Monday, July 6, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 69)

69.
- რატომ არ დავრჩით, იმ ბებოსთან? - წუწუნებდა დიმეო და გათოშილ ხელებს, თავისივე ორთქლით ითბობდა. - ვიყინები! მშია! დავიღალე!
- ის საზიზღარი კაცი, ორივეს გვცემს და მერე მოგვკლავს! ეს გინდა? - უპასუხა ქალმა.
დიმეომ უარის ნიშნად, თავი გააქნია.
- აი, სწორედ მაგან მოკლა შენი მშობლები! შენი ბებიები, ბაბუა და ყველა შენი ნათესავი ამოგიხოცა! ერთი სახლიც არ დაგიტოვა მთელი და არც არავინ ცოცხალი!
დიმეომ ტირილი დაიწყო. ქალმა გულში ჩაიკრა.
- ნუ, გეშინია! - ეფერებოდა ქალი. - ახლა მე დაგიცავ! მხოლოდ, მარტო მე უნდა მენდო, ახლა ჩემს მეტი, არავინ გყავს და თუ გინდა გადავრჩეთ, როგორც მე გეტყვი, ისე უნდა მოიქცე!
დიმეომ უხმოდ დაუქნია თავი, მერე ამოიხვნეშა, ქალის მკლავებისგან გათავისუფლდა და თავჩაღუნულმა განაგრძო გზა.
- აი, ახლა უკვე, მალე მივალთ და გემრიელადაც შევჭამთ. სულ ცოტაც მოითმინე - ამშვიდებდა ქალი. – თუ გინდა, ნაზუქს მოგცემ?
- არ მინდა ასეთ ცივ თოვლში გაჩერება! მოვითმენ! - მტკიცე ხმით უპასუხა ბავშვმა.
- იცი, რა კარგი და კეთილი ბაბუ უნდა გაგაცნო. ისიც დაგვიცავს და მალე, სულ მალე ლამაზ და დიდ სახლში ვიცხოვრებთ, მარტო მე და შენ და ვერც ვერავინ ვერ შეგვაწუხებს. ცურვა, ხომ იცი?
- ვიცი.
- ჰოდა იქ, სულ ზღვა იქნება, სითბო, გემრიელი ხილი და ვერც ვერავინ ვერასდროს გვიპოვნის! მხოლოდ ჩვენი პირობა, კარგად უნდა დაიმახსოვრო, არ დაგავიწყდეს! შენ ჩემი შვილი ხარ, დოტი გქვია! ხომ მოგწონს ეს სახელი? შენი არჩეულია.
- კი. მომწონს, ჩემი ნამდვილი სახელივით არის.
- უნდა დაივიწყო შენი ნამდვილი სახელი!
- დედიკოც და მამიკოც? - ატირდა ბავშვი.
- ახლა, მე ვარ შენი დედიკო!
- ჩემი დედიკო მინდა მახსოვდეს! - გული ამოუჯდა ბავშვს.
- გახსოვდეს, მხოლოდ ძალიან ღრმად, გულში და ისე, რომ არავინ გაიგოს! თორემ, ჯერ შენ მოგკლავენ და მერე მეც!
ბავშვი შიშისგან აიბუზა.
- ვიცი, რთულია ახლა შენთვის, ძალიან პატარა ხარ ჯერ, მაგრამ თანდათან მიეჩვევი, გაიზრდები და ყველაფერი დაგავიწყდება.
- არა! არ დამავიწყდება ჩემი დედიკო და მამიკო! არასდროს! არა! არა! - კვლავ აბღავლდა ბავშვი.
- ვაიმე, რა საყვარელი ხარ. - კვლავ მოეფერა ქალი. - ცუდი რამეები დაივიწყე და გულში გახსოვდეს მხოლოდ. შენი დედიკო და მამიკო, ახლა ცაშია ანგელოზებთან და იქიდან გლოცავს, რადგან ისინიც ანგელოზებად გადაიქცნენ.
- მართლა?
- აბა, რაა! და შენ თუ ცუდად მოიქცევი, ისინი ზეციდან იტირებენ და მაშინვე გაიგებ, რადგან მაგ დროს, ძლიერ გაწვიმდება. ამიტომაც, ყველაფერი უნდა დამიჯერო.
- ეეე, არაააა. - დიმეომ უნდობლად შეხედა. - მაშინ აბა რატომ წვიმდა, როცა ჩემს სახლში ვცხოვრობდი? მაშინაც ცუდად ვიქცეოდი?
- მაშინ ალბათ, სხვა ბავშვი მოიქცა ძაან ძაან ცუდად!
- და ასეთი საშინელი თოვლი რომ არის? განა ახლაც ცუდად მოვიქეცი?
- ეს უბრალოდ ამინდია და ჩვენ კი ძალიან შორს და ძალიან ზემოთ მთაში ვართ.
როგორც იქნა მიაღწიეს, მაგრამ დიმეო ისეთი გადაღლილი იყო, ჭამის თავიც ძლივს ჰქონდა. სითბომ და სიმყუდროვემ ძილიც კი მოჰგვარა.
დილით თითქოს, ვიღაც ბავშვის ხმამ გააღვიძა. ჯერ უცებ შეშინდა და მერე გაეცინა. შორიახლო თხა კიკინებდა და იქაურობას იკლებდა.
- მოფერება შეიძლება? ხომ არ მიკბენს?
- არა, ბაბუ არა. - ეღიმებოდა მოხუცს. - აბა სად გაგონილა, თხისგან დაკბენილი? 
ბავშვი გაერთო, ცოტა გახალისდა კიდეც. ახლა უფრო ნაკლებად დარდობდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ეძახდა იმ ქალს, დედას. სახელსაც კი არ ეძახდა. თუ რამე უნდოდა მივიდოდა და ისე ეტყოდა. მოხუცი ბერი ამჩნევდა, რომ რაღაც ისე არ იყო. ქალისა და ბავშვის ურთიერთობას რაღაც აკლდა. თუმცა ქალი, ბავშვის მიმართ, სულაც არ იყო ცივი და გულგრილი, მაგრამ ეს მაინც არ ჰგავდა დედაშვილობას.
- ვაიმე რა საშინლად თოვს! - ქალმა უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩი. - ოდესმე თუ გადაიღებს, არც მგონია.
- აბა, რა გეგონა? - უპასუხა მოხუცმა. - ზღვაზე კი არ ხარ, მთაში ხარ, მთაში! მთის წვერზე და თანაც, შუა ზამთარში!
- ერთი-ორი ღამის გათევა მინდოდა მერე კი, გავუყვებოდით გზას, მაგრამ ახლა აბა, ამხელა თოვლში, სად ვიაროთ?
- ვერ შეგპირდები, რომ მალე გადაიღებს. პირიქით, ჯერ კიდევ, დიდ ხანს მოთოვს, მაგრამ შენ როგორ გარისკე ბავშვიანად ამხელა გზა და არც კი იცი წესიერად, სად მიდიხარ და რას აპირებ.
- მთავარია საზღვარს გავცდე და მერე, მე ვიცი! - ქალი სიგარეტს წაეპოტინა.
- ნუ მოსწევ აქ! - შეაჩერა მოხუცმა. - ხომ გთხოვე?
- აბა წელამდე თოვლში გავიდე?
- მძინარე ბავშვს, შეაწუხებს თამბაქოს სუნი.
- არაფერი მოუვა. - ქალმა ალმაცერად გახედა მძინარეს. - მიჩვეულია, უკვე.
- ხატებია ოთახში, ბოლო-ბოლო!
- ოთახი, თორემ ესეც არ იყოს, რა? გამოქვაბულიც კი ამაზე უკეთესი იქნებოდა! - ქალმა ღრმად მოქაჩა და მოხუც ბერს მიაშტერდა. - რა იყო? ორ დღეს, ვეღარ გვიძლებ?
ბერმა ხელი ჩაიქნია და არაფერი უთხრა. საშინლად აცივდა. არც შეშა ჰქონდათ, ფიჩხიც შემოელიათ. დასაწვავიც აღარაფერი იყო დარჩენილი, რომ ცოტათი მაინც გამთბარიყვნენ. ბერმა თავისი ნაბადი ბავშვს დააფარა. ასე უფრო თბილად იქნებაო და თვითონ, იქვე მიბმულ თხას ჩაეხუტა და ისე მოეწყო ჩასათვლემად. დიდ ბეწვიან ქურქში გახვეული ქალი კი არც განძრეულა. მხოლოდ დროდადრო სიგარეტის დასაფერფლებლად თუ შეტოკდებოდა.
- ამაღამ, როგორმე გადავიტანოთ. - უთხრა მოხუცმა. - დილიდან კი, ცოტა ფიჩხი შევაგროვოთ.
- ამ თოვლში, სად რა ვაგროვო? და თანაც, უთენია?
- ცოდვაა ბავშვი აქ, გაგიცივდება და თანაც, რამხელა გზა გიდევთ ჯერ კიდევ წინ.
- უჰ! გაცივდება და დალევს წამალს! - ქალი წამით შეყოვნდა. - ისე გრიპის წამლები კი უნდა წამომეღო, მარტო დამამშვიდებელი მაქვს.
- რა დამამშვიდებელი?
- ცოტა ნერვიული ბავშვია. თუმცა, დიდხანს არც დასჭირვებია! - ქალი წამით შეყოვნდა და მერე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - შეეგუა.
მოხუცი ბერი ზუსტად ვერ მიუხვდა, ქალი რასაც გულისხმობდა და ახლა კიდევ უფრო მეტად არ მოეწონა მისი ქცევა.
ბერის საცხოვრისი, არც იმდენად პატარა მღვიმე იყო. ქვების და კლდის ნაშალით ამოყვანილი კედლები, პატარა გამოქვაბულსაც კი ჰგავდა. კედლის ერთ მხარეს რაღაც ბუხარივით ისე იყო მოწყობილი, რომ მისი კვამლი გარეთ ადვილად გადიოდა. ხის დაბალი ოდნავ მოგრძო მაგიდა და რამდენიმე ასეთივე პატარა დაბალი სკამები. ორი ხის ნარი დიდ კლდოვან ქვებზე გადებული საწოლის მაგივრობას წევდა, რომელზეც ძველი გაქუცული ქეჩა ეფინა. ბერმა ორივე საწოლი სტუმრებს დაუთმო და თვითონ თივაზე თხასთან ჩახუტებული თვლემდა. ბერს აღთქმა ჰქონდა დადებული, სრულიად სიმარტოვეში უნდა დაყუდებულიყო იქ, მაგრამ დროდადრო ხან ვინმე გზა აბნეული ათევდა ღამეს. ხანაც, მონასტრიდან ტყეში წამოსულ ბერებს უღამდებოდათ. მრავალი მწირი და უსახლკარო შეუფარებია, თუმცა, დიდ ხანს მაინც, არავინ გაჩერებულა მასთან.
დიმეოს რამდენჯერმე წამოახველა. ბერმა ქალს უსაყვედურა, ბავშვთან ამ პატარა სივრცეში, თამბაქოს ნუღარ მოსწევო.
- რა ჩემი ბრალია?! - შეუტია ქალმა. - ეს, გზაშიც ახველებდა!
- ხმას მაინც დაუწიე. ბავშვს, ნუღარ გააღვიძებ. - უკმაყოფილოდ შენიშნა მოხუცმა.
ქალს მალევე ჩაეძინა, მშვიდად და უდარდელად. მხოლოდ მოხუც ბერს არ ეძინა. დროდადრო ბავშვის ხველა, უფრო უმძიმებდა გულს. მშვენივრად გრძნობდა, რაღაც შარში იყვნენ გარეულნი მისი სტუმრები და ახლა ჯერ, იმას ფიქრობდა, როგორ უნდა ეშველა ამ პატარა ბიჭისთვის. ფრთხილად დაადო შუბლზე ხელი. ბავშვი სიცხისგან იწვოდა და ახლა უფრო უმატა ხველას, იმდენად რომ ყოველი დახველებისას ინერციულად წამოიწეოდა და მერე ისევ, უღონოდ მიაგდებდა თავს. ბერმა ქალი შეაღვიძა. მან კი ერთი გაიზმუვლა მეძინება, დილამდე მოითმინოსო. გვერდი იცვალა და უსაყვედურა კიდევაც, ისედაც ამ ქვებზე ვწევარ და რაღას მაღვიძებო. მოხუცი საგონებელში ჩავარდა და რადგან მეტი ვერაფერი მოიფიქრა, ტილოში გახვეულ, გარედან შემოტანილ თოვლის გუნდას ადებდა გავარვარებულ შუბლზე პატარა ბიჭს.
მოგვიანებით, სტუმარიც ეწვიათ. სწორედაც რომ ამ ბერისნაირი, განდეგილი და მარტოსული. მხოლოდ მისგან განსხვავებით, ხან სად უწევდა ღამის გათევა და ხან სად. ერთ ადგილას, დიდ ხანს არც ჩერდებოდა. ყრუ-მუნჯიაო, ამბობდნენ მონასტრის ბერები მასზე, თუმცა ხმები კი ცოტა ესმის, მაგრამ სიტყვებს აშკარად, ვერ არჩევსო. იქნებ სულაც, უცხოელია და ჩვენი ენა, არც ესმის და წლების მანძილზე, ვერც ისწავლაო. ზოგჯერ თვეობით დაიკარგებოდა და მერე მოულოდნელად დაადგებოდა თავს. ახლაც, კარგა ხანი იყო გასული, რომ კვლავ გამოჩნდა. ქალისა და ბავშვის დანახვა ამ მღვიმეში, ასეთ პირობებში და ასეთ დიდ თოვლში, სხვას ალბათ ძალიან გაუკვირდებოდა, მაგრამ სტუმარს, თითქოს არც კი შეუმჩნევია. ჩვეულებრივ მიუჯდა მაგიდას და ელოდა, როდის გაუმასპინძლდებოდნენ. ბერმაც არ დაახანა და მწირს, ცივი მჭადის ნატეხი დაუდო წინ.
- დილამდე ეს იკმარე. - უთხრა მშვიდი დაბალი ხმით, თან სახეშიც ჩააშტერდა და ხელითაც ანიშნა, რომ უკეთ გაეგიბინებინა. - დილით ფიჩხი შევაგროვოთ და ცხელ ჩაისაც დავლევთ. ბავშვსაც მოუხდება ცხელი რძე, ცოტა გულს მოუთბობს. - ბერმა ხელი ჩაიქნია, ვისთვის ყბედობდა ამდენს. შუაღამით სტუმრად მოსულ მწირს, მაინც არ ესმოდა მისი ლაპარაკი.
სტუმარმა უგემურად დაუწყო ღეჭვა ცივ, გამომშრალ მჭადს და თან მძინარე ბავშვს, არ აშორებდა თვალს. თუმცა, რა მძინარე? ხველისგან ძლივს ახერხებდა წუთით მოსვენებას, საშინელი ხრინწიანი ხველა, ისევ წამოაყოფინებდა თავს და ჩაძინების საშუალებას არ აძლევდა.
მოულოდნელად, მწირმა ჭამა შეწყვიტა. მორჩენილი მჭადის ნაჭერი მაგიდაზე დადო და წავიდა.
ბერი ისედაც მიჩვეული იყო მის უცნაურ ქცევას და ყურადღება, არც მიუქცევია. ალბათ, არ მოეწონა ძველი მჭადი ან სულაც მონასტრისკენ წავიდოდა, იქ ღამის გასათევი ადგილი მაინც კი არისო.
გამთენიისას, მწირმა ისევ შემოაღო კარი. ფიჩხის დიდი კონა ზურგზე მოეგდო. გამოფუღუროვებულ ხის პატარა გობით ტყის თაფლი და ხასხასა წითელი ნაყოფით დახუნძლული, ძახველის ტოტები შემოიტანა. ცეცხლი გააჩაღეს, ოთახიც ცოტა გათბა. დანთებული ღუმელის სითბომ, ცოტა სიცივეც მოტეხა. მწირმა ცხელ წყალში თაფლთან ერთად ჩაზილა ძახველის მარცვლები. მძინარე ბავშვს თავი წამოაწევინა კოვზით რამდენიმე ყლუპი მოასმევინა. მერე რაღაცის ძებნა დაიწყო. ბერი გაკვირვებული შეჰყურებდა. მწირი ბოთლებს ათვალიერებდა, სათითაოდ ხსნიდა თავს და ყნოსავდა. ბოლოს ერთი შეარჩია. ცოტა აძმარებული ღვინო აღმოჩნდა. ბიჭს წინდები დაუსველა და ისე ამოაცვა. ბერს ჩაეღიმა და მადლობის ნიშნად, მხარზე დაადო ხელი „მკურნალს“. დილის ხანს უკვე, დიმეომ მოიხედა. სიცხემაც დაუკლო. ცოტა ხველასაც მოუკლო. ახალ მოწველილი, თხის ცხელი რძეც ესიამოვნა. თუმცა, პირველად რომ გაასინჯეს საშინლად დაიჯღანა, ახლა კი სიამოვნებით მიირთვა.
- აი, ამან გადაგარჩინა. - მიუთითა ბერმა მწირზე, რომელსაც თავი მაგიდაზე ჩამოედო და ისე თვლემდა.
- ვინ არის? - იკითხა ბიჭმა.
- ეს მწირია, მწირი. არც სახელი აქვს და არც გვარი და არც წარმომავლობა. სამაგიეროდ, კეთილი გული აქვს.
ბიჭმა მძინარე კარგად შეათვალიერა. გრძელი გაჭაღარავებული თმა-წვერი, ალბათ არასდროს მოუჭრიაო, გაიფიქრა. საშინლად უხეში და სქელი ჩექმები და ასეთივე უხეში და გრძელი შინელის პალტო ეცვა, რომელსაც როგორც ჩანდა მარტო ზაფხულში, დიდ სიცხეში თუ იხდიდა.
შუადღისკენ, ქალმაც გაიღვიძა. ისე ტკბილად ეძინა არც არაფერი გაუგია. უცხო სტუმრის დანახვაზე საშინლად გაბრაზდა, ბერს უსაყვედურა.
- ყრუ-მუნჯია და ისედაც, ბევრი არაფერი ესმის, თუმცა იმაზე მეტს გრძნობს, ვიდრე... - ბერმა სიტყვა აღარ დაამთავრა, ისე ჩაიქნია ხელი.
ქალმა უსიამოვნოდ აბზუკა ცხვირი. ერთი აყროლებული ბერი არ მეყოფოდა, ამ ისედაც აქოთებულ ჯურღმულშიო და ახლა ეს მეორეც დამემატაო, გაიფიქრა და ბავშვისკენ არც გაუხედავს და არც კი მოუკითხავს, ისე წაატანა ხელი ახლადამოყვანილ ყველს.
- მოიცა. - შეუფუცხუნა ბერმა. - ეგ ბავშვისაა. ისედაც ერთი მუჭა, ძლივს გამოვიყვანე.
- აბა მე რა ვჭამო? - იკითხა გაბრაზებით ქალმა. - სამი დღის გამომცხვარი ნაზუქები, ამოვიდა ყელში. - მერე როგორც იქნა, ბავშვიც გაახსენდა. - და ამას, რაღა ჭირდა?
- სიცხემ ძლივს დაუკლო. ჩვენმა სტუმარმა უწამლა და ფერზე მოიყვანა. - უპასუხა ბერმა.
- რა უწამლა? ბავშვს, რა დაალევინეთ?! - გაგულისდა ქალი.
- მოარჩინა! მოარჩინა! რა? ვერ ხედავ? - შეუტია ბერმა.
ქალი გაიბღუზა. მწირს შეეღვიძა. ქალმა ავად შეათვალიერა. მწირმა ბავშვს შუბლზე ხელი დაადო, სიცხე შეუმოწმა. აშკარად ჩანდა, რომ თითქმის უკვე აღარც ჰქონდა. წამოდგა და უკან არც მოუხედავს, ისე გავიდა.
დიმეო გამოჯანმრთელდა. ბერი გადამალული თაფლისა და ძახველის ნაყენს, ჩუმად ასმევდა. ბავშვი ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა დაელია ასე ჩუმად. მერე იფიქრა, ალბათ ისევ, რაღაც უაზრო სიურპრიზიაო და ყურადღება, აღარც მიუქცევია. ქალი კი, ყველაფერს ყლაპავდა. სულ მშია-მშიას გაიძახოდა, ამიტომაც ბერმა მარტო ბავშვისთვის გადამალა, მწირის მოტანილი თაფლი და ცოტა თხის ყველსაც, მხოლოდ პატარა ბიჭს უზოგავდა საჭმელად.
ორის დღის მერე, მწირი ისევ მოადგა ბერის მღვიმეს. ამჯერად უკვე, მონასტრიდან მოდიოდა. ახლად გამომცხვარი ლავაშები, სეფისკვერები, ზიარების ღვინო, სანთლის არაყი, თაფლით, ნიგვზითა და ბოსტნეულით დახუნძლული გამოისტუმრეს იქიდან, თან ბერთან წერილის სახით,  მოკითხვაც გამოატანეს.
„ალბათ სტუმრები, რომ მყავდა ამიტომაც გამოატანეს ამდენი რამ, თორემ მე ერთ კაცს აბა, რაში მჭირდება? ჰმ.“
ეღიმებოდა მოხუცს.
„კი მაგრამ, ამ ყრუ-მუნჯმა, როგორ გააგებინა ნეტავი? დაუწერა ვითომ? ან კი იცის, წერა-კითხვა? რა საოცარია კაცია, საერთოდ არაფერი ვიცი მასზე და საკუთარი თავზე მეტად ვენდობი. ჰმ. მივიდოდა და თავად ჩაიწყობდა ამ ყველაფერს, ისინიც ჩაუმატებდნენ და უსიტყვოდ გამოატანდნენ, უსახურ მწირს აბა ხელცარიელი, როგორ გამოუშვებდნენ?“
ფიქრობდა ბერი და მწირის მოტანილ სანოვაგეს ულუფებად უნაწილებდა სტუმრებს.
- ისე ყველი, ვერ გამოატანეს? - გესლიანად ჩაეცინა ქალს. - დაენანათ, ბერებს?
- რა დროს ყველი და კარაქია. - უპასუხა ბერმა. - მარხვაა ჯერ! შობამდე, არც არაფერი იქნება.
- ჰმ. სპეციალურად არ ამზადებენ, შემთხვევით რომ არ შემოეჭამოთ. - ქალმა უსიამოვნოდ გაჰყო თავი გარეთ. - როდესმე ეს თოვლი, გადაიღებს? უფრო მოემატა მგონი.
- ჰო, ემატება და ემატება! ასე იცის. - უპასუხა ბერმა. - იყავით აქ გამოიზამთრეთ, მაგრამ საკვებია პრობლემა. ბავშვს, ხომ არ ვაშიმშილებ?
- სხვათა შორის, მეც ვშიმშილობ. - უკმაყოფილოდ უპასუხა ქალმა. - და ვერც წესიერად ვერ გავთბი.
- ფიჩხის შეგროვება შენ არ გინდა, გეზარება. თუმცა ჩვენმა მწირმა, შეშაც ბლომად მოგვიგროვა და დაგვიჩეხა, კიდევაც. ჯერ გვეყოფა, მაგრამ როდემდე, ეგ არ ვიცი.
- მერე, ისევ შეგვიგროვოს. - ჩაეცინა ქალს. - არაფერი მოუვა. როგორც ჩანს, მიჩვეულია წანწანლს.
- ხან მალ-მალე გამოჩნდება, ხანაც სულ დაიკარგება ხოლმე. აბა მაგის იმედზე, როგორ უნდა ვიყოთ? ბავშვია ცოდვა ამ სიცივეში, თორემ ჩვენ დავლევთ არაყს და ცოტას გავთბებით მაინც.
- მერე დავალევინოთ ამასაც და ცოტა ხასიათზე მაინც მოვა, ისედაც სულ მოჯღუნულია. - ქალს ცინიკურად ჩაეღიმა. - ისე მართლა, აქ რა გამაჩერებს დიდ ხანს. აქედან მონასტრამდე, დიდი გზაა?
- ის მამათა მონასტერია, იქ შენ ვინ შეგიშვებს და კი, კარგა შორ მანძილზეა.
- აბა, ასე არ მოვილაპარაკეთ? - გაკაპასდა ქალი. - იქიდან საზღვარია ახლოს, პირდაპირ მონასტრის კედელს ესაზღვრება ლამისო და რა, ვიცი? მომატყუეს?
- მერე საზღვარზე ბავშვით გადასვლა, რა გგონია? და თუ გადახვალ, იქ იქნები დალხენილად? უცხო მხარეში, ბავშვით გაგიჭირდება ძალიან.
- ყველაფერი გათვლილი მაქვს! მხოლოდ, ერთი იქამდე მივაღწიო და მერე, მე ვიცი! - ქალმა ჩაძინებულ ბავშვს გახედა. - დროებით ბავშვთა სახლში ჩავაბარებ, მერე ფეხს მოვიკიდებ და წამოვიყვან.
- ამისთვის ატარე ბავშვი, ამ თოვლში და კინაღამ მოგიკვდა, რომ მერე, უცხო მხარეში, სულ უცხო ხალხს მიუგდო? - შეუტია ბერმა. - დაგეტოვებინა მამამისთან, ან ჩემს დასთან მაინც, შენს დედობილთან, ხომ იცი, როგორ კარგად მოუვლიდა, როგორი კეთილი გული აქვს. 
პასუხად ქალმა, თავი გააქნია.
- დამიჯერე. - განაგრძო ბერმა. - წადი, ჩაუყვანე ბავშვის ჩემს დას. ის მიგიხედავს, შენ კი, ჯერ მოიკიდე ფეხი იქ, სადაც აპირებ ცხოვრებას და მერე, წაიყვანე შენი შვილი, განა ვინმე დაგიშლის?
- არ გამოვა მასე! - კოპები შეკრა ქალმა. - არ გამოვა და, იმიტომ! - მერე მწირს გახედა, რომელიც ჩათვლემილიყო და არც კი ესმოდა, რა ხდებოდა იქ. - ისე, ამან მოგვიტანოს ხოლმე საჭმელი! არაფერი მოუვა, მაინც თუ კი, აქეთ-იქეთ დაწანწალებს და არ ეზარება. ცოტა, ფულსაც მივცემდი.
- ჰაჰ! ფული, რად უნდა? რაში უნდა გამოიყენოს? ეგ რომ უნდოდეს, ღონეც ერჩის და ძალაც მოსდგამს, მაგრამ არაფერი აინტერესებს. დადის ასე აღმა-დაღმა, ტყე-ღრეში და სადაც დაუღამდება, იქ გაუთენდება. ლაპარაკი ამას არ შეუძლია და წერა-კითხვაც არ იცის.
- ჰმ. რა საშინელი ცხოვრებაა. - ქალმა, უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- თავისი არჩეულია. ღვთის გლახაა და დადის ასე ქვეყანაზე, არავის ერჩის. - ბერი ჩათვლემილ მწირს ისე დააკვირდა, თითქოს პირველად ნახაო. მერე კარგად შეათვალიერა და ძალიან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა. - იქნებ, სულაც არ არის ღვთის გლახა? ერში ყოფნისას, რაღაც შეემთხვა, ან ჩაიდინა და ასე ისჯის თავს.
მოულოდნელად მწირმა, თვალები დაჭყიტა, რაღაც წერტილს მიაშტერდა. მალევე წამოდგა და გავიდა. მწირი, არც იმ საღამოს დაბრუნებულა და არც მეორე დღეს გამოჩენილა.
- ამაღამ შობაა, ჩვენი მწირიც, არ ჩანს. იქნებ, საღამომდე მოგვისწროს და მონასტრიდან საშობაო ღვეზელები შემოგვაშველოს. ხომ გიყვარს? - თავზე მოეფერა ბერი, დაღონებულ და გულჩათხრობილ ბიჭს.
ბიჭმა, უსიხარულოდ დაუქნია თავი.
- ნეტა მალე მოვა? ის მწირია, თუ ვიღაც? - იკითხა ქალმა. - საშინლად მომშივდა.
- აბა ჯერ დილაა. შობის დადგომამდე კი წინ,  მთელი დღე და მთელი საღამოა. მანამდე ალბათ მოვა, ან ხვალ დილიდან დაგვადგება თავს. ჯერ ბოსტნეულის ცხელ-ცხელი წვნიანი ვიკმაროთ და მერე კი, შობისთვის მოვემზადოთ, ცოტა ყველიც გადავინახე, გამოვაცხობ ყველიან კვერებს.
- უჰ, შენი გამომცხვარი, რაც იქნება, გასაგებია უკვე. - გესლიანად ჩაეცინა ქალს.
- მაშინ, შენ გამოგვიცხვე. - ბერმა მოწყენილ ბიჭს, თვალი ჩაუკრა.
ბიჭს მდარედ გაეღიმა.
ქალმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად, ვიღაც გიჟივით შემოიჭრა. ქალმა შეჰკივლა. მის დანახვაზე კი ბავშვი, შიშით მოიბუზა.
- ჰააა! - იღრიალა კაცმა. - გეგონა, ასე ადვილად დამიძვრებოდი ხელიდან? ხომ მაინც მოგაგენი? სად მიიპარებოდი, უჩემოდ?!
ქალმა დამშვიდება დაუწყო, ათასი რამ უთხრა, უამრავი ახსნა მოუძებნა მის საქციელს. კაცი ძლივს ცოტათი დაწყნარდა. ბოლოს, მაჭამეთო დაუღრიალა ბერს და მერე ბიჭს ჩააშტერდა.
- ამას, რაღას ათრევდი?
ბიჭი უფრო მოიბუზა და მოიკუნტა.
- ჯერ კიდევ დაგვჭირდება. - ქალი კაცს მიეალერსა და ყურში რაღაც უჩურჩულა. 
კაცი გაიბადრა, ჩაეცინა და ქალს უკანალზე, მსუბუქად შემოჰკრა ხელი, რასაც ბერის პროტესტი მოჰყვა. კაცმა სკამი მოუქნია. ბავშვი ატირდა. ქალმა ყველას დამშვიდება შესძლო. მძვინვარე კაცს მოეფერა დაამშვიდა, დაანაყრა. მერე კი ბიჭს მიუბრუნდა:
- ისე ცოტა გასეირნება, არ გაწყენდა. სუფთა ჰაერი მოგიხდება, თან ფიჩხიც მოაგროვე, არაფერი გიჭირს, ბაბუს დაეხმარები. - ახლა ბერს გახედა ქალმა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ბერმაც ულაპარაკოდ ჩაჰკიდა ბიჭს ხელი და გარეთ გაიყვანა.
- ვინ არიან ესენი, შენთვის? - ჰკითხა ბერმა.
ბიჭმა უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- შენ მშობლები, არ გყავს?
ბიჭმა ახლაც უხმოდ გააქნია თავი.
- გინდა, ჩემთან დარჩე?
ბავშვმა არაფერი უპასუხა. მოხუცმა კი განაგრძო.
- თუმცა, ჩემთან გაგიჭირდება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. მონასტრამდე მე მიგაცილებთ და მერე, იქ გადაგმალავ. ესენი კი, იმის იქეთ წასულან! ნუ გეშინია, შენს თავს, არ გავატან და არც არავის დავაჩაგვრინებ!
- აბა დიდ სახლში ვიცხოვრებთო ზღვასთანო? - იკითხა გაკვირვებულმა ბავშვმა.
- ალბათ ოდესმე კი, მაგრამ ჯერ მონასტერში გადაგმალავ. არ უნდა წაჰყვე ამათ. დამიჯერე ბაბუ, შენთვის ახლა, ასე აჯობებს. მხოლოდ, არავის უთხრა. სიტყვაც კი არ დაგცდეს.
ბავშვმა ცოტა, უნდობლად შეხედა, თუმცა არაფერი უთქვამს.
- როცა შენს გვერდით, არავინ არის და თავს მატოსულად გრძნობ, ამ დროს სიბნელეში გამოწვდილი ნებისმიერი ხელი, სიკეთე გგონია, მაგრამ აქ კი, ცდები პატარავ. - ბერმა თავზე გადაუსვა ხელი მოწყენილ ბიჭს. - ეს ის ხელი არ არის, რომელიც შენ გჭირდება.
LEX. 2020 წლის 6 ივლისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment