Monday, October 21, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 28)

28.
- ასე ადრე, რატომ ადექი, დღეს ხომ შაბათია? - გაუკვირდა მიმის, როდესაც სამზარეულოში ჩასულს, ფიფო უკვე გასასვლელად გამოწყობილი დაუხვდა, ყავაც დაელია და ახლა მძღოლის მოსვლას ელოდა.
- მედ.ექსპერტი უნდა ვნახო.
- იი...ის? - რაღაცნაირი ხმით ჩაეკითხა მიმი.
- არა, იი...ის, არა! - გაეცინა ფიფოს. - შენ, რა იყო? ეჭვიანობ კიდევაც? შენს არ არსებულ ქმარზე? - ბოლო სიტყვებში, ფიფომ ცინიზმი მსუყედ შეურია.
- არ ვეჭვიანობ! უბრალოდ, მეც მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ის ქალი ალბათ, დღესაც ვერ მიტანს. 
- სად გინდა წამოსვლა? გვამების სანახავად?
- უი, არა! - შეიცხადა მიმიმ.
- აბა, ისედაც ყველაფერს გიყვები და ჰა! წამოდი, თუ გინდა!
- არა! - მიმიმ ფანჯარას გახედა. - ისე, რა კარგი ამინდია და იცი, რა ვიფიქრე? 
- აბა?
- ჩავალთ მე და დიმე სოფელში! იქნებ, კიდევ რამე მითხრან გოგოებმა? რა იცი, რაში გამოგადგება და თანაც, ვაჩესაც წამოვიყვანდი უკან.
- მაშინ, ხვალ წადი! ბუნებრივადაც გამოგივა მიზეზი და ასეც უფრო ბევრს გეტყვიან.
- ჰო, მართალი ხარ. ნეტა მართლა რამე ეშველოს იმ ბიჭს.
- ნეტა მართლა დამანაშავე არ იყოს და ეშველება! 
- მის ცოლს შევაპარებ, იმ გოგოზე, რამე თუ იცის, იქნებ...
- არა! სჯობს მის რომელიმე ძმას შეაპარო, თან აუხსენი, რომ მე, უფრო მეტად დავეხმარები, თუ სრული სიმართლე მეცოდინება. 
- ჰო, კარგი აზრია. მასე სჯობს!
- ისე, თუ გინდა, ცოლსაც ჩამოუგდე სიტყვა. მხოლოდ დედამისს, არაფერი ჰკითხო. ჭკვიანი ქალია და თუ ჩათვალა საჭიროდ, სათქმელს თავად უფრო გეტყვის, ზედმეტი შეკითხვების გარეშეც.
- და ადვოკატი, ჰყავს უკვე?
- ჯერ არაფერი ვიცი, დღესვე გავარკვევ მაგასაც. 
ფიფოს მობილურში, ზარი შემოვიდა. მძღოლს, გალეოც მოჰყვა. 
- ცოტა კი გაგვინაწყენდა მედ.ექსპერტი, დასვენების დღეს მაინც მომასვენეთო. - სიცილით უთხრა გალეომ.
- როცა საქმეს სჭირდებოდა, ჩემო გალე! უქმეები კი არა, კვირაობით გამოუძინებელიც ვიყავი! - ცოტა არ იყოს, საყვედურით უპასუხა ფიფომ. - ერთხელ ისიც აღმოვაჩინე, რომ სამი დღე, არაფერი მქონდა ნაჭამი. მარტო ყავა და სიგარეტზე ვყოფილვარ თურმე და ვერც კი ვგრძნობდი.
- ჰოო, მასეც არ ვარგა.
- არ ვარგა, მაგრამ ხდება ხოლმე. 
- პირველადი ექსპერტიზის დასკვნა, ხომ გამოგიგზავნეთ? - აშკარად ნაწყენი ხმა ჰქონდა მედ. ექსპერტს. - გვამი პარასკევს საღამოს შემოვიდა, სამუშაო დღე უკვე დამთავრებული იყო. ორშაბათს ვაპირებდი მის გაკვეთას და თან ხელახლა, უფრო დაწვრილებით გადახედვას, რადგან ზოგჯერ გვამის დათვალიერებისას, ბევრი რამ მაშინვე არ ჩანს.
- ორშაბათამდე, მთელი ორი დღეა! არც ამდენი დრო მაქვს! - მკაცრად მიუგო ფიფომ.
- ორი დღე, რომ რამეს წყვეტდეს! - მწარედ მიახალა მედ.ექსპერტმა.
- შენი შვილი, რომ იყოს დაჭერილი, მაშინ ორი დღე კი არა, ორი წუთიც...
- ბოდიში. - უხერხულად შეიშმუშნა ექსპერტი. - არ ვიცოდი, თუ თქვენი შვილი იყო, რატომღაც მეგონა, მარტო ერთი პატარა ბიჭი გყავდათ.
- არც ჩემი შვილია და არც ჩემი ნათესავი! უბრალოდ, ადამიანია და აქ მხოლოდ, სიმართლის დასადგენად მოვედი, იმედი მაქვს...
- დიახ, მსხვერპლის გარდაცვალების პერიოდს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეჭვმიტანილის, სწორი ალიბის შექმნაში. - თავი დაუკრა ექსპერტმა.
ფიფომ მსხვერპლს თვალი შეავლო. მხარზე სხვა სილურჯე შენიშნა და გვამს კარგად დააკვირდა.
- სიკვდილიდან ორ საათში იწყება... - მედ.ექპსერტმა ხელით მიანიშნა. - სიკვდილის შემდგომი სილურჯეების გამოჩენა სხეულზე. უკვე გეცოდინებათ, ალბათ? 
- დიახ! ეგ უკვე, დიდი ხანია ვიცი. - კვერი დაუკრა ფიფომ.
- სიკვდილის მერე, სხეულის წონის სიმძიმე, მთლიანი სხეულის სისხლის მასას, თავს უყრის ქვემოთ, ქვედა მხარეს, რის შედეგადაც სხეულზე ჩნდება, მოლურჯო მელნისფერი ლაქები. თუ გარდაცვლილი, საკმაო ხანს პირაღმა იქნება, მაშინ ტანის უკანა მხარეს ექნება მეტი სილურჯე. 
- ნუ თავისთავად, გვამიც წონის სიმძიმის ადგილას იღებს მეტ სილურჯეს. - დაემოწმა ფიფო.
- მაგრამ შედარებით ღია ფერის ლაქები, იმ ადგილას უფრო მეტია, სადაც გვამი ზუსტად ეხებოდა მიწას ან რამე საგანს, საწოლს. - მედ.ექსპერტი გალეოსკენ მიბრუნდა - ისეთი სახე გაქვს, რაღაც ვერ გაიგე, ვატყობ. - ხმაში ცოტა ცინიზმიც შეაპარა. 
ეს მინიშნება ნაწილობრივ, ფიფოსაც ეკუთვნოდა, თუმცა ფიფო, უკვე მართლაც როგორც დიდი ხნის გამოცდილი, არ ჩამორჩა ექსპერტს ცოდნაში და თავად განაგრძო ახსნა:
- ესე იგი, სხეულის გარკვეულ ადგილს შეხვდა რაღაც წინააღმდეგობა და დაბლოკა სისხლის მოგროვება იმ ადგილებში, რომელი ადგილითაც ეხებოდა ნიადაგს. 
- ანუ რაზეც იწვა, ან ისე დაეცა, რომ ვეღარ ადგა. - როგორც იქნა, გალეოც ჩასწვდა.
- აი, ნახეთ? - განაგრძო კვლავ ექსპერტმა. - ზურგზე, ბეჭებსა და უკანალზე, შედარებით უფრო ღია ფერის ლაქებია, გვამი კი პირქვეა ნაპოვნი! სავარაუდოდ, პირაღმა მდგომარეობაშია მოკლული. უფრო ზუსტად, სიკვდილის დადგომისას და ამოაბრუნეს არა იმ წუთას, არამედ მინიმუმ, ორი საათის შემდეგ. ასევე შესაძლებელია, გადააადგილეს კიდევაც, ეს უკვე შემდგომ კვლევაში, შეიძლება უფრო უკეთ გამოვლინდეს.
- ესე იგი? - ფიფო გალეოს ჩააშტერდა. 
- რაღაც მომენტში, კვალის დაფარვის ფაქტებიც ვლინდება! - მიუგო გალეომ.
- დიახაც! - დაეთანხმა ფიფო. - მაგრამ რატომ, ორი საათის შუალედში?
- მინიმუმ, ორი საათის. - ჩაურთო ექსპერტმა.
- შეიძლება, ვინმემ იპოვნა და მერე ამოაბრუნა ცოცხალი ეგონა...
- და მკვდარი, რომ შერჩა იქაურობას მოშორდა? - გააწყვეტინა ფიფომ.
- არ არის გამორიცხული! - თავის დაკვრით დაეთანხმა ექსპერტი. - ერთადერთი იმის დადგენა არის შესაძლებელი, რომ გვამი, ნამდვილად გადატანილი იქნა, თუ მხოლოდ და მხოლოდ ამოაბრუნეს და ისე დატოვეს.
- ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რომ მსხვერპლი გადაიტანეს, თუ ადგილზევე ამოაბრუნეს. - ჩაურთო ფიფომ. - და ამით სავარაუდოდ, მკვლელობის ადგილიც შეიძლება დადგინდეს, არა?
- ნუ, თუ დავადგენთ, რომ გვამისთვის ადგილმდებარეობა არ შეუცვლიათ... - კვერი დაუკრა ექსპერტმა.
- ისე შეიძლება, სულაც შემთხვევითმა პირმა ამოაბრუნა? - ჩაურთო გალეომ. - უცხომ, ან იცნობდა კიდევაც და შიშით გაეცალა.
- არაფერს გამოვრიცხავ! - მიუგო ფიფომ. - ყველაფერია შესაძლებელი.
- და თუ გვამი, შეგნებულად არის გადატანილი, მაშინ აქ მკვლელობის ადგილის დაფარვასაც აქვს ადგილი. - ჩაურთო გალეომ.
- მოკლედ! ჯერ დაადგინე, ნამდვილად გადაიტანეს თუ არა და დანარჩენს, ჩვენ მივხედავთ! - ფიფო ცალყბად დაემშვიდობა მედ.ექაპერტს და იქაურობა დატოვა.
- ეჭვმიტანილი, უკვე დაკითხე? - გამოსვლისას ჰკითხა ფიფომ გალეოს.
- ჯერ არა. დააკავეს თუ არა და გავიგე საიდანაც იყო, მაშინვე შენთან გამოვეშვი. 
- მაშინ წავედით, მეც მინდა დაკითხვას დავესწრო.
გალეომ კი დაუქნია თავი კარგიო, მაგრამ სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ არ ესიამოვნა.
- რა იყო? - ჩაეკითხა ფიფო.
- მინდოდა დამოუკიდებლად დამეკითხა და...
- და ფიქრობ, რომ ჩემს დანახვაზე უფრო გაჩუმდება და არაფერს იტყვის?
- ჰო, რა ვიცი.
- თუ პირიქით? იქნებ, სრული სიმართლე თქვას?
დაკავებულ ახალგაზრდას, ბევრიც არაფერი ახსოვდა და არც ახალი არაფერი უთქვამს. ვერც ფიფოს დანახვამ და მისმა ხან მუქარამ და ხან რბილმა საუბარმა ათქმევინა იმაზე მეტი, რაც მანამდე ჰქონდა მონაყოლი. 
- მომისმინე ახლა კარგად! - ფიფოს უკვე, მოთმინების ფიალა ევსებოდა. - მალე ოთხი შვილის მამა გახდები და რატომ გინდა შენი შვილები, უშენოდ გაიზარდონ?
- არ მომიკლავს! მართლა არ მომიკლავს! - განწირული ხმით ბღაოდა ბიჭი. - სუფრასთან პირველი, მე დავარტყი! მერე გარეთაც მაგრად ვიჩხუბეთ, თუმცა მალევე გაგვაშველეს. სუფრასთან, რომ დავბრუნდით ცოცხალი იყო! ამას ყველა დაგემოწმება! მერე გავაგრძელეთ ქეიფი, მერე დავიშალეთ და სახლში წამოვედი.
- კი, მაგრამ ქეიფი, გვიანობამდე გაგრძელდა და არა, გათენებამდე. - ჩაერია გალეო. - შენ კი, გამთენიისას დაბრუნდი სახლში. ის რამდენიმე საათი, სად იყავი? ამას, რატომ ვერ ასახელებ?
- გვიან დავიშალეთ, გოგოები გავაცილეთ სახლებში, მერე ბიჭებმა ერთმანეთი. რა ვიცი, მთვრალები ვიყავით. - ბიჭმა თავი ჩაღუნა.
ფიფოს მოეჩვენა, რომ რაღაცას მალავდა და ახლა იყო სწორედ ის დრო, რომ სიმართლე ეთქვა.
- სიმართლის თქმას, ციხეში ჯდომა თუ სჯობდა, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. - გამომცდელად გახედა ფიფომ ეჭვმიტანილს.
ბიჭმა ისევ თვალი აარიდა.
- ძალიან დაძაბული ვარ და ძალიან დაღლილი! - დაიწყო ფიფომ. - მთელი შენი სანათესაო არმია, და მთელი ის სამოსახლო, თვალებში მაშტერდება, ლამის მუხლებშიც ჩამივარდნენ უშველეო და ამიხსენი აბა, რით გიშველო? როგორ დაგეხმარო?
- ყველაფერი მოგიყევით უკვე. - ჩაიბურტყუნა ბიჭმა.
- ესე იგი, კლასელებმა ერთმანეთი გააცილეთ, არა? - ახლა გალეო გადავიდა შეტევაზე. - დავკითხეთ ყველა და ქეიფის დაშლის მერე, ვერავინ გიხსენებს პირადად შენ, როდის და როგორ წახვედი. იქნებ, შენ და მსხვერპლი, წინასწარ შეთანხმდით შეხვედრას? რადგან იქ, რესტორანში, ბოლომდე ვერ მოიოხეთ გული?!
დაკავებული, ისევ თავჩაქინდრული იჯდა.
- ვიცი, რომ იმ გოგოსთან ერთად წახვედი! - მოულოდნელად მიახალა ფიფომ, თუმცა მიახლოებითაც კი არც არაფერი იცოდა.
ბიჭმა დამფრთხალი თვალებით შეხედა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო.
ფიფო მიხვდა, სწორ გზაზე იყო და განაგრძო:
- ეს აქ მოსვლამდეც ვიცოდი, მაგრამ შენგან მინდოდა გამეგო.
- არა! ტყუილია! - უკან არ იხევდა ბიჭი. - მე მარტო წამოვედი!
- აბა, კლასელები მივაცილეთო, მერე მომაცილესო? - ჩაურთო გალეომ. - რომელი დავიჯეროთ? რომელია, სიმართლე?
- იმ გოგოს, თავის ოჯახი ჰყავს და ტყუილად... - ბიჭი თავის მართლებას შეეცადა.
- ფეხებზე მკიდია, იმ გოგოს ქმარი! - შეუტია ფიფომ. - და სხვათა შორის, შენი ცოლის ეჭვიანობაც! სიმართლე უნდა თქვა და აქ! ახლავე! - ფიფო წამით იყუჩა. - ნეტა იცოდე, რა უბადრუკი ხარ ახლა! ვისი გულისთვის უნდა ხეხო საკანი, იცი მაინც საერთოდ?
- რომ ვიცი და ჩემი სიტყვის ერთგული ვარ!
- ერთგული, არა იხვი! - შეუტია ფიფომ. - ქალი, რომ ქმარს ღალატობს, იმას შენ, ერთგულების ფიცი უნდა შეუნახო? შენც ისევე მიგაგდებს, როცა აღარ დასჭირდები! 
დაკავებულმა უნდობლად ამოხედა ფიფოს და ისევ თავი ჩაღუნა.
- ყველაფერი გასაგებია. - დაიწყო გალეომ. - შენ იმ გოგოსთან ერთად იყავი. ესე იგი, მყარი ალიბი გაქვს და შენ ვერ მოკლავდი იმ ბიჭს, მაგრამ ის გოგო, დაგიდასტურებს კი ამას?
- არა, არა! - იყვირა დაკავებულმა. - არავითარ შემთხვევაში! მას არაფერი ჰკითხოთ, თორემ მე უარზე დავდგები!
- აუჰ! ძაან ნუ შემაშინებ, მაგ შენი „ატკაზებით!“ - შეუღრინა ფიფომ. - მაშინ იჯექი და ხეხე ციხე, სანამ სული არ ამოგძვრება. შენი შვილები, უმამოდ დაიზრდებიან და შენი ცოლი კი ასე უქმროდ ყოფნას, ახალ ქმრის შერჩევას ამჯობინებს და იცი, რატომ? დღეს სხვა დროა! აღარ დაგელოდება! ვეღარ დაგელოდება! და ვერც ვერავინ განსჯის! - ფიფო წამოდგა, გასასვლელისკენ გაემართა. კართან შეჩერდა და გალეოს, დაკავებულის მისამართით უთხრა: - ეს ჩააბრუნეთ საკანში და ის გოგო მომითრიეთ ჩემს კაბინეტში!
- არა! არა! რას ამბობთ! - აყვირდა ეჭვმიტანილი. - ის გოგო, პოლიციაში რომ დაიბარონ და მისმა ოჯახმა გაიგოს...
- მკვლელობაა! - შეაწყვეტინა გალეომ. - ყველა თავიდან, სათითაოდ უნდა დავკითხო! ისევე, როგორც, მათი ოჯახის წევრები. ზუსტად ვინ, რომელზე და როდის მოვიდა სახლში და ეს შენ, არ გეხება! თუ არ გინდა თქმა, ნუ იტყვი! ისედაც გამოვიძიებ!
- თუ ისედაც გამოიძიებ, მაშინ ჩემგან რაღა გინდათ?
- შენ, გამოძიების ხელის შეშლისთვის, დაგაკავებთ. - ჩაურთო ფიფომ. - ცრუ ჩვენებისთვის! მაგაზე ცალკე „სროკია!“
- თუ არ გჯერა, შეგიძლია გაიკითხო. - ნიშნისმოგებით დაუმატა გალეომ და ღილაკს თითი დააჭირა.
დაკავებული გაიყვანეს. კართან ახლოს მდგომ ფიფოს, რომ ჩაურა, ბიჭმა საბრალო, მაგრამ ჯიუტი თვალები შეანათა, ფიფომ კი მუქარით გააქნია თავი.
- ახლა შენ რას იზამ? - მიუბრუნდა ფიფო გალეოს. - დარჩები, თუ ჩვენთან ჩავუსხდეთ და იქ გავაგრძელოთ? თან საქმე და თან გემრიელი ვახშამი.
- ჰოო, ვახშამი კარგი იქნებოდა. დილიდან ენაგადმოგდებული დავრბივართ. - გალეო შეყოვნდა.
- რამე სხვა საქმეც ხომ არ გაქვს? - მიუხვდა ფიფო.
- არა, ამ ეტაპზე, მარტო ეს ერთი მკვლელობაა. - გალეო ისევ გაყუჩდა. 
- მაშინ წავედით ჩემთან, მიმი უკვე სამზადისშია და ჩვენს მისვლას უცდის, თანაც რაღაც, ძაან საინტერესო რამეს გვიმზადებს და აბა ვნახოთ.
გალეო დაეთანხმა, მაგრამ აშკარად იყო, რომ სულ სხვა გეგმები ჰქონდა. ფიფომ ვითომ ვერც შენიშნა, ისე ჩაისვა მანქანაში. გალეო არც იქ იღებდა ხმას, მხოლოდ ფიფოს როხროხი აყრუებდა მანქანის სალონს. 
მოულოდნელად, ფიფო გალეოს მიუბრუნდა:
- შენ, სად ჩამოგსვა?
- რაა? - გალეო შეცბა.
- ჰო, რა იყო? მიგიყვან სადაც გული და სული მიგეჩქარება. - გაეცინა ფიფოს.
- რა ვიცი, იყოს. - უხერხულად შეიშმუშნა დეტექტივი.
- ჯერ კიდევ, განყოფილებაშივე სახეზე გეწერა ყველაფერი! ვიფიქრე, ახლა მეტყვის, ახლაო, მაგრამ შენც იმ ეჭვმიტანილივით ჯიუტად დუმდი. - ეცინებოდა ფიფოს. - ისე შენც, ქმრიან ქალთან ხომ არა?..
- არა! - შეიცხადა გალეომ. - რას ამბობ?! ღმერთმა დამიფაროს! სხვისი ცოლი, რა ჯანდაბად მინდა?!
- ჰოდა, ახლა მითხარი, სად მიგიყვანო? ისე თუ გინდა, ამოიყვანე ჩვენთან.
- არა, ახლა არა. სხვა დროს ვნახოთ.
- შენ? - ახლა მძღოლს მიუბრუნდა ფიფო. - შენ მაინც რა საქმე გაქვს? ცოლ-შვილი დაბინავებული გყავს და ჩემთან ავიდეთ. 
- სასმელს მე ვერ ვსვამ და თუ დამრთავთ ნებას, ჩემს ოჯახობასთან ერთად ვივახშმებ. 
ფიფოს გაეცინა. თავიდან ეგონა, მძღოლს პატივს სცემდა და სავახშმოდ ეპატიჟებოდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ყველას, თავის ოჯახთან ერთად ერჩივნა უქმეების გატარება.
- შვილები რამდენი გყავს? სამი ჰო? - შეეკითხა ფიფო.
- სამივე ბიჭი! აბა, უფროსო თქვენსავით ერთზე, ხომ არ შევჩერდებოდით? - გაეხუმრა მძღოლი.
ფიფოს გულზე მწარედ მოხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია. აბა, მართლა ოჯახის პირად საიდუმლოს ხომ არ ჩამოურაკრაკებდა?
- ჰო, აბა, ეს ერთი ბიჭი გამოგვივიდა ჯერ. - მშვიდი ხმით მიუგო ფიფომ. - მეტი არ გვიჩნდება.
- თუ არ გიჩნდებათ და აიყვანეთ! რა არ გაქვთ საშუალება, თუ რა? - გაეცინა მძღოლს.
- ვნახოთ, ვიფიქრებთ მაგაზეც. მიმის ძიძა არასდროს აუყვანია, სულ თავად უვლიდა ბავშვს და თუ მას ექნება სურვილი, კიდევ ერთი გააჩინოს, ან ავიყვანოთ. 
„რეებს ვბრუტუნებ? მიმისთან უკვე მოვრჩი ყველაფერს! უნდა აიყვანოს და უნდა გააჩინოს! მხოლოდ უჩემოდ მოუწევს გაზრდა! 
არა! დიმეს არ მივატოვებ! არავითარ შემთხვევაში! ნახევრად ჩემთან მეყოლება და თუ უნდა, სულ ჩემთან დარჩეს!“
- ერთი შვილი, მეც აყვანილი მყავს! - გააწყვეტინა ფიქრი მძღოლმა. - მხოლოდ ამას საიდუმლოდ ვინახავთ, რა...
- არავის ვეტყვი, მაგრამ როგორ აყვანილი? 
- შვიდი წელი ვიყავით დაქორწინებული და ბავშვი, არ გვიჩნდებოდა. სად არ მყავდა, რა არ ვიმკურნალეთ, მაგრამ არაფერი. ის კი არა და, მეც გავიარე გამოკვლევა, ყველაფერი წესრიგში გვქონდა ორივეს, მაგრამ მაინც გადიოდა წლები არც კი დაორსულებულა. მერე ავიყვანეთ ერთი პატარა ობოლი ბიჭი. თითქმის წლის ხდებოდა უკვე და იმავე თვეში, ჩემი ცოლიც დაორსულდა. მეორე ბიჭს, მესამეც მოჰყვა და ახლა, სამი ბიჭი მყავს!
- ყოჩაღ შენ! - ფიფო აღფრთოვანებას ვერ მალავდა. - ერთი, აი აქ შემიჩერე, მარკეტის წინ და მე ნუ გადმომიყვან. ბიჭებს რაც უყვართ, ის უყიდე ჩემს სახელზე. - ფიფომ ბარათი გაუწოდა.
მძღოლი უარზე დადგა, უხერხულობას ვერ ფარავდა. ფიფო კი ჯიუტად არ იხევდა უკან.
- მაინც და მაინც, მე უნდა გადმომიყვანო? ეს სამფეხა კაცი, არ გრცხვენია? ხომ იცი, რომ გადმომსვლელი ვარ!
როგორც იქნა, დაითანხმა და ყურებამდე გაკრეჭილი მძღოლი ახლა თავის უფროსს სახლისკენ მიაქროლებდა, სადაც ფიფოს საინტერესო სიურპრიზი ელოდა.
LEX. 2019 წლის 21 ოქტომბერი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment