Thursday, October 14, 2021

ძველი პიანინო (ნაწილი 117)

117. 
ფიფომ კიბე სირბილით ჩაირბინა. გულში ეღიმებოდა, ის ვიღაც უცხო ახალგაზრდა ბიჭი უკან კურდღელივით მისდევდა და ვერ ეწეოდა. 
ფიფო მანქანასთან მივიდა. კარის ფანჯარაში, ლამპიონის შუქზე კარგად აირეკლა, თუ როგორ ფინია ცუგასავით იყო გამოსასვლელში გაჩერებული ახალგაზრდა, თითქოს პატრონს ელოდა, როდის მოიხმობდნენ. 
ფიფო წამით შედგა, ჩაეღიმა. ზურგს უკან უცნობის მწველ მზერას გრძნობდა. მერე ოდნავ გამოხედა შემცბარ ბიჭს და მშვიდი, ძლივს გასაგონი ხმით ანიშნა დაჯექიო. ახალგაზრდაც თითქოს, მის სიგნალს ელოდაო და მკვირცხლად ჩაუსკუპდა მანქანაში და სანამ ფიფო ეტყოდა, სად მიგიყვანოო, ბიჭმა თავად დაასწრო: 
- ძალიან განსხვავებული და საკმაოდ საინტერესოდ მიგყავდათ გამოძიება. 
- ჰო. მიმყავდა. - უკმაყოფილოდ მიუგო ფიფომ. 
- და მარტო მხოლოდ თქვენ აღიარებდით სერიული მკვლელის არსებობას. 
- ჰო. - თავი დაუქნია ფიფომ. - სამწუხაროდ, მხოლოდ მარტო მე. 
- სამწუხაროდ. - ამოიხვნეშა ახალგაზრდამ. 
ფიფომ მანქანა დაძრა, უკვე სამმართველოს ეზოდანაც გავიდა და მთავარ ტრასას დაადგა და კვლავ უნდოდა ეკითხა, საით წაგიყვანოო, რომ უცნობმა ახალგაზრდამ ისევ დაასწრო: 
- ძალიან მაინტერესებს თქვენი მეთოდები, ხომ შეიძლება, რომ გამოძიებას დავესწრო?
ფიფოს ცოტა არ ესიამოვნა, უარის თქმაც დააპირა, მაგრამ მალევე დაეთანხმა და უხმოდ დაუქნია თავი. 
ცხადი იყო, ეს ბიჭიც შესაძლებელია ხანუმასგან მოდიოდა, ან იქნებ სულაც ნათლიამაც მიაშველა და ტყუილ უბრალოდაც არ მიაშველებდა. უთუოდ, რაღაც ჰქონდათ ჩაფიქრებული ან ერთს, ან მეორეს, ან სულაც ამ უცნობ ყმაწვილს, მაგრამ ამ ლაწირაკს რაღა უნდოდა? რას ეძებდა? ან რას იძიებდა? 
- ნუ, რადგან გამოძიების ჩემეული მეთოდი, ასე და ამდენად თვალსაჩინოა, მაშინ წავედით! - ირონიულად ჩაეღიმა ფიფოს. - ჩავიდეთ განყოფილებაში. - ფიფომ საჭე მოატრიალა და სიჩქარეს მოუმატა. 
ახალგაზრდამ ხელი მანქანის სახელურს ჩასჭიდა და შიშით აცეცებდა თვალებს. ჩანდა, რომ სწრაფი მგზავრობის ეშინოდა. ფიფოს გულში ჩაეღიმა, უკვე აღარ ბრაზდებოდა ამ აბეზარ ბიჭზე, რომელიც ჯერ კიდევ, ნათლიასთან კაბინეტში ყოფნისას, მართლა აღიზიანებდა ამდენი, უამრავი კითხვებით, მართლაც რომ თავს აბეზრებდა. 
გვიანი იყო. განყოფილებაში თანამშრომლები კანტიკუნტად ირეოდნენ. 
ფიფომ თავის კაბინეტს მიაშურა. ერთ დროს, მხოლოდ მარტო თვითონ იყო გამოჭიმული, მერე ჩამოერთვა ეს დიდება და მოგვიანებით უფრო სხვა უკეთესი და ნათელი ოთახიც დაუთმეს, თუმცა არც იქ იყო მარტო. ორი კოლეგა მაინც მიუსვეს, თითქმის თანაბარი უფლებამოსილებით, მაგრამ ფიფოს დასტურის გარეშე, მაინც ეკრძალებოდათ ნაბიჯის გადადგმაც კი. 
კაბინეტში, მარტო ერთი თანამშრომელი დაუხვდა, რომელიც სკამზე გადაწოლილიყო და მთქნარებისგან უკვე ცრემლიც მორეოდა. 
ფიფომ ახალგაზრდა მის სიახლოვეს დასვა და მაგიდაზე დადებული საქაღალდე ახლოს მიუწია. 
თანამშრომელმა ერთი კარგად აათვალიერა ფიფოს თანმხლები და მერე კითხვის თვალით გადახედა ფიფოს. აშკარად აინტერესებდა, თუ ვინ იყო ის უცხო ახალგაზრდა, რომელსაც სურვილიც ჰქონდა და უფლებასაც აძლევდნენ, რომ საქმის მასალებში ჩაეხედა. ახალგაზრდა ბიჭს მისი დაჟინებული მზერა არ გამოჰპარვია, წამსვე მიუხვდა და თავად გაეცნო: 
- მე ფსიქოლოგი ვარ! იურიდიული კონსულტანტი. 
- ვაჰ, კიდევ ერთი? - გაიკვირვა თანამშრომელმა და ფიფოს გახედა. - თუ ადრე შენ რომ გახლდა. ისევ ის არის? 
- ადრეც გყავდათ ფსიქოლოგი მოწვეული? - გაკვირვებით იკითხა უცნობმა. 
- ჰო ისე, შტატის გარეშე მყავდა აყვანილი, ოჯახის ახლობელია. - ზერელედ უპასუხა ფიფომ. 
მშვენივრად ხვდებოდა, მის თანამშრომელს ის ახსოვდა, როცა ერთ-ერთი მკვლელობის ადგილას მხატვარიც წაიყვანა და ფსიქოლოგად, მის პირად მრჩეველად გაასაღა. ისიც კარგად იცოდა, რომ ეს კანონის დარღვევა იყო და არანაირად არ შეიძლებოდა, უცხო პირის, თუნდაც ნებისმიერ, სულ უბრალო რამეში გარევაც კი, მაგრამ იმდენად ჩახლართული საქმე იყო და თან მხატვართან ერთად, ისედაც საუბრობდა ამ თემაზე და ამიტომაც ასე თავისუფლად გარისკა. 
- ჰოო, აი ამიტომაც იყო, რომ ასეთი განსხვავებული და არასტანდარტული მიმართულება ჰქონდა თქვენს გამოძიებას. - დაასკვნა უცნობმა ახალგაზრდამ. 
- დიახ, დიახ. - თავი დაუქნია ფიფომ. - ფსიქიატრის ოჯახია და ბევრ რამეში გამომადგა მათი რჩევა. - უკმაყოფილოდ მიუგო ფიფომ და მონიტორს მიაჩერდა. 
ფიფო უკვე იბღვირებოდა, სულაც არ სიამოვნებდა, ზედმეტად გახმაურებულიყო, თუნდაც უკვე შარშანდელი ამბავი, როცა მართლაც უცხოს ჩაახედა საქმეში. ამიტომ სასწრაფოდ შეცვალა თემა. თვითონ კომპიუტერს მიუჯდა და სურათების თვალიერებას მოჰყვა. იმ ფსიქოლოგ ბიჭს კი იგივე მასალით სავსე საქაღალდე დაუთმო.
- აბა რას იტყვით? - ჩაეკითხა ფიფოს ფსიქოლოგი, როცა მასალების გადათვალიერებას მორჩნენ. 
- ერთი შეხედვით, კი გავს თვითმკვლელობას, მაგრამ ვნახოთ ექსპერტიზის დასკვნა როგორი იქნება და ისე და იმის მიხედვით მივყვეთ გამოძიებას. - მიუგო ფიფომ. 
- დასკვნაც აქვე გვაქვს! - თანამშრომელმა საქაღალდე გადააწოდა. 
- ასე მალე? - გაიკვირვა ფიფომ და თან საშინლად არ ესიამოვნა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
- ხო, წუხელ შემოვიდა ეს საქმე და ბარემ ყველაფერს, ჩვენვე მივხედეთ! – „გაახარა“ თანამშრომელმა.
- და მე რატომღა დამიბარეს, აბა? - ვეღარ დაფარა ფიფომ წყენა. 
- ვერაფერს გეტყვი! - მხრები აიჩეჩა კოლეგამ. - უფროსმა, ფიფოს გადაეცით ეს საქმეო.
ფიფო მოიღუშა. საშინლად გაბრაზდა. 
ეს რა გამოდიოდა? გახსნილი საქმე შეაჩეჩეს და ამისთვის დაიბარეს? 
„ესენი მგონი, ისევ მასხრად მიგდებენ და ვაჩვენებ ვინცა ვარ, ცოტა დამაცადონ!“ 
გაივლო გულში ფიფომ. 
- ჰოდა, აბა საქმე უკვე დამთავრებული ყოფილა და მაშინ რაღას ვაკეთებთ აქ? - უკმაყოფილო ხმით წარმოსთქვა ფიფომ. - დავიშალოთ ის დროა! 
- კი, დახურულია რა, თითქმის. - ისე მიუგო თანამშრომელმა, რომ თითქოს, ფიფოს წყენა არც შეუმჩნევია. 
- თითქმის? - ფიფომ წარბები აზიდა. - რას ჰქვია, თითქმის? 
- უფროსმა თქვა, ფიფომ თვალი შეავლოს და თვითონ დახუროსო. - ჩვეული ხმით მიუგო თანამშრომელმა. 
- თვალი კი შევავლე, მაგრამ მე რატომ უნდა დავწერო დასკვნა? - ახლა უფრო მეტად იწყინა ფიფომ. - არაფერი წვლილი არ მიმიძღვის და ვინც მართლა იწვალეთ და იშრომეთ... 
- კარგი რაა, ნუ ბრაზობ. - თანამშრომელი ფიფოს დამშვიდებას შეეცადა.
- არა, არა! - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - სულაც არ ვბრაზობ, მაგრამ რა დავწერო? - ცინიკური სახით ჩააშტერდა კოლეგას. - დავათვალიერე სურათები, წავიკითხე ექსპერტიზის დასკვნა და ვეთანხმები და ვიზიარებ აქ აღნიშნულ თანამშრომლთა ვერსიებს?! 
- ჰოდა, თუ არ ეთანხმები მაშინ, ეგ დაწერე, რა! - სიცილით მიუგო თანამშრომელმა. 
ფიფო აილეწა. ახლა უფრო საშინლად მოუვიდა გული. 
- ჰო, კარგი რა იყო? - შეუძახა კოლეგამ. 
- არა. არაფერი! - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ფიფომ. - სულ ტყუილად მომიყვანეთ აქ! ამ თავსხმა წვიმაშიც, მანქანაც ერთი-ორჯერ მომიცურდა და ეს ახალგაზრდა კაციც, სულ ტყუილად მოვაცდინეთ! - ფიფოს ვითომდა, მისი დარდი აწუხებდა, სინამდვილეში ბრაზს ძლივს ერეოდა. 
- არა რას ბრძანებთ? - უხერხულად აიწურა ფსიქოლოგი. - პირიქით, მადლობელი ვარ, რომ ნება დამრთეთ... 
ფიფომ ისეთი რისხვის თვალით გახედა, რომ ფსიქოლოგი მაშინვე მიუხვდა და ახლა სულ სხვანაირად აჭიკჭიკდა: 
- მართლაც საშინელი თავსხმაა გარეთ. - განაგრო ახალგაზრდამ. - მართლა მეგონა, მანქანიანად წაგვიღებდა. 
- ჰოო? - ცოტა არ იყოს იუმორით ჩაეკითხა თანამშრომელი. - ალბათ დიდ ხანს იმგზავრეთ? 
- არც იმდენად! - მიუგო ფსიქოლოგმა. - მაგრამ ძალიან გადაღლილები ვართ, დილიდან სამმართველოში დავაღამეთ და მაინც აქ გამოგვიშვეს და თანაც, მერე ეს ამინდიც, რაღაცნაირად გთენთავს. 
ფიფოს გულში ჩაეღიმა. ამ ვიღაც უცხო ახალგაზრდა ფსიქოლოგმა, მართლაც, რომ ლაწირაკმა ბიჭმა, მშვენიერი არგუმენტებიც მოიყვანა. აღნიშნა, რომ მართლაც სპეციალური დავალებით, პირდაპირ სამმართველოდან მოიდიოდნენ, თუმცა მათი აქ მოსვლა, მაინც ამაო აღმოჩნდა. 
- ჰო, რა ვიცი, ფიფო. - მხრები აიჩეჩა თანამშრომელმა. - როგორც დამაბარეს, ისე გადმოგეცი. თუ გინდა, სულ ნუ ახლებ ხელს და ხვალ შენ თვითონ დაელაპარაკე უფროსობას. 
- რამეს ვიზამ. - ცინიკური ხმით მიუგო ფიფომ. - არ დავიკარგები. 
თანამშრომელმა მხრები აიჩეჩა, მიხვდა ფიფო საშინლად ბრაზდებოდა, თუმცა პირადად მისი ბრალი ნამდვილად არ იყო. 
გვიანი იყო. ფიფო ადგილიდან არ იძვროდა. სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში გადაწვა. ფსიქოლოგი ბიჭი მას შეჰყურებდა. უკვე აღარ იცოდა, კვლავ თავი ჩაერგო საქაღალდეში, თუ სახლში წასულიყო.
- აუ, ფიფო. მე გავალ რაა! - მუდარით შეხედა თანამშრომელმა ფიფოს. - ბავშვს შევპირდი დღეს მაინც მოვალ ადრეო და სანამ კვლავ დაძინებული არ დამხვდა, იქნებ მივუსწრო. 
- ჰო, კარგი წადი. - თავი დაუქნია ფიფომ. - რაღას მეკითხები, მოგისწრიათ უკვე საქმის დამთავრებ და... 
- აუ, ნუ გწყინს რაა, გთხოვ. - შეწუხებული ხმით მიუგო კოლეგამ. - რაც უფროსმა დაგვავალა ის გავაკეთეთ, გვეგონა დაიხურებოდა უკვე, მაგრამ მერე სწორედაც რომ სამმართველოდან დარეკეს, ფიფომ გადახედოს და მხოლოდ თვითონ დახუროსო. 
- კარგი, გასაგებია. - ამოიხვნეშა ფიფომ. 
ამ დავალებაში ორი ვარიანტი ჩანდა. ან უბრალოდ უნდოდათ ფიფოს რანგში წამოწევა, სადაც უეჭველი, ნათლიის ხელი ერია და ფაქტიურად დახურულ საქმესაც ფიფოს მონაწილეობას მიაწერდნენ. ან და... 
იქნებ, მართლაც იყო რაღაც ამ საქმეში ისეთი და ფიფოს თვალის გადავლება იყო საჭირო? და თანაც ეს ფსიქოლოგი ბიჭიც ტყუილად არ შეატენეს? 
- კარგი, წადი, წადი. - მიუგო ფიფომ. 
თუ მართლა ბოლომდე იყო გამოსაძიებელი ეს საქმე, სულაც აღარ აწყობდა ზედმეტი პირის დასწრება, მით უმეტეს, თუ მის აზრებს, მხოლოდ ეს ვიღაც უცხო, ლაწირაკი ფსიქოლოგი ბიჭი იზიარებდა. 
თანამშრომელი წავიდა და მარტონი დარჩნენ თუ არა, ბიჭმა წამსვე იმ სერიული მკვლელის ირგვლივ დაიწყო საუბარი. ფიფოც აჰყვა, თუმცა ბევრი არც არაფერი უთხრა და არც კონკრეტული ეჭვმიტანილის არსებობა უხსენებია. 
- ესე იგი, ნიღბებსა და თვის ბოლო შაბათის ვერსიებს, მაინც არ უარყოფთ არა? - ჩაეკითხა ფსიქოლოგი. 
- ნადვილად არ უარვყოფ! - ცალყბად გაუღიმა ფიფომ. - ვადასტურებ კიდევაც, მაგრამ რა? ვითომ თავი დამიქნიეს, მაგრამ მაინც ვინ დამიჯერა? 
- მე მჯერა თქვენი! - შემართებით მიუგო ახალგაზრდამ. 
ფიფოს ხმამაღლა გაეცინა.
- სხვათა შორის. - დინჯი ხმით დაიწყო ბიჭმა. - ეს თვითმკვლელობაც, თვის ბოლო შაბათით თარიღდება! - ფსიქოლოგი თვალებში ჩააშტერდა ფიფოს. 
ფიფოს ტანში გასცრა, წამით სუნთქვაც შეეკრა და მაშინვე ტელეფონს დასწვდა: 
- სასწრაფოდ გვამის დათვალიერება მინდა! 
ტელეფონში რაღაც უთხრეს, ფიფომაც არ დააყოვნა პასუხი: 
- მოაბრუნეთ ახლავე და სანამ ჩამოვალ, უკვე მანდ დამხვდეს! – ფიფო წამოდგა და კარისკენ გაემართა. 
- შეიძლება მეც წამოვიდე? - მორიდებით იკითხა ფსიქოლოგმა. 
- რა თქმა უნდა! 
მედ.ექსპერტი, საკმაოდ ცივად შეხვდა ფიფოს და არც ფიფო ჩანდა გულთბილი. 
- რა იყო? ეჭვი გეპარება ჩემს დასკვნაში? - ცივად მიახალა ქალმა. - ნამდვილად თვითმკვლელობაა, წყალი არ გაუვა!
ფიფომ არაფერი უპასუხა და გვამის დათვალიერებას შეუდგა. ასე სახე წაშლილი და ნახევარი თავის ქალა ახდილი გვამი, საზარელი სანახავი იყო, მაგრამ იმაზე საშინელი მაინც არ იყო, როგორც წეღან სურათებზე ნახა. 
ფოტოზე გამოსახული მსხვერპლი, სკამზე ოდნავ მოხრილი იჯდა. პირში სანადირო თოფის ლულა ჰქონდა ჩაჩრილი და მისი სახიდან, მხოლოდ პირი იყო დარჩენილი, თავის უკანა ქალა, საერთოდ აღარ ჰქონდა. ცალი ფეხსაცმელი, წინდიანად იქვე ეგდო, ხოლო შიშველი ფეხის ცერი, ჩახმახში ჰქონდა ჩაჩურთული. 
ფიფოს თავიდანვე ეუცნაურა ეს სცენა, მაგრამ რადგან ისეთნაირად დაუმტკიცეს, თვითმკვლელობაა და საქმე უკვე დახურულიაო, რომ ნაწყენ გულზე დიდი მნიშვნელობა აღარ მიუნიჭებია. 
ახლა კი, ჩაფიქრებული ათვალიერებდა გვამს და მოულოდნელად, საკმაოდ მწყრალად ამოხედა მედ.ექსპერტს:
- ეს რა არის?!
გვამს მაჯებზე აშკარად გამოხატული ზოლები ჰქონდა. 
მედ.ექსპერტი შეცბა და თავის მართლებას შეეცადა: 
- ზოგჯერ სილურჯე მაშინათვე არ ჩანს. რამდენიმე საათში უფრო გამოიკვეთება ხოლმე და თანაც, მაშინ... 
- კარგი! - გააწყვეტინა ფიფომ. - მაშინ რა იყო, არ მაინტერესებს! 
ქალი უკმაყოფილოდ დაიჯღანა. 
- ახლა რასაც ვხედავთ, - განაგრძო ფიფომ. - ეს რა შეიძლება იყოს? რის ნაკვალევია მაჯებზე? ხელები გაკრული თუ ჰქონდა, სიკვდილის მერე თავად შეიხსნა? აბა ნახე კარგად, რა ტიპის ნაჭდევია.
ქალი გულდასმით შეუდგა გვამის დათვალიერებას. საშინლად აღიზიანებდა ჯერ თვითონ ფიფოს იქ ყოფნაც და ახლა ყველაზე მეტად კი, ვიღაც ლაწირაკის თვალწინ დამცირება, რომ ასე ზერელედ ჰქონია, თურმე ჩატარებული გვამის კვლევა. 
თუმცა, ფიფოს შენიშვნა, ტყუილი სულაც არ აღმოჩნდა და ცოტა ხანში, მედ.ექსპერტმა დასკვნების გამოტანაც დაიწყო: 
- მაჯები, რაღაც ძალიან თანაბარი ზოლია, იმდენად ერთიანი სისქის, რომ ეს თოკი არაფრით არ იქნებოდა და არც რამე თასმა. ლითონის სიმს უფრო უნდა ჰგავდეს, მაგრამ არა რაღაც ინსრუმენტსის, რადგან ბევრად უფრო მსხვილია და თანაც, ერთიანი. 
- ესე იგი, რაღაც ლითონის რგოლი უფრო შეიძლებოდა ჰქონოდა შემოხვეული, არა? ვიდრე სხვა რამ. - ჩაეკითხა ფსიქოლოგი. 
ქალმა უხმოდ დაუქნია თავი და განაგრძო: 
- მართლა რაღაც რკინის რგოლს უნდა გავდეს, გარეთა მხრიდან ერთი სრული ზოლი აქვს შიგნიდან ორი ზოლი და... - ქალი გაჩუმდა და დამნაშავის სახით შეხედა ფიფოს. 
- გასაგებია! ჰმ, ხელბორკილები! - მწარედ აღნიშნა ფიფომ.
- რა? პოლიციელია გარეული მკვლელობაში? - ჩაერია ფსიქოლოგი. 
- ბორკილების გამო, მასეც ნუ ვიფიქრებთ. - დაურთო ექსპერტმა. 
- ახლა ეს ფეხის ცერი ნახე? ზედმეტად ჩალურჯებული ხომ არ არის? 
- კი არის! თითქოს... - მედ.ექსპერტი კვლავ აიწურა, ამ ბოლო რამდენიმე წუთის მანძილზე, უკვე მეორედ გამოჭირეს ზერელობაში და თან, ვინ? მისმა ყოფილმა საყვარელმა, რომლის დანახვასაც უკვე ასე ვეღარ იტანდა და თუმცა, რას ერჩოდა? ყველაფერი მისი ბრალი იყო, თვითონ აცხოვრა ტყუილში.
- რა თითქოს? 
ფიფოს კითხვამ, ქალი მწარე ფიქრებიდან გამოარკვია. 
- ზემოდან აწვებოდნენ? - კვლავ ჩაეკითხა ფიფო. 
- ჰო. თავი დაუქნია ქალმა. - ზეწოლა, როგორც ქვემოდან ასევე ზემოდანაც, ერთდროულად განიცადა თითმა. 
ფიფომ მწყრალად გახედა და კვლავ გვამის დათვალიერებას მოჰყვა.
- ფიფო, შენც ხომ იცი, რომ ზოგიერთი კვალი მაშინათვე არც ჩანს. - მედ.ექსპერტი კვლავ თავის მართლებას მოჰყვა. - და მერე უფრო თვალსაჩინო ხდება. 
- მერე რა გეჩქარებოდა? - ცივად მიახალა ფიფომ. - ჯერ გვამის პირველადი დათვალიერების დასკვნა უნდა ამოგეტანა, სადაც როგორც ყოველთვის მითითებული უნდა იყოს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ, პირველადი იყო და მერე, მოგვიანებით, უფრო გულდასმით უნდა გაგეგრძელებინა მუშაობა და რას მახსნევინებ? არც იმდენად გამოუცდელი ხარ და არ გეკადრება ამდენი ზერელობა. 
ქალი საშინლად აილეწა. ფიფო მართალი იყო და ამას, სხვისი თანდასწრებით უფრო იმიტომ აკეთებდა, რომ ალბათ ძველ ბოღმასაც ანთხევდა. 
- კარგი. - ფიფომ ხმა შეარბილა. - გვიანია. წადი სახლში, ბავშვიც ცოდოა.
- ხვალ უფრო გულდასმით დავათვალიერებ. - მიუგო ქალმა, რომელსაც აშკარად მოეშვა გულზე. - ახლა მართლაც საშინლად ვარ დაღლილი. 
- ხვალ საღამომდე, ექსპერტიზის დასკვნა მაგიდაზე უნდა მქონდეს! - მკაცრი ხმით წარმოსთქვა ფიფომ და იქაურობა დატოვა. 
ფსიქოლოგი ისევ ფეხდაფეხ დაედევნა. 
- მომეჩვენა, თუ თქვენ ორს შორის, რაღაც ხდება? 
- არ მოგეჩვენა! - მიუგო ფიფომ. - თუმცა, უკვე მოხდა! დიდი ხნის წინ და ახლა კი, აღარაფერიც აღარ ხდება! 
ფიფო დიდი ნაბიჯებით მიაბიჯებდა დერეფანში. ფსიქოლოგი ძლივს ეწეოდა და თან გასაუბრებას ცდილობდა: 
- და მაინც, რამ გაფიქრებინათ, რომ ეს შემთხვევა, თვითმკვლელობა კი არა, არამედ მკვლელობა შეიძლებოდა ყოფილიყო? 
- პირველ რიგში, მისი პოზა! - მიუგო ფიფომ. - როგორ იჯდა! სანადირო თოფი პირში დაიხალა და კიდევ მოხრილად იჯდა სკამზე? თუ გაკრული იყო? გაკავებული და ამიტომ სროლის ძალამ გვერდითაც კი არ გადააგდო, პოზაც კი არ შეუცვალა. აი ეს იყო პირველ რიგში, თვალში საცემი და მერე სხვადასხვა წვრილმანებმაც ჩამაფიქრა.
- მაინც, რომელმა წვრილმანებმა? - არ მოეშვა ფსიქოლოგი. 
- აი თუნდაც, რატომ დამიბარეს გახსნილი საქმის გამო? ალბათ, სხვებსაც შეეპარათ ეჭვი და ჩემით უნდათ გადაამოწმონ! და კიდევ, თვის ბოლო შაბათიც. - ჩაეღიმა ფიფოს. 
- და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მკვლელობაც, იმ სერიული მკვლელის ნამოქმედარია? 
- ვერაფერს ვფიქრობ, ჯერ. - თავი გააქნია ფიფომ. - რადგან არანაირად არ ჰგავს მის ხელწერას. მხოლოდ შაბათი ემთხვევა და მარტო ამაზე, ხომ ვერ დავეყრდნობი? 
- და ხომ შეიძლება, რომ მკვლელმა ხელწერა შეიცვალოს? 
- სრულიად შესაძლებელია! - კვერი დაუკრა ფიფომ. 
- მკვლელის ხელწერა, როგორც ასეთი. - დაიწყო ახსნა ფსიქოლოგმა. - ჯერ თავიდან მისთვის ხელსაყრელი სიტუაციიდან, თუ ქმედებიდან გამომდინარეობს, მერე მოსწონს ეს ვარიანტი, უფრო დახვეწავს და რადგან სწორედ მისთვის მართლაც ხელსაყრელი და ადვილი გადმოდგა და თუ კი, სურს რომ მიგვანიშნოს, ეს ნამდვილად მე ვარო, მაშინ ეცდება რომ არ შეცვალოს, მაგრამ თუ დროს გაწელვა უნდა, რადგანაც საფრთხე იგრძნო, მაშინ იძულებულიცაა და მისი მხრიდან ჭკვიანურიც არის, რომ შეიცვალოს ჩვევა და ხელწერაც. 
- და? - ჩააშტერდა ფიფო სახეში. 
მშვენივრად მიუხვდა, ბიჭი კიდევ რაღაცას ეჭვობდა, მაგრამ რას? თუმცა, ფაქტიურად პირდაპირ მიანიშნა, რომ რადგან მკვლელმა საფრთხე იგრძნოო, ესე იგი, უკვე გყავს ეჭვმიტანილიცო. 
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ახალგაზრდამ. - რადგან საფრთხე იგრძნო, ესე იგი, ახლოს ხართ და შეიძლება, თქვენ თავადაც არც კი იცოდეთ, თუ რამდენად ახლოს. 
- შეიძლება. - თავი დაუქნია ფიფომ და ამ ლაწირაკი ბიჭის ასეთ გამჭრიახობაზე გულში ჩაეღიმა. 
- დანაშაულის ადგილის დათვალიერებას არ აპირებთ? 
- როგორ არა! - მიუგო ფიფომ. - მაგრამ ხვალ დილიდან შევუდგები. საჩქარო უკვე ისედაც აღარ არის, არაფრის მოძიების იმედიც აღარ მაქვს, იქაურობა მაინც გადათელილი დამხვდება! 
ფიფო წამოდგა. 
ფსიქოლოგიც მიხვდა, უკვე წასვლის დრო იყო. 
- დიდი მადლობა, დღევანდელი საღამოსთვის. წარმატებებს გისურვებთ! - მიუგო ღიმილით ახალგაზრდამ და კარისკენ ზანტად გაემართა, თითქოს წასვლაც არ უნდოდა. 
- ხვალ დილის ცხრა საათიდან, აქ ვიქნები! - დააწია ფიფომ ხმა. 
ბიჭს თვალები სიხარულით აენთო. ფიფო გამოძიებაზე იხმობდა. 
LEX. 2017 წლის 18 ოქტომბერი, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment