91.
საღამოს, სტუმართან ერთად სახლში დაბრუნებულ ფიფოს, მიმიმ საყვედურის თვალით შეხედა.
- დაგერეკა მაინც, რამე გემრიელობას მოვამზადებდი. - წაუჩურჩულა ფიფოს.
- ჩუკიზე ამბობ? - გაიკრიჭა ფიფო. - ჩუკი ჩვენთვის, იმდენად საპატიო სტუმარია და იმდენად ჩვენია, რომ მურაბიან ჩაიზეც უარს არ გვეტყვის.
- ნუ შეწუხდები, მიმი. - გაუღიმა ჩუკიმ. - მარხვაზე ვარ, თუმცა ცხელ ჩაიზე, უარს მართლა არ ვიტყოდი.
- ბიჭო, შენ რა სულ მარხვაზე ხარ, თუ სპეციალურად უმიზნებ ჩემთან სტუმრობას? - გაეცინა ფიფოს.
- ჰოო. - ჩუკისაც გაეცინა. - ალბათ, ასეთ დღეებში უფრო ვჭირდებით ერთმანეთს! ისე. - ჩუკი შეყოვნდა. - შარშანაც სწორედ ამ დროს გეწვიეთ სტუმრად, თუმცა კი არ გეწვიეთ, დაუპატიჟებლად მოგადექით კარზე. - დაბალი ხმით დაასრულა ჩუკიმ.
- ფიფო, ბავშვი? - შეშფოთებული ხმით იკითხა მიმიმ.
- ჩემებთან დარჩა. - ფიფომ მიმის გამოხედა. - ჩვენც უფრო ასე გვაწყობს ახლა. იმდენი სალაპარაკო გვაქვს, აღარ მინდა ბავშვი ისმენდეს, თუნდაც უნებურად მოჰკრას რამეს ყური.
- არავითარი საქმე! - მკაცრად გამოაცხადა მიმიმ. - ჯერ ვახშამი და მერე, საქმე!
- ორივე ერთად, არ შეიძლება? - გაეცინა ფიფოს. - თუ აქაც პირბადით ვიჯდე, რომ არაფერი შემომეჭამოს.
მიმის გაეცინა და ვახშმის სამზადისს შეუდგა.
- რომ იცოდეთ, რა მაქვს მომზადებულიიი. - მიმიმ ლანგარი შუაში ჩადგა. - სამარხვოდაც გამოდგება და საგემრიელოდაც.
- და რა არის ასეთი? - დაინტერესდა ფიფო.
- ოდნავ მოთუშული ბულგარული, ნიგვზის სატენით!
- დარწმუნებული ვარ, ძალიან გემრიელი იქნება. - ჩაურთო ჩუკიმ. - საინტერესო ამბებთან ერთად. - დაუმატა ბოლოს.
- ოო, საინტერესო ამბები კი, თავზე საყრელად გვაქვს, მართლაც. - აღნიშნა ფიფომ.
- მოვა გალე? - იკითხა ჩუკიმ.
- გალემ, ვერ მოვალო. - უპასუხა ფიფომ. - გზიდან დამირეკა, ისეთი დაღლილი ვარ, იმხელა თოვლში ვიარეთ, შემეშინდა ახალ წელს, იქ არ ჩავრჩეო. სამაგიეროდ, იმდენი რამ აღმოვაჩინეთო, მაგრამ ახლა, ერთი სული მაქვს, საწოლამდე დროულად მივაღწიო, გზაშივე რომ არ ჩამეძინოსოო.
სახლში საკმარისად თბილოდა, ფიფომ ბუხარს კიდევ შეუკეთა შეშა. მიმის უკვე სუფრა გაწყობილი ჰქონდა და თითქოს, ფიფოს მიპატიჟებას ელოდა.
- მიმი მოდი, რააა. - მიუხვდა კიდეც ფიფო. - უშენოდ, მაინც არ დავიწყებთ.
- იქნებ, რა გაქვთ სალაპარაკო. - თავი გამოიდო მიმიმ და იქვე ჩამოჯდა.
- რადგან გეპატიჟები, შეირგე. - თვალი ჩაუკრა ფიფომ. - შენი ჭიქა, სად არის?
