44.
ქირურგს, იმ სახლისკენ მიეჩქარებოდა და სულაც არ აინტერესებდა, მის ზურგს უკან, რასაც იტყოდნენ. თუმცა, არც იმდენად ზურგს უკან. ფიფოს ქირქილმა, სხვებიც აიყოლა და არც სწყენია, პირიქით, უფრო მეტი შემართებით გადაწყვიტა ამ სახიფათო საქმეში, თავიც გამოეჩინა და გამოძიებაში თავისი წვლილიც შეეტანა. საკმაოდ ძვირად ღირებული ნარკოტიკების გასაღება, არც იმდენად ადვილი იყო და ამაში, ბევრად სერიოზული და ძლიერი ხალხი იყო ჩაფლული. მშვენივრად იცოდა, რა ძალასთან მოუწევდა შერკინება, მაგრამ უკან არ იხევდა. ბედნიერი იქნებოდა იმითაც, რომ თუნდაც ერთი ბავშვისთვის მაინც ეშველა, ერთი მაინც გამოეგლიჯა იმ საზარელი ცხოვრების მარწუხებისგან.
დიასახლისი დიდი სიხარულით შეხვდა სასურველ სტუმარს. ქირურგი უკვე, მეოთხედ სტუმრობდა.
პირველივე ღამესვე, ყველაზე პატარა გოგო მოითხოვა. აინტერესებდა, რამდენად პატარა ბავშვებს ამუშავებდნენ, სურვილიც მყისვე შეუსრულეს.
- ყველაზე ახალგაზრდაა, ახლახან შეუსრულდა თვრამეტი წელი. - აუხსნა დიასახლისმა ოთახში შეუშვა. - ჩვენი ტარიფები, ისე როგორც ჩვენი სახლი ორიგინალურია და ყველასგან გამორჩეული, თუ ჩვენი მუდმივი კლიენტი იქნებით უფრო მეტი შეღავათებითაც ისარგებლებთ.
- მშვენიერია, ამიტომაც ასე მიქეს თქვენთან. - გაუღიმა ქირურგმა. - გპირდებით, ხშირად გესტუმრებით.
- ჩვენ, კონფიდენციალურობას, ძალიან ვაფასებთ და არც გკითხავთ, ასე ვინ შეგვაქო. რაც შეეხება ჩვენს ტარიფს, როგორც წეღან აღვნიშნე, შეგიძლიათ მთელი ღამე დაჰყოთ, მხოლოდ ერთთან და თუ მეორესაც მოითხოვთ, მაშინ თანხა ემატება. მოკლედ, გადახდა რაოდენობაზეა, მაგრამ დილამდე. ასე რომ, დროში შეზღუდული არ ხართ, შეგიძლიათ, დაისვენოთ, შხაპი მიიღოთ, ტელევიზორიც ჩართოთ. ეს ოთახი, თქვენს განკარგულებაში იქნება დილამდე.
- ძალიან კარგი, ზუსტად ეს მჭირდებოდა! - გაიკრიჭა ქირურგი.
- ვახშამიც შეგიძლიათ შეუკვეთოთ, ნებისმიერი რესტორნიდან, მხოლოდ თქვენი ტელეფონით არ იქნება სასურველი ამის გაკეთება. დამიძახეთ და...
- და გაუჩენელს გამიჩენთ. - გაეცინა ქირურგს.
- მოხარული ვარ, ასეთი კარგი სტუმარი, რომ აღმოჩნდით. იუმორის გრძნობაც გაქვთ და საკმაოდ თავაზიანიც ხართ. - მერე უფრო დაბალი ხმით უთხრა. - ფული ბევრს აქვს, მაგრამ კულტურა და დონე, საერთოდ არ გააჩნია, ზოგი ისე იბღვირება და იბღინძება.
- ეს იმის ბრალია, უნახავმა რა ნახაო. - ჩაეღიმა ქირურგს. - რაც თავის ცხოვრებაში არ ჰქონიათ ის ეღირსათ და შეიფერეს.
- იცით, ძალიან მომწონხართ! - გაიბადრა ქალბატონი ბიჟუ. - დღეს თქვენთვის, ყველაფერი გადახდილია და სხვათა შორის, ვახშამიც. სხვა დროს კი...
- რა თქმა უნდა, სხვა დროს თავად გადავიხდი.
- არა, მე უფრო ის ვიგულისხმე, რომ ჩვენთან მხოლოდ ქეში მოქმედებს. თანხა თან უნდა იქონიოთ, რადგან საბარათე ოპერაციებს, აქ არ ვატარებთ. ვუფრთხილდებით როგორც სტუმრებს, ასევე ჩვენი დიდი ოჯახის წევრებსაც.
- კეთილი. - გაუღიმა ქირურგმა. - თქვენი მენიუ მომაწოდეთ, შემდეგ მოსვლაზე გავითვალისწინებ.
- ასე ჩამოწერილი არ გვაქვს. - ქალბატონ ბიჟუს, ცოტა თითქოს, არ ესიამოვნა.
- საერთოდ, დიდ თანხას ჯიბით არ ვატარებ, ისეთი სამსახური მაქვს, მირჩევნია...
- კარგი, არ გვინდა დაკონკრეტება, პირადად ჩამოგიწერთ. - ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოდ გაეღიმა ბიჟუს. - შეგიძლიათ, ჯერ დაისვენოთ და მერე დავუძახებ ჩვენს გოგონებს.
- აი, ის ახალგაზრდა გოგონა მაინტერესებს, თუ ახლავე მოვა, ბარემ ერთად მივიღებდით შხაპს.
- ნება თქვენია. - გაინაზა ქალბატონი ბიჟუ და ოთახიდან გავიდა.
ქირურგმა იქაურობა კარგად მოათვალიერა. ფოტოების გადაღებაც დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა. შესაძლებელი იყო, ოთახში სათვალთვალო კამერაც ყოფილიყო.
გოგონა მალევე შემოვიდა. ლანგრით კოქტეილი და ხილი შემოაყოლა.
- ეს პირადად, ქალბატონ ბიჟუსგან. - ყურებამდე გაღიმებულმა, ლანგარი კომოდზე ჩამოდგა და საწოლზე მიწვა.
- როგორ მომწონს ეს თქვენი დიასახლისი.
- მე არ მოგწონვარ? - ნაზი მიამიტური თვალებით გაუღიმა გოგონამ.
- შენ ბევრად სჯობიხარ, ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ! თანაც, ძალიან ნორჩი და მართლა, რამდენი წლის ხარ?
- ახლახან შემისრულდა თვრამეტი წელი! - გაზეპირებულივით მიაყარა გოგონამ დიასახლისის სიტყვები.
- ჰოო? - გაიკვირვა ქირურგმა. - რაღაც, არ გეტყობა.
- აბა რამდენის მეტყობა? ოცის?
- თვრამეტამდე, არც თუ ისე ცოტა გიკლია.
გოგონას ფერმა გადაჰკრა და სტუმარი უფრო დაკვირვებით შეათვალიერა.
- შენ აქ ყველაზე პატარა ხარ? თუ შენზე პატარებიც არიან?
გოგონამ დაბნეული გაიხედა კარისკენ და მერე ჩუმად თავი დაუქნია.
- ვერ გავიგე? შენ მართლა ყველაზე უმცროსი ხარ, თუ უფრო პატარებიც არიან?
- მე ყველაზე პატარა ვარ და ხომ გითხარი, ახლახან შემისრულდა თვრამეტი! - თავი ამაყად წამოსწია. - და რა იყო?
- არაფერი. მეგონა, უფრო პატარებიც იყვნენ, რატომღაც ასე ვიფიქრე, მე ხომ ყველაზე უმცროსი, უმცროსთა შორის ვისურვე. - გაუღიმა ქირურგმა.
- შენ რა? პედოფილიც ხარ? - დაცინვით გამოხედა გოგონამ.
- სულაც არა! - თავი გააქნია ქირურგმა. - უბრალოდ, ამხელა თანხას, ჩემნაირ ბებერში ხომ არ გადავიხდი, აბა?
„ნეტა, მართლა რამდენია ტარიფი?“
გაუელვა ქირურგს.
- სულაც არ ხარ ბებერი. - აკისკისდა გოგონა. წამოდგა და ნელი ნაბიჯით ქირურგს მიუახლოვდა. - საკმაოდ სიმპათიურადაც გამოიყურები. - ხელით ქამარზე შეეხო. - დაუვიწყარ ღამეს გაჩუქებ.
- ფუჰ! - ცოტა არ იყოს, ზიზღით გააშვებინა ხელი ქირურგმა.
გოგონას ფერი წაუვიდა. ვერ მიხვდა, რატომ უარყვეს და უკან დაიხია. უფრო შეშინდა. იცოდა, პოლიციასთან თუ ექნებოდა საქმე, თავი თვითონ უნდა დაეძვრინა.
ქირურგი მიხვდა, ზედმეტი მოუვიდა და შეეცადა გოგონა არ დაეფრთხო.
- ასე უცებაც, არ შემიძლია, ოცი წლის კი აღარ ვარ. - ქირურგმა ნაღვლიანი სახე მიიღო. - აქ დასასვენებლად მოვედი, მინდა განვიტვირთო, თავისუფლად ვიყო და ასე რობოტივით, ვერ მოვიქცევი.
- ჰო, მესმის. - გაეღიმა გოგონას. - გინდა ჯაკუზში ერთად ჩავიდეთ?
- მაგასაც მოვსინჯავ, მაგრამ ახლა, საშინლად დაღლილი ვარ. სულ ცოტა ხნით, წამოვწვები და შენც იყავი აქ, დაისვენე ჩემთან ერთად, ხელს არ დაგაკარებ.
- ვერ გავიგე? შენ რა, ქალები არ გაინტერესებს? იქნებ ბიჭები...
- არა, რა ბიჭები! ახლა განწყობაზე არ ვარ და ხასიათზე მოსასვლელად, არც შენი დახმარება მჭირდება. დაჯექი, დაისვენე, გამოიძინე. თუ გინდა, ტელევიზორიც ჩართე, ფული გადახდილია და სხვებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, აქ ჩვენს რას გავაკეთებთ, ასე არ არის?
- რა ვიი... - მხრები აიჩეჩა გოგონამ.
- ჰოდა, გააკეთე ის რაც გინდა. მხოლოდ, ამ ოთახიდან არ გახვიდე.
- რატომ? რადგან გადახდილი გაქვს? - გოგონას ცალყბად გაეღიმა.
- თუნდაც! და აქედან, ასე ადრე რომ გახვიდე, ვფიქრობ, შენ ვეღარ მიიღებ შენს წილს, ასეა?
- ეგ ჰო! - გოგონამ ოთახს თვალი მოავლო, თითქოს გასართობს ეძებდა. - გინდა კოქტეილი დავლიოთ?
- დავლიოთ. - ქირურგმა ჭიქას ხელი წაატანა, მაგრამ გოგონამ გააჩერა:
- ეს ვარდისფერი, მე მინდა! - ბავშვური კაპრიზით უთხრა გოგონამ.
- შენი იყოს! - გაეცინა ქირურგს. - ისე მაინც, რამდენი წლის ხარ?
- ახლახან შემისრულდა თვრამეტი! - გოგონამ ხმაურიანად მოხვრიპა სასმელი.
ქირურგს უფრო ხმამაღლა გაეცინა და რაც შეიძლებოდა დაბალი ხმით უთხრა:
- დღეს, მართლა არ ვარ ხასიათზე და არავინ მინდა გაიგოს. უბრალოდ, იყავი აქ, დილამდე და რაც გინდა, ის აკეთე. მხოლოდ, არავის უთხრა.
- არც დედაჩემს? - ეშმაკურად ჩაეღიმა.
- ის დედაშენია?
- ნუ, ჰო! - გოგონა ყურებამდე გაიკრიჭა.
- იყოს, თუ გინდა. - გაეცინა ქირურგს.
- იყოს! - გოგონამ მხრები აიჩეჩა და კოქტეილი ბოლომდე ჩაწრუპა.
- ალბათ, მამას ჰგავხარ?
- მამას? - გოგონა უცებ გაირინდა. - მამას... - წაიჩურჩულა. - შეიძლება, მამასაც! - მერე უფრო ომახიანად ჰკითხა: - და რატომ, მამას?
- აბა დედაშენს, საერთოდ არ ჰგავხარ და ასე ვიფიქრე.
გოგონა აკისკისდა.
- მოკლედ, შენ ამღამინდელი საიდუმლო შემინახე და როცა კიდევ მოვალ, რამეს მოგიტან.
- რას მომიტან? - გოგონას თვალები გაუბრწყინდა.
- რა ვიცი, რაც გინდა! მოიფიქრე! მთელი ღამე წინ გვაქვს, მხოლოდ დაპირებული სიტყვა, აუცილებლად უნდა შეასრულო, მაგრამ... - ქირურგმა სერიოზული სახე მიიღო და რაც შეიძლებოდა, მოწყენილი სახით გახედა გოგონას.
- რა, მაგრამ?
- აქ სათვალთვალო კამერები თუ არის, მაშინ იქ ხომ გამოჩნდება, რომ...
- არა! არ არის!
- შენ რა იცი? - გაუხარდა ქირურგს.
- ნამდვილად ვიცი! აქ ისეთი ხალხი დადის, სრული გარანტია სჭირდებათ, რომ არავინ არაფერი გაიგოს! არც შენი სახელი მაინტერესებს და ვერც ჩემსას გაიგებ!
- და აბა კიდევ როცა მოვალ, როგორ გიკითხო? შენს მაგივრად სხვა, აღარ მინდა!
- რატომ? სხვებიც ძალიან ლამაზები არიან.
- მე, შენ მომეწონე და იმიტომ, თან მგონი, ცოტას მიგეჩვიე კიდეც.
გოგონა გაიბადრა, და მინაბული თვალები ქირურგს მიაპყრო.
- ანდრა. - გაინაზა. - ანდრა მქვია.
- რა ლამაზი სახელია და თანაც, როგორი უცხოა. - გაუღიმა ქირურგმა. - ვიცი, რომ თვრამეტის სულაც არ ხარ, რაც არ უნდა გაიპრანჭო, მაინც გეტყობა.
- მალე ვიქნები. - უკან არ დაიხია ანდრამ.
- არც იმდენად მალე. - გაეცინა ქირურგს.
- გინდა ბუტერბროდები მოვატანინო? - გოგონამ თემის შეცვლა სცადა.
- არა, არ მინდა.
- კარგი. - ანდრამ უკმაყოფილოდ აზიდა ტუჩი.
- რა იყო?
- არა, არაფერი ისე... - ანდრა გაჩუმდა. არ იცოდა ეთქვა თუ არა.
- ჰო, მითხარი ბარემ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ? მართალია, ჯერ ერთი საათიც კი არ გასულა რაც გაგიცანი, მაგრამ მე უკვე, ასე ვთვლი!
- ნუუუ... - დაიწყო ყოყმანით. - თუ შენც შეჭამ, მაშინ მეც შევჭამ.
- გშია? - ქირურგს გული შეეკუმშა. - დღეს არაფერი გაჭამეს?
- ბორშს, ცოტა მჟავე გემო ჰქონდა, კოტლეტი აღარ შემხვდა, ბევრი სამუშაო მქონდა... სანამ გამოვიძინე, პიურეც ცოტა იყო გადარჩენილი...
- მერე მოითხოვო უნდა, რომ წესიერად მაინც გაჭამონ! - ქირურგს ბრაზი მოერია.
- საერთო სასადილოა. თუ გინდა, სულ ნუ შეჭამ და თუ გინდა, შენ თვითონ მოიმზადე, კარტოფილის შეწვა მინდოდა, მაგრამ...
- მაგრამ, რა?
- ვეღარ მოვასწარი, ძილი ზედმეტი მომივიდა.
- და სამსახურშიც დაგაგვიანდებოდა, არა? - მწარედ ჩაეღიმა ქირურგს.
- ისე, ზოგჯერ სტუმრები, თუ ოთახში შეუკვეთავენ... - ანდრა გაჩუმდა. - თუმცა ზოგი ისეთი ღორია, მაგრამ ძალიან ბევრი, კეთილია და...
- და ფულს, შენ არ გაძლევენ?
- იცი, რამდენი გასავალი აქვს ამ სახლს? - აქაქანდა ანდრა. - ჯერ ამხელა სახლის ქირა, მერე კომუნალურები, მერე საჭმელსაც ხომ გვაჭმევენ და საჩუქრებიც ხშირად გვაქვს, ჩასაცმელიც არ გვაკლია, ჯიბის ფულსაც გვაძლევენ!
- მშვენივრად მოწყობილხარ, აბა. - გაეცინა ქირურგს.
- იცი, რა საშინელებაა სიცივეში ქუჩაში ღამის გათევა? შიმშილისგან ნაგავშიც კი ჩაძვრები, აქ კი?..
- ახლა არ მითხარი, ბორში არ მომეწონაო, ესე იგი, აქაც შიმშილობ? კარტოფილის შეწვაც ვერ მოვასწარიო.
- შენ ალბათ, ისეთი სამსხური გაქვს, რომ ყოველთვის ასწრებ ჭამას, ყველა ასე ხომ არ არის? - აიბზუა ცხვირი ანდრამ.
- შენ წარმოიდგინე, ძალიან ბევრჯერ, ვერც მომისწრია და არც გამხსენებია შიმშილი. - ქირურგს ჩაეღიმა. - რამდენჯერ ნახევრად ძილში წასულს, შიმშილმა დამიარა, მაგრამ წამოდგომის თავი აღარ მქონდა.
- რატომ?
- იმიტომ რომ, იმ წუთებში, ძილი ყველაფერს მირჩევნოდა.
- მე თუ მშია, რომელი საათიც არ უნდა იყოს, მაინც ვჭამ.
- კარგი ნაკვების, მაინც არაფერი გეტყობა. - გაუღიმა ქირურგმა. - ხან ვერ ასწრებ, ხან საჭმელი არ მოგწონს და ჯიბის ფულიც, ცოტა გაქვს.
- თუ გულუხვი კლიენტი მოვა, მაშინ სულაც არა! - გოგონა უცებ შეცბა და მაშინვე გამოასწორა. - სტუმარი! გულკეთილი სტუმარი!
- აბა მითხარი, რა გიყვარს და შევუკვეთოთ, მეც მომშივდა უკვე.
- აბა არ მშიაო, ბუტერბროდზე უარი მითხარი. - ეშმაკურად ჩაეღიმა გოგონას და თან ეტყობოდა, რომ ძალიან გაუხარდა.
- სკოლის ბუფეტი მომაგონდა, მე კი უფრო ბევრად გემრიელობები მიყვარს! მითხარი, აბა რა გინდა? - ქირურგმა ტელეფონი მოიმარჯვა, მაგრამ ანდრამ შეაჩერა:
- შენი ტელეფონიდან, არ შეიძლება. დიასახლისს უნდა სთხოვო.
- კარგი, მაშინ დაუძახე. - ქირურგმა ტელეფონი უკან ჩაიდო. ეგონა, გოგონა წამოდგებოდა კარს გააღებდა, მაგრამ ანდრამ, საწოლის უკან ხელი გაიწვდინა და ღილაკს ორჯერ დააჭირა.
- ჰაჰ! - გაეცინა ქირურგს.
- ეს ღილაკი საჭიროა, სწრაფად გამოსაძახებლად, ათასი რამ შეიძლება მოხდეს, რადგან კამერები აქ არის. - მერე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - ბევრი ისეთი დამპალია, განსაკუთრებით პოლიციელები. ჰგონიათ, ვერ ვხვდებით საიდანაც არიან. ეგრევე ეტყობა პოლიციელს.
- ვაი, მართლა? და როგორ ატყობ?
- ყველაზე სადისტები ეგენი არიან, თან აქეთ გიკითხავენ მორალს და თავად კი, აქ დაძვრებიან.
- ისე პოლიციელებს, საიდან ამდენი ფული, რომ აქ იარონ? - შეაპარა კითხვა ქირურგმა.
- ხომ გითხარი? დამპლები არიან! ეგენი უფასოდ დადიან.
- რატომ ვითომ? არ ეკადრებათ გადახდა?
- მაგათთვის უფასოა...
სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ კარზე კაკუნი გაისმა. ანდრამ კარი გამოაღო, დიასახლისი მოწიწებით შემოვიდა. ქირურგს, უკვე მოესწრო ფეხზე გახდა, პერანგის ღილებიც შეეხსნა და საწოლზე არხეინად მიწოლილიყო.
- უთხარი რაც გინდა და მეც დავამატებ. - ქირურგმა ბალიში შეისწორა.
- პიცა მიქსი, საშუალო... - ანდრამ ქირურგს გახედა.
- არ გვეყოფა. იყოს დიდი პიცა. - დაუმატა ქირურგმა. - წვენიც და კოლაც! დესერტად რა გიყვარს?
- რა ვიცი? - გაინაზა ანდრა.
- როგორ არ იცი? კრემიანი, თუ უკრემო? - ჩაეკითხა ქირურგი. - მე კრემიანი მიყვარს, ტორტი შოკოლადის ან ყავის, ან ხილის.
- ჩემო გოგო, აირჩიე როცა გთავაზობენ. - თითქოს ცოტა, უსაყვედურა კიდევაც დიასახლისმა.
- მოკლედ დიდი პიცა, წვენი, კოლა და ნიგვზიანი ყავის ტორტი ბეზეთი. - ქირურგმა ხელი ჯიბისკენ წაიღო. - მხოლოდ ბარათი მაქვს. მძღოლს დავურეკავ მოვატანინებ.
- როგორ გეკადრებათ. - შეწუხდა დიასახლისი. - დღეს თქვენთვის ყველაფერი გადახდილია, დაგავიწყდათ?
- ვიფიქრე, ეს დამატებითი შეკვეთა, აღარ შედიოდა. - ჩაეღიმა ქირურგს.
- ცოტა ხანში, ყველაფერს მოგართმევთ. - დიასახლისმა კარი გაიხურა.
ანდრამ ფეხზე გაიხადა, ქირურგს მიუწვა და თვალები ჭერში უაზროდ გაუშტერდა.
- როგორი წიგნების კითხვა გიყვარს? - ქირურგმა საუბრის წამოწყება სცადა.
- რაა? - ანდრამ გაკვირვება ვერ დაფარა. - რა წიგნები? ასეთი მოცლილი კი არ ვარ!
- დღეს ბევრი კლიენტი გყავდა?
- კლიენტი არა, სტუმარი! - შეუსწორა ანდრამ.
- ჰო! სტუმარი, დღეს ბევრი იყო? დღისითაც ხომ დადიან?
- შენ რა? უკვე ეჭვიანობ? - აკისკისდა გოგონა.
- ჰო! უკვე ვეჭვიანობ! და მინდა, მარტო ჩემი საკუთრება იყო.
- ისედაც ხომ ვარ? თუ გინდა, დილამდე დარჩი და რაც გინდა, ის გავაკეთოთ! - ანდრა ქირურგისკენ მიიწია და ვნებიანი მზერა მიაპყრო.
- სწორედაც იმას ვაკეთებ, რაც მინდა! - ქირურგმა უკან დაიხია. - ხომ გითხარი, დღეს არ ვარ არავის ხასიათზე, მაგრამ არც მარტო ყოფნა მინდოდა. უბრალოდ, გამიწიე კომპანიონობა და იყავი ჩემთან.
- ჰო, რავი? - უკმაყოფილოდ აიბზუკა ტუჩი ანდრამ. - მეგონა, არ მოგეწონე და ვიფიქრე, უბრალოდ შეგეცოდე და მაგიტომაც არ გამიშვი.
- რა გჭირს, შესაცოდი? - ქირურგი შეტევაზე გადავიდა. - ტანი გაქვს, ფეხი გაქვს, ულამაზესი სახე გაქვს და თანაც, მთელი ცხოვრება წინ გაქვს! თუნდაც იმისთვის, რომ ამ ჭაობიდან ამოხვიდე.
- ჭაობს, რას ეძახი? რომ არ მშია და არ მცივა? - გაკაპასდა ანდრა.
- შენი ასაკის გოგო, სხვა რამითაც შეიძლება დაინტერესდეს და ...
- და, რა? - გოგონამ კოპები შეკრა. - მორალის კითხვას მიწყებ? ვინ ხარ? პოლიციიდან ხარ?! - წამოხტა უცებ.
- არა, რა პოლიცია. - ქირურგს გულიანად გაეცინა. - უკვე რამდენჯერ გითხარი, რომ ძალიან, ძალიან მომეწონე და მინდა, უფრო კარგი გოგო... უფრო კარგი ცხოვრება გქონდეს!
ანდრას გაეღიმა, აშკარად გაუხარდა.
- იცი, შენ სულ სხვანაირი ხარ. - თბილი თვალები შეანათა ქირურგს.
- სხვანაირი, როგორი? აქ მოსულ კლიენტებს არ ვგავარ?
- კლიენტებს არა, სტუმრებს! - კვლავ შეუსწორა გოგონამ.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ქირურგმა. - მსახიობობა არ მეხერხება, რაც ვარ - ეს ვარ!
გოგონამ თბილად გაუღიმა. თვალები აშკარად ამღვრეული ჰქონდა და ზოგჯერ, რაღაცნაირადაც კი ატრიალებდა. ქირურგისთვის რთული მისახვედრი სულაც არ იყო, თუ რატომ იქცეოდა გოგონა ასე.
„გაბერილია ნარკოტიკებით! ნეტა, დიდი ხანია აქ ცხოვრობს?“
ფიქრობდა ქირურგი და თან მალულად აკვირდებოდა მის ბავშვურ, მიამიტ სახეს. ანდრა ტელევიზორს მისჩერებოდა და დროდადრო, მისი მხიარული კისკისი ისმოდა, მერე საწოლზე უფრო მოხერხებულად მიწვა და გემრიელი ვახშმის მერე, ტკბილად ჩაეძინა.
ქირურგმა დრო იხელთა, მძინარე ბავშვის სახეს ფოტოები გადაუღო, ოთახის ყოველი კუთხეც კარგად დააფიქსირა, მაინც ფრთხილობდა. შესაძლოა, სადმე მაინც ყოფილიყო სათვალთვალო. სააბაზანოშიც შევიდა, საშხაპე ჩართო და ისე შეეხმიანა ჯერ გალეოს და მერე მძღოლიც დილისთვის იხმო.
პირველმა ცდამ, მშვენივრად ჩაიარა და ასეთი უჩვეულო, რამდენიმე საღამო, კვლავ ანდრასთან გაატარა და გოგონაც ყოველ ჯერზე, ჯერ კიდევ გაკვირვებული ამ უჩვეულო სტუმრის ქცევით, მხიარულად იღებდა მის შემოთავაზებას. გემრიელი ვახშამი და რაც გინდა ის აკეთე, მშვენიერი იყო!
LEX. 2020 წლის 14 თებერვალი, პარასკევი.
No comments:
Post a Comment