Friday, February 12, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 93)

93. 
- ვინ, ქალი? - შეცბუნდა ფიფო. მერე დინჯად მობრუნდა და მიმის, თვალებში ჩახედა. - ვინ ქალი, მიმი? 
პასუხად მიმიმ, მხრები აიჩეჩა. 
- მიმი, მე არავინ გამომიგზავნია აქ! თუნდაც, შენი და ჩემი პრობლემის, ურთიერთობისა თუ კონფლიქტის გასარჩევად! მით უმეტეს, რომ არ მესმის და ვერ ვხვდები და ვერც ვხედავ, ვერც კონფლიქტსა და ვერც სხვა რამ პრობლემას! 
მიმიმ კვლავ, არაფერი უპასუხა. 
- ნუთუ, ამდენად ცუდად მიცნობ? - განაგრძო ფიფომ. - შენთან, რომ ვინმე მომეგზავნა, ამას არც არასდროს ვიკადრებდი! 
- რა ვიცი. - მიმიმ დაბნეულად აიჩეჩა მხრები. 
- და შენ, რატომ შეგეპარა ჩემში ეჭვი? - ფიფო სახეში ჩააშტერდა. 
მიმიმ თვალი აარიდა. 
- როდის მოვიდა, გუშინ? 
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი. 
- ჰმ. - ჩაეღიმა ფიფოს - და შენ. მაგიტომ იყავი. ასე უხასიათოდ? 
პასუხად მიმიმ, წყლიანი თვალები შეანათა. 
- და, ვინ ქალი იყო. მიმი? 
- არ ვიცი. 
- რა უნდოდა? რამე თუ დაგიშავა, არ ვიცი რას ვუზამ! გავიგებ ვინც არის და მიწიდან ამოვთხრი! - ფიფომ წამით იყუჩა. - ხელით, ხომ არ შეგეხო? 
- შემეხებოდა და პასუხსაც მიიღებდა! - მიუგო მიმიმ.
ფიფოს ცოტა, გულზე მოეშვა. 
- და მაინც, რა უნდოდა? ფიფოს თავი დაანებე, მე ვუყვარვარო? 
- ესე იგი, იცი ვინც არის?! - მიმი კოპები შეკრა. 
- არა, მიმი, არა! წარმოდგენაც კი არ მაქვს! 
- აბა, რატომ მითხარი ასე? - ჩაეკითხა მიმი. - როგორ მიხვდი? 
- იმიტომ რომ ბარგის ჩალაგება და სახლიდან მიბრძანება დამიპირე, მერე ვიღაც ქალი მოვიდაო და სხვა, რა უნდა მეფიქრა? 
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. 
- და მაინც, რა მინდაო? - არ მოეშვა ფიფო. 
მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. 
- მიმი! დაწვრილებით მინდა ვიცოდე, რა უნდოდა? ზუსტად, რა გითხრა, რომ გავარკვიო, მართლა ვინ არის! 
- ფიფო, რამდენი სულელია, შენ მაგის დევნის დრო გაქვს? 
- მაქვს! დიახაც, რომ მაქვს! თუ ეს, ჩემს ოჯახს ეხება, მაქვს! რადგან ამდენს ბედავს, ის ვიღაც, რომ ჩემს ცოლ-შვილს მიწიოკებს, რატომ უნდა შევარჩინო? იქნებ ხვალ, მეც მომივარდეს სამინისტროში და სკანდალი მომიწყოს იქ? 
- არც ეგ არის გამორიცხული. - ღიმილით მიუგო მიმიმ. 
- ჩემი პრინცესა. ძლივს არ გაიღიმა. - ფიფომ მიმის, თმები გადაუწია და ვნებიანად აკოცა. 
- მართლა არ გინდა, სახლიდან წასვლა? - ჩურჩულით ჰკითხა მიმიმ და ფიფოს ჩაეკრო. 
- მიმი, მართლა რომ მინდოდეს შენგან წასვლა, ვიღაცას რატომ მოვაგზავნიდი? აბა, დაფიქრდი? 
- ამ სახლის გაყოფითაც დამემუქრა. - მიმის უკვე, ყურებამდე ეღიმებოდა. 
- ჰოო? - გაეცინა ფიფოს. - და რომელი ფრთა უფრო მოეწონა? მარჯვენა, თუ მარცხენა? თუ ზედა სართული უფრო ურჩევნია? 
- პენტჰაუსის აპარტამენტებშია გაზრდილი ალბათ და ვერ იტანს, დაბალ ჰაერს. 
მიმის სიტყვებზე ფიფოს, გულიანად გაეცინა. 
- და მაინც მწყინს, ნუ ცოტა. - დაიწყო ფიფომ. - ჩემში ეჭვი როგორ შეგეპარა? 
- ქალების მოყვარული რომ ხარ, ეგ საიდუმლოა? თუ გგონია, არ ვიცი? - ჩაეცინა მიმის. 
- აქ რომ ვინმეს მოვაგზავნიდი, ეგ როგორ იფიქრე, აი, ეს მწყინს სწორედ. 
- შენ არ მოაგზავნე, მაგრამ ალბათ... - მიმი გაჩუმდა. 
- თქვი ბარემ, რასაც ფიქრობ. 
- თავიდან, არ მივაქციე ყურადღება, მეცინებოდა კიდეც, მერე კი ვიფიქრე, რომ საქმე ისეა, ფიფო თავად ვერ წყვეტს და... 
- და მის მაგივრად, სხვამ ითავა? - ჩაეღიმა ფიფოს. - რადგან ფიფოს, ერთი ადგილი არ ეყო, რომ გაებედა და თავად მოსულიყო? ჰა, ჰა! 
- ჰო ეგეც და კიდევ. - მიმი შეყოვნდა. - ალბათ, მიატოვე და ასე გიხდის სამაგიეროს! 
- ეგ უფრო ლოგიკურია. - თავი დაუქნია ფიფომ. - მაგრამ... 
- მაგრამ რომელი ერთი იყო, ახლა გაიგე, არა? - ჩაეღიმა მიმის. 
- ნუ, ჰო! - ღიმილითვე უპასუხა ფიფომ. 
- ესე იგი, ბევრი გყავს და ბევრიც გყოლია, ისე რომ ვერც კი იხსენებ, რომელი შეიძლება იყოს. 
- მიმი, რა იყო? ეჭვიანობ? იცი, რომ შენ ახლა, ჩემს წარსულზე ეჭვიანობ? 
- წარსულზე? - გაუკვირდა მიმის. 
- ჰო, წარსულზე! დიახაც! 
- ჰმ. 
- ახლა არ თქვი? ალბათ, მიატოვე და სამაგიეროს გიხდისო? ჰოდა, წარსულია უკვე ეგ! - ფიფო თითქოს, თავის დაძვრენას ცდილობდა. 
პასუხად მიმის, გაეღიმა. 
- და საერთოდ, იცი რა? - განგრძო ფიფომ. - მორჩა და საკმარისია, ამდენი ქალებში სირბილი! და ის, რაც ადრე იყო, თუნდაც, წუხანდლამდე იყო, უკვე მორჩა და წარსულს ჩაბარდა! 
- ჰმ. - მიმის ჩაეცინა. თუმცა, ძალიან გაუხარდა. 
- დღეიდან, მარტო შენი ვარ! - მიეალერსა ფიფო.
მიმი კვლავ გაიბადრა. 
- ნუ დამცინი და ახლა, დაწვრილებით მომიყევი, ზუსტად, რა გითხრა? და რას მოითხოვდა შენგან, აქ რომ მობრძანდა, ის ვიღაც?! 
- სულაც არ დაგცინი. - მიმიმ მხრები აიჩეჩა. - მაგრამ, აღარ მინდა ამ თემაზე. 
- მე მინდა! - არ მოეშვა ფიფო. - ვერავინ უნდა გამიბედოს ეგ! ვინც გინდა, იყოს! 
- სახლის დიზაინით, ძლიერ მოიხიბლა. - მიმის ჩაეღიმა. - მოვიხიბლეო, ასე თქვა. 
- აჰამ და, ხიბლშია, ესე იგი და მერე? 
- დარწმუნებული იყო, რომ შენი გემოვნებით იყო მოწყობილი, ჩვენთანაც ასეთივეს გავაკეთებთო, მაგრამ უმჯობესი იქნება, აქ თუ ვიცხოვრებთო, აი მაშინ, ამ კედელს გავხსნით და იქ, ამოვაშენებთო. 
- ოჰო! და მერე? მე, რას მიპირებო, არ ჰკითხე? 
- ფიფო კარგი ადამიანია და ყოფილ ცოლს, ქუჩაში ხომ არ დატოვებსო? და სადმე მაინც უყიდის ბინასო. 
- ვაი, მართლა? უკვე, ყოფილიც გახდი, ჰაჰ! 
- და აქ, რომ მე დავრჩე და ფიფომ რომ იყიდოს, თავისთვის ცალკე ბინა, ისე, არ გამოვა მეთქი? 
- მერე? - გაეცინა ფიფოს. 
- ბავშვია ცოდოო, შეჩვეულია მშობლიურ სახლსო და ამიტომ ძირითად, აქ იცხოვრებს, ჩვენთანო! თან, თავის ოთახზეც იქნება მიჩვეულიო და თანაც, ფიფოს მონაყოლიდან ვიცი, როგორ გიჟდება ბავშვზეო. სულ, მის, ბიჭზე ლაპარაკობსო. 
- უი, როგორი მიხვედრილი ყოფილა. - კვლავ გაეცინა ფიფოს, თუმცა გული უკვე, ბოღმით ჰქონდა სავსე. - მერე, შენ რა უთხარი? 
- კი, მეთქი! ფიფო, იმდენად გიჟდება საერთოდ ბავშვებზე, საკუთარი შვილი რომ ეყოლა, თავისი სახელიც კი დაარქვა... 
- რაა?! 
- ჰოდა, პატარა ფიფო, ჩვენთან გაიზრდება, რადგან ბიჭს, მამის ხელი უნდაო. 
- ჰა! ჰაა! რაო მიმი, რაო? პატარა ფიფოო? 
- ხვდები, ახლა რომ საერთოდ, არც გიცნობს? ბავშვს სახელიც კი არ იცოდა. 
- მდაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - და მაინც, შენგან მწყინს, თუ კი მიხვდი, რომ არც კი მიცნობდა, მაშინ რაღატომ ბრაზობდი ჩემზე? 
- რადგან მშვენივრად იცოდა, თუ ვის ოჯახში მიდიოდა, ისიც მშვენივრად ეცოდინებოდა, რომ შენ, სახლში არ იყავი და მე კი, ნამდვილად შინ დავხვდებოდი. სწორედაც, რომ ჩემთან მოვიდა. 
- და მაინც, რატომ? 
- აი, მაგაზე კი, შენ უნდა მოიძიო პასუხი? ხვდები ხომ, რომ ტყუილად არ მოვიდოდა და არც შენი მისამართი დაესიზმრებოდა. 
- ცხადია, მართლა იცოდა, სადაც მოდიოდა, მაგრამ მიზანი? რა აქვს ჩაფიქრებული? უჰ! კინაღამ ეს სიმწრით აწყობილი ოჯახი არ დამინგრია? - ფიფო სიცილით მოეხვია მიმის. 
მიმისაც ეცინებოდა. 
- იმასაც მშვენივრად მივხვდი, რომ მის უკან, ვიღაც იდგა. - განაგრძო მიმიმ. - ტყუილად, ნამდვილად არ მოსულა და ეგ, შენ უნდა მოიძიო, რომელი ერთის გამოგზავნილი იყო. 
- კი ეგ ცხადია, რომ თავად არც კი მიცნობს და მართლაც ასე ჩანს, რომ ვიღაცამ მოაგზავნა. - დაეთანხმა ფიფო. - მაგრამ სხვა დროს, ჯერ მე მკითხე, კარგად გაარკვიე და მერე გამაგდე გარეთ. 
- სიმართლე, გინდა? - ირონიული სახით ჩაეკითხა მიმი. 
- მდაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - შენ, როგორ ფიქრობ?
- შენი გაგდება, სულაც არ მიფიქრია. - უპასუხა მიმიმ. 
- აბა? ჩემი აგდება გინდოდა? - გაეცინა ფიფოს. 
- უბრალოდ, მაინტერესებდა, რა რეაქცია გექნებოდა და თანაც. - მიმი შეყოვნდა. - ისე, რაღაც მომენტში, მაინც მომდიოდა შენზე გული. 
- ესე იგი, მაინც იეჭვიანე? - ჩაეღიმა ფიფოს. 
მიმიმ არაფერი უპასუხა. 
- მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო და გითხრა, რომ ჯერ, უნდა გაგერკვია ყველაფერიო, მაგრამ არც მე მაქვს ხმა, ამოსაღები. - ფიფომ ამოიხვნეშა. - მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი, ჯერ მართლა წესიერად გამერკვია ყველაფერი, გიჟივით რომ გეცი და ხელები, კინაღამ მოგამტვრიე. ახლაც საშინლად ვგრძნობ ამის გამო, თავს. 
- ხომ ამიხსენი, რომ ანერვიულებული იყავი? თუმცა ეგ, მაინც არ გამართლებს, მაგრამ უკვე, აღარ მწყინს. ჩაიარა. - ყურებამდე გაუღიმა მიმიმ. 
- ჩაიარა, მაგრამ მაინც ბოლომდე მინდა, რომ გულახდილი ვიყო. - ფიფო კარს მოშორდა, მიმის ხელი ჩაჰკიდა და ბუხართან, დივანზე გვერდით მოისვა. 
წუთით, დუმილი ჩამოვარდა. 
- შენ, არ გაგვიანდება? 
- მკიდია. - უპასუხა ფიფომ. 
- ყავა გინდა? 
- არა. - თავი გააქნია ფიფომ. - წეღან არ დავლიეთ?
- ჰო. - მხრები აიჩეჩა მიმი. - გინდა, რამე მოგიტანო აქ? 
- საფერფლეს, თუ მომაწვდი... 
მიმი წამოდგა. 
- ძალიან ბევრს ეწევი. - მიმიმ საფერფლე წინ დაუდგა და იქვე ჩამოჯდა. 
ფიფომ ღრმა ნაფაზი დაარტყა და მიმის, თვალებში მიაჩერდა. 
- რა ვქნა? არ არის ჩემი ბრალი. - დაიწყო ფიფომ. - ასეთი ბუნება მაქვს, ასეთი ხასიათი მაქვს, რთულია ამის შეცვლა და შევეცდები, რომ შევიცვალო. შენ ძალიან კარგად მიცნობ, შენ ყველაზე კარგად მიცნობ, როგორი მექალთანეც ვარ, მაგრამ სულ ვცდილობდი, ეს ისე გამეკეთებინა, რომ შენ, არასდროს გეგრძნო თავი უხერხულად, მიუხედავად იმისა, ჩვენ გვეძინა თუ არა ერთად, თუმცა ვაღიარებ, ხანდახან სპეციალურადაც კი ვიქცეოდი შენს დასანახად, რომ გეეჭვიანა და... 
- და უკან გამოგკიდებოდი? - გაეღიმა მიმის. - არასოდეს! 
- ჰმ. და მაინც, ხომ გამომეკიდე? 
- ეგ, სულ სხვა იყო. 
- არაფერიც, არ იყო! - გაიბადრა ფიფო. 
- და, ახლა? - ეშმაკურად ჩაეღიმა მიმის. 
- ახლა, შენთან ვარ! - თვალი გაუსწორა ფიფომ. 
- და ბოლო დროს? - კვლავ ჩაეკითხა მიმი. - ასე ვინ გაანაწყენე, რომ... 
- ჯერ არავინ მაგონდება, ასეთი განაწყენებული, რომ ასეთი რამ ეკადრა, მაგრამ ახლა მინდა, მაინც ბოლომდე გულახდილი ვიყო. 
- მერე, იყავი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. 
- იცი, მიმი. - ფიფო გაჩუმდა. ხმის ამოღება უჭირდა, მაგრამ მაინც გაბედა. - მარტო შენთან კი არა, სხვასთანაც მივარდნენ და მაგრად ცემეს ის ქალი, რომელიც მეფიცებოდა, შენმა ცოლმა მცემაო. - როგორც იქნა, ამოღერღა ფიფომ. 
- მეე? ჰაჰ! - გაეცინა მიმის. - რატომ უნდა მეცემა, შენი მორიგი საყვარელი? როცა ჩვენ, ცალ-ცალკე გვეძინა და ეს მხოლოდ, მე და შენ ვიცოდით მარტო.
- საქმეც მაგაშია! - დაეთანხმა ფიფო. - მაგრამ რაღაც წამით, კი დავიჯერე. 
- მართლა? - იწყინა მიმიმ. 
- იმ საღამოს, შენი შესიებული ტუჩი და ქუსლ მოტეხილი ფეხსაცმელი, რომ დავინახე, ლამის ჭკუა გადამეკეტა. არა, არა! არ იფიქრო, რომ იმ ქალს მივტიროდი, შენზე გავბრაზდი, რომ მე, ასე მომექეცი. 
- და ამიტომაც, გიჟივით მეცი? - შუბლი შეკრა მიმიმ.
- მაპატიე, კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ მოვიხდი ბოდიშს. 
- და როგორც მახსოვს, ფეხსაცმელზე ცალკე გადაირიე. - ცალყბად ჩაეღიმა მიმის. 
- შენმა ცოლმა, სულ ქუსლი მირტყაო და... 
- რაა? ჰაჰ? - გაეცინა მიმის. - ფიფო, აბა ერთი კარგად შემომხედე! მე ვგავარ ისეთ ქალს, რომ ფეხსაცმელი გავიხადო და თავში ვურტყა ვინმეს? 
- არა! ნამდვილად არა, მაგრამ ფაქტებმა დამაბრმავა. - დარცხვენით უპასუხა ფიფომ. - მაპატიე, რომ უნებურად, მართლაც ვიღაც „ბაზარნიცა“ დედაკაცს შეგადარე, ძალიან მრცხვენია ამის. 
- უნდა გრცხვენოდეს, აბა რაა. - ჩაეღიმა მიმის. 
- ესე იგი, აქეთ ტიხარიო და იქეთ კედლის მინგრევ-მონგრევაო, არა? - ირონიულად განაგრძო ფიფომ. - ჰაჰ! 
- ბავშვის სახელიც რომ არც იცოდა. - დაურთო მიმიმ. 
- არ იცოდა, მაგრამ სახეზე, მშვენივრად იცნობს! 
- მართლა? და ესე იგი, იცი, ვინც არის? - იწყინა მიმიმ. - აბა, არ ვიციო, მომატყუე? 
- არ ვიცი, მიმი, არ ვიცი. მართლა არ ვიცი, ვინ არის და ზუსტად, რის მიღწევას ცდილობს, მაგრამ ოჯახს რომ ვერანაირად ვერ დამინგრევს, ეგ ფაქტია!
მიმიმ თავი გააქნია და მოულოდნელად ფიფოს შეფიქრიანებული სახით შეხედა. 
- ფიფო, ბავშვი სად არის?! 
- ჩემებთან. რა იყო? წუხელ, ძილის წინ, ხომ ელაპარაკე? 
- ჰო, მაგრამ წამით შევშინდი. - მიმის ნაღვლიანი ხმა ჰქონდა. - სულ შარშანდელი ეს დრო მიდგას თვალწინ. 
- კარგი. დამშვიდდი. თვითონ მოისურვა დარჩენა, რომ თქვენ, ბევრი სასიყვარულო მომენტები გქონდეთო. - ფიფოს გაეცინა. - მართლა ასე მითხრა.
მიმის ჩაეღიმა და შვებით ამოისუნთქა, თუმცა მაინც შეშფოთებული ხმით მიმართა: 
- და ბავშვს იცნობს სახეზეო? ეგ რაღას ნიშნავდა? 
- დიმეოს მარკეტში მოუსმენია ქალების ჭორაობა. 
- ჰმ, ჩემი ბიჭი, თურმე ჭორიკანა ქალებს უსმენს? და რაო? 
- ვფიქრობ, რომ სპეციალურად მოასმენინეს, თავადაც ასე ფიქრობს, ამიტომაც მოგვცა ერთად ყოფნის შანსი. - გაეცინა ფიფოს. 
- ჩემი ჭკვიანი. - გაიბადრა მიმი. - და მაინც, რაო?
- ჯერ, კარგად დამტუქსა. მაგიტომაც წამომყვა სამსახურში, პირადად მესაუბრა ჩემივე კაბინეტში. არ გრცხვენია ამხელა კაცი, სამი ფეხით, აყუდებულხარ და ასეთ ანგელოზივით ცოლს, რომ ღალატობო, დაძვრები ქალებშიო. 
- მართლა, ასე გითხრა? - მიმი გაოგნებული მიაჩერდა.
- ნუ, დაახლოებით. გამიბრაზდა დედას რატომ ღალატობო და მეც დავიფიცე, რომ მართლა არ გღალატობდი. 
მიმის ცალყბად გაეღიმა. 
- მიმი, მე შენთვის, მართლა არასდროს მიღალატია! - ფიფომ თავის მართლება იწყო. 
- ნუ, მესმის. - თავი დაუქნია მიმიმ. - ჩვენ ხომ ერთ სახლში, მაგრამ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით. 
- დიახ! ვცხოვრობდით და ეს, წარსულში იყო და დღეიდან, თუ რამე ვიწუწკე, აი იმას კი შეიძლება უფრო დაერქვას ღალატი და მე შევეცდები, რომ ეს, ასე არ იყოს. 
- და მერე, რაო? - ვეღარ ითმენდა მიმი. 
- კაცს, ასეთი ლამაზი ცოლი ჰყავდესო და თვითონ საყვარელთან გარბოდესო, ეს მოასმენინეს ბავშვს, სადღაც რომელიღაც მარკეტში. - ფიფომ, საყვარელს ბინა უყიდაო!
- ნეტა, რომელი დღე იყო? - მიმი ჩაფიქრდა. 
- ეგ არ ვიცი, არ მიკითხავს, თუმცა არა მგონია, დიდი ხნის ამბავი იყო. - ფიფომ ამოიხვნეშა. - სავარაუდოდ, მაშინ უფრო ადრეც მეტყოდა. 
- აქ მართლაც, რაღაც სხვა ამბავი. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო მიმიმ. - ნუ, შენი სახლი იცის, დავუშვათ, შენი თანამდებობიდან გამომდინარე. ბავშვსაც და მეც სახეზე გვიცნობს, მაგრამ აი, შენი საყვარლის სახლი კი, საიდანღა იცის? 
საყვარლის ხსენებაზე, ფიფო ცოტა არ იყოს, აიწურა. 
- აღარ არის ჩემი საყვარელი, მორჩა უკვე! - მტკიცედ განუცხადა ფიფომ. 
- ჰოდა, რომ მორჩა, მაგიტომაც გდევნის. 
- არა, არა! - თავი გააქნია ფიფომ. - ჯერ ერთი, დღეიდან ვამბობ, რომ მორჩა და მართლაც ასე მოვიქცევი! გპირდები და მეორეც, იმ ქალმა, სულაც არ იცის ეს ამბავი, ჯერ არც კი მითქვამს, რომ ჩვენს შორის, უკვე ყველაფერი დამთავრდა! 
- და, რომ ეტყვი? 
- აუცილებლად! - მტკიცედ განუცხადა ფიფომ. - თუმცა, ასე უცებაც არ მივახლი და ისე, მირჩევნია, რომ ნელ-ნელა ჩამოვშორდე. არ მიყვარს, ასე უცებ და თანაც უმიზეზოდ, ადამიანის მიგდება. 
- უმიზეზოდ? - მიმის აშკარად ეწყინა. 
- არ ვაპირებ არავისთვის იმის ახსნას, თუ ჩემს ცოლთან, რა ურთიერთობა მქონდა ადრეც და ახლაც, ამიტომაც იმ ქალისთვის, მიზეზი არ არსებობს! სწორად გამიგე! 
- ჰო, კარგი. - მიმიმ ამოისუნთქა და მერე უცებ, ფიფოს თვალებში ჩახედა. - ნელ-ნელა დაშორება, იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მოგიწევს მასთან... მასთან ერთად... 
- კარგი, რა მიმი რაა. - დაუყვავა ფიფომ. - ეჭვიანობ ახლა შენ და დამშვიდდი. გპირდები, რომ არ მივეკარები, ტელეფონზე კი ვუპასუხებ და ასე თანდათანობით, ჩამოვშორდები. ისე თუ გინდა, უცებვე მივახლი, რომ აღარასდროს გამოვჩნდები მის ცხოვრებაში და მორჩა! 
- არა, არა! - თავი გააქნია მიმიმ. - ასე არ ივარგებს. ჯერ ერთი, იმიტომ რომ კიდევ ერთ მტერს გაიჩენ და რა გარანტია გაქვს, რომ ისიც არ დაგიწყებს დევნას და ნუ, რა ვიცი. კიდევ რას. 
- ნუ, ჰო. - თავი დაუქნია ფიფომ.
- და მეორეც, მეცოდება. რა შუაშია, ის ქალი? და ვინ იცის, როგორ უყვარხარ? 
- და რა ვქნა, ახლა? რა გავაკეთო? ორივესთან ერთად ვიცხოვრო? - იკრიჭებოდა ფიფო. 
- არ გამოვა ეგ! 
- ჰოდა, თანდათანობით ჩამოვშორდები, მხოლოდ აი, მართლა გპირდები, რომ აღარ მივეკარები! 
- ნუ, სხვა რა გზაა? - გაეცინა მიმის. - სიტყვაზე, უნდა გენდო. იმედია, მშვიდად მოგვარდება, მაგრამ ნეტა მართლა, ვინ არის, ის ვიღაც? შენ მართლა დარწმუნებული ხარ, რომ თვითონ ის ქალი, არ ჩალიჩობს? 
- არა მგონია, რადგან თუ კი, ჯერ მისთვის არც არაფერი მითქვამს და არც კი უგრძვნია ჩემგან ხელის კვრა, სიცივე, გულგრილობა და თანაც, თავის თავი თვითონ ხომ არ იცემა? და მერე, რისთვის? რის გულისთვის? მე ხომ ჯერ, არ მყავდა მიტოვებული? 
- მაშინ, მართლაც ვიღაც სხვა არის! ადრინდელი. 
- ჰო, რა ვიცი, შეიძლება. - ფიფო კვლავ აიწურა. - თუმცა მიმი, რომ იცოდე, არავინ მიმიგდია უხეშად და უშნოდ. ყველას პატივს ვცემდი, საჩუქრებს არ ვაკლებდი და მერე, უცებაც არ ვშორდებოდი, თანდათან გული რომ ცივდებოდა, ურთიერთობაც იკლებდა. - ფიფო გაჩუმდა. 
მეტი აღარც არაფერი ჰქონდა სათქმელი, ან თავის გასამართლებელი. თუმცა რადგან, ღალატად აღარ ჩაეთვალა, ძველი რომანტიული თავგადასავლები, ახლა თავს, ბევრად უფრო თავისუფლად და ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ მაინც ძლიერ ჩააფიქრა, მიმის მონაყოლმა. ნეტა მართლაც, ვინ უნდა ყოფილიყო? ან ვისგან? ვინ უთხრიდა ძირს და ვის სურდა, მისი ოჯახის დანგრევა?
LEX. 2021 წლის 7 იანვარი, კვირა.

No comments:

Post a Comment