Saturday, August 28, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 122)

122. 
თავიდან, დიმეო საშინლად გულმოსული იყო ძანეზე, მაგრამ მერე თანდათან, გადაუარა და უკვე აღარც ბრაზობდა მასზე. ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ეცინებოდა მწარედ, როგორ შტერივით დაუჯერა, ამ გულუბრყვილო ბიჭს, რომელსაც, მიუხედავად დიდი ასაკისა, მაინც პატარა ბავშვის ჭკუა ჰქონდა შერჩენილი. 
უკვე სადილობის დროც მოსულიყო, ადრიანი გაზაფხულის მზეც აივანს მოადგა და ბიჭებიც მზეს მისაფიცხებლად, გარეთ გავიდნენ. როგორც იქნა, მარტონი დარჩნენ. არავინ უსმენდათ. 
- შენ ყოფილხარ იქ, ზემოთ? - ფრთხილად შეაპარა კითხვა დიმეომ. 
- იქ არ შეიძლება. - ჩვეული ხმით მიუგო ძანემ. 
- მართალი ხარ, იქ არ შეიძლება. - ღიმილით დაუდასტურა დიმეომ. 
და ის იყო, უნდა ეთქვა, იქ იმიტომ არ შეიძლება, რომ ნაგავი და მტვერიაო, რომ ამ დროს ძანემ თავად დაასწრო: 
- იქ დიდი ბებო ცხოვრობს. 
- ვინ დიდი ბებო? - დიმეოს ჩაეღიმა და მაშინვე გაიფიქრა, იქნებ ძანეს ასე უყვებოდნენ, რომ იქ დიდი ბებო ცხოვრობს და... 
„და ალბათ, ნუ ხმაურობ, აწუხებ. ან სულაც დაიძინე, თორემ ზემოთ დიდი ბებო ცხოვრობს და გაგიჯავრდებაო, ან რა ვიცი...“ 
- არ შეიძლება, ბებოს შეწუხება. - განაგრძო ძანემ. - მოხუცია, ავადაა. 
- ჰო, რა თქმა უნდა. - თავი დაუქნია დიმეომ.
მერე გადაწყვიტა, ამაღამაც ისევ ჩუმად წაეყვანა ძანე, რომ ის ღიად დატოვებული ბოქლომი, რომელიც, რატომღაც არც ავტომატურად ჩაიკეტა და ვერც გასაღები გადაატრიალა, ისევ ძანესვე დაეკეტა და ამით ყველა ის უცნაური საიდუმლო თუ მოგონილი ლეგენდა, ბოლოს და ბოლოს დასრულებულიყო. 
- დიმეო, ნათლიაშენი მოვიდა, ბაბუ! - გამოსძახა ბაბუმ ფანჯრიდან. 
ბიჭები ოთახში დაბრუნდნენ. 
- ახლავე ორივეს გავსინჯავ და თუ საჭირო გახდება, ნემსებსაც დავარჭობ! - ომახიანად წარმოსთქვა ქირურგმა. - ბებოს და ბაბუს! 
ყველას გაეცინა. 
ნემსის გაგონებაზე, ცოტა არ იყო, დამრფთხალმა ბიჭებმა, შვებით ამოისუნთქეს. 
- მანამდე სუფრას გავშლი. - დაფაცურდა ბებია. - უსადილოდ არ გაგიშვებთ! 
- სიამოვნებით დაგეწვევით. - მიუგო ქირურგმა. - მიმი, როდის მოვა? ეს დღეები არ მინახავს, ხომ არის კარგად? 
- ეჰ, რასაც ეს გოგო დარბის, დარდობს და წვალობს, კიდევ კარგად არის. - ამოიხვნეშა ბებიამ. - სამწუხაროდ, ასეთი ბედი ერგო.
- ჰემოგლობინს უნდა მიხედოს და ხანდახან, დასვენებაც არ აწყენდა. 
- წვენებს სულ ძალით ვასმევ. საწყალი ისეთ დღეშია, გემოს ვერაფერს ატანს. 
- შვილების გულისთვის, აუტანელიც უნდა აიტანოს, აბა ისე როგორ? - ჩაურთო ბაბუმ და კონიაკით სავსე გრაფინი ჩადგა სუფრაზე. 
- ოჰ! - დაცინვით გამოხედა ბებომ. - შენ არ გამოგრჩეს დასპირტვა! 
- ხანდახან, დეზინფექციაც საჭიროა. - გაეცინა ქირურგსაც. 

 *** 
მიმიმ, ის უცნაური საბუთი დაუგდო თუ არა მაგიდაზე, დედის და მამიდის გაფითრებული მზერა და ამღვრეული, ნაღვლიანი თვალები, ნათლად უწყოდნენ, ის ძველი, გაყვითლებული ფურცელი, ნამდვილად მას ეხებოდა. 
წამით იყუჩა და მერე ვეღარ გაუძლო, ყელში მოწოლილ ბურთს, წამოხტა და ცრემლიანი თვალებით, თავის ოთახში შეიკეტა და ასე ტირილ-ტირილში, დილამდე დაეძინა. 
დილით ადრიანად გაეღვიძა. უხმაუროდ წამოდგა. ჩანდა, მის ორივე გამზრდელს, ჯერ კიდევ ეძინათ, ან იქნებ, საძინებლიდან გამოსვლას არც ჩქარობდნენ? 
მიმი ფეხაკრეფით მივიდა მათ საძინებლამდე, ჩამიჩუმი არ ისმოდა. გვერდითა ოთახიდან, ღამის ექთანი გამოვიდა. მიმიმ საუზმე შესთავაზა. 
- ყავას კი, მივირთმევდი, სიამოვნებით. - მიუგო ექთანმა. 
- მაშინ, დავლიოთ ყავა! - გაუღიმა მიმიმ. - მე კოფეინის გარეშე ვსვამ და თქვენ? 
- ნალექიანი მირჩევნია, მაგრამ მე მოვამზადებ. 
- ავად კი არ ვარ. - ჩაეღიმა მიმის. - მხოლოდ ორსულად ვარ. 
- მერე რა? ჯერ დილის ცხრა საათიც, არ არის, ჩემი მორიგეობა კი ცხრაზე მთავრდება. 
- და მერე, რა? - სიცილით შეუბრუნა კითხვა მიმიმ. - მოსამსახურე, ჯერ არ ამიყვანია და თუ ექთანს თავისუფალი დრო აქვს, რატომ არ უნდა დაისვენოს?
- ჰმ, თქვენ რა კარგი ხალხი ხართ. - თავი გააქნია ექთანმა. - ზოგ ოჯახში, მაღაზიაშიც გაგზავნიან, სახლშიც კი, ყოველ წუთას, ეს მომიტანე, ის მომაწოდე და თან, ვინ? სხვა, ჯანმრთელი ოჯახის წევრები, თორემ ავადმყოფი, თავისთვის იწვა, ერთს არ შემაწუხებდა. 
- უპატივცემულობა, ძალიან ცუდი რამაა. - დაურთო მიმიმ. - შაქარი, რამდენი? 
- ერთი, ერთზე. - მიუგო ექთანმა. - წუხელ, ძალიან ცუდად იყვნენ. 
- ალბათ, ორივე. - ჩაილაპარაკა მიმიმ. 
- ორივეს დამამშვიდებელი დავალევინე და მაინც ლამის, მთელი ღამე არ ეძინათ. ლაპარაკობდნენ, წუხდნენ, ოხრავდნენ და ცდილობდნენ, რომ ოთახში, ნაკლებად შემეხედა. 
- ჰმ. 
- არადა, ხომ უნდა, მივაქციო ღამით ყურადღება? 
- და ისინი, ოთახში არ გიშვებდნენ? - გაეცინა მიმის. 
- ფაქტიურად, მასეც იყო. 
ცოტა ხანში, უკვე ღამის ექთნის გასტუმრებისთანავე, დღის ექთანიც მოვიდა. 
- მთავარ პაციენტს, ჯერ ისევ სძინავს. - ღიმილით აუწყა მიმიმ. - მთელი ღამე, იჩათავეს ერთმანეთში, მხოლოდ რეალში. 
ექთანს გულიანად გაეცინა. 
- თქვენთან, ერთი სათხოვარი მაქვს. - მორიდებით დაიწყო დღის ექთანმა. 
- იმედია, ჩემები ძალიან არ გაწვალებენ და აქედან გაქცევა არ გსურს და სხვა, რაც გინდა, მთხოვე. - მიუგო მიმიმ. - და თქვენობით, ნუ მომმართავ, არც იმდენად ბებერი ვარ და არც მონათმფლობელი. 
- იცი, რა მინდოდა. - კვლავ მორიდებით დაიწყო ექთანმა. - ოთხში შვილი მყავს. ორ-ორჯერ ტყუპები.
- ჰმ. - გაეღიმა მიმის. - ყოჩაღ შენ! 
- ჩემი ქმარიც კი მუშაობს, დედამთილიც გვეხმარება სოფლიდან, თუმცა დღეს ისეთი ცხოვრებაა, შიმშილით არ ვკვდებით, მაგრამ ბავშვებს, მაინც იმდენი რამ უნდათ. პატარები ბაღში დადიან, უფროსები სკოლაში. დილით მე მიმყავს ოთხივე, მერე ჩემს ქმარს გამოჰყავს, ამეცადინებს კიდევაც. 
- მოდი, პირდაპირ მითხარი, რა გინდა, კარგი? - ღიმილით მიმართა მიმიმ. - ნუ გერიდება, სავარაუდოდ, ხელფასის მომატება გინდა? 
- ვიცი, რომ მართლაც საკმაოდ დიდ თანხას მიხდი, ვიდრე საჭიროა და იმაზე მეტიც არის, მაგრამ მინდოდა კიდევ დაგხმარებოდით, მშვენივრად ვამზადებ სადილებს, დროც მაქვს მაგისთვის, როცა შუადღით ისვენებს ორივე, მაშინ მოვამზადებდი, მართლა ძალიან გემრიელ კერძებს ვამზადებ და ტყუილად კიდევ სხვა რატომ უნდა დაიქირავო? 
- მე უბრალოდ, არ მინდა რომ ზედმეტად გადაიღალო და მერე ის, რისთვისაც დაგიქირავე, უხარისხოდ ან სულ ვერ შეასრულო, თუმცა დავფიქრდები მაგაზეც. 
- კარგი. - მიუგო ექთანმა. 
- ისე, დღეს კოტლეტს კი შევჭამდი. 
- ძალიან გემრიელად ვამზადებ! - გამოცოცხლდა ექთანი. - გარნირად, პიურესაც გავაკეთებ ცალკე და წიწიბურასაც, საწებლით! 
- ფარში მაცივარშია, ბურღულეული, აი, იმ კარადაში, კარტოფილიც იქვეა და თუ რამე იქნება საჭირო, დამირეკე და მოვიტან, ან ვინმეს გამოვატან, შენ მთავარია, ესენი არ დატოვო მარტო, პურზეც კი არ ჩახვიდე მაღაზიაში. 
- კარგი. - ექთანს სიხარულისგან თვალები აენთო.
- არ ვიცი, მზარეულს რამდენს უხდიან, მაგრამ მოდი მე ხელფასს გაგიორმაგებ? თუ ცოტაა? 
- რას ამბობ! - შეიცხადა ექთანმა. - პირიქით ეს იმხელა თანხაა... 
- ჰოდა, რომ არ მომეწონოოსს... - მიმიმ ღიმილით დაუქნია თითი. - დაკარგავ ამ თანამდებობას! 
- ახლა შემიძლია ბლინებიც დავაცხო, საუზმისთვის.
- უკვე დავაცხვე, შენ სადილზე იზრუნე და სანამ აქ ვარ, გადახედე კიდევ რა გვაკლია, ბარემ მოვიტანდი და ისე, ჩემებსაც ვკითხავ, იქნებ არ სურთ დღეს, კოტლეტი? 
- წვნიანსაც მოვამზადებ! 
- ვნახო, აბა ერთი, ძაან გააბეს ძილი. - მიმი წამოდგა და დედასთან შევიდა. 
მართალია არ ეძინათ, მაგრამ მაინც იწვნენ და მიმის დანახვაზე, ორივეს ფერი წაუვიდა. 
- საუზმე მზად არის. - ჩვეული სახით მიმართა მიმიმ და ოთახი დატოვა. 
ქალები იძულებულნი იყვნენ საძინებლიდან გამოსულიყვნენ. 
საუზმისას მიმიმ ამცნო, დღეს სადილს, ჩვენი ექთანი მოგვიმზადებსო. 
- წვნიანიც იქნება და კოტლეტი გარნირით და საწებლით. 
- წვნიანი, რომელი? - იკითხა მამიდამ. 
- ბულიონი. - მიუგო მიმიმ. - და გარნირად, რა გსურთ? წიწიბურა, თუ პიურე? 
- შენ წიწიბურა არ გიყვარს. - მშვიდი ხმით შენიშნა დედამ. 
- შეიძლება, არც ვიყო აქ სადილის დროს, მაგრამ კოტლეტს კი მოგვიანებით, მაინც დავაგემოვნებ. - მიუგო მიმიმ. - გარნირი კი თქვენ აირჩიეთ. 
- რამდენიმე ცალი, ბულგარული წიწაკა, სხვადასხვა ფერის, ხახვში, ნიორში და სტაფილოსთან ერთად ჩაშუშული. - დაუმატა დედამ. - ეს ცალკეც გემრიელია და წიწიბურას უფრო უხდება, ვიდრე პიურეს. 
- ზუსტად ისე მოვამზადებ, როგორც თქვენ გიყვართ! - ჩაურთო ექთანმა. 
- ძალიან კარგი. - მიმიმ თეფში ოდნავ გვერდით გასწია.
ექთანმა მაშინვე ააცალა და სამზარეულოში გავიდა. მიმი მყისვე დაედევნა. 
- სახლსაც მივხედავ და სამზარეულოსაც. - მაშინვე მიმართა ექთანმა. - იცი, მგონი შენს მოხუცებს, მთელი დღით ექთანი, სულაც არ სჭირდებათ და ფაქტიურად, უსაქმოდ ვარ მთელი დღე. 
- ვიცი. - მიუგო მიმიმ. - უბრალოდ, შიშები აქვთ, როცა მარტო არიან და თან ექთანთან ერთად, უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და მეც უფრო მშვიდად გავდივარ გარეთ. 
- ამიტომაც ვამბობ, სამზარეულოშიც ვიტრიალებ, სახლსაც მივხედავ! წამლებს, ისედაც თავის დროზე ვასმევ! მხოლოდ, ჯერ წნევას ვუზომავ, თუ ნემსი იქნება საჭირო, ვუკეთებ და ეს ხელფასიც, ძალიან მაწყობს. 
- უბრალოდ, ერთ ადამიანს, ამდენი საქმე, როგორ დაგაკისრო? - შეწუხდა მიმი. 
- დამიჯერე, მე თვითონ მირჩევნია ასე და არ დაგიმალავ, ასეთი ხელფასის გულისთვის და ასეთ წესიერ ხალში, არც უნდა დაიზარო! 
- კარგი, იყოს მასე, თუმცა დაიმახსოვრე, მამიდაჩემმა შეიძლება, არც არასდროს შეგიქოს ნახელავი და არ იწყინო. 
- ეგ ვიცი, უკვე, გამოვცადე. - გაეცინა ექთანს. - და მოდი, მე ახლა ჩავალ მარკეტში და მე თვითონ შევხედავ რა ამოვიტანო. 
- კარგი, მაშინ ბარათს გაგატან. 
ექთანი მარკეტში ჩავიდა, მიმიმ კი დრო იხელთა და ქალებს წინ დაუჯდა. 
- წუხელ დაუძვერით საუბარს და მეც, საკმაოდ სუსტად ვიყავი, ახლა მაინც ამოიღეთ ხმა. 
ქალებმა ერთმანეთს გადახედეს. 
- ვინ არის ეს ქალი? - მიმის მოთმინების ფიალა ევსებოდა. - რა გაკვირვებულები მიყურებთ? ვინ არის ის ქალი, ვინც ასე მსუყედ დაასაჩუქრეთ და თან, ნოტარიუსის დამტკიცებაც დაგჭირდათ! რა საერთო აქვს ჩვენს ოჯახთან? ან ჩემთან? დედაჩემია?! 
- არა. - მიუგო დედამ. - ეგ შუამავალი იყო. 
- მერე? - მიმიმ თვალებში ჩახედა. - არ გიკითხავთ, ვისი ბავშვია? დავიჯერო? 
- კი, როგორ არა. - ახლა მამიდა ჩაერია. - შორიდან დაგვანახა, ისეთი ლამაზი გოგო იყო, ქერა ხუჭუჭა, საშუალო ტანის, ცოტა პუტკუნა, ალბათ ორსულობაში მოიმატა, ხორბლისფერი კანით, მუქი შავი თვალები ისე უხდებოდა იმ ქერა თმას. 
- მართლა? - გაიკვირვა მიმიმ და შეეცადა წარმოედგინა, ვიღაც უცხო გოგონა, რომელმაც ასე უმისამართოდ დატოვა შვილი, ან იქნებ, არც მიუტოვებია? 
- სოფლიდან იყო ჩამოსული, ცოლშვილიან ლექტორს შეუცდენია და... - დედა გაჩუმდა. 
- და უფრო დაწვრილებით, რომ მომიყვეთ? - ჩაეძია მიმი. - ვინ იყო? საიდან, რომელი სოფლიდან იყო?
ქალებმა ერთმანეთს გადახედეს. 
- ეგ არც გვიკითხავს. - მხრები აიჩეჩა მამიდამ. 
- რა ჰქვია, არც გიკითხავთ?! - წამოენთო მიმი. - ლეკვი ხომ არ მოგყავდათ სახლში?! 
დედას ცრემლები წამოსვივდა. 
- ისე, ლეკვსაც კი უსინჯავენ ჯიშს. - მიმის თვალები აევსო. 
- ჩვენ ასე გადავწყვიტეთ. - განაგრძო მამიდამ, მაგრამ დედამ შეაჩერა: 
- მე! მე გადავწყვიტე ასე! არ მინდოდა, მცოდნოდა, ვინ იყავი და საიდან მოგიყვანეს, რომ მერე... 
- რომ მერე, რა? - ვეღარ მოითმინა მიმიმ. 
- არ ვიცი. - თავი გააქნია დედამ. - შემეშინდა, შენს თავს წამართმევდნენ, ან მე თვითონ შემომიჩნდებოდა ის რაღაც ჭია. მერე უეჭველი, ჩავიდოდი იმ სოფელში და ვნახავდი ვინ იყო ის გოგო და მერე, უფრო მეტად ვერ მოვისვენებდი და არც კი ვიცი, რას მოვიმოქმედებდი! შენ კი, ჩემთვის, დანახვის დღიდანვე უძვირფასესი იყავი და შენი თავი რომ მართლა მოეთხოვა, ჩემნაირად მოგივლიდა ნეტავ? - ქალს ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა. 
მიმიმ ვეღარ მოითმინა და დედას მოეხვია. 
- ნუ გეშინია, დეე. - არასდროს მიგატოვებ, შენ ყოველთვის ჩემს უსაყვარლეს დედიკოდ დარჩები, ის კი, ვინც გამაჩინა, ის მხოლოდ ბიოლოგიური მშობელია და მეტი არაფერი. 
- ჰო, შვილო, ჰო. - ატირდა მამიდაც. 
- მაინტერესებს ვინ არის, რა გვარისაა, ან სულაც მამაჩემის გვარიც, რატომ არ უნდა ვიცოდე? ბოდიში, ბიოლოგიური მამის და იცოდეთ, ახლა დიმეოზე უფრო ვდარდობ! წლები გავა და არ მინდა ცოდვაში ჩადგას ფეხი. უბრალოდ, უნდა ვიცოდე ჩემი წარმომავლობა. 
- მართალი ხარ შვილო, მართალი. - როგორც იქნა, კვერი დაუკრა მამიდამ. - მაგრამ მართლაც არაფერი გვიკითხავს იმ ექთნისთვის. ის ფული დედას უნდაო, თუმცა დარწმუნებული ვარ, თავადაც იქნებოდა წილში.
- ეგ, თავისთავად. - ამოიხვნეშა მიმიმ. - და არა მარტო ეგ ერთი ექთანი იქნებოდა გარიგებაში ჩარეული.  
- ამ შუამავლობაში კი ექთანმა, ის საჩუქრები მოითხოვა, რომელიც იქ წერია. თუმცა თავიდან, ცოტა უფრო სხვანაირად იყო. - დედა გაჩუმდა. 
- სხვანაირად, როგორ? - ჩაეკითხა მიმი. 
- ჩვენ გვინდოდა, პირადად იმ გოგოსთვის გვეჩუქებინა და რა თქმა უნდა, ფულსაც ვჩუქნიდით. - მიუგო დედამ. - თუმცა არა იმდენს, რამდენიც მანდ წერია, ბევრად ნაკლებს. 
- და რატომ ნაკლებს? - ჩაერია მამიდა. - ბარემ, ეგეც უთხარი. 
- მე თვითონ შევთავაზე იმ ექთანს. - განაგრძო დედამ. - ეს საჩუქრებიც და ხუთასი მანეთიც გვინდოდა ისე, საჩუქრად, რადგან მაინც ტოვებდა ბავშვს და... 
- და მერე? - მიმი ვეღარ ითმენდა. 
- მერე მობრძანდა ეგ ქალბატონი. - განაგრძო მამიდამ და ხუთასი კი არა, ხუთი ათასიო! 
- და საბუთში, რომ ოთხი წერია? - ჩაეკითხა მიმი.
- ჰმ. - ცინიკურად ჩაეცინა მამიდას. - ეგ საბუთში, თორემ ათასი, ცალკე ხელზე მივეცით, და ასევე დავფარეთ მშობიარობის ხარჯები, ცალკე დაბადების მოწმობა, რომ ყალბი არ ყოფილიყო. არა, შვილო კი არაფერს გაყვედრით. - მოეხვია მამიდა. 
- ეგ არც მიფიქრია. - ამოიხვნეშა მიმიმ. - და მერე?
- რა, მერე? - მიუგო დედამ. - ეს ისტორია, იმ ექთანმა მოგვიყვა, სოფლიდან ჩამოვიდა, ჩააბარა და მერე ლექტორი შეუყვარდაო, იმას ცოლშვილის დატოვება არ მოუნდომებია. 
- მერე? - არ აცლიდა მიმი. 
- ალბათ, იმ ლექტორსაც გამოართვა ფული, აბორტისთვის. - განაგრძო დედამ. - ან იქნებ, იმ გარეწარმა კაცმა, თავადაც მისცა, რადგან თავისი საკუთარი სტუდენტი ბავშვი შეაცდინა. 
- და რატომ არ გაიკეთა მერე აბორტი?! - კვლავ წამოენთო მიმი. - რატომ არ მომკლა, თუ კი მაინც ასე უმისამართოდ და უთვისტომოდ დამაგდებდა?! 
- იქნებ, აშანტაჟებდა კიდევაც იმ ლექტორს? - ჩაურთო მამიდამ. - და მერე, არაფერი რომ არ გამოუვიდა, შენი დატოვება გადაწყვიტა. 
- დატოვება, არა! - შეუსწორა მიმიმ. - გაყიდვა! 
- კარგი, რაა? - ჩაერია დედა. - ჩვენ ხომ არაფერი ვიცით ან რა მოხდა, ან სინამდვილეში როგორ იყო და ტყუილად, რატომ ლანძღავთ იმ საცოდავ გოგოს? 
- საცოდავს? - ცინიკურად ჩაეღიმა მიმის.
- ჰო! საცოდავს! - თავი დაუქნია დედამ. - თავის თავის უბედური და საცოდავი უნდა იყოს, ასეთი ნაბიჯი რომ გადადგა.
- ხუთი ათასი მანეთი კი მშვენივრად მოითხოვა? მაგ საცოდავმა! - არ იხევდა უკან მამიდა. - იმ ხალათში, ორასი მანეთი მქონდა მიცემული! 
- და სახელი? გვარი? - გაოცდა მიმი. - ნუთუ, არ დაინტერესდით? დავიჯერო? ან ის ლექტორი, ვინ იყო? სად ასწავლიდა? 
- ჩვენ არაფრის ცოდნა არ გვსურდა. - დედამ თავი ჩაღუნა. - და გითხარი, რატომაც. 
- სამწუხაროდ, ის ექთანი გარდაცვლილია. - მიმიმ თავი გააქნია. - და მე კი, არც კი ვიცი, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ. - მიმიმ წამით იყუჩა. - თბილი ხალათი, თბილი ჩუსტები, ის გოგონაც დაგანახეს, უკვე იმშობიარა და ბავშვს ტოვებსო, ესე იგი, რა გამოდის? ზამთარში დავიბადე? 
მამიდამ უხმოდ დაუქნია თავი. 
- და რიცხვი? რომელ რიცხვში? 
- სახლში რომ მოგიყვანეთ, ერთი კვირის იყავი. - ცრემლიანი თვალებით მიუგო დედამ. 
- ან იქნებ, მეტისაც. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ან ნაკლებისაც და მერე? 
- რა მერე? - ახლა განაგრძო მამიდამ. - ცოტა ხნით, ჩვენს ძველ აგარაკზე ვიყავით, არ გვინდოდა, რომ ვინმეს მოეგნო და დაბადების მოწმობაც მერე ავიღეთ, რომ ჩამოვედით. 
- ვინმეს არ მოეგნო, რას ნიშნავს? - ჩაეკითხა მიმი.
- ნუ... - დედამ თვალები დახარა. - იმ გოგოს, რომ არ გადაეფიქრებინა და... 
- ჰმ. - თავი გააქნია მიმიმ. - და ფულიც უკან, რომ ვერ... 
- რას ამბობ, მიმი! - შეიცხადა დედამ. - ოღონდ, შენს თავს ნუ წამართმევდნენ და მზად ვიყავი, კიდევ არა ერთხელ გადამეხადა თანხა! 
- და რამდენჯერ იყო, მერე ასეთი შემთხვევა? - ჩაურთო მამიდამ. - შენ გახსოვს? - მიუბრუნდა რძალს. - ჩვენმა ახლობელმაც ასე აიყვანა ბავშვი და მერე ის დედა ადგებოდა, ჯერ წელიწადში ერთხელ და ფულს ძალავდა, მერე უფრო მოუხშირა და მერე გაზრდილი შვილიც მოუნდა! 
- ღმერთო ჩემო! - აღმოხდა მიმის. - ნუთუ შეიძლება, ადამიანი ასე დაეცეს? საკუთარი შვილი, გულიდან მოიგლიჯო, გაყიდო და მერე ბავშვით კიდევ ცალკე ივაჭრო?! არადა, მართლაც არიან მასეთებიც.
- მითხარი, შვილო, რა გავაკეთო? - დედას კვლავ ცრემლები გადმოსცვივდა. და სანამ მიმი პასუხს გასცემდა, ექთანიც მარკეტიდან დაბრუნდა. 
- ჯერ დამშვიდდით, არაფერზე ინერვიულოთ, თორემ ეს გოგო! - მიმი თითით ექთანზე მიანიშნა. - ოთხი შვილის დედა, თქვენს გამო, დაკარგავს სამსახურს! 
- და თანაც, ასეთ კარგს. - ღიმილით ჩაურთო ექთანმა. მერე მოხუცებს მოხედა. - რა იყო? ცუდად ხომ არ იყავით? ახლავე წნევასაც გაგიზომავთ და წამლებსაც დავლევთ. მერე კი, ისეთ გემრიელად გასადილებთ, რომ... 
მიმიმ ყურებჩამოყრილმა დატოვა იქაურობა. 
„რა საშინელებაა.“ 
ფიქრობდა მიმი. 
„დადიხარ ქუჩაში, ჭამ, სვამ, იძინებ და არც კი იცი, სინამდვილეში, ვინ ხარ!“ 
და უცებ, ხმამაღლა, თითქოს სხვების გასაგონად წარმოსთქვა: 
- როგორ არ ვიცი! მე ვარ მიმი! მიმი დამარქვეს, იმათ, ვინაც გამზარდა და მთელი ჩემი ცხოვრება მელოლიავებოდა და ცივ ნიავს არ მაკარებდა! 
LEX. 2021 წლის 28 აგვისტო, შაბათი.

No comments:

Post a Comment