Tuesday, December 22, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 86)

86. 
- რომელი საქმე, ფიფო? 
ფიფო გახევებული აკროდა კედელს და თვალებით თითქოს, მიმის მიშტერებოდა და სინამდვილეში კი გონებით, სულ სხვაგან დაჰქროდა. 
„როგორ გავიგო, როგორ?“ 
ფიქრობდა ფიფო. 
„ქირურგს, როგორ უნდა ვკითხო, ან საიდან უნდა მივუდგე? პედიატრი და ბავშვთა ფსიქოლოგი, ეს ორი პროფესია ერთმანეთთან შეთავსებით როგორ, მოახერხა იმ ექიმმა? იქნებ მხოლოდ, მარტო ერთი ლიცენზია ჰქონდა? ან იქნებ, არც ერთი?
არა, არა! ერთი, უთუოდ ექნებოდა და მეორეს, სავარაუდოდ ითავსებდა, მაგრამ რომელს? თუმცა, ახლა ამას არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელს, მთავარია, რაღაც მცირეოდენი კავშირი გამოჩნდა, ქირურგსა და პიპას შორის... 
მაგრამ იქნებ, ვცდები? და მაინც, ამდენი დამთხვევა? 
თავის დროზე, ვითომ თვითმკვლელობად აღნიშნული და მოგვიანებით კი, მაინც სერიული მკვლელობა. თუმცა სერიულს, მხოლოდ მე ვადასტურებდი და ეს საქმეც, ისე ჩაიფარცხა. რომ თვითმკვლელობადვე დარჩა. 
ჰმ, სწორედ მაგის გულისთვის არ იყო, რომ კამერაში ჩამაყუდეს მთელი ღამით. გახსენებაც კი მზარავს, მაშინვე იმ საკნის, საშინელი აქოთებული დამპლის სუნი მიტრიალებს ცხვირში.“ 
ფიფოს ისე ძლიერ შეაჟრჟოლა, რომ მიმი შეცბა და კიდევ დაუსვა შეკითხვა: 
- ფიფო, რა ხდება? რა სახე გაქვს? 
- ჰოოო. - ფიფომ ამოიხვნეშა და ახლა უფრო მეტად გამოერკვა. - ხომ გითხარი, ეგ პედიატრი, თუ ფსიქოლოგი ჩემს ერთ-ერთ საქმეში გადიოდა ფიგურანტად, მაგრამ მაშინ, საკმაოდ სუფთად გამოძვრა და როგორც მახსოვს, რაღაც მომენტსაც ვერ ვაკავშირებდი, ახლა კი უფრო გამოიკვეთა, მაგრამ სამწუხაროდ, ის საქმეც დიდი ხანია დაიხურა და ის დროც, უკვე წარსულს ჩაბარდა და თანაც, ის ექიმიც მკვდარია უკვე დიდი ხანია. 
- თავი მოიკლა? 
ფიფო შეცბა. ამას უკვე, აღარ მოელოდა.
„ნუთუ მიმიმ, რამე იცის? 
ან იქნებ მეც ვუთხარი იმ ღამით იმ საქმეებს რომ ვქექავდი? 
ვაიმე, არც მახსოვს და არც მინდა რომ ვკითხო.“ 
სხვა შემთხვევაში, ფიფო, სიამოვნებით მოუყვებოდა მიმის, სულ დაწვრილებითაც კი ეტყოდა ყველაფერს, მაგრამ მაშინ, პიპაც უნდა ეხსენებინა და მიმიც უნდა ემხილებინა, რომ ქირურგს, ბევრად ადრე იცნობდა და თუ ეს მართლაც მასე იყო, სწორედაც რომ ქირურგი უვლიდა, ფიფოს ნასროლი ტყვიით დაჭრილ პიპას, მიმისთან, სახლში. 
 - კარგი, აბა გავედი. - ფიფო კარისკენ წავიდა და მაშინვე მობრუნდა. - კი, მაგრამ შენ როგორ გაიგე? მგონი, გთხოვე ქირურგს, არაფერი ჰკითხოო. 
- თვითონ მითხრა. - მიმის გაეღიმა. - სრულიად შემთხვევით. 
- და როგორ? საიდან? 
- ხომ გითხარი, თანამშრომლის ბავშვი მივიყვანეთ. ვისაუბრეთ, ნათლულიც მოიკითხა, მერე ათასნაირ ექიმებსა და პედიატრებზე ჩამოვარდა საუბარი და ისიც დაუმატა, ვიცოდი, რომ დიმეოს, ფსიქოლოგი არაფერში დასჭირდებოდაო, რადგან საკმაოდ ჭკვიანი და გონება გასხნილი ბავშვიაო, მერე თავისი შვილის ფსიქოლოგი ახსენა და ისიც კი მოაყოლა, რომ ცოდვებისგან შეწუხებულმა, თავიც მოიკლაო, თუმცა ავარია, არც უხსენებია. 
- ჰოო, კი თავი მოიკლა, შუა გამოძიების დროს და საქმეც დაიხურა. - დაასრულა ფიფომ და კარიც გაიხურა.
ძალიან, ძალიან ბევრი რამ ჰქონდა ქირურგთან გასარკვევი, მაგრამ აბა, როგორ და საიდან? რომელი მხრიდან უნდა მისდგომოდა? საშინლად არ უნდოდა მისი დაკარგვა და არც მეგობრობაში, თუნდაც მცირეოდენი ბზარის გაჩენა. 
აი, ახლა ყველაზე მეტად, მხატვარი სჭირდებოდა, მაგრამ უცხოეთში გადახვეწილი მხატვარი, ტელეფონზეც იშვიათად პასუხობდა. 
არც იონა იყო გამონაკლისი და ისიც ასევე უცხოეთში გადახვეწილი, თუმცა მხატვართან შედარებით, იონას ტელეფონით საუბარი, მშვენივრად უყვარდა, მაგრამ ფიფომ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს სატელეფონო საუბარი, სულაც არ იყო და არც საქვეყნოდ გასარჩევი. 
„გალეოს? იქნებ, თავად ჩაუჯდეს, ისე რომ მე არ გამოვჩნდე და უფრო მეტი გაარკვიოს? 
არაა! არა და არა! მერე მიმისთან კავშირიც შეიძლება აღმოაჩინოს, მართალია არსად საბუთებში არ არის ნახსენები, მაგრამ გალეს მაინც, დეტექტივის ალღო აქვს და კარგი გამომძიებელიც არის, რაღაცას მაინც გამოქექავს და მერე, ბევრი რამის ახსნაც მომიწევს, რაც ძალიან, ძალიან არ მინდა. გალეო კი იფიქრებს, რომ არ ვენდობი ბოლომდე და ნამდვილად დასწყდება გული ჩემზე, ეს კი მეგობრობაში, ბზარს გააჩენს. 
არა! არა! არა! ვიღაც ნეიტრალური უნდა იყოს, მაგრამ აბა, ვის ვენდობი?“ 
ფიფოს ფიქრისგან თავი უსკდებოდა. ახლა ისე, როგორც არასდროს, ამ საქმემ საშინლად დააინტერესა, მაგრამ მართლაც ვისთვის უნდა მიემართა? 
სხვა შემთხვევაში, მიმიც კი მშვენივრად გამოადგებოდა, მაგრამ ახლა თვითონ მიმიც, სადღაც იქვე ფიგურირებდა. 
„ან რას გადავეკიდე? რის მიღწევას ვცდილობ? თუ ჩემი, სიამაყით ბოლომდე ავსილი თავმოყვარეობა არ მაძლევს იმის უფლებას, რომ გაურკვეველი არაფერი დამრჩეს?“ 
- რას ვიშლი ნერვებს, ერთი? - ჩაიბურტყუნა ფიფომ და მდივანს, ყავა შეუკვეთა. 
მდივანი ახალგაზრდა სტუდენტი ბიჭი იყო. ფიფომ კარგად გადაამოწმებინა, თუმცა, თავის დროზე, ის გოგონაც კი ჰყავდა კარგად გადამოწმებული, მაგრამ მაინც უმუხთლა. 
მდივანმა ყავა მოწიწებით დაუდგა და მის შორიახლო გაჩერდა. 
- აბა რამე მითხარი ისეთი, იქნება და გულიც გამისკდეს! - ღიმილით მიახალა ფიფომ და ფინჯანი თავისკენ მოიწია. 
- მოსაცდელში უკვე, საათზე მეტია... 
- მერე, რას აყურყუტებ? შემოუშვი! ვინ არის? - ერთიანად მიაყარა ფიფომ. 
- თქვენ ხომ გამაფრთხილეთ, არავინ შემომეშვა. 
- ჰოდა, ახლა გაფრთხილებ, შემოუშვი! - ფიფომ ყურებამდე გაუღიმა დამფრთხალ ბიჭს. 
როცა ღია კარში, ახალგაზრდა ადვოკატი გამოჩნდა, ფიფო საშინლად შეწუხდა. ამას ვალოდინებდი მთელი საათიო, მერე მდივან ბიჭს მიუბრუნდა: 
- დაიმახსოვრე! - თითით ჩუკისკენ მიანიშნა. - ეს კაცი, ნებისმიერ დროს შეგიძლია შემოუშვა. 
მდივანი გავიდა თუ არა ფიფომ სიცილით მიმართა: 
- ბიჭო, შენ რა ზედმეტად მორიდებული ყოფიხარ? 
- იქნებ, რა საქმე გქონდა, ხელი აღარ შეგიშალე. თანაც, არსად მეჩქარებოდა და მშვენივრადაც გავთბი, ყავაც მივირთვი.
- ესე იგი, არ გეჩქარებოდა? - ჩაეკითხა ფიფო. - და ახლა უკვე, გეჩქარება? 
- ნუუ, ცოტა ხანში, გავალ. სასამართლო სხდომაზე ვარ მისასვლელი. ცოტა ადრე მომიწია გამოსვლა და ბარემ, შემოგირბინე. 
- საინტერესოა, რამე? 
- არაფერი ისეთი, განქორწინებაა და ქონების გადანაწილება. 
- აბა, მაგას შენ თვითონ, ისედაც მიხედავ და ხომ იცი? თუ დახმარება დაგჭირდეს... 
- აუცილებლადა გამოგიყენებ! - სიცილით მიუგო ჩუკიმ, მაგრამ ფიფოს რაღაცნაირ გამჭოლ მზერას რომ შეავლო თვალი, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა. - მოხდა რამე? 
- არა! - მაშინვე მიუგო ფიფომ. 
- ძალიან კარგი, მაგრამ შენი მზერა ცოტა, რაღაცნაირი იყო და ჩავფიქრდი. 
- და, რაზე ჩაფიქრდი? - ფიფოს სახეზე ღიმილი აუთამაშდა. 
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ. - თუ გინდა, მითხარი. შენი ნებაა. 
ფიფომ არაფერი უპასუხა, თუმცა უკვე დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ეს კაცი სჭირდებოდა ახლა, სწორედ ეს ადამიანი გამოდგებოდა, იმისათვის რომ ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ბოლომდე გაერკვია და თანაც ისე, რომ არც მეგობრობა გაენადგურებინა. 
- მოდი, პირდაპირ გეტყვი. - ფიფომ სიგარეტი ბოლომდე მოქაჩა და საფერფლეში ჩასრისა, მერე ჩუკის თვალებში ჩააშტერდა. - ძალიან, ძალიან მჭირდება სანდო ადამიანი, ისეთივე როგორიც შენ ხარ. არა, არ იფიქრო, რომ სხვა მეგობრებს არ ვენდობი, ან თუნდაც ამ საქმეს, რატომ გალეს არ ვთხოვ, მაგრამ აქ სულ სხვა ამბავია და ჩემს ინტერესებს, სულ სხვა მოტივები აქვს. - ფიფომ გაჩუმდა.
ჩუკის კი გაკვირვებაზე მეტად, უფრო ინტერესი გამოსახვოდა სახეზე და მთელი სიმშვიდით ელოდა, როდისღა გააგრძელებდა ფიფო საუბარს. 
- კარგი. - ჩუკი მიხვდა, რომ ფიფო საუბარს, ვეღარ აგრძელებდა და თავად დაიწყო. - დაგეხმარები, რადგან ასეთ ნდობას ვიმსახურებ... 
- მარტო ნდობაზეც არ არის. თუმცა ეგეც, ერთ-ერთი, უდიდესი პრივილეგიაა. შენნაირი კაცი მჭირდება, კანონებში კარგად ჩახედული, მაგრამ, არა გამომძიებელი. 
- ძალიან კარგი. 
- და არ კითხულობ, რა საქმეა? იქნებ, უკანონოა? - გაკრიჭა ფიფო. 
- მაინც თანახმა ვარ! - გაეცინა ჩუკის.
- ჰა, ჰა! 
ფიფო შეეცადა, რაც შეიძლებოდა მოკლედ და კონკრეტულად აეხსნა, თუ ზუსტად, რის გაგება სურდა, მაგრამ რატომ და რისთვის უნდოდა ეს, ამაზე არაფერი უთქვამს და არც ჩუკის დაუსვამს ზედმეტი კითხვები. 
- ალბათ ოდესმე, აგიხსნი კიდევაც, თუ რატომ მჭირდება, მაგრამ ახლა, არ შემიძლია. ჯერ არ შემიძლია. 
- თუ გინდა, სულ ნუ ამიხსნი. - უპასუხა ჩუკიმ. - ზოგჯერ იმდენად პირადია, რომ საიდუმლოსავით მკაცრად იმარხავ გულში. ზოგს კი შეიძლება ეწყინოს, ეგონოს, რომ არ ენდობი, ანდა თუ მოუყვები, შეიძლება გაუკვირდეს კიდევაც, რა იყო ამაში დასამალიო, მაგრამ ეს მხოლოდ მისთვის იქნება გასაკვირი და არა, შენთვის. 
- აი, ზუსტად ეგაა. - უპასუხა ფიფომ. 
- ჩემი წასვლის დროა. - ჩუკი წამოდგა.  
- ისე, რა საქმე გქონდა? - ფიფომ თვალები მოწკურა. 
- სახლში რომ არ გეწვიე, მაგიტომ იფიქრე? - ჩუკის ჩაეღიმა. 
- აჰამ. 
- ბავშვი, რას შვება? ახალი ვინმე, ხომ არ დაუსახელებია? 
- კიდევ რამეა? - უკმაყოფილოდ იკითხა ფიფომ. 
- არაფერი ისეთი, მაგრამ მინდოდა, ერთი ფოტო მეჩვენებინა, მერე გადავიფიქრე, მერე ისევ ვიფიქრე და...
- მაჩვენე აბა. - ფიფომ ჩუკის მობილურისკენ ხელი გაიწოდა. მერე ყურადღებით დააკვირდა ფოტოს. 
- მმმ. რაღაც თითქოს, ნაცნობი სახეა და მე ვიცნობ? 
- არა მგონია, რომ იცნობდი. 
- ვიცნობდი? - გაიკვირვა ფიფომ, თუმცა მშვენივრადაც მიხვდა, რატომაც უთხრეს ასე. - და, ვინ არის, მაინც? უფრო სწორად, იყო? 
- მინდა დიმეომ ნახოს და თუ ეცნობოდა, ის მაინტერესებდა. 
- აჰა და იმედია მერე, მეც გამაგებინებთ, ვინ იყო. 
- აუცილებლად, მაგრამ სასურველია, როცა ნახავს, არ უნდა იცოდეს... 
- ჰო, გასაგებია! - შეაწყვეტინა ფიფომ. - აბა ბავშვს ხომ არ ვეტყვი, უკვე მკვდარია და აბა შენ თუ მაინც გეცნობაო. 
- თავისთავად. - ჩუკიმ თავი დაუქნია და ფოტოსურათი, ფიფოს მობილურში გადააგზავნა. 
- და შენ რას ფიქრობ იმ ამბავზე, რაზეც ახლა ასე ძალიან დამჭირდი? 
- მართლა რაღაც კავშირია, რადგან დამთხვევებისა და შემთხვევითობის, არც მე მჯერა. 
- ჰო, აი, მეც მასე ვფიქრობ. - დაეთანხმა ფიფო. - თუმცა, დამთხვევაც არ არის გამორიცხული. 
- მაგრამ მაინც, ძაან საეჭვოა. - თავი გააქნია ჩუკიმ. - იმიტომ, რომ ბავშვი დადის ფსიქოლოგთან და ერთ დღესაც, სწორედ იმ ფსიქოლოგის დედა გაიტანს მანქანით და თანაც, მიიმალება. 
- და დიდი ეჭვია, რომ ის ქალი, საერთოდ არ იჯდა საჭესთან. - ჩაურთო ფიფომ. - და ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ წლების მერე, ეს ფსიქოლოგი თავს იკლავს. 
- იქნებ, არც მოუკლავს თავი და ბავშვის მამამ... 
- ბავშვის მამამ არა, მაგრამ აი სხვა, მისმა ახლობელმა, მის მაგივრად იძია შური, სავარაუდოდ, მაგრამ რატომ იძია? რა ვალი ჩაასესხა, ასეთი? 
- ან ამდენი წლის მერე? - დაუმატა ჩუკიმ. 
- აი, ეგ წლების სიმრავლეც კი მიუთითებს იმ ვიღაც სხვაზე, შემსრულებელზე. 
- იქნებ, ბავშვის მამამ, ვინმე დაიქირავა? 
- ქირა, არა მაგრამ მანდ, სულ სხვა რამაა და წარმოდგენაც კი არ მაქვს რა შეიძლება იყოს. 
- და ოფიციალურად, როგორ არის საქმე? - ჩუკი წამით შეყოვნდა. - ისე მაინც, ყოველ შემთხვევისათვის რომ ვიცოდე. 
- ნუ, თუ ყოველ შემთხვევისათვის გინდა იცოდე, მაშინ ის ექიმი, ნამდვილად მოკლულია და თავის დროზე, ამას მხოლოდ მე ვადასტურებდი, ოფიციალური ვერსიით კი, თავი მოიკლა.
- და წლების სიმრავლე? 
- აი, მაგაზე კი სულ სხვა პასუხი მაქვს, მაგრამ ჯერ არ გვინდა მაგ თემაზე. 
- კარგი. - გაუღიმა ჩუკიმ. - შენ უფრო იცი. 
- მხოლოდ, ნუ გეწყინება, რაა. 
- არ მწყინს, ნამდვილად არ მწყინს. მართლა. 
- გალესაც არც არაფერს ვეუბნები, რადგან ნამდვილი დეტექტივია, მართლა გამომძიებლის ალღო აქვს და სხვანაირად დაიწყებს ძიებას და ეგ არ მინდა სწორედ. 
- კი, მესმის შენი და ქირურგისთვისაც არაფერი გიკითხავს? 
- იმ წლებში, არც ვიცნობდი. - ჩაფიქრებული ხმით უპასუხა ფიფომ. - დიმე რომ დაიბადა, მაშინ გავიცანი და მას მერე, მართლა გულიანად ვმეგობრობთ. ისე, გაკვრით მომიყვა და სულ ეს იყო, აშკარად უმძიმდა ამ თემაზე საუბარი. თუმცა, არც ავარიაში დამნაშავე დაუსახელებია, არც ის ფსიქოლოგი უხსენებია, მხოლოდ ამას წინათ, მიმისთვისაც ისე გაკვრით უთქვამს, ჩემი შვილის ფსიქოლოგმა, თავი მოიკლა, ცოდვები ვეღარ ზიდაო. 
- მდაა, საინტერესოაა. - ამოიხვნეშა ჩუკიმ. - და საერთოდ, მიმისთან რატომ ჩამოაგდო ამ თემაზე საუბარი? იქნებ რაღაც, სხვა დატვირთვა ჰქონდა? 
- თუ მიმის დავუჯერებთ, ცუდსა და კარგ ექიმებზე ჩამოვარდნილ საუბარს მოჰყოლია. 
- ან, რატომ არ უნდა დავუჯეროთ, მიმის? - გაეცინა ჩუკის. 
- ჰო, რაა. - გაიკრიჭა ფიფოც.

 *** 
ფიფოს უკვე სახლისკენ ჰქონდა გეზი აღებული, როცა ტელეფონზე აღელვებული ხმით, სატრფომ დაურეკა. 
- ჰო, კარგი დამშვიდდი და ამიხსენი რა ხდება? - უპასუხა ფიფომ. 
ქალი მაინც მოთქვამდა და ბოლო ხმით ბღაოდა, შველას ითხოვდა. 
ფიფომ, უკმაყოფილო სახით მოაბრუნებინა მძღოლს მანქანა და საყვარელი ქალის დასამშვიდებლად გასწია. 
ქალი მართლაც საშინელ დღეში დახვდა. ცრემლებს გაუჩერებლივ ღვრიდა, ცხვირი შესიებული და თვალის უპეები ამოშავებული ჰქონდა. 
- აღარ მეტყვი, რა მოხდა? - ფიფომ მაგიდაზე დახვავებულ სისხლიან ხელსახოცებს, თვალი შეავლო. 
- შემომივარდა! ბოლო ხმაზე წიოდა! მეზობლები შემიყარა! თავი მომჭრააა!!!
- ვინ?! ვინ?! - გაკვირვებული კითხულობდა ფიფო. - მერე პოლიცია, ვერ გამოიძახე?! ვინ იყო, ერთი კარგად დავამტვრიო ძვლებში! 
- ვერც გაბედავ! თითსაც ვერ დააკარებ, იმიტომ რომ თავზე გაზის! 
- ვისზე ამბობ? - ფიფოს კვლავ გაკვირვებული სახე ჰქონდა. 
- ამხელა თანამდებობის კაცს, ცოლისთვის ვერ მიგიხედავს! - ბღაოდა ქალი. 
- ვერ გავიგე? რა შუაშია, ჩემი ცოლი?! 
- შუაში კი არა, თავშია! თავში! - ისევ გადმოყარა ცრემლები და შესიებულ სახეზე, ცივი ტილო მიიფარა. 
- ახლა დამშვიდდი და წყნარად ამიხსენი, რა მოხდა! - ფიფომ მკაცრად შეუტია.
ქალი ცოტა დამშვიდდა, ბღავილს შეეშვა და სლუკუნზე გადავიდა. 
ფიფოს უკვე მოთმინების ფიალა აევსო, წამოდგა და წასვლა დააპირა. 
- ამდენი დრო, სულაც არ მაქვს! - დაიწყო ფიფომ. - უამრავი საქმე... 
- ჰო, წადი, წადი! სახლში ანგელოზი ცოლი გელოდები, ცოტა ფრთები ექავება, მოფხანე! 
- რა შუაშია, ჩემი ცოლი?! და რა გჭირს, გამაგებინე! 
- სადარბაზოდან კიოდა! რა არ მეძახა!
- ვინ?! მიმი?! - ფიფოს გაოცებას, საზღვარი არ ჰქონდა. 
- ჰო! შენი ძვირფასი ცოლი, თავს დამესხა, საკუთარ სახლში! 
ფიფო გაკვირვებისგან ენა ჩავარდნილი იყო, რაღაც დაუჯერებელი რამ ესმოდა.
- ჩემი ქმრის ნაყიდ ბინაში, გგონია გაგახარებო?! - ქალმა სლუკუნს უმატა. - ბოლო ხმაზე წიოდა. 
- არ მიყიდია... ვიგირავე... და... - ფიფომ ძლივს მოაბა სიტყვებს თავი. 
„დაუჯერებელია! მიმი?! 
არა! არა! ეს შეუძლებელია! მიმი?!“
ფიფო გაოცებისგან ენაჩავარდნილი იდგა და აღარ იცოდა, რა უნდა მოემოქმედებინა. 
- ეს რა გიჟი და არანორმალური ცოლი გყოლია! მეცოდები, რამდენს უთმენ და საერთოდ, როგორ გაუძელი ამდენი წელი?! რადგან მილიონერია, ქაჯები უნდა მოიყვანო ცოლად? სწორედ მაგათ აქვთ ბედი, კარგი ქმარი რომ შეხვდეთ, თავიდან ანგელოზები არიან და ქორწილის მერე, ამოსდით რქები და კლანჭებსაც მალევე გამოაჩენენ! 
- გამორიცხულია! - შეჰყვირა ფიფომ. 
- რა არის, გამორიცხული?! - ხმას აუწია ქალმა. - საკუთარ თავი ვიცემე? შენი გიჟი, ქაჯი ცოლი გადარეულივით შემომივარდა! ხმის ამოღებაც არ მაცალა, ფეხსაცმელი გაიხადა და სახეში მირტყა!
- მიმიმ?! - კვლავ იყვირა ფიფომ. - დაუჯერებელია! 
- ჰო! იძახე ახლა მიმი, მიმი!
ერთხანს ფიფო, გაოგნებული იდგა, ქალის მოთქმას ყურადღებას არ აქცევდა, თავში მხოლოდ მიმისგან ჩადენილი სცენები უტრიალებდა და სულ იმას იმეორებდა გულში, დაუჯერებელია, დაუჯერებელიაო. 
მერე უცებ გამოერკვა და იქაურობა დატოვა. 
LEX. 2020 წლის 23 ნოემბერი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment