119.
ახალგაზრდა ფსიქოლოგი ბიჭი, დამნაშავესავით დარცხვენილი იჯდა ფიფოს მანქანაში. გაუპარსავ, გაბურძგნულ წვერში, მისი აჭარხლებული სახე ნაკლებად შესამჩნევი იყო. სამაგიეროდ, ყურები ცეცხლზე დაბრაწულივით უხურდა.
ახალგაზრდა ფსიქოლოგი ბიჭი, დამნაშავესავით დარცხვენილი იჯდა ფიფოს მანქანაში. გაუპარსავ, გაბურძგნულ წვერში, მისი აჭარხლებული სახე ნაკლებად შესამჩნევი იყო. სამაგიეროდ, ყურები ცეცხლზე დაბრაწულივით უხურდა.
ფიფო კი არ ზოგავდა და რაც შეიძლებოდა, ამუშავებდა:
- არა, შენ არ იფიქრო, რომ მუშაობა დასაცინია ან მასხრად ასაგდები, მაგრამ სამუშაოსაც გააჩნია. აბა რომელი პაციენტი მოვა შენთან? როცა დაგინახავს, თუ რა სამუშაოსაც ასრულებ?
- მანდ გადამიხადეს, პირდაპირ გადამიხადეს, უპრობლემოდ. - დუდღუნებდა ბიჭი.
- პირდაპირ და უპრობლემოდ, რას ნიშნავს? - გაიკვირვა ფიფომ.
- ყველგან ჯერ საცდელი ვადაა.
- და მერე რა?
- საცდელი ვადით აყვანილ სტაჟიორებს, არ უხდიან ხელფასს. - იონამ თავი ჩაღუნა. - სხვა მეტი ვერაფერი ვნახე და თანაც დროებით... - წაილუღლუღა ბიჭმა.
- მერე შენც სხვა დრო შეარჩიე! გვიანი საათები და ნიღაბი გაიკეთე, იმიტომ კი არა, რომ სირცხვილია მუშაობა. ეგ არც იფიქრო! იმიტომ, რომ ჯერ შენ თვითონ უნდა შესძლო, შენი თავის დაფასება, თუ გინდა, რომ სხვებმაც დაგაფასონ!
- ისე სასწრაფოდ დამჭირდა, რომ მეტი ვერაფერი ვნახე.
- ეგ კარგია, რომ უკან არ იხევ და მიზნის მისაღწევად იბრძვი, მაგრამ მაინც ასე არ ვარგა! აბა ვის უნდა ვურჩიო შენი თავი? აი ის ბიჭია, ვაგზალზე მენაგვედ, რომ მუშაობსო?
- ზოგი დაბადებიდან ბედნიერ ვარსკვლავზეა, ზოგიც... - წაიბურტყუნა ბიჭმა.
- კიდევ ვერ ხვდები, თუ არ ხვდები, რას ვგულისხმობ? იმუშავე და იშრომე ისე, რომ დაგაფასონ! ნებისმიერ სამუშაოზე! - ფიფო გაჩუმდა.
არც იონა იღებდა ხმას. ისევ ისე, დარცხვენილი იჯდა.
- მშობლები? - დაარღვია დუმილი ფიფომ.
ბიჭმა უარყოფის ნიშნად ისე გააქნია თავი, რომ არც აუწევია.
- და ან ძმა? ნათესავები?
- არავინ. - ძალიან ჩუმად წაილუღლუღა.
- ახლა არ მითხრა, ბავშვთა სახლში გავიზარდეო? - ცალყბად ეღიმებოდა ფიფოს.
- მერე მაგაშიც სათაკილოა რამე? - გაწიწმატდა ბიჭი.
- არა, მაგრამ. ჰაჰა! - ფიფო სიცილის ვეღარ იკავებდა. - მე ნეტა რატომ არ ჩამაბარეს?
- ნუთუ სასაცილოა? - გაკვირვებული შეჰყურებდა იონა.
- ჰაჰა, იქნებ მეც გამოვსულიყავი დოცენტი! ან პროფესორი! ან სულაც, მხატვარი!
- ბატონო?
- ჰაჰა, არა არ დაგცინი, მართლა არა. ჰაჰა!
ფიფომ ძლივს მოიბრუნა სული. ბიჭი, რაღაც მომენტში, თავის ეჭვმიტანილსაც კი შეადარა. თუმცა, სულ სხვა კუთხით.
იონა დაბნეული შეჰყურებდა.
- ესე იგი. - დაიწყო ფიფომ. - როგორც ვხვდები, ქირით უნდა ცხოვრობდე, არა?
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი.
- და ქირის ფულსაც ვეღარ იხდი, რადგან ასეთი „საინტერესო“ სამუშაო შეგირჩევია.
- დიახ.
- და პრაქტიკას, მომავალი სამუშაოსთვის, ჩემზე გადიხარ, არა?
- დიახ.
- კეთილიი. - ფიფო წამით ჩაფიქრდა. - ახლა მე ერთი საქმე მაქვს და ძალიან მჭირდება გვერდზე მდგომი, თანაც საკმაოდ სანდო, მაგრამ ამავე დროს გამჭრიახი და ჭკვიანი.
- რაც შემიძლია დაგეხმარებით, აქ ვარ! - გამოცოცხლდა იონა.
- კი აქ ხარ, მაგრამ... - ფიფომ იონა შეათვალიერა და ახლაღა შეამჩნია, რომ ბიჭს იგივე პერანგი ეცვა, როგორც
მათი გაცნობის დღეს, მხოლოდ უფრო ბევრად მოთელილი და ჯერ კიდევ მაშინ ოდნავ
გაუპარსავი წვერი, ახლა უფრო მეტად წამოზრდოდა.
- მაგრამ?
- ბოლოს სარკეში როდის ჩაიხედე?
იონა აიწურა.
- მოწყალების ასაკრეფად კი არ გაგზავნი, სერიოზული საქმისთვის მჭირდები. - განაგრძო ფიფომ. - ძვირფასეულობაში და ქალივით გადაპრანჭვას არ გთხოვ! ეგ სულაც არ მაწყობს, მაგრამ უბრალოდ, სუფთად და სადად ჩაიცვი. სულ ერთია, რაც გაქვს ის! მინდა მოწესრიგებულად გამოიყურებოდე, სუფთა პერანგი ან თუნდაც ჭრელი მაისური. აი, სულ ეს არის!
ბიჭი მოიღუშა და თავი ჩაღუნა.
- რა იყო? რა სახე გაქვს? განა, უხელფასოდ გამუშავებ! მინდა დაგიქირავო, როგორც ჩემი პირადი დამხმარე-კონსულტანტი და ნუთუ, ელემენტარული ჰიგიენა, ასე ძნელია შენთვის?
- შევეცდები. - იონამ ამოიხრა.
- რას ჰქვია, შეეცდები? მეტი მართლა არაფერი გაქვს ჩასაცმელი? ხომ გითხარი, იყოს უბრალო, მხოლოდ სუფთა, ნებისმიერი!
- როგორ არ მაქვს, მაგრამ ახლა...
- ჩემს ტანსაცმელში ჩაძვრები, თორემ... - ჩაეღიმა ფიფოს. - მოიცა, ვერ გავიგე? რას გულისხმობ? გაგიყვან სახლში. გამოიცვლი, მოწესრიგდები! თუ, ყველაფერი გასარეცხი გაქვს? ისე, დიდად არც მეჩქარება. დროც საკმარისი გვაქვს და წავიდეთ! ხომ გითხარი, მჭირდები!
იონამ ისევ ჩაღუნა თავი.
ფიფომ მანქანა წესიერად დაძრულიც არ ჰქონდა, რომ წამსვე გათიშა.
- რა ხდება, არ მეტყვი?!
ფიფოს მკაცრ ტონზე, ბიჭი ისე შეცბა, რომ ხმის ამოღებაც ვეღარ გაბედა.
ფიფომ ამოიხვნეშა და იონას მუდარით გადახედა.
- თუ გინდა, რომ ჩემთან ერთად იმუშაო, ერთმანეთის ლხინიც უნდა ვიცოდეთ და ჭირიც! გასაგებია?! - ოდნავ ხმას აუწია ფიფომ.
- ორი თვეა, ქირას ვეღარ ვიხდი. - ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა. - ახლა სანამ, იმ ძველ ორ თვეს არ დავფარავ და ორი თვის კიდევ, წინასწარ არ მივცემ... - იონა გაჩუმდა.
ფიფო თვალს არ აცილებდა. უნდოდა ბოლომდე და უფრო გაბედულად ამოიღო ხმა, ამ პატარა უსუსურ ბიჭს.
- იცით, ვეღარ შევძელი, ქირას ვეღარ გავწვდი, ცალკე კომუნალურებიც და ახლა, არც ჩემს ოთახში მიშვებენ და არც ჩემს ნივთებს მაძლევენ სანამ...
- მისამართი მითხარი.
- მართლა ასე ვიყავით მოლაპარაკებული, წინასწარ ვიხდიდი ორი თვისას, მაგრამ ახლა...
- მისამართი!
იონამ ძლივს ამოღერღა ქუჩის სახელი.
ფიფომ ისეთი ძლიერი ბრახუნი ატეხა, რომ კარი კინაღამ ჩამოიღო. შეშინებულმა ქალმა, ჯერ კარს იქიდან შეჰკივლა, რა ხდება, რა ამბავიაო და კარის გაღებისთანავე, ფიფოს მოწმობაც აეფარა თვალებზე:
- პოლიციის სამძებრო განყოფილებიდან ვარ! დაკავებულია, თქვენს ბინაში ქირით მცხოვრები, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა! საჭიროა სასწრაფოდ, მისი პირადი ნივთების ამოღება!
- ღმერთო მიშველე! - შეიცხადა ჩამრგვალებულმა ქალმა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა.
- დამშვიდდით ქალბატონო! თქვენ არაფერ შუაში ხართ! მისი ნივთები, ყველაფერი ერთად შეკარით! ბინის გასაჩხრეკად კი, მოგვიანებით კრიმინალისტები მოვლენ, ისინი გადაქექავენ!
- პოლიცია?! კრიმინალისტები?! ჩემს სახლში?! ჩემს ბინაში?! – ქალი უფრო ცუდად გახდა. - ვაიმე, შვილებო!
ფიფოს მოეჩვენა, რომ მოზარდებმა ერთმანეთს, რაღაც ანიშნეს. ბიჭი თითქოს ჯიუტობდა, გოგონამ თვალები დაუბრიალა.
- გამოძიება სერიოზულად ჩატარდება! სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, თქვენც ხართ ერთ-ერთ ეჭვმიტანილად მიჩნეული, რადგან ერთ სახლში ცხოვრობდით! - ფიფომ სიტუაცია გაამწვავა, რასაც ქალის უფრო ძლიერი შეცხადება მოჰყვა.
- ვაიმე, რაღა ვქნა? - ვიშვიშებდა ქალი. - რატო მიწა არ გამისკდა მაშინ, მაგ გარეწარმა ჩემს სახლში, რომ შემოდგა ფეხიიი! - მერე ფიფოს მივარდა, მუხლებზე დაემხო. - მიშველე ღმერთო! მიშველეთ რამე! ახალგაზრდა კაცი ხარ, ბავშვებს ნუ დამიღუპავ, როგორ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ! ობლად ვზრდი შვილებს. გაიკითხეთ მეზობლებში, ნათესავებში, მიშველე შვილო, მირჩიე ვინ დამეხმარება?
ფიფომ წამით იყუჩა და მერე მის დამშვიდებას შეეცადა:
- ვხედავ, რომ წესიერი და ნორმალური ხალხი ხართ! თანაც, აქ ბავშვებიც ცხოვრობენ და ნამდვილად ცოდონი არიან, ობლად დასარჩენად! - ფიფომ წამით იყუჩა. - თუ არ რჩება ოჯახში, უფროსი ასაკის წევრი, მაშინ სოციალური სამსახური ჩაერევა და აუცილებლად მიიღებს ზომებს, არასრულწლოვანთა თავშესაფარში გადაყვანის თაობაზე! იქ კი მოგეხსენებათ, ძალიან ადვილად აშორებენ და-ძმას ერთმანეთს.
- ვაიმე! - აღმოხდა ქალს. - შვილებო! - ატირდა ქალი.
- მოდით ასე მოვიქცეთ. - დინჯი ხმით განაგრძო ფიფომ. - მარტო მისი ბარგი შემიკარით და მე შევეცდები, კრიმინალისტების ვიზიტს აგარიდოთ, თორემ ისე ამოაბრუნებენ აქაურობას, რომ შპალერსაც კი ნაკუწებად აქცევენ! მერე პრესა, ტელევიზია, ჟურნალისტები მოსვენებას არ მოგცემენ და ძალიან დიდ ხანს მოგიწევთ განყოფილებაში სირბილი და იმის დამტკიცება, რომ მართლაც, არაფერ შუაში ხართ და არც ბავშვებია გარეული!
- ვაიმე ჩემს უბედურ თავს, ვაიმე შვილებო!
- ხომ გითხარით, დამშვიდდით. - დაუყვავა ფიფომ. - ვიცი, რომ არაფერი დაგიშავებიათ, მხოლოდ მისი ბარგი შემიკარით!
- ჰო, ჰო! ახლავე შვილო, ახლავე. შენ გაიხარე! - ქალი სასწრაფოდ დაფაცურდა თან გამუდმებით ოხრავდა და ვიშვიშებდა. ბარგი ბევრიც არაფერი იყო ერთი სამგზავრო ჩანთა და ერთიც ზურგჩანთა.
- სულ ეს არის? - ეჭვის თვალით გადახედა ფიფომ ბავშვებს.
ბიჭი ჯიუტად არ იძვროდა ადგილიდან, გოგონამ კიდევ უფრო დაუქაჩა თვალები.
- ტექნიკიდან არაფერი ჰქონდა? ჩვენი „აიტიშნიკები“, სწორედ ინტერნეტის საფუძველზე გამოვიდნენ ამ მისამართზე. სანამ დროა, მისი ყველა ნივთი ჩამაბარეთ, თორემ მერე უკვე გვიანი იქნება! თქვენც რომ მოგდონ შარი და მკვლელობის თანამონაწილედ გამოგაცხადონ, მერე აბა როგორ დაუმტკიცებთ, რომ მართლაც არაფერი იცოდით?
- მკვლელობაში?! ღმერთო ჩემო! არადა, რა წყნარი ახალგაზრდა იყო და...
- სერიულ მკვლელობაში, თორემ... - ფიფომ უფრო მეტად დაძაბა სიტუაცია. მერე ბიჭისკენ მიბრუნდა და რაც შეიძლება მკაცრად უთხრა: - შენ გელოდები! ვიცი რასაც მალავ! და ისიც ვიცი, რომ ბავშვურად მოგდის და მართლა არ ხარ მისი თანამონაწილე!
- ახლავე გამოიტანე! - შეჰკივლა დედამ.
ბიჭმა ჯიქური სახით გამოიტანა ლეპტოპი და ფიფოს წინ მაგიდაზე დადო.
- სულ ეს არის? - გაიკვირვა ფიფომ, თუმცა თავიდან არც ლეპტოპის არსებობა იცოდა.
- გეფიცებით, მართლაც მეტი არაფერია აქ მისი! - ჩაერია გოგონა. - დამიჯერეთ, დედა არაფერ შუაშია და არც ჩვენ არაფერი ვიცოდით! ტელეფონი კი თვითონ დატოვა, ქირის საფასურად და ისიც გამოვიტანო?
- გამოიტანე! ახლავე გამოიტანე! - ჩხაოდა დედა. - მაგისი აღარც ქირა მინდა და არც არაფერი!
ფიფომ იონას ტელეფონი ხელში შეათამაშა. არც იმდენად ძველი იყო, თუმცა არც იმდენად ძვირად ღირებულიიანი.
- სიმ ბარათი ვისი დევს?
- ჩემია. - წაიკნავლა გოგონამ.
- და იმ ახალგაზრდა კაცის? სად არის? - ისეთი სერიოზულობით იკითხა ფიფომ, თითქოს მართლაც რამეში სჭირდებოდა.
- ბარათი, ნამდვილად ამოიღო. არ ჩაუტოვებია. - გოგონას უკვე ხმა უკანკალებდა.
- მდაა. - თავი გააქნია ფიფომ. - კარგი იქნებოდა, რომ ჩაეტოვებინა, მაგრამ არაუშავს. ამ ტელეფონიდანაც ბევრი რამის ამოღება შეიძლება. გინდაც უკვე დიდი ხნის წაშლილიც ჰქონდეს.
გოგონა შეშინებული დედას ჩაეკრო.
ფიფომ თავი გააქნია და ბავშვს ტელეფონი გაუწოდა.
- თუ შენია, ამოიღე.
გოგონამ მობილური ჩამოართვა.
- შეგიძლია, თუ შენი რამე ფოტოებია, ესეც გადაიტანო. - მშვიდი ხმით მიუგო ფიფომ ანერვიულებულ ბავშვს.
- არაფერი მინდა. - წაიკრუსუნა გოგონამ და სულ ხელის კანკალით ამოიღო თავისი ბარათი და მობილური კვლავ ფიფოს დაუბრუნა.
ქალი და გოგონა ერთდროულად მოთქვამდნენ. ბიჭი კი გაქვავებული იდგა.
- აბა დაგემშვიდობებით და ჩემი თხოვნაა! - ფიფომ ბარგს წამოავლო ხელი. - თუ გინდათ, რომ არც კრიმინალისტები მოვიდნენ აქ და არც განყოფილებაში, თუნდაც მოწმის სახით გარბენინონ ყოველ წუთს, ხმა! კრინტი! არავისთან დაძრათ! არც ერთ ნათესავთან! არც ერთ მეზობელთან და მეგობართან! - მკაცრად დაუქნია თითი ფიფომ. - გამოძიება ჯერ კიდევ საიდუმლო ვითარებაში მიმდინარებს და თქვენი იმედი მაქვს! ბავშვებია ცოდო, ამიტომაც გაფარებთ ხელს, თორემ თქვენ, არც გიცნობთ და არც ჩემი ახლობლები ხართ! და არც ამ ბავშვების გაუბედურება მინდა! რის გულისთვის? რა დააშავეს?
- კი, კი შვილო, ხმას არ ამოვიღებთ! მისი ყველა ნივთი აქ არის, ჩემი შვილების სიცოცხლეს ვფიცავ! ყველაფერი აქ არის!
გამოსვლისას, ფიფომ კიდევ ერთხელ დაუქნია თითი და აღნიშნა, თქვენი იმედი მაქვსო და იქაურობა დატოვა.
აღელვებული ბიჭი ცრემლებს ვეღარ იკავებდა. დარწმუნებული იყო, ფიფომ ვალი დაუფარა, აბა ისე, როგორ დაუთმობდნენ წართმეულ ნივთებს.
- მორჩი ახლა ნიანგის ცრემლებს და თავს მიხედე! - დაუცაცხანა ფიფომ.
- ყველაფერს გადაგიხდით, ვალში არ დაგრჩებით! - ძლივს იკავებდა, ყელზე მომდგარ ბღავილს ბიჭი.
- ბიჭო! რას გადამიხდი? კი არ მიყიდია? და არც არაფერი გადამიხდია! სულ სიხარულით გამომატანეს! - ეცინებოდა ფიფოს.
- როგორ? რანაირად? ხომ აუხსენით, რომ აუცილებლად გადავუხდი, მხოლოდ დრო მინდა!
- არაფერი არ გვინდაო, ოღონდაც აქ მეტი ფეხი აღარ შემოდგასო და რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - მოშორდეს აქედანო.
- კი, მაგრამ, რა უთხარით ასეთი? - გაკვირვებას ვერ ფარავდა იონა.
- სერიული მკვლელია და დაკავებულია, მეთქი! - ჩვეული ხმით მიუგო ფიფომ.
- რაა? - იონას განცვიფრებას, საზღვარი არ ჰქონდა.
- აბა რა მეთქვა? მენაგვედ მუშაობსო? ჰაჰა! - ფიფო სიცილს ვეღარ იკავებდა.
ბიჭსაც ცალყბად გაეღიმა. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ გაარკვია, თუ როგორ მოახერხა ფიფომ ეს ყველაფერი.
ფიფომ იონა ხანუმას, თავის ბარგი-ბარხანიანად მიუყვანა.
- დღეიდან, მარტო აღარ იქნები! - ზარ-ზეიმით გამოუცხადა ფიფომ. - ვიცი, ჩემი დიდი ხათრი გაქვს და ცოტა ხნით მაინც შეიფარებ და ერთ ოთახს დაუთმობ ამ ყმაწვილს!
ხანუმას გაეცინა:
- თუ ღამის გასათევი არ ჰქონდა, რატომ ადრე არ მითხარი? ჰაა? შე, ჭუკო.
იონამ დაიმორცხვა, წამოჭარხლდა.
- აბა როგორ გეტყოდა? - ფიფომ ფული მაგიდაზე დადო. - სადღაც ოც წუთში, ხინკალიც მოვა. მე გავიქეცი, მეჩქარება!
და სანამ ვინმე ხმას ამოიღებდა. ფიფო უკვე კიბეებზე ჩარბოდა.
LEX. 2017 წლის 23 ოქტომბერი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment