Saturday, February 6, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 92)

92. 
დილით ფიფოს, მშვენიერ გუნებაზე გაეღვიძა. როგორც იქნა, ნანატრი დრო ეღირსა. მთელი ღამე, საყვარელი ქალის ალერსში გაატარა და ახლაც მიმის სურნელი ხვევდა თავბრუს. 
ფიფოს ტელეფონში, ზარი შემოვიდა. ფიფო ზანტად გაიზმორა. ზარი შეწყდა, თუ არა, მოკლე ხანში, შეტყობინებინების ხმამაც გაიწკრიალა. 
მიმი შეიშმუშნა. 
ფიფომ, ცალი თვალით დახედა მესიჯს და მაშინვე კომოდს ზურგი აქცია, მიმისკენ გადაბრუნდა და ჩაეხვია. 
ტელეფონში, ისევ შემოვიდა რამდენიმე ზარი, მერე კვლავ, რამდენჯერმე გაიწკრიალა და კიდევ, რამდენიმე მესიჯის შემოსვლა ამცნო. ფიფო, არც ახლა არ განძრეულა. 
სულ მოკლე ხანში, ფიფოს მობილურში, კვლავ გაისმა რამდენიმე ზარი და ზედიზედ, ისევ და ისევ, მესიჯებიც მოჰყვა. 
- უპასუხე, რაა. - გაიზმუვლა მიმიმ. - წაიღო ტვინი.  
- მეზარება და ჯერ კიდევ, მძინავს. - ზმუილითვე მიუგო ფიფომ. 
მობილურში, კიდევ რამდენიმე მესიჯი შემოვიდა და ტელეფონიც, ბოლოს და ბოლოს, დადუმდა. 
ფიფომ ერთ ხანს, იყუჩა. იცდიდა, რომ კიდევ არ შემოსულიყო მესიჯი. არც ის უნდოდა, რომ მიმის თანდასწრებით გაეხსნა და არც ის, რომ ტელეფონის საპასუხოდ, სპეციალურად გვერდით ოთახში გასულიყო.
ერთხანს იცადა, ასე და მერე წამოდგა, გაიზმორა. მობილურს ხელი დაავლო და დაბალ ხმაზე და თან, ისე რომ მიმის გაეგონა, ჩაიბურტყუნა: 
- ბარემ, ჩემს საძინებელში მივიღებ შხაპს, თორემ აქ შენ სულ, ქალის სურნელოვანი შამპუნები გექნება... 
და ძლივს მოასწრო სიტყვის დამთავრება, რომ ტელეფონმა, მის ხელში, კვლავ გაიწკრიალა. 
- და უპასუხე, ახლა მაინც! - წამოიწია მიმი. - ნუ დატანჯე, ის ქალი! 
- ვინ, ქალი? - ენის ბორძიკით უპასუხა ფიფომ. 
- მაშინ, კაცი! 
- ვუპასუხებ! - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ჯერ წესიერად თვალს გავახელ და მერე, ვუპასუხებ აბა, რაა.
ფიფომ ფრთხილად შეავლო მიმის თვალი, რომელსაც აშკარა, უკმაყოფილება ეწერა სახეზე. 
- რა ტკბილად და გემრიელად გვეძინა და როგორ დაგვიფრთხეს ანგელოზები. - ღიმილით დაიწყო ფიფომ. - რა ვქნა? ასეთი სამსახური მაქვს? - ფიფო გაჩუმდა. 
მიმიმ არაფერი უპასუხა, თუმცა კვლავ, უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა. 
- რა იყო? - ჩაეკითხა ფიფო. - ნუთუ წუხელ, ასეთ ცუდად იგრძენი თავი? 
- ეგ, რა შუაშია? 
- აბა? - არ მოეშვა ფიფო, რადგან ჩანდა, მიმის აშკარად, რაღაც აწუხებდა. 
- რა, აბა? - კითხვითვე მიუგო მიმიმ. 
- გეტყობა, რომ ვერ ხარ რაღაც ხასიათზე. 
- ჰოო? 
- ისე, გუშინ საღამოსაც, არ მომეწონე. - განაგრძო ფიფომ. - მერე ვიფიქრე, რომ უბრალოდ, გადაღლილი იყავი და მაგიტომ და თანაც, იმ ავბედითი პერიოდიდან, წელიწადი იყო გასული და... 
მიმიმ უპასუხოდ აიჩეჩა მხრები. 
ტელეფონში, გაბმული ზარი შემოვიდა. ფიფომ ამჯერად, დახედა ნომერს. 
- აი, ხედავ? გალე რეკავს, რამდენი გძინავსო, ალბათ. - გაიკრიჭა ფიფო და შემოსულ ზარს, უპასუხა. - გადმოგირეკავ!.. კარგი დამელოდე, მოვალ მალე. 
ფიფომ ტელეფონი გათიშა და მიმის მიაჩერდა. მიმის თვალი არ აურიდებია. 
- გალე მელოდება, ჩემს კაბინეტში. - ფიფომ დამნაშავესავით დაიწყო ახსნა. 
- მერე, რაღას ალოდინებ? 
ფიფომ მხრები აიჩეჩა და კარისკენ წავიდა თუ არა, ტელეფონმა, კვლავ გაიწკრიალა. 
- ფიფო! - მიაძახა მიმიმ. 
ფიფო კართან შედგა. ზურგს უკან, მიმის მწველ მზერას გრძნობდა, მაგრამ თითქოს, მობრუნებას ვერ ბედავდა. 
- შეგიძლია ყველაფერი ჩაალაგო. - მიმის საკმაოდ, მტკიცე ხმა ჰქონდა. 
- რაა? 
- მხოლოდ დიმეოს, ვერსად ვერ წაიყვან და ნახვით კი, ნებისმიერ დროს შეგიძლია ნახო კიდევაც და მთელი დღეც გაატაროთ ერთად! 
- მიმი, რას ამბობ? - ფიფო შეცბუნებული შემობრუნდა. - ნუთუ წუხელ, მართლა ასე ცუდად იგრძენი თავი ჩემთან ერთად, რომ დილიდან, უკვე სახლიდან მაგდებ? 
- მე, გაგდებ? - გაიკვირვა მიმიმ. - ჰმ. 
- აბა? - კითხვითვე მიუგო ფიფომ. - რა უნდა ჩავალაგო, ანდა სად უნდა წავიდე? 
- იცი, რა მიკვირს? - დაიწყო ისევ მიმიმ. - შენ თვითონ უნდა გყოფნოდა ვაჟკაცობა და კაცობა და თავადვე უნდა მოგეგვარებინა, ოჯახური პრობლემა და კონფლიქტი! 
- მიმი, რა კონფლიქტი? ან, რა პრობლემა? 
- ფიფო, შენ თუ სახლიდან წასვლა გინდა, ჯერ მე უნდა მითხრა, მე! და არა... 
- და საიდან მოიტანე? - ფიფო აშკარად გაბრაზდა. 
- შენ გგონია, დიმეოს გატაცების მერე, მარტო ვეღარ ვიცხოვრებთ? კი, თავიდან რთული იქნება, მაგრამ შევეგუებით და... 
- მიმი, რას ბოდავ? საიდან მოიტანე, რომ თქვენი მიტოვება მინდა? ნუთუ მართლა, წუხანდელი ღამე, შენთვის საერთოდ აღარაფერს ნიშნავს? იქნებ, შენ გინდა უჩემობა და ასე მაგიტომ მექცევი? 
- მე მინდა? ჰმ! - მიმიმ თავი გააქნია. - ფიფო, მე, შენგან განსხვავებით, შენთან არავინ მომიგზავნია ამბისა და საქმის გასარჩევად და ასე ვთქვათ, ოჯახური კონფლიქტის დასალაგებლად!
ფიფოს ტელეფონმა, კვლავ გაიწკრიალა. 
- ჰოდა, უპასუხე ახლა! - მიახალა მიმიმ. - უთხარი, რომ მიმისთან, ყველა პრობლემა მოგვარებულია და სიხარულით იცვლი ბინის მისამართს! 
ფიფო გახევდა. ცოტაც და ლამის, ბოლო ხმაზე უნდოდა ეყვირა, მიმი რა გჭირს, რა მოხდაო, მაგრამ მაშინვე გაიფიქრა, რომ აქ რაღაც, სხვა ამბავიაო და ისევ, მშვიდად გადაწყვიტა მისი მოგვარება. 
ფიფო საწოლისკენ დაიძრა და მიმის მხარეს ჩამოჯდა. თვალებში ჩახედა და მერე რაც შეიძლებოდა ძალიან მშვიდი ხმით მიმართა: 
- მოხდა, რამე? 
მიმიმ არაფერი უპასუხა. 
- არც იმდენად სულელი ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე, რაღაცაშია საქმე და არც იმდენად შტერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს, შენთან უმშვენიერესი ღამე მეღირსა და სწორედ ახლა, ბარგი ჩავალაგო და სახლიდან წავიდე! 
მიმიმ თვალი აარიდა. აშკარად, რაღაცას მალავდა, ან ვერ ბედავდა თქმას. 
- ნუთუ, მართლა ეს გინდა? 
- მე არაფერი მინდა. - გაბუტული აბზუკა ტუჩი მიმიმ. - ეს, შენ თვითონ გინდა და რადგან ვერ ამბობ, გინდა რომ ჩემგან წამოვიდეს. 
- მიმი, შენც ხომ კარგად იცი, რომ შენთვის ძალა, არასდროს დამიტანებია, არც შენ ყოფილხარ წუხანდელი ღამის წინააღმდეგი და ახლა, რამ გიკბინა? ასეთი, რა დაგესიზმრა? 
- არაფერი დამსიზრმია. - უკმეხად მიუგო მიმიმ. 
- და აბა? რა მოხდა? ასე ძალიან გინდა, რომ სახლიდან წავიდე? თუ ბონუსად უმშვენიერესი და ერთადერთი უკანასკნელი ღამე მაჩუქე და ამის მერე, სახლიდანაც მისტუმრებ? - ფიფომ წამით იყუჩა და ძალიან დაბალი ხმით განაგრძო. - ნუთუ, მართლა გინდა რომ წავიდე? 
- ფიფო, მე არაფერი მინდა, მაგრამ შენ ქმნი ისეთ პირობებს, ისეთ სიტუაციას და თან, ისე გინდა მოაწყო, რომ ვითომ, მე გაგდებ და გიშვებ სახლიდან და მაინტერესებს, ასე, რატომ იქცევი? ნუთუ, არ გყოფნის იმდენი ვაჟკაცობა, რომ კაცურად მითხრა და ისე წახვიდე? - მიმის თვალები აუწყლიანდა.
ფიფომ არაფერი უპასუხა. ახლა აშკარად იგრძნო, რაღაცაში იყო საქმე და დააცადა, რომ მიმის, ბოლომდე ეთქვა სათქმელი. 
- დიმეოს შენ, ძალიან უყვარხარ. - განაგრძო მიმიმ. - ზოგჯერ მგონია, რომ ჩემზე მეტადაც.  
- და შენ, ეჭვიანობ? - ჩაეღიმა ფიფოს. 
პასუხად მიმიმ, თავი გააქნია. 
- ჰმ. მიმი. - ღიმილით დაიწყო ფიფომ. - იცი, რომ მთელი ბავშვობა, სულ მამასთან ერთად მინდოდა დროის გატარება. კაცობა მინდოდა, ვაჟკაცობა! ვითომ, საკმაოდ უკვე დიდი ვარ და ვკაცობდი, მაგრამ დედაზე, ყოველთვის ჭკუა მეკეტებოდა და დიმეოც ასეა, მართლა! ჩემთან ერთად ვაჟკაცობს ბიჭი, მაგრამ დედა, ყველას ურჩევნია, მით უმეტეს, თუ ყველაზე ლამაზი და თბილი, მოსიყვარულე დედიკო ჰყავს. 
მიმის ცრემლები გადმოსცვივდა და დაბალი ხმით დაიწყო: 
- ბავშვს, ვერ ავუკრძალავ, შენს ნახვას. როცა გინდა... მაშინ... 
- მიმი! არსად წასვლას არ ვაპირებ და არც კი ვიცი, ვერც კი ვხვდები, საიდან მოიტანე?! 
მიმიმ არაფერი უპასუხა. 
- პირიქით! - განაგრძო ფიფომ. - შენს გვერდით თავს, ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდი და ახლა კი, მით უმეტეს, უბედნიერესი ვარ! - ფიფომ იყუჩა. 
არც მიმი იღებდა ხმას. 
- ის, მაშინ.- დაიწყო ფიფომ. - სახლიდან რომ წავედი, სულაც არ იყო შენი მიტოვება. 
- ჰოო? აბა რა იყო? - წაიკნავლა მიმიმ. 
- რა იყო და, მაშინ შენზე, იმდენად განაწყენებული ვიყავი, რომ მინდოდა, მაგრად დამესაჯე, ცოტათი მაინც გენერვიულა ჩემზე, გეეჭვიანა, უკან გამომკიდებოდი და გამომეკიდე კიდევაც! ხომ გახსოვს? თუ დაგავიწყდა?
მიმის ნაღვლიანად ჩაეღიმა. 
- შენ, ვერც კი წარმოიდგენ, მაშინ რა ბედნიერი ვიყავი. - განაგრძო ფიფომ. - მაგრამ არც შევიმჩნიე და თავიც კი მოგაჩვენე, რომ უკან არ ვიხევდი. გული მეკუმშებოდა, ისეთი სევდიანი თვალებით მიყურებდი. - ფიფომ გაჩუმდა. 
არც მიმი იღებდა ხმას და აღარც მობილურის ზარები და მესიჯები შემოსულა. 
- იცი, მიმი. - დაიწყო ისევ ფიფომ. - ყოველ დღე ვაპირებდი სახლში დაბრუნებას, მაგრამ ხან რამ შემიშალა ხელი და ხან რამ, თითქოს ჯიბრზე, ვერ ვიცლიდი, თითქოს რაღაც, სულ სხვა ბიძგი სჭირდებოდა ჩემს დაბრუნებას. თვითონაც არ ვიცი, რას ველოდი. შენ კი ყველაფერი გააკეთე, უკან დაბრუნების ყველანაირი შანსი მომეცი და მე კი თითქოს, ვერ ვხვდებოდი, უფრო სწორად არ ვხვდებოდი. 
- იქნებ, გინდოდა მუხლებში ჩაგვარდნოდი? - ირონიულად აღნიშნა მიმიმ. 
- არა! არა! - მიუგო ფიფომ. - თუმცა თავად არც კი ვიცოდი, ზუსტად რა მინდოდა, მაგრამ მართლა გსჯიდი, მთელი ბოღმითა და ბრაზით გსჯიდი და თან, გული მეწურებოდა! ისე, სადღაც მიხაროდა კიდევაც, რადგან ზოგჯერ, ისეთი დაბნეული თვალებით მიყურებდი და თან, კიდევ მინდოდა, რომ ისევ შენ გადმოგედგა ნაბიჯი, მაგრამ შენ კვლავ, როგორც ყოველთვის იცი ხოლმე, ერთ ადგილას გაიყინე და აი მაშინ უკვე, დავიბენი კიდევაც, აღარც ვიცოდი, მართლა გინდოდა თუ არა, ჩემი დაბრუნება. - ფიფო გაჩუმდა. 
- მერე? - ვეღარ მოითმინა მიმიმ. 
- მერე კი შენც ხომ იცი, არა? დიმეოს გატაცებამ, ხომ სულ აგვრია და მაშინ მივხვდი, რომ რა იდიოტი ვიყავი, რა უტვინო სვლა გავაკეთე და თან ბავშვის ამბავი, სულ თავიდან ბოლომდე, ჩემი ბრალი იყო...
- აღარ გვინდა მაგაზე, - გააჩერა მიმიმ. 
- კარგი, არ გვინდა, მაგრამ აი მაშინ მივხვდი რომ... რომ უშენოდ... - ფიფომ წამით იყუჩა. - მაშინ მივხვდი, რა იდიოტურად მოგექეცი. სახლში სწორედ, იმ ღამესვე უნდა დავბრუნებულიყავი. 
- როდის? რომელ ღამეს? - ჩაეკითხა მიმი. - დიმეო რომ გაიტაცეს, შენ ხომ მაშინვე აქ გაჩნდი და იმის მერე, აღარც წასულხარ. 
- არა, არა. - თავი გააქნია ფიფომ. - აი, იმ ღამით, როცა საღამურ პიჟამოებში გამოწყობილი, ნახევრად მძინარე ბავშვით მომადექი. აი ამით, ყველაფერი იყო ნათქვამი. განა ვერ მიხვდი, მაგრამ უკან აღარ დავიხიე და ეს იყო ჩემი, ყველაზე უტვინო და არასწორი ქმედება და არა ის, რომ მე, სახლიდან წავედი. 
- და ისე, სინამდვილეში? მართლა არ წასულხარ? - დაბალი ხმით იკითხა მიმიმ. 
- ხომ აგიხსენი? - გაეღიმა ფიფოს. - ამდენი, ტყუილად ვიქაქანე? ჰმ. იცი? რამდენჯერ ვიფიქრე სახლში დაბრუნება. იყო ხოლმე რომ რამდენიმე წრე დავარტყი სახლს, მაგრამ თითქოს, ვერ გავბედე მოსვლა, ალბათ ისევ, შენს ნაბიჯს ველოდი. 
- მერე მე ხომ გადმოვდგი? - მიუგო მიმიმ. - შენს სახლშიც კი დავრჩი და შენ, არც კი დაწექი იმ ღამეს. - გაბუტული ხმით დაასრულა მიმიმ. 
- დააა... - ფიფომ წარბები აზიდა. - და იმ ღამით, რომ შემოგწოლოდი, არ გამაგდებდი? 
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმი. 
„ფუ! რა კრეტინი ვყოფილვარ!“ 
ფიფოს საკუთარ თავზე, გული მოუვიდა. 
„იქნებ, ბევრად ადრეც უნდა შევწოლოდი მიმის საწოლში და ამდენი ხანი, ასე აღარ გაიწელებოდა, ეს უაზრო ცოლ-ქმრობა. 
იქნებ სწორედ ამ ნაბიჯს ელოდა მიმიც? 
ჰმ, ისე რამდენჯერმე, თავად შემომიწვა და მე კი, არც გავინძერი, ჩემი ჭკუით, დავსაჯე და ვინ გამოვიდა დასჯილი იდიოტის როლში? 
ჰმ, ისევ მე! 
ვაი, რა შტერი ვყოფილვარ და ახლა მივხვდი! ჰა, ჰა!“ 
- ჰმ, კრეტინი ვარ, რაა. - ჩაილაპარაკა ფიფომ.
მიმის ყურებამდე გაეღიმა. 
- შენ კი, ჩურჩუტი. - ღიმილით მიმართა ფიფომ. - აბდაუბდა აზრები მოგდის თავში და არც კი ცდილობ, რომ თავადვე წესიერად გაერკვე და მაშინვე სახლიდან მაგდებ. 
- ფიფო, მე არ გაგდებ. - მიუგო მიმიმ. - ნამდვილად არ გაგდებ, მაგრამ შენ თავად ქმნი მასეთ პირობებს, რომ... 
- არანაირ პირობებს არ ვქმნი! - იწყინა ფიფომ. - და საერთოდაც არ მაინტერესებს, თუ საიდან მოიტანე! აღარ მაინტერესებს და მორჩა!
პასუხად მიმიმ, მხრები აიჩეჩა. 
- გინდა, მე მოვამზადო საუზმე? - თბილი ხმით მიმართა ფიფომ. 
- არა. - მაშინვე მიუგო მიმიმ. - შენ, ჩემი მომზადებული უფრო გიყვარს. 
- რა თქმა უნდა, მიყვარს! - გაიკრიჭა ფიფო. - შენ ხომ ყველაფერს, საუცხოოდ ამზადებ. 
- სანამ შხაპს მიიღებ და გაიპრანჭები, გაგიმზადებ მანამდე. - მიმი წამოდგა და ხალათი მოიცვა. 
ფიფო თვალს არ აცილებდა და თან, ფიქრობდა რამ უკბინა ამ გოგოს, ასეთი რა მოხდაო, მაგრამ ჩანდა, რომ მიმის ალაპარაკება, არც ისე ადვილი იყო. ამიტომ ფიფომ, მოცდა ამჯობინა. ისევ თვითონ მეტყვისო, როცა საჭიროდ ჩათვლისო. 
საუზმე, როგორც ყოველთვის, ფიფოს ძალიან ეგემრიელა. 
- ბავშვს, მე მოვიყვან. - დაიწყო მიმიმ. 
- თუ გინდა, იყოს იქ საღამომდე. 
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - არ მოიწყინოს.
- თუ მოიწყენს, დაგვირეკავს, არ მოერიდება. 
- ნუ, ჰო. - გაეღიმა მიმის. 
- შენ კი მთელი დღე თავისუფალი ხარ, გაიარე სადმე მაღაზიებში, მეგობრებში გაერთე. საახალწლოდ მოემზადე. 
- ფიფო, სად გავიარო? 
- რა ვიცი. 
- მარკეტში, ისედაც დავდივარ დიმეოსთან ერთად, სხვა მაღაზიები კი, დაკეტილია და რომელ მეგობრებში გართობას ამბობ ამ პანდემიის დროს? 
- ნუ, ჰო. - გაეცინა ფიფოს. - რა ვიცი, უბრალოდ ისე გითხარი, ბავშვი საღამომდე იყოს ჩემებთან და შენ გაერთე და დაისვენე-მეთქი. 
- ან სად უნდა გავერთო, ან ბავშვი, სულაც არ მაწუხებს. 
- ჭკვიანია და მაგიტომ. 
პასუხად მიმის, გაეღიმა. 
- იცი, ზოგჯერ. - დაიწყო მიმიმ. - ასე მგონია, რომ მე ვარ ბავშვი და დიმეო კი, უფროსი ადამიანი! ისეთ რამეს მეტყვის, ან ისეთ რამეს გააკეთებს, რომ... 
- ჰო, მეც მასე მეგონა გუშინ. - გაეცინა ფიფოს. - ისე დამტუქსა, სამსახურში როცა წამომყვა. 
- მართლა? - გაეღიმა მიმის. - და, რა მინდაო? 
- იმ საღამოს რომ დაგიყვირე, მაგის გამო, ისეთი დღე მაყარა, ჰაჰ! 
- კაცობს, ბიჭი. - გაეცინა მიმის. 
- დიახაც, კაცობს და ვაჟკაცობს და შენ კი ეჭვიანობ, შენ უფრო მეტად უყვარხარ, ვიდრე მეო. 
- ჰმ. - ჩაეღიმა მიმის. 
- აი, ახლა ხვდები? - ფიფო თვალებში ჩააშტერდა. - ვინ უფრო უყვარს? შენი გულისთვის, როგორ „გამტისკა“. 
- ჰა, ჰა. - გაეცინა მიმის. - რა სასაცილო სანახავი იქნებოდით ორივე ამ დროს. 
- აბაა. - ფიფომ სიცილით გააქნია თავი. - ლამის, ენა ჩამოვარდა. ხმას ძლივს ვიღებდი. 
- ალბათ, ამიტომაც ვაჩეს... - მიმი გაჩუმდა. 
- რა ვაჩეს? 
- იქნებ, მართლა ვაჩე იყო დამნაშავე? ან დედამისი და ამიტომაც არ გინდოდა, მათი პასუხისგებაში მიცემა. 
- სიმართლე გითხრა, დღემდე, ზუსტად არ ვიცი. - ფიფომ ამოიხვნეშა. - არც კი ვიცი, რატომ დავიცავი ეს ხალხი, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, ვხვდები რომ, სწორად მოვიქეცი. 
- მეც გეთანხმები. 
- ან ის საცოდავი ქალი რომ ციხეში ჩამესვა, მერე რა? ვერც გადაიტანდა და იქვე მოკვდებოდა, და ცალკე ამ უპატრონოდ დარჩენილი, მშიერი ბავშვების ცოდვაც ამეკიდებინა? 
- ბინიდანაც როგორ გამოყარეს. 
- აბააა. - ამოიხვნეშა ფიფომ. 
- ისე, ვერც მაგ ბინის ამბავს გაიგებდი, ვაჩე რომ არ მოსულიყო შენთან. 
- მართალი ხარ. - თავი დაუქნია ფიფომ. - ვაჩეს თვალში, იმედის ნაპერწკალი ჩაისახა ჩემი მხრიდან და მაგიტომაც მოვიდა. 
- ან ის ბავშვი რომ დაგეჭირათ, არც მაგით გამოვიდოდა რამე. 
- ეჰ, მიმი. - ხელი ჩაიქნია ფიფომ. - ციხე რომ მართლაც გამოსასწორებელი ყოფილიყოს, ხალხი სიხარულით ჩაჯდებოდა. 
- სიხარულით? - გაეცინა მიმის. 
- ნუ დაახლოებით. - მიუგო ფიფომ. 
- აბა ციხე, რისთვის არის საჭირო? 
- იმისთვის არის საჭირო, ჩემო მიმი, რომ მართლაც ნამდვილი გარეწრები და დამნაშავეები მოარიდონ სხვებს, ახალი დანაშაულის ჩადენას აარიდონ. 
- ჰო, მაგრამ მაინც რამდენი მართალი კაციც დაუჭერიათ. 
- უჰ, რამდენიც გინდა. - თავი გააქნია ფიფომ. - ამ ქვეყნად სამართალს, რა უნდა, მაგრამ სამართალ დამცავებიც რომ არ არსებობდნენ, აი მაშინ უნდა გენახა, რა იქნებოდა, ამიტომ სულ ვიცავთ, თუ ნახევრად ვიცავთ, მაინც ვიცავთ რაა. 
მიმის გაეღიმა. 
- ესე იგი. - დაიწყო მიმიმ. - საახალწლოდ მოვემზადოთ? 
- რა თქმა უნდა. - თავი დაუკრა ფიფომ. - შარშანდელი, დაკარგული დღესასწაული, აუცილებლად უნდა აღვუდგინოთ ბავშვს.
- ჩემი პატარა. - მიმის თვალები აუცრემლდა. - რამდენი იტანჯა და მაინც როგორი ვაჟკაცურია. 
- კაცია და აბა, რაა. - გაიბადრა ფიფო. - მაგრამ, რა ვაჩუქოთ? ან ერთად, ან თუნდაც, ცალ-ცალკე? შენთვის, არაფერი უთქვამს? ან მინიშნებით მაინც, თუ იცი? 
- წარმოდგენაც კი არ მაქვს. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ვცადე, რამდენჯერმე. ხან იქიდან მოვუარე, ხან აქედან, მაგრამ ვერაფერი გავიგე. 
- რადგან ასე ვაჟკაცობს ბიჭი, მაშინ პირდაპირ ვკითხოთ და გვითხრას კაცურად, რა სურს საახალწლოდ. 
- იმედია, ისეთს არაფერი იტყვის, რომ ვერ შევასრულოთ. - ჩაეღიმა მიმის. 
- რა ვიცი. - გაეცინა ფიფოს. - არა მგონია, ძაან დაგვაზარალოს. 
- და ყველაფერი კარგად ჩაივლის. - ამოიხვნეშა მიმიმ. - შარშანდელთან... 
- აღარ გვინდა, მაგის გახსენება. - შეაწყვეტინა ფიფომ. - და საერთოდ, კარგზე იფიქრე! 
- როცა მასე ვფიქრობ და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, მაშინვე რაღაც ცუდი ხდება და ზოგჯერ, მეშინია ხოლმე იმ ბედნიერების. 
- მეც მასე არ ვიყავი? - გაეცინა ფიფოს. - დილით, კარგ ხასიათზე გაღვიძებულს, ლამის გარეთ მაგდებდი.
მიმის მდარედ გაეღიმა. 
- ჰოდა, ახლა თუ არ წავედი. - ფიფო წამოდგა. - გალეო უკვე, ალბათ მეოცე ფინჯან ყავას მიირთმევს, ჩემს მოლოდინში. 
- მახსოვს, ყავა არ უყვარდა. 
- მაგას არც სასმელი უყვარდა, მაგრამ ხომ გავალოთე? - ეცინებოდა ფიფოს და თან კარისკენ დაიძრა. 
ფიფოს ტელეფონში, ისევ მესიჯმა გაიწკრიალა. ფიფომ მობილურს თვალი შეავლო და ის იყო, ხელი კარის სახელურისკენ უნდა წაეღო, რომ მიმის ხმამ, ერთ ადგილას გააშეშა. 
- აქ, ერთი ქალი იყო მოსული... - წაიჩურჩულა მიმიმ დაბალი ხმით. 
LEX. 2021 წლის 2 იანვარი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment