
თითქოს ყველა წავიდ-წამოვიდა, მაგრამ რამდენიმე სტუმარი, გვიანობამდე მაინც დარჩა.
რაღაცას ბჭობდნენ, რაღაცას თათბირობდნენ. მიმი აშკარად მშვიდი და ბედნიერი ჩანდა.
საძინებლიდან გამოპარული დიმეო, ცდილობდა ყური დაეგდო, მაგრამ იმდენად დაბალ ხმაზე საუბრობდნენ, რომ ცალკეული სიტყვებიც კი ძლივს ესმოდა და ბოლოს სანამ ვიღაც, ამჯერად უცხო კაცი არ მოვიდა და გალეოს ცალკე არ დაელაპარაკა, მანამდე არც კი უფიქრიათ ქირურგს და ჩუკის წასვლა. მერე უცებ ერთიანად წამოიშალნენ და ის უცხო კაცი კი, ფიფოს პალატის გარეთ, რატომღაც სავარძელში ჩაჯდა და ჩანდა, რომ ადგილიდან დაძვრას არც აპირებდა.
ახლა სახლში ოჯახის წევრების გარდა, კიდევ ორი უცხო, ღამეს თეთრად ათევდა. ერთი ფიფოს პალატაში, ღამის ექთანი და მეორეც პალატის გარეთ, იქვე სასტუმრო ოთახის სავარძელში, ყავის წრუპვით იქცევდა თავს, რომ არ ჩასძინებოდა.
LEX. 2021 წლის 1 ოქტომბერი, პარასკევი.
No comments:
Post a Comment