- ფიფო, ვინ არის? - ოთახის სიღრმიდან გაისმა მიმის ხმა.
- შემობრძანდით! - როგორც იქნა, გამოერკვა ფიფო და გზა დაუთმო.
- მაპატიეთ. - ახალგაზრდამ, ტილოზე ფეხი კარგად შეიწმინდა და სახლში ისე შეაბიჯა. - ასე გვიან შემოგეჭერით და...
- ეგ ხომ უკვე თქვი! - უხეშად მიუგო ფიფომ და სამზარეულოსკენ გაუძღვა.
მიმი აწრიალდა. ფიფო თუ დაბალ ხმაზე ისაუბრებდა, მიმი მისაღების დივანზე და ბუხარში შეშის ტკაცატკუცში, ვერაფერს გაიგებდა. თუმცა, ფიფოს უხეში შენიშვნაც, საკმაოდ ცუდად მოხვდა ყურს და უფრო მეტად დაინტერესდა.
- ფიფო, ჩაი შესთავაზე! - გამოსძახა მიმიმ და გაიფიქრა, იქნებ ფიფომ დამიძახოსო. მთელი სულით და გულით უნდოდა გაეგო, ვინ იყო და რატომ მოვიდა და თუ ფიფო, თავის კაბინეტში არ შეუძღვა, ესე იგი, საქმე უფრო სერიოზულად იყო, რადგან მხოლოდ ის კაბინეტი ისმინებოდა და ფიფომაც ძალიან კარგად იცოდა, იქ ვისთან და რამდენი უნდა ელაპარაკა. ჩვეულებრივ, სახლსაც ხშირად ამოწმებინებდა, ტელევიზორებიც კი დააშლევინა, იქაც რამე ხომ არ არისო, ახლა კი სრულიად უცხო სტუმარს, სამზარეულოში შეუძღვა და თანაც, დიდად არც გახარებია მისი ვიზიტი.
ჩანდა, გარეთ საკმაოდ ციოდა და არც ეს ახალგაზრდა გახლდათ მანქანით, რადგან ცხვირი, ერთიანად გასწითლდებოდა და შეეტყო კიდევაც ოთახის სითბოც როგორ ესიამოვნა. ფიფოს თითქოს, მიმის გამოძახილი არც გაუგიაო, ისეთი დაკვირვებით აშტერდებოდა ამ დაუპატიჟებელ სტუმარს.
„ლაწირაკი.“
გაიფიქრა ფიფომ.
„თინეიჯერს უფრო ჰგავს ვიდრე, დიპლომიან ადვოკატს. ისე შეიძლება, პრაქტიკანტიც იყოს? და გამოცდილ ადვოკატთან არის მიმაგრებული, მაგრამ მაშინ ბრალდებულთან, მარტო შესვლის უფლება, არ ექნებოდა. და იქნებ, იყო იქ კიდევ, სხვა დამცველიც? და მე ვერ შევნიშნე? არა, არა! არავინაც არ ყოფილა! ნამდვილად ეს ბიჭი იყო! კი ეს იყო, თუმცა მაინც მიკვირს, ასეთ ლაწირაკს და გამოუცდელს ბიჟუს დაცვა, როგორ ანდეს? დავიჯერო ან თვითონ ბიჟუს, ან მის ზურგს ამოფარებულებს, იმდენი საშუალება არ აქვთ, რომ უფრო გაიძვერა, ბევრად კარგად გამოცდილი და გაქექილი ადვოკატი აეყვანათ? ამ ბიჭის თვალებში კი, სულ სხვა რამე ელავს. აშკარად შემართებული და დარწმუნებული თავის სიმართლეში, თუმცა, უტვინო და უაზრო თვალებით სულაც არ იყურება. ერთის მხრივ, ბიჟუ ვიღაც რიგითი მეძავიც არ არის, რომ იაფფასიანი, ზედმეტად ახალგაზრდა და გამოუცდელი ადვოკატი რომ აეყვანა, რომელიც ნებისმიერ ანაზღაურებაზე თანახმაა, ოღონდაც კი საქმე ჰქონდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, იქნებ განგებ, სპეციალურად ამ ბიჭს შეტენეს ეს საქმე და მის ზურგს უკან კი, სწორედაც რომ გამოცდილი და გაქექილი დამცველი დგას?“
- გვიანი კი არის და კიდევ ერთხელ, მოგიბოდიშებთ. - ახალგაზრდამ გრძელი პალტოს ღილები შეიხსნა, ხელთათმანები ჯიბეში ჩაიდო, პალტოს კალთა გვერდულად, საკმაოდ მოხერხებულად აიკეცა, სკამიც უხმაუროდ გამოსწია და ისე ჩამოჯდა.
- გავიგეთ, რომ გვიანია! - ისევ უხეშად მიუგო ფიფომ. - და, მერე?
- თქვენ, კარგად მოგეხსენებათ, რომ პატიმრის ცემის ფაქტზე...
- და, რას მიზამენ? - ცინიკურად შეაწყვეტინა ფიფომ. - ასე ადვილად, ვერც გამაგდებენ! ყოველი გაგდებული თანამშრომელი, უკვე ოფიციალური მტერია შენი! კარგად დაიმახსოვრე, ბიჭო! და თანაც, ძაან მაგრად მკიდია, გამაგდებენ, თუ დამიჭერენ! და შენ, რისთვის მოხვედი აქ? საჩივლელად? და მერე? აქ, რა გინდა? წადით და სადაც გინდათ, იქ მიჩივლეთ შენ და შენმა ბიჟუმ!
ბიჟუს ხსენებაზე, მიმიმ უკვე ყურები ცქვიტა, წამოდგა და ნელი ნაბიჯებით წამოვიდა სამზარეულოსკენ.
- მართალია, პატიმრის ცემის ფაქტი დადასტურებულია და ამას, არაერთი მოწმეც ჰყავს, მაგრამ... - აქ ადვოკატი შეჩერდა, რადგან სამზარეულოში შემოსულ მიმის, სახეზე მიაშტერდა.
მიმის შესიებულ ტუჩს, ქვემოდან გადაყვლეფილი ნიკაპი „უმშვენებდა“ და ალბათ, ახლა უფრო დარწმუნდა ფიფოს სისასტიკეში, რომელიც საკუთარ მეუღლეს არ ინდობდა და რა გასაკვირი იყო, რომ პატიმარიც არ დაენდო.
- არც თუ ისე რთული გამოსაცნობია, ახლა რაც გაიფიქრეთ! - ცინიკურად ჩაეღიმა ფიფოს. - და გგონიათ, რომ სამსახურში პატიმრების ცემით ვირთობ თავს, განსაკუთრებით კი ქალების და სახლში კი, მეუღლის! და ესეც, ძაან მაგრად მკიდია ფეხებზე, ვინ რას ფიქრობს და...
- ფიფო! - მიმის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. - ვინ პატიმარი სცემე? ბიჟუ? ქალს დაარტყი?
მიმი იმდენად გაოცებული იყო, რომ ადვოკატსაც კი გაუკვირდა, მისი ასეთი რეაქცია, იმ დიასახლისისა, რომელსაც ცემის კვალიც, სახეზე ეტყობოდა და სხივი ცემა, ასე რატომ უნდა გაჰკვირვებოდა?
- არ მიცემია! - მშვიდი ხმით მიუგო ფიფომ და სკამის ზურგს მიეყრდნო. - უბრალოდ, ერთი შემოვულაწუნე და ცოტაც, თმებითაც ვითრიე!
- ფიფო! - აღშფოთდა მიმი. - მიუხედავად ყველაფრისა... - მიმი გაჩუმდა და თვალი ადვოკატისკენ გააპარა.
- ცემა, სხვანაირი ვიცი! - ფიფო წინ გადმოიხარა და ადვოკატს, ისე ჩახედა თვალებში, თითქოს პირადად მას ემუქრებაო. მერე ისევ სკამის ზურგს მიეყრდნო და ახლა უფრო, მშვიდი ხმით განაგრძო. - და საერთოდ, არ მესმის, აქ რატომ მოხვედით, ან ჩემი მისამართი, საიდან გაიგეთ?
- მისამართის გაგება, არც იმდენად რთული საქმეა დღეს. - უპასუხა ადვოკატმა.
- და, რატომ მოხვედით? - ფიფოს უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა, თუმცა თავსაც ძლივს იკავებდა.
- სწორი შეკითხვაა. - ადვოკატმა მიმის შეავლო თვალი და ფიფოსთვისაც გასაგები გახდა, რომ ცალკე უნდოდა საუბარი.
- მიმი, ჩაი დაგვისხი, რაა. - თბილი ხმით მიმართა ფიფომ და სტუმრისთვის მოულოდნელად დაუმატა. - და შენც დაგვიჯექი აქ. - ამით ფიფომ, ადვოკატს მიანიშნა, რომ დიასახლისის თანდასწრებით მოუწევდა საუბარი.
- ტოლმა ხომ არ შევათბო? - იკითხა მიმიმ.
- არა! არა! - გამოეპასუხა ადვოკატი. - თუმცა, თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ, მე მარხვაზე ვარ.
„ჰმ, მარხვაზეა ბიჭი.“
ჩაეღიმა გულში ფიფოს.
- და რით ვეღარ დამთავრდა ეგ ტოლმა. - მდარედ აღნიშნა ფიფომ.
- რა ვიცი. - ჩაილაპარაკა მიმიმ. - იმდენია, რომ...
- არც მე მინდა, ჩაი დაგვისხი. - მიმართა ფიფომ. - ჩაი ხომ შედის, სამარხვო კვების რაციონში? - ცინიკურად შენიშნა ფიფომ.
- კარაქიანი პურის, ან ხაჭაპურის მიყოლების გარეშე, კი. - ღიმილით უპასუხა სტუმარმა.
- სამარხვო მურაბა, გვაქვს მიმი?
ფიფოს სიტყვებზე, ყველას გაეცინა.
- ბუხართან გადადით, იქ უფრო თბილა და უფრო კომფორტულია. - შესთავაზა მიმიმ, რადგან შენიშნა, რომ ფიფომ რამდენჯერმე, მტკივანი ფეხი, ხან გაშალა, ხან მოკეცა, თითქოს ფეხის დასადებად, შესაფერის ალაგს ეძებსო.
- და რამე შემოგვაწოდე, რაა. - ისეთი სახით სთხოვა ფიფომ, რომ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო, რასაც ითხოვდა.
მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- აბა, გისმენთ! - ფიფომ კონიაკი ჩამოასხა და ჭიქას დასწვდა. - აქ იმისთვის არ მოხვიდოდი, ასე გვიან და ასეთ სიცივეში, რომ ბიჟუ ჩივილს აპირებს, თმები მომწიწკნაო. - ცინიკური ხმით დაასრულა ფიფომ.
- რა თქმა უნდა, არა! - უპასუხა ადვოკატმა. - ჩემი მოვალეობაა, ვინც არ უნდა იყოს და რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მაინც უნდა დავიცვა და ეს ისედაც იცით, არც ამის შესახსენებლად არ მოვსულვარ აქ, მაგრამ არის გარკვეული დეტალები, რომლებშიც ბოლომდე მინდა გავერკვე. მინდა ვიცოდე ზუსტად, თუ რა ბრალდებას უყენებთ და ასევე მოვითხოვ, ნებისმიერი ბრალდება, წერილობით იყოს დადასტურებული, ბრალის წაყენების ოფიციალური დოკუმენტით!
- მე, ვაბრალებ? - შეეპასუხა ფიფო. - სათამაშო სახლი და პედოფილების ბორდელი, მე გავხსენი? თუ ნარკოტიკებსაც მე ვასაღებდი? არა, ნუ, თუ სხვა ხალხი დგას მის ზურგს უკან, შეუძლია დაასახელოს, რა პრობლემაა და თავად, ბევრად უფრო ადვილად დაიძვრენს თავს, მაგრამ აი, სულ სუფთად გამოძრომისა უკვე, რა მოგახსენოთ?!
- ზოგიერთი დეტალი, ჯერ კიდევ გასარკვევია. თუმცა, ქალბატონი ბიჟუს დანაშაულიც აშკარაა და არც მის გამართლებას, ვაპირებ! მე მხოლოდ, მისი დაცვა მსურს იმ საქმეში, რაც მას, არ ჩაუდენია!
- ნუ ახლა, იარაღით ვაჭრობას, ნამდვილად ვერ დავაბრალებ! - ფიფომ თავი გააქნია. - ასეთი იქ, არაფერი შემინიშნავს! აი, დანარჩენი კი, სახეზეა და არც მის უარყოფასაც ნუ დამიწყებთ! არალეგალური სათამაშო სახლი სადაც, როგორც კრუპიეებად და ასევე მეძავეებად, ნარკოტიკებით გაბრუებული, არასრულწლოვანი გოგონები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ და ამ ნარკოტიკებსაც იქვე, თავიანთი საცოდავად ნაშოვნი ფულითვე ყიდულობდნენ! გესმით? როგორ იყო ეს ყველაფერი გათვლილი და დალაგებული!
- და ადვოკატი, მაინც რატომღა სჭირდება? - იკითხა მიმიმ.
- მიუხედავად იმისა, რომ ბრალი სახეზეა, მაინც საჭიროა რომ ყოველი დეტალი, ყოველი ბრალდება თუ წინადადება, უნდა იყოს ოფიციალურად დასაბუთებული, რადგან ნებისმიერმა ერთმა სიტყვამ შესაძლებელია, რომ ბრალდებულს, პატიმრობის ხანგრძლივობა ან მოუკლოს და ან სულაც, მოუმატოს. - განუმარტა სტუმარმა.
- ჰო, მაგრამ რაც ფიფომ ჩამოთვალა, ეს ყველაფერი ხომ სიმართლეა და არა...
- დიახ! მეც ვადასტურებ, რომ სიმართლეა და იმასაც ვამტკიცებ, რომ მარტო ჩემი კლიენტი, ამას დამოუკიდებლად ვერც შესძლებდა და ის მხოლოდ გამოსავალს იმაში ეძებს, რომ ამტკიცებს, ის ნაგირავები ბინა, მან გააქირავა და არ ერეოდა მდგმურების ცხოვრებაში.
- უი! - ცინიკურად გაიკვირვა ფიფომ. - და საერთოდ არ ვიცოდი, იქ რა ხდებოდაო? იქნებ, არც მეზობლებს ვაწუხებდიო?
- როგორც ვიცი, არა. - თავი გააქნია ადვოკატმა.
- და როგორ უნდა შეეწუხებინათ მეზობლები, როცა ლამის ნახევარი სადარბაზო, მაგათ ეკავათ და საერთოდ, ნამყოფი ხართ იქ? იცით ზუსტად, როგორ არის ოთახები და სართულები განლაგებული?
- არა, არ ვარ ნამყოფი, ჯერ პირველი დღეა, რაც ეს საქმე ავიღე და...
- სართულები ერთმანეთს, შიდა კიბით უკავშირდება. გარედან, ვითომ სხვადასხვა ბინაა, შიგნით კი, დუპლექსის ტიპის ინტერიერია, მხოლოდ კუბში და ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ბიჟუს, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა ხდებოდა იქ! მის მიერვე, ვითომ გაქირავებულ ბინებში, რადგანაც ერთ-ერთში, თავადაც ცხოვრობდა.
- ჰოო, ეს არ ვიცოდი.
- იქ რომ ცხოვრობდა, არ იცოდით? - ჩაეკითხა ფიფო.
- ეგ კი, მაგრამ ოთახები, თუ ასე ღიად ერთმანეთთან იყო დაკავშირებული...
- ოთახები კი არა, სართულები! აი, ამაშია საქმე!
- მდაა. - ამოიხვნეშა ადვოკატმა. - აი, ამიტომაც მიყვარს, საქმის ორივე მხრიდან გარკვევა. ჩვეულებრივ, არა მარტო ჩემს კლიენტთან, არამედ მის მომჩივანთანაც მიწევს ვიზიტი და ყოველთვის ამართლებს ეს მეთოდი.
„ჰმ, საკუთარ გამოცდილ მეთოდებზე საუბრობს, ბიჭი!“
გაიფიქრა ფიფომ.
„ნეტა დიდი ხანია მუშაობს? თუ პირდაპირ სკოლის მერხიდან ჩაუდეს დიპლომი ჯიბეში? ესეც კაი გაქექილი ყოფილა, როგორ დალაგებულად რაკრაკებს, მაგრამ ის კი არ იცის, რომ ამასაც ზედ მივაყოლებ!“
- ხომ შემიძლია, მოვინახულო ის სახლი?
- უპრობლემოდ! - უპასუხა ფიფომ. - მხოლოდ სასურველია, რომ დეტექტივის თანხლებით.
- კი, ბატონო! - დაეთანხმა ადვოკატი.
- ახლა, ხომ დარწმუნდით, რომ ბიჟუ, არც თუ ისე უცოდველი კრავია? და მაინც გინდათ, რომ ამ საქმიდან, სუფთად გამოაძვრინოთ?
- არც იმდენად სუფთად გამოძვრება. - მიუგო ადვოკატმა. - თუმცა, შეღავათებით სარგებლობის უფლებებს, მაინც დავიცავთ!
- დაიცავით, ბატონო! როდის დაგიშალეთ? - უპასუხა ფიფომ. - და მაინც, ბოლომდე არ მესმის თქვენი აქ მოსვლის ვიზიტი? უჩემოდაც შეგეძლოთ, ეს ყველაფერი გაგერკვიათ და მოგენახულებინათ კიდევაც ის კორპუსი!
- თავიდანვე გითხარით, რომ ყოველი დეტალი, თუ სიტყვა, გარკვეული უნდა იყოს და ბრალის წაყენების შემთხვევაში, ოფიციალურად დადასტურებული.
- და, რა დეტალია ასეთი? რამაც აქ მოგიყვანათ და თანაც, ასე გვიან?
- გვიანი ვიზიტისთვის, ბოდიშს კიდევ ერთხელ გიხდით! - ადვოკატმა ჩაის ფინჯანი, გვერდით გადასდო. - ამასაც ახლავე აგიხსნით, ასე რატომ ვიჩქარე.
ფიფო კონიაკის დასასხმელად გაიწია. სტუმარმა კი უარის ნიშნად, თავი გააქნია.
- მეტს ვერ დავლევ, თან უკვე გვიანია და დილის ზიარებისთვის უნდა მოვემზადო.
- ჰმ, ესე იგი, არც ეწევით? ფაქტიურად არც სვამთ, მარხულობთ, ეზიარებით და აღსარებებსაც იბარებთ! - ფიფოს ხმაში, კვლავ ცინიზმი გაისმა.
- აღსარებებს, არა. - ჩაეღიმა სტუმარს. - აი, აღიარებების მოპოვებას კი ვცდილობ, რომ უფრო კარგად გავუძღვე საქმეს.
- მაშინ, ჩაის დაგიმატებთ. - მიმი წამოდგა.
- არა! - შეაჩერა სტუმარმა. - ნუღარ შეწუხდებით, გვიანია და ზიარებისთვის არც გვიან ვახშმობა და წყლის დალევაც კი აღარ არის სასურველი.
- და ხვალამდე, მართლაც წყალსაც არ დალევთ? - ჩაეკითხა ფიფო.
- რა თქმა უნდა, არა!
- ჰმ. იმედია ახლა არ დაიწყებთ ამის ქადაგებას, როგორ და რანაირად ახერხებთ ასე დილამდე გაძლოთ?
- შეუძლებელია იმის ახსნა, რასაც საკუთარ თავზე გამოსცდით! - ღიმილით მიუგო ადვოკატმა.
„ჰმ. ეს ლაწირაკი, მართლაც, რომ კაი გაქექილი აღმოჩნდა, ერთი შეხედვით კი, მიამიტი ბავშვივით ჩანს. იქნებ, სპეციალურადაც ასეთი ტიპი შეარჩიეს, რომ ბიჟუ და მის ზურგს უკან მდგომნი, ადვილად გამოძვრნენ სასამართლო პროცესზე? ჰაჰ! არც გამიკვირდება.“
გაიფიქრა ფიფომ და ხმამაღლა მხოლოდ ის თქვა, რომ გეთანხმებიო.
- ისე კი ცოტა, უტაქტოდ და გვიან და თანაც, ახალი წლის მიწურულს დაგადექით თავზე. - განაგრძო ადვოკატმა. - ჯერ ახალი წელი, ბახუსი, ბედობა, შობა, კვლავ ახალი წელი და ბედობა, დაუსრულებელი ბახუსი და ნახევარი თვეც თვალსა და ხელს შუა ისე გაიფრენს, რომ...
- და თქვენ, დროც აღარ დაკარგეთ! - ჩაუმატა ფიფომ. - ჰმ, ჭკვიანურია და მერე, გისმენთ? კიდევ რა დეტალებია, ასეთი გაურკვეველი?
- მოკლედ, სათამაშო სახლს, გვერდს მაინც ვერ ავუვლით, ასეა თუ ისეა, იმ სახლის დიზაინის მიხედვით, ბიჟუს ნამდვილად უნდა სცოდნოდა, თუ რაც ხდებოდა იქ და ამ სიტუაციიდან, იმ შემთხვევაში შედარებით რბილად გამოძვრება, თუ ამ სახლის ინტერიერის პროექტს, სასამართლო, დეტალებში არ განიხილავს.
- და, რას მთხოვთ? რომ სასამართლო პროცესზე, იმ სამორინეს ნახაზები, არ გავშალო? და არ იცით, რომ ეს მე, სულაც არ მეხება? და უფრო მეტსაც გეტყვით, სულ ფეხებზე მკიდია!
- მე ეს არ მითქვამს, მაგრამ თუ ეს შესაძლებელი გახდებოდა, ჩემს კლიენტის დამამძიმებელ გარემოებებს, ოდნავ შეუმსუბუქებდა.
- და ძაან რომ ფეხებზე მკიდია, ბიჟუს შემამსუბუქებელი, თუ დამამძიმებელი გარემოებები, მაგასაც თუ ამჩნევთ?
- სწორედაც ეგ შევამჩნიე და მაგიტომაც უფრო ვარ აქ! - უპასუხა ადვოკატმა.
- ჰმ, ვერ გავიგე. - ფიფო ახლა მართლაც დაიბნა, მისთვის სრულიად გაუგებარი გახდა, ადვოკატის ასე გვიანი ვიზიტი და საერთოდ რა საქმე უნდა ჰქონოდათ პირადად მასთან, როცა საქმეს ოფიციალურად, გალეო იძიებდა.
- სათამაშო სახლი, ბორდელი, ნარკოტიკები, ეს საკმაოდ მძიმეა. - დაიწყო ადვოკატმა. - და ამას კიდევ უფრო, ბავშვის გატაცება ამძიმებს...
- ფიფო! - სტუმარმა სიტყვის დამთავრება ძლივს მოასწრო, რომ მიმი ფიფოს, მაჯაში ეცა.
ადვოკატს, არც მიმის აკანკალებული ყბა გამორჩა შეუმჩნეველი და ხელის ჩავლების დროს, გადაყვლეფილი თითები და უსწორმასწოროდ მოტეხილი ფრჩხილებიც არ დარჩენია უყურადღებოდ. ერთი შეხედვით, ასეთი რა გაუჭირდა ამ ახალგაზრდა ქალს, რომ ახალი წლის წინ, ასე მოუვლელი და დამტვრეული, ლაქ გადაცლილი ფრჩხილებით ყოფილიყო, მაგრამ რადგან სახეზე ცემის კვალიც ეტყობოდა, მისი ხელებიც ალბათ, ამ დაშავების ერთ-ერთი ნაწილი იყო. ადვოკატს შეებრალა კიდეც, წყნარი ნაზი არსება, ლამაზი და სანდომიანი ახალგაზრდა ქალი, რატომ უნდა ყოფილიყო სასტიკი და სადისტი მეუღლის ხელში. იქნებ, მასაც უნდოდა დაცვა, მაგრამ ქმრის შიშით, ვერ ბედავდა?
„გადაივლის ეს ახალი წლები და ბიჟუს საქმის პარალელურად, ამ საწყალ გოგოსაც მივხედავ.“
გაიფიქრა ადვოკატმა.
„ნეტა რამდენი ხანია, ასე იჩაგრება? იქნებ, ეს პირველად მოხდა და იმდენად დაბნეულია, რომ მაინც მეუღლეს ემორჩილება? ან იქნებ, მდიდარი და გავლენიანი ქმრის შიშით, ხმას ვერ იღებს და ფინანსურად, არც ადვოკატის აყვანა შეუძლია? ჰოდა, მე დავიცავ! სულაც არ მინდა, მისი ფული! ამ საწყალ, სასოწარკვეთილ თვალებიან გოგოს, ასე უყურადღებოდ, ვერ დავტოვებ!“
- და აქ, ამისთვის მოხვედით?! - ფიფოს სახეზე, სისასტიკის, მთელი უკიდურესობა აღებეჭდა. - გარიგებას მთავაზობთ?! არ გეყოთ? კიდევ, რამდენი გინდათ?! - ფიფომ საკმაოდ აუწია ხმას.
ადვოკატი შეცბა. ვერ მიმხვდარიყო მასპინძელი ასე უცებ, რამ გადარია. თუმცა, თავიდანვე იღრინებოდა და არც ესიამოვნა სტუმრის ვიზიტი, მაგრამ ახლა, ისეთი ამღვრეული და გაგიჟებული თვალებით შეჰყურებდა, რომ ცოტაც და ამ ადვოკატს, შუაზე გახლეჩდა.
- როგორ, რამდენს ვითხოვ? - გაიკვირვა დაბნეული ხმით ადვოკატმა. - და არც არაფრის გასარიგებლად არ მოვსულვარ.
- აბა, რა გინდა?! - ახლა უფრო ხმამაღლა დაიღრიალა ფიფომ.
- ფიფო! - მიმი მავედრებელი ხმით, ორივე ხელით მკლავში სწვდა.
„რაღაც უცნაურად იქცევიან და რაღაც აშკარად, დიდ წუხილს მალავენ, ან სულაც, ბოლომდე ჰყავს დამონებული ცოლი.“
გაიფიქრა ადვოკატმა და ახლა უფრო მეტად გაუჩნდა სურვილი, ამ სევდიანი და სასოწარკვეთილი ქალის დაცვისა, ამიტომ ფიფოს კვლავ აუღელვებლად და რბილად მიმართა:
- მე აგიხსენით უკვე, ჩემი ვიზიტის მიზეზი. მინდა ზუსტად ვიცოდე, რა ბრალდებას უყენებთ ბიჟუს?
- მე ვუყენებ ბრალდებას? - ფიფომ კოპები შეკრა. - მე არც დეტექტივი ვარ და არც პროკურორი! ესეც ხომ, მშვენივრად იცი? რაც შეეხება ბრალდებებს, მაგისთვის გირჩევნია, დეტექტივს მიმართო! და იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ამოღერღო აქ მართლაც და რისთვის მოხვედი? ვინ გამოგაგზავნა? მითხარი და დროზე წადი აქედან!
- არავის გამოვუგზავნივარ. - ადვოკატმა ამოიხვნეშა. ახლა აშკარად გამოიკვეთა, რაღაც ხდებოდა ამ სახლში. - არც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იცის, აქ რომ ვარ და აქ იმიტომ მოვედი, რომ სწორედ თქვენ წაუყენეთ ის გატაცებების ბრალდება და თანაც, სასტიკად ემუქრებოდით! ხელითაც კი შეეხეთ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქმე, თქვენს ახლობელში უნდა იყოს, ვინმე ისეთ გოგონაში, რომელიც თქვენი ოჯახის წევრია, ან ძალიან ახლობელია! - ადვოკატი გაჩუმდა და ახლა ფიფოს თვალებში, ცოტა უცნაური გამომეტყველება უფრო შენიშნა, ვიდრე ის წეღანდელი რისხვა და მეუღლესაც, ასეთივე გაკვირვებული სახე ჰქონდა.
ფიფომ არაფერი უპასუხა. ჭიქა შეივსო და სულმოუთქმელად გადაჰკრა.
- შეიძლება, დიდი ხანია დაკარგულია. - განაგრძო ადვოკატმა. - და თქვენი ქცევის მიხედვით, იმ დაკითხვის ინციდენტს ვგულისხმობ, შესაძლებელია კვალმა, ბიჟუს ბუნაგამდეც კი მიგიყვანათ. იმასაც კი ვვარაუდობ, რომ იმ დაკავებულ გოგონებშიც არ აღმოჩნდა, თორემ ასე გაცეცხლებით არ დააცხრებოდით თავს პატიმარს. აი, სწორედ ეს გატაცებების ბრალდებები მინდა, რომ დაასაბუთოთ, რადგან ბიჟუ, სულის ამოძრომამდე ამტკიცებს, რომ ძალით არავინ გაუტაცია და თქვენ წარმოიდგინეთ, მჯერა მისი! ქუჩის მეძავეობიდან, ლუკმა-პურის საშოვნელად სიცივეში გამოსული გოგონებისთვის, ბიჟუს ესკორტში მოხვედრა, სამოთხეს ნიშნავდა და რომელი იტყოდა ასეთ კომფორტზე უარს?
ფიფომ კვლავ არაფერი უპასუხა, ადვოკატმა კი განაგრძო:
- არა, მე ჩემს კლიენტს, არანაირად არ ვამართლებ, რაც იქ ხდებოდა მართლაც, რომ ზღვარს გადასული საშინელება იყო, მაგრამ ჩემი მოვალეობა ხომ ბრალდებულის სამართლიანი დაცვაა, მხოლოდ იმ კუთხით დავიცავ, რაც არ ჩაუდენია. სულ ეს არის. დანარჩენზე კი, რაც მეტ აღიარებით ჩვენებას მისცემს, შევეცდები მით უფრო, მეტი შეღავათებით ისარგებლოს. - სტუმარმა იყუჩა და განაგრძო. - თუ უფრო კონკრეტულად ამიხსნით, რაშია საქმე, იქნებ იცოდეს და რამე ვათქმევინო? დავარწმუნებ იმაში, რომ ეს აღიარება, ისევ მას წაადგება სასარგებლოდ.
- ვერ გავიგე? - მკაცრი ხმით ჩაეკითხა ფიფო. - გამოდის, რომ ბრალმდებელის მხარეს ხარ და არა, ბრალდებულის? ჰმ!
- იცით, რატომ ავირჩიე ეს პროფესია? არ მიყვარს, ვერ ვიტან, როცა უსამართლოდ ჩაგრავენ ხალხს! უსამართლოდ და არა, სამართლიანად! და თუ კი ამ ბინძური საქმიდან, ოდნავ მაინც სასიკეთო გამოვა, რატომაც არა? ბიჟუ კი იფიცება, არავინ გამიტაციაო, მაგრამ მე თუ დაზუსტებით მეცოდინება, ამ საქმის ვითარება, უფრო ზუსტ და კონკრეტულ შეკითხვას დავუსვამდი! ამით კი, აი, როგორც თქვენ ახლახან აღნიშნეთ, ბრალმდებელის მხარეს კი არ ვარ, არამედ იმ საცოდავი, გატაცებული გოგონას მხარეს ვარ! - ადვოკატი შეჩერდა. - აი, ამის სათქმელად მოვედი.
LEX. 2020 წლის 21 მაისი, ხუთშაბათი.
LEX. 2020 წლის 21 მაისი, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment