Tuesday, September 28, 2021

ნატის ჩექმები (ნაწილი 15)

15. 
- ესე იგი, ეჭვი ეპარება, არა? - მაკა ჩაფიქრდა. 
- ასე ჩანს. - მიუგო ექთანმა. 
- მიდი აბა ერთი, შემომიყვანე! 
- ახლავე, მაკა ექიმო! 
ექთანი გავიდა და მალევე, ახალშობილის გარდაცვლით დამწუხრებულ დედასთან ერთად დაბრუნდა. 
- აბა, რა გაინტერესებს, ჩემო კარგო? - თბილი, ალერსიანი ხმით მიმართა მაკამ. 
- ჩემი ტყუპებიდან ერთი დაიღუპა. - ნაღვლიანად მიუგო ქალმა. - და თანაც სწორედ ის, ვინც უფრო დიდი და ჯანმრთელი ჩანდა და სუსტი, ძალიან მცირე წონის კი გადარჩა. 
- ძალიან სამწუხაროა, რომ შვილი დაგეღუპათ. - სინანულით მიუგო მაკამ. - თუმცა, ასე მარტო წონით და ბავშვის სიდიდით, ნამდვილად ვერ განსაზღვრავ, რომელი უფრო ჯანმრთელი აღმოჩნდება. 
- რა საოცარია. 
- დიახ, ჩემო კარგო, დიახ! - თავი დაუქნია მაკამ. - ბუნების კანონია ეს და მედიცინა კი, ის ერთი უბრალო მეცნიერებაა, რომელიც ვერც ეწინააღმდეგება განგებას და არც ერთ მეცნიერებას არ შეუძლია მართოს ბუნების ძალა და მისი კანონზომიერება! - ბოლომდე გადმოაფრქვია მთელი სიბრძნე მაკამ და ქალს თვალები გაუსწორა. 
დამწუხრებულმა ქალმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. 
- ის რაც, გარეგნულად ხილულია, სინამდვილეში შიგნით, უხილავი მხრიდან სულ სხვანაირია. - მაკა წუთით შეყოვნდა. - ამიტომაც ზოგჯერ დიდი ბავშვი, სულაც არ ნიშნავს ჯანმრთელს. ხშირად, ბევრად უფრო რთულია, თითქოს ტლანქი და ზარმაცია.
- ჩვილ ბავშვებს, სიზარმაცე როგორ უნდა შეეტყოს? - გაიკვირვა დედამ. 
- შენ წარმოიდგინე, რომ მშვენივრადაც ეტყობათ! თუმცა, ეს სულ სხვა სიზარმაცეა და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში, ზარმაც ადამიანად ჩამოყალიბდეს! 
პასუხად ქალმა გაკვირვებით აიჩეჩა მხრები. 
- ჩვილ ბავშვებში სიზარმაცე, სულ სხვა რამაა. - მაკა ექიმი, რბილი ალერსიანი ხმით, ახსნას შეეცადა. - ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ბავშვებთან შედარებით, ნაკლებ აქტიურია, ძუძუსაც ცოტა უფრო დუნედ წოვს და მშობიარობის დროსაც არ იბრძვის რომ დაიბადოს. ზოგი კი ისეთი აქტიური და ასე ვთქვათ, ცელქია, რომ... 
- ჰო, ჩემი პატარა წრიპა ძალიან მჭამელია, ისე ძლიერად დამეძგერა. - ქალი გაჩუმდა და მალევე დასძინა. - თავის საწყალი ძმისგან განსხვავებით... არადა, ის უფრო ბევრად დიდი ყოფილა. 
- აი, სწორედაც რომ იმ დიდი ბავშვის მშობიარობა გაგიჭირდა ასე ძალიან! - ოსტატურად ჩაურთო მაკამ. - და თანაც, დაბადებიდან საკმაოდ გვიან იტირა და ისიც ძალიან სუსტი ხმით ძლივს აატირეს ძალით. 
- მართლა? - ნაღვლიანად იკითხა ქალმა. - ასე დაწვრილებით არ მახსოვს, მხოლოდ ის ჩამრჩა გონებაში, რომ ორივემ იტირა. 
- კი, ტირილით კი ორივემ იტირა, მაგრამ როგორ? - მაკამ ამოიხვნეშა. - გააჩნია, როგორ იტირა. 
- თურმე, როგორ მართლა ძლივს ამოუღია ხმა. - ცრემლები გადმოსცვივდა ქალს. 
- მართლაც, ძლივს ამოიღნავლა, როცა ამ დროს, იმ მეორემ, სულ ერთმა ციდამ, მაშინვე იმხელა ხმით იჩხავლა! - მაკა ექიმი, თავისავე ხელით გულმოკლული დედის გამხნევებას შეეცადა. - ხედავ? ის პატარა როგორი ყოჩაღი გამოდგა?! 
ქალს გაეღიმა, თუმცა თვალები მაინც სევდით ჰქონდა სავსე. 
- იმხელას ჩხაოდა, სანამ არ აჭამეს, მანამდე ვერ გააჩერეს. 
- და მაშინათვე, მე რატომ არ მომიყვანეთ? - ცოტა არ იყო, წყენით მიმართა დედამ. 
- შენ ისე ძალიან ცუდად იყავი, კიდევ რძის გამოწოვა გინდოდა? 
- ჰო, მაგრამ ბავშვი ასე რომ ტიროდა... 
- და მერე, რა? შენი შვილი, სხვა ქალმა გამოკვება! უნდა გენახა, როგორ მადიანად ჭამდა. - გაუღიმა მაკამ. 
- ესე იგი, სხვა ქალმა აჭამა ძუძუ? - გაიკვირვა ქალმა. - მეგონა, რომ ხელოვნური საკვები აჭამეს.
- ამ შემთხვევაში, სხვა დედა მოვიშველიეთ! 
პასუხდა ქალმა, ისეთი სახე მიიღო, რომ აშკარად არ ესიამოვნა.
- აბა, შიოდა პატარას და... - განაგრძო მაკამ. -  მაინც ხელოვნური საკვების მიცემას, ისევ ბუნებრივად გამოგიკვებეთ, შენი პატარა ანგელოზი და მგონი, ეს გწყინს? - ჩაეკითხა მაკა. 
- არა, არ მწყინს, მაგრამ ცოტა გამიკვირდა. 
- ცოცხალმკვდარი იყავი. - განაგრძო მაკამ. - მშობიარობისას კი, ისე გადაიქანცე, თანაც აბა, ერთი ბავშვის გაჩენა როგორია? და მით უმეტეს, თუ მშობიარობას, გართულებებიც მოჰყვა და ახლა, ზედიზედ კი მეორეს მიყოლება და ისიც, ასეთივე მძიმე მშობიარობა.
ქალმა ამოიხვნეშა. მაკამ კი განაგრძო:
- ერთი პერიოდი, ისიც კი ვიფიქრეთ, რომ... - მაკა წამით შეყოვნდა. - მაგრამ გადავრჩით! 
- მართლა ასე ცუდად ვიყავი? - უკვირდა ქალს. - ამიტომაც დავამშიე ჩემი პატარა. 
- და აბა, მართლა. - განაგრძო მაკამ. - შენს გაღვიძებამდე, მშიერს ხომ არ დავტოვებდით ჩვილს? 
- ჰმ, არა მშიერს არა, მაგრამ შეგეძლოთ გაგეღვიძებინეთ. - ქალი კვლავ, თითქოს საყვედურობდაო. - ჩემი დამშეული ჩვილი, ჩხაოდა და რა დროს ჩემი ძილი და ნებივრობა იყო? 
- ნებიერად სულაც არ გეძინა ჩემო კარგო. - ამოიხვნეშა მაკამ. - ცუდად იყავი და თანაც გადაღლილი, საშინლად მოითენთე და არავის არა აქვს ჯერ რძე, მშობიარობის პირველივე წუთებიდან. ასე რომ, არც იმდენად ბევრი დაგიკარგავს! 
- ახლა უკვე ბევრი რძე მაქვს. 
- ახლა კი, მაგრამ იმ დროს სხვა დედას ჰქონდა რძე და რა მოხდა მერე? - მაკამ გაკვირვებული სახე მიიღო. - დარწმუნებული ვარ, შენც იგივე სიტუაციაში, იმ ქალივით მოიქცეოდი და სხვის დამშეულ შვილს დააპურებდი! 
- აბა, რას ვიზამდი! - მდარედ გაეღიმა ქალს. - ახლა კი მაქვს რძე, მაგრამ, მაინც მგონია, რომ არ ჰყოფნის. 
- არც ეგ არის პრობლემა, მაგას უკვე პედიატრი მიგიხედავს. 
- და ის ქალი, რომელია? ვინც ჩემი დამშეული წრიპა გამოკვება, მინდა მადლობა მაინც გადავუხადო. 
- მგონი, გაეწერა უკვე. - იცრუა მაკამ. 
მშვენივრადაც იცოდა რომ გაეწერა, სწორედაც, რომ იმ დღეს გამოსაწერი დედა შეარჩიეს, რომ ორივე ტყუპი კარგად გამოეკვება და თანაც, ტყუილად არც იყო შერჩეული. 
- ასე მალე? - შეწუხდა დედა. 
- მშობიარობის პირველი წუთებიდან, რძე თითქმის არც ერთ დედას არა აქვს, მაგრამ თანდათან, დღითიდღე მატულობს, თუმცა ყველაზე ვერ ვიტყვით და არც არავინ იცის ზუსტად, რატომ და რის გამო. - მაკამ წუთით შეყოვნდა. - რადგან იმ ქალს იმდენი რძე ჰქონდა, რომ თავისი შვილის გარდა, სხვისიც გამოეკვება, ესე იგი, უკვე აქ რამდენიმე დღე დაჰყო და სავარაუდოდ, უკვე გაეწერებოდა კიდეც! 
- ძალიან სამწუხაროა. - ამოხვნეშა ქალმა. - მადლობას მაინც ვეტყოდი. 
- მადლობის გადახდას კი, ყოველთვის მოასწრებ! - დაამშვიდა მაკამ. - ყველას მართლა არა აქვს რძე და თუ ვინმეს ჩვილს დასჭირდა და იმ მომენტში, შენ ზედმეტი რძე გექნება, შეგძლია ასე მოიხადო ვალი. - მაკამ ყურებამდე გაუღიმა დამწუხრებულ დედას და ახლად „შერემონტებული“ და თანაც საკმაოდ ძვირად ღირებული, თეთრად ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა. 
- აუცილებლად დაგეხმარებით. - თავი დაუქნია ქალმა. - და პალატის გოგოებმა მითხრეს, მგონი, წინა თვეშიც ასე მოხდაო, ტყუპებიდან ერთი დაღუპვიათო. 
- შეიძლება. - თავი დაუქნია მაკამ. - ხდება ხოლმე.
- თქვენი პაციენტი ყოფილა. 
- ჩემი? - გაიკვირვა მაკამ და ძლივს შეიკავა თავი. - არა მგონია! - მხრები აიჩეჩა მაკამ და ვითომ ჩაფიქრდა. 
საშინლად განრისხდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
„უთუოდ, ვიღაც ჩვენმა თანამშრომელმა დაატლიკინა ენა! აბა, ამ დედებმა, გუშინდელმა ნამშობიარევმა ქალებმა, რა იციან წინა თვეში რა და როგორ მოხდა?
ენა, აქვთ ზოგ-ზოგიერთებს ამოსაძრობი და თუ გავიგე, ძირიანად ამოვგლეჯ! 
ეს ჩემი უტვინო ექთანიც კიდევ, რას მიკეთებს აქ? ექთნობის ისედაც არაფერი გაეგება, ვენაშიც კი წესიერად ვერ დგამს კათეტერს, გამუდმებით საშველად სხვა ეძახის და რისთვისაც აქ ვაჩერებ, იმას მაინც წესიერად ვერ მიაქცია ყურადღება, რომ ენები არავინ ატლიკინოს, აქეთ-იქეთ? 
სიბერე ხომ არ შეჰპარვია, ნეტა? როგორც ვატყობ, მოუწევს მაგას დროზე ადრე პენსიაზე გასვლა და ელოდოს, მერე თვეში ერთხელ გაღატაკებული ქვეყნისგან, ძლივს გამეტებული იმ ორ კაპიკს!“ 
- კი, კი! ჰო! იყო მასეთი შემთხვევა! - თითქოს, ახლაღა მოაგონდა მაკას. - ლამის მისაღებშივე იმშობიარა, ძლივს მოვასწარით სამშობიარო ბლოკში აყვანა, უკვე ჭინთვებით იყო შემოსული. 
- უი, მართლა?
- პირველი ბავშვი მე მივიღე და თურმე, უკვე აყვანილი ექიმი ჰყოლია და იმანაც სულზე მოუსწრო, მეორე ტყუპი კი, რა თქმა უნდა, თავად მიიღო. თუმცა, იმ მეორე ტყუპისცალმა, მხოლოდ რამდენიმე საათიც იცოცხლა. - მაკა გაჩუმდა და ვითომ საიდუმლოდ, დაბალი ხმით დასძინა. - სწორედ ის მეორე ტყუპის ცალი დაიღუპა, რომელიც თავისივე აყვანილმა ექიმმა ამშობიარა.
- რა მძიმეა, დედისთვის. - ქალმა კვლავ ამოიხვნეშა. 
- და ამიტომაც იყო ის ექიმი, ერთ ხანს, ასე ცხვირ აბზუებული მხვდებოდა. ჰმ! - თავი გააქნია მაკამ.
- ჰო, მაგრამ ეს ხომ თქვენი ბრალი, არ იყო? 
- არა, მაგრამ მაინც. - გაუღიმ მაკამ. - ჩემი ნამშობიარევი ჩვილი, რომ დაღუპულიყო, აი მაშინ, მართლა ვერ ავცდებოდი სკანდალ და მემტკიცა მერე, თუ სად იყო სიმართლე და სად, გაუგებრობა.
- და რა მოხდა? რატომ გარდაიცვალა მისი ტყუპი? 
- თუ არ ვცდები... - მაკა კვლავ ჩაფიქრდა. - ჟანგბადის უკმარისობით, წყლები ჰქონდა ბევრად ადრე დაღვრილი, ეს ზუსტად მახსოვს და ალბათ, ამის შედეგი თუ იქნებოდა ჩვილის დაღუპვა თუმცა, მეორე და უფრო სწორად, პირველმა ბავშვმა, მოასწრო დაბადება და ჟანგბადის ჩასუნთქვაც! 
- და ჩემთანაც, ასე მოხდა? 
- სავარაუდოდ, ასე ჩანს, მაგრამ ჯერ არ ვიცით ზუსტად რა მოხდა. ერთი შეხევდით, ბავშვი ჯანმრთელი და ნორმალური წონის დაიბადა. თუმცა, ძალიან მოკლე ხანში, ასფიქსიაში ჩავარდა, დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ჩვენს პედიატრებს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა. 
- და ზუსტი მიზეზი? - ჩაეკითხა ქალი. 
- სწორედ მაგ ზუსტი მიზეზის გამო, გადავაგზავნეთ უკვე კვლევით ინსტიტუტში, რომ ექსპერტიზამ, ზუსტი პასუხი მოგვცეს! - ოსტატურად შეაპარა მაკამ.
- უკვე, გადააგზავნეთ? - გაიკვირვა ქალმა.
- აბა, რას ველოდოთ? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - რაც უფრო დროულად იქნება კვლება ჩატარებული, მით უფრო ზუსტ პასუხს მივიღებთ.
ქალმა დაბნეულად აიჩეჩა მხრები.
- როგორც კი დაიღუპა, მაშინვე გადავაგზაცვნეთ! - კვლავ შეეცადა მაკა, მისთვის სასარგებლო საუბრის შეპარებას. - იმას უკვე, აღარ დაველოდეთ, რომ დედა გონზე, როდის მოვიდოდა და...
ქალმა მძიმედ ამოიხვნეშა. 
- თუმცა, თქვენი ხელმოწერა, მაინც დაგვჭირდება. - მაკამ უჯრიდან საბუთები ამოაძვრინა და წინ დაუდო.
- თუკი, უჩემოდ გადააგზავნეთ, ჩემი ხელმოწერა, ახლა რაღაზეა საჭირო?
- უბრალოდ, ფორმალობისთვის. - მხრები აიჩეჩა მაკამ.
ქალმა უკმაყოფილო მზერა შეავლო მაკას.
- ისე, პატრონებსაც შეუძლიათ, რომ თავადვე გადაიყვანონ გარდაცვლილი ჩვილი ექსპერტიზაზე, მაგრამ ჩვენი მიმართვითა და შუამდგომლობით, უფრო მეტად დააჩქარებენ კვლევის პროცესს. - მაკამ ყველა არგუმეტნი მოიშველია შეეცადა.
დამწუხრებულმა დედამ, თავიდან ყურადღებით დაიწყო კითხვა. თუმცა, ბევრი არაფერი ესმოდა და ეს უამრავი ტერმინებიც მისთვის გაუგებარიც იყო, მაგრამ თავი ისე ეჭირა, თითქოს მართლაც ყველაფერი ესმოდა. ჩაიკითხა ერთი გვერდი, მეორე, მესამე, მეოთხეც და ბოლოს გულშეწუხებულმა, კალამი ითხოვა. 
მაკამ შვებით ამოისუნთქა. 
ქალმა დანარჩენ გვერდებსაც ისე მოაწერა ხელი, რომ უკვე აღარც გადაუფურცლავს და რომც გადაეხედა და ხელში ის საბუთი მოჰყოლოდა, სადაც ბლანკზე გარკვევით იყო მითითებული, რომ ეს გაშვილების ფურცელი იყო და სადაც დედა, თვითნებურად უარს აცხადებდა შვილზე, მაგაზეც ჰქონდა უკვე მაკას, უმშვენიერესი პასუხი მომზადებული. 
ჩვეულებრივი, უნებლიე შეცდომა გამოვიდოდა, რადგან ბლანკი ცარიელი იყო. გრაფები შევსებული სულაც არ იყო და მაკაც თავისუფლად იტყოდა, რომ შემთხვევით შეერიაო და იმასაც დასძენდა, ხომ ხედავთ? ეს ცარიელი ბლანკიაო. 
- და როდის ჩატარდება ექსპერტიზა? - ნაღვლიანად იკითხა ქალმა. - მენახა მაინც ჩემი შვილი. 
- ექსპერტიზა ხვალვე დაინიშნება. - მიუგო მაკამ. 
- ხვალ? - შეწუხდა დედა. - მომესწრო მაინც ნახვა...
- ასეთი წესია და აბა, რა გითხრა, ჩემო კარგო? - ამოიხვნეშა მაკამაც. - პასუხი კი, რამდენიმე დღეში იქნება. 
- რამდენიმე დღეში? - შეშფოთდა ქალი. - და მე რომ უკვე გაწერილი ვიქნები? 
- მერე რა? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - ვინმე შენიანი მოვიდეს და... 
- ბავშვის დაკრძალვაც მინდა. - ამოიხვნეშა ქალმა. 
- ჰოდა, მოვიდნენ შენები, მაგრამ აუცილებლად, შენი ოჯახის წევრი უნდა იყოს.
ქალმა გულდამძიმებული სახით დატოვა იქაურობა და თავის პალატაში წალასლასდა.
- რაო? რა გითხრეს? - ერთდროულად ჰკითხეს ქალებმა. 
- ექსპერტიზაზე გადააგზავნეს. - ამოიოხრა ტყუპების დედამ. 
- შენი სურვილით იყო? - იკითხა ერთმა ქალმა. 
- კი, მე მაინტერესებდა. - თავი დაუქნია მწუხარე დედამ. 
- ნუ, ჰო. თუ მართლა შენი სურვილით იყო. - თითქოს, რაღაც უკმაყოფილოდ გადააქნია თავი პირველმა ქალმა.
ტყუპების დედა ჩაფიქრდა. თითქოს, გუმანით იგრძნო, ამ ქალმა რაღაც იცისო და ვერ ამბობსო. გვიანი ღამე იყო, ახლა უკვე ყველა ძილისკენ იყო წასული და იქნებ, ამდენ ხალხში არც ეტყოდა იმას, რაც სავარაუდოდ იცოდა. გადაწყვიტა, დილით როგორმე დაემარტოხელებინა და ისე გამოლაპარაკებოდა. 
მეორე დილით კი, სულ სხვა ტალღა აგორდა. პალატაში ახალი გოგოები დაემატნენ, მხიარულებამ იმატა. ყველას შემდგომმა მშობიარობამ, წარმატებით ჩაიარა. ყველას ჩვილი, სახეზე იყო. არავინ გარდაცვლილა. ამ საერთო ჟრიამულში კი, ისე გაეწერა ის ქალი, რომ ტყუპების დედამ, ვერც დალაპარაკება მოასწრო მასთან და ვერც ტელეფონის გამორთმევა.
მოგვიანებით კი, ექთანსაც სთხოვა, იქნებ იმ ქალის მისამართი ან ტელეფონი მაინც გამიგოო. 
- და რა იყო? - ჩაეკითხა ექთანი. - რამე ხომ არ დაკარგე? ასე იმ ქალით, რატომ დაინტერესდი? 
- არა, არა! არაფერი დამიკარგავს. - მიუგო ტყუპების დედამ. - უბრალოდ, რაღაც მაინტერესებდა გამომეკითხა. 
- და რა გაინტერესებს? იქნებ, მე უფრო მეტი ვიცი? - არ მოეშვა ექთანი. 
- ექსპერტიზის ჩატარებაზე ვსაუბრობდით... ბავშვზე... 
- და ის გოგო ექიმია? თუ ექსპერტი?! - ცინიკური ხმით ჩაეკითხა ექთანი. 
- მგონი, არა. არ ვიცი. - დაბნეულად მიუგო ქალმა.
- აბა, რაში გაინტერესებს? და საერთოდ, ნებისმიერი ამბავი, ან საქმე, რაც აქ ტრიალებს, სჯობს მაკა ექიმს ჰკითხო, ვიდრე ვიღაც-ვიღაცეებს მოუსმინო და რაღაც ჭორებს აჰყვე! 
- მაკა ექიმთან, ხომ ვიყავი უკვე?.. და... 
- და, რა? 
- მითხრა რომ გადავაგზავნეთ უკვეო. 
- ჰოდა, პასუხი ჯერ მაინც არ იქნება და იმ გოგოს, ნეტა ერთი რა უნდა ეთქვა შენთვის ისეთი, როცა ექსპერტიზის პასუხები, ჯერ ჩვენამდეც კი არ მოსულა! 
- ჰო, რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ქალმა. - მეც დავიბენი უცებ. 
- წადი, ახლა დაისვენე და თავს მოუარე და საერთოდ, შეეშვი ამდენი სულელური ჭორების აყოლას! - დაუყვავა მაკას ყურმოჭრილმა მონა-ექთანმა. - არ დაიღალე? ხომ ხედავ რამდენჯერ აგანერვიულეს უკვე? 
- ისე, ზოგი ჭორი, მართლაც როგორი სულელურია. - კვერი დაუკრა ქალმა. - ვითომ, მაცივარში მალავენო ბავშვებსო... 
- ვაიმე, რა სისულელეა! - სიმწრისგან გულიანად გადაიკისკისა ექთანმა. - აი, ხომ ხედავ? არავის მოუსმინო! თუ რამეა, მოდი ჩემთან და მე გეჭორავები!
ყურებამდე უღიმოდა გულგახეთქილი ექთანი, ტყუპების დედას და პალატამდე სულ სიცილ-კისკისით მიაცილა. თავად კი, ლამის კისრის ტეხით გაირბინა დერეფანი და სწორედ იმ დროს, როცა მაკა ექიმს, საკმაოდ საინტერესო და ასევე სარფიანი გარიგებისთვისაც, საკმაოდ ხელსაყრელი ხალხი ჰყავდა კაბინეტში, გიჟივით შევარდნილმა ექთანმა აღელვებით შესძახა: 
- მაკა ექიმო! 
- ხომ მშვიდობაა?! - ყურებამდე გაიკრიჭა მაკა და ხალხის შეუმჩნევლად თვალები დაუბრიალა. 
- მაკა ექიმო... - ძლივს ამოისუნთქა ექთანმა. - მშობიარობა დაეწყო და... - მეტი ვერაფერი მოიფიქრა დაბნეულმა ექთანმა. 
- მერე? გაამზადეთ და მოვალ! რა პრობლემაა? - მშვიდი ხმით მიუგო მაკამ. 
მშვენივრად მიუხვდა ექთანის ხრიკს და თავადაც აჰყვა, თუმცა რაღაც რომ ვერ იყო კარგად საქმე, ამასაც მშვენივრად ხვდებოდა. 
- მიდი, წადი! უთხარი რომ გაამზადონ და მოვდივარ ახლავე. - აუღელვებლად მიმართა მაკამ.
- ჯერ, სამშობიარო ბლოკშია გადასაყვანი და მანამდე გავალ...
- და სანამ თქვენ მაგას მოაგვარებთ, მანამდე დაგვტოვეთ, თუ შეიძლება. - კვლავ გაიკრიჭა მაკა და ექთანმაც, იქაურობა დატოვა. 
„ეს ქალი, ნამდვილად გამოპრუტუნდა! სულ გააფრინა, მგონი. ოღონდ ფული იშოვოს და სიფრთხილე სულ დაკარგა! 
არა, არა! ასეც აღარ შეიძლება! თუ მოკლე ხანში, არ გამოსწორდება, დინას ავიყვან მის ადგილას!
თუმცა, დინა ახლა სულ სხვა ვარიანტებზე მჭირდება და ეს კრეტინი ქალი კი, სულ მირევს ახლა გეგმებს.“
ფიქრობდა მაკა და ღიმილით უკრავდა თავს მომავალ მშობლებს, რომლისთვისაც უკვე გამზადებული ჩვილი ჰყავდა, მისაშვილებლად. 
LEX. 2021 წლის 28 სექტემბერი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment