- იქნებ, ბავშვის გატაცება, ბევრად უფრო ადრე ჰქონდათ ჩაფიქრებული და კატალიზატორად კი, ის ნარკოტიკების გადამალვა იყო? - ამოიხვნეშა ფიფომ.
- და მაშინ, რა იყო ის? რა საქმე იყო ამის წინ? იქნებ, გაიხსენო? გაიხსენე ფიფო რა, გთხოვ. - შეევედრა მიმი. - მიდი, გაიხსენე რაა.
- მიმი, რას მეხვეწები? - უკმაყოფილოდ მიუგო ფიფომ. - რაში მჭირდება, ზედმეტად გახსენება და გონების დაძაბვა? ისედაც ვიცი, არაფერი ისეთი არ ყოფილა.
- იქნებ, შენ გგონია მასე, რომ არაფერი ისეთი და სინამდვილეში...
- მიმი, რა მგონია? რა? - გაცხარდა ფიფო. - საქმეების მეტი, რა იყო, მაგრამ ბავშვის გასატაცებლად, არც ერთი არ ღირდა და თანაც, ვისი?! ჩემი შვილის?! ამასაც ხომ, გაბედვა უნდოდა?! და ვის, უღირდა?! ვის?! - ხმას აუწია ფიფომ.
მიმიმ, არაფერი უპასუხა და თავი ხელებში ჩარგო. ერთ ხანს, იჯდა ასე უხმოდ, მერე კი დაბალი ხმით ჰკითხა ფიფოს:
- ნათლიაშენს, არ მოინახულებ?
ფიფომ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ისე, მართლა რა საშინელებაა. - წაილუღლუღა მიმიმ. - ახალი წლის ღამეს საავადმყოფოში.
- ნეტა, მე ვიწვე მის მაგივრად და ჩემი ბიჭი იყოს სახლში!
- ხანდახან, უჩვეულო ოცნებაც კი გვეხმარება, რომ ცხოვრება განვაგრძოთ.
- კარგი, ბატონო. - ცალყბად ჩაეღიმა ფიფოს. - ვიოცნებოთ მაშინ ეს სამი დღეც. - ფიფომ სიგარეტის ნამწვავი ბუხარში შეაგდო. - მეტი მაინც, აღარაფერი დაგვრჩენია. - დაუმატა დაბალი ხმით.
- რას ჰქვია, აღარაფერი დაგვრჩენია? - გაცხარდა მიმი.
- მიმი, დასვენებაა! საყოველთაო დასვენებაა! ახალი წელია! ვის დავავალო? ან ვინ ვაიძულო, ამ ახალი წლის დილას? და თანაც, არაოფიციალურად! ყოველგვარი ხმაურის გარეშე! და ის ვინც, მთელი კვირაა ენა გადმოგდებული დარბის, ორი დღე მაინც, არ დავასვენო ის კაცი?
მიმიმ მოწყენილი სახით გახედა, ფიფომ კი განაგრძო:
- ისედაც, თან მყვება და ახლა, ეს ორი-სამი დღე თუ არ ამოვასუნთქე, მერე შეიძლება, გულში მიკურთხოს და სულშიაც ჩამაფურთხოს და სულაც არ მეშინია, არც არავის გინების და არც არავის ფურთხის, მაგრამ საქმე აქ, სულ სხვა რამეშია და შენ, ვერ ხვდები!
- და, რაშია საქმე? - ჩუმი ხმით მიუგო მიმიმ.
- ქანცის გაწყვეტამდე, რომ ხათრით იმუშავებს კაცი და თავის მოფხანის საშუალებას, თუ არ მივცემ, მერე დაღლილ-დაქანცულს, არასრულფასოვანი შრომა გამოუვა. ამას მოჰყვება მერე გულგრილობაც, ზერელობაც და აი, სწორედ ამ პერიოდში დამიწყებს ფურთხებას და გულში შეკურთხებას და საქმესაც, გულიანად ვერც გააკეთებს და აღარც გააკეთებს!
- მორჩი? - შენიშნა ფიფოს ხანგრძლივი ტექსტით შეწუხებულმა მიმიმ.
- ჰაჰ!
- განა არ მესმის, რომ არ უნდა დაისვენოს და მართლა ქანცის გაწყვეტამდე უნდა ამუშავო და თანაც, უსასყიდლოდ. - მიმი წამით შეყოვნდა. - თუ წინასწარ არ ეტყვი, მინდა საჩუქარი გავუკეთო, როცა...
- რა საჩუქარი? - შეაწყვეტინა ფიფომ.
- მანქანა მინდა ვაჩუქო.
- კარგი. ვაჩუქოთ.
- მე მინდა, რომ ვაჩუქო.
- კარგი. შენ აჩუქე.
- მხოლოდ ჯერ, ნუ ეტყვი, რაა.
- კარგი. არ ვეტყვი. - ცალყბად ჩაეღიმა ფიფოს. - მე, სამ დღიან დასვენებას ვჩუქნი, შენ, მანქანას! მშვენიერია! ჰაჰ! ისე, შენ მანქანას ჩუქნი და ჩემგან სამი დღის დასვენება გაგიკვირდა?
- იმან დაისვენოს, მაგრამ ჩვენ?
- ჩვენ, რა დაგვასვენებს? - ამოიხვნეშა ფიფომ. - მაგრამ, რა გავაკეთოთ?
- მოვძებნოთ ის დედინაცვალი. ხომ შეიძლება?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - და სად ვეძებო? სახელი, გვარი, იცი?
მიმიმ უარის ნიშნად, თავი გააქნია.
- მერე, გეკითხა ბიჟუსთვის, იქ არ იყავი? ან სად ცხოვრობს, ის მაინც თუ გითხრა?
- ბიჟუმ მხოლოდ ის თქვა, რომ მშობლები გაშორებულები იყვნენ და დედაზე უფრო მეტად, ის დედინაცვალი უყვარდა. ეს ისე, საუბარს მოაყოლა და არც მე ჩავეძიე ზედმეტად. ვიფიქრე, რომ...
- სწორადაც იფიქრე. - ჩაეცინა ფიფოს. - არა, მართლა.
- ვცდილობდი, ყველაფერი კარგად დამემახსოვრებინა და ზედმეტი კითხვები, არ დამესვა. - მიმი გაჩუმდა. - პრინციპში, საერთოდაც არც არაფერი მიკითხავს.
- ისე, შენ მართლა ხომ არ დაიწყებდი დეტექტივად მუშაობას? - ჩაეღიმა ფიფოს. - და რაში გვჭირდება, ის ბიჟუს დედამთილია, თუ სიდედრი, თუ რაც ჰქვია.
- დედინაცვალი. - გაეცინა მიმის.
- ჰო! და თან, ყოფილი.
- და ბიჟუსი კი არა, იმ ქალის.
- ჰოო ოო! აი, ამიტომაც მოგეჩვენა საინტერესოდ? ჰმ. მეც არ ვიფიქრე, რა ჯანდაბად უნდა, ბიჟუს დედამთილი.
- დედინაცვალი! - ღიმილით შეუსწორა მიმიმ.
- თუ გინდა, სიდედრი იყოს! სად ვეძებოთ?
- აი, ეგ არ ვიცი!
- აუჰ! - ჩაეცინა ფიფოს. - არც გვარი, არც სახელი და საერთოდაც, მისამართის გარეშე!
- მამამისის ცოლი, ხომ იყო? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - არქივში იქნება.
- აუ, მე მოვკვდე, თუ შენ მართლა გამომძიებლის ალღო არ გქონდეს მიმი, მაგრამ იქნებ სულაც, არ იყვნენ რეგისტრირებული? როგორც ცოლ-ქმარი? აი, მერე?
- ვცადოთ, მაინც.
- ვცდი, აბა რა!
- სადაც კი უცხოვრია იმ კაცს, ყველა იმ მისამართზე უნდა გადამოწმდეს, თუ ვისთან ერთად ცხოვრობდა და რამდენი ხანი.
- ოჰ, მიმი. - თავი გააქნია ფიფომ. - კარგი, ვიპოვნით იმ დედამთილს! ტფუ, სიდედრს კი არა და დედინაცვალს! და, მერე?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - იქნებ, იქ მალავს ბავშვს?
- კარგი, რა მიმი. კარგი რააა. დასამალი ადგილების მეტი, რა არის? იქირავებს ბინას, სახლს, სხვა ქალაქში, სოფელში!
- ჰო, ვიცი, მაგრამ მაინც მინდა გადავამოწმოთ. ასე გაჩერება, უკვე აღარ შემიძლია, გავაფრენ ამ სამ დღეს!
- მიმი, როგორ გადავამოწმო? არქივი ახლა დაკეტილი იქნება და კარდაკარ ვიარო? თუ რას მთავაზობ?
- შენ, ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიაზე, არაფერი გსმენია? - ცინიკურად მიუგო მიმიმ. - გინდა დამაჯერო, რომ ამხელა თანამდებობის კაცს, შენივე კომპიუტერიდან და სავარძლიდან, ერთი ადგილის აწევის გარეშე, საარქივო მასალებზე წვდომა, არ გაქვს?
- კი, როგორ არა, მაგრამ სახლიდან არა.
- და მერე? რას მიყურებ? ადექი, წავიდეთ სამინისტროში და მოვძებნოთ!
- გოგონი! პირველი იანვარია!
- და მერე, რა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - იქნებ, რაღაც დაგრჩა კაბინეტში! და, რა? არ შეგიშვებენ? ვერ გავიგე, მორიგე პოლიციელის გეშინია, თუ გერიდება?
ფიფომ ღიმილით გააქნია თავი.
მორიგე პოლიციელები, მართლაც რომ გაკვირვებულნი დარჩნენ ფიფოს ვიზიტით. თუმცა ფიფომ, სრულიად ადვილად და მარტივად ახსნა, თუ როგორ დარჩა წინა დღით პიჯაკი, სადაც საფულესთან ერთად მობილურიც იდო.
- მგონი, ჩემი მანქანის გასაღებიც, იმ პიჯაკში მიდევს. - დაასრულა სიცილით და კიბეებს აუყვა.
მიმის ცოტა კი გაუკვირდა, ფიფომ ლიფტით რატომ არ ისარგებლაო, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და ისედაც გაოცებისგან პირდაღებულ მორიგეებს, ზედმეტი თავსატეხი, აღარ გაუჩინა და სანამ ფიფო ქაქანებდა თუ რატომ მოვიდა, მიმი ამ დროს გამოტენილი ჯიბეებიდან ტკბილეულს ურიგებდა ბიჭებს.
- აიღე ახლა, ფურცელი და პასტა და ყველაფერი ამოწერე. - მიუთითა მიმიმ.
- მიმი! - ფიფომ ლეპტოპიდან თავი ამოჰყო. - ოცდამეერთე საუკუნეა! მაქვს პრინტერი კაბინეტშიც და მდივანთანაც დგას.
სანამ ფიფო, კომპიუტერში იქექებოდა, მიმიმ დრო იხელთა და მდივანი გოგონას მაგიდა კარგად, გულდასმით მოათვალიერა. რას ეძებდა, თავადაც არ იცოდა. ძალიან ფრთხილად იღებდა ნებისმიერ ნივთს და ისევე უკან, ადგილზე აბრუნებდა. საინტერესოს ვერაფერს წააწყდა, ან რისი იმედი უნდა ჰქონოდა?
მიმის ფუსფუსში, ფიფოს უკვე რამდენიმე ფურცლის ამობეჭდვა მოესწრო და უკვე წასასვლელად მზად იყო, რომ მიმიმ, უკან მოაბრუნა.
- დაიცა, ერთი წამით. - მიმი ისევ, მდივნის საწერ მაგიდას მიადგა და უჯრა გამოაღო.
- მიმი, რას შვები? - უსაყვედურა ფიფომ. - ნუ იქექები, სხვის უჯრაში?
მიმიმ უჯრის ძირზე ჩაფენილი თხელი ქაღალდი. წამოსწია, მერე ფრთხილად შეაცურა ხელი და ბლოკნოტიდან ამოხეული, პატარა ფურცელი ამოაძვრინა.
- რა არის ეგ? - იკითხა ფიფომ.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - რაღაც ტელეფონის ნომერი წერია და...
- დააბრუნე უკან და წავედით!
მიმიმ მობილურით ფოტო გადაუღო და ფურცელი ისევ უკანვე შეაძვრინა.
- რად გინდოდა? რას დაძრომიალობდი, სხვის უჯრებში? - სახლში დაბრუნებულმა, ისევ უსაყვედურა მიმის. - რომ შენიშნოს, უხერხული არ იქნება? იფიქრებს რომ მე ვიქექებოდი.
- და იფიქროს, მერე? ჰმ, ვერც შემოგბედავს რომ გკითხოს? - ჩაეცინა მიმის. - ნუ, თუ ზედმეტად აქვს ენა შეჩვეული?
ფიფომ ამოიხვნეშა და ამობეჭდილი ფურცლების კითხვას შეუდგა.
- საცივი, არ გინდა? - შეეხმიანა მიმი.
- გააცხელე, რააა.
- საცივის გაცხელება, ვის გაუგია? - გაეცინა მიმის.
- მე მაინც ვაცხელებინებ დედაჩემს და სულ მსაყვედურობს.
- აი, თურმე რატომ არ ჭამდი დედაჩემთან, მეგონა არ გიყვარდა, ან არ მოგწონდა მისი გაკეთებული.
ფიფომ არაფერი უპასუხა.
- ცოტა გოჭის ხორციც არის. - განაგრძო მიმიმ და ნაღვლიანად დაუმატა. - დიმეს ნეკნების ხორცი უყვარს.
- მერე, ჭამე შენ. - გამოეპასუხა ფიფო. - ხომ მოვილაპარაკეთ? რაც დიმეოს უყვარს, ყველაფერი ის უნდა გავსინჯოთ ამ ახალ წელს, რომ ძველით ახალ წლამდე დაგვიბრუნდეს.
- ჰო... რა ვიცი?.. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- მოკლედ, ამ კაცის, მესამე ცოლი ყოფილა, ამ ჩვენი ნაცნობი გოგოს დედა, - დაიწყო ფიფომ. - მის მერე, კიდევ მოუყვანია ცოლი! თან, ორჯერ!
- აუჰ. - გაიკვირვა მიმიმ. - და ყველასთან იყო რეგისტრირებული?
- შენ წარმოიდგინე, კი. ისე, შეიძლება სხვა ცოლებიც ჰყავდა, არა ოფიციალური. ჰმ, არც გამიკვირდება.
- შვილები? ეს ერთი, თუ?
- ჰო! ეს ერთი.
- და რომელი დედინაცვალი უყვარდა, ნეტა?
- ნუ სავარაუდოდ, დედამისის მერე ვინც მოიყვანა, იმ ორი ცოლიდან, ერთ-ერთი.
- თუ ყოფილი დედინაცვალიო, როგორც ბიჟუმ თქვა, მაშინ იმ მომდევნო ორიდან, პირველი უნდა იყოს.
- იყოს, რაა. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - მაგრამ ამით, სადამდე მივედით? ან კი, მივედით სადმე?
- და სხვა შვილები? - ჩაეკითხა მიმი.
- ხომ გითხარი, მარტო ეს ერთი.
- და იმ ცოლებს, თუ ჰყავდათ თავიანთი შვილები?
- ახლა, იმათი ცოლების ყოფილი ქმრებიც უნდა მოვძებნო? - ჩაეცინა ფიფოს.
- ნუ, სასურველი კი იქნებოდა, თუმცა რაღად გვინდა? - ამოიხვნეშა მიმიმ.
- არის! ქალბატონო გამომძიებელო! - ფიფომ ფურცლებზე მიანიშნა. - ეგენიც ამოვყარე! ეს ისე ყოველი შემთხვევისთვის! - ფიფოს ჩაეღიმა. - ისე, რომ იცოდე, დედამისიც სამჯერ გათხოვილა და სხვა შვილები, არ ჰყოლია.
- საინტერესოა, იმ დედინაცვლებს და მამინაცვლებს, თუ ჰყავდათ შვილები?
- ოჰ, მიმი. - ფიფომ თვალები აატრიალა და გაეცინა. - ქალბატონო გამომძიებელო, აი, თქვენ წარმოდგინეთ, სულ მცირეოდენი ინფორმაცია, იმათ შვილებზეც კი ამოვაყოლე.
მიმის, კმაყოფილი სახით ჩაეღიმა. თუმცა, რას მოუტანდა ეს ინფორმაციების გროვა, ამას უკვე აღარ დარდობდა.
- ისე. - დაიწყო ფიფომ. - იმ ერთი დედინაცვლის გარდა, ყველას, მომდევნოებსა თუ წინამორბედებს ჰყოლიათ თავიანთი საკუთარი შვილები და სავარაუდოდ, ის უშვილო დედინაცვალი უყვარდა? ვითომ?
- ალბათ. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- და მერე, რა?
- გინდა, გავიდეთ მერე და ნათლიაშენი მოვინახულოთ? - მიმიმ თემის შეცვლა სცადა.
- არ მინდა.
- ვიცი, რომ დიდი ხანია, გულზე აღარ გეხატება, მაგრამ ცოლი მეცოდება, რა კარგი ქალია.
- კი, კარგი ქალია და მიმი! რომ ვთქვი არ მინდა, ესე იგი, არ მინდა და მორჩა!
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- თან დედაჩემიც, სავარაუდოდ ახლა, იქ იქნება. - განაგრძო ფიფომ. - მამაჩემიც! და ნათქვამიც მაქვს უკვე, რომ ბავშვი გვყავს წაყვანილი არდადეგებზე. არ ვართ ქალაქში!
- ჰო. მართალი ხარ. - დაეთანხმა მიმი და ნახევრად ჩამქრალ ბუხარს გახედა.
ერთხანს, იყვნენ ასე უხმოდ გალურსულნი. ფიფოს ჩასძინებოდა და მხოლოდ მისი ფშვინვა არღვევდა სიმყუდროვეს.
მოულოდნელად მიმი წამოხტა და მობილურს ეცა. ფიფომ ოდნავ თვალი შეაღო და რომ დაინახა მობილურით ხელში, მაშინვე გამოფხიზლდა.
- ზარი იყო?! - იკითხა შეშფოთებული ხმით. - ასე როგორ ჩამეძინა და ვერ გავიგე.
- დაიცა. - მიმი ტელეფონში რაღაცას ეძებდა. - აი! ვნახე! შეხედე!
- რა არის ეს? - ფიფომ გაკვირვებით ჩახედა გადაღებული ფურცლის ფოტოს. - რა ტელეფონის ნომერია? ვისია?
- არ ვიცი, მაგრამ დააკვირდი.
- ნომერი არ მეცნობა და კიდევ, რაღაც ციფრები სწერია.
- ციფრები კი არა თარიღია! თარიღი! და ზუსტი დრო! გესმის, ფიფო! ოცდაორი რიცხვია!
- კი მიმი, მივხვდი, რომ ოცდაორი რიცხვია და ვიცი, რასაც გულისხმობ, მაგრამ რა შუაშია მერე მანდ?
- ეს ფოტო, ხომ იცი, სადაც გადავიღე? შენი მდივნის უჯრაში იყო ჩამალული ფურცელი.
- ჰოდა, მაგას გეკითხები, რა შუაშია ან ის გოგო, ან ეს რიცხვი? იქნებ, ვიღაცის დაბადების დღეა და მაგიტომ ჩაინიშნა და ნომერიც მიუწერა? თუ, რა? ვკითხო, შენს უჯრაში რას მალავო?
- ფიფო! როგორ არ გესმის? - გაცხარდა მიმი. - შენ მარტო თარიღს მიაქციე ყურადღება და დააკვირდი, მთლიანობაში რა წერია! ოცდაორი რიცხვი და საათიც! თერთმეტი საათი და ოცი წუთია მითითებული! დიმეოს დიდი შესვენება, ზუსტად თორმეტის ოც წუთზე ეწყება და თან, ოცდაორი რიცხვი!
- მიმი, ახლა რას ამბობ, რომ ჩემი მდივანიც არის გარეული?
- იქნებ ბავშვი, ამიტომაც უფრო ჩაუჯდა? იცნო მანქანაც და შენი მდივანიც და თან ხომ უთხრეს, რომ მამამ მოგაკითხაო!
- არა! არა! მიმი! - ფიფომ თავი გააქნია. - მდივანი, მხოლოდ შუადღის ორიდან სამამდე გადის, დანარჩენი საათები, სულ იქ უნდა იყოს და არის კიდევაც! მაგ დროს რომ გასულიყო, მეტყოდა მაინც, ან შევამჩნევდი ბოლოს და ბოლოს! - და უცებ ფიფო გახევდა. მიტკლისფერი დაედო და ძლივს ამოილუღლუღა. - არც ვყოფილვარ იმ დღეს სამინისტროში.
მიმი სავარძელში მოწყვეტით ჩაესვენა.
- ქირურგთან ერთად ანდრა, ვაჩე და ჩემი მძღოლიც, თავის ცოლ-შვილით მთაში ავიყვანე ჩემივე მანქანით, სამსახურის მანქანა კი, ფარეხში დავატოვებინე. არა! მიმი, არა! რაღაც ვერ ლაგდება! მანაქანა ისევ იქ არის და მერე ხომ ვიპოვნეთ გადაჩეხილი და გადამწვარი მსგავსი მანქანა, და... - ფიფო დივანზე ჩამოჯდა და კიდევ უფრო მეტის გახსენებას შეეცადა. - მძღოლის მანქანა, სამინისტროს ავტოფარეხშია და არც არავის გამოუყვანია, ეს ნამდვილად ვიცი. - ღმერთო, რა ვიფიქრო? აღარ ვიცი! - ფიფო სიგარეტს დასწვდა. - ამ ნომერზე, ხომ არ დაგირეკავს?
მიმიმ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- კიდევ კარგი. - მიუგო ფიფომ.
- და, რატომ?
- იმიტომ მიმი! იმიტომ! ჩვენი ნომრებიდან, არ მინდა იყოს ზარი გასული და კიდევ, ათასი რამ! ამ ნომერს, ისედაც გადავამოწმებ, მაგრამ მიმი...
- ფიფო, მე ხელს კი არ ვადებ იმ გოგოს და მართლა დანაშაულში კი არ ვამხელ, მაგრამ ჩვენ ხომ აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ ნებისმიერ დამთხვევა, თუ მინიშნებაც, რაოდენ აბსურდულიც არ უნდა გვეჩვენოს!
- გეთანხმები. ზოგჯერ შეიძლება, სწორედაც რომ ყველაზე აბსურდულმა ვერსიამ გაგიყვანოს ზუსტ კვალზე.
- ჰოდა, გადაამოწმე!
- გადავამოწმებ! - ფიფომ სამსახურიდან წამოღებული ლეპტოპი გახსნა. - მთელი თანამშრომლების დოსიეები, ცალკე მაქვს აქ გადანახული.
- და ვინმემ რომ ნახოს, ან შენი მდივანი?.. როცა შენ არ ხარ კაბინეტში.
- პაროლიც დაყენებული მაქვს და რომც გახსნას, ისე მაქვს, რომ მაშინვე გავიგებ ბოლოს ვინ შევიდა ჩემს კომპში. მე რომც არ შევამოწმო, ეს ისედაც ავტომატურად ვარდება, როდის და რომელ საათზე იყო ბოლოს შესვლა და თანაც, მიმი ეს დოსიეები და საჭირო რამე რუმეები, ისეთ ადგილას მაქვს ატვირთული და ჩამალული, რომ სულ რომ დაიწვეს ეს ლეპტოპი მაინც შეიძლება...
- კი ეგ ვიცი. მეც მასე ვინახავ ხოლმე საჭირო რამეებს.
- გადავამოწმებ ისევ, თუმცა ისედაც ყველანაირად არის შემოწმებული, ქუჩიდან მოყვანილი, არც ერთი თანამშრომელი არ მყავს და მით უმეტეს, პირადი მდივანი.
- თავიდან გადაამოწმე! სად და როდის დაიბადა, სად გაიზარდა, სკოლა, საბავშვო ბაღი, ყველაფერი დაწვრილებით.
ფიფოს, მიმის სიტყვებზე გაეცინა.
- რა გაცინებს? - იწყინა მიმიმ. - განა შენ არ თქვი დღეს, რომ შეიძლება, ბავშვის გატაცება, ბევრად ადრე ყოფილიყო დაგეგმილი და მხოლოდ, ერთი მიზეზი იყო საჭირო, ან სულაც, იმან დააჩქარა? - მიმის თვალები აუცრემლდა და ფიფოს სიგარეტს დასწვდა.
- გადავამოწმებ დედაბუდიანად! აბა, რას ვიზამ?! - ფიფო მიმის გამხნევებას შეეცადა.
მიმი მოშორებით იჯდა და თვალს ადევნებდა. ფიფომ თავიდან, თანამშრომლების სიიდან გადაამოწმა იმ მდივანი გოგოს ისტორია. არაფერი უჩვეულო, სახეზეც ეტყობოდა, არაფერი საინტერესო იყო. თუმცა მოგვიანებით, ფიფო იმ ცალკე ამობეჭდილ ფურცლებს ჩააშტერდა, ცალკე ქაღალდზე რაღაცეები ამოწერა, მონიშნა. მერე ლეპტოპს შეეშვა. კიდევ რაღაცეები გადაამოწმა და ისევ ლეპტოპს დაუბრუნდა. აშკარად შეეტყო, რაღაც საინტერესოს მიაგნო და ბოლოს როგორც იქნა, მორჩა ქაღალდებსა თუ ლეპტოპში ქექვას. ნახევრად დაცარიელებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა, მოუკიდა, სავარძელში გადაწვა და თვალები მილულა.
მიმი დაიძაბა. თუმცა, ხმა არ გაუცია. ელოდა, ფიფო როდისღა დაიწყებდა საუბარს. ფიფო კი მშვიდად, თვალებმინაბული უშვებდა სიგარეტის კვამლს და თითქოს, ხმის ამოღებასაც არ აპირებდა. ბოლოს როგორც იქნა, გახსნა „ნანატრი“ ბაგე და მიმიც მოსასმენად მოემზადა, მაგრამ ამჯერად, იმედი გაუცრუვდა.
- მიმი, ყავა მომიმზადე რაა. - და ფიფო ისევ დადუმდა.
- ივახშმებ? - მიმის თან, მოთმინების ფიალა ევსებოდა და თანაც, ზედმეტი კითხვის დასმაც არ უნდოდა.
- არა! მარტო, ყავა მინდა! - ფიფომ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და მიმის მიაძახა. - თუ გინდა, ტკბილეულიც მოაყოლე!
მიმიმ მალევე შეუსრულა თხოვნა და უხმოდ ჩამოჯდა.
- მშვენიერი გოზინაყის გაკეთება სცოდნია გალეს დედიკოს. - ფიფომ თითები გაილოკა. - თუმცა, არც ძანეს ბებოსია ნაკლები. - ფიფომ თვალი, მიმისკენ გააპარა, რომელიც ჯერ კიდევ მშვიდად იჯდა, თუმცა მოუთმენლად ელოდა, თუ როდის გაუმხელდა ფიფო, ახალ აღმოჩენებს.
ფიფომ მობილური მოიმარჯვა. მიმი მოიღუშა.
„რა დროს ვინმესთან დარეკვა იყო, მითხრას ბარემ, რა გაარკვია ასეთი?“
თუმცა ფიფომ, მაშინვე გადაიფიქრა, მობილური მაგიდაზე დააბრუნა და მიმის ჩააკვირდა.
- მთელი ტექსტი მქონდა მოფიქრებული. - დაიწყო ფიფომ. - მინდოდა ჩემი მდივნისთვის, ახალი წელი მიმელოცა და თან, ვითომდა შემეპარებინა, რომ ჩემს ერთ მეგობარს მოსწონს. ნუ სავარაუდოდ, გალეოს. ისე, შეიძლება, მართლაც მოსწონდეს, მაგრამ კიდევ კარგი, დროულად გადავიფიქრე.
- თუ ეჭვმიტანილად ითვლება, მიუშვი გალეო, წაეპრანჭოს ცოტა, შენთანაც შემოირბინოს, ლანჩზე დაპატიჟოს.
- რა მეშველებოდა, ასეთი ჭკვიანი ქალი რომ არ მყავდეს გვერდით. - გაეცინა ფიფოს. - იცოდე, ტყუილადაც არ გაქებ და ახლავე აგიხსნი, რაც გამოვქექე და ესეც, შენი დამსახურებაა! სხვათა შორის!
- მართლა? - მიმის თვალები გაუფართოვდა და მოსასმენად მოემზადა.
- მოკლედ ირკვევა, რომ ეს ჩემი მდივანი, იმ კაცის გერია. ხვდები ხომ, ვისზე ვამბობ?
მიმიმ თავი დაუქნია.
- და გამორიცხული არ არის, რომ მშვენივრადაც იცნობდეს იმ ჩვენს, ეჭვმიტანილ ქალს! და კიდევ ერთი შტრიხი. ეს მამის მხრიდან, მაგრამ ახლა, დედის მხრიდანაც გვყავს ორი გერი და ერთ-ერთი, ამ ჩვენი ქალბატონის საყვარელია, რომელთანაც ბოლოს ცხოვრობდა და მაგრადაც ჟეჟა, თუ გახსოვს?
LEX. 2020 წლის 1 ივნისი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment