Sunday, May 24, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 61)

61.
ადვოკატმა ახლაღა შეამჩნია, რომ თუ დიასახლისი რამდენიმე წუთის წინ, მისთვის რაღაც გაურკვეველი ემოციით, ფიფოს მკლავში ჩააფრინდა, ახლა თავჩაღუნული იჯდა და უსიცოცხლოდ გაშეშებულ, კანგადატყაულ ხელებზე ცრემლები სცვიოდა.
ფიფო კი, ხელში შერჩენილ, ცარიელ ჭიქას უაზროდ ჩასჩერებოდა და თითქოს, ვერ გადაეწყვიტა, კიდევ დაესხა, თუ არა.
- მომისმინეთ! - განაგრძო ადვოკატმა. - ჩემი კლიენტი კი იფიცება და საკმაოდ გულწრფელადაც, არავინ გამიტაციაო, მაგრამ ხომ შეიძლება, რამე იცოდეს, ან ისევ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, თავადაც გაიკითხოს? მე დავარწმუნებ, რომ ეს ისევ, მის სასარგებლოდ შემოტრიალდება და მართლაც შევეცდები ის, რისი შემსუბუქებაც შესაძლებელია, შევუმსუბუქო. ამისთვის კი საჭიროა, როგორც წეღან ვთქვი, რომ ზუსტად ვიცოდე, თუ რა ხდება. - სტუმარი გაჩუმდა.
ერთხანს დუმილი ჩამოვარდა.
- თქვენი შვილია? - ადვოკატის ამ მოულოდნელ შეკითხვას, მიმის ხმამაღალი ტირილი მოჰყვა.
ფიფომ მიმის ხელი მოხვია, თავისკენ მიიზიდა, თავი დივნის საზურგეზე გადასწია და ამღვრეული თვალები ჭერს მიაპყრო.
- რას მთავაზობ? - დაბალი ხმით, მიუგო ფიფომ. - გარიგება გინდა? რას მოითხოვ?
- გარიგება? - გულწრფელად გაიკვირვა ადვოკატმა. - მე მხოლოდ, ჩემი კლიენტის სამართლიანი გასამართლების მომხრე ვარ! სამართლიანი, და არა მისი ჩადენილი დანაშაულებებიდან, სუფთად გამოძრომის! რაც აქ ვარ, უკვე რამდენჯერმე გავიმეორე, რომ რაზეც თქვენ ხელს ადებთ და თავის მხრივ, ამას ბრალდებულიც კატეგორიულად უარყოფს, მხოლოდ ამაში გამარკვიეთ, სიმართლის გარკვევა მსურს უბრალოდ და მეტი, არც არაფერი.
- ძაან თავგამოდებული ადვოკატი კი შეურჩევია ბიჟუს. - ცინიკურად ჩაეცინა ფიფოს.
- ბოლომდე მიყვარს საქმის ჩაყოლა, ზერელობას მართლაც, რომ ვერ ვიტან!
- ფიფო. - მავედრებელი ხმით წაიკვნესა მიმიმ და ყურში რაღაც უჩურჩულა.
ფიფომ არაფერი უპასუხა და ადვოკატს ჩააშტერდა.
- ესე იგი, აქ მხოლოდ სიმართლის გასარკვევად მოხვედით და არანაირ გარიგებას არ მთავაზობთ? - მკაცრი ხმით შეუტია ფიფომ.
- არანაირ! - უპასუხა ადვოკატმა. - არც არავის გამოვუგზავნივარ და არც ჩემმა კლიენტმა იცის აქ რომ ვარ, ესეც ვთქვი წეღან!
- და აბა, რა შენი საქმეა? - კბილებში გამოსცრა ფიფომ. - ვინ გეკითხება, აქ მოსვლას და საქმის გარჩევას?
- თქვენ, ხელით შეეხეთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ, ბრალდებულს და კატეგორიულად ითხოვდით, ბავშვის დაბრუნებას. - მშვიდი, აუღელვებელი ხმით მიუგო ადვოკატმა. - რადგან ამ ბრალდებას, ჩემი კლიენტი, ასევე კატეგორიულადვე უარყოფს, მე როგორც, მისი დამცველი, ვალდებულიც ვარ და უფლებამოსილიც, საქმის ვითარებაში ბოლომდე გავერკვე და ახლა თქვენი ნებაა გადაწყვიტოთ, მენდობით თუ არა?
- ასე რა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ შენი ბიჟუ, პირს მოაღებს და პირდაპირ სიმართლეს გადმოაფრქვევს?
- იცით. - აუღელვებლად დაიწყო ადვოკატმა. - არც თუ ისე კარგ დღეშია და ამიტომ, განსაკუთრებით დღევანდელი ინციდენტის გამო, იძულებული გახდა, ბევრი რამ ისეთი მოეყოლა, რასაც სასამართლოზე კატეგორიულად არ იტყვის! არც ერთ შემთხვევაში ამ თემაზე, ხმასაც არ ამოიღებს და არც ის მიპასუხა, თუ რატომ, მაგრამ გასაგებიც არის, ან ეშინია და ან პირიქით, დუმილისთვის რაღაც გარკვეული ჯილდოც აქვს. მე კი, სანამ აქ მოვიდოდი უამრავი ვერსია ამომიტივტივდა თავში, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვალაგებ და უფრო მეტი უამრავი კითხვა გამიჩნდა.
- ჰმ, და მაინც, რას ვერ ალაგებ და რა კითხვებია ასეთი? - ფიფო საშინლად უხეშად ესაუბრებოდა, თუმცა მისი დაუპატიჟებელი სტუმარი კი ერთხელაც არ აღელვებულა, ისე თავისუფლად და ადვილად იგერიებდა მასპინძლის შემოტევებს.
- აი, თუნდაც თავიდან ვიფიქრე, რომ თქვენ დაკარგულ გოგონას ეძებთ, რომელიც სავარაუდოდ ბიჟუსთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა და ფიქრობთ, რომ გადამალეს, ან იქნებ სულაც, თავად იმალება?
- და, მერე? - კვლავ უხეშად ჩაეკითხა ფიფო და მაშინვე გაიფიქრა
„ვისზე ამბობს, ნეტავ? ესენი შემთხვევით, ანდრას ხომ არ ეძებენ და აქ, ეს მიამიტი სახის, მაგრამ საკმაოდ გაქექილი ადვოკატი შემომიგზავნეს?“
- მაინტერესებს იმ გოგონას ზუსტი ასაკი, ვინაობა, რამდენი ხანია რაც გაუჩინარდა, ბოლოს რა ინფორმაცია გქონდათ მასზე და ასე შემდეგ. - ადვოკატს უცებ ჩაეღიმა. - გამომძიებელივით კი მოგაყარეთ კითხვები, მაგრამ...
„რას ბრუტუნებს ნეტა, ეს ბიჭი?“
კვლავ გაიფიქრა ფიფომ.
„საქმე, სულ სხვა მხარეს მიჰყავს, თუ?.. მოიცა, მოიცა.. ეს იმ გოგონაზე ხომ არ აკეთებს აქცენტს, ანდრამ რომ მომიყვა, ჩაკეტილი ჰყავდათო და მერე, სულ გააქრესო?“
- ესე იგი, ბოლოს რა ვიცი მასზე? - ჩაეკითხა ფიფო.
- მე ვინაობა და ზუსტი ასაკიც და მეტი ინფორმაციაც მაინტერესებს, მაგრამ იყოს, ჯერ ბოლოს რაც იცით, ის მითხარით.
- ბოლოს ბიჟუს, ის გოგონა, ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და საკმაოდ კარგა ხნით, მერე კი იმ ოთახში, სულ სხვებმა დაიდეს ბინა და ის გოგონაც, უკვალოდ გაქრა!
- ფიფო, რას ჰყვები? - მიმის გაკვირვებას იმდენად ჰქონდა საზღვარი, რომ ადვოკატი მაშინვე მიხვდა, ეს სულ არ იყო ის ბავშვი, ვისზეც ასე წუხდა ეს ოჯახი.
- მიმი. - რბილი ხმით მიუგო ფიფომ. - დამაცადე, რაა.
- უკვალოდ გაქრობა, ხშირად მკვლელობისკენ მიდის. - ჩაურთო ადვოკატმა. - და ეს უკვე, კიდევ ერთი და სულ სხვა ბრალდებაა.
- არაფერს ვაბრალებ! შეუძლია ბიჟუს ახსნას, თუ არა რატომ ჰყავდა გოგონა, რამდენიმე თვე ჩაკეტილი და მერე, სად წაიყვანა? სად არის ახლა იგი? რა დაემართა?
ფიფო მიხვდა, რომ ადვოკატმა, მართლაც არაფერი იცოდა დიმეოზე, მაგრამ სულ ასე უპასუხოდ, მისი გაშვებაც არ ღირდა და ამიტომ თავის გასამართლებად, ანდრას მონაყოლი მოიშველია და ისე, მართლაც სად უნდა გამქრალიყო ის გოგონა? ამდენ ორომტრიალში, ეს ამბავი უკვე, ფიფოს აღარც ახსოვდა, ახლა კი მშვენიერი მომენტი მიეცა, ესეც გამოეძიებინა და იმ საწყალ გოგონასაც დახმარებოდა, თუ ჯერ კიდევ, ცოცხალი იყო.
ადვოკატმა არაფერი უპასუხა და ფიფოს, ვაჟკაცურად გაუსწორა თვალი. ფიფოც მშვენივრად მიხვდა, რომ ამ ღამის დაუპატიჟებელმა სტუმარმა, გოგონას შესახებ, ბევრი რამ იცოდა, მაგრამ თქმასაც არ აპირებდა.
- ესე იგი, გაჩუმებას ვამჯობინებთ?!
- ნუუუ. - თავი გააქნია ადვოკატმა.
- და, რატომ?
- ნუ, თუ მეტყვით, ვინ არის თქვენთვის ეს გოგონა და რას წარმოადგენს, მაშინ კიდევ შეიძლება გავამჟღავნო საიდუმლო.
- და რა ხეირი მერე, შენთვის?
- ჩემთვის? არც არაფერი! მხოლოდ, ის მაინც მეცოდინება, თუ სინამდვილეში, ვის ვიცავ და რამდენად მიღირს. იქნებ სულაც, სულ სხვას სჭირდება დაცვა? იქნებ სულაც, მართლაც გასაჭირში ჩავარდნილი გოგონები დავიცვა და არა ასეთ ნაძირლების სამყაროს დავუდგე დამცველად?!
- მერე? - ფიფოს ხმაში კვლავ ცინიზმი გაისმა. - შენი ნება, არ არის? ვისაც გინდა, იმას დაიცავ! თუ დაგაშინეს? მოქრთამეს? იქნებ, ანაზღაურებაა ზედმეტად სახარბიელო?
- კი, სახარბიელო არის, რა თქმა უნდა. - უპასუხა ადვოკატმა. - მაგრამ არანაირი ანაზღაურება, თავს არც დამაკარგვინებს და საკუთარ სინდისზე ხელს, არ ამაღებინებს! მიუხედავად იმისა, არც ეკონომიურად ვბრწყინავ და არც არავინ მიდგას გვერდით! პირიქით, მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრები, აქეთ არიან ჩემს იმედზე და შეიძლება იფიქროთ, რომ ფულს დავხარბდი? სულაც არა! თავიდან ჩვეულებრივი, როგორც ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი საქმე იყო და უარი, ნამდვილად არ მითქვამს. მერე და მერე, რაც უფრო ღრმად ჩავეძიე საქმის ვითარებას, ბევრი საინტერესო დეტალი გამოჩნდა და ახლა, იმ ხაზით უფრო დავინტერესდი და... - ადვოკატი გაჩუმდა.
- და? - ვეღარ მოითმინა ფიფომ. - გინდა რომ მე გენდო და ყველაფერი მოგიყვე, თავად კი, სრულ უნდობლობას მიცხადებ?
- სრულს, არა! მაშინ, აქ არ მოვიდოდი.
- აბა?
- მე იმ შემთხვევაში დავარღვევ, ჩემი კლიენტისთვის მიცემულ პირობას, თუ კი ეს მართლაც სხვა, უდანაშაულო მსხვერპლს ეხება და თანაც, ცუდად ეხება! ამიტომაც მინდა გავიგო, მიღირს კი საიდუმლოს გამხელა, თუ არა?
- კარგი! - უპასუხა ფიფომ. - მე ვეძებ, ტრეფიკინგის მსხვერპლ გოგონას, რომელიც შემდგომ, გადამალეს და გააქრეს! რა შეგიძლია მითხრა, ამის შესახებ?
- არც არაფერი! რადგან, უფრო მეტ დეტალებს მოვითხოვ.
- და, რა დეტალებს?
- თავად უნდა მითხრათ, რომ მიღირდეს თქმა.
- ფიფო! ვერაფერი ვერ გავიგე? - ჩაერია მიმი. - ვინ გოგონას ეძებ? და რა დროს, ვიღაც გოგოა როცა...
- მიმი მორჩი! - შეაწყვეტინა ფიფომ და მშვენივრად შეამჩნია, როგორ დაიჭირა ის სიტყვები ადვოკატმა, რა დროს ვიღაც გოგოაო.
- გთხოვთ, ორივემ მომისმინოთ. - დაიწყო ადვოკატმა. - არც გასარიგებლად მოვსულვარ და არც ენის წასაღებ-მოსატანად! ჩანს რომ ჩვენ, ყველას, სიმართლის გარკვევა გვსურს და ჩვენი ერთადერთი კვანძი, ამ შემთხვევაში კი, ბიჟუა! ამიხსნით ვის ეძებთ და რატომ და მეც ჩემის მხრივ, იქნებ უფრო მეტი გავარკვიო, ვიდრე ახლა ვიცი. ჩემი ინტერესი კი, მხოლოდ სიმართლის გარკვევაა და ამის მიხედვით, ჩემი კლიენტის სწორად და სამართლიანად დაცვა. სულ ეს არის და ახლა თქვენი გადასაწყვეტია მოგისმინოთ, თუ დაგემშვიდობოთ! უკვე ისედაც, ძალიან გვიანიც არის და თქვენც, მოსვენება გინდათ.
- და უკვე ხომ ვთქვი, რომ იმ გადაკარგულ გოგონას ვეძებ? - ფიფო ჯიუტად არ ცვლიდა თემას.
- ვინ ხართ, იმ გოგონასი?
- ამას მნიშვნელობა აქვს?
- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აქვს! - უპასუხა ადვოკატმა. - და თანაც, ძალიან დიდი.
- მისი ოჯახის, უახლოესი წარმომადგენელი ვარ! არც ახლა გამიმხელთ?
- ოჯახის? როგორც ვიცი, გოგონა ობლობაში გაიზარდა და აქამდე, არც არავის მოუკითხავს, ახლა კი, ამხელა თანამდებობის კაცი, უცებ ეძებთ და აცხადებთ, რომ მისი ოჯახის ახლობელი ხართ.
- რა არ შეიძლება, რომ პატარაობაშივე გაეტაცათ, მერე ხან სად აღმოჩნდა და ხან სად და ახლა იქნებ, მივაკვლიე და აი, აქამდეც მოვედი! და რა არის აქ, ასეთი დასამალი? პირიქით, თუ კი გოგონა ცოცხალია, რატომ უნდა დამალოთ? თუ უკვე?..
- არა! არა! - გააწყვეტინა ადვოკატმა. - ეს უკვე, მკვლელობის მუხლია და სულ სხვა თემაა.
- მოკლედ, ცოცხალია თუ არა? მხოლოდ ამაზე მიპასუხე!
- ცოცხალია და თავსაც მშვენივრად გრძნობს!
- და რაღას მალავთ, მერე? - გაუკვირდა ფიფოს. - ან, რატომ იყო გამოკეტილი?
- აი, ეს უკვე, კიდევ სულ სხვა თემაა და თქვენ ნამდვილად არ გეხებათ! თავად იმ გოგონას გადასაწყვეტია, სურს თუ არა თავისი ახლობლების ნახვა. თუმცა, როგორც თავად ამტკიცებს, არავინ ჰყავს და არც ახსოვს, ჰყავდა თუ არა.
- თქვენ ის, თავად ნახეთ? - ფიფომ ახლა ტონი შეცვალა და ადრე თუ უფრო უხეშობდა, ახლა უფრო, თავაზიანად მიმართა.
- დიახ, მოვინახულე! მშვენივრადაც არის და საერთოდაც არ უნდა ამ საქმეში გამოჩენა, არც მსხვერპლის სახით და არც მოწმის სახით და მე მესმის მისი.
- და მარტო ეს ერთი გოგოა, ასე? - მოულოდნელად იკითხა მიმიმ.
ადვოკატი შეცბუნდა, თითქოს მიხვდა, მიმი რასაც გულისხმობდა, მაგრამ ფიფოს გაკვირვებულ სახეზე ეტყობოდა, რომ ვერაფერს მიმხვდარიყო.
- რას ნიშნავს, მარტო ეს ერთი გოგო? - იკითხა ფიფომ, თუმცა მალევე გამოასწორა. - ალბათ, ასე ხშირად ხდებოდა, ჩაკეტავდნენ და მერე გააქროლებდნენ უკეთესი ცხოვრებისკენ, თუ სხვაგან გადაყიდიდნენ? სხვა ბორდელში! ალბათ უფრო, სრულწლოვნების! და მაინც, რა იყო აქ, დასამალი? ან, ჩასაკეტი? „თანაკოლეგებისგან“, რატომ მალავდნენ?
ადვოკატმა არაფერი უპასუხა, თუმცა ჩანდა, პასუხი უკვე მიმისაც ჰქონდა.
- ფიფო, რა არის აქ, გაურკვეველი? - დაიწყო მიმიმ. - ეს გოგონები, მართალია ბავშვები და არასრუწლოვნები არიან, მაგრამ მაინც მოზარდი თაობაა და შვილების გაჩენაც შეუძლიათ! ალბათ გოგონა, ორსულად იყო და კი არ ჩაკეტეს, უბრალოდ სხვებს მოარიდეს, მერე უკან იმიტომ აღარ დააბრუნეს, რომ ბავშვიანად არ დაბრუნდა, თავისთან დაიტოვა, არ გააშვილა, ან ბავშვის მამაა საკმაოდ გავლენიანი და უბრალოდ, მოარიდა ქალაქის ჭორებს, არც მამობაზე თქვა უარი და სავარაუდოდ, იქნებ, ვერც ოფიციალურად აღიარა შვილი და ასე შემდეგ!
- მე ერთი ეს შემიძლია შემოგთავაზოთ, რომ დამიწერეთ იმის ტელეფონის ნომერი, ვინც კონკრეტულად მას ეძებს და თუ გოგონა მოისურვებს, თავად დაუკავშირდება. - მიუგო ადვოკატმა.
- და თუ ასე ხშირად ხდებოდა, სად არიან ახლა ის ჩვილები? გაყიდეს? - ჩაეკითხა ფიფო. - ეს უკვე კიდევ ერთ ბრალდების საქმეში გადადის და ბიჟუ, უკვე ისედაც დახუნძლულია ბრალდებებით. - კმაყოფილი სახით დაასრულა ფიფომ.
- როგორც ვიცი, სხვა ჩვილები არ ყოფილან. - უპასუხა ადვოკატმა. - სხვათა შორის, ეგ მეც ვიკითხე. - გოგონები ხშირ შემთხვევაში თავს იცავდნენ და ან აბორტისთვისაც არა ერთხელ მიუმართავთ. რა თქმა უნდა, პრობლემის მოსაგვარებლად, ბიჟუ დაჰყვებოდა, როგორც არასრულწოვანის დედა, მაგრამ ის ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ბავშვის მამამ, თავად მიიღო გადაწყვეტილება.
- და შემიძლია ვიკითხო, ვინ არის ის კაცი და რას წარმოადგენს?
- წარმოდგენაც არ მაქვს! ბიჟუს არც დაუსახელებია და ჩანს, რომ არც აპირებს თქმას და რადგან თქვენ მას, ბავშვის გადამალვას და გატაცებას ესარჩლებოდით! და ამ ამბის მეტი, არაფერიაო იფიცება და თავსაც სდებს.
მიმიმ ამოიხვნეშა და ისევ მოწყენილად ჩაქინდრა თავი.
- გიყურებთ და ვხვდები, რომ თქვენ, სულ სხვა ამბავი გაწუხებთ, რომელიც შესაძლებელია ბიჟუმ იცოდეს, ან სულაც, გაარკვიოს. - ადვოკატი უშუალოდ მიმის მიმართავდა, რადგან ჩანდა, ფიფო ასე ადვილად, არ დათმობდა.
- თუ რამე სათქმელი აქვს, სჯობს თავად ბიჟუმ ამოღერღოს, სანამ დროა! - მუქარით წარმოსთქვა ფიფომ.
- ფიფო! - მიმის სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა. - ფიფო... - ახლა ყბაც აუკანკალდა მიმის. - ფიფო...
- არ წავალ აქედან, სანამ არ გამარკვევთ, თუ რაშია საქმე! - მტკიცე ხმით მიმართა ადვოკატმა. - პატიოსან სიტყვას გაძლევთ! თუ ჩემს სიტყვას, ახლა თქვენთვის რამე ფასი აქვს! და არაფერს ვითხოვ თქვენგან! არც არაფერს! უბრალოდ, დამლოცეთ. - ღიმილით დაასრულა ადვოკატმა.
- ფიფო, მე მეტი აღარ შემიძლია! - მიმის ხმაში, ისტერიკამ გაჟონა.
- შენ როგორც იტყვი, მიმი. - დაბალი, თითქმის ჩურჩულით უპასუხა ფიფომ, ისე რომ თავი არც აუწევია.
- ჩვენი შვილი... - მიმი ატირდა.
- და ბიჟუსთან გეგონათ და იქ, არ აღმოჩნდა? - ჩაეკითხა ადვოკატი, მაგრამ რადგან პასუხი ვერ მიიღო თავადვე განაგრძო. - მაჩვენეთ თქვენი გოგონას სურათი და ის თუ აღმოჩნდება, ვინც უკვე მოვინახულე, მაშინ არც დაგიმალავთ, ან თუ ის არ არის... - ადვოკატი წამით შეყოვნდა. - და იმ სხვა გოგონებმა, რა გითხრეს? ისინი მაინც თუ ამტკიცებენ, რომ იქ იყოო და ბიჟუ, მაინც უარყოფს? - ადვოკატი გაჩუმდა.
მასპინძლები კი ჩანდა, ხმის ამოღებას არ აპირებდნენ.
- შეიძლება, სურათი ვნახო? - დუმილი ისევ, ადვოკატმა დაარღვია.
პირველად, ფიფო მოეგო გონს და ხელის კანკალით გაუწოდა მობილურში დიმეოს სურათი.
ადვოკატმა გაოცებისგან, თვალები დაჭყიტა, ცხადი იყო, მოზარდი გოგონას სურათს ელოდა და აქ კი, ფოტოდან პატარა ბიჭი უღიმოდა.
- ექვსი წლის არის. - წაიკნავლა მიმიმ. - გაზაფხულზე ხდება, შვიდის.
- და ბიჟუსთან... როგორ... - ადვოკატმა მეტის თქმა ვერ მოახერხა.
- გამოსასყიდის გადაცემას, მიმის სახე შეეწირა! - ფიფომ ჭიქა შეივსო და ერთიანად გამოცალა.
- გამოსასყიდის? - ახლა უფრო მეტად გაიკვირვა დეტექტივმა. - და ბიჟუ, რა კავშირშია?
- შეიძლება, არც არის, მაგრამ... - დაიწყო ფიფომ, მაგრამ მიმიმ გააწყვეტინა:
- როგორ არ არის! - წამოიყვირა მიმიმ და მოთქმით ატირდა.
ფიფო მოეხვია და ისიც ტიროდა, მხოლოდ უხმოდ.
საცოდავი სანახავები იყვნენ. ადვოკატს, გული შეეკუმშა.
- მითხარით, როგორ გიშველოთ? ან, რა კითხვები დავუსვა ბიჟუს? ან რატომ, თქვენი ოჯახი და არა...
- იმიტომ, რომ ჩვენ მივაგენით იმ ბუნაგს, ჩვენ რომ არა, სამართალ დამცავებს, ჯერ კიდევ დიდ ხანს წარმოდგენაც კი არ ექნებოდათ და ყველაფერი, ჩვენგან დაიწყო! - ფიფომ სიგარეტის კოლოფს ჩახედა და ცარიელი რომ აღმოჩნდა, გვერდით მიაგდო. - დაგვრჩა კიდევ?
- ვნახავ. - წაიჩურჩულა მიმიმ და წამოდგა.
ფიფოს უკვე, ისღა დარჩენოდა, რომ ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა. რამის დამალვასაც, უკვე აზრი აღარ ჰქონდა. მხოლოდ, გამოსასყიდის თანხის ზუსტი ოდენობა, ამჯერადაც არ გაამხილა.
ერთხანს, სიჩუმე ჩამოვარდა და მერე ისევ ფიფომ დაარღვია დუმილი:
- და, რას ფიქრობთ? როგორ უნდა მოვიქცე, როცა ჩანს რომ ყველა გზა, ბიჟუსკენ მიდის?
- იმ ბიჟუსკენ, რომელმაც ჩანს, რომ ბევრიც არაფერი იცის. - ჩაურთო ადვოკატმა. - ისე, ნარკოტიკების აღმოჩენა და გადამალვაც კი არ უხსენებია.
- ესე იგი, არ გენდობათ.
- ჯერ სულ, ორჯერ ვნახე და უფრო მეტი ნდობის მოპოვებასაც უნდა შევეცადო.
- არა! არა! - შეაწყვეტინა ფიფომ. - ზედმეტად ნუ ეცდები, თორემ სულ ადვილად გაიშიფრები! თანდათანობით, ეტაპობრივად, სანდოობა უნდა დამტკიცდეს! ამიტომ, რასაც ბიჟუ მარტო თქვენთან აღიარებს, ეგ ყველაფერი, ბოლო სასამართლომდე არ უნდა გამომზეურდეს! მხოლოდ მთავარი თემის ირგვლივ უნდა იტრიალო და ესეც, კარგად უნდა შეირჩეს, რომელი იქნება ამ შემთხვევაში მთავარი და რატომ.
- და ისე, იმ გოგონასგან, რა გინდათ? - ჩაერია მიმი. - თუ კი მართლა არავინ ეძებს და კარგადაც არის თავისთვის შვილთან ერთად, იყოს მერე.
- არასრულწლოვანი რომ არის? - ჩაეკითხა ფიფო. - თან ბავშვით და თან, აშკარად უფროსი კაცისგან!
- და მერე? მოხდა უკვე! გააჩინა შვილი და ახლა, დედაა! - შეუტია მიმიმ. - იყოს თავისთვის და იცხოვროს, რა საჭიროა მისი მოწმედ მოყვანა, როცა თავადაც არ უნდა. ბავშვის მამა თუ პატრონობს და არც ბიჟუმ დაასახელა ვინ არის, ესე იგი, იმ კაცს ოჯახი ჰყავს, თანამდებობაც აქვს, შეიძლება იმ კაზინოს ერთ-ერთი მფლობელიც არის, მაგრამ თუ სასამართლოზე ამას არ ახსენებთ, ბიჟუც ჩათვლის საიდუმლოს შენახვად!
- დიახ, მეც ასე ვფიქრობ. - დაეთანხმა ადვოკატი. - ამ საიდუმლოს ბოლომდე შენახვასაც ვაპირებდი, თუმცა თქვენს ამბავში, გავამჟღავნე მხოლოდ, ამიტომაც დარჩეს ასევე საიდუმლოდ, ნუ ჩემგან  დარჩეს და სხვისგან თუ უნდათ, გამოაშკარავდეს!
- ისე, საინტერესოა, ვინ არის ბავშვის მამა? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა ფიფომ.
- ბიჟუმ არ დაასახელა, თუმცა ზედმეტად, არც მე ჩავეძიე. - ადვოკატმა საათს დახედა. - საკმაოდ გვიანია, თქვენც მოსვენება გინდათ.
- აბა, ჩვენ რა მოგვასვენებს? - მიუგო ფიფომ. - ასე დივანზე ვათენებთ და ვაღამებთ.
- მესმის თქვენი. - ამოიხვნეშა ადვოკატმა და წამოდგა. - ყველანაირად შევეცდები დაგეხმაროთ, თუნდაც ამ საქმეზე, უარის თქმაც რომ მომიწიოს.
ფიფოს ცალყბად ჩაეღიმა.
- მერწმუნეთ. - განაგრძო ადვოკატმა. - ვერ ვიცხოვრებ ისე, რომ ვიცოდე, პატარა ბავშვის დახმარება შემეძლო და არაფერი გავაკეთე ამისთვის! სახლი ბავშვებით მაქვს სავსე და წარმოდგენაც კი არ მინდა, რასაც ახლა თქვენ  გრძნობთ და განიცდით.
- მომისმინე. - დაიწყო ფიფომ. - აქ ნუღარ მოხვალ და რაც შეიძლება, ნაკლებად იკონტაქტე ჩვენთან, რადგან...
- დამშვიდდით. - შეაწყვეტინა ადვოკატმა. - ვერავინ იეჭვებს, რადგან ყველამ იცის ჩემი უცნაური ჩვევის შესახებ, როგორც ბრალდებულის მხარეს, ასევე ბრალმდებლის მხარესთანაც ხშირად მიწევს ვიზიტი. აი, სულ რომ არ გამოვჩნდე აქ, ეს უფრო საეჭვოდ ჩაითვლება. თუმცა ხშირი მოსვლაც, ცოტა სარისკოც იქნება. ასე, პერიოდულად შემოგივლით ხოლმე, თუ რამეს გავარკვევ.
- თქვენი ნებაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მაგრამ ტელეფონზე დარეკვა, უფრო სარისკოა და  ნუ დამიკავშირდებით.
- ამიტომაც, პირდაპირ მოგადექით. - ღიმილით მიუგო ადვოკატმა.
„ესეც გაუთვლია, არა და მართლა ლაწირაკს კი ჰგავს და როგორი გაქექილი ყოფილა და თანაც, მრავალშვილიანი. ეგ როდისღა მოასწრო? ჰმ.“
ჩაეღიმა გულში ფიფოს.
- მე მაქვს სხვა ნომერი. - დაბალი ხმით წარმოსთქვა მიმიმ.
- მართლა? - გაუკვირდა ფიფოს. - და მე, რატომ არ ვიცი?
- გახსოვს? ქირუგრს რომ ვაყიდინე მობილური?
- აა, ჰოო.
- არც გამომიყენებია და არც არავინ იცის. - მიმი წამოდგა. - ჩამოვიტან, თუ ჯერ კიდევ არ გაუქმებულა.

***
- როგორ ფიქრობ? - ღამის სიჩუმე დაარღვია მიმიმ. - ტყუილად ხომ არ ვენდეთ?
- არც ვიცი, რა ვიფიქრო, მაგრამ... - ფიფომ ამოიხვნეშა. - ვნახოთ.
LEX. 2020 წლის 24 მაისი, კვირა.

No comments:

Post a Comment