Wednesday, May 27, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 62)

62.
- საით მიიპარები? - ფიფომ ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა.
მიმიმ მეორე ფეხზეც ამოიცვა და მშვიდი ხმით მიუგო:
- ეკლესიაში.
- ასე უთენია?
- ცხრა საათია უკვე. - მიმი კართან შეჩერდა. - წამოხვალ?
- მდაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - გათენებულა და არც გამიგია, ბუხარიც ჩამქრალააა.
- შეშა იყო აივნიდან შემოსატანი და აღარ შემოვიტანე.
- მერე გეთქვა და შემოვიტანდი.
- გეძინა დაა... - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - წამოხვალ, თუ რჩები?
- გალეო მოვა მალე და მოგაკითხო?
- იყავი თუ გინდა, მალე დავბრუნდები. ყავა დაგისხა?
- წადი შენ, თვითონ მოვიმზადებ.
- მზად არის უკვე, მარტო დასხმა უნდა. - მიმი კარისკენ გაემართა, მაგრამ ფიფოს ამოღმუვლებამ უკან მოახედა. - ფიფო, რა არის ეს?
- ფეხია. - სიმწრისგან დაიმანჭა ფიფო და გასიებული ტერფიდან ძლივს შესძლო ფეხსაცმლის გახდა.
- ფეხი რომ არის ვხედავ, მაგრამ რა დღეში გაქვს? მთელი ღამე ფეხსაცმელი, არ გაგიხდია? დაგავიწყდა, რა გითხრა ექიმმა?
- კარგი რა მიმი, რაა.
- დაიცა, სიმაღლეზე შემოდე! ახლავე მოგიტან წყალს!
- არ მინდა, შევალ შხაპში.
- რა შხაპი?! - შეუტია მიმიმ. - ფეხის აბაზანა უნდა მიიღო სასწრაფოდ! ის სპეციალური ფხვნილი, ტყუილად ჩამოვიტანეთ? ნეტა ცოტა მაინც იყოს დარჩენილი, ახლა რომ გეყოს და მერე, შევუკვეთავ კიდევ. - მიმი ბურდღუნით გავიდა და მალევე დაბრუნდა.
- წადი შენ და მივხედავ მე, ჩემს თავს! ჰმ, ჩემს ფეხს.
- ოცი წუთი მაინც უნდა გააჩერო ფეხი ამ ხსნარში. ისე ნახევარი საათი, უკეთესი იქნება. აი, ცხელი წყალიც ჩაიმატე, პირსახოციც აქ არის, მერე სპრეი დაისხი და არ შეიმშრალო დააცადე შეშრეს!
- შენ მაინც მიდიხარ? - შეაპარა კითხვა ფიფომ.
- ჰო! მაინც მივდივარ! - მტკიცე ხმით მიუგო მიმიმ. - აი, ყავაც და სენდვიჩიც! - მერე კართან შეჩერდა, მობრუნდა და ფიფოს, მშვიდი ხმით უთხრა. - ეკლესიაში წასვლას თუ გადაწყვეტ, არ უნდა გადასდოო... არ ვიცი, ვინ მითხრა...
ფიფომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი დაუქნია.
- მოვალ მალე. - მიმიმ კარი გაიხურა.
ფიფოს არც სახლში დარჩენა უნდოდა და არც მიმის მარტო გაშვება, თუმცა აღარ შეეწინააღმდეგა, მაგრამ მაინც შიშობდა, კიდევ რამე შარში არ გაჰყოს თავიო. გალეოც მალევე მოადგა და ვერც, დიდ ხანს ფიქრი შესძლო.
- მოკლედ, რა გითხრა არ ვიცი? - დაიწყო დეტექტივმა. - რადგან მიმი, ჯიუტად გვიმტკიცებს, რომ ის ქალი იყოო და ბიჟუსგანაც ვერაფერი ირკვევა, ისევ იმ ქალის კვალს უნდა მივყვეთ.
- და სად არის მერე, ეს კვალი?
- სამწუხაროდ არსად ჩანს, მაგრამ თუ კი სადმე, თუნდაც მიყრუებულ სოფელში, ან სხვა კონტინენტზე ვინმე ნათესავი, თუ ნაცნობი ჰყავს, ყველასთან უნდა ჩამოვიარო და იმ თქვენს ახლობლებთანაც მომიწევს ვიზიტი, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
- დეტექტივი, შენ ხარ და მე მეკითხები, ვინ უნდა დაკითხო და ვინ, არა? - მდარედ ჩაეღიმა ფიფოს. - და ეგ იყო, დიადი იდეა?
- არა, მაგრამ. - გალეომ მაცივარი გამოაღო და სახლიდან წამოღებული საახალწლო ძღვენი შეაწყო. - ის მოხუცებული კაცი, აღარ წამოვიყვანე, მაგრამ რამე-რუმეები მაინც გამომატანეს, სუფრაზე იყოსო.
- რა სუფრაზე... - ამოიხვნეშა ფიფომ.
- გოზინაყს, არ უნდა ხომ მაცივარი? - სიცილით იკითხა გალეომ. - არა, მართლა?
- საყინულე მოუხდება. - ჩაეცინა ფიფოს.
- მართლა?
- რა მართლა. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - ჰოდა, მერე? როდის გადაწყდება იმ წანკლა ქალის საახლობლოს გადანახულება?
- რა გადაწყვეტა მაგას უნდა?
- 31 რიცხვია დღეს და ვის სცხელა ახლა, სადღაც სოფელ-სოფელ იაროს და თანაც, ამ თოვლში. აქაც თოვს უკვე და იქ, რა იქნება.
- ნუ დღეს, ფიზიკურად ვერ მოხერხდება, მაგრამ ამ დღეებში, დავრაზმავ ბიჭებს და ავაბრუნებთ ყველა მის სანათესაოს.
ფიფომ არაფერი უპასუხა, კიდევ რამდენი დღე უნდა ეცადა? გული გახეთქვაზე ჰქონდა, მაგრამ აბა, ვისთვის უნდა აეძულებინა ამ ახალ წელს, კარდაკარ იარეო და თანაც, არაოფიციალურად.
- ჯერ კიდევ არ გავამხილოთ, გატაცების შესახებ? - შეაპარა კითხვა გალეომ.
- არ ვიცი! - ფიფოს თავი არ აუწევია, ისე უპასუხა. - ხან ვფიქრობ, რომ საქვეყნოდ განვაცხადო. იქნებ, ასე უფრო ვიპოვნო, ხანაც კი ვშიშობ, ამით ბავშვს, რამე არ დაუშავდეს და საბოლოოდ არ დავკარგო. - ფიფომ ვეღარ მოითმინა და ტირილი აუვარდა.
- მეც მაგიტომ გკითხე. - გალეომ თვალი მოარიდა. - შეშა აღარ ყოფილა აქ, აივნიდან შემოვიტან.
მიმი აჟიტირებული დაბრუნდა. ბევრად უფრო მშვიდი და დალაგებული სახე ჰქონდა და გონებით სადღაც, ღრუბლებში ფრენდა, რის გამოც ფიფოს, რამდენჯერმე დასჭირდა მისი შეფხიზლება.
დიმეს გატაცებიდან, მთელი კვირა იყო გასული. ამ ხნის მანძილზე, ჩაბნელებულ მისაღებში ათენებდა ღამეებს და ქუჩიდან, ოდნავ შემოსული ხმაც კი უკრთობდა გულს. ახლა კი ბევრად უფრო მშვიდი, თუმცა მაინც აღელვებული ჩანდა, მაგრამ იმედიანი თვალებით. „განკარგულებებს“ იძლეოდა, ფიფოს მოუვლელი ფეხის გამო, კარგადაც შეუფუცხუნა, ცალკე გალეო „დატუქსა“, მაცივარში ცუდად განლაგებული კერძების გამო. წამდაუწუმ ბრძანებებს იძლეოდა, თუმცა სანამ ბიჭები, გონს მოეგებოდნენ, თავად უფრო სწრაფად ასრულებდა. გაუჩერებლივ ქაქანებდა და სიტყვის თქმას არავის აცლიდა, სანამ არ დაიღალა და არ ჩამოჯდა. თითქოს, წეღანდელი აჟიტირება სადღაც გამქრალიყო და ახლა ისევ ისეთი, ბოლო პერიოდის, ნერვიულობისგან და ტირილისგან დაოსებული და დაცლილი მიმი იყო სავარძელში ჩასვენებული და უაზროდ შეჰყურებდა დანთებულ ბუხარს.
- მიმი შენ, როგორ ფიქრობ? - შეაპარა კითხვა ფიფომ. - აუცილებლად უნდა დაიკითხოს არა, ჩვენი ახლობლები სოფელში? თუ უხერხული იქნება?
ფიფოს, მიმის კონკრეტული პასუხი, სულაც არ ადარდებდა, მთავარი იყო, ეს მოულოდნელი, უცაბედი აფეთქებული გამოფხიზლება და მერე ხასიათის მალევე უკანვე ვარდნა, ნეიტრალურ ფაზაში გადაეყვანა.
- მე, რატომ მეკითხები? - გაიკვირვა მიმიმ და დეტექტივს გახედა, რომელიც მაშინვე მიუხვდა ფიფოს და მხარი აუბა.
- უბრალოდ, არ გვინდა რომ შენ გეწყინოს და თქვენს ურთიერთობაში, რამე უხერხულობა გამოიწვიოს, ამიტომაც გკითხა ფიფომ.
- და რა არის აქ, საწყენი? - გაიკვირვა მიმიმ. - იქნებ, რატომ ეძებ იმ ქალს? ხომ შეიძლება, ლატარიაში მოიგო? ჰო! რა იყო? პრიზია მოგებული და პატრონი არ ჩანს, რა არ შეიძლება?
- მაგას მიმი, ვინ დაიჯერებს? - ჩაეცინა ფიფოს. - განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ასეა თუ ისეა, ჩვენზე კარგად იცნობს.
- ნუ დაიჯერებენ მერე! - მტკიცე ხმით მიუგო მიმიმ. - ვიღაც ხომ მიუცუნცულებს ენას, რომ ეძებენ? რა? არა?
- მერე ჩვენ გვაწყობს, ეს ენის მიცუნცულება? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა ფიფომ.
- მე რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - და აბა, რა გავაკეთოთ? ხომ ხედავთ, არაფერი გამოდის? მთელი კვირა გავიდა და არც კი ვიცი, ჩემი შვილი მკვდარია, თუ ცოცხალი!
მიმიმ ხმას აუწია. მართალია თვალები ცრემლით აევსო, მაგრამ საბრალო სახის მაგივრად, ახლა ბევრად უფრო მტკიცედ გამოიყურებოდა. მტკიცედ და დაუნდობლად.
ფიფომ შეფიქრიანებული სახით გახედა. მიმის ახლა, მართლაც მთელი სისასტიკე ასახვოდა სახეზე და ბოროტად ანთებულ თვალებსაც აელვარებდა. ჩანდა, არავის დაინდობდა.
- როცა ატყობ, რომ წინ ვერ მიდიხარ! - დაიწყო მიმიმ. - შენი უწინდელი დასახული მიზანი, ზოგჯერ საჭიროც არის, რომ დაივიწყო! შეცვალო და სვლა, ისე განაგრძო!
- ოჰო! - გაიკვირვა ფიფომ. - სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებთ ქალბატონო.
- ჰო, მასეა. - კვერი დაუკრა გალეომ. - ყველა უნდა დაიკითხოს, გამოიკითხოს, ახლა მართლა, ეჭვმიტანილივით დაკითხვას კი არ დავუწყებ, მაგრამ საჭირო კითხვების დასმა, აუცილებელია.
- სწორედაც, რომ საჭირო კითხვები უნდა დასვა. - ჩაურთო ფიფომ. - ბავშვებსაც შეიძლება რაღაც-რაღაცეები გამოჰკითხო, მხოლოდ მსუბუქად, თავზე ხელის გადასმით, შეკითხვასაც რომ არ ჰგავდეს, ისე.
- იცი, კიდევ ვინ უნდა გამოჰკითხო? - ჩაერია მიმი. - აი, ის ხალხი, ის ოჯახი! საიდანაც ყველაფერი დაიწყო! აი, სწორედაც, რომ მაგ ამბავს მოჰყვა, ჩვენი უბედურება.
- იმ ბიჭის ოჯახს გულისხმობ, წამალში რომ გაიპარა? - შეეკითხა დეტექტივი.
მიმიმ, უხმოდ დაუქნია თავი.
- ეგ მეც ვიფიქრე. - განაგრძო დეტექტივმა. - თუმცა, საიდან უნდა მივუდგე, ეგ ჯერ, არ ვიცი. ამ ქალმა ხომ განაცხადა, არც კი ვიცნობდიო, შემთხვევით აღმოვჩნდიო და...
- და მერე, რა? - გააწყვეტინა მიმიმ. - ეს იმ ქალმა მე მითხრა, პირადად მე და შენთვის, ხომ არ უთქვამს? იქნებ, არც იმათ იციან, რა და როგორ თქვა, ან ვის, რა უთხრა? და გინდაც, იცოდნენ და მერე, რა? მე მითხრა! პირადად მე! და არა, შენ! - დაასრულა მიმიმ.
ფიფოს, კმაყოფილი სახით ჩაეღიმა.
„ყოჩაღ, მიმი!“
შეაქო გულში.
„ზოგჯერ, მართლაც როგორ კარგად მეხმარება შენი აზროვნება.“
- მოკლედ, ზუსტად და კარგად გათვლილი კითხვები უნდა მოამზადო. - ფიფო გალეოს მიუბრუნდა. - ისეთი ერთი კითხვა, რომელზედაც, ხუთი პასუხი უნდა მოდიოდეს.
- ხუთი? - გაიკვირვა მიმიმ.
- შეიძლება, სამი! ორი! ან სულაც ექვსი, მაგრამ არა ერთი. - ფიფო გაჩუმდა და მერე კვლავ გალეოს გახედა. - წადი ახლა შენ სახლში, შეხვდი ახალ წელს, მერე კარგად რომ გამოფხიზლდები შემოგვირბინე, ასე სამი რიცხვისთვის.
- მანამდეც მოვალ.
- არა! არ არის საჭირო. - ჩაეღიმა ფიფოს. - ნაბახუსევი თავით ნაფიქრალი და გაკეთებული საქმე, არ ივარგებს. გამოიძინე, დაისვენე და იმ დასვენებული თავით იფიქრე რა და როგორი კითხვები უნდა დაუსვა, ვის და რატომ.
- ისე, როგორი ყოჩაღი ბიჭია. - მდარედ ჩაეღიმა მიმის, როცა მარტონი დარჩნენ. - ამ ახალწელსაც უნდოდა ემუშავა და დაკითხვებზე ჩასულიყო სოფელში.
- მერე ხომ ავუხსენი, რომ არ ივარგებდა და რატომაც?
- ჰო, მართალი ხარ. - თავი დაუქნია მიმიმ. - რადგან ასეთ დროს, ამხელა გზაზე ჩადიხარ, ესე იგი, საქმე ბევრად ცუდად არის და უფრო მეტად არ გადამალონ ჩემი ბიჭი. - მიმის ცრემლები მოერია. - კიდევ სამი დღე უნდა ვითმინო მის გარეშე და არც კი ვიცი, ამის მერე, კიდევ რამდენი.
- რა ვქნა, მიმი? - ამოიხვნეშა ფიფომ. - თუ რამე სხვა გზა გვაქვს ახლა, მითხარი და გავაკეთოთ.
- ჩვენებს, არ მივულოცოთ? წინასწარ, თორემ მერე ატეხავენ ზარებს და ზედმეტი ლაპარაკის თავი, არ მაქვს.
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი და ფანჯრებს გახედა. ქუჩიდან, მაშხალების დაუსრულებელი ბათქა-ბუთქი ისმოდა და უფრო მეტად ემატებოდა.
- დადგა უკვე, ახალი წელი? - გაკვირვებთ იკითხა მიმიმ.
ფიფომ საათს დახედა.
- ჯერ არა და ამათ უკვე, დროზე ადრე მოიყვანეს და მიმი, იცი რა ვქნათ ახლა, მე და შენ?
მიმიმ თავი გააქნია.
- რა ვქნათ და სუფრა გავშალოთ!
- კარგი, რა ფიფო, რაა? რა სუფრა?
- სამ პერსონაზე! - ფიფომ ძლივს მოახერხა წამოდგომა, შესიებული ფეხი, ბევრად უფრო დამცხრალი ჰქონდა, მაგრამ მაინც ძლიერ აწუხებდა. - აბა, ადექი და ცოტ-ცოტა, ყველაფერი გამოვიტანოთ! მიმი, შენ რომ იცი ისე, აბა მოდი!
მიმიმ ხვნეშით გამოაღო მაცივარი და უხალისოდ შეუდგა სუფრის გაწყობას.
- მიმი, ჭამა-სმის ხასიათზე, ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ისე უნდა შევხვდეთ ახალ წელს, როგორც წესია! შამპანურსაც გავხსნი! ჰო! რა იყო? თითო ჭიქა შევსვათ! ერთმანეთს მივუჭახუნოთ და გამარჯვება ვუსურვოთ!
- ჰო! ჰო! - კვერი დაუკრა მიმიმ. - მოდი ყველაფერი ის გავსინჯოთ, რაც დიმეოს უყვარს, თუნდაც, სულ პატარა ლუკმა.
- აბა რა! სწორედ მაგიტომაც მინდოდა სუფრის გაშლა, დიმეო სულ მალე დაგვიბრუნდება, აი, ნახავ მიმი! და არავის გავახარებ და არავის შევარჩენ ამ მწარე დღეებს!
- იცი, ზოგჯერ, მეც მასე ვფიქრობ, რომ არავის დავინდობ, მაგრამ მერე ოღონდ დამიბრუნდეს და ხმას არ ამოვიღებ, ერთ საყვედურსაც კი არ ვიტყვი, ყველას ვაპატიებ! ყველას! - მიმის კვლავ ცრემლები მოადგა.
- შენ როგორც იტყვი, მიმი. - ფიფოს მდარედ ჩაეღიმა. - შენ თუ გინდა, რომ ვაპატიოთ, კი ბატონო, ვაპატიოთ და შევუნდოთ! თუმცა, ისეთ დიდ ბოღმაზე ვარ, რომ არა მგონია, ასე ადვილად მოვინელო.
- მეც მასე ვარ. ხან მინდა მოვკლა, ჩემი ხელებით ამოვთხარო თვალები, ბოლომდე ამოვკორტნო, ხანაც კი, ოღონდ დამიბრუნდეს და... - მიმიმ, ცრემლიანი სახე მოიწმინდა, თუმცა ისევ წასკდა ცრემლი.
პატარა, მყუდრო სუფრა, იქვე ბუხართან გააწყვეს, მაგრამ ვერც ერთი მიეკარა. ყველაფერი ხელუხლებელი იყო. თითქოს ელოდნენ, პირველად რომელი გასინჯავდა, მაგრამ ჩანდა, არც ერთს არ ჰქონდა სურვილი.
ახალი წელი, უკვე კარგა ხნის მოსული იყო, მაგრამ ქუჩიდან, კვლავ ისმოდა მაშხალების გამაყრუებელი გუგუნი.
მოულოდნელად კარზე, ზარი გაისმა. პირველად ფიფო წამოიწია, თუმცა მიმიმ დაასწრო:
- მე გავაღებ!
- ათასი ოხერია, გამოდი მე გავაღებ! - დაუშალა ფიფომ და სანამ წამოდგა, მიმი უკვე ღია კართან, გაოგნებული იდგა და ხმას ვერ იღებდა.
- მიმი, ვინ არის? - ოთახის სიღრმიდან გაისმა ფიფოს ხმა.
- ბედნიერი ფეხი მაქვს! - ადვოკატმა ღიმილით გადმოაბიჯა ზღურბლს და ტკბილეულით სავსე პატარა კალათი, მიმის შეაჩეჩა ხელში. - მიმიტევეთ და ვეღარ მოვითმინე, ჩემი ტრადიციაა, ახალ წელს სახლში ვხვდები და მერე მეგობრებთან შემოვლას ვიწყებ დილამდე! სხვათა შორის, ყველა ამას აღნიშნავს, რომ ბედნიერი ფეხი მაქვს!
- ჰოო? - გაეცინა ფიფოს და თან, ძალიან გაუხარდა მისი ვიზიტი.
- მეგობრები მაპატიებენ! ბედნიერებისა და სიხარულის სასურველად, პირველად თქვენთან მოვედი. - ადვოკატმა სამ პერსონაზე გაწყობილ, ჯერ კიდევ ხელუხლებელ სუფრას გადახედა. თავიდან უნდოდა, ის მესამე თეფში სადაც იდო, იქ დამჯდარიყო, თუმცა თავი შეიკავა.
მიმიმ და ფიფომ ერთმანეთს გადახედეს, თითქოს ვერ გადაეწყვიტათ, სად დაესვათ სტუმარი.
- უმჯობესია აქ დავჯდე, რადგან ცარიელ ადგილს, მხოლოდ იმისთვის ტოვებენ, ვინც აღარ არის. - სტუმარმა დიმეოსთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. - აბა, როგორ შეიძლება, ცოცხალი ადამიანისთვის ცარიელი ადგილის დატოვება? - განაცხადა ომახიანად და შამპანურის ბოთლს დასწვდა.
- აპ! აპ! - შეაჩერა ფიფომ. - მასპინძელმა უნდა ჩამოასხას. - თავად დასწვდა ბოთლს და ჭიქა შეუვსო.
- ახლა არ დავიწყებ ხვავი, ბარაქა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობაო. - ადვოკატმა ჭიქა ასწია. - უბრალოდ და მარტივად ვიტყვი, ჩვენ გავიმარჯვებთ!
- აი, სწორედ, მეც მაგას არ გეუბნებოდი მიმი, წეღან? - მხარი აუბა ფიფომ. - ამიტომაც გავშალეთ ეს სუფრა!
- დიდ ხანს, არ მოგაწყენთ, გასასვლელი ვარ! არც ზედმეტად ნასვამი მინდა ვიყო.
- ახალ წელს, ნასვამიც უნდა იყო და მთვრალიც. - ღიმილით შენიშნა ფიფომ.
- ბიჟუს მონახულება მინდა. - დაიწყო ადვოკატმა. - ტკბილეულს მივუტან, გავამხნევებ. უბრალოდ, ახალ წელს მივულოცავ. დარწმუნებული ვარ, ეს მცირეოდენი, პატარა ყურადღება გაუხარდება. არც არაფერს ვკითხავ, მხოლოდ მივულოცავ და წამოვალ.
- ჰო, ყურადღების გამოჩენა, კარგია. - დაუდასტურა ფიფომ.
- მოდი, ეს კალათი წაუღე. - მიმი ადვოკატს გახედა. - შენივე მოტანილია, მაგრამ იმას უფრო გაუხარდება.
- კამფეტებითა და შოკოლადებით მაქვს ჯიბეები სავსე. ეს თქვენთვის მოვიტანე და თქვენ მიირთვით.
- მაშინ გოზინაყი! - მიმი თვალებგაბრწყინებული მიაჩერდა ბიჭებს. - გოზინაყიც ჯიბეებში ხომ არ გაქვს? თან ბიჟუს, არავინ ჰყავს, ოჯახიდან რომ შეუგზავნოს რამე.
ფიფომ, უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ახლავე გავამზადებ! - მიმი ადგილიდან წამოიჭრა. - საცივიც გვაქვს, გოჭიც, ხაჭაპურებიც, ფხალეულობა! ხილსაც დავამატებ! - მიმიმ მაცივარში შეიჭყიტა. - ვაიმე, ეს ტოლმაც რამდენია დარჩენილი...
- გაატანე, ეგეც! - დაუძახა ფიფომ.
- სამი დღის რომ არის?
- მერე რა? თუ გაფუჭებული არ არის, რა უჭირს? გააცხელებს და შეჭამს.
- რაღაც ერთ კალათში თუ მოაქცევთ, თორემ ამდენს, ვერ წავიღებ. - შენიშნა ადვოკატმა.
- მანქანით გაგიყვან. - უთხრა ფიფომ.
- ჰო, მაგრამ მარტო მინდოდა შესვლა. - მიუგო ადვოკატმა.
- ფიფო! - წამოიძახა მიმიმ. - მე მინდა რომ ვნახო!
- შეენ? - გაუკვირდა ფიფოს. - შენ რატომ? თუ გგონია, უფრო მეტს გეტყვის?
- მე ვიცი, რაც უნდა ვუთხრა, დამშვიდდი.
- მიმი, რამე ისეთ რომ წამოგცდეს?
- ფიფო, დამშვიდდი რა, ვიცი რაც უნდა ვუთხრა და რამდენი. - მიმიმ ამაყად ასწია ცხვირი.
რაოდენ გაოგნებული სახით დარჩა, ქალბატონი ბიჟუ, როცა მის ახლად აყვანილ ადვოკატს, დახუნძლული ხონჩით, ვიღაც ახალგაზრდა ქალი შემოჰყვა. თუმცა, თავდაპირველი გაოგნება, არაფერი აღმოჩნდა, იმასთან შედარებით, რაც მოგვიანებით გაირკვა, თუ ვინ იყო ეს ქალი და ამ ახალი წლის ღამეს, რატომ მოვიდა მასთან.
ფიფო, მანქანაში ელოდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ხან ნანობდა, რატომ დაეთანხმა მიმის, ხანაც კიდევ ფიქრობდა, რომ იქნებ მიმიმ, უფრო მეტი რამ გაიგოს, ვიდრე მეო. ლოდინმა, საათზე მეტ ხანს გასტანა. ერთი კი გაიფიქრა ფიფომ, შევალ ვნახავ რა ხდებაო, მაგრამ ჯერ კიდევ, თავს იკავებდა და ამ ლოდინში, მიმიც როგორც იქნა, გამოჩნდა. მშვიდად და უხმოდ ჩაჯდა მანქანაში.
ფიფოს, ათასი კითხვა უტრიალებდა, მაგრამ ხმის ამოღებას, ვერ ახერხებდა.
- დაველოდოთ ადვოკატს და მივიყვანოთ სახლამდე. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- ჰო, ველოდები. - ფიფო სიგარეტს დასწვდა.
- ნუ ეწევი რა, ამდენს. გაბუღულია მთელი მანქანა. - მიმიმ ფანჯარა ჩამოსწია.
ადვოკატიც მალევე გამოჩნდა, ამჯერად დიდ ხანს ლოდინი, არ მოუწია ფიფოს.
- ისე, თუ საიდუმლო არ არის. - დაიწყო ადვოკატმა. - ბიჟუმ, რაო?
- რაა? - გაიკვირვა ფიფომ. - ბიჟუსთან, მარტო დარჩი? - ერთდროულად უსაყვედურა მიმისაც და ადვოკატსაც.
- მე მოვითხოვე! - უპასუხა მიმიმ. - როგორც ქალი, ქალს, ისე გავესაუბრე. ავუხსენი, თუ რატომაც იყავი ასე გამხეცებული და ბოდიშებიც ვუხადე, ისიც კი შევპირდი, რომ ცხელი კერძი და სხვა დახმარებებიც არ მოაკლდებოდა ჩემგან, არც ბავშვის პოვნამდე და არც მერე! თუ ფიქრობ, რომ არასწორად მოვიქეცი, დამტუქსე! მანქანიდან ჩამაგდე!
- ძალიან მინდა, ამ ქალს დავეხმაროო, მაგრამ მართლა არაფერი ვიციო. - ამოიხვნეშა ადვოკატმა.
- და შენ, რა გითხრა მიმი? - ჩაეკითხა ფიფო.
მიმიმ მხრები აიჩეჩა და უხმოდ გააქნია თავი.
ადვოკატი, სახლში მიაცილეს და ისევ, ბუხრის წინ ჩამოსხდნენ უხმოდ.
- ბავშვს, რატომ არ მიბრუნებენ? - წაიჩურჩულა მიმიმ. - ცხადია, რომ იმ ნარკოტიკებზე ხელის გასვრა აღარ სჭირდებათ. ფული, ასჯერ მეტი გადავუხადე.
- იქნებ, ფიქრობენ რომ, რადგან ამდენი შესძელი და თანაც, ასე მოკლე დროში, კიდევ შესძლებ?
- და მერე?! არ უნდა დამეკონტაქტონ? მივცემ! გადავუხდი, მაგრამ ხომ უნდა მითხრან?
- რაღაცას ვერ ვიგებ, მაგრამ რას?
ისევ დუმილი და კვლავ მაშხალების გამაყრუებელი ხმა არღვევდა ღამეს.
- იმ ქალს. - მოულოდნელად დაიწყო მიმიმ. - ყოფილი დედინაცვალი უყვარს ძალიან.
- ჰმ. დედინაცვალი და ისიც, ყოფილი? - ჩაეცინა ფიფოს. - ადვოკატმა, იცის?
მიმიმ უარის ნიშნად, უხმოდ გააქნია თავი.
LEX. 2020 წლის 27 მაისი, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment