Tuesday, October 5, 2021

ძველი პიანინო (ნაწილი 106)

106. 
გულწრფელობა, ყველაზე დიდი წამალია სულისთვის, მაგრამ მიმის შხამად ერგო. მხოლოდ პიპას სულს მოეშვა ოდნავ და ამით, მიმის სულმა იზარალა. ის რაც ერთისთვის საკვები იყო, მეორესთვის საწამლავი აღმოჩნდა. 
თავიდან პიპა, დარწმუნებული იყო, რომ სწორად მოიქცა. მიმის, ოჯახის საშინელი საიდუმლო გაანდო და ამით უფრო ადვილად ჩამოიშორა. მერე ცოტა თითქოს ეჭვიც შეეპარა. რა მოხდებოდა ფიფოს, რომ ვერასდროს მიეგნო მისთვის და ერთ მშვენიერ დღესაც, თვითონ მიმის დაეყენებინა ფიფო თავზე. მართლაც ერთის მხრივ, სახიფათო ქმედება ჩანდა, მაგრამ მერე თავისავე უმეცრებაზე, თავადვე გაეცინა. ფიფო ისედაც მიადგებოდა სახლში. თუნდაც, როგორც პროფესორს, მისამართის გაგებაც არც გაუჭირდებოდა. თუმცა, პიპამ აქაც დაიჭირა თადარიგი და სულ სხვა სახლის მისამართზე იყო აღნიშნული და ასევე იყო სამსახურშიც მითითებული, მაგრამ ეს ბევრს მაინც არაფერს ნიშნავდა. საბოლოო ჯამში, გაურკვეველი მაინც არაფერი დარჩებოდა. უბრალოდ, დროის რაღაც ნაწილს მოიგებდა და დროებით მაინც თავს აარიდებდა სამართალდამცავთა კლანჭებს. 
ისე მართლაც და რა მოხდებოდა, მიმი რომ სულ სხვანაირად გაეცნო? სხვა დროს, სულ სხვა სიტუაციაში, მაშინ ამდენი თამაში, ხომ არ დასჭირდებოდა? 
თავად ანადგურებდა ნიღაბს ამოფარებულ ხალხს და მისთვის ძვირფას ადამიანს, თვითონვე შეხვდა ნიღბით. 
და მაინც, რატომ მივიდა აქამდე? რატომ გახდა მკვლელი? ხომ შეიძლებოდა უბრალოდ, გადმოენთხია ის რაც რამ ჰქონდა გულში! თუნდაც, ერთი მაგრად მიებერტყა და იქაურობას გასცლოდა, თუ მაინცდამაინც მკვლელობა უნდა ჩაედინა? 
მაგრამ ესეც მისი ბედისწერა იყო. ერთ შემთხვევით მკვლელობას, მეორე შემთხვევით მოჰყვა და მერე ვეღარც გაჩერდა. 
და მერე რა? 
რას მიაღწია ამით? 
მონსტრი იყო! საშინელი მონსტრი! 
თუმცა კი, გარეწრების განადგურებით დაიწყო, მაგრამ ის ვინც მონსტრებს ანადგურებს, თავადაც უნდა შეეცადოს, რომ მონსტრი არ გახდეს და მათვე არ დაემსგავსოს. 
და რა მნიშვნელობა ჰქონდა მის ქმედებას? 
თავი დაიღუპა. 
რითიც იყო შეპყრობილი, სწორედ მან გაანადგურა. შურისძიებამ, მკვლელად აქცია და რაც არ უნდა სამართლიანი იყო, მკვლელი მაინც მკვლელია და არც ერთ ასპექტში არა აქვს მას გამართლება! 
ვინც საჭიროდ ჩათვალა, თავად გამოუტანა განაჩენი და თავადვე მოიყვანა სისრულეში. ქვეყანას მოაკლო ერთი გარეწარი, ორი, სამი... 
სამართლის სადავე, თავადვე აიღო ხელში და თუმცა, ისიც მშვენივრად კარგად იცოდა, რომ ადამიანი, მაინც ვერ შესძლებს გახადოს სამყარო, იმაზე კეთილი და ნათელი, ვიდრე ის არის. 
„ერთადერთი ადამიანი, ვინც შემიყვარდა, ისიც ჩემი და აღმოჩნდა!
და რატომ?! რატომ?! 
იმიტომ რომ ადამიანების ნაცვლად, ქვეყანას გველაძუები მართავენ! 
ნიღაბს ამოფარებულნი, კეთილი სახით მომღიმარნი, მაგრამ ბოროტად მოელვარე თვალებით! 
იქნებ, სულაც არ იყვნენ ბოროტნი და ცხოვრებამ ასე აიძულა? თუ სისტემა იყო ასეთი, სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ? ან იქნებ, რა შეემთხვათ? იქნებ? 
მაგრამ ცხოვრებას შეუძლია, ბევრჯერ დაგაყენოს დილემის წინაშე და არჩევანი, მაინც შენზეა, უმეცარო ადამიანო! შენ თვითონ ხარ, ეს სამყარო და შენს მხრებზე დგას ქვეყნიერება და ყველანაირი არჩევანი შენზეა და ესე იგი, ვინ გამოდიხარ შენ?! ვინ?! 
ჰმ, სხვისი ცხოვრების განსჯა, ბევრად უფრო ადვილი ყოფილა! იქნებ, მართლაც ისეთი რამ მოხდა მათ ცხოვრებაში და იძულებულნი გახდნენ, რომ ასე მოქცეულიყვნენ? 
მაგრამ მერე რატომღა დაავიწყდათ, რომ სხვა გრძნობებთან ერთად, არსებობს სინანულიც? 
ხომ შეიძლებოდა, მოენანიებინათ? თუ ჩემს წინაშე, უკან აღარ დაიხიეს? 
სწორედაც, რომ ჩემთვის უნდა მოეხადათ ბოდიში, რომელიც სამწუხაროდ, ჩემს განვლილ ცხოვრებას, ვეღარ შეცვლიდა და მერე იქნებ, არც მე მივსულიყავი იქამდე?! 
ეჰ, უგუნურო ადამიანო! რომ იცოდე, სინანული, ყველაზე დიდი ფენომენია ამ ქვეყნად და სამწუხაროდ, ეს ყველას არ გააჩნია, არც შეუძლია, რადგან ან თავის სიმართლეშია დარწმუნებული, ან უბრალოდ, უკან აღარც იხევს!“ 
რაც უფრო მეტს ფიქრობდა, თავის ჩადენილ დანაშაულებებზე, მით უფრო ეწურებოდა გული. ყველას სათითაოდ გადაავლო თვალი. 
და მაინც რა მოხდებოდა, რომ მკვლელი არ ყოფილიყო? მაშინ მიმისთან ხომ შესძლებდა ურთიერთობის გაგრძელებას? 
მიმი... 
განგებამ, პირადი ბედნიერებისთვის, მეორე შანსი მისცა, თუმცა უკვე ძალიან ცუდ დროს. 
და იქნებ, სულაც ეს შანსი კი არა ისევ და ისევ, ბედის მწარე დაცინვა იყო? 
მიმი მართლაც, რა კარგი გოგო აღმოჩნდა და ახლა საშინლად ნანობდა, ორჯერ ისიც ხომ გახადა მკვლელობის მონაწილე. თუმცა, კონკრეტულად მიმის, არც არაფერი ჩაუდენია და არც კი იცოდა, რომ ნებით თუ უნებლიეთ, მკვლელისთვის უტყუარი ალიბი გახდა. 
რა უფლებით გამოიყენა უდანაშაულო ადამიანი? 
თუ თავად უდანაშაულო, სისტემის მსხვერპლი, რომ გახდა, სხვაც დანაშაულის მსხვერპლად უნდა ექცია?
თუ რა იყო ეს? 
თუ ეს ის დოგმა იყო, რომ მთავარია, მე ჩემსას მივაღწიო და დანარჩენებს, კისერიც უტეხიათო და მაშინ, რა გამოვიდა? რანაირი სამართლიანობა იყო ეს?
„არა! არა! ნამდვილად არ ვარ მართალი! საშინლად მოვექეცი უდანაშაულო ადამიანს! სულ ტყუილად ჩავითრიე და ახლა კი ნამდვილი ბოროტმოქმედი ვარ! წლები შევალიე მათ განადგურებას და თავად ვიქეცი მონსტრად! 
რა საშინელება ვარ! ღმერთო, რა საზიზღრობად ვიქეცი, საშინელი ადამიანი გამოვედი! ალბათ, ვიმსახურებდი კიდევაც, ბავშვობიდანვე ასეთ სიძულვილს, რადგან განგებამ იცოდა, თუ რა სულის პატრონიც გავიზრდებოდი და სამწუხაროდ, ამას გვიან მივხვდი! თურმე, არც მე ვყოფილვარ იმ ბოროტ ხალხზე ნაკლები!
მართლაც, რას ვერჩოდი, იმ გოგოს?“ 
პიპას გეგმის მიხედვით, ყველა გარეწარს, რომ მოინახულებდა და საზღაურსაც აზღვევინებდა, მერე თავადვე ჩაბარდებოდა და აღიარებდა დანაშაულს. სისტემის არასრულფასოვნებასაც სააშკარაოზე გამოიტანდა და ბევრ უკანონო ქმედებებსაც აეხდებოდა ფარდა, მაგრამ ახლა? 
„ჩემივე ფეხით, რომ მივიდე და ყველაფერი ვაღიარო, მერე მიმიც რომ გამოამწყვდიონ? იქნებ, ფიფომ არც აპატიოს, თუნდაც ჩემთან ურთიერთობის გამო არ აპატიოს და ამით გადაუხადოს სამაგიერო საბრალო, მოტყუებულ გოგოს? 
ჰმ, აი ახლა კი ვხვდები, თუ რა ბოროტიც თავად ვყოფილვარ! 
მინდოდა, ეღიარებინათ! მინდოდა, სინანული მაინც დამენახა! მინდოდა, თავისივე ხელით ჩამოეგლიჯათ ნიღბები, მაგრამ როცა ვერაფერი დავინახე, აი მაშინ კი გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემს მსხვერპლს, სიკვდილის წინ, თავისი უსაშინლესი კოშმარი ეხილა! და იხილა კიდეც, მაგრამ ახლა რა?! რა მერე?!
თურმე, მე თვითონ ვყოფილვარ ნიღაბს ამოფარებული! ჰმ, კეთილი სახის, სამართლიანი მკვლელი!“ 
- რეგვენო, უგუნურო ადამიანო! შენი თავი ყველაზე ჭკვიანი და სამართლიანი რომ გგონია! სინამდვილეში კი, იდიოტი ხარ! იდიოტი!
ბოლო ხმაზე აღრიალდა პიპა და მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა ჩალეწილი, უზარმაზარი სარკის ნამსხვრევები, ხმაურით მიმოიფანტა იატაკზე. 

 *** 
არც მიმის ჰქონდა უკეთესი დილა. მართალია, ღამე მკვდარივით ეძინა, მაგრამ თავის წამოწევა საშინლად გაუჭირდა. არც ადგომის სურვილი ჰქონდა და არც ვინმეს დანახვის. კიდევ კარგი, ფიფომ ისე დაუტოვა მანქანის გასაღები, რომ არც უცდია მისი გაღვიძება, თუმცა არც ეძინა. 
ძლივს მოერია სხეულს. განსაკუთრებით, თავის სიმძიმე ძალავდა. ძლივს წამოდგა და ლასლასით გასწია სააბაზანოსკენ. 
- რა დალიე ასეთი? - უკვირდა დედას. - ფიფოს საერთოდ არაფერი ეტყობოდა და შენ კი? 
- რა, ვიცი, დეე. - ამოიხვნეშა მიმიმ. - ვერ ავიტანე. ხომ იცი, რომ საერთოდ არ ვსვამ.
- ჰოდა, ალბათ, მაგიტომაც გაწყინა.
- უჰ, საშინლად ცხელოდა გუშინ. ცივი კოქტეილი ისე მესიამოვნა, მერე ცივი ნაყინი, მურაბა. ფუ, მურაბა არ დამანახოთ! 
- ჰაჰ, ამ სიცხეში, სად გაგახსენდათ მურაბა? 
- რა ვიცი, მხატვარია და გიჟია! საიდან რას მოიგონებს. 
- მურაბა უნდა ზამთარში. სულ სხვა გემო აქვს. 
- ეგ მხატვრებთან არ ჭრის! - მიმიმ ყავა მოსვა, მაგრამ ისევ წამოუარა გულისრევის შეგრძნებამ და სააბაზანოში შევარდა. 
- რა დალიე შვილო, ასეთი? - შეწუხდა დედა. - რამ მოგწამლა? 
- ჯანდაბა! ჯანდაბა დავლიე, დედა! ჯანდაბა! - მთელი ხმით აღრიალდა მიმი. 
- ექიმი, ხომ არ გამოვიძახოთ? 
- ოო, კარგი რააა!!!
- აბა არ შეიძლება მასე. - დედამ წუთით იყუჩა. - ისე, ამ ბოლო დროს, რაღაც ხშირად იწამლები. უკვე მერამდენედ ხარ ასე ცუდად. ხან რა გემართება და ხან რა! ფერიც აღარ გადევს. 
მიმი დედის სიტყვებმა, ჩააფიქრა. სარკეში კარგად დააკვირდა სახეს. 
- მართალია, საშინელი ფერი მაქვს. თვალებიც ჩამიცვივდა. ალბათ, ჰემოგლობინი მაქვს დაწეული, თან რამდენი სანერვიულო გადამხდა. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- რა მოხდა? - შეშფოთდა დედა. - რა ინერვიულე?
- სამსახურში სანერვიულოს მეტი, რა არის? - მკვირცხლად მიუგო მიმიმ. - ისეთი არც არაფერი, დეე! უბრალოდ, ბევრი სარბენი მქონდა. გადავიღალე ძალიან! შვებულებას ავიღებ, ორი კვირით მაინც, თუნდაც, უფასოს!
- ბიულეტენი გააკეთებინე. ჯერ ექიმთან მიდი, მაინც რამე რჩევას მოგცემს. 
- ჰო ასე სჯობს! კარგი აზრია. მერე სადმე, თუნდაც ათი დღით მთაში, თუ ზღვაზე? 
- ზღვაზე არა, მაგრამ მთაში, თუ გინდა მეც წამოგყვები, თუ ხელს არ შეგიშლი? 
- სულაც არ შემიშლი! წავიდეთ მთაში ერთად, სუფთა ჰაერზე, ორივეს მოგვიხდება! 
- თუ მამიდაშენი, არ გაგვებუტება, წავიდეთ მარტო, მე და შენ. - ჩაეცინა დედას.
- მერე, მამიდაც წავიყვანოთ! რა პრობლემაა? თუ წამოვა. - გაეცინა მიმის, როცა მამიდის კაპრიზული ხასიათი მოაგონდა.
სამსახურში წასვლამდე, მიმი პირდაპირ ოჯახის ახლობელ ექიმს მიადგა. გაესინჯა კიდევაც, სისხლიც აუღეს და პასუხების შეტყობინებასაც, უახლოეს დღეებში შეპირდნენ. 
მანქანაში კი ჩაჯდა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა. სად წასულიყო? სახლში გაჩერება არ უნდოდა, ვერც სამსახურში გადააყოლებდა გულს. ამ ბოლო დროს, მხატვართანაც ისე ლაღად ვეღარ იყო, როგორც ადრე. თუმცა, იქ ვინ რას უშავებდა? პირიქით, ორი კაცი ერთდროულად, თვალებში შესციცინებდა. 
მშვენიერი მეგობრები ჰყავს, რას ერჩის? 
პიპა კი? 
ტანში გააჟრჟოლა. საშინელი დღე გადაიტანა. გახსენებაც კი აღარ უნდოდა. 
არავის დანახვა აღარ უნდოდა, აღარავის. 
მანქანის ფანჯარაზე კაკუნმა მიმი ფიქრებიდან გამოარკვია. 
მხატვრის გოგონა იყო.
მიმის ძალიან გაუხარდა.
- აქ რას აკეთებ? 
- ბაბუაჩემს მოვაკითხე. ამ კლინიკაში მუშაობს. აუ, მიმი, იცი?! რა მაგარი რამე-რუმეები იყიდებააა!!!
- და შენც ბაბუ „დაარეკეტე“ არა? - მიმის ხმამაღლა გაეცინა. 
- აბა რაა!! პირველი და თანაც, ერთადერთი შვილიშვილი ვარ! განუმეორებელი! 
- აბა წამო, ვნახოთ ერთი, რა მოგეწონა ასეთი.
- კარგი, წავიდეთ! - გოგონამ გვერდით სავარძელი დაიკავა და მანქანაც დაიძრა. 
მშვენივრად გაერთნენ. მაღაზიები შემოიარეს, ერთმანეთს ურჩევდნენ ხან კაბებს, ხან შარვლებს. მიმის ბევრჯერ მოშივდა და სადაც კი, გემრიელი სუნი ეცათ, ყველგან შეირბინეს. თუმცა, კერძის დანახვისთანავე, მიმი ხშირად უარზე დგებოდა და ცხვირს იბზუებდა. ძლივს გასინჯა ორი-სამი ლუკმა. ამაზეც ბევრი იცინეს და ყველაფერი, პაპანაქება სიცხეში გახსნილ მურაბას გადააბრალეს.
საყიდლებისგან გადაღლილები, ბოლოს მაინც ისევ მხატვართან აღმოჩნდნენ. 
მიმიმ ახლაღა აღმოაჩინა, რა მშვენიერი ყოფილა თურმე, ზეთის საღებავების თითქოს, ცოტა რაღაცნაირად, მოტკბო და სასიამოვნო სურნელი. ადრე კი, რატომღაც ცხვირსაც სწვავდა. 
- ეგ იმიტომ, რომ მიეჩვიე. - სიცილით აღნიშნა მხატვარმა. 
- დედაჩემი საშინლად ვერ იტანს ამ სუნს! - აღნიშნა მხატვრის შვილმა. - ხუთი წუთი აქ თუ გაჩერდა, ასე ამბობს ტანსაცმელზეც საღებავის სუნი მომყვებაო. 
- ეჰ, დედაშენი მეც ვერ მიტანს, მაგრამ ჩემს მიცემულ ფულს, რომ სულაც არ ასდის საღებავის სუნი?
ყველას გაეცინა. 
გოგონა სახელოსნოს თვალიერებას მოჰყვა: 
- ახალი შედევრები რა შექმნა შენმა ყალამმა, ვნახოთ აბა ვნახოთ. 
ზოგი ისე შეაფასა, ზოგი ასე, მერე კი პიპას პორტრეტს წააწყდა. კედელთან ააყუდა და შორიდან დაუწყო ჭვრეტა. 
- ეე, რა ნაცნობ სახეაა!!! 
მიმი ჯერ კიდევ პალიტრასთან იდგა და ზეთის მოხდილ საღებავს ყნოსავდა. პორტრეტის დანახვაზე შეკრთა. აშკარად ფერმა გადაჰკრა. 
მხატვრის გოგონა ჩაფიქრებული შეჰყურებდა პორტრეტს და მერე უცებ შეჰყვირა: 
- უი, ეს ის სიმპათიური პროფესორი არ არის, შენ რომ წამიყვანე, აქ იყო მოსული? როდის დახატე?..
მიმის მეტი არაფერი გაუგონია, ოდნავ შეტორტმანდა და იქვე მდგომ სავარძელში ჩაესვენა. წამით თვალები დახუჭა და მერე გამჭოლი მზერა, მხატვარს მიაპყრო.
გოგონას არაფერი შეუმჩნევია, მხატვარმა კი მიმის სახე აარიდა. 
- სიმპათიურს მოგცემ მე შენ! - გაუჯავრდა შვილს.
მერე პორტრეტს დააკვირდა და ვითომ და, ახლა აღმოაჩინა მსგავსება. 
- ისე მგონი, მართლა ჰგავს. არც კი შემიმჩნევია, ისე დავხატე, ზეპირად! უფრო სწორად, სულ სხვას ვხატავდი და ალბათ, მივამსგავსე! 
მხატვარმა თავის დაძვრენა სცადა, მაგრამ მიმის პასუხმა გააოგნა. 
- დიახ, ეს ნამდვილად პროფესორია! ჩემი მეგობარია, თუ რამეში დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ! 
მხატვარი საშინლად შეცბა. ამას უკვე აღარ მოელოდა. ვეღარც ხმას იღებდა და მიმისაც, ისე აარიდა მზერა, რომ ლამის, ზურგიც შეაქცია.
მხოლოდ მხატვრის გოგონა განაგრძობდა ქაქანს და არც კი შეუმჩნევია, რომ არავინ უსმენდა. 
„არა, რააა! ვგრძნობდი, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სულ რაღაცას მალავდნენ ბიჭები! რამდენიც რამ ვკითხე, იმდენი, ერთმანეთს აუბეს მხარი. 
ისე მართლა, თუ კი ადრევე იცოდნენ, ვისთან ვმეგობრობდი, რატომ არ მითხრეს? რატომ არ გამაფრთხილეს? 
უსინდისოები! უნამუსოები! დამაცადონ, ორივეს ერთად მოვთხოვ პასუხს!“
მიმი ფიქრებში იყო გართული და არც მხატვარი იყო ნაკლებ დღეში. ახლა მიმისთან მარტო დარჩენა, ნამდვილად არ უნდოდა. ბავშვმა კი რამდენჯერაც მოინდომა, წასვლა და იმდენჯერვე შეაყოვნა, მაგრამ დიდხანს ვეღარ გაჩერდა და ბოლოს მაინც წავიდა. 
„ეს ფიფოც კი როგორ არ ჩანს დღეს... სად დადის ნეტავ?..“ 
საგონებელში ჩავარდნილი მხატვარი, სამზარეულოში გაიძურწა და ფიფოსთან შეტყობინების გაგზავნაც მოასწრო.
ფიფოს ლოდინში, ხან ყავის მომზადება დაიწყო და ხანაც ანეკდოტების მოყოლა. მიმი მშვიდად უსმენდა და გულში ეცინებოდა, მშვენივრად ხვდებოდა მხატვარი ასე რატომაც იქცეოდა. ბოლოს მობეზრდა ეს თვალთმაქცობა და პირდაპირ დაუსვა შეკითხვა: 
- რატომ არ მითხარი, თუ იცნობდი? ან ის პორტრეტის ხატვა, რა თამაში იყო? 
- აბა საიდან უნდა მცოდნოდა? შენ არასდროს გიხსენებია, რომ პროფესორი იყო და არა ვიღაც სხვა. - მხატვარი გაჩუმდა. 
მიმიმ არაფერი უპასუხა. მართლაც, საიდან უნდა სცოდნოდა, როცა თვითონაც ისე მოულოდნელად გაიგო. 
- ჰო, რა იყო? რატომ გაჩუმდი? შენ რატომღა გვიმალავდი? - მხატვარი შეტევაზე გადავიდა. - აბა, უბრალო კაციაო, გვატყუებდი?
მიმიმ არაფერი უპასუხა. სიგარეტს მოუკიდა და პირველივე ნაფაზიც, საშინლად ემწარა. ახალ ანთებული სიგარეტი მაშინვე ჩასრისა და საფერფლე მხატვარს გაუწოდა. 
– გთხოვ, მომაშორე რა ეს აქედან! - მიმიმ წამით იყუჩა. მერე დანანებით გააგრძელა. - არ ვიცოდი, მართლა არაფერი ვიცოდი. თვითონ მომიყვა და მომიბოდიშა, რომ ადრე არაფერი მითხრა. თურმე, ჩემს გვერდით უბანში ცხოვრობს, ოჯახთან ერთად. აქ ნათესავის ბინა იქირავა. ვითომ იქირავა და უბრალოდ ქირით ეხმარებოდა. არც კი ცხოვრობდა იქ. აი სულ ეს არის. - მიმიმ ამოიხვნეშა და მხატვარს მიაპყრო მზერა. 
ახლა მისი ჯერი იყო, მას უნდა მოეყოლა, თუ საიდან და როგორ იცნობდა იმ კაცს. 
- მეც მოსაყოლი არაფერი მაქვს! - დაიწყო მხატვარმა. - შემჭამა ჩემმა ცოლმა, ბავშვი მივიყვანე, მომავალ წელს უკვე აბიტურიენტი იქნება. ხომ იცი, რა ცანცარაც არის, არაფერი მაგას არ აინტერესებს გართობის მეტი. კომპიუტერით ისედაც დაინტერესებულია. იქნებ, მარტო გასართობად აღარ გამოიყენოს და უფრო მეტი სხვა ინტერესებიც გაუჩნდეს. სიმამრმა მანდ მირჩია, ჩვენც მივედით, სულ ეს იყო! - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - არა, ისე როცა ვხატავდი, თითქოს მეც რაღაც მეცნობოდა, მაგრამ სულაც არ მიფიქრია, ჩემს გოგოს რომც არ გახსენებოდა, ვერც კი ვიფიქრებდი. - მხატვარმა ოსტატურად დაიძვრინა თავი და შვებითაც ამოისუნთქა. 
მიმიმ ყავა უგემურად მოსვა. ამ ბოლო დროს, იმდენი სანერვიულო შეხვდა, რომ მის უსაყვარლეს სასმელსაც კი გემოს ვეღარ ატანდა. ყველაფერი უსიამოვნოდ და გულისამრევად ეჩვენებოდა. 
დუმილი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდებოდა, ფოფო, რომ არ შემოჭრილიყო თავისი ხმაურიანი და ჩვეული იუმორით. 
- რა არის რა სახეები გაქვთ? გაწყენინათ ვინმემ? დავიჭერ! დავაპატიმრებ! 
მიმის ოდნავ გაეღიმა. 
- კიდევ კარგი, შენმა მოსვლამ უშველა, თორემ დამჟავდა ქალი! - შეაგება პასუხი მხატვარმა და თვალით პორტრეტზე ანიშნა. 
ფიფომ ვერაფერი გაიგო, თუმცა მიხვდა, საქმე რაღაც ვერ იყო ისე კარგად და სანამ მიმი რამეს იტყოდა, მხატვარმა დაასწრო და ფიფოს  სულ სხაპასხუპით მოახსენა ყველაფერი და თანაც, ისეთი სისწრაფით ყვებოდა და რომ მიმიმ, ერთი სიტყვის ჩაკვეხებაც კი ვერ შესძლო.
ფიფომაც მაშინვე აუღო ალღო. ყველაფერი ცხადი იყო და თავადაც აჰყვა: 
- ხედავ შენ, როგორი თავმდაბალი ყოფილა ეს ჩვენი პროფესორი. ეს დიდი ქონების პატრონიც იქნება და ალბათ, დაშინებულიც არის, ვინმე „მძარცველი ქალი“ არ ამეკიდოსო და ასე საგულდაგულოდ მალავდა თავის ვინაობას! ჰმ, რას არ გაიგებს, ადამიანის ყური.
ბიჭები ათას რამეს ხუმრობდნენ, ათას კურიოზებს იხსენებდნენ. ფიფოც და მხატვარიც შეძლებისდაგვარად იკბინებოდნენ პიპას მისამართით, მერე ანეკდოტსაც შეურევდნენ, მაგრამ მიმი მაინც ვერ მოიყვანეს ხასიათზე. 
მოგვიანებით წამოდგა, მეგობართან მივდივარო და ისე გავიდა, წესიერად არც გამოემშვიდობა ბიჭებს. 

 *** 
კარი პიპას სიდედრმა გააღო. 
- აქ ერთი, პიცის მოყვარული ბიჭი ცხოვრობს, თუ მიიღებს სტუმარს? - ყურებამდე გაიკრიჭა მიმი.
LEX. 2017 წლის 8 სექტემბერი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment