ქალი დაუსრულებლად მოთქვამდა. ფიფომ ჯერ აცადა, მერე კი თავისი მობილურიდან დიმეოს ფოტო, თვალებზე ააფარა.
- აი, ამ ბიჭს, რომ ერთი თმის ღერიც დააკლდეს, სარდაფში ამოგალპობ! ვირთხებს დავაჭმევინებ შენს თავს! - გამოსცრა კბილებში.
- ეს ხომ, ჩემი შვილიშვილია. - გაიბადრა ქალი. - ჩემი გერის, შვილი.
- ექვსი წლის წინ, არ ჰყავდა და ახლა გაუჩნდა? თუ გინდა მითხრა, რომ წლებია არ გინახავს და არაფერი იცი?
- ჰო! ჰო! მასე იყო. - ქალს თავის დაძვრენის იმედი მიეცა.
- მორჩი! - უღრიალა ფიფომ. - იცოდე, უკანასკნელ შანსს გაძლევ! ამ საქმიდან, ცოტა შეღავათი მაინც რომ მიიღო. თუმცა არა მგონია, ციხეს ასე ადვილად ასცდე და თანაც, ამ ასაკში, ჰაჰ! მშვენიერი ცხოვრების ბოლოა! - ფიფომ თვალებში ჩახედა. - ნუუ? თუუ? დაწვრილებით მომიყვები, მეც ცოტას თვალს დავხუჭავ და იქნებ, მართლაც არაფერი იცოდი და...
- ჰო! ჰო! შვილო! მართლა არაფერი ვიცოდი! - გამოცოცხლდა ქალი. - უცებ გამომეცხადა. ისე, დიდი ხნის უნახავი კი მყავდა! ჩემი შვილიაო მიმტკიცებდა, აღარაფერი ვუთხარი. სახეზე ნაცემი ეტყობოდა, იმ მხეც ქმარს ემალებოდა, აქაურობა მალე უნდა დავტოვოო... - ქალს ხმა ჩაუწყდა.
ფიფომ წყალი დაუსხა. ქალმა მოსვა და განაგრძო:
- მთელი კვირა, ვმალე ჩემთან, ახალ წელსაც ერთად შევხვდით. - კვნესით განგრძო ქალმა. - მართლა შეშინებული იყო, ხელიც მოუმტვრევია იმ ნადირს. - ქალმა ფიფოს ახედა. - ბავშვი, არ იყო ნაცემი. ვაბანავე, თბილი წინდები ჩავაცვი, ყელიანი პულოვერიც მოვუქსოვე. კარგად ვაჭმევდი. ისეთი კარგი ბიჭია. ჩუმი წყნარი, ხმასაც არ იღებდა.
ფიფოს თვალები აევსო და ძლივს შეიკავა თავი.
- აშკარად ჩანს, რომ ბავშვის გატაცებაში, არ გაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მის გადამალვაში გაქვს ხელშეწყობა და აი, მანდ? - ფიფომ თავი გააქნია. - და ისე, არ უნდა გეკითხა? ეს ამხელა ბავშვი, საიდანო? გუშინდელი დაბადებული ხომ არ იყო? თანაც ვიცი, ფინანსურად ხშირად გეხმარებოდა და არც იმდენად დიდი ხნის უნახავი ჰყავდი.
- შვილივით ვზრდიდი ჩემს გერს, აბა დედამისს, სულაც არ ანაღვლებდა! სითბოსა და ყურადღებას არ ვაკლებდი, სულ ჩასუფთავებული და ჩაკრიალებული დამყავდა სკოლაში! ისე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გააჩინა? მთავარია, ვინ გაზრდის და როგორ.
- მაგაში, გეთანხმები და მერე? რა გითხრა, საიდანო ეს ბავშვი? დავიჯერო, არაფერი გიკითხავს?
- მისი გერია. თავისი დამპალი ქმრის შვილია, მაგრამ აბა ბავშვმა, რა დააშავა? შვილივით მიიღო და ზრდის. იმ მხეც მამას მოაშორა და ჩემთან გადამალა.
- უი, ეს რა მხეცი მამა ჰყოლია. - ირონიულად აღნიშნა ფიფომ. - ჯანდაბა მაგის თავს და მერე?
ქალმა ფიფოს ირონია ვერ შენიშნა და განაგრძო:
- მერე მოვარდა ის მხეცი, ნადირი, მაგრამ უკვე გაასწრო!
- სად გაასწრო? - ჩაეკითხა ფიფო. - გადაიმალა? თუ ქვეყნიდან მოასწრო გასვლა?
- ქვეყნიდან, არ ვიცი, მაგრამ მე ისე გადავმალე, ვერც მიაგნებდა! - ქალმა ფიფოს თვალი აარიდა და მერე მოიკუნტა და თავი ჩაღუნა.
- ვერც მიაგნებდა, თუუ? - ჩაეძია ფიფო. - თუ ვინმე არ მიასწავლიდა?
ქალს თავი არ აუწევია, ისე დაუქნია თავი და ცრემლები მოიწმინდა.
- ჰაჰ! ესე იგი, ჩაუშვი არა, საყვარელი გერი! - ჩაეცინა ფიფოს. - აბა, მზე და მთვარე ამომდისო? და ასეთს, რას შეგპირდა ის კაცი, რომ ასე გაიმეტე, შენივე გამოზრდილი გერი? თან, პატარა ბავშვით.
- შემპირდა კი არა, დააა... - ქალმა ორივე მკლავი წამოიწია და ჯერ კიდევ კარგად ჩაშავებული ადგილები გამოაჩინა. - მეგონა ძვლებში დამამტვრევდა, წიხლითაც შემდგა. - ქალი წამით შეყოვნდა. - მთელ ტანზეც ასე ჩალურჯებული ვარ და...
- არა, ტანის ჩვენება, არ გვინდა! - კვლავ იუმორი გაურია ფიფომ.
გალეოს ჩუმად ჩაეღიმა. საუბარში არ ერეოდა. თუმცა ფიფოს, თვალს არ აშორებდა და ფიქრობდა, სიმწრისგან ეს ქალიც არ შემოელახოსო.
- ნუ, თუ წიხლით შეგდგა, ეტყოდი აბა, თავს ხომ არ მოაკვლევინებდი? - განაგრძო ფიფომ. - და ერთი ის მაინტერესებს, ტელეფონი ჩართე-გამორთეო, აი მანდ, რა ხდება და ზუსტად, როგორ დაგიბარა? მხოლოდ ახლა, სრული სიმართლე მჭირდება! - მკაცრად მიმართა ფიფომ და თითი დაუქნია. - დაბოლებას, ნუ დამიწყებ! აზრი არა აქვს.
- ჩემი წასვლიდან, ზუსტად ერთ თვეში ჩართეო, ვინც არ უნდა გკითხოს, ვითომ სამ დღეშიო. - ამოიკვნესა ქალმა.
- და იმ თავისი ნადირი ქმრის გარდა, კიდევ ვინმეს ხომ არ ემალებოდა?
- არაფერი უთქვამს. - თავი გააქნია ქალმა. - ის მხეცი, ისეთ დღეში იყო, მეც კი შემეშინდა.
- მერე ქმარი, თუ ასეთ დღეში აგდებდა, პოლიციას რატომ არ მიმართა?
- აბა ქმარს, ხომ არ დააჭერინებდა? - გაიკვირვა ქალმა. - მერე ციხიდან რომ გამოვა, მართლა არ მოკლას.
- ეს ხომ ოჯახური ძალადობაა და თუ დასაჭერად ვერ გაიმეტებდა, მაშინ მიახლოება აეკრძალებოდა და ეგ იქნებოდა! და თუ ამ აკრძალვას დაარღვევდა, აი მაშინ ზედმეტი ჩივილის გარეშეც დააკავებდნენ. - უხსნიდა ფიფო. - ან შენ, რატომ არ ურჩიე მაინც? შენ დაგერეკა პოლიციაში, როცა ის კაცი მოგივარდა, იმუქრებოდა და შენც მაგრად მიგბეგვა.
- შემეშინდა. - ძლივს ამოილუღლუღა ქალმა. - ის კაცი, აქეთ იმუქრებოდა დავაჭერინებ, ციხეში ამოვალპობინებო.
- ოჰო! - გაიკვირვა ფიფომ. - რატომ, ვითომ? ააა, ბავშვი რომ მოსტაცა მამას?
- ჰო, ალბათ. - ამოიკვნესა ქალმა და აშკარად აარიდა ფიფოს თვალი.
- თუ, კიდევ რამე იყო? - მიუხვდა ფიფო. - ხომ გითხარი? ყველაფერი უნდა მითხრა! ბოლომდე! თორემ ციხეში ამოლპობა, ახლა ვისაც უწევს, აგერ ცხადია!
- გამქურდაო. - ძლივს ამოილუღლუღა ქალმა. - მთელი ქონება, ბანკიდანაც ფული აიღოო და გამექცაო.
- ესე იგი, ბოლომდე გაძარცვა-გაატყავა და შვილიც მოსტაცა?!
- ჰო, ჰო. - ატირდა ქალი. - ამიტომაც ვერ ვიღებდი ხმას. როგორ გავიმეტო, ჩემი გაზრდილი გოგო დასაჭერად?
- კი, მაგრამ სხვისი შვილი რომ გაიტაცა?
- იმ მხეცი და ნადირი მამის ხელში, რა გაიზრდებოდა ის ბავშვი? ეს კი, საკუთარი შვილივით უვლის! უნდა ნახო, სულ როგორ ეფერება, ყველაფერს უსრულებს. რა გინდა მითხარი და გაგიმზადებო. სულ ჩაფუთნული ჰყავდა, არ გამიცივდესო. - ქალი ფიფოს გულის მოსაგებად დაუსრულებლად მოსთქვამდა და თან, გერსაც აქებდა.
ფიფო უკვე აღარ უსმენდა. ამ ეტაპზე მისთვის ისიც კი საკმარისი იყო, რომ ბავშვი ცოცხალი და უვნებელია და მასზე კარგად ზრუნავენ.
- იცი, რა ვიფიქრე? - დაიწყო ფიფომ. - თუ ძალადობის მსხვერპლია, ეგ შენი ნაქები გერი, მაშინ რატომ უნდა დავიჭიროთ? ჰო! გაურბოდა საზიზღარ კაცს და ბავშვი კი არ გაიტაცა, არამედ მოარიდა უბედურებას და რაც შეეხება ქონების წაღებას, რაღაცით ხომ უნდა ერჩინათ თავი? და აქაც შემამსუბუქებელ გარემოებად ჩავთვლით. ასე რომ, ნუღარაფრის შეგეშინდებათ, ჩვენ დაგიცავთ!
- ჰო! შვილო, ჰო! შენ გაიხარე! - აუჩუყდა ქალს გული.
- მაშინ, უნდა მითხრა სად იმალება?
ქალი შეყოვნდა. ვერაფერი უპასუხა.
- აბა, როგორ დავიცვა? არ სჯობს, რომ ჯერ მე ვიპოვნო და მოვაშორო ის ოხერი ქმარი, ვიდრე იმან მიაგნოს? თუ უკვე, ზუსტად უთხარი, სადაც იმალება?
ქალი გულამოსკვნით აბღავლდა და ისე დააქნია თავი.
- მდააა! - ამოიხვნეშა ფიფომ. - ესე იგი, ერთი თვის წინ გაამგზავრე და მდევარიც მიაყოლე, არა?
- იქნებ, გაასწრო? ცოტა ხნით, ბერის საყუდებელში უნდა დამალულიყო, მერე მონასტერში გადავიდოდა და იქიდან... - ქალმა თვალები დახარა.
- იქიდან კი, სად?! - უკვე ვეღარ ითმენდა ფიფო.
- დატოვებდა ქვეყანას. - ამოიკვნესა ქალმა.
- და ის ბერის საყუდებელი, სადღა არის? ან, საიდან იცოდა? თუ შენ მიასწავლე, ეგეც?
- მე ვიცოდი. ჩემი უფროსი ძმა იყო ბერებში წასული. ჩემს ძმასთან გავუშვი. წერილი გავატანე, უარს არ ეტყოდა თავშესაფარზე. იმ მხეც ქმარს კი, მხოლოდ მონასტერი მივანიშნე. ბერის საყუდებელზე, არაფერი მითქვამს! ჩემს სიცოცხლეს ვფიცავ, მართლა ხმა არ ამომიღია!
- და არ სჯობდა, თავიდანვე ჩვენთვის გეთქვა ეს ყველაფერი და ახლა, აქ კი არა, სახლში, თბილად ბუხართან იჯდებოდი და ცხელ მურაბიან ჩაისაც დალევდი. - ფიფო წამოდგა.
- რაც ვიცოდი, ყველაფერი ვთქვი და თუ მაინც დაპატიმრებული ვარ, იქნებ ცხელი ჩაი, მაინც დამალევინოთ. - დააწია ტირილით ქალმა.
- დაალევინეთ ერთი ამას ცხელი ჩაი და გაუშვი! - მიმართა ფიფომ გალეოს. - დაიცა, ხაჭაპურს მაინც გამოვიძახებ და ჭამე შენც! დილიდან მშიერი დარბიხარ.
ქალი სიხარულისგან წამოფრინდა, ლოცვა-ტირილით ფიფოს ლამის მუხლებში ჩაუვარდა. თუმცა მერე, მუდარით მიმართა:
- ამაღამ სოფელში, როგორღა ავალ? თუ ისევ პოლიცია ამიყვანს?
- მორიგე ვარ, ჩემთან ერთად გაათევ. - ჩაერია გალეო. - საკანში, აღარ ჩაგაბრუნებ.
- ჰო! - დაეთანხმა ფიფოც. - დილით სკუტერებით ავალთ, თან წაგიყვან და მიმასწავლი. - ფიფომ ქალს ზურგი შეაქცია და კარიც გაიხურა.
სახლში მისულს, ჭამა აღარც გახსენებია ისეთი გადაღლილი მიეგდო დივანზე. მიმი ინტერესით კვდებოდა. თუმცა, იმასაც მიხვდა, ბავშვზე ახალი რომ ყოფილიყო რამე, აქამდე დაურეკავდა მაინც.
- არ გშია? - მიმიმ საუბრის დაწყება სცადა.
- საშინლად. - ამოიღმუვლა ფიფომ. - ოყნით თუ გამიკეთებ, თორემ ღეჭვის თავიც აღარ მაქვს.
მიმის გულიანად გაეცინა.
- დღესაც ქარბუქი იყო? - კვლავ შეაპარა კითხვა.
- ნაკლებად, მაგრამ უფრო ძლიერად ბარდნიდა. - უპასუხა ფიფომ. - იცი, ხვალ სკუტერებით უფრო ავალთ და მგონი, მივაგენით სამალავს.
- მგონი?
- იმედია, ჯერ კიდევ იქ იქნებიან. - დააიმედა ფიფომ, თუმცა უკვე, თავადაც ეჭვი ეპარებოდა. მთელი თვე სადღაც, მღვიმეში შეყუჟული, ბავშვთან ერთად, საკმაოდ რთული იქნებოდა, მაგრამ კვალის ასაღებად მაინც საჭირო იყო იქაურობის მონახულება.
- ესე იგი, სკუტერებით?
- ჰო. - წაიზმუვლა ფიფომ.
- ისე, სკუტერს, წინა საღამოს ცხელი ჩიხირთმა მოუხდებოდა. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მიმიმ.
- აუუ, მინდაა. - გამოფხიზლდა ფიფო. - წაგიყვანდი შენც ხვალ, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, თუმცა არა მგონია, ახლა იქ ვინმე დაგვხვდეს, ამდენი ხანი როგორ გაჩერდებოდნენ?
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- ძაღლებიც გვეყოლება. - განაგრძო ფიფომ. - კვალს ავიღებთ, მაგიტომ უფრო ღირს, იქ ასვლა.
- ღმერთო ჩემო. - მიმიმ თავი ხელებში ჩარგო. - როდესმე თუ დამთავრდება, ეს კოშმარი?!
- ეეეე! - შეუძახა ფიფომ. - რა არის ეს, პესიმიზმი?! დღეს, მთელი ამბები მქონდა!
- მერე? რატომ არაფერს მიყვები?
- თან, ვჭამოთ და თან, მოგიყვები. მხოლოდ შენც უნდა ჭამო ჩემთან ერთად! - თითი დაუქნია ფიფომ.
მიმიმ უსიამოდ აიჩეჩა მხრები.
- მოკლედ ქურდის, ქურდი ცხონდაო რაა, ასე საქმე. - ვახშამთან ერთად დაასრულა ფიფომ მონაყოლი. - ფულიც გაიტაცა და ბავშვიც მიითვისა. ახლა ეს კაცი გიჟივით დაეძებს, სადაც ნახავს, იქვე მიასიკვდილებს, იმ ჭკუაზეა.
- ვაიმე! ბავშვს, არაფერი დაუშაოს! - შეიცხადა მიმიმ.
- არა მგონია! - დააიმედა ფიფომ. - ბავშვი ახლა, უფრო მეტად სჭირდება. თავს ადვილად დაიძვრენს, მე არაფერი ვიცოდიო, ან გვიან გავიგეო, შეიძლება სულაც, თვითონვე მოგვიყვანოს. აღიარებითი ჩვენებით, უფრო კარგად გამოძვრება. ნუ ბოლომდე, რა გამოაძვრენს, მაგრამ ათას რამეს მოიფიქრებს და თუ დარწმუნებული იქნება, რომ საწინააღმდეგოსაც ვერ დავუმტკიცებთ...
- ვაპატიოთ, რააა ფიფო! ვაპატიოთ!
- აბა, ამ წუთას, რა გითხარი? მაქსიმალურად შემამსუბუქებელი გარემოებებით გავატარებინებ, მაგრამ აი, სულ პატიების, რა მოგახსენო?
- იქნებ, მართლაც არაფერ შუაშია?
- შეიძლება, მაგრამ ეგ ნაკლებ სავარაუდოა და გააჩნია ახლა, როგორ მოიქცევა. ბავშვი მოწმეა, ცოცხალი მოწმე! - ფიფო მიმის შეშინებულ თვალებს წააწყდა. - ნუ გეშინია, უკვე იცის რომ გაშიფრულია, ამიტომაც აზრი არა აქვს, დიმეს რომ თითი, ოდნავ ცუდად მაინც დააკაროს! პირიქით! ბევრად თბილად და ლმობიერად უნდა მოექცეს! სხვანაირად, ვერაფერი უშველის!
- და რა იცის, რომ გაშიფრულია? - ჩაეძია მიმი.
- სამი სოფლის იქეთ ჩავედით თუ არა, მაშინვე კითხვები დაგვაყარეს, ტელევიზიამაც ხომ გადმოსცა, ეჭვმიტანილია დაკავებულიო? აი, ზუსტად მანდ გავთვალე. ფაქტიურად მივანიშნე გამტაცებლებს, რომ ვიცი, ვინც არიან და ამით კომპრომისზე წასვლისკენ ვუბიძგე!
მიმის ოდნავ, გულზე მოეშვა.
უთენია კი ფიფო, ოპერატიული ჯგუფთან ერთად, თოვლსა და ქარბუქში, გადათეთრებულ მთებში მიაქროლებდნენ სკუტერებს. მღვიმეს კი ადვილად მიაგნეს. თუმცა, ვერც იქ დახვდათ კარგი ამბავი.
უკვე კარგად გამომშრალი, შედედებული სისხლის გუბეები და გახრწნილი გვამების გულისამრევი, ჩაგუბებული სუნი იდგა მღვიმეში.
- კრიმინალისტები სასწრაფოდ და სამძებრო ჯგუფიც მზად იყოს! - ბრძანა ფიფომ და იქაურობას ფარნის შუქზე, თვალი მოავლო.
თავიდან, ბიჭებს არ უნდოდა ფიფოს შეშვება, რადგან იქ შესვლისთანავე, საშინელი დამპლის სუნი ეცათ, მაშინვე მიხვდნენ გახრწნილი გვამი ყარდა ასე, ამიტომაც წინ გადაუდგნენ და არ უშვებდნენ. თუმცა ფიფოს, რა დააკავებდა და მთელი ძალით შევარდა შიგნით.
თავგატეხილი, თეთრწვერა მოხუცის გვამის შორიახლოს სისხლისგან დაცლილი, ყელგამოღადრული ახალგაზრდა ქალის გვამი ეგდო. მეტი სულიერი, არავინ ჩანდა. დიმეოს კვალიც კი არსად იყო. სავარაუდოდ, ამ ქალის ქმარმა დახოცა და ბავშვი ახლა, თავად გაიტაცა. ამიტომაც ცალკე სამძებრო ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. ფიფო ძლივს დაიყოლიეს, რომ ქვემოთ სოფელში დალოდებოდა შედეგებს. დედინაცვალი, გამაყრუებელი ხმით მოსთქვამდა, ტრაგიკულად დაღუპულ გერს უფრო დასტიროდა, ვიდრე საკუთარ ძმას.
- ამიტომაც ასე ეშინოდა, იმ მხეცის! - ბღაოდა ქალი. - მკვლელია! მკვლელი!
ფიფო ახლა უფრო მეტ საგონებელში იყო ჩავარდნილი. ადრე თუ ოდნავ მაინც, იმედი ჰქონდა, რომ დიმეოს კარგად უვლიანო, ახლა სულ წაუხდა ნირი. პატარა ბავშვი, გამხეცებული მკვლელისა და რეციდივისტის ხელში. ფიფოს თავი უსკდებოდა, როგორ უნდა ეთქვა მიმისთვის, ეს ამბავი?
ბინდდებოდა, როცა სამძებრო და კრიმინალისტთა ჯგუფი უკან დაბრუნდა. ფიფოს გული გამალებით უცემდა, თუმცა მათ გამომეტყველებაზე ჩანდა, არც იმდენად კარგი ამბავი ჰქონდათ სათქმელი.
- მღვიმედან, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ხევში, კაცის გვამია აღმოჩენილი. - მოახსენეს ფიფოს. - პირველადი დათვალიერებიდან ჩანს, რომ გვამს, ნატყვიარები აღენიშნება. სანადირო თოფიც იქვე ეგდო. ბალისტიკური დასკვნები, ხვალისთვის იქნება. კრიმინალისტებმაც დაამთავრეს იქ მუშაობა. სამივე გვამი, პროზექტურაშია გადასვენებული.
- და, ჩემი შვილი! - იყვირა ფიფომ. - სად არის, ჩემი ბიჭი?!
- ბავშვის კვალი, ვერსად ვნახეთ, თუმცა, ბუხრის ნამწვავებში, სასკოლო წიგნის ნარჩენებია. ხვალ, უფრო ზუსტი დასკვნა გვექნება.
- და ბავშვი, სად არის?! - კვლავ გაუმეორა ფიფომ.
- კვალიც კი არ არის! ნაფეხურებიც კი, თუმცა?..
- რა თუმცა?! - შეშინებული ხმით იკითხა ფიფომ. - ისინი თითქმის, ერთი თვის დახოცილები არიან, სავარაუდოდ, კიდევ ვიღაც უნდა ყოფილიყო, ვინც ისინი დახოცა და ბავშვიანად მიიმალა, ან იქნებ, ის კაცი თავად გადაიჩეხა, ნუ უბედური შემთხვევით და ბავშვი შეშინებული გაიქცა. ალბათ, სადმე შეაფარა თავი. იმალება.
ფიფომ თავში შემოირტყა ხელები.
„ვაიმე ღმერთო, რა ვქნა?! რა ვიღონო?!“
ფიქრობდა გამწარებული.
„მიმის, როგორ უნდა ავუხსნა?! როგორ შევხედო თვალებში?! რა ვუთხრა?!“
სახლში ნირწამხდარი დაბრუნდა. მიმისთვის არც შეუხედავს, ისე მიეგდო დივანზე. მიმიც მიხვდა, ფიფომ ახალი არაფერი იცოდა, თორემ ხომ მიახარებდა. თუმცა მაინც, ინტერესით კვდებოდა და ბოლოს, ვეღარ მოითმინა.
- ახლა ვივახშმებთ და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი! - მიმართა მიმიმ.
- არ მშია. - უხალისოდ უპასუხა ფიფომ.
- იქ ჭამე? მაშინ, ცხელ ჩაის მოგიმზადებ?
- არ მინდა. - ფიფო წამით შეყოვნდა. - როგორ მოგიყვე, არც კი ვიცი...
- ბავშვი!? ბავშვი, ხომ ცოცხალია?! - შეშფოთებული ხმით იკითხა მიმიმ.
- იქ, არ იყო... - დაბალი ხმით უპასუხა ფიფომ.
- ესე იგი, მონასტრისკენ უნდა ვეძებოთ ახლა. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ჰო ისე, მთელი თვე თუ გავიდა, იქ ხომ არ იქნებოდნენ ამდენი ხანი. - მიმი წამით შეყოვნდა. - და ისე, იქნებ უკვე, გადავიდა საზღვარზე?
- ყველა გაფრთხილებულია. ინტერპოლიც ჩართულია. ვერც ლეგალურად და ვერც არალეგალურად, ვერაფერს მოახერხებენ. - ფიფო წამოდგა. - ცხელ ჩაის, მართლა დავლევ.
- ბარემ, ვივახშმოთ. - მიმი წამით შეყოვნდა. - მარტო, ვერც ვსაუზმობ და ვეღარც ვსადილობ.
- დილით, უფრო მეტი მეცოდინება. - უპასუხა ფიფომ. - ვივახშმოთ ერთად.
ფიფო სამზარეულოსკენ წავიდა მიმიც კვალში მიჰყვა და ფიფოს კვლავ გაფართოებული თვალები შეანათა.
- ხვალ ზუსტი დასკვნა მექნება. კრიმინალისტებისგან. სამძებრო ჯგუფიც დილიდან კვლავ განაგრძობს ძებნას. - დააიმედა ფიფომ. - ახლა კი ვივახშმოთ.
ფიფომ მეტი ვერაფერი უთხრა. არც იქ ნანახი გვამები უხსენებია და არც იმ ხევში გადაჩეხილ კაცზე უთქვამს რამე. უფრო მიმის დასამშვიდებლად ივახშმა, ყელში ძლივს გადადიოდა ლუკმა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. მიმიმ კი ჩათვალა, რომ იქ არავინ დახვდა და ახლა სხვა მხარეს დაიწყებდნენ ძებნას.
ფიფო გულგახეთქილი ელოდა გათენებას. მიმის თვალების მზერას, ვეღარ უძლებდა. ერთი სული ჰქონდა, სანამ სამინისტრომდე მიაღწევდა და დეტექტივის მოსვლას, იქ დაუცდიდა. საღამო ხანს როგორც იქნა, გალეომაც მოაღწია ფიფოს კაბინეტამდე და სათითაოდ გაუშალა მაგიდაზე ექსპერტიზისა, თუ კრიმინალისტების დასკვნები.
- მოკლედ, ყველა ვარიანტში ჩანს, რომ ბავშვი, იქ იყო. - უხსნიდა გალეო. - წიგნის ნაფლეთები იქნა აღმოჩენილი, რომელზედაც, ერთ მხარეს გვარი და სახელია მიწერილი. - გალეომ ახლა ფოტოები დაუდო წინ.
- როგორ გეტყობა, რომ შვილი არ გყავს. - აღნიშნა ფიფომ.
- ????
- მაშინ გეცოდინებოდა, რომ ეს წიგნი კი არა, რვეულია, რომელიც წიგნს მოჰყვება. - ფიფომ ამოიხვნეშა. - ნეტა მართლა, ამას ჰქონდეს ახლა რამე მნიშვნელობა.
გალეომ მხრები აიჩეჩა და განაგრძო:
- იმ კაცს, თავი ცულით აქვს გაჩეხილი, რომელიც იქვე აღმოვაჩინეთ...
- აბა ნატყვიარი აქვსო და თან, ხევში თუ გადაიჩეხა, იქ თოფიც ჰქონდა თან და ცულიც?
- არა, კაცო. - შეეპასუხა გალეო და ახლა სხვა ფოტო დადო. - იმ მოხუც კაცს. ვინც იქ ცხოვრობდა. მგონი, ბერი იყო.
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი.
- ცულის ტარზე აღმოჩენილი ანაბეჭდები, იმ ბერსაც ეკუთვნის, იმ მოკლულ ქალსაც, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ, იმ ხევში გადაჩეხილი კაცის არის. სავარაუდოდ, ბოლოს მას ეჭირა. - გალეომ ახლა სხვა ფოტო დაუდო. - საკმაოდ დიდი და ბასრი დანით აქვს ამ ქალს ყელი გამოჭრილი და ის დანაც იქვე იყო, ანაბეჭდებიც იმ კაცის არის. აუტოფსიის დასკვნით ის ბერი, ბევრად ადრეა მოკლული, დაახლოებით ათი-თორმეტი საათით ადრე მაინც, თხასაც ჰქონდა თავი გაჩეჩქვილი და არც ის დავტოვეთ უყურადღებოდ.
- თხაა? - გაუკვირდა ფიფოს.
- იმ ბერს, ჯერ ის თხა მოუკლა და მერე ისიც ზედ მიაყოლა, მაგრამ ათი-თორმეტი საათი, რაღატომ იცადა?
- მდაა... და, მერე?
- ახლა იმ ხევში გადაჩეხილი მკვლელის დასკვნა. - გალეომ ფოტოები შეცვალა. - ტყვიები მანამდე მოხვდა, რის შედეგადაც ბევრი სისხლი დაკარგა და სწორედ იმ თოფის ტყვიებია, რომელიც ხევში ჰქონდა თან. ესეც ბალისტიკის დასკვნა. - გალეომ ახლა სხვა ფურცელი დაუდო წინ.
- ესე იგი, ხევში გადაჩეხილმა, თავადაც ისროლა, შეიძლება მანამდე სანამ, თავად ესროდნენ. ალბათ მერე, კვლავ ჩაიგდო თოფი ხელში, რადგან დაჭრილი, იმავე თოფიანად არის გადაჩეხილი ხევში, რომლის ტყვიებიც თავად მოხვდა. - ფიფომ ამოიხვნეშა.
- და, რაც შეეხება, ხევში გადაჩეხვას. - გალეო აქ წამით შეყოვნდა. - ხევის პირას, აშკარად ბრძოლის კვალია, თუმცა მის მერე მაგრად მოთოვა, მაგრამ თოვლის საფარის ქვეშ მაინც აღმოჩნდა, რაღაც.
- იქნებ თავად ჩასრიალდა და ეპოტინებოდა, რომ ამომძვრალიყო?
- ნაკლებ სავარაუდოა, რადგან თითები გადამტვრეული აქვს სიკვდილამდე, რამდენიმე წუთით ადრე. სავარაუდოდ ვიღაცამ, რამდენმეჯერ ძლიერად ჩაარტყა ფეხი, რომ ხელები გაშვებოდა და...
- და?.. - ჩაეკითხა ფიფო.
- ამას ბავშვი, ვერ იზამდა.
LEX. 2020 წლის 30 ივნისი, სამშაბათი.
LEX. 2020 წლის 30 ივნისი, სამშაბათი.
No comments:
Post a Comment