- არ მინდა დალევა. - გაეცინა მიმის. - რომელი მსმელი მე მნახე?
- არც ჩუკი სვამს, მაგრამ ჭიქა მაინც შევუვსე, იქნება და გადასცდეს რამე ყელში.
- ერთ ჭიქას, როგორ არ დავლევ. - გაიკრიჭა ჩუკი.
- აი, ხედავ? - ჩუკისკენ მიანიშნა ფიფომ. - მგონი, მოვაშინაურე ეს კაციც.
- და კიდევ, ვინ? - გაეცინა მიმის.
- ნუ, გალეო ხომ გავალოთე ბოლომდე!
- ისე, ჰო. - კისკისებდა მიმი. - ადრე, საერთოდ არ სვამდა.
- დაკაცდა, ჩემს ხელში, დაკაცდა! - იცინოდა ფიფო და ჩუკის მალულად შეავლო თვალი, რომელიც უკვე, ახალი ამბების მოლოდინში ცმუკავდა და სული ელეოდა.
ფიფომ ახლა, მიმისაც გახედა და ჩაეღიმა. აშკარად ჩანდა, ორივე ელოდა, როდის დაიწყებდა ფიფო ახალი ამბების მოყოლას.
- მოკლედ. - ფიფომ ჭიქებში ჩამოასხა. - კიდევ ორი გვამია ნაპოვნი.
- ჰოო? - წარბები აზიდა ჩუკიმ.
- მართლა? - ჩაურთო მიმიმ.
- მართლა, აბა? - მიუგო ფიფომ. - ხომ არ ვიტყუები?
- და, ვინ არიან? - ვეღარ ითმენდა ჩუკი.
- დიმეოს? რამე აკავშირებს? - დაურთო კვლავ მიმიმ.
- თუ მაცლით, მოგიყვებით. - ფიფომ ჯერ, სტუმარს და მერე მიმის გახედა. - ცალკე გალეო კვდება დარდით, ვერაფრით მიხვდა, საიდან გავედი იმ ხალხზე.
- მერე, რატომ არაფერი უთხარი? - შენიშნა მიმიმ. - რას უშლი ტყუილად ნერვებს, იმ ბიჭს?
- ჰოო? - ჩაეცინა ფიფოს. - საქმეც მაგაშია, რომ სულ ტყუილად იშლის ნერვებს! და როგორ ფიქრობ? განა, არ მოვუყვები? მაგრამ მინდოდა ჯერ, ცოტა თავადაც ეჭყლიტა ტვინი.
- იმედია, სულ არ გადაეჭყლიტება. - სიცილით აღნიშნა მიმიმ, რასაც ბიჭების ხარხარი მოჰყვა.
- მაცდით, მოყოლას? - ფიფომ სული ძლივს მოითქვა.
- კარგი. გისმენ, თორემ დამელია სული. - მიუგო მიმიმ.
- მოკლედ, ერთ-ერთ სოფლის სახლის სარდაფში. - დაიწყო ფიფომ. - რომელსაც მარანისა და სხვა ჭირნახულის შესანახადაც იყენებდნენ, აღმოჩენილ იქნა, ორი გვამი! - თითქოს, დემონსტრაციულად გამოაცხადა ფიფომ და გაჩუმდა.
- მერე? - ვეღარ მოითმინა ჩუკიმ.
- პათ.ანატომის პირველადი დათვალიერებიდან აღნიშნულია, რომ ერთი ქალის არის, მეორე კი მამაკაცის, ასაკით ასეე, შუა ხნეს გადაცილებული.
- და, როგორ არიან?.. - მიმი გაჩუმდა, თუმცა ფიფო, ისედაც მიუხვდა შეკითხვას.
- როგორ არიან გარდაცვლილები? აი, მაგას უკვე, გვამების გაკვეთის შემდეგ, უფრო ზუსტად დაადგენენ. - მიუგო ფიფომ. - თუმცა, დიდად გასაკვეთი, უკვე აღარც არაფერია. - ჩაილაპარაკა მერე დაბალი ხმით.
მიმის ტანში, არასასიამოვნოდ გააჟრჟოლა.
- მოკლედ, სარდაფში აღმოჩენილი გვამები, კერძოდ კასრში! სხვათა შორის. - განაგრძო ფიფომ. - და ის სახლი, სადაც ჩვენი, უკვე კარგად ნაცნობი დეტექტივი გავგზავნე, ჩვეულებრივად იყო გამოკეტილი. მეზობლებიც შორიახლო ცხოვრობენ და მათი თქმით, შვილიშვილმა წაიყვანა ქალაქში, დროებით საცხოვრებლადო და ეს დროებითობა კი, ლამის მთელი წელია გრძელდება.
- მდაა. - თავი გააქნია ჩუკიმ. - ესე იგი, როგორც ვხვდები, იმ ფოსტალიონის, ბებია-ბაბუა გამოდის?
- დიახ! - დაუდასტურა ფიფომ.
- ვინ ფოსტალიონის? - იკითხა მიმიმ.
- აი, ის ბიჭი. - მიუგო ჩუკიმ. - დიმეომ რომ ფოტოზე ამოიცნო.
- ვააა. - გაიკვირვა მიმიმ. - ფოსტალიონებიც იყო საქმეში ჩარეული?
- მიმი ეს ის ფოსტალიონი არ გეგონოს, წერილები და ამანათები, რომ დააქვს. - ღიმილით აღნიშნა ფიფომ.
- აბა? - გაუკვირდა მიმის.
- სხვა ფოსტალიონებიც არსებობენ. - დაურთო ჩუკიმ. - პრინციპში, ფოსტის კურიერის მაგივრობას კი წევენ, მხოლოდ ეს სულ სხვა ფოსტაა და სულ სხვა გზავნილია, ასე რომ მისი საქმიანობა, ნარკოტიკის ფოსტის ტარება იყო და არა ჟურნალ-გაზეთების. თუმცა ახლა ვიღას დააქვს გაზეთები.
- მდაა. - გაიკვირვა მიმიმ.
- ისე, ჩვენში დარჩეს და რა მნიშვნელობა აქვს, რა პროფესიისაა, ან სად მუშაობს დანაშაულის ჩამდენი. - ჩაურთო ფიფომ. - ბოროტმოქმედია და მორჩა!
- ჰო მასეა. - დაუდასტურა ჩუკიმ. - შეიძლება, სულაც, უბრალო მუშაც იყოს და შეიძლება, გამოჩენილი პროფესორიც!
ბოლო სიტყვის ხსენებაზე, მიმი შეკრთა და ფიფოს დამფრთხალ თვალებს შეეფეთა, რომელსაც მკვდრისფერმაც კი გადაჰკრა, რაც ჩუკის, არ გამორჩენია, მაგრამ არაფერი უკითხავს.
წამით, სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა მიმიმ მაშინვე მოისაზრა, დესერტად ცხელ ჩაის შემოვიტან და მურაბებსაც გავხსნიო.
ფიფომ, სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა, მერე სასმელიც მოსვა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩუკის მწველ მზერას გრძნობდა.
- თითქოს მომეჩვენა, ან იქნებ, არც მომეჩვენა. - დაიწყო ჩუკიმ. - რაღაც ისე, ვერ ვთქვი, ან...?
- ან იქნებ, არც იყო ამის დრო. - მდარედ ჩაეღიმა ფიფოს.
- ნუ რადგან, ამის დრო არ არის. - ჩუკიმ ყურებამდე გაუღიმა. - არ არის და ნუ არის!
- გენაცვალე სულში! - გაიბადრა ფიფო. - ჯიგარი ხარ!
- იცი? - დაიწყო ჩუკიმ. - მეგობრობის დრო, სულ არის და ყოველთვის არის მისი ადგილი, მაგრამ ზოგიერთი სიტყვისა თუ ქმედების ადგილი, არც ყოველთვის არის და არც ყოველთვის არის მისი დრო. - ჩუკი წამით შეყოვნდა. - ან რაღაც ამდაგვარი, ცოტა აბდაუბდა კი გამომივიდა, მაგრამ შემათვრე, მგონი.
- შეგათრო კი არა, უნდა დაგათრო. - სიცილით მიუჭახუნა ჭიქა ფიფომ.
- აბა, რა ხდება? - მიმიმ ცხელი ჩაი ჩამოარიგა. - მეც გამაცინეთ.
- კონიაკს წრუპავს და მგონი, დავთვერიო, უკვირს თან. - ეცინებოდა ფიფოს.
- უნდა დათვრეს აბა, რაა. - კვერი დაუკრა მიმიმ.
- მოკლედ, ორივე ცოლ-ქმარი, ერთნაირები ხართ, რაა. - ეცინებოდა ჩუკის.
- ჩემნაირი ცოლი მინდოდა და მყავს კიდევაც, აბა სხვის ნაირი, რად მინდა? - თვალი ჩაუკრა ფიფომ, ყურებამდე გაღიმებულ მიმის.
- ჰოდა, მერე? - მიმი იქვე ჩამოჯდა. - მოგვიყევი ბარემ ბოლომდე, საიდან მოგივიდა აზრად, მსხვერპლის ბებიის სახლი?
- დიმეოს მონაყოლიდან ვივარაუდე. - მიუგო ფიფომ. - რადგან, ორი სოფლის სახლი გამოიცვალეს, ერთი აღმოჩენილი იქნა, მეორე კი, არა! გატაცებული ბავშვი, რა თქმა უნდა, მისამართს ვერ დაასახელებდა. არც კი მქონდა იმ სხვა სახლის პოვნის იმედი და აღარც კი მახსოვდა.
- სავარაუდოდ, გამოძიებისთვის უკვე, აღარ ჰქონდა იმდენი მნიშვნელობა, როცა ბავშვიც ნაპოვნი იქნა და მისი გამტაცებლებიც. - ჩაურთო ჩუკიმ.
- თავისთავად. - დაეთანხმა ფიფო. - თანაც ის, დედინაცვლის სახლიც აღმოჩენილი იყო და ის მღვიმეც, ამიტომ იმ პირველ სახლს, სადაც ბავშვს თავიდანვე მალავდნენ, აღარც მიექცა ყურადღება და სიმართლე რომ გითხრა, არც არავის გახსენებია. მათ შორის, მეც.
- რადგან დიმე, ცოცხალი და უვნებელი დაგვიბრუნდა, ვიღას ჰქონდა მაგის თავი. - ამოიოხრა მიმიმ.
- თავისთავად! - დაუდასტურა ფიფომ.
- და უკვე, ერთი წელიც გასულა. - ამოიოხრა მიმიმ. - გახსენებაც კი მზარავს, რა გადავიტანეთ, ზოგჯერ თავი, ისევ იმ კოშმარში მგონია.
- შეეცადე, ნაკლებად გაიხსენო. - ჩაურთო ჩუკიმ. - და ზედმეტად ძალათი დავიწყებასაც, ნუ ეცდები. უბრალოდ, ნაკლებად ხშირად გახსენებას შეეცადე, ასე უფრო გაგიადვილდება.
- მთელი ზაფხული, თითქოს არც მახსოვდა. - განაგრძო ისევ მიმიმ. - მაგრამ აი, ზამთრის მოახლოებისთანავე და თანაც, ახალი წლის.
- ახლა შენ რა გინდა, რომ თქვა? - ჩაერია ფიფო. - საახალწლო სამზადისისგან გინდა თავის დაძვრენა? - ირონიულად აღნიშნა ბოლოს, რომ ყურებ ჩამოყრილი მიმი, ცოტათი მაინც, გაეხალისებინა. - არ გამოვა, ეგ!
პასუხად მიმის, მდარედ გაეღიმა.
- ახალი წელი, მაინც მოვა! - ჩაურთო ისევ ჩუკიმ. - გინდა, თუ არ გინდა! შენ კი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზრუნველი დედიკო, ვალდებულიც კი ხარ, რომ შენს შვილს, ისეთი საახალწლო დღესასწაული მოუწყო, რომ ის შარშანდელიც კი აუნაზღაურო!
- ჰო, მიმი, ჰო! - დაეთანხმა ფიფოც. - შარშანდელიც უნდა ავუნაზღაუროთ ბავშვს.
- კი, ყველაფერი უნდა გავაკეთო. - თავი დაუქნია მიმიმ ბიჭებს. - როგორც თავად მოისურვებს, ისეთ დღესასწაულს მოვუწყობ!
- აბა, რაა. - გაუღიმა ფიფომ. - რასაც თვითონ ისურვებს, თუმცა წინასწარ გამოცნობა, საკმაოდ რთული იქნება.
- რამეს ისეთს ინატრებს? - გაეღიმა ჩუკის. - არაორდინალურს?
- დიახ, სწორედაც, რომ არაორდინალურს! - ჩაეცინა ფიფოს. - ეს ის ბავშვია, რომელიც არ იხიბლება ძვირფასი და ძვირადღირებული გასართობებით და რამდენჯერ გაგვიჩინა თავსატეხი, რომ იცოდე? განსაკუთრებით, დაბადების დღეზე, აღარ ვიცი ხოლმე, რით გავახარო.
- ძალიან ჭკვიანი ბავშვია და მაგიტომ. - ჩაურთო ჩუკიმ. - საკმაოდ გონივრულად აზროვნებს და ძალიან განსხვავდება მშობლებისგან. ალბათ, წინაპრებს უფრო ჰგავს.
ამ სიტყვებზე, მიმიც და ფიფოც, ორივე შეცბა, თუმცა ჩუკის, არაფერი შეუნიშნავს, ისე განაგრძობდა დიმეოს დახასიათებას.
- ფიფო, შენ უფრო პირდაპირი ხარ, უფრო ხმაურიანი. - განაგრძობდა ჩუკი. - დიმეო, კი უფრო დინჯი.
- მე როგორს მხედავ? - დაინტერესდა მიმი.
- თავიდან, უფრო მოწყენილი, გულჩათხრობილი და უხასიათო მეგონე, თუმცა ისეთ დღეში იყავით შენც და ფიფოც, რომ ეგ, არც გამკვირვებია.
- და ახლა, როგორს მხედავ? - არ მოეშვა მიმი.
- ახლა, საკმაოდ ხალისიანი, ენერგიული, ფუსფუსა, საუცხოო გემოვნებით და საკმაოდ სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებით, ფიფოსგან განსხვავებით ნაკლებ ხმაურიანი. ამიტომაც, მშვენივრად ავსებთ ერთმანეთს, ხოლო დიმეოს... - ჩუკი ჩაფიქრდა.
მიმიც და ფიფოც, გატრუნულნი მიაჩერდნენ.
- დიმეო, მართლაც სულ სხვა ტიპია. - განაგრძო ჩუკიმ. - ბავშვი ძალიან გონიერია, აი, ხუთი კითხვა რომ გქონდეს, თუნდაც სულ სხვადასხვა, სულ ერთმანეთისგან განსხვავებული და იქიდან ერთ კითხვას თუ დაუსვამ, ისე გიპასუხებს, რომ ერთდროულად ხუთივე კითხვაზეა უკვე პასუხი გაცემული და თანაც ისე, რომ ვერც შეედავები!
- ჰმ. - ჩაეღიმა ფიფოს. - მერე მაგას, რა სჯობს?
- არც არაფერი. - გაიკრიჭა ჩუკი. - სულ ცოტა ხანში, აქეთ დაგიწყებთ ორივეს, ჭკუის დარიგებას.
- ნამდვილად გეთანხმები. - ფიფოს ახლა, ხმამაღლა გაეცინა და მიმის თვალი, მალულად შეავლო.
- ზოგჯერ, მართლა ისე მიყურებს. - ჩაურთო მიმიმ. - რომ ვფრთხილობ, არაფერი შემეშალოს.
- ამიტომაც, დარწმუნებული ვარ. - განაგრძო ისევ ჩუკიმ. - რომ საახალწლოდ, რაღაც მართლა არაორდინალურს შემოგთავაზებთ და თუ ჩემი დახმარება იქნება საჭირო, ნუ მომერიდებით!
- ძალიან კარგი. - გაუხარდა მიმის და ახლა ფიფოს მიუბრუნდა, რომ დიმეოს დახასიათების თემა შეეცვალა. - და მერე? ბარემ, მოგვიყევი ბოლომდე.
- ჰოდა, სად გავჩერდით? - იკითხა ფიფომ.
- დიმემ რომ ამოიცნო, ის ფოსტალიონი. - შეახსენა მიმიმ.
- ჰო! - თავი დაუქნია ფიფომ და განაგრძო. - ბავშვის საუბრიდან აღმოჩნდა, რომ იმ სახლში, სადაც პირველად მიიყვანეს, თავიდან მოხუცი ცოლ-ქმარი დახვედრიათ, ეგრეთ წოდებულ სტუმრებს და მასპინძლები, მეორე დღესვე, დილიდანვე ისე წასულან, რომ ბავშვს, არც კი მოუკრავს თვალი.
- მდაა. ამოიხვნეშა ჩუკიმ.
- ერთ ხანს ცხოვრობდნენ იქ, მშვიდად და წყნარად. - განაგრძო ფიფომ. - სანამ ფოსტალიონი არ გამოჩნდა და არ მოიკითხა, ის მოხუცები. მერე დიმეოს დანახვაზე, სულ გადარეულა, ეს ვინღააო.
- ესე იგი, ფოსტალიონი გატაცებაში, არ იღებდა მონაწილეობას? - ჩაურთო ჩუკიმ.
- როგორც ჩანს, ასეა. - დაეთანხმა ფიფო.
- მერე? - ვეღარ ითმენდა მიმი.
- მერე და მაგრად უჩხუბიათ, რაღაც ვერ გაიყვეს, სად არიან ჩემებიო, გაიძახოდა თურმე, ის კრეტინი ფოსტალიონი. მერე დაშოშმინდნენ, ივახშმეს და იმ ღამის მერე კი, აღარც ის ფოსტალიონი გამოჩენილა.
- ვაახ. - თავი გააქნია ჩუკიმ. - ესე იგი, ისიც იმ ღამესვე გაასაღეს?
- სავარაუდოდ, ასეა. - დაეთანხმა ფიფო.
- და იქნებ, ბავშვი რომ დაინახა, შიშით აღარც გამოჩნდა? - ჩაურთო მიმიმ. - ხომ იფიქრებდა, მეც რამე შარში არ გავეხვიოო?
- კი! - თავი დაუქნია ფიფომ. - ნამდვილად იფიქრებდა, მაგრამ აქ, მეორე ამბავიც არის.
- რა ამბავი? - არ აცლიდა მიმიმ.
- იმ ქალს უთქვამს, ჩემი შვილიაო. - უპასუხა ფიფომ.
- ესე იგი, მაინც იყო შანსი, მისი გამოჩენის? - იკითხა ჩუკიმ.
- სავარაუდოდ კი, მაგრამ აქ ის მეორე მომენტია...
- ფიფო, ვერ გავიგე. - იკითხა გაკვირვებულმა მიმიმ. - სად და ვისი გამოჩენის?
- ბავშვის გატაცების საქმეში, ნებით თუ უნებლიეთ, უკვე ფოსტალიონიც ფიგურანტად გადის. - უპასუხა ჩუკიმ და ფიფოს, გახედა. - და, რა მეორე მომენტია?
- ფოსტალიონის სტუმრობის მერე. - განაგრძო ფიფომ. - მეორე დილიდანვე, ეს ჩვენი სტუმრები აბარგდნენ და სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა.
- და იქნებ, ასე ჰქონდათ ჩაფიქრებული? - ჩაურთო მიმიმ.
- შეიძლება. - დაეთანხმა ფიფო. - მაგრამ რატომღაც, იმ „საზიზღარ კაცს“, დიმეო ასე უწოდებს ხოლმე. - გაეცინა ფიფოს. - ზუსტად იმ ფოსტალიონი ბიჭის ნაირი ქურთუკი სცმია, მხოლოდ ცოტათი ვიწრო მხრებში.
- იქნებ, ერთნაირები ჰქონდათ? - გაეცინა მიმის. - ან ერთად იყიდეს?
- შეიძლება, რატომაც არა! - კვლავ დაეთანხმა ფიფო. - და მაგრამ ისევ რატომღაც, ისევ იმ საზიზღარ კაცს, დიდი ზომის ფეხსაცმელები ეცვა და ზუსტად ისეთი, რომელიც წინა საღამოს, თურმე ფოსტალიონსაც სცმია.
- ვააა. აი თურმე საიდან მოგივიდა, ფეხის ზომის გადასინჯვის იდეა. - ჩაურთო ჩუკიმ.
- გალეომ ჯერ არც კი იცის, ამ იდეის წყარო. - ფიფოს გაეცინა. - და, თუ იცით, რა ვუთხარი? მიმის ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდა და აქედან მომივიდა ეგ იდეა მეთქი.
- არადა, მართლა მოტეხილია. - მიმიც გულიანად იცინოდა.
- რა თქმა უნდა, ვეტყვი მოგვიანებით. - იცინოდა ფიფოც. - როგორც კი მომიტანს ახალ ამბებს.
- ჰმ. ეს კარგი იყო. - ჩუკისაც ეცინებოდა. - თავიდან ძაან გაუკვირდებოდა, მაგრამ მერე რომ მართალი აღმოჩნდი, წარმომიდგენია რა სახე ექნებოდა. ჰა, ჰა!
- ისეთი გაოცებული და გაოგნებული მიყურებდა, თავისი გაფართოებული თვალის გუგებით. - ფიფო სიცილს ვეღარ იკავებდა.
- მერე? - ვეღარ ითმენდა მიმი. - ბარემ, ბოლომდე მოგვიყევი.
- რა, მერე? - ისე ჩაეკითხა ფიფო, თითქოს ვერ მიუხვდა.
- ეს ფეხსაცმელები დავადგინეთ და ქურთუკიც და ისიც, რომ იმ საზიზღარმა კაცმა, მკვლელობის მერე, სავარაუდოდ, მსხვერპლს გახადა და, მერე? - არ აცლიდა მიმი, სულის მოთქმას. - ის სოფლის სახლი, საიდანღა გამოჩნდა?
- ვახ, შენ ვინც იურიდიულზე არ ჩაგაბარებინა, რაა. - კვლავ ეცინებოდა ფიფოს. - მიმიქარავს დამსახურებული, გამოცდილი დეტექტივი!
- ოო, ფიფო, კარგი რაა. - ეცინებოდა მიმის. - დამელია სული და აგერ ჩუკიც, რომ ხმას არ იღებს, ვეღარ ხედავ? რა გატრუნული გისმენს, ერთი სული აქვს, როდისღა ამოგცდება კიდევ რამე.
- მართალია. - დაუდასტურა ჩუკიმ. - მიმის სრულიად ვეთანხმები და გისმენთ აბა, იმ სოფლის სახლზე, როგორღა გახვედი?
- სრულიად ადვილად! - ღიმილით მიუგო ფიფომ. - როდესაც ჩვენთვის, უკვე კარგად ნაცნობი დეტექტივი, აწ გარდაცვლილი ფოსტალიონის ოჯახში მივაგზავნე და უკვე ხომ იცით, რატომაც?
- ნუუ, თავიდან დასაკითხად და ტანსაცმლის ამოსაცნობად? - ჩაურთო მიმი.
- დიახ! - დაუდასტურა ფიფომ. - და არა მარტო, მაგიტომ! და ყველაზე საინტერესო, რა არის, იცით? - ფიფო წამით შეყოვნდა. - მსხვერპლის დედა აწუწუნებულა თურმე, ერთადერთი დაღუპული შვილისგან, ერთადერთი შვილიშვილი დარჩათ, მერე ისიც გარდაეცვალათო და ბებია და ბაბუა, გასვენებაშიც კი არ ჩამოვიდნენო. არც კი დაურეკავთო, სამძიმარიც კი არ უთქვამთო, გაიგეთ ხალხნო?
- მართლაც, საკვირველი იქნებოდა. - კვლავ ჩაურთო მიმიმ.
- და, რას მიუსამძიმრებდნენ, აბა? - მიუგო ფიფომ. - როცა თავადვე აღარ იყვნენ ცოცხლები. გალეს ვუთხარი, მთელი სახლი, ეზო, სარდაფი, სხვენი! ყველაფერი გადაქექე მეთქი და მაინც რას ვეძებთო? სავარაუდოდ, ორი გვამი მაინც უნდა იყოს
მეთქი და გადაირია ბიჭი და აი, შედეგიც! ღვინის კასრებში სათითაოდ აღმოაჩინა.
- რა საშინელებაა! - შეიშმუშნა მიმი.
- რა თქმა უნდა, საშინელებაა, აბა რაა. - მიუგო ფიფომ. - ექსპერტი უფრო დეტალებში დააზუსტებს, როგორ და რანაირად, მაგრამ ფაქტიურად, ყველაფერი ისედაც ცხადია.
- ამ ეტაპზე და თანაც თქვენთვის, დეტალებს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. - ჩაურთო ჩუკიმ. - ეს დეტალები და სხვა ყველა წვრილმანი, მხოლოდ გამოძიებისთვის არის საჭირო, თუმცა აღარც ეგ მოიტანს უკვე რამეს.
- ჰო. - დაეთანხმა ფიფო. - მკვლელები, განგების ხელით დაისაჯნენ და ახლა ვიღას უნდა მოეკითხოს, ამდენი სისხლი?
- და, ის გოგო? - იკითხა მიმიმ. - შენი მდივანი? იმას, რა ეშველება?
- იმას, რაღა უნდა ეშველოს?! - უპასუხა ფიფომ. - გატაცების უშუალო მონაწილეა! რამდენიც უნდა, იმდენი ამტკიცოს, ჩემი იდეა არ ყოფილაო, ვერც ეს მისცემს დიდ შეღავათს და ვერც ის, რომ მთელ ამ მორიგი მკვლელობების, არც მონაწილე და არც შემსრულებელი ყოფილა.
- მაგრამ მიმი. - ჩაურთო ჩუკიმ. - შენც ხომ ხვდები, რომ ბავშვი, განწირული ჰყავდათ? არც ერთ ვარიანტში არ დააბრუნებდნენ.
- ჰო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად შემეცოდა, ის სულელი გოგო. - თავი გააქნია მიმიმ.
- სულელი არ არის. - მიუგო ჩუკიმ. - სისულელე ზოგჯერ, უნებლიე ქმედებაა, ზოგჯერ უმეცრება, უვიცობაც, დაუფიქრებლობაც, მაგრამ კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი ბოროტება, ეს უკვე, სისულელე აღარ არის!
- სრულიად გეთანხმები. - თავი დაუკრა ფიფომ.
- მეც, მეცოდება. - განაგრძო ჩუკიმ. - ახალგაზრდა გოგომ, თავი ასე დაიღუპა. რაც არ უნდა დავიცვა, სასჯელს მაინც ვერ ასცდება, ნუ ცოტა სიმსუბუქეებსაც რაღაცას გავუხერხებ, როგორც მისი ადვოკატი და როგორც ჩემი პროფესია მოითხოვს.
- მერე გააჩნია, იქ როგორ მოიქცევა. - ჩაურთო ფიფომ.
- კი. - დაეთანხმა ჩუკი. - მაგაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ მაინც კისრამდე ქაქშია.
- და, ბიჟუ? - იკითხა მიმიმ.
- ბიჟუს, რა? - კითხვითვე მიუგო ფიფომ. - ბიჟუ, სულ სხვა დონეა და სულ სხვა მუხლით გადის. არანაირად არ იკვეთება.
- ბიჟუს, თავისი მოეკითხება. - დაურთო ჩუკიმ. - ლამის მთელი წელია უკვე, ეკითხება კიდევაც. - დაასრულა ღიმილით.
გვიანობამდე ისაუბრეს. მთელი საღამო ფიფო, მიმის უხასიათობასაც ამჩნევდა და იმასაც ხედავდა, თუ როგორ ცდილობდა მიმი, ამის დაფარვას. სტუმრის წასვლის შემდეგ კი სამზარეულოს მილაგებისთანავე, თავის საწოლ ოთახში აიძურწა. თუმცა მანამდე, ფიფოს ქაქანის მოსმენა მოუწია, როგორ გამოჰქონდა დასკვნები, ყველა ამ ახალი ამბებიდან.
მიმი თითქოს, უსმენდა და მაინც გონებით, სადღაც სხვაგან იყო.
„რა სჭირს, ამ გოგოს?“
გაუელვა ფიფოს და წესიერად გაფიქრებაც კი ვერ მოასწრო, რომ მიმი უკვე, ზემოთ იყო ასული.
ფიფო უკან მიჰყვა, მაგრამ სანამ კოჭლობით კიბის ავლა შესძლო, მიმი უკვე საწოლშიც დაუხვდა.
ფიფო გვერდით მიუწვა და მიეალერსა. მიმიმ უფრო ახლოს მიიწია და მიეხუტა.
LEX. 2020 წლის 30 დეკემბერი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment