Monday, October 7, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 26)

26.
ფიფო, არასდროს ყოფილა ქირურგის სახლში, თუმცა არა ერთხელ იყო დაპატიჟებული, მაგრამ იმდენ მიზეზს მოიგონებდა, რომ აქეთ გადმოიპატიჟებდა ქირურგს თავისთან. ახლაც მის დაპატიჟებაზე, თითქოს უკან დაიხია, მაგრამ ბოლოს, „გარკვეული ხვეწნის“ მერე, მაინც დათანხმდა.
რა იცოდა ქირურგის პირადი ცხოვრების შესახებ?
ბევრი არც არაფერი. თითქმის შუახნემდე მიღწეული მარტოხელა მამაკაცი. ოჯახის წევრებიდან, მხოლოდ ბებია ჰყავდა დარჩენილი. იქნებ, ადრე იყო დაოჯახებული, მაგრამ ფიფოს არც არასდროს უკითხავს მისთვის და არც ქირურგს უხსენებია. სამაგიეროდ ბებიას, ხშირად ახსენებდა, ასევე თავის კოლეგებსა და პაწაწინა პაციენტებზეც ხშირად ჰყვებოდა. კაცი უზომოდ იყო შეყვარებული თავის პროფესიაზე და განურჩევლად ედგა გვერდში ნებისმიერ ავადმყოფ ბავშვს და სულ ეს იყო.
ფიფომ მარკეტი მოათვალიერა.
„კარგიიი... ჩვენ კონიაკს დავლევთ, მაგრამ მოხუც ბებოს, რა მივართვა?“
ალბათ, საკმაოდ დიდხანს და შესამჩნევადაც ათვალიერებდა თაროებსა თუ დახლებზე გამოფენილ გემრიელობებს, ამიტომაც მის ზურგს უკან მხიარულმა ხმამ გაიწკრიალა:
- შემიძლია, კონსულტაცია გაგიწიოთ!
- ბატონო? - ფიფო მოულოდნელობისგან შემობრუნდა.
- არჩევანის გაკეთებაში გაგიწევთ დახმარებას. - გაუღიმა, ხასხასა პომადიანმა, გოგონამ.
- ჰოო. - ჩაფიქრდა ფიფო. - ქალბატონისთვის ვეძებ, რაიმე საუკეთესოს და გემრიელს.
- ეს შოკოლადის ასორტი, უგემრიელესია, თანაც სხვადასხვა გულსართით, თხილი, ნიგოზი, ნუში...
- არაა! - გაეღიმა ფიფოს. - არა მგონია ამდენი თხილის გაკვნეტა შეეძლოს. რამე უფრო, მსუბუქი და თქვენნაირი ჰაეროვანი. - ფიფომ ვნებიანი მზერა სტყორცნა. 
გოგონას უფრო მეტად გაეღიმა. ქათინაური აშკარად ესიამოვნა და ის იყო, რაღაცის შეთავაზებას აპირებდა, რომ მეორე გოგონამ დაასწრო:
- მარშმელოუ!
- ბატონო? - ფიფომ წარბები აზიდა.
- ზეფირის ვარიანტშია, რა! - ახსნა დაასწრო წითელ პომადიანმა.
- ესე იგი, ზეფირია? იყოს ზეფირი, მე მარმელადი მეგონა.
- მარმელადიც გვაქვს! - ახლა ისევ მეორე გოგონამ დაასწრო. 
- ზეფირშიც და მის გარეშეც! - კვლავ ჩაენაცვლა წითელპომადიანი.
- ზეფირი, შოკოლადითაც გვაქვს! - არ აცლიდა მეორე.
ფიფო კი, ხან მარჯვნივ გახედავდა ერთს და ხან მეორეს, მარცხნივ. ბოლოს როგორც იქნა, შეთანხმდნენ. ყველაფერს ცოტ-ცოტას აუწონიდნენ და ისე გაატანდნენ.
ამდენ არჩევანში ფიფოს, ლამის უკვე ადრიდანვე შერჩეული ვისკიც კინაღამ დაავიწყდა, თუმცა დროულადაც შეახსენეს და გოგონებმა, ისევ ერთმანეთს დაასწრეს - კიდევ გვეწვიეთო.
ქირურგი, მოკრძალებულად ცხოვრობდა. ჩანდა ერთ დროს, ბევრად კარგი მაცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, რაზეც ლამაზად დაგებული, კუბოკრული, აწ უკვე, ლაქ გადაცლილი პარკეტი მიუთითებდა და ასევე მოძველებული, უკვე სარესტავრაციოდაც გამოუსადეგარი ავეჯიც, ამასვე მოწმობდა.
- რა ამბავია, ამდენი ტკბილეული. - ეღიმებოდა ქირურგს. - დიაბეტით გინდა მომიკლა ბებო?
- არა, რას ამბობ? - ფიფოც აჰყვა სიცილში. - სხვა ვერაფერი შევარჩიე და...
- რა თავს ამართლებინებ? - შეუტია ბებომ შვილიშვილს. - ასეთი კარგი სტუმარი გვეწვია და ამდენი რამე-რუმეები მოგვიტანა. 
- ხომ იცი? ბევრი არ შეიძლება, შაქარი აგიწევს. - შეახსენა ქირურგმა.
- ამიწევს და აქ არ ხარ? ტყუილად გაგზარდე მკურნალად. 
- ტკბილეულის მეტი ვერაფერი შევარჩიე, თუმცა კონიაკზე მისაყოლებლადაც უნდა მეფიქრა, მაგრამ ისე დამაბნიეს არჩევანის გაკეთების დროს, რომ...
- მისაყოლებელიც გვაქვს და ბებოს საფირმო კერძიც! - გაეღიმა ქირურგს.
- ნუ წუხდებით, სულ ცოტა ხნით შემოვირბინე... 
- ჩვენ ისეთი გემრიელი კერძი მოვამზადეთ დღეს, რომ უარი გამორიცხულია! - შეაწყვეტინა მოხუცმა.
- არა, ნუ შეწუხდებით. 
- არ ვწუხდებით, უკვე მზად გვაქვს. ბებოს უძველესი რეცეპტია, ძლივს გაიხსენა. 
- არა, მართლა, ამდენი დროც არ მაქვს! წლებია მეპატიჟები და მე კი თითქოს, სულ თავს ვარიდებ.  
- ჰოდა, ახლა უფრო ხშირად გვესტუმრე. - ჩაერია ბებო. - ისედაც დაუსწრებლად გიცნობდი.
- მართლა? - გაუკვირდა ფიფოს.
- ჰო, ძილის წინ ჩამოვუჯდები თან წნევას ვუზომავ და ზღაპრებსაც ვუყვები. 
ფიფოს გაეცინა. მართლაც საკმაოდ თბილი, მყუდრო პატარა ოჯახი, საუკეთესო მეგობარი და მისი თბილი, მოხუცი ბებო. რა იყო აქ უჩვეულო? რის გამორკვევას ცდილობდა ფიფო, უკვე თავადაც არ იცოდა, ან საერთოდ, რატომ შეეპარა ეჭვი ამ კაცში, ან რა იყო ეს ეჭვი?
- დარწმუნებული ვარ, ასეთნაირად მომზადებული ქათამი, გასინჯულიც კი არ გექნება. ბებიას ბავშვობაში ჩარჩენილი რეცეპტი, ახლა გაახსენდა, თავისი დიდი ბებიისგან.
- ჰმ, საინტერესოა. - ფიფოს ნერწყვი მოადგა.
- ახლავე შევათბობ ცოტას და ჩავუსხდეთ, დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც კი არ გექნება.
- კი, მაგრამ რა არის ასეთი? 
- სუნელებში ჩაშუშული ქათამი, სულგუნით.
- რძეში გამიგია, არაჟანშიც, მაგრამ სულგუნში? - გაიკვირვა ფიფომ.
- ჰოდა, ახლა გაიგე კიდევაც და დააგემოვნებ. - ქირურგი სამზარეულოსკენ წავიდა.
- ხელების გადაბანა, სად შეიძლება? - მორიდებულად იკითხა ფიფომ.
- აი, შვილო, იქეთ. - მიანიშნა ბებიამ.
ფიფო ვიწრო დერეფნისკენ წავიდა, რაღაცნაირი სუნი შეიგრძნო, ცოტა მოტკბო და ცოტაც მხრჩოლავი. თითქოს, ისედაც იგრძნობოდა მთელ სახლში, მაგრამ რაც უფრო წინ დგამდა ნაბიჯს, უფრო და უფრო მძაფრდებოდა იმ რაღაცნაირი, თან სასიამოვნოც და თანაც, ცოტა ყელის ჩამწველი სურნელი, რომელიც აშკარად დერეფნის ბოლო კარიდან მოდიოდა. 
ფიფომ ფრთხილად შეაღო კარი, ოთახში არავინ იყო. სურნელთან ერთად, უკვე გაფანტული კვამლიც შეიმჩნეოდა. საკმაოდ მყუდრო, კოხტად მოწყობილი ოთახი. თაროებზე წიგნებთან ერთად, პატარა მანქანების მოდელები იყო ჩამწკრივებული, საწოლთან კედელზე გაკრული მრავალფეროვანი პლატაკები. იქვე სკამთან ბოტასები, სკამის საზურგეზევე გადაკიდული ჯინსები. აშკარად, ბიჭის ოთახი იყო. სავარაუდოდ, მოზარდის. 
ფიფომ ოდნავ შეღებულ კარში, მეტი ვერაფერი შენიშნა, მაგრამ სურნელი და უკვე ჰაერში შერეული კვამლის ნარჩენი, აშკარად ოთახის სიღრმიდან მოდიოდა, სადღაც უფრო კარს უკან. ფიფომ ახლა ოთახში შეაბიჯა და გაკვირვებისგან ელდა ეცა. საწერი მაგიდა და მთელი კედელი სავსე იყო ხატებითა და ბიჭის ფოტოებით. მაგიდაზე კი უკვე ჩამწვარი სანთელი და მიმქრალი საკმევლის სურნელი იფრქვეოდა. 
საოცარი იყო. ქირურგს არასდროს დასცდენია სიტყვა.
„ან შვილი თუ ჰყავდა?
ან იქნებ, უმცროსი ძმა?
თუმცა ალბათ, იმდენად მტკივნეულია ამაზე საუბარი, რომ....
კი მაგრამ ერთხელ ხომ მაინც შეეძლო ეხსენებინა? რატომ მალავს? ამდენი წლის მეგობრობები ვართ და...
რა უცნაური კაცია...“
ფიფო გამოერკვა. 
„მართლაც, როგორი უხერხულია, ადამიანს არ უნდა მის პირად ცხოვრებაზე, მის მწუხარებაზე საუბარი და შენ კი აიძულებ ათქმევინო, სახლშიც შემოეჭერი და მის პირად ტკივილშიც იჭრები!“
ფრთხილად გამობრუნდა უკან და ზუსტად იმ დროს ჩაჯდა სავარძელში, რომ ქირურგმაც ბებოს საფირმო კერძი შემოიტანა.
ერთი პერიოდი, ფიფომ გადაწყვიტა, სიტყვა ჩამოეგდო, გარდაცვლილი ბავშვების შესახებ, თუმცა მალევე გადაიფიქრა და ისევ ისე გააგრძელეს საუბარი, როგორც ადრე იცოდნენ. უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ ამ მხიარული, დინჯი და საკმაოდ გულიანი მეგობარი კაცის მიღმა, საკმაოდ მძიმე ტკივილი იმალებოდა, იმდენად მძიმე, რომ არავის ახვევდა თავს.
ფიფომ მიკიბულ-მოკიბულ საუბარს თავი აარიდა, არც მინიშნებებით მოაბეზრა თავი მეგობარს, მაგრამ ვერც მთელმა ბოთლმა ვისკის დაცლამ მოაოხებინა გულის ტკივილი. ქირურგი კვლავაც ძველებურად დუმდა, ისევე როგორც ყოველთვის, თავის პირად დარდს, არავის უზიარებდა.
- ახლა ხომ უკვე იცით, სადაც ვცხოვრობთ და ხშირად გვინახულეთ. - გამომშვიდობებისას დააწია ბებიამ. 
- აუცილებლად, კიდევ ბევრჯერ შემოვირბენ.
- ყოველთვის სასურველი სტუმარი ხარ, ეს იცოდე. - დაუმატა ქირურგმა. 
ფიფო ორივეს გამოემშვიდობა და კვლავ სტუმრობას დაჰპირდა.
ინტერესი ჰკლავდა, როგორ უნდა გაეგო, რა ხდებოდა მისი მეგობრის გულში. ვინ ეტყოდა? მის კლინიკაში ხომ არ დაიწყებდა გამოქექვასა და გამოკითხვას? სავარაუდოდ, არც მიმის ეცოდინებოდა მასზე რამე, ან იქნებ?..
„ნეტა მართლა თუ იცის?“
ფიქრობდა ფიფო.
„საინტერესოა, რამდენად ახლოს იცნობენ ერთმანეთს? ან რამდენი ხანია?“
ფიფოს ეს აკვიატებული ფიქრები, კვლავ მოსვენებას არ აძლევდა. ხან ფიქრობდა, რომ რა საჭირო იყო სხვისი პირადი ამბების ქექვა, ხან კი, გაცხოველებული ინტერესი უფრთხობდა ძილს.
რაც შეეხებოდა მიმის პასუხს, უკვე აღარც აინტერესებდა. კიდევ ერთხელ გადადო გვერდით და ახლა, სულ სხვა ამბით იყო დაინტერესებული, თუმცა სახლიდან წასვლა, ახლა უფრო მეტად ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მისი გული და გონება, ჯერ მეგობრის სიმწუხარით იყო დაკავებული.
მიმი, სწორედ მაშინ წაადგა თავს, როცა ფიფო სავსე ყავის ფინჯანს, ორივე ხელით ჩაფრენოდა, თავი უკან გადაეკიდა და გამაყრუებელი ხმით ხვრინავდა.
მიმიმ ფრთხილად გამოაცალა ფინჯანი და თავისკენ მიიწია.
- უი, რა ტკბილია. - პირველი ყლუპის მოსმისთანავე აღმოხდა მიმის და ცოტა არ იყოს, ხმამაღლაც მოუვიდა. 
ფიფოს შეეღვიძა. ჯერ კიდევ ბურანში იყო. ცალი თვალი შეავლო მიმის და პირველივე რაც გაიფიქრა, ის იყო, რომ აუცილებლად წავიდოდა ამ სახლიდან. მიმის ხუშტურები, უკვე დიდი ხანია, ყელში ჰქონდა ამოსული.
- რამე ახალი და სერიოზულია? - მიმიმ ფინჯანი უკან დაუბრუნა. - ასეთ ტკბილს, როგორ სვამ? ყავის გემო, საერთოდ აღარ იგრძნობა. 
მიმი წამოდგა. თავისი ფინჯანი ჩამოდგა, ყავა დაისხა და ხელი ფიფოს ჭიქისკენ გასწია. - ახალს დაგისხამ, ცივია უკვე ეს.
ფიფოს ხმა არ ამოუღია. მიმიმ ყავა დაუსხა, შაქარი ცოტა ნაკლებიც ჩაუყარა. მერე ბევრი შაქრის მავნებლობაზე დაუწყო ლექციების კითხვა. ფიფო წესიერად არც უსმენდა. 
მიმი კი განაგრძობდა:
- ახლა მაგ ფეხს, სერიოზულად უნდა მიხედვა. ნაკლები დატვირთვაო, ხომ აგიხსნეს იქ? არც ზედმეტად ტკბილი და არც ცხარე-მჟავე შეიძლება. სასმელსაც და სიგარეტსაც, ცოტა მაინც უნდა მოუკლო, შენ კი? ჯერ დილაა და უკვე სამი ღერი მოგიწევია და თანაც, სამზარეულოში. უზმოზე ჯერ წყალი უნდა დალიო და მერე...
- რა იცი ქირურგის პირადი ცხოვრების შესახებ? - ფიფოს მოულოდნელმა შეკითხვამ, მიმი თითქოს არც დააბნია, მაგრამ აშკარად გაუკვირდა.
- და რა უნდა ვიცოდე? - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- რა ვიცი? მშობლები, შვილები? ოჯახში რამდენი არიან?
- არასდროს ვყოფილვარ მასთან სტუმრად! - გაეღიმა მიმის, მერე ჩაფიქრებული ხმით დაუმატა. - მართლა არაფერი ვიცი მის შესახებ.
მიმი აშკარად გულწრფელი იყო. ფიფოს არ გამოჰპარვია, თუმცა მაინც ცდილობდა კიდევ რამე გაერკვია.
- ესე იგი, მართლაც არაფერი იცი და არც ადრე იცნობდი?
- ნუ გააჩნია, რამდენად ადრე? - მიმის ცოტა, სახე შეუფარკლდა. 
ფიფომ შეამჩნია და ახლა უფრო მეტად ჩააშტერდა სახეში. მიმი მშვენივრადაც მიხვდა, ფიფო რაღაცის გარკვევას ცდილობდა, მაგრამ თავი მაინც მედგრად ეჭირა. 
- დავუშვათ, ჩემზე ადრე. - ფიფომ ფინჯანი თავისკენ მიიწია.
- შენ თუ დიმეოს დაბადებისას გაიცანი, მაშინ მე უფრო ადრე ვიცნობ. - მიამიტი თვალები შეანათა მიმიმ, თუმცა სახის ფერზე, მაინც ეტყობოდა, რაღაც ისე ვერ იყო საქმე.
- ჰოო? - გამომცდელად ჩაეკითხა ფიფო.
- ჰო! მანდ დავდიოდი კონსულტაციაში. მართალია ჩემი სახლისგან, საკმაოდ მოშორებით იყო, მაგრამ იმ დროს ქალაქში, ყველაზე საუკეთესო კლინიკა იყო, უახლესი ტექნოლოგიებით, გოგოებმა ლამის ყველამ, იქ მირჩიეს. - მიმიმ მხრები აიჩეჩა და განაგრძო. - და მოხდა რამე? ვინმეს ბავშვი თუ ჰყავს ცუდად, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვურჩიო, საუკეთესო სპეციალისტია, თანაც როგორი გულისხმიერია, უნიჭიერესია. 
ჩაარაკრაკა მიმიმ და აშკარად გულზე მოეშვა, ფიფოს არც ეს გამოჰპარვია, მაგრამ ახლა აღარ იცოდა, რა შეკითხვა უნდა დაესვა, ან მეტი რაღა უნდა გაერკვია, როცა მიმის ნაამბობში, უჩვეულო არაფერი იყო.
- ჩვენთან საკმაოდ ახლოს მეგობრობს, თანაც ბავშვის ნათლიაც არის, ჩვენ კი მის პირად ცხოვრებაზე, არც არაფერი ვიცით. 
- ალბათ, მისი პირადი ცხოვრება, მისი სამსახურია. - გაეღიმა მიმის.
- ცოტა უცნაურიც არის, ადამიანს იცნობ, მეგობრობ და მასზე არაფერი იცი.
- და მერე, ჰკითხე. - გაეცინა მიმის. - გოგო, რომ იყოს მე ვკითხავდი, მაგრამ...
- ოჯახიდან მხოლოდ, ბებიას ახსენებს, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაობლდა. 
- რამდენი რამ გცოდნია და კიდევ რაღას ეძებ? - უსაყვედურა მიმიმ. - იქნებ, ადამიანს არ უნდა, თავისი პირადი ამბების მოყოლა? რას გადაეკიდე?
- რა ვქნა? - გაეცინა ფიფოს. - ასეთი საზიზღარი პროფესია მაქვს, თუ ამოვიჩემე, ბოლომდე უნდა ჩავეძიო და გავარკვიო საქმე.
- საქმე ჰო, მაგრამ ეს ადამიანის პირადი ცხოვრებაა და არ გაქვს უფლება ჩაერიო, მით უმეტეს, თუ არც უთხოვნია და არც არაფერი უჭირს, რომ შენი დახმარება უნდოდეს.
- ჰო, მართალი ხარ, მართალი. უბრალოდ ყური მოვკარი...
- რას? - უცებ შეაწყვეტინა მიმიმ და აშკარად სახეზე გაფითრდა.
ფიფომ არ შეიმჩნია და განაგრძო:
- შვილი ჰყოლია გარდაცვლილი, მგონი.
- მართლა? - შეწუხდა მიმი, სახეც ისეთი მიიღო, რომ ფიფო დარწმუნდა, მიმიმ მართლა არაფერი იცოდა.
- ზუსტად არ ვიცი, რაღაც ყურმოკვრით გავიგე და არც კი ვიცი, რამდენად მართალია.
- და ვისგანაც გაიგე, იმას მაშინვე რატომ არ ჰკითხე?
- იმ კლინიკის ქირურგი ახსენეს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ, ბიჭი ჰყოლია გარდაცვლილი, სადღაც ასე თინეიჯერი. გვარიც ემთხვეოდა, მაგრამ იქნებ, სულაც სულ სხვაზეა საუბარი? ან მე ისე ვერ გავიგე?
- და მერე? - ჩაეღიმა მიმის. - ამხელა თანამდებობა გაქვს და რა უნდა მაგის არქივების გადამოწმებას? 
- ჰო, რა ვიცი? სადღა მცალია საბუთების საქექად, წავიდა ის დრო. მერე რამდენი სარდაფის მტვერი მაქვს ნაყლაპი...
- რა სარდაფის მტვერი? რომელ საუკუნეში ცხოვრობ? - კვლავ გაეცინა მიმის. - ყველაფერი უკვე, დიდი ხანია კომპიუტერებშია შეტანილი. დღეს ძალიან ადვილია ინფორმაციაზე წვდომა, თანაც შენთვის უფრო.
- მახსოვს ადრე, როცა რამეს ვიძიებდი და ძველი საბუთები მჭირდებოდა, ძალიან ცოტა თუ იყო კომპიუტერებით აღრიცხული, რაც უფრო ძველი იყო, მით უფრო რთული იყო მისი მოძიება.
- მერე შენც სინჯე, თუ იპოვნი იპოვნი, ან თვითონ ქირურგს ჩამოუგდე სიტყვა, რა არ შეიძლება? 
- ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. - ფიფომ ამოიხვნეშა. - ალბათ, მთელი ქალაქის სკოლების, ძველი არქივები უნდა ამოვაბრუნებინო და ისე დავძებნო. ჰმ, სახელიც კი არ ვიცი იმ ბავშვის.
- და იქნებ, ამ ქალაქში სულაც არ სწავლობდა? ან არც ამ ქვეყანაში ცხოვრობდა, მერე?
- უჰ, რა ვიცი. ავიკვიატებ ხოლმე რაღაცას და მერე ღამეები არ მძინავს. - თავი გააქნია ფიფომ.
- იცი რა მოვიფიქრე?
- რა?
- იმ მისამართზე ვინ ცხოვრობდა, თუნდაც ბოლო ათი ან ოცი წლის მანძილზე, ან ცოტა მეტიც. ჯერ მაქედან დაიწყე და უფრო ადვილად გაარკვევ და მერე სკოლებიც ნახე.
- ჰმ, მიმიიი! - გაეცინა ფიფოს. - რომ არ იყოს აღრიცხული? 
- ჯერ მაქედან დაიწყე და მერე შენ იცი. და საერთოდ, რატომ ქექავ მაინც სხვის პირად ცხოვრებას? ესეც დანაშაულებრივ კავშირშია? ვფიქრობ, რომ არასწორად იქცევი, მეგობრის მიმართ.
- ისე, მართალი ხარ შენ, ხომ იცი? - ჩაეღიმა ფიფოს. - სხვისი პირადი ცხოვრების ჩიჩქნა, ნამდვილად არ არის კარგი საქმე, თემაც კი იმდენად მტკივნეულია, რომ ადამიანი არც საუბრობს ამაზე და მე კი?.. - ფიფომ ამოიხვნეშა. - კარგი, შეაღვიძე ბავშვი, წავიყვან სკოლაში. 
დღე ჩვეულებრივად გაგრძელდა. არაფერი უჩვეულო, მხოლოდ დღის ბოლოსკენ მიმის მოულოდნელი ვიზიტი იყო ფიფოს კაბინეტში უჩვეულოც და ცოტაც უცნაურიც. მიმი ყურებამდე უღიმოდა, ხელში საქაღალდე ეჭირა და გამომწვევი სახით გაუწოდა ფიფოს. 
- ხომ იცი, სადაც ვმუშაობ? - გაბრწყინებული სახით მიმართა მიმიმ.
- როგორ არ ვიცი!
- ჩემი სამსახურის წყალობით, ძალიან ადვილად გავარკვიე, ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, ვინ ცხოვრობდა იმ მისამართზე, როდის და რამდენი ხნით. 
- ჰოო? - გაუხარდა ფიფოს.
- თუმცა, სასიხარულო ამბავი, სულაც არ არის. - ამოიხვნეშა მიმიმ. - ქირურგს, მართლაც ჰყავდა ბიჭი, რომელიც ჩვიდმეტი წლის წინ, ავტოავარიამ იმსხვერპლა. 
LEX. 2019 წლის 1 ოქტომბერი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment