-
ეს ოთახი, შენთვის მოვამზადე. - ქირურგმა კარი შეაღო.
ანდრამ ფრთხილად შეჰყო თავი, იქაურობას თვალი მოავლო. თითქოს, ფეხის შედგმასაც ერიდებოდა, მერე ნელ-ნელა გაბედა და თამამად შეაბიჯა ოთახში.
ჩვეულებრივი სუფთა, ნათელი ოთახი, საწოლთან ტუმბო, ლამაზი პატარა ნათურით. სარკიანი ტუალეტის მაგიდა, თავისივე რბილ გადასაკრავიანი პატარა სკამით.
ანდრამ ფრთხილად შეჰყო თავი, იქაურობას თვალი მოავლო. თითქოს, ფეხის შედგმასაც ერიდებოდა, მერე ნელ-ნელა გაბედა და თამამად შეაბიჯა ოთახში.
ჩვეულებრივი სუფთა, ნათელი ოთახი, საწოლთან ტუმბო, ლამაზი პატარა ნათურით. სარკიანი ტუალეტის მაგიდა, თავისივე რბილ გადასაკრავიანი პატარა სკამით.
- ასე?.. - ანდრამ გაკვირვებული თვალები, ქირურგს შეანათა.
- ასე როგორ მოახერხე? რა იცოდი, რომ აქ მომიწევდა მოსვლა?
- უკვე დიდი ხანია ჩაფიქრებული მქონდა! მინდა, იქაურობას მოგაშორო
და აი, ოთახიც მოგიწყვე, როგორც შემეძლო, ისე. - გაუღიმა ქირურგმა. - თუ მართლა მოისურვებ
და აქ იცხოვრებ, მერე როგორც შენ გინდა, ისე მოგაწყობინებ.
- მართლა?! - აღფრთოვანებს ვერ ფარავდა გოგო.
- ჰო, მართლა! - გაეცინა ქირურგს. - აბა, ტყუილად?
ანდრა კვლავ გაოგნებული იდგა.
- ახლა ჯერ, ვისაუზმოთ და მერე შეგიძლია, შხაპიც მიიღო და შენს
ახალ ოთახში, მშვიდად გამოიძინო.
- საუზმედ, რა იქნება? გინდა, მე მოვამზადო?
- ხაჭაპური, ჩაი და ბებიაჩემის მომზადებული მურაბა. ისე, ლიმონიც
გვაქვს და თაფლიც!
- ბებო, შენ რომელი მურაბა უფრო გიყვარს? - მიეალერსა
ქირურგის ბებია, ჯერ კიდევ გაოგნებულ გოგოს.
- რა ვი? სულ ერთია? - დაიმორცხვა ანდრამ.
- სულაც არ არის, სულ ერთი! - ჩაერია ქირურგი. - მე ლეღვის
მურაბა, არ მიყვარს! სამაგიეროდ, თეთრი ბლის მურაბა, ნიგვზით! მმმმ, ამაზე ვგიჟდები!
- იყოს თეთრი ბლის მურაბა. - გაიბადრა ანდრა. - ნიგვზით.
ახალ ოთახში და ახალ თბილ გარემოცვაში, ანდრას ისე გემრიელად
ეძინა, რომ საღამოსკენ, ძლივს წამოსწია თავი. ქირურგი, სახლში არ დაუხვდა. ბებიამ მოახსენა, სასწრაფოდ ოპერაციაზე გამოუძახესო.
- თუ მოგშივდეს, არ მოგერიდოს, სამზარეულოში თავისუფლად იყავი.
მოგვიანებით, ანდრამ ცოტა არ იყოს, მოიწყინასავით. ტელევიზორშიც
საინტერესო ვერაფერი ნახა. სახლის თვალიერებას მოჰყვა. ერთ-ერთი ოთახის კარი, რომ შეაღო
თვალში მოხვდა საწოლი, მის გვერდით ტუმბო, სანათური, თითქოს ისევე, როგორიც მას დაახვედრა
ქირურგმა. იქვე სკამზე მიკიდული ჯინსები და სკამის ქვეშ, ბოტასებიც შენიშნა.
„ჰმ! რა საინტერესოა,
ეს კაცი რა? ბავშვებს აგროვებს აქ? ნეტა ეს ოთახი, ვიღას მოუწყო? და ჩანს, რომ აქ უკვე, ვიღაც ცხოვრობს.“
ანდრას თითქოს, სადღაც გულში ეწყინა კიდეც, თავს გამორჩეულად გრძნობდა
და ახლა თითქოს, კონკურენტიც გამოუჩნდა. ისე კი, ყოველთვის უკვირდა და ვერც ხვდებოდა,
თუ რა უნდოდა ამ კაცს, მისგან. სინამდვილეში, რას მოითხოვდა.
სხვა მაცხოვრებლის აღმოჩენით, ცოტა არ იყოს გულმოსულმა გოგომ, უფრო
თამამად შეაბიჯა ოთახში და მაშინვე შენიშნა, კედლის ერთ მხარეს, ხატების კუთხესთან, ბიჭის
ფოტოები. იქვე, ასევე ხატებით გაწყობილ მაგიდაზე, სანთლები და უფრო დიდი ზომის ფოტოს
წინ, შინდისფერ შუშის სანათში ანთებული კანდელი.
ანდრა სახტად დარჩა, გული შეეკუმშა. უთუოდ შვილი იქნებაო, გაიფიქრა და ახლა უფრო ბევრ რამეს მიხვდა.
„საწყალი...“
თვალები ცრემლით აევსო.
„რა ლამაზი ბიჭი
ყოფილა...“
საშინლად დაუმძიმდა გული. ოთახის კარი ფრთხილად გამოხურა.
ბებია ისევ სავარძელში თვლემდა. ანდრამ ახლა ქირურგის კაბინეტი შეაღო და მაგიდაზე ლეპტოპს მოჰკრა
თვალი.
- ბავშვი მშიერი დაწვა. - შეწუხებული ხმით მოახსენა ბებიამ,
გვიან დაბრუნებულ ქირურგს. - ანდრამ ისე დაიძინა,
არც უვახშმია.
ქირურგმა ფრთხილად შეაღო კარი. ანდრას შუქი არ ენთო, მხოლოდ
ფანჯრიდან შემოჭრილი, ლამპიონის სხივი, მკრთალად ანათებდა ოთახს. ქირურგი ფრთხილად მიუახლოვდა
საწოლს. ანდრა გაიტრუნა, თუმცა სუნთქვაზე ჩანდა, რომ არ ეძინა.
- ანდრა! - მიმართა დაბალი ხმით. - რა მოხდა?
ანდრა გაილურსა, კვლავ თავს იმძინარებდა.
- ვიცი, არ გძინავს და ვხედავ, რაღაც გაწუხებს. - ქირურგი წამით
შეყოვნდა. - ჩვენ ხომ, მეგობრები ვართ და რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დააშავო,
მაინც შენს ერთგულ მეგობრად მიგულე.
- რაც არ უნდა მოხდეს? - ანდრა გადმობრუნდა. - რაც არ უნდა
დავაშავო?
- რა ჩაიდინე, ასეთი? - გაეღიმა ქირურგს.
- მაპატიე, რა არ მინდოდა! - ანდრა აზლუქუნდა. - შემთხვევით
მომივიდა, რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ, მხოლოდ მითხარი როგორ გამოვისყიდო?
- რა? რა უნდა გამოისყიდო? - თავზე მოეფერა ქირურგი.
- მართლა არ მინდოდაა! - კვლავ ზლუქუნებდა გოგო.
- მორჩი ახლა ბღავილს და მითხარი, რა მოხდა? - ცოტა მკაცრად
მიმართა ქირურგმა, რადგან მიხვდა, ზედმეტი ფერებით, არაფერი გამოვიდოდა.
- შემთხვევით მომივიდა... - ანდრა შეყოვნდა. - შენი ლეპტოპი
გავაფუჭე...
- უჰ! - გაეცინა ქირურგს. - და, ამას მიმალავდი?
- ვინ იცის, რამდენიმე რამ წაგიშალე და...
- სამწუხაროა, მაგრამ უსაშველო არაფერია, მივხედავთ მაგასაც,
თუ არადა, ახალს ვიყიდი და თუ შენ, ახლა არ ადგები და არ ივახშმებ ჩემთან ერთად, დაისჯები და არ გიყიდი ახალ ლეპტოპს!
- მეც?.. მე არც ძველი მაქვს... - ანდრას უფრო აუჩუყდა გული.
- მართლა, არ მიბრაზდები? მართლა, არ გწყინს?
- მწყინს კიდევაც და გიბრაზდები, ვერ ხედავ? ვახშმის იძულებით
ჭამას გაიძულებ! - ეცინებოდა ქირურგს. - ძალია მშია, ცოტას თვალში გამოვიხედავ და ვნახოთ
აბა ერთი, რა გააფუჭე. იქნებ, გაკეთდეს.
- ნეტა მართლა გაკეთდებოდეს...
- აი, ჯერ ვივახშმოთ, ცოტას დავისვენებ და მერე ვესტუმროთ,
ერთ ჩემს ძველ მეგობარს, თუ გაკეთდება არ დაიზარებს, თუ არა და, ვიყიდოთ ახლები, ჩემთვისაც
და შენთვისაც. - მერე ანდრას გადმოხედა. - ეს რომც გაკეთდეს, შენ მაინც გიყიდი ახალს,
არ ინერვიულო.
ანდრამ შვებით ამოისუნთქა და გემრიელად შეუდგა ვახშამს.
ძალიან თბილი და დაუზარელი გოგო აღმოჩნდა. მასპინძლებს არც
ჭურჭლის რეცხვას აცლიდა და არც მილაგება დააცადა. ყველაფერს თვითონ ასუფთავებდა.
- რომელი საათია. - ქირურგმა დიდ კედლის საათს მთქნარებით
გახედა.
ანდრამ შეატყო, ქირურგი ისე გადაღლილი ჩანდა, არსად წასვლის
თავი აღარ ჰქონდა და სწრაფადვე მიაგნო გამოსავალს. ტელევიზორის პულტი მოიმარჯვა და
ხმას აუწია.
- ვაიმე, როგორ მინდოდა ამ კინოს ნახვა! - ემოციური ხმით
მიმართა ქირურგს. - ვერასდროს ვერ ვნახე წესიერად, ხან ბოლოს ვუყურე და ხან, მარტო დაწყებას.
- დასაწყისს. - ჩაურთო ბებიამ.
ანდრამ გაკვირვებული თვალები შეანათა.
- დაწყებას, კი არა. - შეუსწორა ბებიამ. - დასაწყისს.
- ჰოდა, უყურეთ მერე, არავინ გიშლით. - გაუხარდა ქირურგსაც. იქნებ ამ საღამოს, სახლიდან გასვლას გადარჩენილიყო. თან, თავსაც უხერხულად გრძნობდა,
ანდრას სეირნობასა და საჩუქრებს დაჰპირდა და უკვე მეორე საღამოც, ისე მიილია.
- ამ კინოს ნახვა, ძალიან მინდა და მოდი, ხვალ წავიღოთ და გავაკეთებინოთ,
შენ თუ არ გეჩქარება. - ანდრა სავარძელში მოკალათდა და ტელევიზორს ჩაუჯდა.
- სამწუხაროდ, ხვალ მორიგე ვარ. - დანანებით თქვა ქირურგმა.
- ზეგ დილამდე.
- მერე რა? - უპასუხა ანდრამ. - მითხარი, სად მივიტანო და
მე წავიღებ. ხომ შენი მეგობარია? დაურეკე და მე მივალ ხვალ.
- დაგიტოვებ ფულს და ტაქსით წადი. არ მინდა, ისე იარო ქუჩაში.
- რატომ, რა? - გაეცინა ანდრას. - მომიტაცებენ?
- ჩაბარებული ხარ ჩემთან და არ მინდა, ვინმემ გნახოს, ასე მარტო
რომ დადიხარ და მოდი რაა, ახლა ნუ ამახსნევინებ, რატომ და რისთვის, კარგი? - გაუღიმა
ქირურგმა.
ანდრა გაიკრიჭა. იქნებ, სულაც არ აინტერესებდა ეს ფილმი, ან
იქნებ, ბევრჯერაც ჰქონდა ნანახი, მაგრამ შეეცოდა გადაღლილი, მისი ერთადერთი, უფროსი მეგობარი
და მხარი აუბა. რაც თავი ახსოვს, ამ დედამიწის ზურგზე, ეს ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ასე უანგაროდ ზრუნავდა მასზე.
მიუხედავად უამინდობისა და ზამთრის სუსხისა, ანდრამ მაინც
სიამოვნებისგან გაიზმორა. ჩვეულებრივი სადა, უბრალოდ მოწყობილი ოთახი, რომელიც დიდი
სიყვარულით დაახვედრა მეგობარმა და ახლა დრო იყო, თვითონაც დაემტკიცებინა გვერდში დგომა,
თავისივე გაფუჭებული საქმე, თავადვე უნდა გამოესწორებინა. თავიდან იფიქრა, ფულს დავზოგავო,
მაგრამ მერე მაინც ტაქსით გადაწყვიტა მგზავრობა. ქირურგი მართალი იყო, რა საჭიროა ვინმემ
შენიშნოს, როგორ თავისუფლად დადის ქუჩაში, როცა იმ დროს, ქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ
უნდა ყოფილიყო.
ანდრა გამოკეტილი, სულაც არ იყო. თავისუფლად შეეძლო, სადაც მოისურვებდა, ყველგან წასულიყო, მაგრამ აბა სად? სხვა საცხოვრებელი, არც ჰქონდა. იმ საშინელ ბავშვთა
სახლს კი, ყველაფერი სჯობდა, სადაც დღედაღამ ცემა-ტყეპასა და გამუდმებით ჩაგვრა-დამცირებაში, მშიერი და გაყინული რომ იყო. თანაც, არც იქ აკლდა კაცების
მომსახურეობა, მისი კლიენტები კი, იქაური თანამშრომლები და ღიპგასიებული აქოთებული დირექტორი იყო.
ისე გამოიქცა, არც კი მოუკითხავთ. ქუჩაში ღამის თევას და ნაგავში ძრომას, ისევ ქალბატონ
ბიჟუს პანსიონატში ცხოვრება სჯობდა. ბიჟუ გოგონებს თბილად ექცეოდა, სითბოსა და ერთმანეთის გატანას ასწავლიდა.
„არასდროს დაკბინო
ის ხელი, რომელიც გაჭმევსო.“
ასეთი იყო, ბიჟუს დევიზი და ხშირად ახსენებდა გოგონებს. სტუმრებს
თბილად და გულისხმიერად მოექეცით და ბევრი გახდებით რჩეულიო. თუმცა ბიჟუს, თავისი პირობაც
ჰქონდა, იქიდან წასულს, უკან აღარასდროს მიიღებდა, ამიტომაც გოგონები თავს ვალდებულად
სთვლიდნენ, „საპატიო“ ადგილს, კარგად უნდა გაფრთხილებოდნენ, რადგან უკან დასაბრუნებელი
გზა, უკვე აღარ არსებობდა. ქუჩაში, ისევ ნაგავში ძრომას, ქალბატონ ბიჟუს კალთის ქვეშ ცხოვრება
სჯობდა. ღამის გარდა, ზოგჯერ დღისითაც არაერთხელ უწევდა მდიდარ, სტუმრად წოდებული კლიენტების მომსახურეობა.
მერე გამოძინებაც საკმაო დროს ართმევდა და აბა სასეირნოდ, სადღა ეცალა. თითქოს თავისუფალიც
იყო, მაგრამ მშვენივრად ხედავდა, გამუდმებით კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და ცალკე ამის
საშუალებას ნარკოტიკებით გაბრუებაც იძლეოდა...
კარი დაბალმა, ჩამრგვალებულმა ხნიერმა ქალმა გაუღო.
- მე... - ანდრა უცებ დაიბნა. - ქირურგისთვის სახელიც არ
უკითხავს, თუ ვისთან უნდა მისულიყო, მხოლოდ მისამართი გამოართვა და ისიც იცოდა, რომ ელოდნენ.
- სასადილო ქვემოთ არის, ეზოდან უნდა შეხვიდე. - არც აცალა
ხმის ამოღება ქალმა.
- სასადილო? - ანდრა ახლა უფრო დაიბნა.
- ჰო, შვილო. - თავი დაუქნია ქალმა. - ქვემოთ რომ ჩახვალ, ამ სახლს შემოუარე და პირველივე ეზოში შემოდი. თუმცა, ჯერ ადრეა სადილი.
- სადილი? - გაიკვირვა ანდრამ. - მე სადილზე არ ვარ...
- არა? აბა? - ქალმა დაბნეული გოგო, ახლა უფრო კარგად შეათვალიერა.
- გისმენ გოგონა, რა გნებავს?
- მე... ეს.. - ხელში ჩაბღუჯული ლეპტოპი, წინ წამოსწია.
- მოვიტანე... გაფუჭდა... მგონი, აქ აკეთებენ, არა?
- ააქ? - ახლა, ქალს დაეტყო გაკვირვება. - აქ, ვინ მოგასწავლა?
- ქალმა ახლა ეჭვიანად მოწკურა თვალები.
- ალბათ, სადარბაზო შემეშალა. - უპასუხა ანდრამ.
- შეიძლება შვილო, მაგრამ ვისთან მოხვედი? იქნებ, მიგასწავლო?
- სახელი არ ვიცი. - ანდრა შეყოვნდა. - მეგობარმა მომასწავლა,
ლეპტოპის შეკეთება მინდოდა, მაგრამ ალბათ, მართლა სხვაგან მოვხვდი.
- ვინ მეგობარმა? მისი სახელი მაინც თუ იცი? - ირონიულად
ჰკითხა ქალმა და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მის ზურგს, უკან კაცის ცოტა ჩახლეჩილი
ხმა გაისმა:
- ქალო, გამოატარე ეგ ბავშვი, რა კარებში დააყუდე. ქირურგმა
დამირეკა დილით!
- მერე, გეთქვა! - უსაყვედურა ქალმა. - მოდი შვილო, მართლა
რა კარში დგახარ.
ერთ დიდ ოთახს ჩაუარეს, ანდრამ ღია კარში ბავშვები შენიშნა.
აშკარად, სხვადასხვა ასაკის იყვნენ და ცოტა, უჩვეულოდაც გამოიყურებოდნენ. ზოგი ხალიჩაზე
თამაშობდა, ზოგს რაღაცას ასწავლიდნენ მაგრამ ჩანდა, ბევრს არც აინტერესებდა, ყველა თავის
სამყაროში იყო ჩაძირული და არც ანდრას დანახვაზე ჰქონდათ რეაქცია.
- აბა, რა უქენი ლეპტოპს, ააფეთქე? - ზურგს უკან მოესმა
მოხუცის ხმა, რომელიც იქვე ჩამომჯდარიყო.
- ჰო, რა ვი? - ანდრამ ლეპტოპი მაგიდაზე დაუდო. - სულ გაშავებულია
ეკრანი და მარტო შუაში ტრიალებს, ტრიალებს და არ ირთვება.
- აბა, სად ტრიალებს? - გაეცინა მოხუცს.
- უი. - შეიცხადა ანდრამ. - ახლა აღარ ტრიალებს და სულ გაშავდა.
- ჰოო. - ჩაილაპარაკა მოხუცმა. - ვერ ყოფილა საქმე კარგად.
- სათვალე მოირგო და ტელეფონი მოიმარჯვა. - ვაჩე! ამოდი ბაბუ, ორი წუთით, ხომ სახლში
ხარ?
- არაფერი ეშველება? - მოწყენილი ხმით იკითხა ანდრამ.
- ეშველება, ბებო, მაგას კი ეშველება. - დაუყვავა ქალმა.
- ამ ბერიკაცს არაფერი ეშველება, თორემ. - სიცილით მიუთითა ქმარზე. - აბა, არ უნდა
გეთქვა, სტუმარს თუ ელოდი? - ახლა კაცს დაუცაცხანა. - კინაღამ, უკან გავაბრუნე, ეს ბავშვი!
- კიდევ კარგი, ბაბუ, რომ დამიძახე! - გახარებული ხმით შემოირბინა
ვაჩემ. - თორემ, მომკლა დედაჩემმა! ალბათ, მზარეულის კურსების გავლა, აღარ დამჭირდება,
იმხელა პრაქტიკას გავდივარ და...
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ამ დროს, ბავშვებით
სავსე ოთახიდან, ხმამაღალი ჩხავილის ხმა მოისმა, ჩასუქებულმა ქალმა, რომელიც თავისი
ტანით იქვე მჯდარ ანდრას ფარავდა, ოთახისკენ გასწია და ვაჩეს ანდრას დანახვაზე, სიტყვა
პირზე შეაშრა, თუმცა ანდრას მეტს, არც არავის შეუმჩნევია.
ანდრა გაინაზა. თანატოლის ყურადღებით მოიხიბლა და შეიფერა.
ვაჩესაც წამდაუწუმ, თვალი მისკენ გაურბოდა და აქამდე ენაწყლიანი ბიჭი, ახლა დამუნჯებულივით
ჩაჰკირკიტებდა გაფუჭებულ ლეპტოპს.
- ბებო, ბევრი დარჩა? - შემოვიდა ჩასუქებული ქალი. - ამიღო
დედაშენმა, ჩამოვიდეს მომეხმაროსო. ჯერ სადილობის დროც არ დამდგარა და უკვე უამრავი
ხალხი მოაწყდა.
- ჯერ, ვერ მოვრჩები. - წაილუღლუღა ვაჩემ. - საათნახევარი, მაინც მინდა, ან უფრო მეტი.
- აუ, ამდენი ხანი? - იკითხა ანდრამ და მოწყენილი სახე
მიიღო, ვითომ მართლა სადმე ეჩქარებოდა, სინამდვილეში კი, ძალიან ართობდა ვაჩეს დამფრთხალი
თვალები.
- ჰო, მოძველებული ტექნიკაა. - დაუმატა ბაბუმ. - ეგ კიდევ, ბევრჯერ გაფუჭდება, მაგას სჯობს, ახალი იყიდოს, მაგრამ იმ ახლის ყიდვასაც, ცოდნა უნდა.
- როგორს იყიდი, მაგასაც მნიშვნელობა აქვს? - იკითხა ანდრამ.
- რა თქმა უნდა! - ვაჩემ და ანდრას, კვლავ მალულად თვალი შეავლო.
- გააჩნია როგორი სამუშაოს შესრულება გინდა, იმის მიხედვით უნდა შეარჩიო.
ამ დროს, ერთმანეთის მიყოლებით, ოთახში სამი ბიჭი შემოიჭრა და ერთხმად დაუცაცხანეს ვაჩეს:
- დედა გელოდება! ჩამოდი დროზე!
- ბაბუს ეხმარება, სტუმარია მოსული. - უკან გააბრუნა ქალმა.
- მე ჩამოვალ, თუ მართლა ბევრი ხალხია, პურს მაინც დავარიგებ.
- და, მეე? - იკითხა ანდრამ. - მე, ვერ მოგეხმარებით? სანამ...
- აბა სტუმარი, როგორ შეგაწუხოთ? - იუარა ქალმა, თუმცა ანდრას
წინადადება, ძალიან მოეწონა.
- არ მეზარება, მაინც არაფერს ვაკეთებ. - ანდრა წამოდგა.
- ჰო, ჩადი შვილო, დაეხმარე. - მიუგო კაცმა. - ეს ლეპტოპი ჯერ
კიდევ დიდხანს არ გაკეთდება და ალბათ, მაინც მალეც გაფუჭდება.
- მთავარია, მასალები გადავარჩინე და მერე ახლის ყიდვას თუ
დააპირებს, დავეხმარები შერჩევაში. - ისე სწრაფად მიაყარა ვაჩემ, რომ გოგოსთვის, არც
შეუხედავს.
ანდრა სადილის გაწყობაში ეხმარებოდა ვაჩეს დედას და თან
ფიქრობდა, რომ სადღაც, ცოტა უცნაურ თავშესაფარში მოხვდა. ჯერ, ბავშვთა სახლი ეგონა. თუმცა, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლს უფრო ჰგავდა. ცალკე სასადილოშიც, უამრავი ხალხი იყრიდა თავს,
ზოგი იქვე ჭამდა, ზოგს სახლში მიჰქონდა და ლოცვასა და მადლობის გადახდას, ბოლო არ უჩანდა.
„რაც დღეს ლოცვა
მივიღე, ალბათ მალე, ფრთებიც ამომივა.“
გაივლო გულში, მაგრამ მაშინვე, თავისი ყოფა გაახსენდა და გული
შეეკუმშა.
„რა, ფრთები? ჰმ!“
სიმწრისგან ცხვირი აწვა და თვალზე ცრემლიც მოადგა.
- აი, ცოტაც და დავისვენოთ, ჩვენც ვისადილოთ. - გაუღიმა ვაჩეს
დედამ. - შენ გაიხარე, რა კარგი გოგონა ყოფილხარ, როგორ კარგად მომეხმარე.
ანდრა გაიბადრა.
- ასეთი ოქრო სტუმარი ამუშავე და სასადილოს საჭმელზე ეპატიჟები?
- ეცინებოდა იმ ჩასუქებულ ქალს, პირველად ანდრას რომ კარი გაუღო.
- მაინც არაფერი დარჩა, იმდენი ხალხი იყო დღეს. - ვაჩეს დედა
სკამზე ჩამოჯდა. - ახლავე ჩვენთვისაც რამეს მოვამზადებ.
- მე მოვამზადებ! - წამოიძახა ანდრამ.
- უკვე მოვამზადე! - ნიშნის მოგებით მიუგო ქალმა ორივეს.
- აბა, წამოდით, ბიჭებიც ამოიყვანე.
- გასკდნენ ჭამით და ეზოში გავარდნენ. - სიცილით უთხრა
ვაჩეს დედამ. - მალევე შემოვარდებიან, ისევ დამშეულები.
- ისეთი ფრანგული კოტლეტებიაა, გაუდას გულით. - წარბები აზიდა
ქალმა.
- გაუდა, რა არის? - იკითხა ანდრამ.
- ჰოლანდიური ყველის სახეობაა.
- ააა, ჰოო. - გაეღიმა ანდრას. - ჰოლანდიური ყველი კი ვიცი,
მაგრამ ფრანგული კოტლეტები, არც გამიგია.
- კიევურს, რომ ეძახიან, სინამდვილეში კი, ის არის ნამდვილი ფრანგული.
- უპასუხა ქალმა. - ახლა ისტორიას, თუ მომაყოლებ, გაცივდება და იმ თავის გემოს, სულ დაჰკარგავს,
აბა წავედით!
- უგემრიელესია. - აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ანდრა.
გემრიელ სადილს, საოცარი დესერტიც მოჰყვა. ან იქნებ, ანდრასთვის
იყო ასეთი უცხო და საოცარი. მერე ქირურგმაც დაურეკა, თუ გაკეთდა, ბარემ სამსახურში
გამომიტანეო.
წასვლის დრო იყო, მაგრამ ჩანდა, ანდრა ფეხს ითრევდა. ვაჩესთან
განშორება არ უნდოდა. როგორც იქნა, ძლივს ააწყვეს საუბარი. ვაჩეც თითქოს, უფრო გათამამდა,
თვალსაც თავისუფლად უსწორებდა და ამ ლამაზ, უცხო გოგოსთან საუბრისას, ენაც აღარ ებმოდა.
- ვაჩე! - შეუძახა ბაბუმ. - გააცილე ბიჭო ეს გოგო, რაღას
დგახარ? ეს ჯოხიანი კაცი, გინდა ქვემოთ ჩამომიყვანო?
წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ვაჩეს დედამ, საყვედურით
გადახედა მოხუცს. ჩანდა, არ ესიამოვნა მისი ბიჭი, ვიღაც უცხო გოგოს რომ უნდა გაჰკიდებოდა.
- იყოს, ნუ შეწუხდებით. - გაეღიმა ანდრას. - ტაქსი გამოვიძახე
და მოვა... - ამ დროს მობილურში, ზარი შემოვიდა. - აი, მოვიდა უკვე.
- ტაქსამდე მიგაცილებ. - თავი გამოიდო ვაჩემ.
როგორც კი მოზარდები გავიდნენ. ვაჩეს დედამ, საყვედურები მიაყარა
მოხუცს:
- რა იცი, ვინ არის? მერე გინდა, აეკიდოს და სახლში დამისვას?
ან ჯერ, რა დროს მაგის გოგოებია?
- აბა მაშინ, დაკოდე და ეგ იქნება. - თავისივე ხუმრობაზე, სიცილით ჩაბჟირდა კაცი.
- ეს გოგონა, იმ პროფესორმა გამოგვიგზავნა. - მოხუცი კაცის ცოლი, ანდრას გამოექომაგა. - ქირურგმა.
- ააა. ჰოოო. - თითქოს, გულზე მოეშვა ვაჩეს დედას.
- და, რა იყო? - ჩაეკითხა კაცი. - რადგან, პროფესორისგან მოდის, მაშინ ჰო! და კურტნის მუშისგან რომ იყოს, მაშინ, არა? ჰაჰ!
- არა, ეგ რა შუაშია, უბრალოდ... - სახე წამოუწითლდა ვაჩეს
დედას. - მთავარია წესიერი ოჯახიდან იყოს.
- აბა, რა დროს მაგაზე ლაპარაკია. - ისევ ეცინებოდა კაცს.
- ყველაფერს, თავისი თადარიგი აქვს, მერე გვიან რომ არ იყოს.
- იდაყვი გაჰკრა ცოლმა.
***
ქირურგს, საშინლად არ ესიამოვნა, როცა ანდრა, ვაჩესთან ერთად დაინახა, მაგრამ შეეცადა, არ შეემჩნია.
- იმდენი იწვალააა. - ქება დაუწყო ანდრამ. - მაგრამ მაინც, ისევ მალე გაფუჭდებაო, ბაბუმ გვითხრა.
- ესე იგი, მაინც მიწევს ახლის ყიდვა და მოვიცლი, როგორმე. - ქირურგმა დაღლილი თვალები მოიფშვნიტა. - დილიდან, ფეხზე ვარ, ახლახან ჩამოვჯექი.
- სადილი მოასწარი? - მზრუნველი ხმით ჰკითხა ანდრამ. - შენთვის გამომატანეს.
- აუუ, როგორ მიყვარს, ეს კოტლეტებიიი! - ქირურგს ნერწყვი მოადგა. - თან რამდენი ყოფილა, მთელ განყოფილებას ეყოფა, ხომ არ დამეწვევით?
- არა, ჩვენ უკვე ვისადილეთ, და... - ანდრა შეყოვნდა. აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა სურდა.
- ესე იგი, ლეპტოპი ამუშავდა, არა? - ქირურგმა ვითომ, არ შეიმჩნია ანდრას რეაქცია, თუმცა გუმანით ხვდებოდა, ანდრას ვაჩესთან ერთად სურდა სეირნობა, მაგრამ რაღაც მომენტში, ეს სახიფათოდაც მოეჩვენა. ნამდვილად არ უნდოდა, რომ ანდრას, თავისი ის ქცევები გამოემჟღავნებინა, რითითაც თავს ირჩენდა და გადაწყვიტა სასწრაფოდ, სანამ გვიან არ იყო, ეს წყვილი, როგორმე დაეშორებინა ერთმანეთს.
LEX. 2020 წლის 3 მარტი, სამშაბათი.
No comments:
Post a Comment