Friday, June 26, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 67)

67.
გალეოს მიერ მონახულებული, შუახნეს გადაცილებული, სანდომიანი ქალი, არც იმდენად მიამიტი აღმოჩნდა. ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც საყვარელმა გერმა დაუბარა. დიმეოს გამტაცებელი ქალი, დარწმუნებული იყო, ადრე თუ გვიან, მაინც მოაკითხავდნენ და თუ ოფიციალურად პოლიცია არა, შესაძლებელი იყო, ვინმე სრულიად „შემთხვევით მგზავრსაც“ გამოევლო და სხვადასხვა მიზეზით, რაღაც-რაღაცეები გამოეკითხა. დედინაცვალიც არაკრაკდა და სულ სიტყვა-სიტყვით ჩაუკაკლა, რაც და როგორც დაარიგა საყვარელმა გერმა. ის კი არა და იმაზე მეტიც უთხრა, ვიდრე გალეომ დაუსვა კითხვა და მხოლოდ, ტელეფონის ჩვენებაში შეცდა. ეს კი საკუთარი იდეა იყო, გალეომაც დრო იხელთა და ვითომდა გულუბრყვილო ქალისგან, საკმაოდ კარგად მოტყუებული დეტექტივი, ბედნიერი დაბრუნდა ფიფოსთან. 
სამწუხაროდ იმ მხარეში ვერტმფრენებით ძებნამ, არანაირი შედეგი არ გამოიღო. საითკენაც იმ ქალმა მიუთითა, იქეთ გამორიცხული იყო, ამხელა თოვლში ტყიან მთებში, ბავშვთან ერთად კილომეტრები ევლოთ. ფიფო თანდათან რწმუნდებოდა, აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიმისთან ჯერ, ხმის ამოღებასაც არ აპირებდა.
„იქნებ მართლაც, საზღვრისკენ აიღო გეზი?“
ფიქრობდა ფიფო.
„ეგ კი, სულ სხვა მხარეს არის. ჰმ, მიმის თითქოს გულმა უგრძნოო, რუქაზე როგორ იკითხა, ეს რა არისო, მაგრამ არც იმდენად პატარა მანილია მაქამდეც. თუმცა შედარებით, გაშლილი ადგილია. ზაფხულში ალბათ, საძოვრები იქნება და ჰო! რა თქმა უნდა! ზამთრობით, სადმე ახლო-მახლოც კი შესაძლებელი იქნება, რომ მწყემსებმა გამოსაზამთრებლად, ან თუნდაც უამინდობის გამო, დროებით სადღაც იმ არე-მარეში შეიყუჟონ. ან იქნებ, ტყის მცველის ქოხიც არის სადმე? შედარებით მეჩხერი ტყისკენ? აბა იქეთ საითაც გაგვიშვეს, უღრანი ტყის მეტი, არაფერი იყო.
არა, რაა! რაღაც ვერ გაიგო გალეომ სწორად, გადაღლილი იქნებოდა და აერია ალბათ, ან სულაც მარჯვენა და მარცხენა აერია.“
- ჰაჰ! - ფიფოს ჩაცინება, იმდენად ხმამაღლა გამოუვიდა, რომ იქვე, დივანზე მიძინებულ მიმისაც კი გაეღვიძა.
ლეპტოპთან ჩახუტებულ მიმის, რომელიც დღედაღამ გალეოს მოწოდებულ ფოტოებს ათვალიერებდა და გამუდმებით გულში იკრავდა, ისე ღრმად ეძინა, რომ ფიფოს მოსვლა, არც გაუგია და აღარც ფიფომ გააღვიძა, ახალი მაინც არაფერი ჰქონდა სათქმელი. 
- მოხვედი? - მიმიმ ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა.
- არა! - ღიმილით მიუგო ფიფომ. - ჯერ კიდევ, ვერტმფრენში ვარ.
მიმიმ ცალყბად გაუღიმა.
- ისეთი ქარბუქი ამოვარდა, კინაღამ ჩამოგვაგდო, თანაც ფანტელები კი არა, მგონი თოვლის გუნდებს გვესროდნენ ზეციდან.
- და, მერე?
- რა, მერე? - ამოიხვნეშა ფიფომ. - როგორც კი შებინდდა, წამოვედით. ხვალ ყოველ მონაკვეთს სათითაოდ დავათვალიერებთ, უფრო დაბლაც ვიფრენთ. - დააიმედა ფიფომ. - სხვა მხარესაც გადავალთ და შენ თუ ჭამე რამე, დღეს? 
მიმიმ უპასუხოდ აიჩეჩა მხრები.
- მიმი, უნდა ჭამო რა რამე, რააა. - შეევედრა ფიფო. - ხომ ხედავ, ბავშვი ცოცხალი და საღ-სალამათია. შვილადაც კი ასაღებს, უვლის.
- დავიჯერო დიმეო, დედას ეძახის?! - მიმიმ მკვახედ მიაძახა.
- ამას ახლა, არა აქვს მნიშვნელობა. - უპასუხა ფიფომ. - მთავარია ვიცით, რომ ცოცხალია და ვისთან ერთად არის.
- და მერე, რატომ არ მიბრუნებს შვილს? რატომ? - აჩხავლდა მიმი. - თუ შვილი უნდა, ან გააჩინოს ან თუნდაც, რამდენი ობოლი მიტოვებული ბავშვია, რატომ რისკავს, ასე? რად უნდა სხვისი შვილი და თანაც, მოტაცებული ბავშვი?
ფიფომ არაფერი უპასუხა.
- ძალიან მეშინია. - განაგრძო მიმიმ. - იქნებ, სულაც არ აპირებს დაბრუნებას, რადგან ბავშვი სახეზე კარგად იცნობს თავის გამტაცებელს და... - მიმის ცრემლები გადმოსცვივდა.
- მიმი! მომისმინე! - მტკიცე ხმით მიუგო ფიფომ. - თუ რამის დაშავება უნდოდა, ამდენი ხანი არაერთხელ მოახერხებდა. თუნდაც ფული როცა აიღო, აი მაშინ, იმ დღეებში მაინც! ასე რომ ამაზე, აღარ იფიქრო, კარგი?
- და აბა, რატომ არ მიბრუნებს?
- უფრო მეტად უნდა რომ გაგვაწვალოს და თანაც, ახლა უკვე ეშინია, რადგან გაშიფრულია მისი ვინაობა. ახლა, სხვა თამაშზე გადავა, რომ მერე, პირობა ჩამოგვართვას, თუ ბავშვს დააბრუნებს, ხმას არ ამოვიღებთ. - უპასუხა ფიფომ, თუმცა ამ სიტყვების, თავადაც არ სჯეროდა
- თუ მართლა მასეა, გავუშვათ რააა. - შეევედრა მიმი. - არ დავაჭერინოთ! წავიდეს, სადაც უნდა! ის ფულიც თავისია და ჯანდაბაშიც წავიდეს თუ უნდა!
- ჰო, როგორც უფრო უკეთესი იქნება, ისე მოვიქცევით.
- როგორც უკეთესია, არა! - შეეკამათა მიმი. - ჩვენ, სრული გარანტია უნდა მივცეთ!
- კი, ბატონო! - თავი დაუკრა ფიფომ. - ჯანდაბაშიც წასულა, მხოლოდ მერე, როცა შვილს დაგვიბრუნებს!
მიმის ფიფოს სიტყვებზე, ცოტა გულზე მოეშვა და ნაღვლიანად გაუღიმა.
- მშვიდად იყავი, ყველაფერს ისე გავაკეთებ და გავაკეთებინებ სხვებსაც, როგორც ჩვენ გვაწყობს. - უფრო მეტად დააიმედა ფიფომ. - საჭმელი გვაქვს რამე, თუ გამოვიძახო?
- ახლავე მოვამზადებ. - მიმის ცოტა, ხალისიც მოემატა.
- გამოვიძახებ! ნუ იწვალებ. ისე ვიკითხე თუ იყო მზად, ბარემ...
- არ მინდა, ვიღაცის მოთითხნილი! - მტკიცედ განაცხადა მიმიმ. - სანამ შეკვეთა მოვა, მანამდე მეც კი მოვახერხებ.
- კარგი. - დაეთანხმა ფიფო და ლეპტოპს გადასწვდა. - ეს ლეპტოპი, აღარ დავუბრუნოთ პატრონს? - ღიმილით ჰკითხა ფიფომ. - საწყალი ბიჭი, ალბათ ფიქრობს, ასეთი რა გაუჭირდათო და თან, ხმასაც რომ არ იღებს.
- უი, ჰო! დავუბრუნოთ უნდა. - სამზარეულოდან გამოეპასუხა მიმი. - ან სულაც, ახალი ვუყიდოთ! ამაზე ბევრად მაგარს ავარჩევინებ! ხვალვე წავიყვან!
- ჰო! ახალი უკეთესია, გაუხარდება და რაღაც გემრიელობების სურნელი მოდის მაქედან, დააა... მოვიდე უკვე? 
- სოკო ჩავშუშე კარტოფილთან. - უპასუხა მიმიმ. - არაჟნით.
- ორ წუთში, მანდ ვარ! - ფიფო წამოდგა. - რაღაც ცუდი ვირუსი დადისო, სახლში მისვლისას ხელები კარგად დაიბანეთო და რა ვიცი.
- და ვირუსის გარეშე, გარედან შემოსულები, ხელებს არ ვიბანდით, თუ რა? - ჩაეცინა მიმის. - ან, ჭამის წინ?
- ალბათ, ყველამ არ იცის მიმი და საყოველთაოდ გამოაცხადეს. - ღიმილით მიუგო ფიფომ. - არაჟანი შენ მოიტანე? იყავი გარეთ? - ფიფოს ის უფრო აინტერესებდა, მიმი იყო თუ არა სადმე გასული, თუ მთელი დღე იწვა.
- დედაჩემმა მოიტანა. - უპასუხა მიმიმ. - ხუთ წუთში იქნება, ამ წუთას გამოვრთე, ცოტა ვაცადოთ.
- ვაცადოთ.
- უი, ისე ბორშიც მოიტანა. ხორციანი...
- მერე, მაგას მიმალავდი? - გაეცინა ფიფოს. - და თანაც არაჟნით, იფ, იფ! შენ არ გიყვარს ბორში, თუმცა, მაინც მშვენივრად აკეთებ.
- ბევრი რამ არ მიყვარს, მაგრამ რა ვიცი? ვაკეთებ და გამომდის კიდევაც.
- ოოო, ეგ უკვე ნიჭია. - გაიბადრა ფიფო.
- ჰო! ნიჭია, ალბათ. - თავი დაუქნია მიმიმ. - და სხვათა შორის, სხვა ნიჭებიც მაქვს! 
ფიფოს უკვე, კოვზი ჰქონდა მომარჯვებული და მიმის რაღაცნაირ გამოხედვაზე, სახეში ჩააშტერდა.
- რა იყო, მიმი?
- ჯერ ჭამე და მერე გეტყვი.
- არა, ჯერ მითხარი.
- მთელი დღის მშიერი ხარ, ჭამე სანამ ცხელია და თან გეტყვი.
- იქნებ, შენც გეჭამა რამე? - შესთავაზა ფიფომ. - დარწმუნებული ვარ წყალსაც წესიერად არ დალევდი.
- ცოტა სოკოს შევჭამ.
- და თან, მითხარი! ალბათ, ახალი იდეა გაქვს, არა?
- იდეასაც ვერ დავარქმევ, მაგრამ ან გალეომ მოჰყვა აბდაუბდად, ან მე ვერ გავიგე სწორად. რაღაც, ვერ ლაგდება მონაყოლი.
- ან უბრალოდ, რაღაც ტყუილებმა იჩინეს თავი? - ირონიულად ჩაეკითხა ფიფო.
- არა მგონია, გალე რატომ მოგვატყუებდა? თუმცა, რაღაც არის მაინც.
- ან იქნებ, თავად მოტყუვდა?
- აი, ეგ უფრო შესაძლებელია, მაგრამ ის დედინაცვალი და თანაც, ყოფილი...
- მიმი, წესიერად მითხარი, რის თქმა გინდა! - ფიფომ ჭამა შეწყვიტა.
- ხომ გითხარი, ჭამე და თან გეტყვი.
- ნუ, ვერ მეუბნები წესიერად და...
- ჭამე! – „უბრძანა“ მიმიმ და თავადაც იტაცა პირში ლუკმა.
ფიფომ ჭამა განაგრძო, დროდადრო მიმის ამოხედავდა, რომელიც ჩიტივით ციცქნიდა ისედაც ერთ ბეწო ულუფას და გონებით სადღაც, სულ სხვაგან იყო.
- ეს ბოლომდე უნდა შევჭამო? - ვეღარ მოითმინა ფიფომ.
- თეფში უნდა მოასუფთავო, მასე სად არის?! - უპასუხა მიმიმ. - მერე სოკოს ჩაშუშულიც უნდა მიაყოლო, თორემ არაფერსაც არ გეტყვი!
ფიფომ საერთოდ შეწყვიტა ჭამა და მიმიც იძულებულ იყო, ბოლოს და ბოლოს, დაეწყო ის, რის თქმაც ასე სურდა.
- როგორ მოუყვა იმ დედინაცვალმა? ჩემმა გერმა მითხრა, ჩემი წასვლიდანო ორ-სამ დღეში ჩართეო, ხომ? და ჩვენ მაქსიმუმი ვივარაუდოთ, რომ სამი დღის წასულია იქიდან. სწორედ იმ მესამე დღესვე დაადგა გალეო!
ფიფომ ხმა არ გასცა.
- და თანაც, წასვლის წინ, ჩართვაც მასწავლაო, ფოტოების გადაღებაცო, ჰო ასე იყო? - ჩაეკითხა მიმი.
- და მერე?
- ტელეფონი გამორთული დაუტოვა, თუმცა უკვე ვთქვი, რომ წასვლის წინ, ყველაფერი ასწავლა და ამ ქალმაც, მესამე ან მეორე დღეს ჩართო. აი, აქ არის ზუსტად, ის რაღაც არასწორი, რაც მინდა გითხრა!
- და მითხარი ბარემ, ნუ დამტანჯე. - შეწუხებული ხმით მიუგო ფიფომ.
- თუ კი ტელეფონი, მთელი თვე გამორთულია. - მიმი ფიფოს ჩააკვირდა, თუმცა ფიფო მაინც ვერაფერს ხვდებოდა. - ნომერი იყიდეს და იმ დღის მერე, არც ჩართულა, და არც არავის უსარგებლია, მხოლოდ ერთი თვის მერე, ირთვება და პატრონი აცხადებს, რომ მისი გამორთვიდან, ორ-სამ დღეში ჩავრთეო.
- ნუ, ესე იგი, მოიტყუა და შეიცვალა, რამე? - უკმაყოფილოდ იკითხა ფიფომ.
- რა შეიცვალა, ჯერ არ ვიცი. ან იქნებ, არც არაფერი, მაგრამ რადგანაც იმ დედინაცვალმა განაცხადა, რომ სწორედ წასვლის წინ მაჩუქაო და მაშინ მასწავლა ჩართვაო, ესე იგი, სამი დღის წინაც ყოფილა თურმე, ჩართული?
- მერე მიმი, მერე? - წყენით მიუგო ფიფომ.
- არ ყოფილა, სამი დღის წინ ჩართული! - მიმი შეყოვნდა. - იტყუება! ერთი თვის წინ ჰყავდა გერი სტუმრად!
- ჰმ. - ფიფოს ცალყბად ჩაეღიმა. - ესე იგი, დაგვიბოლეს, ჩვენი გალე?
- კაი გაიძვერა ყოფილა ის დედინაცვალიც, ხედავ? ალბათ, სწორედ ასე დაუბარა, ერთი თვის მერე ჩართე და ასე თქვიო! ახლა არ მითხრა, რა იცოდა ვინმე თუ მიაკითხავდაო? ყველაფერი გათვალა! რა, არა? განა მთელ ქვეყანას არ შევძრავდით, თუ რა? ჰოდა, იცოდა დღეს თუ არა ხვალ, მანდაც მივაგნებდით!
- ჰოოოო. - ფიფომ ტუჩები მოწკურა.
- და სულ ტყუილად იფრინე ვერტმფრენით, ერთი თვის წასულია იქიდან და ან მთებზე, იარა და ან, ზღვებზე!
- ისე დღეს, ძალიან ვიწვალეთ. სანამ ოფიციალური ბრძანება არ გამოვგლიჯე სამხედრო ბაზას, შუადღის მერე მოგვიწია ფრენა. ექვსისკენ კი, უკვე ბინდდებოდა. აი, ხვალ უთენია მაინც გადავჩხრიკავ იქაურობას! კვალის არევის მიზნითაც, შეიძლება სულაც, მეზობელ სახლში იმალებოდეს, ჰა?
- ჰო! მართალი ხარ! ყველა ვარიანტი უნდა ვნახოთ!
მიმი კიდევ რაღაცას ბურტყუნებდა, გეგმებს ადგენდა, ახალ-ახალ ვერსიებს ალაგებდა, ფიფო კი, გულგახეთქილი ფიქრობდა და ახლა უფრო მეტად დარწმუნდა, ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე საერთოდ წარმოედგინა და ბევრად უფრო მეტად გაიძვერა ხალხთან ჰქონდა საქმე.
ლამის ფიქრში დაათენდა, ცოტაც ჩათვლიმა. თუმცა თითქოს, არც ეძინა. დილით ფეხაკრეფით აპირებდა გაპარვას, მაგრამ მიმიმ დააწია თერმოსით, ლიმონიანი ჩაი გაგიმზადეო.
- კი მაგრამ შენ, სულ არ გეძინა? - გაუკვირდა ფიფოს.
- ჯერ ყავის გამზადება ვიფიქრე, მაგრამ მერე სიმაღლეზე უნდა იფრინო და რა ვიცი, წნევაზე ხომ არ იმოქმედებს? თუ ყავა იყოს? მოვასწრებ.
- ცხელი ჩაი ლიმონით, მშვენიერია! - უპასუხა ფიფომ.
- და რას ფიქრობ იმაზე, გუშინ რაც გითხარი? იტყუება ხომ ის ქალი?
ფიფომ არაფერი უპასუხა და მობილური მოიმარჯვა. მიმი სმენად იქცა.
- რაც შეიძლება სასწრაფოდ! - ჩასძახა ფიფომ ყურმილში. - ადით იმ სოფელში და ის ქალი დააპატიმრეთ! ბრალად ბავშვის გატაცებაში თანამონაწილეობა წაუყენე! და, ჰო! კრიმინალისტებიც აიყვანე და მის თვალწინ გადაუქექე იქაურობა! ისე ერთი ორი ჟურნალისტიც არ აწყენდა, მხოლოდ ბავშვის ვინაობა, არ უნდა გამოცხადდეს! - ფიფომ მობილური გათიშა და ჯიბეში ჩაიდო. - დღეს შეიძლება, ზარებზე ვერ გიპასუხო. მე თვითონ დაგირეკავ და შენ, დამპირდი რომ არ ინერვიულებ! - დაუბარა მიმის და სახლიდან გავიდა.
მართლაც საითკენაც იმ ქალმა მიანიშნა, გამორიცხული იყო ასეთ თოვლსა და ქარბუქში ვინმეს ევლო, მით უმეტეს, პატარა ბავშვით. ფიფომ ახლა, სულ სხვა, საწინააღმდეგო მხარეს ააღებინა გეზი. რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, არაფერი იყო ისეთი, სადაც ადამიანს, თავის შეფარება შეეძლო. ისევ სოფლებისკენ დაბრუნდნენ, ჯერ მიტოვებული სახლები და ნასახლარებიც კი კარგად გადაამოწმებინა ფიფომ. მერე უფრო, დასახლებულ ადგილებს შეუარეს, ათასი რამ გამოჰკითხეს. აღმოჩნდა, რომ არანაირი ახალ მოსახლე და არც სტუმარი, დიდი ხანია იმ ადგილებში, არ გამოჩენილა.
- ახალი კი არა, შვილო. - სიცილით მიმართა ხნიერმა კაცმა ფიფოს. - ჩემზე ახალგაზრდაც მალე აღარავინ დარჩება აქ.
- იქნებ, აქაურია და მამულები მოენატრა? ან იქნებ, სულაც სტუმრად ჩამოვიდა, როგორც ზამთრის კურორტზე. სუფთა ჰაერია, ფილტვებს უხდება. – შეაპარა კითხვა ფიფომ.
- რა ვიცი, შვილო, ქალაქში კი დარბიხართ ექიმებთან და იჭყიპებით წამლებითა და აბა, ამაზე კაი სამკურნალო ალაგს, სად ნახავთ?
- სამწუხაროდ, მასეა. - თავი დაუქნია ფიფომ.
- ისე მაინც, რას ეძებთ? ან ვის? - ეშმაკურად ჩაეკითხა კაცი და თვალი, მოშორებით გაჩერებულ სამხედრო ვერტმფრენს შეავლო.
ფიფომ თვალი გაუსწორა და არაფერი უთხრა.
- აი, იქეთა სოფელში. - განაგრძო კაცმა. - სამი სოფლის იქეთ, პოლიციაც ყოფილა. უთენია. რა ხდება, შვილო? ხომ მშვიდობაა?
- ბავშვია გატაცებული!
- რას ამბობ, კაცო? - შეიცხადეს ერთხმად სხვებმაც.
- სიგნალი, თქვენი მხარიდან შემოვიდა. შეიძლება სულაც, სულ სხვა სოფელია, ან სულაც, არ იყოს სოფელი. სადმე ეგერის საცხოვრისი, ან... - ფიფო გაჩუმდა.
- აბა, სადღა გვყავს ეგერი. არც მეტყევის სახლია აქ ახლო-მახლო. უღრან ტყეში, ასეთ თოვლში რთულია დამალვა. ზაფხულიც რომ იყოს, მაინც საშიშია, გარეული ნადირი ბევრია. ისევ სოფლებში თუ მოიძიებთ, მაგრამ აქ ჩვენთან, უცხო კაი, ხანია არავინ გამოჩენილა და არც დიდი ხნის უნახავი ჩამოსულა აქ.
ფიფოს შორიდან ხელით ანიშნეს, წასვლის დროა და ის იყო ადგილიდან უნდა დაძრულიყო, რომ ზურგიდან, ხრინწიანი ხმა შემოესმა.
- არის ზემოთ მთაში, ერთი მღვიმე, იქეთა მთაზე. წლების წინ, მწირი იყო დაყუდებული. დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, აი აქეთა მხარეს კი, მამათა მონასტერია და იმ ბერებმა გაასვენეს. მერე ხან ერთი ბერი დაეყუდებოდა იქ და ხან მეორე, ხანაც მგონი, არც არავინ.
- და ახლა, არის იქ ვინმე? - იკითხა ფიფომ.
- წლებია არაფერი გამიგია, მაგრამ თუ ღამის გასათევს და თანაც, დასამალ ადგილს ეძებ, შეიძლება ეგაც გამოდგეს.
- აბა, საით არის? - გამოცოცხლდა ფიფო. - მოვასწრებ დაბნელებამდე?
- აი, იმ გორის იქეთ ფერდობს ბოლომდე ჩაუყევი და მერე ისევ მაღლა ადი, გეზი მარვჯნივ გეჭიროს, მანდ არის სადღაც. შენობა არ გეგონოს, მღვიმეა, მღვიმე!
სადამდეც ვერტმფრენმა შესძლო, იქამდე კი მივიდნენ, თუმცა კარგა დიდ მანძილზე, ლამის წელამდე თოვლში მოუწიათ ფეხით ლაშქრობა, ვერტმფრენიდან შესაძლო ადგილებს ატყობინებდნენ. ფიფო უკან არ იხევდა. რამდენიმე სავარაუდო ადგილი მოიძიეს, მაგრამ არათუ მღვიმეს, უბრალო ღამის გასათევსაც კი არ ჰგავდა. ბნელდებოდა, თოვამ იმატა. ქარბუქიც ამოვარდა. ფიფო უარზე იდგა. უკან გაბრუნება არ უნდოდა. ძლივს დაარწმუნეს, რომ ახლა ძებნას, აზრი აღარ ჰქონდა და თუ დროულად არ დაბრუნდებოდნენ, მაშინ, ტყეში მოუწევდათ ღამის გათევა.
- ხვალ დილიდან, სოფლიდან ცხენებით უნდა ამოვიდეთ. - უთხრეს ფიფოს. - თორემ სადაც ვერტმფრენი ჯდება, იქიდან ფეხით რთული და დიდი გზაა.
- და რატომ ცხენებით? სკუტერით არ სჯობს? - გაუკვირდა ფიფოს. - რომელი საუკუნეა?
- სკუტერები, ძვირი დაჯდება და...
- მე არ მიკითხავს ფასი! - შეუტია ფიფომ და ვერტმფრენში ჩაჯდა.
სანამ სახლში მივიდოდა, მანამდე გალეოს გაუარა განყოფილებაში.
- რაო, რა თქვა? - იკითხა ფიფომ. - რით იმართლა თავი?
- ჩემს მოსვლამდე, ნუ დაკითხავო, ხომ მითხარი და ზის ახლა და ბღავის.
- ძალიანაც კარგი! მიდი აბა, ამოათრიე! - ფიფო სავარძელში ჩაესვენა და სიგარეტს მოუკიდა. - დაიცა!
გალეო შეჩერდა.
- რომელი მარკის მანქანები მოგწონს? - ჰკითხა ფიფომ.
- რაა? - გაუკვირდა დეტექტივს.
- როგორი მანქანა მოგწონს? - გაუმეორა კითხვა ფიფომ. - აი, გაქვს საკმარისი ფული და, რომელს იყიდდი?
- რაა რრრა ვიცი, ფიფო. - ენა დაება დეტექტივს.
- ახლა შეიძლება, არ იცოდე ზუსტად როგორი გჭირდება და თანაც მოგწონს, მაგრამ გირჩევნია იფიქრო ამაზეც. ჰო! რა იყო? იფიქრე, იფიქრე და არ წააგებ.
- ფიფო, რა ხდება?
- მიმის უნდა მანქანა გაჩუქოს! სუუ! ხმა არ ამოიღო! ჩემს ცოლს, ვერ ვაწყენინებ, ისედაც ამდენი ტანჯვა აქვს და უარს ვერ ვეტყვი!
- კარგი რა ფიფო. - გალეო უხერხულად აიწურა. - რა დროს ეგ არის.
- გალე! მაინც გაჩუქებს! თანაც, საკმაოდ ძვირიანს! ხომ იცი, რა ჯიუტიც არის? მოიფიქრე და როგორც კი დიმეოს დავიბრუნებთ, პასუხიც მითხარი! და მორჩა, ამაზე საუბარი!
- გამოჩნდა ბავშვის დაბრუნების შანსი? - გაუხარდა გალეოს.
- ვფიქრობ, რომ კი. ვგრძნობ, რომ ძალიან ახლოს ვარ და ახლა, ის ბებერი ძუკნა ამომითრიე!
LEX. 2020 წლის 26 ივნისი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment