46.
ქირურგი არ დაბნეულა, მაშინვე გულწასული გოგონას გამოფხიზლებას შეეცადა.
- ჩქარა დარეკე სასწრაფოში! - მთელი ხმით უღრიალა ანდრას.
ანდრა არ განძრეულა, ისევ გახევებული აკროდა კედელს.
- ჩქარა! - უფრო ხმამაღლა უღრიალა ქირურგმა.
ანდრა ადგილიდან მოსწყდა და სულ მალე, დიასახლისთან ერთად შემოვიდა.
- დარეკეთ სასწრაფოში! - ახლა ბიჟუს უყვირა ქირურგმა. - ჯერ კიდევ, ცოცხალია!
- ხომ... მაგრამ... - დიასახლისმა უკან დაიხია. - ხომ იცით, რომ ეს შეუძლებელია!
- რატომ?! - შეუბღვირა ქირურგმა.
- სასწრაფოს, მერე პოლიციაც მოჰყვება და ამ ერთი გოგოს გულისთვის, სხვებს მშივრებს ვერ დავტოვებ! და დახურავენ აქაურობას და მაგიტომ! ნუთუ, ასე ძნელი მისახვედრია?! - იქეთ შეუტია ქალმა.
- აბა, მოკვდეს?! - ქირურგმა ახლა უფრო ძლიერად დაუღრიალა.
- იქნებ, როგორმე ჩვენ მივხედოთ... - ენის ბორძიკით უპასუხა ბიჟუმ. - სიკვდილი, არც მიფიქრია...
ქალმა სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ ახლა სააბაზანოში, სწორედ ის კაცი გაჩნდა, ვინც თავიდან ქირურგს, იქ მისასვლელი გზა მიასწავლა, მის ზურგს უკან კი ანდრა, შეშინებული თვალებით იყურებოდა. ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, ამ კაცსაც, ანდრამ უხმო და რატომ? თუ ეს კაცი აქ, ჩვეულებრივი სტუმარი, სულაც არ იყო, მაგრამ ახლა, ამის დრო, ნამდვილად არ იყო. სასწრაფოდ, ეს ბავშვი უნდა გადაერჩინა.
- არავის სიკვდილი აქ არ გვინდა! - კაცმა წყრომით გადახედა დიასახლისს, თუმცა ჩანდა, არც მას სურდა სასწრაფოს გამოძახება.
ახლა დრო იყო, ქირურგს უნდა ემარჯვა, რამე უნდა ეღონა, რომ ეს ბავშვი, როგორმე გონს მოეყვანა.
- გამატანეთ ეს გოგო! - ქირურგმა პირდაპირ, იმ კაცს მიმართა. - ჰო! მე წავიყვან საავადმყოფოში! - ქირურგი წამით შეყოვნდა. - ვიტყვი, რომ ქუჩაში ვიპოვნე! ძირს დაგდებული! ვერავინ გაიგებს!
- ჰო! - კაცმა დიასახლისს გახედა და ისე დაუკრა თავი ქირურგს. ამით ანიშნა, რომ ორივენი თანახმა იყვნენ.
- მხოლოდ, მანქანა გვინდა! მძღოლს დავურეკავ, სანდოა! სანამ ჩავიცვამ, აქ გაჩნდება! - ქირურგმა ხალათის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, მაგრამ კაცმა შეაჩერა.
- ვიცით, რომ ყველას სანდო მძღოლი გვყავს, მაგრამ... - მერე დიასახლისს გახედა. - ბიჟუ, გაამზადე მანქანა! - და ქირურგს მიუბრუნდა. - მიგიყვანთ და მაშინვე უკან გამობრუნდება, მაგრამ ქუჩის კამერები თუ დააფიქსირებენ, მაგისთვისაც უთუოდ, რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
- ეგ ადვილია! - უპასუხა ქირურგმა. - ქუჩაში დაგდებული გოგონა დავინახე და შემხვედრი მანქანა გავაჩერე! სულ ეს არის!
- მშვენიერია! - მერე ქალს მიუბრუნდა. - რაღას დგახარ?
- დამშვიდდით! მთავარია, გადავარჩინოთ და გპირდებით, ვერავინ ვერაფერს გაიგებს! – ქირურგი ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა, თან გოგონაზე ფიქრობდა და თან მშვენიერი იყო ასე, სააბაზანოს ხალათში გახვეული, რომ ნახეს, მის აქ ვიზიტებს, უფრო მეტი დამაჯერებლობა შესძინა, თანაც ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მართალია გოგონას დოზის გადამეტება მოუვიდა, მაგრამ არც იმდენად ცუდად იყო საქმე, ქირურგს შეეძლო, იქვე დაეყენებინა ფეხზე, მაგრამ განგებ, უფრო დიდი ამბავი ატეხა.
- ამ სახლს, სხვა გასასვლელი თუ აქვს? - იკითხა ქირურგმა. - ვფიქრობ, რომ... ასე უფრო...
- რა თქმა უნდა! - დაეთანხმა კაცი. - ბარემ, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება!
„ჰო, ჩვენი, ჰმ!“
გაივლო გულში ქირურგმა.
ანდრა კვლავ გაფითრებული იდგა.
- შენც წამოხვალ! - მიმართა ქირურგმა შეშინებულ გოგოს და კაცს მიუბრუნდა. - ანდრა ისე გამოგვყვება, იჯდეს მანქანაში, ნუ გადმოვა. მისი ახლა აქ დატოვება, არაფრით არ შეიძლება, რაღაც მსგავსი სისულელე, არ ჩაიდინოს!
და სანამ ქირურგს უპასუხებდნენ, კაცთან ზარი შემოვიდა.
- მანქანა მზად არის! - მიმართა ქირურგს. გოგონა ხელში აიყვანა და ოთახიდან ლამის, სირბილით გავარდა.
ქირურგიც უკან მიჰყვა. თუმცა კაცმა, სულ სხვა მხარეს გაუხვია.
„ალბათ ესაა, ის მეორე გასასვლელი.“
გაიფიქრა ქირურგმა და აქაც შეეცადა, ნაბიჯები როგორმე დაეთვალა.
სულ სხვა გასასვლელთან უცდიდა დიასახლისის მანქანა. ქირურგი გოგონასთან ერთად, უკან მოთავსდა, კაცმა კარის მიხურვა დააპირა, მაგრამ ქირურგმა გაკვირვებით წამოიძახა:
- ანდრა?
- მე მივხედავ! - უპასუხა კაცმა. - სანამ ყველაფერი არ მოგვარდება, არ იმუშავებს, დავასვენებ!
„ჰო! დაასვენებ, არა?“
ისევ გაივლო გულში ქირურგმა.
„ესე იგი, შენ ხარ აქ უფროსი, ჰმ.“
- ოჰ, რამდენი საფიქრალი გამიჩინა, ამ ტუტუცმა გოგომ! - წამოიძახა გამწარებული ხმით ქალბატონმა ბიჟუმ, როცა მანქანა დაძრა.
- მთავარია, ახლა გადარჩეს!
- მართლა, ასე ცუდადაა? - ახლა ცოტა, შეშინებული ხმა ჰქონდა ქალს.
- ნუ, როგორ ფიქრობთ? შარის თავი მაქვს? - უპასუხა ქირურგმა და თან გაიფიქრა, ამას ახლა, საკუთარი ტყავის გადარჩენა უფრო აწუხებს, ვიდრე ამ ბავშვისო.
- არავის გვაქვს, მაგრამ...
- რა მაგრამ? - ჩაეკითხა ქირურგი. - ვიცი, ახლა ცალკე კიდევ, რისი შიშიც გაწუხებთ, მაგრამ მაგასაც მოვახერხებთ, რომ არავინ გაიგოს. ჯერ გონზე მოვიდეს. მე გვერდიდან არ მოვშორდები, დაკითხვას თუ დაუწყებენ, თავს მოვამძინარებინებ და მერე ისე გამოვაპარებ, რომ ვერავინ დაინახოს.
- კამერა მაინც დააფიქსირებს გასასვლელთან!
- იქ დაელოდება ტაქსი, მიიყვანოს ნებისმიერ ადგილას და იქიდან სასურველია, შეუმჩნევლად გაძვრეს და ეგ უკვე, თქვენ უნდა მოახერხოთ. - ქირურგმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. - მიკარნახეთ ნომერი, მხოლოდ ზარს შემოვუშვებ და დამიკავშირდით, როცა მზად იქნებით.
- კარგი! მთავარია, გადარჩეს და საავადმყოფოდანაც, შეუმჩნევლად გამოვიდეს, დანარჩენს, ჩვენ მივხედავთ, მაგრამ...
- რა მაგრამ? - ისევ ჩაეკითხა ქირურგი.
- თქვენ იქ, ვინ შეგიშვებთ ისე, რომ...
- ნუ დარდობთ. - ქირურგს ცალყბად გაეღიმა. - აქედან არ შეხვიდეთ! აი, იმ მხრიდან შემოუარეთ და აი იქ, გააჩერეთ.
მანქანა გაჩერდა თუ არა, იქვე მდგარმა, თეთრხალათიანმა გოგონამ, ხელით ანიშნა და საკაცეც წამსვე მოაგორეს.
- ბატონო პროფესორო! არ ინერვიულოთ, ყველაფერი მზად არის! - მიმართეს ქირურგს და გოგონა შეიყვანეს.
უღრმესი მადლობა, ქალბატონოო, მიმართა ქირურგმა, გაოგნებულ, დამფრთხალ დიასახლისს და უკან არც მოუხედავს, ისე მიჰყვა ბრიგადას.
ყველაფერი წამებში მოხდა და ქირურგმაც ყველაფერი, ადვილად მოახერხა. სანამ ანდრა მაშველის დასაძახებლად გავიდა, მაშინვე თავის ექიმთა ჯგუფიდან, ჯერ ყველაზე სანდოს დაურეკა და მერე ფიფოსთანაც მოასწრო, ორი სიტყვის თქმა.
გოგონას გამოფხიზლებას, არც თუ ისე „ნაკლები“ დრო დასჭირდა. ქირურგი გვერდიდან არ მოშორებია, მთელი ღამე რეანიმაციაში გაატარებინა. კართან პოლიცია დარაჯობდა, ადვილად ვერავინ შეაღწევდა. გალეომ რამდენჯერაც დააპირა დაკითხვა, იმდენჯერ გოგონა სულ თავს იმძინარებდა და დეტექტივიც არ აძალებდა გამოფხიზლებას. ეს უკვე ფიფოს ბრძანება იყო. ახლა მართლაც, რომ სერიოზულ კვალზე იდგნენ. ამიტომ გოგონა დროებით, ისევ უკან უნდა დაებრუნებინათ, რომ იქაურობას ქირურგის სახით, საიმედო, ერთგული კლიენტი ჰყოლოდა.
ანალიზებმა დოზის გადამეტება აჩვენა და როგორც ნარკოტიკი, საკმაოდ სუფთა აღმოჩნდა, სხვა ზედმეტი მინარევების გარეშე.
- სუფთა წამალია! - მოახსენა ფიფოს გალეომ - თითქმის, იდენტურია იმ ნივთიერებასთან, რომლითაც ბანკეტიდან ნაჩხუბარი ბიჭი დაიღუპა და მიმის ფინჯანშიც, სწორედ ეს ნარკოტიკული ნივთიერებაა დაფიქსირებული.
- ესე იგი, იდენტური? - ჩაფიქრდა ფიფო. - და რატომ თითქმის? აბა სუფთაა და კამკამაო? - ცინიკურად ჩაეცინა ფიფოს.
- შესაძლებელია, თავად მიაყოლეს სხვა რამეც. - დაბალი ხმით დაუმატა, რეანიმაციის კართან ატუზულმა ქირურგმა, რომელიც სადარაჯოზე იდგა, რომ არავინ არ უნდა შეეშვა.
- შეიძლება. - დაბალი ხმითვე დაუდასტურა ფიფომ და მერე ისევ ხმამაღლა დაამატა. - ესე იგი, ამაღამ ვერ მოხერხდება ხომ, ამ გოგონას დაკითხვა?!
- სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გონზე არ მოსულა და ფიზიკურად ახლა ეს, შეუძლებელია! - ასევე მაღალი ხმითვე მიუგო ქირურგმა და ფიფოს, თვალი ჩაუკრა. იცოდა გოგონას, ყველაფერი მშვენივრად ესმოდა და დარწმუნებული იყო, სულ სიტყვა-სიტყვით ჩაუკაკლავდა ბიჟუს.
ქირურგმა ისიც მოახერხა, რომ გოგონას ჯიბეში ჩამალული წამალი გადაემალა, რომ გალეოსთვის მიეწოდებინა, მაგრამ ფიფომ უკანვე დააბრუნებინა.
- სულ ცოტა გადადე, შესადარებლად დაგვჭირდება, დანარჩენი კი, დაუბრუნე. ასე აჯობებს.
- კარგი. შენ უფრო იცი. - დაეთანხმა ქირურგი, ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა და ნომერი აკრიფა.
დიასახლისმაც, მალევე გააგონა და მოგვიანებით, ანდრასთან ერთად ეწვია.
- ტანსაცმელი ხომ მოუტანეთ? - დაბალი ხმით ჰკითხა ქირურგმა.
- კი, აი, ჰუდიც და ჯინსებიც! - სწრაფადვე მიუგო ანდრამ.
- ქუდი? - ჩაეკითხა ქირურგი. - ჰო, ქუდიც საჭიროა, კარგად ჩამოიფხატოს, ეგ აღარ გამახსენდა.
- ქუდი კი არა, ჰუდი! - აკისკისდა ანდრა.
- ჰაჰ! - გაეცინა ქირურგს. - რაც თავი მახსოვს, მასეთ ჩასაცმელს, „კაპიშონკას“ ეძახდნენ! - მერე დიასახლისს მიუბრუნდა. - ჩემს კაბინეტში, იმიტომ დაგიბარეთ, რომ ასე უმჯობესია, პალატასთან პოლიცია დარაჯობს, თქვენი იქ შესვლა, სახიფათოა.
- მართლა ასე ცუდად არის? - იკითხა შეშფოთებულმა ქალმა.
- საკმაოდ! - ქირურგმა სერიოზული სახე მიიღო. - რაც მთავარია, გონზე იყო უკვე მოსული. ახლა ისევ სძინავს, თუმცა ძლივს გამოერკვა. ერთი პერიოდი ისიც კი გავიფიქრე, რომ... - ქირურგმა ჯიბიდან, პატარა, ვერცხლისფერ ქაღალდში შეკუჭული, ბურთულა ამოიღო და ქალს გაუწოდა. - ეს დროულად ამოვაცალე, არავის შეუნიშნავს.
ქალი შეყოყმანდა, გამორთმევას არ აპირებდა და ჩანდა, არც დატოვება უნდოდა.
- საინტერესოა, ეს საწამლავი, სად იშოვნა? - ქირურგს ისევ ხელში ეჭირა ბურთულა და ქალს, თვალს არ აცილებდა.
- გარწმუნებთ! ჩვენთან არანაირი საწამლავი არ არის! პირიქით!
- პირიქით? - ჩაეკითხა ქირურგი. - ყველაფერი საუკეთესო?
- დიახ!
- კარგი, კარგი. - ქირურგს ვითომ, გულზე მოეშვა. - მაშინ უკეთესად გვქონია საქმე. მხოლოდ და მხოლოდ, დოზის გადამეტება ყოფილა, რაც მთავარია, უკვე გონზე მოვიდა და გადარჩენილები ვართ ყველანი. - მერე ქალს ჩახედა თვალებში. - და მეც, სხვათა შორის!
ქირურგმა ისედაც იცოდა, რომ ნარკოტიკი საკმაოდ მაღალი ხარისხის იყო და ახლა, დიასახლისმაც დაუდასტურა.
- გესმის, ანდრა? - ქირურგმა ტელეფონში ჩაფლულ გოგონას მიმართა. – ყველაფერი საუკეთესო კარგია, მაგრამ ის საუკეთესოც, ზომიერად. იმედია გაიგებ, ხომ?
- რთულია ყველაფრის გაკონტროლება. - ბიჟუმ თავის მართლება იწყო.
- რა თქმა უნდა! - დაეთანხმა ქირურგი. - ზოგი ერთს ვერ უვლის და ამდენს ერთად, ყველას სათითაოდ განსხვავებული მიდგომა უნდა. მესმის თქვენი. - ამოიხვნეშა ქირურგმა.
„ჩათლახი ქალი!“
შეუკურთხა გულში და ბურთულა ხელში შეათამაშა.
ბიჟუს ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, გამოერთმია, თუ დაეტოვებინა. ბოლოს ისევ, ქირურგმა იმარჯვა და წინ დაუდო.
- სხვა დროს, მეტი ყურადღება მიაქციეთ და იცით, რას ვიზამდი ახლა? ყველას ერთად შევკრებდი და ამ გოგონას გადარჩენას, მაგალითად მოვიყვანდი, ან თავად უფრო იცით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ!
- აუცილებლად! - დაეთანხმა ქალი. - ამ ამბავს, ასე არ დავტოვებ!
„წესიერად თვალსაც, რომ ვერ მისწორებს, ვინ იცის, რამდენი ასეთი ამბავი მიგიჩქმალიათ შენ და შენს ამფსონებს.
რამდენი უპატრონო ბავშვი გაგისტუმრებიათ საიქიოს, ისე რომ, არც არავის მოუკითხავს ის საცოდავები.“
ფიქრობდა ქირურგი და ცდილობდა, ბრაზი და ბოღმა სახეზე არ აღბეჭდვოდა.
- თქვენგან ძალიან დავალებული ვართ! - ქალბატონმა ბიჟუმ, ბურთულა მუჭში მოიქცია. - სამადლობელი სიტყვებიც კი ზედმეტია.
- ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული! - გაუღიმა ქირურგმა. - და რაც შეეხება მადლობას, მინდა რამდენიმე დღე, ანდრასთან ერთად გავატარო, ჩემს პირობებში, თუ რა თქმა უნდა, თავადაც მოისურვებს.
- რა პრობლემაა? - ქალმა ანდრას იდაყვი გაჰკრა, ანდრამ ყურსასმენი გამოიძრო და ბიჟუს, გაკვირვებული თვალები მიანათა.
- თქვენთვის კარი, ყოველთვის ღიაა, ხომ ასეა, ანდრა?
- მე ვიგულისხმე, რომ... - შეასწორა ქირურგმა. - ქალაქში გავისეირნებთ, კინოშიც მინდა დავპატიჟო. საჩუქრებშიც შევივლით და თუ მოისურვებს, ღამეც დავიტოვებ.
- რა თქმა უნდა, ისურვებს! აბა, ხომ არ დავაძალებ? - ბიჟუ ყურებამდე გაიკრიჭა და ანდრას, თვალები დაუბრიალა, დაეთანხმეო.
- ჰო, კარგი! - ისე დაიქნია თავი ანდრამ, რომ ჩანდა, ბევრი არც არაფერი გაუგია, მხოლოდ ის იცოდა, დიასახლისს უნდა დათანხმებოდა.
- რამდენი ხანიც გინდათ, იმდენი ისეირნეთ, თუმცა?.. - ქალი შეყოვნდა. - კინო და თეატრი, კარგი აზრია, მაგრამ...
- მაგრამ? - ჩაეკითხა ქირურგი.
- ბარი და რესტორანი, ნამდვილად არ იქნება სასურველი, რადგან... ხომ გესმით არა?
- რომ მესმის, მაგიტომაც მივდივართ კინოში. - გაიკრიჭა ქირურგი.
რა თქმა უნდა ესმოდა. ამ ხნის კაცი, ასეთ პატარა გოგონასთან ერთად რესტორანში, ბევრად უფრო შესამჩნევი იყო და ქალბატონ ბიჟუს, ის უფრო ადარდებდა, ანდრა ვინმეს ზედმეტად, არ დაეფიქსირებინა. ყველგან და ყველაფერში, სიფრთხილე იყო საჭირო.
- მოკლედ, ასე! - ქირურგი წამოდგა. - ცოტა ხანში, ტანსაცმელს შევუგზავნი და დაგირეკავთ, ტაქსი მზად იყოს.
- კი, ტაქსიც ჩვენიანია, მივხედავთ. მთავარია აქედან, შეუმჩნევლად გავიდეს.
- აი, მაგას მე მივხედავ. - გაუღიმა ქირურგმა და ქალბატონ ბიჟუს, დიდი მოწიწებით, ხელზეც ეამბორა.
- მშვიდობიან ღამეს გისურვებთ! - გაინაზა ქალი - ანდრა, სამი დღე დაისვენე.
- სამი დღე? - ანდრა დაბნეული შეჰყურებდა, ხან ერთს და ხან, მეორეს და ვერაფერი გაეგო.
- ანდრა, თუ გინდა, ერთი დღე იყოს, ან ორი. - მიმართა ქირურგმა. - შენ როგორც გინდა.
- ამ კვირაში? მთელი კვირა? - იკითხა გაოგნებულმა გოგომ.
- იყოს ერთი კვირა! - შეეშველა ქირურგი. - ხელფასიან შვებულებას, მე გამოვუწერ. თუ მოიწყენს, უფრო ადრეც დაგიბრუნდებათ.
- რა პრობლემაა? - გაიბადრა ბიჟუ, თუმცა ჩანდა, ანდრას ეს ერთ კვირიანი თავისუფლება, სულაც აღარ მოეწონა. მთელი კვირით, სხვაგან გაშვება, მეტისმეტი იყო, მაგრამ ბიზნესის გადამრჩენელ კაცს, უარი ვეღარ უთხრა.
იმ ღამესვე გააპარეს გოგონა საავადმყოფოდან. ანდრა ქირურგის კაბინეტის ფანჯრიდან ადევნებდა თვალს.
- აბა? - მიმართა ქირურგმა. - ყველაფერმა კარგად ჩაირა?
ანდრამ თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია.
- ვინმე ხომ არ აედევნათ?
- რა ვი. - თავი გააქნია ანდრამ. - მგონი, არა.
- ჰოდა, ძალიან კარგი! დღეს მორიგე ვარ, აქ უნდა დავრჩეთ. შენ შეგიძლია, დივანზე მიიძინო, აქ არავინ შეგაწუხებს.
- შენ მთელი ღამე, მანდ უნდა იჯდე? - გაკვირვებით ჰკითხა ანდრამ.
- ეჰ, ვინ მომასვენებს, თორემ კი. - გაუღიმა ქირურგმა. - ხომ არ გშია?
- რა ვი... ისე, რა... - ანდრამ მხრები აიჩეჩა.
- კი, თუ არა? - ჩაეკითხა ქირურგი.
- ჯერ, რაღაც არ მინდა.
- კარგი, მოგვიანებით ვივახშმოთ, თუ გამოგვივა.
- რატომ არ გამოგვივა? - იკითხა გაკვირვებით გოგონამ.
- იმიტომ, რომ... - ქირურგმა სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, რომ კაბინეტში, ექიმმა ქალმა შემოჰყო თავი და სანამ ხმას ამოიღებდა, ქირურგმა დაასწრო. - მოვდივარ!
- სად მიდიხარ? - ანდრაც წამოდგა, კაბინეტში მარტო დარჩენა, სულაც არ სურდა.
- დღეს ბევრი შობადობა იყო, სათითაოდ ჩვილები უნდა გადავამოწმოთ, მეც და სხვა ექიმებმაც.
- აუ, მეც მინდა ვნახო, რაა. ხომ შეიძლება? - მუდარით შეხედა ქირურგს.
- რატომაც არა! - ქირურგმა ანდრა კაბინეტიდან გაიყვანა. - აბა შემომისეთ ერთი, ეს გოგო! - მიმართა ექთნებს. - პატარა ჭყიპინები უნდა გავაცნო.
- თეთრი ხალათი, მეც უნდა ჩავიცვა? - თვალები გაუბრწყინდა ანდრას.
- ხალათი, ქუდი, ბაჰილები და პირბადეც! ჩემი პირადი ასისტენტი იქნები.
ანდრა სიხარულით აღარ იყო. არც დაღლილობა უგრძვნია და ვერც გაიგო, ისე დაათენდა თავზე. დილით კი ქირურგმა, აბა სახლში წასვლის დროაო, რომ გამოუცხადა, ცოტა მოიღუშა და საყვედურნარევი ხმით წაიბურტყუნა:
- აბა, ერთი კვირაო...
- კი მაგრამ, მთელი კვირა აქ ხომ არ ვიქნებით? - გაეცინა ქირურგს. - ჩემთან წავიდეთ და ჯერ უნდა, კარგად გამოვიძინოთ.
- მერე? - ანდრას გულზე მოეშვა.
- მერე ვნახოთ! წინ მთელი კვირაა. აბა, წავედით, ხაჭაპურები შევუკვეთე, სანამ მივალთ დაგვხვდება. გზაში მარკეტშიც შევიაროთ, კბილის ჯაგრისი და შენი მოსაწონი საპონი და შამპუნები ავიღოთ.
ანდრა ყურებამდე გაიბადრა.
„რა საოცარი ვინმეა.“
ფიქრობდა გულში.
„ნუთუ ჩემგან, მართლა არაფერი უნდა? ან რა უნდა უნდოდეს ისეთი, რომ ვერ შევუსრულო? რა საინტერესოა, მართლა რა უნდა ჩემგან? ან იქნებ, მე გამოვდექი ასეთი ყეყეჩი და უსინდისო, რომ ადამიანების აღარ მჯერა? რაც თავი მახსოვს, ყველას ჩემგან რაღაც უნდა, ყველა რაღაცას მოელის... ამ კაცის გარდა...“
LEX. 2020 წლის 27 თებერვალი, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment