Saturday, February 22, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 45)

45.
- იცი, როგორ მიხარია, შენ როცა მოდიხარ? - ანდრა ქირურგს, დანახვისთანავე ჩაეხვია.
ჯერ კიდევ, ქალბატონი ბიჟუს, თვალის არეალში იყვნენ და ქირურგმაც მშვენივრად შენიშნა, დიასახლისის უკმაყოფილო სახე. ძალიან კი გაუკვირდა, თუმცა ვერაფერს მიხვდა.
- მეც მაგიტომ მოვდივარ, რომ ჩემმა პატარამ, თავი კარგად იგრძნოს, დაისვენოს და გაერთოს ისე, როგორც მას უნდა. - ქირურგმა კარი მიიხურა. - აბა, ჯერ ვივახშმოთ და თან, მომიყევი  აბა, როგორ ხარ?
ქირურგი, გახარებული ჩანდა. თუმცა, ანდრას მაგივრად, თავიდან ჯერ, სხვა გოგონა, რომ შემოვიდა, ცოტა დაიბნა. გაუკვირდა, მერე იფიქრა, ანდრა სხვასთან გაუშვესო და საშინლად დასწყდა გული. 
„საწყალი ბავშვი, ვიღაც ღორის მკლავებში და ნახევრად მშიერი, გამოუძინებელი და ნარკოტიკით გაბრუებული.“
ფიქრობდა ქირურგი და შეეცადა, ამ უცხო გოგონასგან მაინც შეეტყო რამე.
- ანდრა, რატომ არ მოვიდა?
- დაეზარა! არ უნდოდა! ანდრაზე ნაკლებ სიამოვნებას, არც მე მოგანიჭებ! - უტიფრად მიუგო გოგონამ და ზედა სამოსი გადაიძრო. - შეიძლება უფრო მეტადაც...
- დაიცა! იტყუები! - შეუტია ქირურგმა.
- საიდან მოიტანე, რომ ვიტყუები? შენ რა? ასე მოგთაფლა? ჰა, ჰა! ხომ არ ფიქრობ, რომ შენზეა შეყვარებული?
ქირურგს, უკვე აღიზიანებდა ამ უტიფარი გოგონას ქცევა. თუმცა, ესეც ხომ კიდევ ერთი მსხვერპლი იყო. საცოდავი ბავშვი, რომელიც არავის სჭირდება, მხოლოდ მისი სხეულით ვაჭრობდნენ, მას კი, ჯიბის ფულსაც უთვლიდნენ.
- კარგი, მორჩი! - შეუბღვირა ქირურგმა, თუმცა მაშინვე მოლბა. - უბრალოდ, ძალიან მივეჩვიე ანდრას და მინდოდა, აქ ყოფილიყო.
- ნუთუ, მე ასე არ გინდივარ? - გაუკვირდა გოგონას, თუმცა გაკვირვებაზე მეტად, მოწყენილობა უფრო დაეტყო.
ქირურგს შეებრალა, თავზე ხელი გადაუსვა, მერე მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა.
„ღმერთო ჩემო, რამდენი დოზა აქვს მიღებული ამ ბავშვს?“
გაიფიქრა ქირურგმა.
გოგონა გაინაზა და ამღვრეული თვალები შეანათა.
- დაუვიწყარ ღამეს გაჩუქებ. - წაიბუტბუტა ვნებიანი ხმით.
- დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, მაგრამ იქნებ ანდრაც...
- შენ მგონი, მართლა შეგიყვარდა. - გადაიკისკისა გოგონამ.
- მგონი კი. - ვითომ დაიმორცხვა ქირურგმა. - მაშინ დამეხმარე და იქნებ, ანდრაც მოიყვანო აქ!
- თუ ორნი ვიქნებით, ხომ იცი, ორმაგად უნდა გადაიხადო, მაგრამ თუ მართლა მარტო ანდრა გინდა... - გოგონამ ახლა, აშკარად ჩამოყარა ყურები. 
- ანდრა სხვასთან არის? - ჩაეკითხა ქირურგი.
გოგონამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ცოტა უსიამოვნოდ დაბრიცა ტუჩები.
- ისე კი ვთხოვე, ქალბატონ ბიჟუს, რომ ჩემთვის შეენახა. - განაგრძო ქირურგმა. - აკი, შემპირდა კიდევაც და არ შეასრულა პირობა, სამწუხაროა. - ჩაილაპარაკა დაბალი ხმით და იმაზე დაიწყო ფიქრი, ახლა ამ ბავშვისგან, როგორ დაეძვრინა თავი.
- მაინცდამაინც, ანდრა გინდა? - უკვე ბრაზმორეული ხმით ჰკითხა გოგონამ.
- თუ გინდა, შენც დარჩი. გემრიელად ვივახშმოთ, დესერტიც მივაყოლოთ, ცოტა გავერთოთ, თორემ აბა ისე, მარტო საწოლში კოტრიალი, მოსაწყენი არ არის?
- ჰო! ისე, კი. - გოგონა ცოტა გამხიარულდა. - ნუ გეშინია, ანდრა თავის ოთახშია, ცოტა ცუდად იყო, იწვა და ბიჟუმ, მე გამომიშვა.
- ანდრას რა მოუვიდა? - შეშფოთებული ხმით იკითხა ქირურგმა.
- რა ვი? - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - თავი მტკივაო. მაინც დავუძახო?
- იქნებ, შესძლოს საწოლიდან წამოდგომა? თუ დაღლილია, ბარემ ჩვენთან ერთად დაისვენოს. - ქირურგი უკან არ იხევდა.
- მეც მოვიდე? - გოგონას ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად არ უნდოდა წასვლა.
- მხოლოდ შენ თუ მართლა გინდა, მაგრამ ჯერ ვივახშმოთ და მერე, ვნახოთ როგორ გავერთობით. - გაუღიმა ქირურგმა. 
გოგონას თვალები გაუბრწყინდა. კართან მისულმა ქირურგს გამოხედა:
- თეთრი შოკოლადი იქნება?
- რამდენიც გინდა! - ქირურგს ხმამაღლა გაეცინა.
ქირურგი ჩაფიქრებული იყო. რამდენჯერმე, ანდრას ტიკტიკმა გამოაფხიზლა, მაგრამ მაინც, სულ დიასახლისის უკმაყოფილო მზერაზე ფიქრობდა.
„რამეს ხომ არ მიხვდა? იქნებ, მართლაც ხვდება, რომ სულაც არ ვარ მათი კლიენტი? ან ამ ბავშვს, რამე ხომ არ წამოსცდა?“
- ანდრა! - შეაჩერა აქაქანებული ბავშვი ქირურგმა. - შენ, რამე ხომ არ წამოგცდა? - მერე ჩუმად, იქვე მძინარე, მეორე გოგონას გახედა. - არავინ უნდა იცოდეს, ჩვენ აქ რასაც ვაკეთებთ? თორემ, ვეღარ მოვალ! აქ აღარ მოვალ!
- და სხვაგან წახვალ? - ანდრას თვალები აევსო.
- ჰო! და თუ გინდა, სულ შენთან მოვიდე, სიტყვაც არ დაგცდეს არავისთან, არც უახლოეს მეგობართან. - ქირურგმა კვლავ, მძინარეს გახედა. - ხომ გესმის, რატომაც?
- მართლა, არავისთან მითქვამს. - ანდარამაც თვალი შეავლო მძინარე მეგობარს. - ეს ისეთი გათიშულია, მაინც ვერაფერს იტყვის! და თუ რამის მოყოლას დაიწყებს, მე დავასწრებ!
- და შენ, რას იტყვი?
- ვეტყვი, რომ ისეთ განგრეულ კაიფში იყავი, ვერ გამოგაფხიზლეთო, ან რამეს მასეთს მოვჩმახავ!
- კარგია აზრია! - მოუწონა ქირურგმა. - თუმცა, ისედაც მასეა.
ანდრას ჩაეღიმა.
- კარგი გოგო ხარ, საიდუმლოს შენახვა გეხერხება, ამიტომ ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი. ჩვენი საიდუმლო, ჩვენში უნდა დარჩეს!
- ჰო, ვიცი, არც მე მაწყობს, რომ გაიგონ, თორემ... - ანდრამ თვალები დახარა. 
- რა, თორემ?
- ჯიბის ფულსაც არ მომცემენ, რადგან არ გიმუშავიაო.
- მეც შემიძლია ჯიბის ფული მოგცე, მაგრამ არ მინდა ჯერ და იცი რატომ? არ ვიცი, რაში დახარჯავ, ისე ვხედავ, ძალიან ცოტას გაძლევენ და...
- და, რა?
- ღმერთმა იცის, რაში ხარჯავ.
- რაში ვხარჯავ?
- შენ გგონია, ვერ ვხვდები?
- რას? - უკან არ იხევდა ანდრა.
- აბა ჩაიხედე სარკეში, რას გიგავს თვალები, სულ ერთიანად ამოწითლებული გაქვს. დიდი ხანია წამალზე ზიხარ?
- რა წამალზე? - ანდრამ კოპები შეკრა. - უბრალოდ, ტუში ჩამივიდა თვალში.
- იცი შენ, რაზეც გეუბნები, თავს ნუ იშტერებ, არც იმდენად სულელი ხარ!
- კბილი მტკიოდა, მაგიტომაც ვერ მოვედი, ვიწექი, გამაყუჩებელი დავლიე და მერე რა, რო?
- ესე იგი, რაც მე გიცნობ სულ კბილი გტკივა? მერე წადი ექიმთან, თუ გინდა, მე წაგიყვან?
- არა, არ მინდა! ექიმებს ვერ ვიტან! - ტუჩები უსიამოვნოდ აბრიცა.
- როცა საჭიროა, უნდა აიტანო. - გაეცინა ქირურგს. - ძალიან გტკივა? აბა მაჩვენე?
- შენ რა? კბილის ექიმი ხარ?
- არა! არ ვარ კბილის ექიმი. იქნებ, კბილი სულაც არ გტკივა და რამე სხვა ინფექციაა.
- მაინც ექიმივით ლაპარაკობ. - თვალები მოწკურა ანდრამ. - რა ინფექცია უნდა მქონდეს? ან საიდან მოიტანე?
- აქ იმდენი კლიენტი დადის, აი აქედან მოვიტანე.
- კლიენტი, არა! სტუმარი! - შეუსწორა ანდრამ.
- რაც გინდა, ის დაარქვი! მაინც ბევრს უწევს შენთან სტუმრობა!
- უსაფრთხოდ ვმუშაობ, ეგ არ მესწავლება!
- მაჩვენებ აბა, რომელი კბილი გტკივა? თორემ არ მჯერა, ასე მგონია, რომ მატყუებ და პატარა ნარკომანი ლაწირაკი ხარ და შენ წარმოიდგინე, მწყინს!
- ოთხივე!
- რა ოთხივე?
- ოთხივე კბილი მტკივა!
- ოთხი კბილი გაქვს? - გაეცინა ქირურგს.
გოგონაც აკისკისდა.
- ოთხივე მხარეს, უკანები გამისივდა, აი ნახე? - ანდრამ პირი დააღო.
ქირურგმა ჯიბიდან, პატარა წვრილი კალამივით რაღაც ამოიღო და ამის დანახვაზე, გოგონა უკან გახტა.
- ეს რა არის? - წამოიძახა შეშინებულმა.
- ჯიბის პატარა ფარანია და რა იყო? - გაუღიმა ქირურგმა.
- ექიმის იარაღი მეგონა. 
ქირურგს გაეცინა. 
- დაგავიწყდა, ბებერი რომ ვარ და კარგი განათება მჭირდება? ამიტომაც, ასე ჯიბით დამაქვს. - ქირურგმა კარგად მოათვალიერა პირის ღრუ და ჩაეღიმა. - ესე იგი, რაო? რამდენი წლის ვარო?
- კარგი რაა? რამდენჯერ უნდა გითხრა?
- რომ ახლახან შეგისრულდა თვრამეტი, თუ ცამეტი?
ანდრას ფერმა გადაჰკრა, სულ გაფითრდა.
- ნუ გეშინია, არავის ვეტყვი. - ღიმილით უჩურჩულა ქირურგმა. - დედა ბიჟუმ იცის?
ანდრას ცალყბად ჩაეღიმა და ოდნავ დაუკრა თავი. ქირურგმა საფულე გახსნა, ფული ამოიღო და ანდრას გაუწოდა:
- აფთიაქში წადი და სპეციალური ღრძილების მალამო იყიდე, ჩვილებისთვის არის და უსაფრთხოა.
- ჩვილების მალამო, რად მინდა? - აკისკისდა ანდრა.
- სიბრძნის კბილები ამოგდის და შესიებული მაგიტომაც გაქვს. მთლიანად შეიზელ და უკეთაც იქნები და თუ ნარკოტიკებსაც ცოტას მოეშვები, უფრო უკეთესი გოგო იქნები.
ანდრამ ფული გამოართვა, რაც შეიძლებოდა წვრილად დაკეცა და ჯიბეში კარგად ჩამალა.
- და მაინც, სად შოულობ წამალს? - როგორც იქნა, სასურველი კითხვა დაუსვა ქირურგმა.
- ჰმ, მაგის მეტი, რა არის? - ცინიკურად ჩაეღიმა გოგოს.
- ბევრი ნაგავია, არ არის სუფთა. შენ კი როგორც ვხედავ, თავს მშვენივრად გრძნობ და ესე იგი, საკმაოდ ხარისხიანსაც შოულობ, არა?
- ვიცი ყიდვა!
- არც იმდენად იაფია და შენც არ გიხდიან იმდენს, რომ... მე სპეციალურად, ცოტა ფული მოგეცი, რომ მარტო მალამოზე გეყოს და შენს საყვარელ ბურგერზეც დაგრჩება. იმედია, სწორად მოიქცევი და ნარკოტიკებზე არ დახარჯავ. თუმცა ვფიქრობ, ეგ არც გეყოფა.
ანდრამ თვალი აარიდა, თითქოს რაღაცის თქმასაც აპირებდა, მაგრამ თავი შეიკავა.
- ისე მართლა, რა ღირს? და აქ, ვიშოვნი? ნუუ, რომ რამე იყოს? - არ მოეშვა ქირურგი, რადგან ჩანდა, ახლა ზუსტად დრო იყო, ბოლომდე გამოეტეხა.
- შენც გინდა? - ეჭვის თვალით ამოხედა ანდრამ.
- რატომ არ მინდა, რა? თუმცა, ხშირად ვერიდები, ათასი ნაგავია, არც შარის თავი მაქვს და სიკვდილსაც ჯერ არ ვაპირებ. შენ სადაც ყიდულობ, ის სანდოა?
ანდრას გაეღიმა და არაფერი უთხრა, სავარძლიდან წამოდგა და მძინარე მეგობარს გვერდით მიუწვა.
- თუ გეძინება, დაისვენე. - ქირურგმა პლედი წააფარა.
- შენ არ მოხვალ? - გაინაბა ანდრა. - თუ გინდა, შუაში ჩაწექი, დავეტევით.
- იყოს, თავისუფლად გამოიძინეთ, მე საშხაპეში შევალ, მაინც რამე რომ არ იეჭვოს ამან. - ქირურგს ცალყბად გაეღიმა და გათიშულ გოგონას გახედა.
- ამას რისი თავი აქვს, რო? - გაეცინა ანდრას. - რა უნდა იეჭვოს?
საშხაპედან გამოსული, სააბაზანოს ხალათში გახვეული ქირურგი, სავარძელში მოკალათდა და ტელევიზორის პულტი მოიმარჯვა.
- ისე, რა უცნაური ვინმე ხარ. - ანდრამ თავი წამოსწია.
- რატომ უცნაური? შენთან რომ არ ვწვები?
- ნუ, ხო!
- იცი, მე თავისუფალი ადამიანი ვარ! რასაც მინდა, იმას ვაკეთებ!
- ხო, მაგრამ ფულს რომ ტყუილად ხარჯავ და სამაგიეროდ, არაფერს ითხოვ?
- სხვათა შორის, ფულიც ჩემია, თავისუფალი დროც ჩემია და როგორც მინდა, ისე ვფლანგავ! - ქირურგმა თვალი ჩაუკრა.
მძინარე გოგონამ გაიზმუვლა, გადმობრუნდა და უაზრო თვალებით, ანდრას მიაშტერდა.
- ჰა? რა იყო? მოფხიზლდი? - სიცილით მიაყარა ანდრამ.
- რა ხდებოდა აქ? - გოგონა ძლივს წამოიწია ბალიშიდან. - აუ, თავი მისკდება.
- უჩვეულო, რა უნდა მომხდარიყო? - ღიმილით მიუგო ქირურგმა.
- მხოლოდ, შენ ვერ გამოგაფხიზლეთ. - დაუმატა ანდრამ. - ისე გათიშული იყავი, დორბლებს ყრიდი.
- აუუ, კაით, რაააა. - ზმუოდა გოგო. - ისედაც გასკდა თავი.
- აფთიაქში რომ წახვალ, ამასაც წამოუღე ასპირინი. - უთხრა ქირურგმა ანდრას.
- ასპირინი, ამას არ უშველის. - ანდრას ჩაეცინა.
- არა, რა ასპირინი! - გოგონა წამოდგა. ზლაზვნით წავიდა კარისკენ, მერე შეჩერდა და ანდრას მოხედა. - აუ, რო მეძინა, არ ჩამიშვათ, რაა.
- ჩუუუუ! - ღიმილით მიიდო თითი ტუჩთან ქირურგმა.
ანდრამ ჩაიკისკისა.
- სკოლაში სწავლის გაგრძელებას, არ აპირებ? - მიმართა ქირურგმა, როგორც კი მარტონი დარჩნენ.
- კაი, რაა? რა სკოლა? - ანდრა ტუჩები დაბრიცა.
- სკოლა თუ არ დაამთავრე, ისე სწავლას ვერ გააგრძელებ.
- უუუუ, ვერ ვიტან სწავლას! რა ჯანდაბად მინდა? ჯერ სკოლაში გავაგრძელო და მერე კიდევ, სადღაც სხვაგან? აუუ...
- არ გინდა მომავალში, წესიერი სამსახური გქონდეს? თუ სულ აქ გინდა, ხურდებზე იმუშაო? კარგი განათლება, თუ გექნება...
- ოოო. - გაიბღუზა გოგო. - ვიცი, რომ ეს უწესო სამუშაო, მაგრამ სხვა არ მაქვს და...
- ახლა ასეა, მაგრამ მე, მომავალზე გესაუბრები.
- კარგი, რაა? რა მომავალი? ამ ცხოვრებაში...
- ეს ცხოვრება და ის ცხოვრება, მე არ ვიცი! მინდა, დაგეხმარო და...
- და რა! ხომ ისედაც ვარ, შენი პირადი გოგო? ისე შეგიძლია მიყიდო, მხოლოდ ძალიან ძვირი დაგიჯდები, მაგრამ სახლში გეყოლები.
- მართლა? - გაუკვირდა ქირურგს. - და მაინც რამდენია, ის ძვირი?
- რა მიამიტი ხარ! - აკისკისდა გოგო. - მართლა დაიჯერე.
- ჰო, რა ვიცი. - გაეცინა ქირურგსაც.
- შენ მართლა დაიჯერე, რომ აქედან, ასე ადვილად გამიშვებენ? - ანდრას აშკარად ხმაში მოწყენილობა დაეტყო. თუმცა შეეცადა, დაეფარა.
- და ვინმე, გიჭერს? - ჩაეკითხა ქირურგი. - იცი? მონათმფლობელობა, დიდი ხანია გადავარდა!
- სად გადავარდა? - გაიკრიჭა ანდრა. - მონა, სულაც არ ვარ! - კოპები შეჰყარა გოგომ.
- არა! მონა, ნამდვილად არ ხარ, რადგან ხურდებს მაინც გაძლევენ, მონებს კი, საერთოდ არ უხდიდნენ, მაგრამ...
- რა მაგრამ? გგონია, ვინმე მჩაგრავს? ჰმ! - ამაყად ჩაეცინა ანდრას. - ეს ღილაკი, ტყუილად კი არ არის აქ! - გოგომ საწოლის უკან დატანებულ, ქირურგისთვის უკვე ნაცნობ, ღილაკზე მიუთითა.
- აბა, შენ არ მითხარი, ზოგი ისეთი უხეშიაო და რა ვიცი? 
- კი, არიან მასეთებიც, მაგრამ ეს სულ სხვაა. - ანდრამ თვალები დახარა. - თუ ზედმეტად უხეშობენ, უფრო ძვირსაც იხდიან, მარტო პოლიციელები არ იხდიან არაფერს... საერთოდ არაფერს...
- და რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება? მათთვის შეიძლება უფასო გართობა, უხეშობაც და სხვისთვის რა? კანონით ისჯება?
- კარგი, რაა? - ცინიკურად ჩაეღიმა ანდრას. - არ იცი, რომ კანონიც მაგათია?
- მომისმინე. - ქირურგმა რაც შეიძლება დაბალი ხმით უთხრა. - თუ გინდა, ისე დაგეხმარები, რომ საერთოდ აქაურობის გახსენებაც აღარ მოგინდეს. სწავლასაც გააგრძელებ, თავზე ჭერი და კარგი სამსახურიც გექნება, მხოლოდ შენ უნდა მოინდომო, შენი სურვილიც უნდა იყოს, რომ აქედან წამოხვიდე. დანარჩენი კი, ჩემზე იქნება.
- მართლა, რა უცნაური ვინმე ხარ. - ანდრა გაოგნებული შეჰყურებდა. - და რატომ, მაინცდამაინც, მე? იქნებ...
- არავითარი იქნებ! შენ აქ, ყველაზე პატარა ხარ! თანაც, ყველაზე პირველად, შენ გაგიცანი და სხვა გოგოებსაც, თუ ექნება სურვილი აქაურობის დატოვების, იმათაც დავეხმარები, მაგრამ ჯერ ეს, არავინ უნდა გაიგოს, ხომ გესმის, რატომაც?
- კი, ვხვდები. დებილი არ ვარ! შენ გინდა, რომ უფრო მეტი ხელფასი მქონდეს, უფრო განათლებული ვიყო, მოკლედ გეიშას პონტში, რაა.
- არ გრცხვენია? - იწყინა ქირურგმა. - გეიშა, საერთოდ იცი, ვინ არის?
- ინტელექტუალური მეძავი. - გადაიკისკისა ანდრა. - ანუ, განათლებული ბოზი!
ქირურგმა სიგარეტს მოუკიდა. აშკარად ჩანდა, რომ საშინლად ჩასწყდა გული.
„უტვინო ლაწირაკი. ასე როგორ აქვს მოწამლული სული ამ ბავშვს, რომ კარგსა და ცუდს, ვერ არჩევს? იქნებ ჰგონია, რომ სხვა ბორდელის გახსნა მინდა და აქედან, გოგოების გადაბირება?“
- მაინც ვერ ვხვდები, რატომ არ მეკარები? უბრალოდ ვფიქრობ, რომ...
- და, რას ფიქრობ? - ჩაეკითხა ქირურგი.
- რომ იმპოტენტი ხარ და რომ არ იეჭვონ, აქ მაგიტომ დადიხარ!
- ვინ უნდა იეჭვოს? - ქირურგს ხმამაღლა გაეცინა. - რაც გინდა, ის იფიქრე! მხოლოდ იცოდე, რომ შენი უახლოესი მეგობარი ვარ!
- ახალ ტელეფონს რომ შემპირდი... - ანდრამ ბავშვურად მოწკურა თვალები.
- ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე.
- რატომ? ფული აღარ გეყო? განა ძალიან ძვირიანი მინდა, მართლა გამომძალველი კი არ ვარ. - ანდრამ ყურები ჩამოყარა. - ჩემს მობილურს, ეკრანიც გატეხილი აქვს, ინტერნეტშიც ჭედავს, მუსიკებსაც წესიერად ვერ ვუსმენ.
- მუსიკებს კი არა, მუსიკას. - შეუსწორა ქირურგმა. - თუ აქაურობას თავს დაანებებ, ყველაფერი გექნება. დაფიქრდი ამაზე, მხოლოდ ჯერ არავის უთხრა და მარტო მისამართის შეცვლაც არ გამოვა, ცხოვრება უნდა შეიცვალო და ყველაფერს უნდა მოეშვა აქაურს. იცი შენ, რაზეც გეუბნები. კარგად დაფიქრდი.
- ყველაფრის მოშვება, არც ისე ადვილია.
- მაგიტომაც გითხარი, დაფიქრდი და...
ქირურგმა სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ კარი გაიღო და ისვე ის გოგონა შემოვიდა, მხოლოდ ახლა უფრო მხიარულ ხასიათზე და მთელი პოზიტივით აკისკისებული, პირდაპირ ვახშამს მიუჯდა. ქირურგმა მშვენივრად შეამჩნია, თვალები ახლა უფრო მეტად ამღვრეული ჰქონდა გოგოს, სამაგიეროდ, წეღანდელთან შედარებით, უფრო აქტიურად მოსაუბრე ჩანდა.
- ლამის, გადავჭამე ყველაფერი! გამაჩერეთ, თორემ მშივრებს დაგტოვებთ. - კისკისებდა გოგონა. - წეღან ხომ ვჭამეთ, მაგრამ რომ გამოვიძინე, ისევ მგელივით მომშივდა.
- შეგერგოს რამდენსაც მოერევი. - ეცინებოდა ქირურგს. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ შეამჩნია, რომ გოგონები ერთმანეთში, რაღაცას ჩუმჩუმობდნენ.
ქირურგი დაიძაბა, მთელი გულისყურით, ვითომ ტელევიზორს ჩაუჯდა, მაგრამ სინამდვილეში, ყურები დაცქვეტაზე ჰქონდა. ანდრა რაღაცას ედავებოდა, გოგონამ კი უპასუხა, ამხელა მაყუთიანი კლიენტი დაითრიე, გადი და შენ იყიდეო.
„რა კინკლაობენ, ნეტა? რას ვერ იყოფენ?“
ფიქრობდა ქირურგი.
„ანდრას რაც მოუნდება, ყველაფერს მთხოვს, მე თვითონ მივეცი ამის ნება, თუმცა ისიც იცის, რომ ან მოვუტან და ან არა. მთავარია, საჭმელს არ ვაკლებ და ბავშვი, მშიერი არ არის, ცოტ-ცოტა ფულსაც ვუტოვებ, ისე რომ არ შეამჩნიონ... და ახლა ნეტა, აბა რას ითხოვს? რა უნდა ამ გოგოსგან? 
ჰო, ისე ახალ კედებს და ჯინსებს კი შევპირდი... ჰმ, ჯერ ტელეფონიც არ ვუყიდე და ეგეც იცის, რატომაც.“
- მე როცა მაქვს, სულ შენ გიყოფ! - შეუღრინა ანდრამ, მაგრამ მერე უფრო, ბევრად დაბალი ხმით გააგრძელა.
ქირურგი, ჩურჩულის მოსასმენად ისე გაიტრუნა, ლამის სუნთქვაც შეიკავა. სავარაუდოდ, ანდრამ გოგონა გაყოფაზე დაითანხმა.
„იქნებ, ფულს ვერ იყოფენ? ან გასაყოფი ჯიბის ფული რაღაა, მაგრამ მაინც მათთვის...“
 - ჰო, კარგი. - ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა გოგონას და სააბაზანოსკენ წავიდა.
ქირურგმა ღიმილით გამოხედა ანდრას, მან კი ყურებამდე ისე გაუღიმა, რომ ადვილი მისახვედრი იყო, რაღაცის დაფარვას ცდილობდა. ქირურგი მშვენივრად მიხვდა და შეეცადა ანდრა, რაც შეიძლებოდა შეეყოვნებინა და არ გასულიყო ოთახიდან. ხან რაზე შეაჩერა, ხან რა საუბარი გაუბა, ანდრას კი თვალი აშკარად სააბაზანოს კარისკენ გაურბოდა. მეორე გოგონა კი ჩანდა, ჯერ გამოსვლას არ აპირებდა.
„ალბათ, ანდრას შესვლას უცდის. წამალი უნდა გაიყონ. ბრიყვები! ჰგონიათ ვერ მიხვდი, დამაცადონ ახლა.“
- შენი დაქალი, სად არის ამდენ ხანს?
- ტუალეტშია! და რა იყო? - ანდრამ ეჭვიანად გამოხედა.
- რა ვიცი? ხომ არ ჩავარდა? - იხუმრა ქირურგმა. - იქნებ, დახმარება უნდა?
ანდრამ გადაიკისკისა და ის იყო წამოდგომა დააპირა, რომ ქირურგმა დაასწრო:
- მიდი ერთი უთხარი, დროზე გამოვიდეს! მეც მინდა შესვლა.
ანდრაც მაშინვე წამოხტა. ქირურგმა ისე გათვალა, რომ გოგონებს, თავზე უნდა დადგომოდა, თუმცა რას მოიმოქმედებდა, ჯერ არც კი, იცოდა. სავარაუდოდ, ანდრას „გაებუტებოდა“ და მერე, ვნახოთო.
ქირურგმა, ფრთხილად შეაღო სააბაზანოს კარი. ანდრა კედელთან ატუზული კანკალებდა და გაფითრებული სახით დაჰყურებდა, ძირს გაშხლართულ მეგობარს, რომელსაც თვალები ამოტრიალებული ჰქონდა და ტუჩთან, ცხვირიდან გამონადენი სისხლის კვალი ეტყობოდა. 
 LEX. 2020 წლის 22 თებერვალი, შაბათი.

No comments:

Post a Comment