Monday, October 14, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 27)

27.
- საცოდავი. - აღმოხდა ფიფოს. - კი, მაგრამ ავარიის ამბავი, როგორღა გაარკვიე? 
- რადგან უკვე ვიცოდი, ზუსტად ვის ვეძებდი და რომელ წლებში, სულ ადვილად ამოაგდო კომპიუტერმა ინფორმაცია. 
- მერე? მკვლელი არ დასჯილა?
- მხოლოდ ავარიაზე ეწერა. როგორ გაიტანა, სკოლიდან მომავალი ბავშვი, მანქანამ და მიიმალა. 
- მდაა...
- იქნებ, მერე გამოიძიეს კიდევაც, მაგრამ ან არაფერი დაიწერა ან...
- ალბათ...
ვერ მოასწრო ფიფომ სიტყვის დასრულება, რომ მასაც მიმისაც, ერთდროულად მოუვიდათ შეტყობინება. მანქანაში, ლოდინისგან შეწუხებული ბავშვი, ორივეს წერდა, მომხედეთო. 
- თუ სახლში მოდიხარ, მძღოლი გაუშვი მე წაგიყვან. 
- არა, ჯერ არ მოვდივარ, კიდევ ბევრი საქმე მაქვს. - მიუგო ფიფომ. - გვიან მოვალ!
მიმის მოტანილი საქაღალდე, მაგიდის უჯრაში უდარდელად შეაგდო, თუმცა ერთი სული ჰქონდა, როდის შეუდგებოდა იმ ძველი ავტოავარიის შემთხვევის გარკვევას. ამისთვის შესაძლებელია, გალეოს დახმარებაც ყოფილიყო საჭირო და სანამ ფიფო ტელეფონში, მისი ნომრის მოძიებას შეუდგა, გალეომ აქეთ დაურეკა და ფიფომაც სასწრაფოდ კაბინეტში იხმო. 
მიმი ადგილიდან არ იძვროდა. ელოდა, ფიფო როდისღა მიაქცევდა ყურადღებას. 
- რა?! - გაკვირვებისგან ფიფომ წარბები აზიდა.
- არაფერი! - მიამიტი სახით მიუგი მიმიმ.
ფიფო სავარძლის საზურგეზე გადაწვა და მიმის მწველი მზერა მიაპყრო და სანამ ხმას ამოიღებდა, მიმიმ დაასწრო:
- შეგიძლია შენთვის დაიტოვო! - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მე მაინც ვერ გავხსენი. არაფერი მოერგო. 
ის იყო, ფიფოს უნდა ეკითხა, რაზე მეუბნებიო, რომ მაშინვე მიხვდა, საქმე იმ ლეპტოპს ეხებოდა. 
- ვერც მე! - უპასუხა ფარული ღიმილით. - ვერც მე გავხსენი. 
- და რატომ მოიპარე? გეკითხა და გეტყოდი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- და... მოიპარე, ცოტა ისეთი სიტყვაა. - ჩაეღიმა ფიფოს. - არ მომიპარავს! უბრალოდ, უკითხავად ავიღე!
- და მერე, რა ჰქვია, მაგას? - გაეცინა მიმის.
- როცა გადამალე, აი სწორედ მაშინ დავინტრიგდი!
- არ გადამიმალავს! უბრალოდ, ზედმეტად ცნობისმოყვარე ხალხს მოვარიდე, როგორებიც არიან დედა და მამიდა, თორემ მართლა გადამალვა, რომ მდომოდა, მაშინ მის კვალსაც ვერ მიაგნებდი!
- და სად დამალავდი? სეიფში? - ცინიკურად ჩაეკითხა ფიფო.
- არა! სეიფი სულაც არ არის ის სამალავი. - ჩაეღიმა მიმის. - აბა რა სამალავია ის, რომლის არსებობაც ბევრმა იცის? მერე რა რომ კოდით არის დაცული, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერი კოდიც ტყდება.
- ჰოო! - თავი დაუქნია ფიფომ. 
- ბევრჯერ ვცადე და ვერაფრით შევედი, მერე უბრალოდ, თვალს მოვაშორე და კარადის თავზე შემოვაგდე. იცი, ზოგჯერ ბევრი ცდის შედეგადაც შეიძლება სისტემა, სულ დააზიანო, ამიტომაც... ნუ, რა ვიცი?
- კარგი. დამნაშავე ვარ ვაღიარებ, უნებართვოდ ავიღე, ვერც მე ვერ გავხსენი და გავჩერდი. - ფიფო წამოდგა. კედელში ჩაყოლებული თარო გამოსწია, იქიდან ლეპტოპი გადმოიღო და მიმის გაუწოდა. - ვიფიქრე, ვინმე სპეციალისტს ვაჩვენებო, მერე კი...
- ეგ, მეც ვიფიქრე. - ამოიხვნეშა მიმიმ. - მერე კი რატომღაც, გავჩერდი. იქნებ, ისეთი რამაა, რაც მარტო მე უნდა ვიცოდე.
ფიფო დაიძაბა. მაშინვე გაიფიქრა, რა უნდა ყოფილიყო ასეთი საიდუმლო, რომ მარტო მიმის უნდა სცოდნოდა?
- ეს ჩემი ანდერძის ნაწილია. ასეთი პაროლით დაბლოკილი მხვდა წილად და არც მინდა, უცხო ვინმე ჩავახედო. - მიმი წამით შეყოვნდა. - ან იქნებ, ისეთი რამ წერია, რაც... 
- შენ თუ არ გინდა, ნუ გახსნი! 
- ვნახოთ, თუ გეგულება ვინმე, ვისაც ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს...
- მასეთი იონა გვყავს ჩვენ, მაგრამ უცხოეთშია და ეგ როდის ჩამოვა, ვინ იცის?
- არსად მეჩქარება! როცა ჩამოვა, მაშინ გავხსნათ!
ფიფოს გულზე მოეფინა, მიმიმ „გავხსნათო“, რომ უთხრა. ესე იგი, ბევრიც არც არაფერი საიდუმლო ყოფილაო.
მიმიმ ლეპტოპი ამოიჩარა და ფიფოს, ოდნავ დამცინავი ღიმილით მიმართა:
- და შენ კიდევ, რა არ იფიქრე, არა?
ფიფოს გაეცინა, თავი მართლაც უხერხულად იგრძნო.
- მაპატიე, თუ შეგიძლია...
- შემიძლია! - მიმის ეღიმებოდა. - წავედი, თორემ დაიტანჯა ბავშვი, მანქანაში ლოდინით. თან, ბაზრისკენაც უნდა გავატარო.
- წარმომიდგენია, რა სახე ექნება. - გაეცინა ფიფოს.
- თან ვერც მეურჩება, მაგრამ სახეზეეე...
- კარგი, წადით, მე დამაგვიანდება დღეს, ბევრი საქმე მაქვს!
- და რამდენად დაგაგვიანდება? 
- რა ვიცი, აბა? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. 
- იმდენად, რომ ქოთნის პელმენი, სულ გაიყინება? - ეშმაკურად ჩაეღიმა მიმის.
- ვაუუ! ესე იგი დღეს, პელმენი გვაქვს და თანაც, ქოთანში?
- პელმენის არაჟნიანი წვნიანი, სოკოთი და თანაც, ქოთანში!
- აუუ! უკვე მომშვიდა. - ფიფოს ნერწყვი მოადგა.
- მაგიტომაც მივდივარ ბაზარში, პატარა ქოთნები მინდა ვიყიდო.
- მაშინ შევეცდები, იქნებ როგორმე, ცოტა ადრე მოვიდე.
- ცოტა ხნით მაინც შემოირბინე, ჭამე და მერე ისევ წადი. დაგირეკავ, როგორც კი მზად მექნება.
- კარგი აზრია. - მოეწონა ფიფოს. - მშვენიერი.
- იცი. - მიმი წამით შეყოვნდა. - შეეხმიანე ქირურგს, დავპატიჟოთ. იქნებ მერე როგორმე, მე შევაპარო კითხვა ან...
- ვფიქრობ, არ ღირს. - თავი გააქნია ფიფომ. - თუმცა, მეც ძალიან მაინტერესებს.
- ვეტყვი, რომ ჯერ კიდევ, მაშინ მოვკარი ყური, კონსულტაციაში და... ნუ მერე... ახლა ვეკითხები, რადგან უკვე, ამდენი წელია ვმეგობრობთ...
- რა ვიცი, ვნახოთ. ან იქნებ, დღეს მორიგეა და ვერც კი მოიცალოს?
- მერე დაურეკე შენ და გაარკვიე, მე კი მოვამზადებ. გალეოსაც შეეხმიანე, ვიცი, უყვარს ჩვენთან სტუმრობა.
- არის უფროსო! დღეს ჩვენთან ვქეიფობთ, მიმის ქოთნის პელმენზე! 
- სოკოთი. - სიცილით დაუმატა მიმიმ.
- დიახ, ბატონებო! სოკოთი!
ფიფოს ომახიან სიტყვებზე, მიმის უფრო გულიანად გაეცინა. ფიფო ღიმილით შეჰყურებდა.
„რა ვუყო ამ გოგოს, არ ვიცი? წასვლა დავაპირე და ისე თბილად მექცევა, რომ....
თუმცა, ცივად არც არასდროს მომქცევია, პირიქით, სულ თან მყვება, მაგრამ...“
მობილურის ეკრანზე, უცხო ნომერი გამოჩნდა, რამაც ფიფოს, ფიქრი შეაწყვეტინა და მიმიც გასასვლელისკენ გაემართა. თუმცა ფიფომ, ხელით ანიშნა, შეჩერდიო. მიმი კართან გაილურსა.
- ხომ მშვიდობით ხართ?.. კარგი, აუცილებლად გავარკვევ! - ფიფომ ტელეფონი გათიშა. - სოფლიდან დარეკეს, ოჯახის უფროსს, რაღაც საქმე აქვს ჩემთან.
- მშვიდობაა, ნეტა? 
- კი, ყველანი კარგად არიან, საშენო საქმეაო, დახმარება მთხოვა. 
- მერე, დავეხმაროთ!
- ნუუ, რამდენადაც შევძლებ! ალბათ, რამეს ედავებიან. საჩემო საქმეა.
- უნდა დაეხმარო!
- აუცილებლად, მაგრამ აი, დღეს ჩამივარდა ქოთანში პელმენი. - გაუღიმა ფიფომ.
- ხვალ მოვამზადებ, ისედაც შენთვის ვაკეთებდი და შენ თუ არ... 
ფიფოს გული სითბოთი აევსო, ახლა უკვე აღარ იცოდა, მართლა უნდოდა მიმისგან საბოლოოდ წასვლა თუ, იქნებ ღირდა კიდეც ლოდინად.
„არა, რაღა დროს ლოდინია, მორჩა! უკან აღარ დავიხევ! დამაცადოს, ჯერ მივხედო იმ სოფელს, გავიგო ერთი, რა უჭირთ და მერე, პირდაპირ ვეტყვი, მივდივარ და მორჩა!“
- ჰო, იყოს ხვალ, თორემ იქ, რომ ჩავალ, ხომ იცი? ისე არ გამომიშვებენ.
- ჩვენც წამოვალთ! - მოულოდნელად მიახალა მიმიმ. 
ფიფო შეცბა. ამას მართლა, აღარ მოელოდა. 
„ადრე იმ სოფლის ხსენებაზე, „ალერგია“ ჰქონდა ახლა კი?..“
- გალეო უნდა მოვიდეს, საქმე აქვს და მერე თუ მოვიცლი დღესვე ჩავალ. - ფიფო წამით შეყოვნდა. - შენ თუ იქ ჩასვლა გინდა...
- გაარკვიე რამდენად საჩქარო საქმეა და თუ მიდიხართ, მე წაგიყვანთ, თან ვაჩესაც შევუვლი, ბარემ თავისიანებსაც ნახავს და უკანვე წამოვიყვან, ცოდოა ის ბავშვი, ავტობუსით უწევს ჩაქჩაქი და ალბათ, ყოველ შაბათ-კვირასაც ვერ ახერხებს ჩასვლას.
- იდეალური აზრია, მაგრამ ჯერ გალე მოვიდეს და... - ფიფოს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ დეტექტივმაც, მორიდებით შემოაღო კარი. 
- მკვლელობაა! - მიახალა შემოსვლისთანავე. - მხოლოდ უბედურ შემთხვევად შენიღბული. - და ახლაღა შეამჩნია მიმი. თავი ცოტა, უხერხულადაც იგრძნო, მერე რა რომ ფიფოს მეუღლე იყო, გამოძიების მასალებში ჩახედვა, არც ოჯახის წევრებისათვის შეიძლებოდა.
- კარგი, გისმენ. - გაეღიმა ფიფოს. - ხომ იცი, მიმი ჩვენიანია. 
- როგორ არ ვიცი. - გალეოს უხერხულად გაეღიმა. 
- ჰოდა, აბა რა არის ისეთი, რომ განყოფილებიდან, სამინისტროში უნდა მოხდეს მისი გამოძიება? - ოდნავ დამცინავი ხმით ჩაეკითხა ფიფო, ისე რომ მის უმცროს მეგობარს, არ სწყენოდა.
- გვამი იქ არის აღმოჩენილი... სავარაუდოდ მკვლელობის ადგილიც მაქედან უნდა იყოს. იმ სოფელთან ახლოს... შენ, რომ... - მერე მიმის გახედა. - თქვენ, რომ... და ექსპერტიზის დასკვნაც მოგიტანე!
- ჰოოო. - ამოიხვნეშა ფიფომ. - სწორედ ახლა დამირეკეს სოფლიდან. 
- რას აპირებ? - ჩაერია მიმი. - წავიდეთ, თუ?
- წავიდეთ, იქაც გავარკვიოთ რა იციან და რა არა. - ფიფო წამოდგა. - თან გზაში წავიკითხავ.
- ვაჩე წამოვიყვანოთ? - იკითხა მიმიმ.
- წავიყვანოთ, მხოლოდ მანქანაში ამ თემაზე, არ ვისაუბროთ!
ვაჩე გახარებული იყო. არც თუ ისე ხშირად უწევდა, დედის და პატარა ძმების ნახვა, ამიტომაც უარი არ უთქვამს მაშინვე დათანხმდა. 
შემოდგომის ჯერ კიდევ თბილი ამინდები იდგა. ულამაზეს ფერებში იყო სოფელი ჩაფლული. 
- კარგი ვქენით ჩვენც, რომ წამოვედით, არა? - მიმიმ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ბავშვს გახედა, თუმცა თვალის მოკვრა ძლივს მოასწრო, ბიჭი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა მეგობრებთან შესახვედრად.
ოჯახის უფროსმა, ფიფო და გალეო ცალკე გაიყვანა, მათთვის პატარა სუფრა იყო გაშლილი, მიმი კი ქალებმა ჩაისვეს, თუმცა მიმის, ერთი სული ჰქონდა გაეგო, რაზე საუბრობდნენ ცალკე ოთახში გამოკეტილი კაცები. ისედაც ჩანდა, რომ არ იყო კარგი ამბავი, მაგრამ უფრო დეტალურად, სანამ სახლში არ წავიდოდნენ მანამდე ვერაფერს გაიგებდა.
- ხომ მშვიდობაა? - მიმიმ მაინც მოახერხდა და დიასახლისს გადაუჩურჩულა, თუმცა ისედაც ცხადი იყო, იქ მყოფმა ქალებმაც იცოდნენ, რაშიც იყო საქმე. 
- კაცებმა თვითონ მოაგვარონ, თავად მიხედავენ. - თითქოს, ცოტა ზერელედაც უპასუხა დიასახლისმა.
- რას მოაგვარებენ? რას?! - წყრომით მიახალა რძალმა, დედამთილს. - ჩემი ქმარია დაჭერილი, შენი კი არა!
- შენი ქმარი, ჩემი შვილია, ხომ არ გავიწყდება? - შეუტია დედამთილმა.
- დამშვიდდით. - ჩაერია მიმი. - ფიფოც სწორედ მაგისთვის ჩამოვიდა, რომ ყველაფერი მოაგვაროს, თანაც გალეო, ძალიან კარგი დეტექტივია, სწორედ ის იძიებს ამ საქმეს. ყველაფერი კარგად იქნება. - მიმი ისეთი სახით ამშვიდებდა, რომ ქალებიც დაშოშმინდნენ. თუმცა მაინც, მათგან ბევრი ვერაფერი გაიგო, მხოლოდ ის გაარკვია, რომ დიასახლისის შუათანა ბიჭი, მკვლელობის ბრალდებით  იყო დაჭერილი.
ცოტა ხანში, ფიფოს ხმა მოესმა, მივდივართო, დიმეო კი ეურჩებოდა, ცოტა ხნით კიდევ დავრჩეთო.
- ვაჩეს ბევრი სამეცადინო ექნება, ხვალ სკოლაშია. - ფიფო ახსნას შეეცადა.
- ხვალ შაბათია. - დიმეო სიცილისგან გაიჭაჭა.
- დავრჩები ამ უქმეებზე. - ჩაერია ვაჩეც. - მერე მე თვითონ ჩამოვალ.  - ჩემი გულისთვის, ნუ შეწუხდებით.
ბავშვი მაინც ურჩობდა, ფიფო კვლავ ახსნას ცდილობდა. ამის შემყურე მიმიმ, გადაწყვიტა ბავშვის სასარგებლოდ ჩარეულიყო, მაგრამ ფიფოს ისეთი მჟავე სახე ჰქონდა, რომ ცხადი იყო, საქმე ვერ იყო კარგად. 
- სასწრაფო საქმე მაქვს, ქალაქში უნდა ჩავიდე. - გამოაცხადა მიმიმ, თან ფიფოს გახედა. მანაც ოდნავ, თავის დაკვრით მოუწონა. - აბა, ვინც მოდის წავედით, მეტს ვეღარ დაგელოდებით!
მთელი გზა ჩუმად ისხდნენ. მიმიმ მხოლოდ ის თქვა, რომ ვერ არის კარგი ამბავიო და თქვენს იმედად არიანო.
- როგორც შემიძლია, დავეხმარები, მაგრამ დამნაშავეს სასჯელს, ნამდვილად ვერ ავაცილებ. - დაბალი ხმით ჩაილაპარაკა ფიფომ და მძინარე ბავშვს მიესიყვარულა.
- ნელ-ნელა დიმე შეაღვიძე, მივედით უკვე სახლთან. - საჭესთან მჯდომმა მიმიმ, სვლა შეანელა.
- იყოს ეძინოს, ფრთხილად ავიყვან.
- როგორ აიყვან! მერე ფეხი?
- ხომ გითხარი, ფრთხილად ავიყვან.
- არა, ფიფო, არა! ძლივს ცოტა უკეთ გაქვს და ახლა გინდა, ისევ უკან შეიბრუნო? 
- არაფერიც აღარ მომივა! - გაჯიუტდა ფიფო, თუმცა მიმი მართალი იყო.
ცოტას კიდევ ურჩობდა, თითქოს უკან არ იხევდა, მაგრამ მიმიმ მაინც დაითანხმა. ბავშვი შეაღვიძეს.
დიმეო ნახევრად მძინარე ადგამდა ფეხებს, საწოლამდე ძლივს მიაღწია, რომ უკვე ღრმად ეძინა.
- შენც გაიგებდი ალბათ, არა? - ფიფომ ფრთხილად შეაპარა კითხვა. 
- თავისთავად. - დაეთანხმა მიმი.
- და რაო? 
- ის რაც შენ იცი? მე რაღას მეკითხები, იქ არ იყავი? - გაიკვირვა მიმიმ.
- იქნებ, ქალებმა ისეთი რამ გითხრეს, რაც კაცებს დაავიწყდათ, ან არ იცოდნენ, ან სულაც...
- ან სულაც, არ გითხრეს? - ჩაეღიმა მიმის.
- თუნდაც!
- მაშინ მეც მინდა საქმის კურსში ყოფნა და შევადაროთ ვერსიები. 
- კეთილი. - გაეღიმა ფიფოს. - ისე შენ თითქმის, ყოველი ჩემი საქმე იცი.
- ჰოდა, მოყევი. 
- აჰა, მე დავიწყო არა? - ფიფოს გაეცინა.
- გინდა, მე დავიწყო? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - რა პრობლემაა?
- მე მოვყვები, რადგან ჩემი იდეა იყო, მხოლოდ სიგარეტი მომაწოდე. - ფიფომ ვისკის ბოთლს გახედა.
- არ გინდა, ამდენი დალევა, სიგარეტი იკმარე. - მიმი საფერფლეც გაუწოდა და იქვე ჩამოჯდა. - აბა, გისმენ.
- მოკლედ, ასეე! - დაიწყო ფიფომ. - სკოლის დამთავრების, ათი წლის თავი უქეიფიათ, რა თქმა უნდა, უგონოდ დამთვრალან და „ტრადიციულად“, ერთმანეთსაც დაერივნენ! მერე ისევ დაშოშმინდნენ, განაგრძეს ქეიფი, მშვიდად დაიშალნენ. მეორე დღეს კი, უფრო სწორად საღამოსკენ, ერთ-ერთი ჩხუბის მოთავის, გვამი იქნა აღმოჩენილი. ახლა ჩნდება კითხვა, წინა ღამით იქეიფეს და მეორე საღამოს მკვდარი ნახეს და ეს დანარჩენი დრო, სად იყო? 
- და სად იყო? - ვეღარ მოითმინა მიმიმ.
- ამაზე გვაქვს, სრულიად ამომწურავი პასუხი. - ფიფომ საფერფლე გვერდით გასწია. - იმ ღამით, სახლში არ დაბრუნებულა! მეორე დღეს, დილიდან ეძებეს და საღამოს მიაგნეს, სულ სხვა მხარეს, ნუ იმ მხარეს, საითკენაც არც მისი სახლია და არც ის საქეიფო ადგილი იყო. თავდაპირველი ვერსიით, ვითომ მდინარეში დაიხრჩო და გვამი ნაპირზე გამოირიყა, მაგრამ ექსპერტმა ეს გამორიცხა. ნუ იმ ფაქტით, რომ ფილტვებში წყალი არ იყო და ასე შემდეგ. - ფიფომ მიმოიხედა. - დასკვნა ისევ გალეოს გავატანე, ნუ არაუშავს. 
- სხვა ბიჭები? ისინიც დაიჭირეს?
- როგორც ვიცი, არა. მარტო ესაა გაბმული მახეში, რადგან ამ ორს შორის ყოფილა მწვავე დაპირისპირება, მერე გამთენიისას სახლში, რომ დაბრუნდა ტიროდა, ეს რა ვქენი, ათი წლის უნახავ კლასელს ხელი როგორ დავარტყიო და ამის გამოც მოხდა, სწორედ მისი დაკავება და არა სხვისი. 
- კი, მაგრამ დაკითხვის დროს, მაინც ხომ უნდა მოეყოლა, რომ...
- სუფრასთან ჩხუბი ახსოვს, მაგრამ მერე რომ დაიშალნენ, არც არაფერი არ ახსოვს, ან არ ყვება! სახლში კი გამთენიისას დაბრუნდა, ნეტა მეუღლეც წაეყვანა, მაგრამ მესამე ბავშვზეა ორსულად...
- მეოთხეზე. - შეაწყვეტინა მიმიმ.
- ნუ, რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტიურად ოთხი შვილის მამას, ციხე ემუქრება და წესიერად ვერ ასახელებს სად იყო და რა დროს. 
- იქნებ, გაიხსენოს? შეიძლება მალავს და საქმე სულაც სულ სხვა რამეშია.
- ჰოო? - ჩაეკითხა ფიფო. - შენ რაღაც იცი? ან უფრო მეტი ინფო გაქვს?
- მე ის ვიცი, რომ ის გოგოც იქ იყოო, პირველი კლასიდან უყვარდაო, ის გოგო კი, ჯერ კიდევ სკოლაშიც, ყველას ეპრანჭებოდაო. 
- და მერე? 
- მერე იმ მოკლულს დაუწყია... ვაიმე, მოკლულს, რომ ვამბობ, ცუდად ვხდები. - აიმრიზა მიმი.
- მსხვერპლს! ასე უმჯობესია.
- ჰო, იმ მსხვერპლს დაუწყია თურმე მწარე ხუმრობები, იმ გოგოზე, ვითომ შეყვარებულები ყოფილან და ამის ზურგს უკან ხვდებოდნენ ერთმანეთს და თანაც მერე როგორ დასცინოდნენ და რაღაც მასეთები, ამას უთმენია და მერე პირველი დაურტყამს, მერე სხვებიც ჩარეულან.
- ჰო, მერე შერიგებულან და გაუგრძელებიათ ქეიფი.
- არა! - თავი გააქნია მიმიმ. 
- აბა, ისევ იჩხუბეს? აბა ისევ გავაგრძელეთ ქეიფიო.
- კი, ისევ სუფრას კი შემოუსხდნენ, მაგრამ ის მსხვერპლი, არა!
- ჰოო? - გაიკვირვა ფიფომ. - ეს არ ვიცოდი.
- ყველას, დიდი მადლობაო, გამოუცხადა და წავიდა, იმის მერე, კიდევ გვიანობამდე გაუგრძელებიათ ქეიფი, მაგრამ არა, გათენებამდე. 
- ჰმ, ყველა თავიდან და სათითაოდ არის დასაკითხი. - ფიფომ ამოიხვნეშა. - ყოველთვის მასეა, თავიდან სხვა ვერსიებს ჰყვებიან, მერე კი თანდათან გამოჩნდება, ვინ რამდენს ან რას მალავს.
- და შენ, რას ფიქრობ?
- მე იმას ვფიქრობ, რომ გალეოს ახლა, თავზე საყრელად აქვს საქმე და მე კი, სასტიკად მეძინება.
LEX. 2019 წლის 14 ოქტომბერი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment