Saturday, January 2, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 87)

87. 
საშინლად აღელვებული ფიფო, გაშმაგებული აღებდა სახლის კარს. ისე იყო ანერვიულებული, რომ გასაღებიც ვერ მოარგო საკეტს, ხელიდანაც კი გაუვარდა და ხელჯოხზე დაყრდნობილმა, ძლივს შესძლო აღება. მერე ერთი ღრმად ამოისუნთქა, გასაღების აცმა, ხელში შეათამაშა და რაც შეიძლებოდა, მშვიდი, უდარდელი სახით შეაბიჯა სახლში. 
მიმიც მშვიდი გამომეტყველებით დაუხვდა, ფიფოს თითქოს, უფრო მეტად მხიარული მოეჩვენა და თითქოს, უფრო მეტად იყო აჟიტირებული. 
„აბა, რაა. მოიოხა გული ქალმა.“ 
გაუელვა ფიფოს და ახლა უფრო მეტად დაიბოღმა.
„ყველაზე და ყველაფერზე ჯავრი, იმ საწყალ ქალზე იყარა და მაინც, რას ერჩოდა? რა დაუშავა? იქნებ სთქვას, რომ ქმარს ართმევენ? 
აი, მაგ თემაზე კი მიმის, საერთოდ ხმა არა აქვს ამოსაღები. თუ ასე ვუყვარვარ და ასე ძალიან ვუნდივარ, რომ არავისთვის ვემეტები, იაქტიუროს მერე, იმ ქალს რაღას ერჩის?“ 
ფიფომ მიმის, ზურგი შეაქცია და ისე გაიხადა ქურთუკი, რომ თითქოს, მისი სახის დანახვას ერიდებაო, თუმცა მაინც ვერ შესძლო ბოლომდე და ოდნავ თვალი შეავლო. მოულოდნელად საკიდისკენ წაღებული ხელი გაუშეშდა, მიმის ქვედა ტუჩი, შესიებული და ოდნავ ჩალურჯებული კი ჰქონდა. 
„ჰმ, ესე იგი, მართლაც უჩხუბიათ და როგორც ჩანს, მიმი მოერია და მაგრად მიბეგვა, კი მაგრამ რას ერჩოდა, რას? ან ვინ ეკითხება, მე ვისთან დავწვები და ვისთან, არა! თუ ასე გული ეწვის, მაშინ თავის დროზე ეაქტიურა და გარეთ აღარ ვირბენდი! აღარც იმ ბინას ვიგირავებდი, ასე გული რომ ჩასწყდა, ალბათ ჰგონია, რომ საყვარელს, ბინა ვუყიდე.“ 
- ტუჩზე, რა მოგივიდა? - საკმაოდ ცივი და უდარდელი ხმით ჰკითხა ფიფომ. 
- ააჰ, ჰა, ჰა. - მიმის გაეცინა და თითებით ოდნავ შეეხო მტკივან ადგილს. - შეიძლება არც დამიჯერო... 
- იქნებ, დაგიჯერო. - კვლავ ცივი ხმით გააწყვეტინა ფიფომ. 
მიმის ცოტა ეუცნაურა, თუმცა არც შეიმჩნია და მაინც განაგრძო მოყოლა, თუ როგორ მოტყდა მის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ქუსლი, სწორედ იმ დროს, როცა კიბეზე ჩადიოდა და თან, მიწის თხილს აკნატუნებდა. 
- ფეხი ჩავდგი, თუ არა, მაშინვე თხილი და ტუჩი ერთიანად ჩავკბიჩე, ისე გავმწარდი იმ მომენტში, რომ ცრემლებიც წამომცვიდა და ჩემი უახლესი კაბით, იმ ბინძურ კიბეზეც კი ჩამოვჯექი და...
- ჰოო? - ფიფომ წარბები აზიდა.
- ისე, ფეხსაცმლის დარდი სულაც არ მქონდა, თუმცა საკმაოდ ძვირი გადავიხადე და პირველივე ჩაცმაზევე, უკვე ქუსლიც მოსძვრა... 
- აბა რომელს? - კვლავ შეაწყვეტინა ფიფომ და იქვე, საკიდის ქვეშ, მიმის მიწყობილ ფეხსაცმელს დასწვდა. 
- ეს? არა, ეს არა, ამას ორივე მთელი აქვს! ამას? ჰო, აი, ეს ქუსლი, უი როგორ მოტეხილა.
ფიფოს ხმაში, ცინიზმი იგრძნობოდა, თუმცა მიმიმ, სულ სხვანაირად აღიქვა და კვლავ განაგრძო მოყოლა: 
- მერე მეორეც გავიხადე და ასე ფეხშიშველი მივედი მანქანამდე... 
ფიფო უკვე, აღარც უსმენდა, ფიქრებით კვლავ სატრფოსკენ გადაეშვა. 
„შენი ფეხსაცმელი, იმდენი ურტყი იმ საცოდავ ქალს, რომ მოტყდებოდა ქუსლი აბა, რა! კიდევ კარგი, ხელი მაინც შემოგიბრუნა და იქნებ, ამით გაგაჩერა კიდევაც! და რატომ არ მითხრა მერე, ხელი თუ შემოგიბრუნა? 
ჰმ, ბედი მქონია, რომ მართლა პოლიცია არ გამოიძახა, მერე ნახე ჩემი სირცხვილი და თავის მოჭრა, თორემ ამ ქალებს, ჩემი გულისთვის, თუნდაც სულ დაუხოციათ ერთმანეთი, ფეხებზე მკიდია! ყველაფერი ფეხებზე მკიდია! თავზე გადახტომას აღარავის ვაპატიებ!“ 
- არ გშია? 
ფიქრებიდან მიმის წკრიალა ხმამ გამოარკვია. 
- ჰო... რა ვიცი. - მშრალად მიუგო ფიფომ. 
- დღეს რა მოვამზადე, რომ იცოდეეე. - მიმის კვლავ, მხიარული ხმა ჰქონდა. 
„არა! სულაც არ მეჩვენება. მშვენიერ გუნებაზეა!“
ფიფო, კიდევ უფრო მეტად მოიღუშა, თუმცა ცდილობდა, არაფერი შეემჩნია. მიმი ენას არ აჩერებდა, თითქოს ფიფოს ჯიბრზე, უფრო მეტად ემატებოდა ხალისი. ფიფო ლამის, ცოფებს ჰყრიდა და თან, არ იმჩნევდა. ნერვიულობისგან ჩანგალს, ისე ძლიერად მოუჭირა ხელი, რომ იდაყვთან, ნერვის სიმწვავე იგრძნო. უხალისოდ გაღეჭა ლუკმა, კერძი მიატოვა და მიმისთვის ზედაც არ შეუხედავს, ისე მიაშურა თავის ოთახს. 
შხაპის ქვეშ, ათას რამეს ფიქრობდა. თვალწინ სულ, ცხვირ-პირ დასიებული ქალი ედგა და მიმის ზედმეტად მომღიმარ და ბედნიერ სახეს, რომ ადარებდა, უფრო და უფრო ემატებოდა ბოღმა. 
„დამაცადოს მიმიმ! აი, ნახავს, რა დღეშიც ჩავაგდებ! მაგან ეტყობა, ჯერ კიდევ ვერ გამიცნო, ისე როგორც საჭიროა! 
მთელი ცხოვრებაა, სულ მიმის დათმობას ვუნდები, ყველაფერში ვეთანხმები, ყველაფერზე თავს ვუქნევ, ის კი, რა დღეშია! თავზე მახტება! 
ვინმემ რომ გაიგოს, რომ ჩვენ ერთად საერთოდ არ გვძინავს, სიცილს დამაყრის, მასხრადაც ამიგდებს და მართლაც ასაგდები ვყოფილვარ, თურმე.“ 
პირსახოცის ხალათში გამოკრული ფიფო, საწოლზე მიეგდო. სიგარეტი ძლიერად მოქაჩა, კვამლი ბოლომდე ამოუშვა და სულაც არ ანაღვლებდა, მიმისგან თუ მიიღებდა საყვედურს, საძინებელში ნუ ეწევიო.
ოთახში, დიმეომ შემოიხედა. ფიფო გაიბადრა.
„თვითონ ვეღარ ბედავს ცხვირის შემოყოფას და ახლა, ბავშვი შემომიგზავნა.“ 
- მოდი მამ, შენ რა შუაში ხარ. - ჩაიბურტყუნა ფიფომ. 
- დღეს ბურგერებს, რომ დამპირდი. 
- უი, დღეისთვის დაგპირდი? - გაიკვირვა ფიფო, თუმცა მშვენივრადაც ახსოვდა. 
- არაუშავს, გვიანია მაინც. - დიმეომ გაუღიმა და მამას ჩაეკრო. 
- ჩემი უპრეტენზიო ბიჭი. - მოეხვია ფიფო. 
- არაფერიც! - თითქოს იწყინა ბავშვმა. - მე პრეტენზიული ვარ! 
- მართლა? - გაეცინა ფიფოს. 
დიმეომ უხმოდ დაუქნია თავი.
- აბა, მითხარი ერთი, რა პრეტენზიები გაქვს? - ეღიმებოდა ფიფოს. 
- ჯერ არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ბავშვმა. 
ფიფოს გულიანად გაეცინა. მერე უცებ, ჩუკის გამოგზავნილი ფოტო გაახსენდა და მობილურს დასწვდა. 
- შენი დახმარება მჭირდება ერთ საქმეში. - სერიოზული ხმით უთხრა ბავშვს.
- ჩემი? - გაუხარდა ბიჭს.
- ჰო, აბა. - თავი დაუქნია ფიფომ. - თანამედროვე ტექნოლოგიაში თქვენ, პატარა ღლაპები, უფრო კარგად ერკვევით, ვიდრე ჩვენ, ბებრები.
- არ ხარ, მამ ბებერი. - უკმაყოფილო სახით მიუგო ბავშვმა. - და არც მე ვარ, ღლაპი.
- ჰმ, სწორი შენიშნვნაა. - ჩაეღიმა ფიფოს.
- რა დახმარება გინდოდა? 
- რაღაც საბუთს გადავუღე ფოტო და მერე, ვეღარ ვიპოვნე და აბა ნახე მამ, იქნებ, შენ მომიძებნო, სანამ მე ჩავიცვამ. - შეაპარა ფიფომ და მობილური, ბავშვს მიაწოდა. 
დიმეო ფოტოების თვალიერებას მოჰყვა, ფიფო უჩუმრად ადევნებდა თვალს. მოულოდნელად ბავშვი მოიღუშა, მობილური საწოლზე მიაგდო და ოთახიდან ლამის, სირბილით გავარდა. 
ფიფო მაშინვე მიხვდა, ბიჭმა ამოიცნო ფოტო, მაგრამ ვინ იყო? ან საიდან იცნობდა დიმეო, როცა ფიფოსაც ასე ძლიერ ეცნობოდა და თანაც, როგორც ჩუკის საუბრიდან ჩანდა, გარდაცვლილი იყო. 
ფიფო მობილურს დასწვდა და ჩუკის შეხვედრაზე შეუთანხმდა, მერე საუკეთესო პერანგი და პიჯაკი შეარჩია, ახალი სუნამო დაისხა და ასე გაპრანჭული ჩავიდა ქვემოთ, სადაც უკვე, კოპებშეკრული მიმი და მოღუშული დიმეო დახვდა. 
- რა გვამების ფოტოებს ათვალიერებინებ ბავშვს? - დაბალი ხმით უსაყვედურა მიმიმ, თუმცა დიმეოს სასტუმრო ოთახიდან, უკვე ყურები ჰქონდა დაცქვეტილი. 
- რა გვამების? - გაიკვირვა ფიფომ. - რა სისულელეა! 
- აბა, მომატყუა? 
- უბრალოდ, ჩემს მობილურს ათვალიერებდა და არანაირი გვამების ფოტოები არ მაქვს! შეგიძლია, შენც ნახო.
- აბა, ბავშვმა რატომ მითხრა, მამას მკვდარი კაცის სურათები აქვსო. 
- აჰ! - ფიფომ მოჩვენებითად გაიკვირვა, სინამდვილეში ჩაფიქრდა. 
„ესე იგი, დიმეომაც იცის, რომ მკვდარია და კი მაგრამ, მართლა ვინ არის ნეტავ? და იქნებ, მიმიც იცნობს?“ 
- აჰა, და ნახე. - ფიფომ ტელეფონი გაუწოდა, სადაც უკვე იმ გარდაცვლილის ფოტო იყო გამოსახული. 
- გეცნობა? - ფიფო მიმის ჩააკვირდა. 
- აბა, საიდან? - მიმიმ თავი გააქნია და მხრები აიჩეჩა. 
ფიფო ახლა უფრო დაინტერესდა. მიხვდა, ეს უთუოდ ბავშვის გატაცებას ეხებაო და მიმის ზურგი შეაქცია, რომ ჩუკისთან შეხვედრაზე არ დაეგვიანა. 
- სად მიდიხარ? - დააწია მიმიმ. 
ფიფომ ყურადღება არ მიაქცია.
- არ უნდა ამიხსნათ, რა ხდება? - მიმის ხმაში, წყენა იგრძნობოდა. - გამაგებინეთ ერთი, რაშია საქმე? ერთმაც და მეორემაც! - მიმიმ ცალკე, დიმეოსაც გახედა. 
ფიფომ მოღუშულ ბავშვს შეხედა. ბიჭმა, თვალი ვეღარ გაუსწორა. 
- არაფერიც არ ხდება. - უპასუხა ფიფომ. 
მიმიმ ახლა, ისევ დიმეოს გახედა. 
- ჰო, არაფერიც არ ხდება. - იგივე უპასუხა ბიჭმაც და ამჯერად მამას, ამაყად გაუსწორა თვალი, მერე წამოდგა და ზედმეტი კითხვებისგან თავის ასარიდებლად, სამეცადინოდ გაიძურწა.
მიმიმ თავი გააქნია. მართალია, ვერაფერს მიხვდა, ასეთს რა თამაშს თამაშობდა მამა-შვილი და მაინც ჩათვალა, რომ ზედმეტად, არც უნდა ჩარეულიყო, რადგან ასე ძალდატანებით, მაინც ვერაფერს გაიგებდა. სავარაუდოდ, გარკვეული დროის მერე, თუ ფიფო არა, დიმეო მაინც ეტყოდა რამეს.  
- და შენ სად იყავი ისეთ ადგილას, რომ ქუსლიც და კბილიც, ლამის, ორივე იქ დატოვე? - ფიფომ დამცინავი სახით მიმართა. 
მიმის ფიფოს გამომეტყველება, ცოტა არ ეხამუშა, მაგრამ მაინც უპასუხა: 
- ერთ საქმეზე ვიყავი. 
- საიდუმლოა? - ჩაეკითხა ფიფო. 
მიმიმ მხრები აიჩეჩა, მაგრამ არაფერი უპასუხა. 
- და იქნებ, უკვე ვიცი? - არ მოეშვა ფიფო. 
- რა თქმა უნდა, უკვე მოგახსენებდნენ, აბა რაა... არადა, როგორ ვთხოვე... 
- ჰმ. - ბოღმიანად ჩაეცინა ფიფოს, მიმის ზურგი შეაქცია და კარისკენ წავიდა. 
გასასვლელში, ფიფომ ისევ მოჰკრა თვალი, იმ ქუსლ მოტეხილ ფეხსაცმელს. დაიხარა, დასწვდა და ხელში შეათამაშა. ფეხსაცმელს ქუსლი, ისე ჩამოკიდებოდა და თითქოს მიმის, ისე დაღვრემილი უმზერდა, რომ ამის დანახვაზე მიმის, სიცილი წასკდა. 
ფიფო უფრო მეტად დაიბოღმა, თუმცა კვლავ მოთოკა თავი და ფეხსაცმელი, ადგილზე დააბრუნა.
- ამით შეიძლება, ვინმეც შემოგაკვდეს. - წაბურტყუნა ფიფომ და ალმაცერად შეავლო თვალი, მიმის რეაქციას.
- რატომ უნდა შემომაკვდეს? - გაიკრიჭა მიმი. 
მიმის მხიარულ სახეზე, ფიფო უფრო მეტად მოიღუშა.
- ეს რომ ვინმეს ჩაარტყა... უჰჰ... - გაჟრჟოლა ფიფოს. 
- და რატომ უნდა ჩავარტყა? - მიმის ახლა უფრო გულიანად გაეცინა. 
ფიფომ ძლივს შეიკავა თავი. საშინლად აღიზიანებდა მიმის სახის დანახვაც და მისი ხმის გაგონებაც, ხოლო სიცილის ხმაზე, პირი მაგრად მოკუმა, რომ კვლავ თავი აეყვანა ხელში, მაგრამ მიმი, თითქოს ფიფოს ჯიბრზე, აღარ ჩერდებოდა და ასევე სიცილითა და კისკისით მიახალა, სად მიბრძანდებიო. 
- რაღაც ძაან გადაპრანჭული ხარ ამ საღამოს, სად მიბრძანდები, თუ საიდუმლო არ არის? - კვლავ კისკისებდა მიმი. - იქნებ, ჩვენც წაგვიყვანო? 
ფიფო კარისკენ დაიძრა და გასასვლელში, კვლავ იმ ქუსლმოტეხილ ფეხსაცმელს მოჰკრა თვალი. ისევ დასწვდა და მიმის დასანახად, კვლავ ხელში შეათამაშა. 
- ამით შეიძლება, კაციც მოკლა. 
- რატომ უნდა მოვკლა? - გადაიკისკისა მიმიმ. 
- ხომ შეიძლება, ისე მაგრად ჩაარტყა, რომ მოკვდეს კიდეც. 
- და რატომ უნდა ჩავარტყა? - მიმის კვლავ გაეცინა, თუმცა ვერ ხვდებოდა, ფიფოს უაზრო ხუმრობას.
ფიფომ ფეხსაცმელი, უხეშად მიაგდო და კვლავ კარისკენ დაიძრა, როცა მიმიმ ისევ კისკისით დააწია ხმა: 
- ასე სუნამო დაპკურებული, სად მიბრძანდებით ყმაწვილო? 
ფიფოს უკვე მოთმინების ძაფი გაუწყდა. გაშმაგებული სახით მივარდა მიმის, ორივე ხელებით მკლავებში ჩააფრინდა და კედელთან მიიმწყვდია. ფიფოს ცალ ხელში ჯოხი ეჭირა და იმ ჯოხითვე გააფთრებით უჭერდა მიმის მკლავზე. მიმი კი გაოგნებული, უზარმაზარი, გაფართოებული თვალის გუგებით, შეშინებული და გაკვირვებული შეჰყურებდა გაავებულ ფიფოს. რაღაც მომენტში ფიფოს, მიმის გაოცებული თვალები, გულწრფელადაც კი მოეჩვენა, თუმცა არა, ამდენ თვალთმაქცობას და თავს ლაფის დასხმას, უკვე ვეღარ იტანდა. 
- რა შენი საქმეა, მე სად მივდივარ?! - კბილებში გამოსცრა ფიფომ. - ვინ გეკითხება, სად წავალ და ვისთან დავრჩები! 
მიმი კი კვლავ გაფითრებული, გაკვირვებული და დაბნეული შეჰყურებდა, ცალკე ფიფოს მარწუხებისგან მკლავები საშინლად სტკიოდა და ენა ჩავარდნილი, ხმასაც ვერ იღებდა. 
- მეც სულელი ვარ, რა. - ფიფომ მიმის ხელი უშვა. - ამდენი წელი, იმედი მქონდა და თურმე... - ფიფო გასასვლელისკენ გაემართა და კარი მაგრად გაიჯახუნა. 
მიმიმ შიშით მოიხედა გვერდით, ეგონა თუ დიმეო ამ სცენას შეესწრო, თუმცა ბავშვი, ბევრად ადრე იყო გასული თავის ოთახში და არაფერი გაუგია. 
მიმიმ მტკივან მკლავებზე ხელები მოისვა, განსაკუთრებით კი ის ერთი მკლავი, საშინლად სტკიოდა და ზოლად ჩალურჯებოდა, რომლითაც ფიფო თავის ხელჯოხიან ხელს უჭერდა. 
ფიფო გიჟივით გამოვარდა სახლიდან. მძღოლი გაშვებული ჰყავდა და ამჯერად მანქანას, თავად მართავდა. ჩუკი უკვე რა ხანია ელოდა და ცოტა, მსუბუქად უსაყვედურა კიდევაც. 
- ხვალამდე ვეღარ მოითმინე რაა. - ეცინებოდა ჩუკის. - მალე კომენდანტის საათიც დაიწყება. 
- მერე რა. - ჩაეღიმა ფიფოს. - ხომ იცი, ნებართვა მაქვს, ოფიციალური. 
- აუ, მეც მინდა, რაა. - შეევედრა ჩუკი. 
- შემიძლია გაგიჩალიჩო, მაგრამ არ გჭირდება, დამიჯერე. ისედაც ამდენი საფრთხეა და კარანტინია, თორემ სხვა შემთხვევაში კი ბატონო, პრობლემა არ არის, მაგრამ ახლა მითხარი, ვინ იყო ის ტიპი და რა ხდება, საერთოდ? 
- დიმეომ იცნო, არა? 
- იცნო და შენ წარმოიდგინე, ისიც კი იცის, რომ ცოცხალი აღარ არის. 
- მდააა. ეს უკვე, სულ სხვა საქმეა. - ამოხვნეშა ჩუკიმ. 
- და ვინ არის, ბოლოს და ბოლოს? ან ბავშვს, როგორ ვკითხო. - მოიღუშა ფიფო. 
- უმჯობესია, კაცურად ჰკითხო. ხომ ნახე, არა? ასეთმა ქცევამ, უფრო გაჭრა. 
- ჰო. ჰო. - ამოიხვნეშა ფიფომ. 

 *** 
- ფიფო, ძალიან ბევრს ეწევი. - ქალმა გადავსებული საფერფლე, საწოლის გვერდით მდგარ, კომოდიდან ააცალა. 
- რა იყო? საწოლ ოთახში მოწევა, აქაც აკრძალული მაქვს? - ცინიკურად აღნიშნა ფიფომ. 
- ჰმ. სახლშიც, არ გაწევინებენ, არა? - ჩაეცინა ქალს. - აბა, შენი ალქაჯი ცოლისგან, მეტს, რას უნდა ელოდო. 
- მორჩი. - მსუბუქად უსაყვედურა ფიფომ. 
- რაო? რა გითხრა? არ უსაყვედურე, ეს რატომ ჩაიდინა? 
ფიფო ტელეფონს ჩაშჩერებოდა და ორაზროვნად გააქნია თავი. 
ქალმა კი განაგრძო: 
- ვინ იცის? ალბათ, მერამდენედ გაგდებს ამ სიტუაციაში? - შეკითხვა შეაპარა ქალმა, მაგრამ ფიფო მაშინვე მიუხვდა. 
- თუ ის უფრო გაინტერესებს, რამდენჯერ მიღალატია ცოლისთვის? - ჩაეცინა ფიფოს. 
ქალს ეშმაკურად გაეღიმა. 
- შენ წარმოიდგინე, რომ ბევრჯერ! - ამაყად მიუგო ფიფომ. - მაგრამ ასე კარგად, ჯერ არავისთან არ ვყოფილვარ და არც ბინა არავისთან მომიწყვია, შენთან ყოველთვის, კარგად ვგრძნობდი თავს. 
- გრძნობდი? ეს წარსულში? და, ახლა?
- ახლა ძალიან ცუდად ვარ, არ მომეწონა ეს კონფლიქტი და დავიდარაბა. 
- მე ხომ ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ! - ტუჩები აიბზუა ქალმა. 
ფიფომ ალმაცერად გამოხედა და კვლავ, ტელეფონს ჩააშტერდა. 
- კი მაგრამ, თუ ასე ხშირად ღალატობდი. - განაგრძო ქალმა. - დავიჯერო, მარტო მე მომივარდა? უნდა გაგეფრთხილებინე მაინც, რომ ასეთი სკანდალების მოყვარულია. წარმომიდგენია, როგორ დაგდევდა კუდში, ჩვენი მისამართი რომ გაეგო, ალბათ შენს ძილში, მობილურსაც კარგად გიჩხრიკავს. 
- ისე, შენც კარგად გცოდნია, ხელის შემობრუნება. - ღიმილით მიმართა ფიფომ. 
- მეეც? - გულწრფელად გაიკვირვა ქალმა. 
- ტუჩი გახეთქილი და კარგად გემრიელად ჰქონდა შესიებული.
- მართლა? და მეც დავარტყი? - ქალი ჩაფიქრდა. - შეიძლება, არც მახსოვს, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, თავი როგორ დამეცვა, იქნებ მეც მოვასწარი ხელის შებრუნება? არ მახსოვს. - ქალმა თვალი აარიდა.
პასუხად ფიფოს ჩაეღიმა. 
- მერე არ მიეფერე, იმ გასიებულ ტუჩზე? - ამრეზით აწია ცხვირი ქალმა. 
- შენ წარმოიდგინე, რომ არა! - თითქოს, საყვედურით მიახალა ფიფომ და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი. 
- რას ჩააცივდი, მაგ მობილურს?! - უსაყვედურა გულმოსულმა ქალმა. - ჩემთან უკვე, მოსაბეზრებელია? გავიშიფრეთ, არა? და ახლა, სხვა ქალებს ეძებ, ჰო? 
- აი, ამ ქალს ვეძებ, იცნობ? - ღიმილით მიაწოდა ტელეფონი ფიფომ. 
ქალი ფოტოსურათს დაკვირდა და მერე, მხრები აიჩეჩა.
- საიდან უნდა ვიცნობდე? 
- ჰოო? - წარბები აზიდა ფიფომ. - შენ როგორ ფიქრობ? სიმპათიურია? ღირს მასთან ფლირტი? 
- მე, რას მეკითხები?! - ქალი აშკარად გაბრაზდა.
ფიფოს კი ისეთი მხიარული სახე ჰქონდა, რომ მიხვდა, ფოტოსურათზე გამოსახული ქალი, სულაც არ იყო მისი მეტოქე და ფიფო რაღაც, სულ სხვა რამეს გულისხმობდა. 
- და ვინ არის? - ქალი ახლოს მიუცუცქდა. 
- ესე იგი, არ იცნობ და არც არასდროს გინახავს? - ჩაეკითხა ფიფო. 
- არ ვიცნობ მეთქი, ხომ გითხარი და საიდან უნდა მენახა? 
- აბა, მე ასე ვიცი, რომ იცნობ და ძალიან კარგადაც. - ფიფოს აშკარად ეცინებოდა. 
- პირველად ვხედავ ფიფო, რა გჭირს? ან საიდან მოიტანე, რომ ვიცნობ? 
- რა ვიცი? შენზე, ასე მითხრა, კარგად ვიცნობო. - ახლა უფრო მეტად გაიკრიჭა ფიფო. 
- რა სისულელეა?! - შეიცხადა ქალმა. - ალბათ, მოგატყუა, ან შენ იტყუები რაღაცას, ისეთი სახე გაქვს.
ფიფომ მობილურში ფოტო დააპატარავა და ახლა ქალის გვერდით ფოტოზე, ჯერ ბავშვი და მერე, თავად ფიფოც გამოჩნდა. 
სატრფომ გაკვირვებით შეხედა ფიფოს. 
- ეს ჩემი შვილია და ეს ჩემი ცოლია. - უპასუხა ფიფომ. - ეს ის ჩემი ცოლია, შენ რომ შემოგივარდა და დაგარბია.
LEX. 2020 წლის 5 დეკემბერი, შაბათი.

No comments:

Post a Comment