127.
მართალია, ოთახში შემოსვლისთანავე დიმეო მაშინათვე მიმის წინ გაიშხლართა, თუმცა სულ რამდენიმე წუთში მოვიდა გონზე.
- ნამდვილად ჰემოგლობინი აქვს ბავშვს დაბალი! - გამოაცხადა ძანეს ბებიამ და იმის ჩამოთვლას შეუდგა, თუ რა და რომელი ხილის წვენის გაწურვა იქნებოდა სასწრაფოდ საჭირო.
დიმეო კი გაიძახოდა, კარგად ვარო, მაგრამ მერე ხველასაც უმატა და აშკარად უჭირდა სუნთქვა. მიმი შიშით თავს დაჰკანკალებდა და ახლა უკვე ვიღას ახსოვდა სკოლა.
მალე ქირურგიც ეწვიათ, ბავშვი საგულდაგულოდ გასინჯა. ცოტა ფილტვები რაღაც არ მომწონსო, თქვა.
- მაგრამ საგანგაშო ჯერ მაინც არაფერია. - დააიმედა ბოლოს.
- და რა წამალი ვუყიდო? - გაბზარული ხმით ეკითხებოდა მიმი.
- ამის წამალი, ახლა ბუშტების ბერვაა! - სიცილით მიუგო ქირურგმა.
მიმიმ გაკვირვებით შეხედა.
- ჰო! მართლა! - თავი დაუქნია ქირურგმა. - როგორც ჩანს, ბევრი მტვერი აქვს ნაყლაპი! სად დაძრომიალობდი ბიჭო?!
- სკოლაში წასვლა არ მოინდომა და დაგვემალა! - დიმეოს მაგივრად მიუგო მიმიმ.
- სადღაც შეძვრა და აი, ძანემ ძლივს გამოაძვრინა! - დაუმატა ბაბუმ.
- მოკლედ. - განაგრძო ისევ ქირურგმა. - ინჰალატორი კარგი იქნებოდა, სასუნთქ გზებს გაუწმენდს და ბუშტებიც უნდა ბეროს! ჰო, მართლა! - მიუბრუნდა დიმეოს. - რას იკრიჭები? შენ იცი, რომ ფილტვები, ყველაზე კარგად ჩაბერვით იწმინდება!
- ჰოდა, ახლა, ჩვენი ბიჭის გადარჩენისა არ აღვნიშნოთ?! - ბაბუმ პატარა ლიტრიანი გრაფინი გამოაცუხცუხა.
- მიზეზიც რომ არ დაელია და არც ეს სასმელი რომ არ ელევა! - გაასავსავა ბებიამ ხელები.
ყველას გაეცინა.
მიმიმ ბავშვი დედისეულ სახლში წაიყვანა და ისე დაღამდა, დიმეომ ლუკმაც ვერ ჩაიდო პირში. მხოლოდ დრო და დრო, წყალს ითხოვდა და ისიც, ორ ყლუპს თუ მოსვამდა. მოგვიანებით, ჩაიც მოითხოვა, და ამჯერად, მისი უსაყვარლესი მურაბის გარეშე. ესეც შეუსრულეს. თითქმის, მთელი ღამის ნათევსა და მთელი დღის მშიერს, ჩაძინება უნდოდა და ვერ იძინებდა. თითქოს, რაღაც უშლიდა ხელს. ღონე მიხდილი მისვენებოდა ბალიშზე და როგორც იქნა, საღამო ხანს ძილსაც მისცა თავი.
თუმცა, მაინც ვერ დაისვენა, რადგან საშინელი კოშმარი ესიზმრა.
სულ სადღაც გარბოდა, სულ ვიღაც მოსდევდა. რაღაცისგან თუ ვიღაცისგან გამოქცეული, უცებ იმ ძველი პიანინოს ქვეშ შეძვრა, მაგრამ ამ დროს ინსტრუმენტის სარქველი თავისით აიხადა, კლავიშები თავისი უკრავდნენ და არ ჩერდებოდნენ. ამაოდ აჩუმებდა დიმეო, რომ ამ ხმაზე არ მოეგნოთ მისთვის, მაგრამ კლავიშები მაინც გამალებით უკრავდნენ და უკრავდნენ, მერე კი თითქოს, თვითონ დიმეოს გადაყლაპვაც მოინდომეს, როიალის სარქველს ხახა დაეღო კლავიშები კი კბილებს აკრაჭუნებდნენ მისკენ მოიწეოდნენ, ბიჭი შეშინდა, ერთ ადგილას გაქვავდა, ინსტრუმენტი კი მოიწევდა მის შესაჭმელად. მერე ვიღაცის ხელები ძლიერად ჩაეჭიდა, თითქოს ახრჩობდა, თითქოს იცავდა. ბავშვს ვერ გაეგო, მისი გადარჩენა სურდათ, თუ პირიქით, მოგუდვა. ჰაერი არ ჰყოფნიდა იხრჩობოდა, იგუდებოდა, ბებერი დამჭკნარი ხელები კი მარწუხებივით უჭერდა და ყურში ჩახლეჩილი ხმით აჩხავლებდა, რაღაცას თუ ვიღაცას უხმობდა.
ბიჭმა მთელი ძალით გაიბრძოლა და როცა გამოეღვიძა ოფლში ცურავდა. შუბლზე ცივი ტილო ეფინა და დედა სიცხეს უზომავდა.
ჯერ კიდევ გაუჭირდა გამოფხიზლება. ისევ გათიშული იწვა და თვალს ძლივს ახელდა.
ბებიები თავს დაჰკანკალებდნენ, რაღაცას ეკითხებოდნენ, უღიმოდნენ, ეფერებოდნენ.
- სიცხემ საგრძნობლად დაუკლო. - ახლა მიმიმ გაუღიმა და გავარვარებულ ლოყებზე მიეალერსა. - თუმცა, ჯერ კიდევ მაღალი სიცხე გაქვს და შენი ადგომა არ შეიძლება.
- და მერე იწვეს! - შეეპასუხა მამიდა. - ვინ აყენებს! ბებო რა გესიამოვნება, რა გინდა მოგიტანო?
დიმეომ ოდნავ შეავლო თვალი ბაბუდას და არაფერი უთხრა.
- ცივი მაწონი ხომ არ გინდა ბები? - ახლა ბებია ჩაეკითხა. - ჩემი გაკეთებული გიყვარს შენ.
დიმეომ კვლავ არ ამოიღო ხმა და თვალებიც მილულა.
- მშიერია ბავშვი და ისევ ჩაეძინა. - შეწუხდა მიმის დედა.
- იყოს, კიდევ გამოიძინოს, ბარემ კარგად გამოშუშდეს. - მიუგო მიმიმ. - ჩემს მოსვლამდე არ გააღვიძოთ.
დიმეოს არ ეძინა, მაგრამ რამდენჯერაც თვალი შეაღო, იმდენჯერ ბებიები მისცვივდებოდნენ და მოსვენებას უკარგავდნენ. ამიტომაც იყო, თვალდახუჭული, გატრუნული იწვა და თავს იმძინარებდა.
მაინც რა იყო? რა მოუვიდა?
„მართლა მაგარი ძმა არის ძანე!“
ფიქრობდა გულში ბიჭი.
მართლაც, გონ დაკარგული დიმეო ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს ეგდებოდა სხვენში, ძანე რომ არ მიმხვდარიყო და არ მიეკითხა.
„ჰმ, მაინც როგორ მიხვდა, რომ იქ ვიქნებოდი? და ეს ყველაფერი ისე გააკეთა, რომ არავის გაუგია, სადაც ვეგდე.
ყოჩაღ, ძანე! მაგარი ძმა მყავხარ! იმ ზედა ეზოს დეგენერატ ბიჭებს ასი თავით სჯობიხარ! დამაცადონ ერთი, მაგათ! ყველას მივხედავ, ზურგს უკან ჭკუასუსტს და დებილს რომ გეძახიან, მაგათ ჰგონიათ ხმები ჩემამდე ვერ მოვიდა? ყველას გავუსწორდები, არ შევარჩენ შენს ჩაგვრას!“
დიმეო შეიშმუშნა, ფრთხილად იცვალა გვერდი, ისე რომ ბებიას არ შეემჩნიათ და ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ ვინ ცხოვრობდა იქ ზემოთ და რატომ მაინც და მაინც, სხვენში?
ბიჭმა ბევრი რამ იფიქრა და ივარაუდა, ბოლოს კი იმ დასკვნამდე მივიდა რომ ის მოხუცი ქალი გიჟია და კლინიკაში რომ არ წაიყვანონ ალბათ, იქ მალავენო.
„მართლაც მასე იქნება.“
ფიქრობდა გულში.
„ნეტა, სხვა შესასვლელი საიდან უნდა ჰქონდეს? ან იმ გიჟ ქალთან ერთად ვინ ცხოვრობს? შეიძლება მისი შვილიშვილია, მაგრამ ვინ არის?“
ნეტა, მართლა რაში სჭირდებოდა იმის გაგება, თუ ვინ ცხოვრობს სხვენში და რატომ? რა მისი საქმე იყო? ვისაც სად უნდა იქ იცხოვრებს და მორჩა!
„ალბათ, ბაბუც მაგიტომ არის ჩუმად, რა საჭიროა ვიღაც გიჟი ქალის გაცნობა. ჰმ, თავი ისე დაიჭირა ბებომაც, ვითომ ვერ ხვდებოდნენ და მერე რაღაც ზღაპარიც კი მომიყვეს, ჩვენს თავზე ცხოვრობდა და დიდ ჯოხს გვიბრახუნებდაო.
ჰა, ჰა! ნამდვილად ეგ გიჟი ქალი იქნებოდა! საწყალი ძანე, ალბათ როგორ ჰყავდა შეშინებული და ვინ იცის, სხვა მეზობლებიც რა დღეში ეყოლებოდა და სხვენზეც ამიტომ ააგდეს.
ჰოო, აი, ახლა უფრო გასაგები ხდება ყველაფერი, მაგრამ რა იყო აქ დასამალი? წესიერად რომ ეთქვათ, ბებოსაც და ბაბუსაც, იქ კი არ დავიწყებდი ძრომას!“
დიმეომ ამოიხვნეშა და წყალი მოითხოვა.
ბებიები ერთმანეთს ასწრებდნენ ოთახიდან გასვლას და წყლის მოტანას, ერთადერთი და სანუკვარი შვილიშვილისთვის.
ბავშვს გაეცინა.
- აღარ მინდა, წყალი! - შეაჩერა მოკამათე ბებიები ბიჭმა. - ბებ! შენი გაკეთებული მაწონი მინდა!
- ახლავე ბები! - მიახალა ქალმა და ერთი ფეხით გაასწრო კარში გაჩხერილ მულს.
დიმეო მიხვდა, ბაბუდასაც უნდოდა რაღაც გაეკეთებინა მისთვის და ახლა ისიც დასაქმა და ბალიშის გასწორება სთხოვა, რაც სიამოვნებით და ფერებ-ფერებით შეუსრულეს.
მალე მიმიმაც შემოაღო კარი, უკან კი ყუთით ხელში, ნაირ-ნარი ფერის გასაბერი ბუშტებით, ძანე მოჰყვებოდა.
- აბა, ახლა მიდით ორივე ძმებმა და ბერეთ ეს ბუშტები! - მხიარულად გამოუცხადა მიმიმ ყურებამდე გაკრეჭილ ბიჭებს.
***
- არ ვიცი, ახლა ამას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ან აქვს თუ არა საერთოდ, მაგრამ მაინც ნახე. - გალეომ ლეპტოპი მოუტრიალა მიმის.
- ეს... ეს თითქოს, იმ კაცს ჰგავს, არა? - წარბები აზიდა მიმიმ. - თუმცა, არც ის მინახავს კარგად.
- შეიძლება. - თავი დაუქნია გალეომ. - ის იყოს, ან სულაც სულ სხვა იყოს!
დეტექტივმა მიმის თხოვნით, დიმეოს სკოლასთან ახლო-მახლო მდებარე, ყველა ქუჩის კამერის ჩანაწერები სთხოვა. უფრო მეტად ის, დიმეოს ხელით კედელზე მინაწერის მიდამოები აინტერესებდა. ვინ წაიკითხავდა ყურადღებით ან რამე პასუხს თუ მიუწერდა. უკვე მთელი კვირა იყო გასული და იმ კედელის მინაწერით არც არავინ დაინტერესებულა და რა თქმა უნდა, პასუხიც არავის დაუტოვებია.
მიმი მაინც დარწმუნებული იყო, დიმეო ტყუილად არ დაწერდა, აშკარა იყო, ბიჭმა რაღაც შეტყობინება დაუტოვა ვიღაცას, მაგრამ ვის? ან რატომ? ისევ რაღაც შარში ხომ არ ეხვეოდა ბავშვი და ამიტომ ყურადღების მოდუნება არც შეიძლებოდა.
გალეომ ვერაფერი საეჭვო ვერ შენიშნა, თუ არ ჩათვლიდა იმას, რომ ვიღაც მათხოვარმა კაცმა ჯოხზე დაყრდნობილმა, მხოლოდ წამით შეისვენა იმ კედელთან, წარწერას შეხედა და მაშინვე წაფრატუნდა, გზა გააგრძელა.
- რა ვიცი, აბა რა გითხრა. - მხრები აიჩეჩა დეტექტივმა. - გავაგრძელებთ კიდევ თვალთვალს.
- არ გინდა შეეშვი. - ამოიხვნეშა მიმიმ. - ისედაც უამრავი საქმე გაქვს.
- კამერები ისედაც ჩართული იქნება და პერიოდულად გადავხედავ ხოლმე. - მიუგო გალეომ. - საქმეები კი მართლაც ბლომად მაქვს. - დეტექტივი შეყოვნდა მიმის თვალი გაუსწორა და ისე განაგრძო. - წინასწარ არ მინდა... პროგნორიზრება... ან რა ვიცი, რას სიტყვა ვთქვა, და მგონი წინ მივიწევთ ფიფოს საქმეში. - გალეომ უცებ ორივე ხელები ასწია და სანამ მიმი ხმას ამოიღებდა მაშინვე მიახლა. - მხოლოდ არაფერი მკითხო! ჯერ ვერაფერს გეტყვი, მხოლოდ ვერსიებს ვამუშავებთ და ვნახოთ.
- კარგი. - მიმიმ სევდიანი ღიმილით დაუქნია თავი და თვალები უკვე ამოვსებული ჰქონდა. - მხოლოდ, ძალიან გთხოვ, ფრთხილად იყავი. რაც შეიძლება ფრთხილად.
- შევეცდები. - თავი დაუქნია გალეომ.
- ხომ ხედავ, რომ არ ღირს თავის შეკვლა.
- კი მაგრამ, არც იმათი დაუსჯელობა ღირს. - მიუგო გალეომ. - ვიღაცამ მაინც ხომ უნდა აგებინოს პასუხი?!
- ფრთხილად იყავი. - მიმი წამოდგა. - წავალ ახლა ფიფოსთან და მოვუყვები ახალ ამბებს. იქნებ... - მიმი გაჩუმდა.
- იცი, მეც ვუყვები ხოლმე რაღაც-რაღაცეებს. - ეღიმებოდა გალეოს. - ჩუკი ამტკიცებს რომ ფიფოს ყველაფერი ესმისო და მეც დავუწყე მოყოლა, მხოლოდ გვიან ღამით მივდივარ ხოლმე.
- მაინც გაფრთხილდი, არავინ მოგისმინოს.
- მაგ მხრივ, ყოველ მისვლაზე ვამოწმებ, შენ მაგაზე არ იდარდო. - გალეომ მიმი კარამდე მიაცილა. - ყველაფერი კარგად იქნება, უნდა იგრძნო და დაიჯერო, თუ გინდა რომ გაგიმართლოს ცხოვრებაში.
- ეს ჩუკის სიტყვებია, ხომ? - გაეცინა მიმის.
- უმაგრესი და უჭკვიანესი ბიჭია, მაგრამ შენი ბიჭი ყველას გვიჯოკრავს! ვერაფრით ვერ ამოხვსენით, მე და ჩუკიმ თავიც ვიმტვრიეთ და მაინც რა დაწერა ასეთი ბავშვმა, იმ კედელზე?!
- ავდგები და პირდაპირ ვკითხავ! - ეღიმებოდა მიმის. - შუბლში მივახლი და აბა ერთი, არ მიპასუხოს ან მომატყუოს!
„თუმცა, შეიძლება ისე გამაცუროს, რომ ვერც კი მივხვდე.“
მიმის მდარედ ჩაეღიმა.
ფიფოსკენ მიმავალმა გზიდან ჩუკის დაურეკა. ჩუკიმაც სახლში ვარ და მალე წამოვალო, თუმცა მიმის საკმაოდ დიდ ხანს მოუწია ლოდინი. ჩუკი არსად ჩანდა.
ერთ ხანს, ფიფოს ეჭორავა. დიმეოს ამბებიც მოუყვა, მერე ის მოხუცი მათხოვარიც ახსენა.
მოხუცი, თუ შედარებით ახალგაზრდა?
ჩუკი კვლავ არ ჩანდა. მიმი დროებით ფიფოს პალატიდან დაითხოვეს.
- რა ხდება? - შეშფოთებული ხმით იკითხა მიმიმ.
- მოწვეული პროფესორი გვყავს და ახლა შემოვლაზეა. - მიუგეს მიმის. - დროებით გარეთ დაიცადეთ.
მიმიმ უხმოდ დატოვა იქაურობა და ჩუკის მოლოდინში ისევ გარეთ ამჯობინა ცდა.
გაზაფხულის სურნელს აფეთქებული ატმის ყვავილები აბრუებდა. მიმი სკამზე ჩამოჯდა და მოვარდისფრო გაფურჩქნულ ფურცლებს ქვემოდან ახედა. სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ოდნავ მოტკბო სურნელმა სიამოვნების ღიმილიც კი მოჰგვარა. თუმცა, რა აღიმებდა ანდა, რა აცინებდა?
მიმიმ ამოიოხრა და იქაურობას მოავლო თვალი და მოულოდნელად კვლავ შენიშნა ჩუკი. ისევ ისე, როგორც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაინახა ონკოლოგიურად გამოსული და ვიღაც თეთრ ხალათიან კაცთან, გაცხარებით კამათობდა ან იქნებ ისე, უბრალოდ საუბრობდნენ?
მიმიმ ტელეფონი მოიმარჯვა და ჩუკის შეეხმიანა. ჩუკიმ მაშინვე გააგონა და მოუბოდიშა, ჯერ კიდევ სახლში ვარ და მალე გამოვალო.
მიმიმ ისიც დაინახა, თუ როგორ უხმეს კვლავ კლინიკაში ჩუკის და მის მოსაუბრე თეთრხალათიანს და ორივე როგორ ერთდროულად შებრუნდა უკან.
„და მაინც, რატომ მატყუებს?“
მიმის უკვე სერიოზულად სწყინდა.
„ეს რანაირი მეგობრობაა?“
სულ რაღაც ოცი წუთით კი არ იყო გასული, რომ ჩუკი ონკოლოგიურიდან გამოვიდა, იქვე მდგარ მანქანაში შეჰყო თავი, მძღოლს რაღაც უთხრა და ფიფოს კლინიკისკენ გასწია.
მიმი ადგილიდან არ დაძრულა. ცოტა ხანში, ჩუკიმ შეეხმიანა სად ხარო და მიმიმაც იკადრა ფიფოს პალატისკენ წასვლა.
- არ მეგონა ასე სწრაფად თუ მოხვიდოდი. - შესვლისთანავე, ცოტა არ იყოს, ნაწყენი ტონით მიმართა მიმიმ.
- უცებ, მანქანის შანსი გამომიჩნდა და გამოვყევი. - ჩვეული ხმით უპასუხა ჩუკიმ.
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი.
- დიმეოსკენ რა ხდება? - იკითხა ჩუკიმ. - გაარკვიე რამე იმ მინაწერზე?
- ვერაფერი. - მიმიმ ამოიხვნეშა. - არც ქუჩის კამერის ჩანაწერებმა აჩვენა რამე.
- იქნებ, იმ დღეს არ აჩვენა და შემდეგი დღეებში გამოჩენილიყო?
- მთელი კვირის ჩანაწერმა არაფერი საინტერესო უჩვენა. - მიუგო მიმიმ. - არც ქუჩაა იმდენად ხალხმრავალი, ერთი პატარა, ჩვეულებრივი შესახვევია, უბნის მარკეტიც კი არ არის, ვინც გაიარა კედლისთვის ყურადღება არც მიუქცევია.
- მდაა. საინტერესოაა! აბა რისთვის დაწერა იქ? ან რა დაწერა და რატომ? ნუთუ, სულ არავინ დაინტერესდა?
- არავინ! - თავი გააქნია მიმიმ. - თუმცა, თუ არ ჩავთლით იმას, რომ ვიღაც მოხუცი მათხოვარი წამით შეყოვნდა და გაიარა, პასუხიც არ დატოვა.
- მოხუცებული? მათხოვარი? - ჩაფიქრდა ჩუკი. - ეს ის ხომ არ არის, დიმეო რომ თავის ლანჩს უყოფდა? ჩხუბიც მაგის გამო არ მოხდა?
- ვიფიქრეთ, ეგეც! - მიუგო მიმიმ. - თუმცა, თითქოს ვერც მივამსგავსეთ. - აი, ნახე აქ, თუ გვანან. - მიმიმ პლანშეტი ჩართო და ჩუკის ორივე ჩანაწერზე შეახედა.
- თუ, გავითვალისწინებთ იმას, რომ - დაიწყო ჩუკიმ. - ახლა საკმაოდ ზომაზე მეტი თბილი გაზაფხულია, ცხელა კიდევაც! მაშინ კი საკმაოდ ციოდა, ჯერ კიდევ ზამთრისგან მოყოლილი სუსხი იდგა! თუმცა, არც იმდენად დიდი შუალედი ამ ორ ჩანაწერს შორის, მაგრამ მოხუცების ჩაცმულობა კი განსხვავებულია.
- და თუ მაშინ ციოდა? - ჩაურთო მიმი. - ამიტომაც ეცვა, რაღაც გრძელი დათბილული ლაბადის მსგავსი.
- დიახ! - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - ახლა შედარებით თბილი ამინდებია და სულ სხვა ქურთუკი აცვია.
- და სულ სხვა ქუდი. - კვლავ დაურთო მიმიმ. - თუმცა, სახე არც ერთ ჩანაწერში არ ჩანს. მარტო შეთეთრებული წვერი. ძველ ჩანაწერში არც ჩანს და ახალში კი კისრამდე აქვს თმები.
- ეს უფრო ხანდაზმული ჩანს, რადგან ჯოხზე დაყრდნობით ძლივს დადის. - განაგრძო ისევ ჩუკიმ. - აი, იმ პირველმა კი დიმეო ხელში აიტაცა, როცა მიშველება გახდა საჭირო და როგორ ფიქრობ? ეს მოხუცი ისე შეძლებდა ბიჭის ხელში აყვანას? ძლივს მიჩანჩალებს და თანაც ჩანს, რომ ჯოხის გარეშე ძალიან უჭირს ფეხის გადადგმა.
- ისე, ჰოო... - ჩაფიქრებული ხმით ჩაილაპარაკა მიმიმ. - მგონი, ნამდვილად სხვადასხვაა!
- ჩვენი დაკვირვებებიდან გამომდინარე ასე ჩანს.
- და შენ არ ეთანხმები? - ჩაეკითხა მიმი.
- ამ ეტაპზე, მეც მასე ვფიქრობ, რომ სხვადასხვაა, რადგან მისი სახეც კი არ გვაქვს.
- ჰაჰ! - თავი გააქნია მიმიმ. - ამაზე კი არ დავფიქრებულვარ! ახლავე დავურეკავ გალეოს! იქნებ, სადმე მის სახესაც მოვკრათ თვალი. - მიმიმ ტელეფონი მოიმარჯვა, და დეტექტივს, სხვა კამერების გადათვალიერებაც სთხოვა.
- აბა, ვნახოთ როგორ გაგვიმართლებს! - მიმიმ ამოიხვნეშა.
- და თვითონ დიმეოსთვის, ხომ არ გიკითხავს?
- არ მინდა ჯერ ვკითხო. - მიუგო მიმიმ. - თუ ვერაფერი გავარკვიე, მართლაც ავდგები და ვკითხავ!
- მხოლოდ ცოტა ფრთხილად, რაღაც სხვანაირად უნდა შეაპარო. - მიუგო ჩუკიმ. - ძალიან ჭკვიანი ბავშვია და ზოგჯერ მეჩვენება, რომ იმაზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე ამჟღავნებს.
- დაა? - ჩაეკითხა მიმი.
- და ის, რომ ვითომ გულღია ბიჭი, სინამდვილეში საკმაოდ გულჩათხრობილია. ერთი შეხედვით მიმნდობი, არც არავის ენდობა ასე ადვილად.
- ჰმ. - ჩაეღიმა მიმის. - კაი დაქოქილი ბიჭი კი მყავს ისე.
- გონიერი და საზრიანი ბავშვია და რაც ყველაზე მთავარია, ბოროტი არ არის!
- კიდევ კარგი. - ჩაეღიმა მიმის.
***
მთელი ღამე ათვალიერებდა დეტექტივი, ქუჩის კამერების ჩანაწერებს, ძველი მასალებიც გამოითხოვა, მაგრამ თითქოს, მოხუცი მათხოვარი სპეციალურად არიდებდა კამერას თავს, არსად მისი სახე დაფიქსირებული არ იყო. საოცარი იყო, ეს ორი სხვადასხვა ჩაცმულობის და სხვადასხვა სტილზე მოარული მათხოვარი, ორივე დიმეოსთან ახლო-მახლოს იკვეთებოდა. თუმცა, კამერების ჩანაწერების მიხედვით, ბიჭს მხოლოდ ერთთან ჰქონდა ნაცნობობა.
- და ერთი უფრო შედარებით ჯანიანიც ჩანს. - ამოიხვნეშა გალეომ.
- ისე რას ჩააცივდით? - შენიშნა თანამშრომელმა. - ადექით და პირდაპირ ჰკითხეთ მაგ ბავშვს!
- ეს ბავშვი, ფიფოს შვილია და უკვე ერთხელ ჰყავდათ გატაცებული! - მიუგო გალეომ. - ამიტომაც ეშინია დედამისს, კიდევ რამე ხიფათი არ იყოს.
- და ასე საიდუმლოდ მეგობრობს, ვიღაც მათხოვართან?
- ასე ჩანს.
- ცალკეულ ნაწილებად შეიძლება პორტრეტის აწყობა, მაგრამ გააჩნია, რამდენად ხარისხიანია ეს ნაწილები.
- აუ, მიდი, რაა, თუ შეძლებ? - გამოცოცხლდა გალეო. - მიმი ისეთი გოგოა, ვალში არ დაგრჩება.
- არავის ვალის გადახდა არ მინდა. - გაეცინა თანამშრომელს. - მთავარი გამოვიდეს რამე. თანაც, საკმაოდ რთული ჩანს, გარდა იმისა რომ უხარისხოა, არც შუბლი ჩანს, ჩამოფხატულები ქუდების გამო და ეს წვერიც ხელს გვიშლის.
- და არ შეგიძლია რომ ისე დაამონტაჟო, წვერის გარეშეც რომ იყოს და წვერიანიც? - ჩაეკითხა გალეო.
- ვცდი და ვნახოთ! შენ მანამდე, სხვა მოშორებით ქუჩებსაც გადახედე, იქნებ კიდევ რამე ამოაგდოს.
- შენ წარმოიდგინე, რომ ვერ ვპოულობ! - მიუგო გალეომ. - საიდანღაც ხომ მოდიან და მერე ისევ ხომ ბრუნდებიან უკან? მაგრამ სად? ან საიდან?
- მართლაც, რა საინტერესოა? - ჩაფიქრდა თანამშრომელიც.
- თან, ზუსტად იმ ადგილში ჩნდებიან სადაც კამერები კარგად ჩანს, მაგრამ ისე თავჩაღუნული და ზურგით კამერისკენ! - გაოცებული იყო დეტექტივი. - მაგრამ საიდანაც ჩნდებიან იმ ადგილებში ვერც კამერები სწვდება და ზუსტად რა ადგილიდან გამოდიან ამას არც ერთი კამერა არ აფიქსირებს!
რამდენიმე საათის მუშაობის შემდეგ, უკვე გამთენიისას, ფოტორობოტით აწყობილი რამდენიმე ფოტოს ვარიანტები უკვე მიმის მეილზე იყო გადაგზავნილი.
დეტექტივი უთენია დარეკვას მოერიდა და მიმის უფრო მოგვიანებით შეეხმიანა.
- რაღაც სახეების მსგავსი კი შევადგინეთ. - უხსნიდა დეტექტივი. - მაგრამ ზუსტი პორტრეტი მაინც არ იქნება, შეიძლება ვინმეს მიამსგავსო კიდევაც.
- და მართლა რომ ჰგავდეს ვინმე ჩემს ახლობელს? - იკითხა მიმიმ.
- ჩემს მეტს, ჯერ ნურავის ეტყვი და ისე გადავამოწმებ, რომ აზრზეც ვერ მოვა. - მიუგო გალეომ. - ამიტომ მეილი იმ დროს გახსენი, როცა ოთახში არავინ იქნება. თუ მართლა ნაცნობი აღმოჩნდა, შეეცადე არაფერი შეიმჩნიო.
- უღრმესი მადლობა. - მიუგო მიმი. - ვერასოდეს ამოვალ შენი ვალიდან.
- არავითარი ვალი არ გაქვს. - გაეცინა დეტექტივს. - და იცოდე, ეს ჩვენი ვარაუდით შედგენილი ფოტოებია და სულაც არ არის აუცილებელი რომ მართლაც ვინმეს ჰგავდეს.
- კარგი, ვნახავ აუცილებლად. - უპასუხა მიმიმ. - როგორც კი მარტო დავრჩები.
მიმის ირგვლივ, მარტო დარჩენა არც იმდენად ადვილი იყო, ამიტომ გადაწყვიტა მეილი თავის სახლში გაეხსნა, იმ სახლში, სადაც ახლა არავინ იყო და არც არავინ ელოდა და ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ასე.
LEX. 2021 წლის 24 სექტემბერი, პარასკევი.
No comments:
Post a Comment