85.
გამთენიისას, ფიფოს იგივე შეგრძნება დაეუფლა, როგორც წინა ღამით. მის გვერდით, აშკარად ვიღაც იწვა. ფიფოს ჩაეღიმა, ფრთხილად გადმობრუნდა, რომ ბავშვი არ გაეღვიძებინა, მაგრამ სახტად დარჩა, როცა დიმეოს ნაცვლად, მის საწოლში, მძინარე მიმი აღმოაჩინა.
ფიფოს გაეცინა, ძლივს იკავებდა ხითხითს, მიმი რომ არ გაეღვიძებინა. მერე ფრთხილად მიდო თავი ბალიშზე და ძილის გაგრძელებას შეეცადა. მისი ცდა, უშედეგოდ არ დასრულებულა, მშვენივრად გამოიძინა და არც კი გაუგია, მიმი როგორ ჩუმად გაიძურწა მისი საძინებლიდან და დილით უკვე, გამზადებული საუზმით დახვდა სამზარეულოში.
ფიფომ, ერთი პერიოდი, დააპირა კიდევაც მიმის მხილება, თუმცა რატომღაც, გაჩუმება ამჯობინა. ჩათვალა, რომ ამისთვის, შესაფერისი დრო იყო საჭირო.
წუხანდელი საქმის გამოძიებამ კი, საკმაოდ საინტერესო კვალზე გაიყვანა. ახლა სიამოვნებით ჩაჯდებოდა ძველ, გაქუცულ სავარძელში და ისედაც თამბაქოს კვამლით გაჭვარტლულ ოთახს, თავისივე გამონაბოლქვსაც დაუმატებდა, მერე მხატვრის ჩაფიქრებულ მზერაში ამოკითხულ, გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდ კვანძს, კიდევ უფრო ჩაუღრმავდებოდა.
- ეჰ! - ხმამაღლა ამოიხვნეშა ფიფომ. - რა დრო იყო?
მიმიმ კითხვის თვალით გახედა.
- ეჰ, მართლა რაა. - გაიმეორა ფიფომ. - უკვე დიდი ხნის გადახუნებულ დივანზე მიწოლილი მხატვარი, თავის იდეებს რომ ამოაფრქვევდა და თან, თვალი კარისკენ გამირბოდა, როდისღა შემოაღებდა მიმი.
მიმის გაეცინა.
- მეც ხომ გეხმარებოდი ხოლმე?
- აბა რაა. - უპასუხა ფიფომ. - უშენოდ ჯერ, არც ერთ საქმეს არ გაუვლია ჩემს ხელში.
- იცი, წუხელ იმ საქმეზე ვფიქრობდი. - დაიწყო მიმიმ. - ქირურგის ოჯახის ტრაგედიაზე და სამწუხაროა, რომ თავის დროზე, ასე გამოუძიებელი დარჩა და ვერც დამნაშავე დაისაჯა.
- ჰოო, ნუუ. მე რაც შემეძლო, ამდენი წლის მერე კი ამოვქექე. თუმცა, აზრიც არ აქვს ახლა და აღარც მინდა, რომ ვუთხრა და არც შენ წამოგცდეს ქირურგთან რამე.
- როგორც ყოველთვის, შენი გამოძიების მესაიდუმლე ვარ.
- ძალიან კარგი! ვაფასებ შენს ერთგულებას! - მიუგო ფიფომ.
- უღრმესი მადლობა, მაგრამ თითქოს მომეჩვენა, რომ წუხელ, კიდევ რაღაც აღმოაჩინე.
- მართლა? - თავი მოიკატუნა ფიფომ.
- ჰო, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- ისე, ჰოო, მეც მომეჩვენა. - ღიმილით დაიწყო ფიფომ. - წუხელ, თითქოს საწოლში, მარტო არ ვიყავი. - ფიფომ, მეტი იუმორი შესძინა სიტყვებს.
- არ მოგჩვენებია. - მიმის გაეცინა. - უბრალოდ, იმ ამბავმა, არ დამაძინა. მერე შენთან შემოვედი, რაღაც გკითხე, რატომღაც მომეჩვენა, რომ მიპასუხე და მეგონა, მერეც მისმენდი, რასაც გიყვებოდი. მერე კი ალბათ, მეც ჩამეძინა.
- და რას მიყვებოდი? - ირონიით განაგრძო ფიფომ. - ახლა მომიყევი და იქნებ, გიპასუხო კიდევაც.
- არაფერს ახალს. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ჯერ ისევ მაგ ამბის ირგვლივ ვტრიალებდი და თან მომეჩვენა რომ მართლაც რაღაც აღმოაჩინე და...
- და გავჩუმდი. - არ დააცადა ფიფომ. - არ გითხარი, დაგიმალე?
- რა ვიცი. - მიმი გაჩუმდა.
ერთ ხანს არც ფიფო იღებდა ხმას.
- იმ ქალის შვილი. - დინჯი ხმით დაიწყო ფიფომ. - ჩემს ერთ ძველ საქმეში, ფიგურანტად გადიოდა.
- ვინ, ქალის?
- მიმი, რა დაიბენი? - ჩაეღიმა ფიფოს. - აი, მანქანა ვისიც იყო. ქირურგის ბავშვს ვინც დაეჯახა.
- უი, მართლა? - მიმის თვალები აენთო. - იქნებ, მართლა რაღაც კავშირშია იმ ავარიასთან?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- იქნებ სულაც, ის შვილი იჯდა საჭესთან და არა, ის მოხუცებული ქალი?
- აი, ეგ უკვე, სულ სხვა თემაა, მაგრამ რა ვიცი, მიმი, რა ვიცი. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მხოლოდ ის ვიცი, რომ ტყუილად ქექვაა და ამ გამოძიებასაც ახლა, აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ აღარც იმ ქალის შვილია ცოცხალიიი. - სიტყვა დააგრძელა ფიფომ.
- ჰოო. ცუდია ძალიან. - შეწუხდა მიმი. - ესე იგი, გამოძიება დასრულდა.
- ასე გამოდის და ამიტომაც არ მინდა, ქირურგმა რამე გაიგოს, ტყუილად გული უნდა ეტკინოს და რატომ? რის გულისთვის?
- ხომ იცი, რომ ჩემგან არ გავა?
- როგორ არ ვიცი. - ფიფო კარისკენ წავიდა და მერე, მიმის მოხედა. - მიაქციე ყურადღება, ბავშვი არ ჩაძვრეს იმ ყუთში და რამე არ ამოიკითხოს.
- როდის დამიტოვებია უყურადღებოდ? - იწყინა მიმიმ.
- არასდროს, მაგრამ ხომ გახსოვს, რაც მოხდა? ცხვირწინ აგვაცალეს.
- მერე ეგ, ჩვენი ბრალი, სულაც არ იყო! - ნიშნის მოგებით მიახალა მიმიმ. - მასწავლებლის ბრალი იყო! რატომ გაუშვა ბავშვი ისე, რომ მშობელი არ ნახა.
- საერთოდ, ჩემი ბრალი იყო მიმი და ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, როდის და როგორ, რადგან ეს ჩაფიქრებული იყო და კარგადაც მოფიქრებული. - ფიფომ ამოიხვნეშა. - თუ სკოლიდან არა, სახლიდან აგვაცლიდნენ და აი, მაშინ შეგჭამდა დაუსრულებელი დანაშაულის გრძნობა, რომ სათანადო ყურადღება ვერ მიაქციე.
- უჰ. რა ვიცი. - თავი გააქნია მიმიმ. - დღეს ჩემებთან წავიყვან, მოენატრა ბებოებს.
- იქ მოგაკითხოთ?
- არ ვიცი. დაგირეკავ. - მიმი შეყოვნდა. - ბავშვს თუ დავუტოვებ, მაშინ ბარემ სამსახურშიც შევივლი, ვნახავ რა ხდება იქაც.
- კარგი. შემეხმიანე! - უკვე ღია კარიდან გამოსძახა ფიფომ.
სამსახურში მისულ მიმის, მაშინვე გამოეგება ერთ-ერთი თანაშემწე და სულ ბუზღუნ-ბუზღუნით მოახსენა ახალგაზრდა თანამშრომელზე, ხშირად აცდენსო, ხან იგვიანებს, ხან ადრეც მიდისო.
- ჩემს კაბინეტში ველოდები. - ცივად უპასუხა მიმიმ და კარი შეიკეტა.
არც იმდენად მკაცრი მენეჯერი იყო მიმი, თუმცა თვლიდა რომ ხანდახან, სიმკაცრეც საჭირო იყო.
მიმისთან კაბინეტში აცრემლებული ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა. ბოდიშების მოხდით აუწყა ბავშვი მყავს ძალიან ცუდადო.
- ამის გამო, ხან ვაგვიანებ, ხან ადრეც მივდივარ.
- ხომ იცი, რომ ჩვენთან მუშაობა, სავალდებულო არ არის და აქ მოხვედრაც, საკმაოდ ბევრი კონკურსების გავლით ხდება. მე მესმის შენი პრობლემა, მაგრამ ჩვენიც ხომ უნდა გესმოდეს? ყველა რომ ასე მოიქცეს? ოჯახებში ყველას გვაქვს პრობლემები, მაგრამ რაღაცნაირად უნდა შეუთავსო სამსახურს. ან შვებულება აიღე, შეგიძლია უხელფასოც გამოიყენო, რადგან ბავშვია ავად, პრემიას არ დაგიკავებ, ან სულაც, ბიულეტენზე გადი.
- ყველაფერი გამოვიყენე, რაც შემეძლო. - ამოისლუკუნა გოგონამ. - თქვენი თხოვნის შემწეობით, ორი თვის ხელფასიც კი წინასწარ ჩამერიცხა, მაგრამ მაინც ვერ...
- დაახლოებით მაინც, როდის შესძლებ წესიერად მუშაობის გაგრძელებას?
- არ ვიცი. - ამოიკვნესა გოგონამ.
- მივლინებას გაგიფორმებდი, რომ სამსახური არ დაგეკარგოს, მივლინების ფულსაც ჩაგირიცხავდი, მაგრამ მიახლოებითი თარიღი მაინც მინდა. - მიმი წამით შეყოვნდა. - აქ უამრავი თანამშრომელია, ყველაფრის დათმობაზე ვერ წავალ და ვერც ყველასთან წავალ, რადგან ბავშვზეა საქმე, მეც დედა ვარ და მესმის, რაც შემიძლია ვთმობ, მაგრამ...
- ერთი თვე, შეიძლება მივლინება? - სასოწარკვეთილი ხმით წაიკვნესა გოგონამ.
- ერთი თვე? - მიმიმ წარბები აზიდა.
- ალბათ, არ შეიძლება... ძალიან ბევრია...
- მივლინება შეიძლება, ერთი თვეც იყოს, ორიც და სამი დღეც, მაგრამ რა სჭირს ბავშვს?
- ვერაფერი გავიგეთ, ხან იქ დაგვარბენინებენ ხან აქ, უამრავი წამლები, წამლები... დაუსრულებელი ანალიზები... - გოგონას ცრემლები წასკდა.
- კარგი. რადგან მოხვედი სამსახურში, დაუბრუნდი შენს სამუშაო მაგიდას. შენ იმუშავე, შენი საქმე გააკეთე და რამეს მოვიფიქრებთ, ისე რომ ბავშვიც გამოაჯანმრთელო, არც სამსახური დაგეკარგოს და არც ჩვენ გაგვიფუჭო სამუშაო.
აცრემლებული გოგონა ბოდიშებითა და მადლობების მოხდით გავიდა. მიმიმ მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა და ქირურგს შეეხმიანა.
სულ რაღაც საათიც კი არ იყო გასული, რომ მიმის თანამშრომელი გოგონა ბავშვიანად, უკვე ქირურგის კაბინეტში იყვნენ და მის გამოჩენას ელოდნენ.
ბავშვი საოპერაციო აღმოჩნდა, თუმცა მანამდე, ჯერ კლინიკაში უნდა გაევლო მკურნალობა. მიმიმ გოგონას, ყველანაირი ხარჯების დაფარვა აღუთქვა, სამსახურის ფონდით, სინამდვილეში კი, მიმის პირადი ჯიბიდან მოხდა ყველაფრის გადახდა.
უკვე შუადღეს გადაცილებული იყო და სადილობის დროც, დიდი ხანია აღარ იყო, როცა ფიფოს ტელეფონში, მიმის ნომერი აისახა.
- ერთად ხომ არ გვესადილა? - არ აცალა სიტყვის თქმა მიმიმ.
- რაღა დროს სადილია? - გაეცინა ფიფოს. - ცოტაც მოითმინე და ვახშმის დროც მოვა.
- და იქნებ, ვერ ვითმენ? სადილი ვერ მოვასწარი, საუზმეც რაღაც არ მინდოდა და რამდენ ხანში მოხვალ?
- სახლში ხარ უკვე?
- სახლში ვარ და გელოდები, უშენოდ არ შევჭამ! - მიმი პასუხს აღარ დაელოდა, ისე გაუთიშა ტელეფონი.
ფიფო მიმის უცნაურობებს, მიჩვეული კი იყო, მაგრამ ხანდახან მიმის, მეტისმეტიც მოსდიოდა. რაც შეეხებოდა სადილს, მეგობარ ქალთან ერთად ფიფომ, მშვენივრად მოილხინა და ახლა, ვახშმის ხასიათზე, ნამდვილად არ იყო. კიდევ დილამდე დარჩებოდა იქ და კიდევ ბევრ დროს გაატარებდა, მეგობარი ქალის საწოლში, მაგრამ მიმის მეორე ზარმა, უკვე მოსვენება დაუკარგა. ალბათ, მართლაც რაღაც ხომ არ ხდებაო, შიშით გაუელვა.
ქალმა მუდარის თვალით შეევედრა, ცოტა ხნით კიდევ დარჩიო. ფიფო უარზე იყო.
- ერთხელ მაინც დავრჩეთ, მთელი ღამით ერთად, ხომ შემპირდი? - აწუწუნდა ქალი.
- შეგპირდი და შეგისრულებ, მხოლოდ ახლა, უნდა გავიქცე.
- მგონი შენი ცოლი, გითვალთვალებს.
- მართლა? - გაეღიმა ფიფოს.
- ან ჩიპი ჩაგიყენა ისე, რომ ვერც გაიგე.
- ჰაჰ! - გაეცინა ფიფოს.
- ნუ რამდენიც ერთად ვართ, ზუსტად მაშინ გირეკავს და შენც ისე გარბიხარ, რომ უკან არც იხედები.
- კარგი, რაა, აბა რა გაწუწუნებს? - გაუღიმა ფიფომ. - როდის იყო, რომ შუა სექსის დროს, მიგატოვე?
- ალბათ, წუთებში ასცდა შენი ცოლის ზარს და მაგიტომ, თორემ უკანაც არ მოიხედავდი, ისე გაქუსლავდი. - ქალმა გაბუტული სახით იცვალა გვერდი და ფიფოს, ზურგი შეაქცია.
- ჩემთან თავს, ცუდად გრძნობ? - დაუყვავა ფიფომ.
- არა, მაგრამ...
- თბილი ურთიერთობის მეტს, სხვა რამეს, შეგპირდი?
- შეგპირდი, რა ბავშვი ვარ? სასეირნოდ წაყვანას დამპირდი და, აღარ მიგყავარ?
- რატომ ცდილობ, ურთიერთობის გაფუჭებას? ჩვენ ხომ ასე კარგად ვართ ერთად.
- ერთად? ეჰ, თუ ამას ერთად ყოფნა ჰქვია. - ამოიხვნეშა ქალმა და აცრემლებული თვალები მოარიდა.
ფიფოს მოლბა, გული შეეკუმშა. მართლაც რას ერჩოდა, ამ ქალს? მშვენივრად ატარებდა დროს და ნებისმიერ ფიფოს ერთ დაძახებაზე, მაშინვე მასთან გაჩნდებოდა და მეტი, რა უნდოდა?
მაგრამ მიმი როგორც კი დაურეკავდა, მაშინვე მართლაც რომ უკან არ იხედებოდა, ისე გარბოდა ამ ქალისგან და წესიერად, არც კი ემშვიდობებოდა, ისე გაიხურავდა კარს.
ფიფო უკვე წასასვლელად იყო მზად, რომ უეცრად მობრუნდა, საწოლს მიუახლოვდა, ქალის სახე, ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა:
- თუ მთხოვ დარჩიო, დავრჩები.
- გთხოვ. - წაიჩურჩულა ქალმა.
მიმი ამაოდ ელოდა, თუმცა არც ვახშამი ჰქონდა მზად, სულ სხვას რამეს გეგმავდა გონებაში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არა თუ სავახშმოდ, იმ ღამით ფიფო, საერთოდ არ დაბრუნდა სახლში.
მიმის ბავშვი, დედასთან ჰყავდა დატოვებული და თავად ფიფოს მოლოდინში, დივანზე ჩასძინებოდა.
ფიფო არც დილით შეეხმიანა. მიმი ცოტა არ იყოს შეშფოთდა, მაგრამ შუადღემდე როგორღაც მოითმინა, მერე კი ძალიან ფრთხილად, და შეფარვით ფიფოს მძღოლს დაურეკა და მაშინვე მოუბოდიშა, შემეშალაო, მერე ისე, სასხვათაშორისოდ მოიკითხა კიდევაც და ისიც შეიტყო, რომ ფიფო უკვე, სამსახურში ბრძანდებოდა და დილით, თავისით მისულა, მძღოლის მიკითხვა, არც დასჭირვებია.
„ალბათ, დედამისთან დარჩა.“
გაიფიქრა მიმიმ და მაშინვე გული მოუვიდა.
„ეთქვა მერე! როდის, დავუშალე?“
ფიფო გვიან ღამით დაბრუნდა და მაშინვე, საძინებელს მიაშურა. დილით კი საუზმეზე ჩასულს, გაუკვირდა მიმი იქ რომ არ დახვდა.
„ნეტა, რას იბუტება?
პირველად ხომ არ ვრჩები სხვაგან, თუ ჩემთან მართლა უნდა, კეთილი ინებოს და თავად იაქტიუროს.“
გული მოუვიდა ფიფოს, მაგრამ ყავის მოსამზადებლად რომ გაიწია, მაშინვე შეამჩნია რომ ყავაც მზად იყო და საუზმეც.
ფიფოს ჩაეღიმა.
„საუზმე გამიმზადა, თუმცა, მაინც მებუტება.“
მაგრამ ფიფო არც ახლა აღმოჩნდა მართალი. სულ მოკლე ხანში შემოსასვლელი კარიც გაიღო და ფიფომ პარკების ჭრიალზე მიხვდა, რომ მიმი მარკეტიდან დაბრუნდა, მერე უხმოდ დააბინავა, შეძენილი სურსათი და ყავის დასალევად, ფიფოს წინ დასკუპდა.
ფიფომ მალულად შეავლო თვალი, რატომღაც ეგონა, რომ მიმის ეჭვიან და ნაწყენ მზერას წააწყდებოდა, მაგრამ ამჯერადაც შეცდა. მიმი საკმაოდ აჟიტირებული ჩანდა, თვალებიც რაღაცნაირად უციმციმებდა და სულაც არ იყო ნაწყენი.
ახლა ფიფომ თავად იგრძნო თავი დამნაშავედ და ახსნას შეეცადა:
- წუხელაც გვიან მოვედი და იმ წინა ღამითაც, დრო ვეღარ განვსაზღვრე, მერე უკვე გვიან, აღარ წამოვედი.
- ხდება ხოლმე. - ღიმილით მიუგო მიმიმ და ყავის ფინჯანში ცხვირ ჩარგულმა, ფიფოს რაღაცნაირი მზერით გამოხედა.
ფიფოს მაშინვე გაუელვა, ალბათ კიდევ რაღაცის თქმა უნდაო და თავს იკავებსო, თუმცა არაფერი უთქვამს.
- ძალიან გემრიელი იყო, გმადლობ. - ფიფომ თეფში გვერდით გასწია და ხელჯოხის დახმარებით ფრთხილად წამოდგა. - შევეცდები, დღეს მაინც არ დავიგვიანო.
- შენ უფრო იცი. - ჩვეული ხმით მიუგო მიმიმ.
თითქოს, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა და ისევ შეყოვნდა, ან იქნებ, ფიფოს მოეჩვენა ასე?
როგორც კი ნაბიჯი გადადგა, მაშინვე შეჩერდა, მერე მიმის მოხედა და ერთხანს, ასე მიშტერებული მზერა მიაპყრო.
- რა იყო? - მიმიმ ვეღარ გაუძლო ფიფოს მზერას და წამით, თვალიც კი აარიდა, მერე კი, იქეთ ჩააკვირდა.
- თითქოს, რაღაცის თქმა გინდა. - დაიწყო ფიფომ. - გინდა მისაყვედურო და...
- გისაყვედურო? - მიმიმ გაკვირვებისგან, წარბები აზიდა. - და, რატომ?
- ვახშამი გამიმზადე და ვერ მოვედი. - ფიფო წამით შეყოვნდა. - არ მოვედი.
- არაფერი გამიმზადებია. უბრალოდ მინდოდა, ერთად გვევახშმა, რაღაც თითქოს მინდოდა მეთქვა იმ ამბავზე, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ არც ღირს ძველი ამბების ქექვა, მით უმეტეს, თუ ასე გამოუძიებელიც დარჩა და ვეღარც დამნაშავე დაისჯება.
- რაზე ამბობ? - გაუკვირდა ფიფოს. - ქირურგის ამბავზე?
- ნუ, ჰო, მაგრამ ახლა, რაღა აზრი აქვს? ან რაღას შეცვლის? იქნებ სულაც, არც არანაირ კავშირში არ არის და...
- რის კავშირში? - დაინტერესდა ფიფო. - თუ რამე იცი, მითხარი, რაღას მაწვალებ და ამდენს გარს უვლი.
- არაფერი, ისე. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - გუშინ, ასე მომეჩვენა, დღეს კი, სულ სხვანაირად ვფიქრობ და აღარც გითხარი, როცა...
- იქნებ, მაინც მითხრა? - ღიმილით მიუგო ფიფო. - ხომ იცი? პროფესია მაქვს ასეთი, ყველაფერი მაინტერესებს.
- და მგონი, მეც დაგემსგავსე მაგ ყველაფრის ინტერესში და უკვე ყველგან, ცხვრის ვყოფ. - მიმის ცალყბად გაეღიმა და მერე უფრო ჩაფიქრებული ხმით დასძინა. - და ალბათ, ზედმეტადაც.
- და მაინც? რა გამოქექე?
- არაფერი ისეთი. გუშინ, ქირურგთან ვიყავი. - მიმი შეყოვნდა. - ახლობლის ბავშვი მივიყვანე.
- ახლობლის? - ჩაეკითხა ფიფო. - მე არ ვიცნობ?
- ნუ, ჩემი თანამშრომელია. არ იცნობ. მთელი თვეა ბავშვს ვერ გაუგეს რას სჭირს და უბრალოდ დავეხმარე, წესიერ პედიატრთან მივიყვანე, ქირურგის პროტექციით.
- ძალიან კარგი, შენ გიყვარს კეთილი საქმეები, დარწმუნებული ვარ, ყველა ხარჯებს, შენ ისე დაუფარავდი, რომ არც გამოჩნდებოდი.
- და მერე, რა მოხდა? რა არის ამაში, ცუდი? - მიმიმ თითქოს, იწყინა.
- ცუდი კი არა, ძალიან კარგია და ყოჩაღ! ძალიან კარგი გოგო ხარ, ასე რომ ზრუნავ თანამშრომლებზე, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, თითქოს, რაღაცის თქმა გინდა, თუ არ გინდა?
- არ ვიცი, რამდენად გამოსადეგი იქნებოდა მაშინ და ახლა, მით უმეტეს.
- მიმი! - ფიფოს უკვე, სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა. - დავიტანჯე და თან, უკვე ვაგვიანებ, მძღოლი მელოდება.
- აი იმ ქალის შვილი, აი იმ მოხუცი ქალის, სავარაუდოდ, ვინც მანქანას მართავდა და ავარიაც მოახდინა.
- ჰო, მერე? - ვეღარ ითმენდა ფიფო. - იმ ქალის შვილი, ჩემს ერთ საქმეში ფიგურირებდა, თუმცა აწ უკვე გარდაცვლილია და არც მაშინ მქონდა მასზე საინტერესო და ხელმოსაჭიდი.
- ექიმი.
- ჰო, ექიმი იყო, როგორც მამამისი, პედიატრი.
- კი, პედიატრი, თუმცა ბავშვთა ფსიქოლოგი, მაგრამ მაშინ, ლამის ყველას, პედიატრს ეძახდნენ.
- როდის, მაშინ? - ჩაეკითხა ფიფო.
- ქირურგის შვილის, პედიატრი იყო, უფრო სწორად კი, მისი ფსიქოლოგი.
ფიფოს ფერმა გადაჰკრა, გაფითრებული სახით მიაჩერდა მიმის.
- რა იყო? - გაუკვირდა მიმის.
- მიმი, ახლა მგონი, შენ ერთ-ერთი უძველესი საქმე გახსენი. - ლამის ჩურჩულით უპასუხა ფიფომ.
LEX. 2020 წლის 9 ნოემბერი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment