მსახიობმა ქალმა, მოურიდებლად შეაღო სახელოსნოს კარი და არც გაჰკვირვებია, მასპინძელი ჯერ კიდევ საწოლში რომ დაუხვდა. იცოდა, მხატვარს ჩვეულებისამებრ, ამ დროს ყოველთვის ეძინა.
- ვაა, შენ ხარ? - გაიზმუვლა ნამძინარევი ხმით.
ქალმა არაფერი უპასუხა, ისე შეუდგა ყავის მომზადებას.
მხატვარი ზლაზვნით წამოდგა.
- რა იყო, რა ხდება ამ დილა უთენია? - წარბებ აზიდული მხატვარი, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იყო.
- რა ხანია გათენდა. - ღიმილით გააქნია თავი მსახიობმა. - მაგრამ, შენთვის ჯერ კიდევ ადრეა, არა?
- ოოო, კაი რაა. - თავი მოიქექა მხატვარმა. - ძლივს, ახლახან ჩამეძინა და თავზეც დამადექი.
- საწყალო. - დანანებით გადააქნია თავი მსახიობმა ქალმა. - როგორ დაგიფრთხე ძილის ანგელოზები. როგორი სადისტი ვარ!
- ჰმ. - ჩაეღიმა მხატვარს. - თუ გინდა, ერთად გავაგრძელოთ? ჰა?
ქალს ცინიკურად ჩაეღიმა.
- ისე, შენზე სულაც არ ვბრაზობ. - დაიწყო მხატვარმა. - ერთ მშვენიერ დღესაც ზურგი, რომ მაქციე და იმ გადახჩუებულს რომ გაეკიდე.
- სხვათა შორის, ის გადახჩუებული. - ქალმა დოინჯი შემოიკრა. - საკმაოდ წარმატებული რეჟისორია და მერე რა, რომ ჩემზე უფროსია? აღარც მე ვარ, ოცი წლის.
- ნუ, ორჯერ ოცის ხარ! - იხუმრა მხატვარმა.
- ორჯერ ოცის, თუ კარგია, შენ ხარ! - იწყინა ქალმა.
- ნუ, მე ჯერ არ ვარ!
- არც, მე! - კვლავ წყენით მიუგო ქალმა. - სხვათა შორის!
- მაგრამ, მაინც ბებერი ცხენი ამჯობინე, ჯიშიან ულაყს!
მხატვარი ქილიკს არ იშურებდა, მსახიობი ქალი კი თანდათან მწარდებოდა, თუმცა, მშვენივრადაც იცოდა, ასე რატომაც იქცეოდა მხატვარი. მართლაც, თავად მიატოვა და თავისივე რეჟისორს გაჰყვა, უკვე მერამდენე ცოლად, თვითონაც იმ რეჟისორსაც უკვე აღარ ახსოვდა.
მხატვარს ეგონა, რომ მსახიობი ქალი, სიტყვაში არ ჩამორჩებოდა, ისიც ბევრ მწარე რამეს ეტყოდა და ამისთვისაც მზად იყო, მაგრამ რატომღაც, ქალმა ხმა არ გასცა. ყავა მოსვა და უკმაყოფილო სახით მოუკიდა სიგარეტს.
„რაღაც უნდა ჩემგან, და ნეტა, რა?“
გაიფიქრა მხატვარმა.
„თუ ფული სჭირდება, ამხელა შესავალს არც გაუკეთებდა, პირდაპირ მთხოვდა, მაგრამ რაღაც ვერ ბრძანდება ხასიათზე, გათხოვილი ქალბატონი.
ქმართან იჩხუბა?
ჰმ, ამ ჩემს ფეხებს! მეტი საქმე არ მაქვს ახლა ესენი შევარიგო.
ისედაც ვერ მიტანს ის კაცი და თეატრის გულისთვის, მაინც იძულებულია რომ ამიტანოს.“
- ღამით სამჯერ მოგაკითხე. - დაბალი ხმით დაიწყო მსახიობმა. - არც ტელეფონს იღებდი.
- მობილური სახლში ეგდო. - მხატვარი ზანტად გაიზმორა.
- შენ სადღა იყავი? - ქალმა სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა.
- და ღამით, რატომ მომაკითხე? - შეუბრუნა კითხვა მხატვარმა. - შენმა ქმარმა ალბათ, ღამის პანტალონები ჩაიცვა, ჩაჩიც თავზე დაიხურა, რომ ტვინი არ გაუცივდეს, მერე წნევის წამალიც მიაყოლა, რომ მშვიდად დაეძინა და თავის ხორცსავსე ვნებიან მეუღლეს, ზურგი უნამუსოდ შეაქცია და ბოლოს! ხვრინვაც ამოუშვა!
- სად ვარ, ხორცსავსე? - მხატვრის ქილიკზე, ქალს ცალყბად გაეღიმა. - ჩემნაირი წონა, ბევრმა ინატროს!
- და მაინც? რატომ მომაკითხე ასე ღამით? ასე მოგენატრე? - ჩაეღიმა მხატვარს.
- ისე კი, მართლა მომენატრე. - ქალმა სახელოსნოს თვალი მოავლო. - საუკუნეა აქ აღარ ვყოფილვარ. თუმცა, ვიცი რომ შეყვარებული ხარ და...
- ოო, კარგი რაა! - თავი გააქნია მხატვარმა. - სიყვარული, მეგობრობას ხელს სულაც არ უშლის!
- არა, არა! ეგ არც მადარდებს. - ქალმა ყავა მოსვა და მხატვარს გაუღიმა. - ჩვენ ორივეს, ყოველთვის თავისუფალი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ...
- მაგრამ? - გამომცდელად ჩაეკითხა მხატვარი.
მსახიობმა ქალმა ახალ სიგარეტს მოუკიდა და მხატვრის ჩაშტერებულ მზერას თვალი გაუსწორა.
- ფიფოს უნდა, რომ... - ქალი გაჩუმდა.
- ჰოო? ფიფოს, რა? რა შუაშია ფიფო? რა ხდება? - მხატვარს სახეზე გაოცება გამოეხატა.
- მთელი ღამე გეძებდი, ვერსად გნახე!
- ვერ გავიგე?
- სასწრაფოდ, ფიფოს შენი დახმარება სჭირდება!
- ჰოო? და მერე შენ რომ გაგზავნის, თვითონ, რა? ვერ მოაგნო? - მხატვრის ხმაში უკმაყოფილო ტონმა გაჟონა.
- თვითონ ვერ მოვა!
- ოხ, რატომ ვითომ? მისამართი დაავიწყდა?
- ფიფო დაიჭირეს და შენი დახმარება სჭირდება! - მიახალა ქალმა.
- რააა??? ვინ დაიჭირა? სად დაიჭირეს? - მხატვარი ადგილიდან წამოხტა.
- ჰოდა, უნდა დაეხმარო!
- მოიცა ერთი, კარგად ამიხსენი რა ხდება?
- შენი დახმარება უნდა. - კვლავ მიუგო ქალმა.
- კი დავეხმარები, მაგრამ რა მოხდა? როგორ უნდა დავეხმარო?
მხატვარი გაოგნებული იყო. ჯერ ისიც კი, გაუკვირდა, ფიფო რატომღაც, მის ყოფილ საყვარელს, პირველი რატომ დაუკავშირდა და არა, თუნდაც მიმის არ მიმართა? მაგრამ მერე, საუბარში, თანდათან ყველაფერი ნათელი გახდა მისთვის. თუმცა, ახლა ამას არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა, მთავარი იყო, მეგობარს დროულად დახმარებოდა. ფიფოს უტყუარი ალიბი სჭირდებოდა და ახლა ყველაფერი კარგად უნდა მოეფიქრებინა და სწორად დაეწყო.
მხატვარი ტელეფონს დასწვდა და ფიფოსთან დაკავშირებას შეეცადა.
ქალს გაეცინა:
- დაკავებულია მეთქი, ხომ გითხარი.
- აბა, შენ როგორღა დაგირეკა?
- უცებ მომახალა! - მიუგო ქალმა. - ეს ნათლიაჩემის ნომერიაო! - ქალი გაჩუმდა და გაკვირვებით აიჩეჩა მხრები. - ან რა დროს ამის თქმა იყო, რა ვიცი?
- აბა მომიძებნე ერთი, ეგ ნომერი.
მხატვარი მაშინვე მიუხვდა ფიფოს ჩანაფიქრს. ფიფომ სპეციალურად უხსენა ნათლია, მას უნდა დაკავშირებოდნენ.
რამდენიმე ზუმერის მერე, ხრინწიანმა ხმამ გააგონა.
- გამარჯობა, ფიფოს ვერ ვუკავშირდები, მისი მეგობარი ვარ! იმ დღეს, ერთად ვსვამდით და...
- რომელ დღეს? - დაიგრუხუნა ხმამ.
მხატვარი წამით დაიბნა:
- რომელ დღეს და... - მხატვარმა კითხვის თვალით გადახედა ქალს.
ქალმა ჩუმად უკარნახა, შაბათ საღამოსო.
- შაბათ საღამოს! - სასწრაფოდ გაიმეორა მხატვარმა
- ესე იგი, ამ შაბათს, ერთად იყავით, არა? - დამცინავად ჩაეკითხა ნათლია.
- დიახ! ამ შაბათს, ერთად ვიყავით! - დაუდასტურა მხატვარმა, რასაც უკვე ქალის უკმაყოფილო ხმა მოჰყვა:
- ამ შაბათს კი არა, გასულ შაბათს!
ნათლიას გაეცინა, მშვენივრად მოესმა ქალის ხმაც.
- სად გნახოთ? - ჰკითხა ნათლიამ.
- მე თვითონ მოვალ, თქვენ არ შეგაწუხებთ. - ზედმეტად თავაზიანი ხმით უპასუხა მხატვარმა.
ქალს ირონიულად ჩაეღიმა.
- მე მოვალ! - დაიგრუხუნა ნათლიამ.
მხატვარს ისღა დარჩენოდა, მისამართი ეკარნახა.
- მოკლედ მე წავედი! რეპეტიციაზე მაგვიანდება. - ქალი წამოდგა. - ჩემი გამოჩენა ნამდვილად არ შეიძლება, ხომ იცი, თორემ...
- ისე რა მაგარი უტვინო ქალი ხარ რაა!!! - თავი გააქნია მხატვარმა. - ძლივს გაგეხსნა ბედი და შენ კი, ფიფოს მიახტი.
- უჰ, შენ მაინც ნუ მიკითხავ მორალს!
მხატვარმა პასუხად, ხელი ჩაიქნია.
ნათლიამ დიდ ხანს არც ალოდინა. მალევე მოვიდა.
მის მოსვლამდე კი მხატვარს, ფიქრისგან ლამის ტვინის უჯრედები დაეწელა, ვერაფრით ვერ იხსენებდა, სად იყო მართლაც გასულ შაბათს.
სრულიად შესაძლებელია, რომ სახლოსნოშიც ყოფილიყო, მაგრამ ვინ იყო მასთან ერთად? ფიფოც იყო? თუ მარტო მუშაობდა? იქნებ, ერთადაც კი სვამდნენ?
- ესე იგი, შენ ხარ ის ალიბი? - ჩააშტერდა სახეში ნათლია. - რომელიც ვერაფრით ვერ იხსენებს, მართლაც სად ბრძანდებოდა თავად, არა?
ნათლიის დამცინავმა ტონმა, მხატვარი ცოტა არ იყოს, გააღიზიანა კიდეც, მაგრამ მაინც უკან არ დაიხია.
- როგორ არ მახსოვს! - შემართებით მიუგო მხატვარმა. - ხომ გითხარით, რომ იმ საღამოს ერთად ვიყავით! აქ, ამ სახელოსნოში და ჩვენს მეტი, არავინ იყო და აბა მეტი, როგორ...
- აბა, ერთი კარგად შემომხედე! - ნათლიამ თვალი თვალში ისე გაუყარა, ლამის ამოუბუგა გუგები.
მხატვარს ტანში გასცრა.
- შენ მე, ვიღაც იდიოტი, ხომ არ გგონივარ? - ისეთი სახით უთხრა ნათლიამ, რომ მხატვარმა ხმა ვეღარ გასცა.
- ბიჭო, მე ვერ გიჯერებ, აქ! - განაგრძობდა ნათლია. - ამ პირობებში, შენს საკუთარ სახლში და შენ, იქ მისცემ ჩვენებას? სადაც მინიმუმ, ათი კაცი მგლებივით ჩაგაშტერდება სახეში?
მხატვარს ფერი წაუვიდა. მართლაც, რა უნდა ექნა? როგორ უნდა დაეხსნა მეგობარი?
- აბა, რა ვქნა? - სასოწარკვეთილი ხმით მიუგო მხატვარმა. - რით ვუშველო?! ნამდვილად ვიცი, რომ არ არის დამნაშავე!
- ეჰ, დამნაშავე რომ მართლა არ არის, მაგას მეც კი ვხვდები. - მიუგო ნათლიამ. - მაგრამ ფიფოს, რომ ვერც შენნაირი მოწმე გამოადგება, ამასაც კარგად ვხედავ!
მხატვარი წამით ჩაფიქრდა. მერე ფიფოს დასაცავად, მის ქებასაც მოჰყვა:
- ფიფო კარგი ბიჭია! ძალიან კარგი ბიჭი! კეთილი, მეგობრული, ჭკვიანი, გამჭრიახი! რაც არ უნდა დააბრალონ, იმას მართლა არ ჩაიდენდა!
- და რა ჩაიდინა, რო? - ცინიკურად ჩაეკითხა ნათლია.
- რაც არ უნდა ჩაედინა! - შემართებით განაგრძო მხატვარმა ფიფოს დაცვა. - დარწმუნებული ვარ, ნამდვილად აბრალებენ და არ ჩაიდენდა, ეს ვიცი!
- ჰაჰა! - აროხროხდა ნათლია. - ისიც კი არ იცი, რაზე ზის!
- მაგას არა აქვს მნიშვნელობა! - უკან არ დაიხია მხატვარმა. - დარწმუნებული ვარ და ნამდვილად ვიცი, არ ჩაიდენდა და მორჩა!
- ჰმ!
- ფიფოსნაირი მეგობარი! - კვლავ განაგრძობდა მხატვარი მის დაცვას. - ბევრმა ინატროს! მართლა ძალიან კარგი ბიჭია... - მხატვარს სიტყვა შუაზე გაუწყდა, როცა კარში, ყურებამდე გაღიმებული მიმი დაინახა.
- დიახაც! - გაიკრიჭა მიმი. - ფიფო ძალიან კარგი და მაგარი ბიჭია და უკარგესი, უსაყვარლესი მეგობარია! - დაადასტურა მიმიმ.
- ჰოდა, შვილო! - ნათლიამ ახლა მიმის მიმართა. - ამდენი პრანჭვა-გრეხის დრო აღარ არის! ახლა დაჯექი, კარგად დაალაგე და ისე დამიწერე, სად და რამდენი ხანი იყავით ერთად! არც პრესაში და არც ტელევიზიაში არ განვაცხადებ! მაგაზე არ იდარდო, მარტო ორ-სამ კაცს გვეცოდინება განყოფილებაში.
მიმიმ გაკვირვებისგან წარბები აზიდა. უცებ, ვერც მხატვარმა შეაშველა სიტყვა.
- ნუ გეშინია, არც შენს მშობლებს დავიბარებ, მაგრამ ალიბი ზუსტი და უტყუარი უნდა იყოს! - ღიმილით მიაჩერდა გაოგნებულ გოგოს ნათლია.
მიმი გაკვირვებული შეჰყურებდა ვიღაც უცხო გრუხუნა კაცს.
მხატვარი კი უმალ მიხვდა, ნათლიას მიმი ეგონა ის ქალი, ვინც მართლა ფიფოს უტყუარი ალიბი იყო და ვისაც არანაირად არ სურდა, გამოჩენილიყო.
- კარგად, რომ მოვიფიქროთ და სწორად დავაწყოთ და მეც რომ როგორმე ჩავეკვეტო ჩვენებაში, არ შეიძლება? - სიტუაციის გამოსწორება სცადა მხატვარმა. - და უფრო მყარი ალიბიც გამოვა!
- რა იყო, „გრუპავოი“ ალიბი გინდა გაუჩალიჩო? - ახიხინდა ნათლია.
კიდევ რაღაცის თქმასაც აპირებდა, მაგრამ ტელეფონმა შეაწყვეტინა, რის გამოც, სასწრაფოდ იქაურობის დატოვება მოუხდა.
გასვლისას კი ისევ მიმის მოუბრუნდა:
- იცოდე! არ დააღალატო! თუ კი მართლაც მეგობრად სთვლი და მასში ეჭვი არ გეპარება! - და თითი ისე დაუქნია, თითქოს ემუქრებაო. - და მით უმეტეს, თუ სიმართლეა და ნამდვილად არ არის ტყუილი!
მიმი ფერდაკარგული შეჰყურებდა, ვერც ვერაფერი გაეგო და ვერც ხმას იღებდა.
მხატვარი გულში სულ იმას ნატრობდა, ნეტა დროულად გაეტიოს ეს კაცი აქედან და მიმიმ კითხვების დასმაც ვერ მოასწროსო და ძლივს, როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქა, როცა ნათლიამ კარი გაიხურა. თუმცა, „ამოსუნთქვამდე“ ჯერ კიდევ ბევრი იყო დარჩენილი, როცა მიმის გაკვირვებულ თვალებს გადააწყდა.
- ისე დავთვერით იმ საღამოს... - ენის ბორძიკით დაიწყო მხატვარმა. - არაფერი მახსოვს! და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვერც ფიფო იხსენებს წესიერად, ზუსტად რომელ საათებში იყო ჩემთან! და სამწუხაროდ, ჩემნაირი უთავბოლო მოწმე, არანაირად არ გამოდგება.
- კი, მაგრამ რა მოხდა? რატომ დაიჭირეს? - გაოგნებული ეკითხებოდა მიმი.
- არაფერი ვიცი! - თავი გააქნია მხატვარმა. - არც ამხელენ! ამ კაცმაც არაფერი მითხრა და მხოლოდ ის გამაგებინა, რომ სასწრაფოდ, ფიფოს საკმაოდ მყარი და უტყუარი ალიბი სჭირდება!
- და მე რომ ვთქვა, რომ ჩემთან ერთად იყოო?
- რატომაც არა! - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - მაგრამ ეგ იმ შემთხვევაში გაჭრის, თუ შენ არ დაგიმტკიცდება, რომ იმ დროს, იმ პერიოდში, სხვაგანაც იყავი! ნუ, ფიფო სადაც არ იყო, იქ!
- და საიდან უნდა დაამტკიცონ? - გაიკვირვა მიმიმ. - მე თუ ვიტყვი, ფიფოსთან ერთად ვიყავიო, რა? ვინმე გამოვა და იტყვის, არა მასე არ არისო?
- აბა, მე რა ვიცი? - სახე დაბრიცა მხატვარმა. - და რა მოვიფიქრო, ისიც კი არ ვიცი.
- და რა პრობლემაა? - თავი გააქნია მიმიმ. - მე ვიტყვი, რომ ჩემთან ერთად იყო! ერთად ვიყავით! ვსეირნობდით, ან სულაც აქ ვიყავით! ასე, არ გამოვა? ისედაც, ხომ ნამდვილად აქ სვამდით?
მხატვარი აიწურა, მაგრამ მაინც თავი დაუქნია.
- სიმართლე გითხრა. - დაბალი ხმით მიუგო მხატვარმა. - ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, თორემ... თან მერე თურმე, კლუბშიც წავსულვარ, სადღაც ქუჩებშიც ვიბოდიალე, გამთენიისას მოვედი სახლში.
მიმიმ თავი გააქნია და საყვედურით გადახედა მეგობარს:
- ამდენი დალევაც კიდევ რა არის, რაა?
- ფიფოც კარგად მაგრად უგონოდ იყო. - კვლავ დააფარა ხელი მხატვარმა.
- მერე იქ კლუბიდან? ნუთუ, ერთი მოწმეც არ იქნება?
- საქმე იმაშია, რომ ფიფოს სწორედ ის დრო სჭირდება, როცა მართლა აქ იყო და...
- მერე, თუ აქ იყო, რა განერვიულებთ ან ერთს? ან მეორეს? - ჩაეცინა მიმის.
- გოგო, ხომ გითხარი, ისეთი მთვრალი ვიყავი, ზუსტ დროს ვერ ვასახელებ და დაკითხვაზე რომ დამიბარონ, შეიძლება სულ ავურიო ყველაფერი!
- მერე შენც, დაიზეპირე! დაიზუთხე ზუსტად რა უნდა თქვა! - კვლავ ჩაეცინა მიმის.
- საქმეც მაგაშია, ორ მთვრალ კაცს, ნაკლებად დაგვიჯერებენ, რადგან ერთმანეთის ალიბი ვართ და თანაც, ასეთი არა მყარი.
- და მერე, მეც ვიტყვი, რომ თქვენთან ერთად ვიყავი! - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - აკი, წეღანაც ამას არ ვამბობდი? მეც წამოვალ მოწმედ!
- ეგ ძალიან კარგი იქნება, მართლა! - თავი დაუქნია მხატვარმა. - მაგრამ ახლა შენ ზუსტად დეტალებში უნდა გაიხსენო, თუ მართლა იმ პერიოდში სად იყავი, რომ საწინააღმდეგო არ დაგიმტკიცდეს იქ დაკითხვაზე, სადაც ათი კაცი მგელივით მოგაჩერდება ხახაში! - მხატვარმა ნათლიის სიტყვები მოიშველია, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ, პირადად მას მიახალეს.
- და რანაირად უნდა დამიმტკიცდეს? - გაეცინა მიმის.
- აი, დავუშვათ იმ დროს შენი მანქანა, თუ სახლის ეზოში იდგა, ესე იგი, არ ყოფილხარ მაშინ აქ!
- იქნებ, მანქანის გარეშე ვიყავი? - ჩაეღიმა მიმის. - რა? არ შეიძლება?
- როგორ არ შეიძლება, მაგრამ თუ ქუჩის კამერებმა, იმ დროს, შენი ავტო, სულ სხვა ადგილას დააფიქსირა?
- ეგ, ჰო, მაგრამ... - მიმი წამით შეყოვნდა. - ჩემს მანქანას რომ ასე ჩააცივდი, მერე ფიფოს მანქანა, რომ აქ იდგა, ეს ვერ გაარკვიეს, თუ დაეზარათ? ასე ძნელია?
- ეჰ, მასე სად არის? - თავი გააქნია მხატვარმა. - მანქანა შეიძლება იდგა, მაგრამ იქნებ, მანქანის გარეშე გაძვრა? ხომ შეიძლება? აი, წეღან შენც ეგ არ თქვი?
- და მაინც, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. - თავი გააქნია მიმიმ. - რომელი დღე იყო?
- გასული შაბათი.
- გუშინ? - გაკვირვებით ჩაეკითხა მიმი, რადგან გუშინ ფიფო მართლაც რომ გვიანობამდე იყო მიმისთან სახლში და სწორედ ის საათები აწყობდა უტყუარი ალიბისთვის.
- უი, გუშინ იყო შაბათი? - წარბები აზიდა მხატვარმა. - არა! გუშინ, არა! გასული კვირის შაბათი.
- არა, არა! - თავი გააქნია მიმიმ. - გუშინ კი არა, გუშინწინ იყო შაბათი...
მიმი ჩაფიქრდა.
„გასული კვირის შაბათიი...“
ეს სწორედ ის საღამო იყო, როცა თავსხმა წვიმაში, მანქანაში შეყუჟული, უიმედოდ იცდიდა პიპას სახლთან.
- ესე იგი... - დაიწყო მიმიმ ჩაფიქრებული ხმით. - ჯერ ის უნდა დავამტკიცო, სადაც მართლა ვიყავი, რომ იქ არ ვყოფილვარ და მერე...
მხატვარს მიმის სიტყვებზე გაეცინა:
- ჰო! სადაც მართლა იყავი, იქაურობა და ის ალიბი უნდა გაქრეს, მაგრამ რამდენად გამოვა?
- დარეკვით, ფიფოს ვერ დავუკავშირდებით ხომ?
მხატვარმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
- აი ის კაცი წეღან, რომ იყო აქ, ფიფოს ნათლიაა. - მიუგო მხატვარმა. - და ეგ დაგვაკავშირებს, თუ რამე გამოვა.
- რას ქვია, თუ რამე გამოვა? - შეიცხადა მიმიმ. - მე ვიქნები ფიფოს ალიბი!
მხატვარმა ღიმილით გადახედა.
- მოვალ ცოტა ხანში! - მიმი წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. - და როგორმე, დღესვე მოვაგვაროთ ეს ამბავი!
მხატვარმა მხრები აიჩეჩა.
მიმი კარისკენ წავიდა, მერე მხარტვარს გამოხედა და საყვედურის ტონით მიმართა:
- ისე, ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს დაუსრულებელი, უგონოდ დათრობა, რაღაც ხათაბალამდე მიგიყვანდათ ოდესმე!
LEX. 2017 წლის 30 ოქტომბერი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment