Thursday, September 2, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 123)

123. 
მიმის ხალისი და სიმტკიცე შეემატა. ახლა უფრო მეტად სჯეროდა, რომ ფიფო საბოლოოდ არ მიატოვებდა და მაინც ფეხზე დადგებოდა. გულში რაღაც შეუცნობელ სიხარულს გრძნობდა და არც კი იცოდა, ეს ეიფორია ზუსტად რატომ წამოვიდა. 
- რა მიხარია, არც კი ვიცი. - ცალყბად ეღიმებოდა მიმის. - ერთადერთი, მართლაც სასიხარულო ის მაქვს, რომ ბავშვს ველოდები და დანარჩენი კი, მტერსაც რომ არ ვუსურვებ, ისეა ყველაფერი ჩემს ირგვლივ. 
- მიუხედავად ყველაფრისა, ახლა უფრო მშვიდი სახე გაქვს. - მიუგო ჩუკიმ. 
- უსაყვარლესი ადამიანი, სიკვდილს ებრძვის და ვერაფერს ვაკეთებ მისთვის! აქეთ დედაჩემი, ძლივს დავაყენე ფეხზე და უცებ აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი და ჩემთვის საერთოდაც არ შეიძლება ნერვიულობა და ამის მერე, სრულიად მოულოდნელად ვიგებ, რომ თურმე! აყვანილი ვარ და არც კი ვიცი ვინ ვარ, საიდან მოვდივარ და ისიც კი არ ვიცი, სინამდვილეში როდის არის ჩემი დაბადების დღე!
პასუხად ჩუკიმ გაუღიმა, ან რა უნდა ეთქვა? მიმის დარდს, მხოლოდ სანუგეშო სიტყვები სულაც არ სჭირდებოდა. 
- საშინელი შეგრძნება იყო, როცა გავათვითცნობიერე, რომ არ ვიცი ვინ ვარ, ესე იგი, არ ვარსებობ? - მიმიმ თავი გააქნია. - კინაღამ ჭკუიდან გადავედი და უცებ... არ ვიცი... გზაში, ფიფოსთან რომ მოვქროდი, რაღაც ისეთი სიხარული ვიგრძენი, ასე მეგონა რომ ფიფომ იცის, რომ მოვდივარ და თავადაც უხარია, მელოდება, ერთი სული აქვს, როდის შევაღებ პალატის კარს! 
- მშვენიერია, ასე რომ ფიქრობ! - მოუწონა ჩუკიმ. - ჩვენ არ ვიცით ხვალ რა იქნება, მაგრამ წინასწარ გლოვა და გოდება, იმისა რაც არც კი ვიცით და არავინ უწყის, თუ როგორ დამთავრდება, ეს ნამდვილად არ შეიძლება. 
- ოპტიმიზმი და შემართება კარგია, მაგრამ მერე რომ არ გაამართლოს? და ეს ამდენი შეგონებაც ამაო იქნება და ფუჭადაც ჩაივლის. - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- კი, მასეც ხდება ხოლმე. - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - ზოგჯერ, ასი პროცენტით ხარ დარწმუნებული, გჯერა, მაგრამ მერე არც არაფერი გამოსულა, თუმცა მინდა გითხრა, რომ ხშირად ოპტიმიზმით გამსჭვალულთ, მინიმუმ სამოცდაათი პროცენტი, მაინც უმართლებთ და მართლა ასეა ეს! 
- ჰმ, სამოცდაათი? - ჩაეღიმა მიმის. - იყოს, სამოცდაათი! თანახმა ვარ, ოღონდაც ფიფო გონზე მოვიდეს და იმ დანარჩენ ოცდაათ პროცენტს მე მივხედავ, ყველაფერს გავაკეთებ მაგისთვის! - მიმის თვალები აევსო. - შენ, არ იცი, ფიფო ჩემთვის რამდენს ნიშნავს! არავინ არ იცის! 
- აი, სწორედ, ამიტომაც უნდა გჯეროდეს, იმ სამოცდაათი პროცენტის და იქნებ, სულაც ოთხმოცია? ან ასი? მაგრამ მთავარია, გწამდეს და დარწმუნებული იყო! 
- ეჰ, მამაჩემი რომ ცუდად იყო, ოდნავადაც კი ვერ ვუშვებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მის გარეშე მოგვიწევდა მე და დედას ცხოვრება. ისეთი დარწმუნებული ვიყავით, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ... - მიმის ღაპაღუპით ცვიოდა ცრემლები. 
- ყოველთვის მართლაც არ ამართლებს ის რწმენა, მაგრამ წინასწარ მაინც არ უნდა იგლოვო ცოცხალი ადამიანი. ფიფო, ცოცხალია! ცოცხალია და მას, ყველაფერი ესმის და გრძნობს! 
- ჩამოვუჯდები საწოლთან და იმდენ რამეს ვუყვები. - მიმის ცრემლიანი თვალებით გაეღიმა. - ნეტა, მართლა ესმის? 
- ჰო, მართლა. - თავი დაუქნია ჩუკიმ. - იცი, ფიფომ მართლა იგრძნო, შენ რომ გზაში იყავი და მასთან მიჰქროდი! მართლა მასეა, რადგან ჩვენი ფიქრები, სულ ერთი წამითაც რომ გაიფიქრებ, ისიც კი კოსმოსში მიდის და უკან ორმაგად გიბრუნდება, ვისზეც გაიფიქრებ, მასთანაც მიდის შენი ნაფიქრალი და ისიც გრძნობს ამას და ის შეუცნობელი რაღაც შეგრძნება, ამიტომაც დაგემართა ასე გზაში! 
- ჰმ, რა საოცარია. 
- ჰო, მასეა, შენ გაუშვი ფიქრები ფიფოსთან და მანაც მიიღო, მერე კი სიხარულით დაგიბრუნა. 
- ჰო, რაღაც საოცარი სითბო ვიგრძენი და მთელს სხეულში დამიარა, რომ იტყვიან ხოლმე, გულში სითბო ჩაიღვარაო, ზუსტად ასე იყო. 
- დიახაც, ზუსტად მასე იყო, როგორ სწორად აღიქვი, ყოჩაღ შენ! - შეაქო ჩუკიმ. - ძალიან მაგარი გოგო ხარ, რომ ასე უმკლავდები დარდს და არა მარტო, დარდს. 
- სხვა რა დამრჩენია? არ მაქვს ყურების ჩამოყრის უფლება. - მიმიმ თბილად გაუღიმა. 
- აი, ამიტომაც არ შეიძლება ცუდზე ფიქრი. შენი ფიქრი მიდის კოსმოსში სადღაც პლანეტების იქეთ, სადღაც ასტრალში გადის, მაგრამ კი არ იკარგება, არამედ ექოსავით გამეორებული ორმაგად გიბრუნდება უკან. 
- ჰმ. 
- ჰოდა, იფიქრე პოზიტიურად და ორმაგად დაგიბრუნდება უკან! 
- ნეტა, მართლა. - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- დიახ, მართლა! და იმ ამბებზე, რა ხდება? მგონი, რაღაც გაარკვიე, ხომ? 
- არც, არაფერი! - თავი გააქნია მიმიმ! - მხოლოდ იმის გაგება შევძელი, რომ თურმე ზამთარში დავიბადე, დაბადების წელი ზუსტია, თვე კი იანვარის შუა რიცხვები და ესეც ზუსტად არ ვიცი. 
- და ზუსტად, რატომ არ გითხრეს? 
- ერთი კვირის ვყოფილვარ, რომ ამიყვანეს. ჩემებს ასე სჯერათ, თუმცა იქნებ, ათი დღის ვიყავი? ან სულაც ორი კვირის? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - და თუ მოპარული ვარ, კვალის არევის მიზნით, ჩემებს არც ეტყოდნენ ზუსტ თარიღს. 
- და თუ არ ხარ მოპარული, მაშინ? 
- მაშინაც იგივე ვარიანტი, კვალის არევა. 
- ჰო, ალბათ. - თავი დაუქნია ჩუკიმ. 
- მით უმეტეს თუ, იმ ექთანს ათასი მანეთი კიდევ ცალკე მოუთხოვია, საბუთში კი ეს არ წერია. 
- ჰოო, მაშინ უფრო დასაშვებია. 
- მე კი, დიმეოზე უფრო ვდარდობ ახლა. წლები გავა და საკუთარი სისხლი და ხორცი რომ მოიყვანოს ცოლად, მერე რაღა ვქნათ? 
- სანამ ცოლად მოიყვანს, მანამდე დნმ-ს ტესტი უნდა ჩააბარებინოთ სარძლოს. - ღიმილით მიუგო ჩუკიმ და მიმისაც გულიანად გაეცინა. 
- და შენ რა გაიგე? 
- მეც ბევრი ვერაფერი. - ჩუკიმ ცალყბად გაუღიმა. - სადაც ის ექთანი მუშაობდა, იმ სამშობიაროში, არც იმ თვეში, შენ რომ ვითომ და დაიბადე და არც იანვრის თვეში, როცა ის საბუთია შედგენილი, ოფიციალურად არც არავინ გაუშვილებიათ და არც მიუტოვებიათ. 
- და აბა? 
- შესაძლებელია, სპეციალურადაც არ დაფიქსირდა არც შენი დაბადება და არც გაშვილება, რადგან გასაყიდად გაგამწესეს და არც იმდენად ცოტა თანხა მიიღეს. 
- შეიძლება. 
- ან, სულ სხვაგან დაიბადე და მერე კვალის არევის მიზნით, შენებს ასე უთხრეს და მათაც ეგონათ, რომ სწორედ იმ სამშობიაროდან აგიყვანეს, სადაც ვითომ და დაიბადე. ასე ცვლიდნენ ერთ დროს ბავშვებს, სხვადასხვა სამშობიაროებიდან, გადაჰყავდათ და გადმოჰყავდათ, რომ კვალი კარგად დაეფარათ.
- ღმერთო ჩემო! რა ჩახლართულია ყველაფერი! 
- მაინც ჯერ კიდევ, მივყვები კვალის. კვალი კი ჯერ ისევ ის, გარდაცვლილი ექთანია, სამშობიაროს არქივიც მოვითხოვე, სადაც სიმართლის წიგნია. 
- რა წიგნი? 
- ყველა სამშობიაროს უნდა ჰქონოდა, წესით და კანონით, სადაც ყოველ დაბადებულ ჩვილზე ზუსტი ინფორმაცია. ისიც კი, ვისზე გაშვილდა. ნებით დატოვეს თუ არ დატოვეს და სახლში წაიყვანეს, მკვდრად შობილებზეც და გარდაცვლილ ჩვილებზეც კი არის ინფორმაცია. 
- ჰოდა, მერე? - მიმის იმედი მიეცა. 
- არაფერი. - ჩუკიმ ნაღვლიანად გააქნია თავი. - იმ სამშობიაროს არქივი, რომელიც სარდაფში ინახებოდა, დაიტბორა და თუ რამე იყო, განადგურდა და შენ წარმოიდგინე, რომ ასევე, დიმეოს სკოლის დირექტორს, რომელმაც სულ სხვა წლებში და თანაც სხვადასხვა ადგილას გააჩინა შვილები, იმ სამშობიარო სახლებშიც, ზუსტად ანალოგიური სიტუაცია დამხვდა.
- მართლა როგორ ჩალით არის ეს ქვეყანა დაფარული! - აღმოხდა მიმის. 
- მე მაინც გავაგრძელებ ძიებას, შენ მაგაზე არ იდარდო. 
- რა აზრი აქვს, რომ ვიდარდო? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. 
- ძალიან კარგია, თუ ნაკლებს იდარდებ, მაშინ ერთ კარგ რჩევას მოგცემ!
- გისმენ. - ნაღვლიანად ჩაეღიმა მიმის. 
- გაიკეთე დნმ-ს ტესტი და გააგზავნე საერთაშორისო ბაზაში. იქ ძალიან დიდ ხანს ინახება. აუცილებლად მოგივა პასუხი, რომელიმე ნათესავზე მაინც, შეიძლება სულაც, ერთი კი არა, უამრავი ნათესავები გამოგიჩნდეს და ასევე შენი გენეტიკის საკმაოდ სრული და ზუსტი ჩამონათვალიც გექნება შენს წარმომავლობაზე. შთამომავლობით გადმოცემული ნებისმიერი რამ აისახება იმ ტესტში. 
- და ბიოლოგიურ მშობლებსაც ვიპოვნი?! - მიმის თვალები გაუბრწყინდა. 
- იპოვნი, იმ შემთხვევაში, თუ მათაც აქვთ ეს ტესტი ჩაბარებული. 
- და თუ არა აქვთ? - მიმიმ მოიწყინა. 
- უნდა ვივარაუდოდ, რომ ვინმე ნათესავს, ბიძაშვილს, ნუთუ ერთს მაინც არ ექნება გაკეთებული ტესტი? 
- ნეტა, მართლა. - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- მერე იმ ნათესავს მოვიძიებთ! ამაშიც დაგეხმარები, აბა ასე შუა გზაში, ხომ არ მიგატოვებ? 
პასუხად მიმის კვლავ ნაღვლიანად გაეღიმა. 
- და ამის მერე, შენს ბიოლოგიურ მშობლებზეც, სრულიად ადვილი შესაძლებელია რომ გავიდეთ. 
- იმ მშობლებზე, რომელთაც გადამაგდეს და გამყიდეს. - დაურთო მიმიმ. 
- ნურავის განსჯი წინასწარ. - მიუგო ჩუკიმ. - იქნებ, არც გაუყიდიხარ და ისე დაგტოვა? იქნებ, ხურდაც კი არ აუღია შენში? 
- და ყველაფერი, შუამავლებმა დაინაწილეს? ჰმ. - ჩაეღიმა მიმის. 
- სრულიად შესაძლებელია! - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - და სხვა ვარიანტსაც გადავხედოთ! იქნებ სულაც, მოპარული ხარ? მშობლებს კი, შენი დასამარხი გამოსასყიდიც კი გამოართვეს და იქნებ, ისიც კი უთხრეს, ბიჭი იყოო და ვინ იცის, ახლა რომ ეს ამხელა კრიმინალი გამოაშკარავდა, შენი მშობლები, მოპარულ ბიჭს ეძებენ გოგოს ნაცვლად! 
- რა საშინელებაა! 
- ამიტომაც, რადგან ჯერ სიმართლე არც კი ვიცით, წინასწარ ნურც ნურავის განსჯი და ნურც ზედმეტად ივიშვიშებ, ხომ იცი? დარდი არაფერ კარგს არ მოგიტანს. 

 *** 
დიმეომ კვლავ ძანესთან მოინდომა დარჩენა და აბა, რა? სხვენის კარი ჰქონდა ჩასაკეტი და ამას ძანეს გარეშე, ვერც გააკეთებდა და თანაც, მხოლოდ ღამით შეიძლებოდა ეს. 
- დედასთან სულ აღარ გინდა? - ნაღვლიანი ღიმილით აღნიშნა მიმიმ. 
- როგორ არ მინდა! - მიუგო დიმეომ. - მაგრამ მე ჩვენს სახლში მინდა და თან, მამიკოც რომ იყოს. 
- დაგვიბრუნდება, მამიკო! აუცილებლად დაგვიბრუნდება! - მიმიმ ბავშვის სახე ხელებში მოიქცია. - იცი, დღეს რა სასწაული დამემართა? გზაში ვიგრძენი, რომ ფიფომ იცოდა, მასთან რომ მივქროდი, უხაროდა მელოდა და ისე ძლიერად ვიგრძენი, რომ ვერ კი წარმოიდგენ! ალბათ, არავინ დამიჯერებს შენს მეტი, თუმცა ჩუკიმაც მითხრა, მართლა მასე იქნებოდაო. 
- მე მჯერა დედა. - დიმეო დედას მოეხვია. - ამიტომ მეც სულ ველაპარაკები, მაშინაც კი როცა პალატაში არ ვარ, ჩემს ფიქრებში ვესაუბრები და ვიცი, რომ ესმის ჩემი! 
- ჰო, მასეა, შვილო, მასე! - მიმიმ ბავშვი გულში ჩაიკრა. - რა ბედნიერებაა, რომ შენ მყავხარ, შენზე კარგად ვერავინ გამიგებს, აბა მარტო მე, ამდენ დარდს, როგორ მოვერევი? 
- ყველაფერი კარგად იქნება. მამიკო მალე უნდა დაგვიბრუნდეს, არა აქვს უფლება, რომ ასე მიგვატოვოს! 
- ჰო! არა აქვს უფლება ფიფოს! არ უნდა მიგვატოვოს! - მიმიმ ბავშვი ჩაკოცნა. 
- კარგი დეე, პატარა ხომ არ ვარ? 
- ჩემთვის, ყოველთვის ერთი ციდა იქნები და მორჩა! - გაეცინა მიმის. - ესე იგი, ბებოებთან ყოფნას, ძანესთან გირჩევნია? 
- რა თქმა უნდა! 
- იყოს მიმი, შვილო. - გამოექომაგა ძანეს ბებია. - სადაც ურჩევნია, იქ იყოს. 
პასუხად მიმის გაეღიმა. 
- ისე, კარგად ერთობიან ერთად. - განაგრძო ბებიამ. - ძანესთვის დიმეო, ერთადერთი და თანაც პირველი და განუყრელი მეგობარია და მერე დიმეოსაც ხომ ხედავ, როგორ მოსწონს აქაურობა. 
- უნდა მოსწონდეს, აბა რა? - ჩაერია ბაბუ. - თავისი სახლია და უნდა უყვარდეს აქურობაც. 
- ეს ძანეს სახლია! - დიმეო ისე ჩაერთო, თითქოს ძანეს, ვინმე სახლს ართმევდეს და დაცვა სჭირდებოდა. 
- მე მაქვს ჩემი სახლი, ეს ძანესია. 
- აბა, რაა, ბაბუ, შენ შენი მშობლების სახლიც გაქვს, იქეთ ბებოების და აქაც შენი სახლია, შენი და ძანესი, ორივესი! - კვერი დაუკრა ბაბუმ. 
- ძმები ვართ. - დაუდასტურა ძანემ, თავისი ჩვეული ფრაზით. 
- ჰოდა, ვრჩები დღეს აქ! გამოაცხადა დიმეომ. - ხვალ წამოვალ შენთან. 
- კარგი. - გაეღიმა მიმის. 
- დარჩები? - ძანემ დიმეოს გახედა. 
- კი, ვრჩები. - მიუგო დიმეომ. 
ძანე სიხარულისგან ისე ძლიერად ჩაეკრო დიმეოს, რომ ლამის ბიჭს სუნთქვა შეეკრა. 
ყველას გაეცინა. 
- აბა, ამათი დაშორება, შეიძლება? - ჩაურთო ბებიამ.
- არ ვაშორებ. - ეცინებოდა მიმის. - მეც მინდა ჩემი შვილი, ხანდახან. 
- ხომ გეყოლება კიდევ და ის იყოს შენი. - მიუგო დიმეომ. 
- დედიი, ეჭვიანობ? არ გრცხვენია? - ნაღვლიანად მიუგო მიმიმ. 
- ბებო. - მიმართა ძანეს ბებიამ. - მე თქვენ ორივე, ისე ძალიან მიყვარხართ, ასარჩევად რომ დამიდგეს საქმე, ვერც ერთს ვერ გამოგარჩევთ. 
დიმეო უხერხულად აიწურა. მიხვდა, ზედმეტი მოუვიდა, სადღაც გულში, თვითონაც რომ ვერ ათვითცნობიერებდა, ისე ეჭვიანობდა კიდევაც მომავალ დაიკოზე თუ ძამიკოზე. 
- პატარას უფრო მეტი ყურადღება უნდა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შენ აღარ მიყვარდე? - შენიშნა მიმიმ. - შენ და ძანე, განა ორივე ჩემები არ ხართ? და ეს მესამე, რომელმაც ალბათ არც კი იცის, რომ უნდა მოევლინოს ამ ქვეყნად და უკვე მისი უფროსი ძმა, ეჭვიანობს? 
დიმეოს ახლა უფრო მეტად შერცხვა. 
- თქვენი იმედი მაქვს ბიჭებო! - მიმიმ ახლა ორივეს მიმართა. - თქვენ უნდა დამეხმაროთ ამ ბავშვის გაზრდაში, რადგან ფიფო როცა გამოფხიზლდება, ერთი იმდენი, კიდევ უნდა გადავიტანოთ, სანამ ფეხზე დავაყენებთ და სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდება და ასე თუ იეჭვიანე, რა გამოვა?
- რა გამოვა და არც არაფერი გამოვა! - ჩაერია ბაბუ. - ამას უკვე ოჯახი აღარ ერქმევა და იქნება ცალ-ცალკე, გაბუტული და დაბოღმილი ხალხი და მერე, გვინდა ახლა ჩვენ ეს? ჰა? რას იტყვი ძანე, ბაბუ? გინდა დიმეო რომ გაგებუტოს? 
- არა! არა! - მაშინვე მიუგო ძანემ. - ჩვენ ძმები ვართ. 
- აი, ყოჩაღ! - განაგრძო ბაბუმ. - აბა, ძმების გაბუტვა და ეჭვიანობა, როგორ შეიძლება? 
- იქნებ გოგოა? - წაიბურდღუნა დიმეომ. 
- მერე? მით უმეტეს! - გაეცინა ბაბუს. - ორ ძმას, ის ერთი პატარა დაიკო გეყოლებათ სამწყემსი და მიხედეთ მერე! დიდი ამბავი! 
ყველას გულიანად ეცინებოდა და დიმეოც აღარ იბღუზებოდა, თუმცა მისი ფიქრები მაინც სულ სხვაგან დაჰქროდა და ახლა, ერთი სული ჰქონდა, როდის დაღამდებოდა და როდისღა ბოლოს და ბოლოს ჩაკეტავდა იმ კარს. 
საღამოსკენ ვახშამზე, დიმეომ ვითომდა ძანეს სახუმაროდ, მოულოდნელად წამოისროლა: 
- ძანე, ბოლომდე მოასუფთავე თეფში, თორემ ზემოთ რომ დიდი ბებო ცხოვრობს, ეწყინება და გაგებუტება!
ძანემ გაოცებული თვალები შეანათა, თითქოს საყვედურობდა, ჩვენი საიდუმლო რატომ გაამჟღავნეო და ამავე დროს, არც ბებო და ბაბუ ჩავარდნენ კარგ დღეში. 
ბებოს წვნიანით სასვე თეფში გაუვარდა, ბაბუს ლუკმა გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო ხველებით. თუმცა ბებო, წამსვე მოეგო გონს და მთელი ყურადღება ბაბუზე გადაიტანა და საყვედურებიც არ დააკლო: 
- ცოტა ნელა ჭამე! ვინ მოგდევს? - ვიშვიშებდა ქალი. - ან ამხელა ლუკმებს რომ ყლაპავ, რა გგონია? შენ მეტი შეგხვდება?! 
ბებია ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მეტი ყურადღება გადაეტანა კაცზე. ბიჭებს სათითაოდ მოატანინა ცივი წყალი და ასე „მოასულიერეს“, ლამის დამხრჩვალი კაცი. 
ძანე, ვერაფერს მიხვდა, როგორც კი ბაბუმ ხველა ატეხა, მაშინვე გადაავიწყდა დიმეოს სიტყვები და ახლა მთელი ყურადღება, ბაბუს „გამოჯანმრთელებისკენ“ იყო მიმართული. 
ძანესგან განსხვავებით, დიმეო კი ყველაფერს მიხვდა. ბაბუმ სპეციალურად ატეხა ხველა, რომ ყურადღება მიეპყრო და მშვენივრად გამოუვიდა კიდეც, მაგრამ აი, ბებოს კი, მართლაც გაუვარდა თეფში. 
„ვერაფერი გავიგე.“ 
ფიქრობდა ბავშვი. 
„ნამდვილად იქ ზემოთ, რაღაც ხდება, მაგრამ ნუთუ მართლა, იქ ვინმე ცხოვრობს და მერე, როგორ? რანაირად? 
და იქნებ, გალიაშია გამომწყვდეული და როგორც იქ დაგვროვილი ნივთების ნაწილს, იმ გალიასაც ზეწარი აქვს გადაფარებული? მერე რატომ არ ამოიღო ხმა, მე როცა შევედი? ფარნითაც კარგად მივანათე ლამის ყველგან, მაგრამ არავინ ჩანდა. 
იქნებ, პირი აქვს აკრული?“ 
დიმეს ტანში ცივად გასცრა, ეს ყველაფერი რომ წარმოიდგინა. აბა, მართლა როგორი წარმოსადგენი იყო, ვიღაც საცოდავი მოხუცი, ძველ ნივთებთან ერთად, მტვერში და ნაგავში გალიაში გამომწყვდეული და თანაც, პირ აკრული. 
„არა, არა! რა სისულელეა?!“ 
კვლავ გაიფიქრა ბიჭმა. 
„ადამიანის და გინდაც ცხოველის ასე ჩაკეტვა, ეს ხომ ბოროტებაა?! 
არა! არა! ამას ვერ დავიჯერებ, რომ ძანეს ბებო და ბაბუ ასეთი ბოროტები არიან. სისულელეა ეს ყველაფერი. ალბათ, მეც რაღაც კარგად ვერ გავიგე.“
ფიქრობდა ბიჭი და წიგნში თავი ისე ჩაერგო, თითქოს მართლაც კითხულობდა. 
- ბაბუ, რას აკეთებ? - შეეხმიანა ბაბუ. 
- ვმეცადინეობ! - მყისვე მიუგო ბიჭმა. 
- ჰმ, მართლა? - ჩაეცინა ბაბუს. - მერე ამდენი ხანი, ერთ გვერდს დაჰყურებ, რას სწავლობ ამისთანას? 
დიმეო ახლაღა გამოფხიზლდა, ფიქრებმა ისე შორს წაიყვანეს, რომ ისიც კი არ შეუმჩნევია, წიგნიც უკუღმა ეჭირა და ალბათ, ბაბუც მიუხვდა, რომ ბიჭს რაღაც აწუხებდა. 
- იცი, ბაბუ. - მოხუცი დიმეოსკენ წამოვიდა. 
ბიჭმა მაშინვე დახურა წიგნი და გვერდით გადადო. 
- თუ რამეს ვერ გაიგებ, ხომ იცი? უნდა მკითხო. - განაგრძო მოხუცმა. - მათემატიკაა? აბა ვნახოთ, რა ვერ გაიგე? 
კაცმა წიგნის ასაღებად გაიშვირა ხელი. 
დიმეო დაბნეულივით იყო, არც კი შეუხედავს, თუ რა წიგნი ეჭირა ხელში. 
- უჰ. ისტორია ყოფილა. - ბაბუმ წიგნს გადახედა. - ამდენი ხანი, ერთ გვერდზე რომ იყავი ჩაკირკიტებული, ვიფიქრე, რაღაც ვერ გაიგოო. 
- ისტორიაა. - მაშინვე მოეგო გონს ბიჭი. - და ვცდილობდი, თარიღები კარგად დამემახსოვრებინა. - დიმეომ წიგნი ჩამოართვა. 
- მეგონა, დახმარება გჭირდებოდა. - მაინც თავი გამოიდო მოხუცმა. 
- მათემატიკა არ მიჭირს, პირიქით ეს ყველაზე ადვილი და სასიამოვნო საგანია ჩემთვის. 
- და საინტერესოც. - დაურთო ბაბუმ. 
- საინტერესოც არის, კი, თუმცა სხვა საგნები უფრო საინტერესოა. 
- კი ბაბუ, ისტორიაც ძალიან საინტერესოა. 
პასუხად დიმეომ გაუღიმა, თუმცა მშვენივრად მიხვდა, მოხუცი მასთან ისტორიაზე და მათემატიკაზე სალაპარაკოდ, სულაც იყო მისული. 
- ძანეს კიდევ კითხვა ვერ შევაყვარეთ. - ბაბუ ახლა მას გადასწვდა. 
- იმიტომ რომ ცუდად ხედავს და სათვალესაც არ იკეთებს. - დაიცვა დიმეომ. 
- კი, ბაბუ, მაგიტომაც, თუმცა ძანეს მარტო სათვალის პრობლემა არა აქვს, თვითონ კითხვაც უჭირს, სიტყვები და ასოები ერთმანეთში ებურდება, კითხვის უნარი აქვს დაქვეითებული, სხვა ყველა სიკეთესთან ერთად. - მოხუცმა ამოიხვნეშა. 
- კი ვიცი. - მიუგო დიმეომ. - დისლექსია ჰქვია მაგას და მე ვუკითხავ ხოლმე, რომელი წიგნიც უნდა, არ მეზარება. 
- აი, ყოჩაღ, ბაბუ. - შეაქო მოხუცმა. 
- ჩვენ ერთად ვკითხულობთ. - ჩაურთო ძანემ. - ძმები ვართ. 
- აბა, რაა! - კვერი დაუკრა ბაბუმ. - მხოლოდ ძალიან არ იხმაუროთ, ზემოთ ჭერის ანგელოზები არ დააფრთხოთ. - დაუმატა სიცილით და თან დიმეოს ჩააკვირდა სახეში. 
ბიჭმა თავი მოიკატუნა, ვითომდა ვერაფერს მიხვდა, სამაგიეროდ ძანემ გასცა პასუხი. 
- ზემოთ დიდი ბებო ცხოვრობს, მოხუცია შეწუხდება.
- ძანე რომ პატარა იყო. - ახლა ბებო მიეშველა ბაბუს. - მაშინ სულ სხვა სახლში ვცხოვრობდით და ზემოთ ერთი მოხუცი ქალი იყო, სულ დიდ ჯოხს გვიბრახუნებდა ჭერიდან, ვერ იტანდა ბავშვების ჟრიამულს. 
„ახლა ყველაფერი გასაგებია.“ 
როგორც იქნა, დიმეოს გულზე მოეშვა. 
- მერე როგორი სქელი ჯოხი იყოო???.. 
იცინოდნენ მოხუცები და სულ დეტალებში აღწერს იმ შავი სქელი ხელჯოხის ზომაც და ოქროსფრად მოვარაყებული სახელურიც და წარწერაც, რომელიც თურმე, იმ მოხუცი ბებოს მამის თუ ბაბუის საპატივცემულოდ იყო მიწერილი. 
- და რამდენჯერ მომხვედრია მეც ეგ ჯოხი. - ხითხითებდა ბაბუ. 
დიმეოსაც გულიანად ეცინებოდა, თუმცა მაინც სადღაც უკვირდა, რატომ უნდა მოხვედროდა ბაბუს ის ჯოხი?
საღამომ მშვენივრად ჩაიარა და ახლა იმ ღია დატოვებული ბოქლომის ჩასაკეტად, დაღამებას უცდიდა და ეს დროც მალე დადგა. 
მართალია უკვე ყველას ეძინა და იმ კარის ჩაკეტვის დრო დამდგარიყო, მაგრამ დიმეოსაც ისე ტკბილად ჩაეძინა, რომ თავის დადება ძლივს მოასწრო ბალიშზე. 
LEX. 2021 წლის 2 სექტემბერი,ხუთშაბათი.

No comments:

Post a Comment