Monday, September 30, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 25)

25.
ფიფომ თითებში ჩამტვრეული სიგარეტის ნარჩენები, საფერფლეში ჩამოიფერთხა და წამოსადგომად მოემზადა.
- იმიტომ კი არ გითხარი, რომ იეჭვიანო და სცენები მოუწყო. - ხმა შეარბილა მამიდამ. 
- არც ვაპირებ! - კბილებში გამოსცრა ფიფომ.
- მიმი წესიერი და პატიოსანი გოგოა...
- ვიცი და ვაფასებ! - მოუჭრა ფიფომ და ისე დატოვა იქაურობა, რომ არც მამიდას დამშვიდობებია და არც კარში შემოსული სიდედრის გაუცია ხმა.
გული ბოღმით ევსებოდა. 
„მიმი! მიმი! მიმი!
რატომ თვალთმაქცობს? ისევ რაღაცის დამალვას ცდილობს! გამუდმებით ამას აკეთებს და რატომ? 
როგორ არასდროს მენდობა! არასდროს არ მენდობა! 
ყველაფრისთვის პასუხს მოვთხოვ! მორჩა უკვე ამდენი ტყუილი! ყველაფერს ბოლომდე გავარკვევ და მერე, ჩემი ფეხიც აღარ იქნება იმ სახლში!
დამაცადოს!
ყველაფერს დეტალებში ამიხსნის!“ 
ფიფო შეეცადა, ზუსტად გაეხსენებინა, ქირურგთან მათი თავდაპირველი შეხვედრა, როგორ დამეგობრდნენ. თითქოს, საეჭვო ვერც ვერაფერი გაიხსენა. მხოლოდ ის იყო, რომ... 
„ადრეც ბევრჯერ გამკვირვებია, მიმი თითქოს, ცოტა არ იყოს...
თითქოს ქირურგს, რაღაცნაირად ცივად ექცეოდა, როგორც ყველაზე შორეულ ნაცნობს, არადა ის კაცი, მართლაც თან მყვებოდა, გაცნობის დღიდან გვერდში მედგა.
ჰო! აი, ეს მაკვირვებდა სწორედაც, რომ მიმის საქციელი იყო უცნაური. ყოველთვის სტუმართმოყვარე გოგო, აშკარად გაურბოდა ქირურგის სტუმრობას. 
ჰმ! როცა გალეო მესტუმრებოდა, მაშინ კარგად ჩამომიჯდებოდა კაბინეტში და ქირურგის მოსვლისას, სულ რაღაცას იმიზეზებდა და ზოგჯერ სახლიდანაც კი გადიოდა.
მე კი, რეგვენი და ბრიყვი ვერაფერს ვხვდებოდი.
ღმერთო, რამდენჯერ უნდა გამაცუროს ამ ქალმა? რამდენჯერ უნდა ამიხვიოს თვალი და რატომ? რისთვის?“
ფიფომ ზედიზედ მოუკიდა სიგარეტს და არც გაუგია ქალაქიდან როდის გავიდნენ. სადაცაა ჩააღწევდნენ სოფელში და ახლა სულაც არ იყო იქაურობის ხასიათზე, არც ბავშვის ჩამოყვანა აწყობდა ახლა. მიმის ცალკე და უკვე სერიოზულად უნდა დალაპარაკებოდა. ერთი კი იფიქრა, მანქანას უკან მოვაბრუნებინებო, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. ბავშვი, მამის ჩამოსვლას ელოდა და გულს ხომ არ დასწყვეტდა. 
„ბავშვი, რა შუაშია?
ვიცი, როგორც მელოდება, გულს ვერ ვატკენ.
აი, მიმის კიიი!“
უცებ, შემხვედრ გზაზე, მომავალი მანქანა, პირდაპირ მათკენ წამოვიდა. მძღოლმა ძლივს მოასწრო არიდება. წამებში წყდებოდა ყველაფერი, საბედნიეროდ ყველანი გადარჩნენ. ფიფომ, ერთი ისეთი შეუკურთხა ხალხით სავსე მანქანას, რომ მისი ასეთი საქციელით, თვით მძღოლიც კი გაკვირვებული დარჩა, თუმცა თავადაც ერჩივნა, გემრიელად ეგინებინა უპასუხისმგებლო მძღოლისთვის. 
- უკაცრავად! - ფიფომ ცალყბად გაუღიმა თვალებდაჭყეტილ მძღოლს.
- ეგ არაფერია, მეც რომ გული მომდის, ისეთი გინებები ვიცი, როოო!!! - გაეცინა მძღოლს.
„კიდევ კარგ ჭკუაზე ვარ!“
გაიფიქრა ფიფომ.
„მიმი და ქირურგი! ქირურგი და მიმი!
არაა! ყველაზე ნაკლებად მათი რომანის მჯერა. ლამის შვილად შეჰფერის, თუმცა ასეთი დამაინტრიგებელი რომანისთვის, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? 
არა, არა! აქ რაღაც, სხვა ამბავია! სულ სხვა რამ იმალება და მოვიდა დრო, ყველას ჩამოვხსნა ნიღაბი! ისე ჩამოვგლიჯო, რომ ბოლომდე გამოაჩინონ თავისი ნამდვილი სახე!“
მამის დანახვაზე, დიმეო აჭყიპინდა, თან ძალიან გაუხარდა და თან, იქაურობის დატოვებაც არ უნდოდა. თუმცა, არც ფიფო იყო ბავშვის სახლში წამოყვანის ხასიათზე, მიმისთან პირისპირ საუბარი, ახლა ყველაფერს ერჩივნა.
- მამი, დედიკოს ძალიან მოენატრე, შენი ნახვა უნდა.
- ხომ ვნახე უკვე. - წრიპინებდა ბიჭი.
ფიფოს გაეღიმა, ნახვით ალბათ, ვიდეოზარით თუ ნახაო, გაიფიქრა.
- რომ გაგვინაწყენდეს? მე გამებუტება, შენ კი არა.
- მერე, მე შეგარიგებთ! - უკან არ იხევდა ბიჭი.
- იყოს, კიდევ ცოტა ხანი დატოვეთ. - გამოექომაგა ვაჩე. - მაინც ამ დღეებში, ქალაქში ვარ წამოსასვლელი და წამოვიყოლებ.
- დატოვე, დატოვე. - მხარი აუბა მასპინძელმაც. - ქალაქში ისევ ცხელა, ისეთი ხვატია, რომ ცოტა ხნით ბავშვმა, კიდევ ჩაყლაპოს სუფთა ჰაერი.
- ჰო, ქალაქში, მართლაც ისევ ისეთი საშინელი სიცხეა. - დაემოწმა ფიფო, მერე ვაჩეს მიუბრუნდა. - ქალაქში, რა საქმე გაქვს? თუ გინდა, ახლა წაგიყვან.
- არა, ახლა არ მაწყობს. იქეთ კვირაში ვარ დაბარებული, სკოლიდან ბავშვების საბუთები უნდა გადმოვიტანო აქეთ.
- ბედნიერია შენი ძმები, ასეთი ძამიკო რომ ჰყავხარ. - შეაქო ფიფომ.
- აბა, რაა. - დაემოწმა მასპინძელი. - ოჯახის უფროსია და ყველა საქმეები, ახლა ამან უნდა მოაგვაროს! დედას სათავისოდ, დიასახლისობაც ეყოფა, ისედაც ამდენი ცინგლიანი ჰყავს მოსავლელი. - ახითხითდა კაცი.
- ბავშვების საბუთებიო და შენი? - ჩაეკითხა ფიფო.
ვაჩემ თვალი აარიდა.
- ჰა! რა იყო? - ფიფო მაშინვე მიუხვდა, რაღაც ვერ იყო წესრიგში და ბიჭს, ერიდებოდა თქმა.
- ტყუილად დროის ხარჯვაა. იმაზე მეტი, რაღა უნდა ვისწავლო. ჯობია, აქ მივეხმარო, სანამ სრულწლოვანი გავხდები, მერე კი ქალაქში სამუშაოზე, უფრო ადვილად ამიყვანენ. - თავი არ აუწევია ვაჩეს, ისე სხაპასხუპით მიახალა ფიფოს.
- სკოლის ატესტატის გარეშე, სად გინდა იმუშაო? მშენებლობაზე, შავ მუშად?
- სამუშაოების მეტი რა არის. - უკან არ იხევდა ბიჭი.
- გეგონოს! სწორედაც, რომ სამუშაო ჭირს! 
ბიჭმა უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები.
- ბიჭო! დიპლომიანი მუშა, აღარავის უნდა და უდიპლომო, ვის რაში სჭირდები?! - ჩაეცინა ფიფოს. 
- მეცადინეობა ბევრ დროს დამაკარგვინებს და სულ ტყუილად! მაინც გამიჭირდება უმაღლესში ჩაბარება. 
- ახლა, თუ გეზარება და მიზანიც არ გაქვს და არც გქონია.
- როგორ არ მაქვს! - წამოიძახა ვაჩე. - უფრო სწორად მქონდა. - განაგრძო დაბალი ხმით. - და არც სწავლა მეზარებოდა, მაგრამ გამოცდების ჩაბარებას, მეტი მონდომება და მომზადება უნდა, მეტი...
- მერე? იმეცადინე, ვინ გიშლის?
- აქ, მესამე სოფლის იქეთ არის სკოლა... - ვაჩე გაჩუმდა.
- ჰოო. - ამოიხვნეშა ფიფომ. - პატარებიც როგორ ივლიან აბა?
- პატარები კი ივლიან, აქაურ ბავშვებთან ერთად დიასახლისის უფროსი ბიჭი ატარებს მანქანით, მაგრამ...
- კაი, ნუ დამტანჯე, მითხარი ბარემ. - შეწუხდა ფიფო. - ბოლოს და ბოლოს, ამდენი რამ ვიცით ერთმანეთზე, ამდენი გადავიტანეთ და ცოტათი მაინც არ მენდობი?
- სკოლაში, სულ რამდენიმე უფროს კლასელია, თანაც სხვადასხვა კლასი და მათაც დაწყებითი კლასების მასწავლებლები ამეცადინებენ, რადგან... სკოლაშიც სულ ორი მასწავლებელია, ერთი დირექტორი და მეორე... - ვაჩე გაჩუმდა.
ფიფო წამით ჩაფიქრდა და მერე ვაჩეს თვალებში ჩახედა:
- შენ გინდა, სწავლის გაგრძელება? პირდაპირ მითხარი!
ვაჩემ თანხმობის, ნიშნად თავი დაუქნია.
- არა, თუ გეზარება და არც იმდენად გსურს...
- მინდა! არ მეზარება, მაგრამ ვიცი, რომ...
- რა იცი? - გააწყვეტინა ფიფომ. - რა იცი შენ? არაფერიც არ იცი! 
- მაშინ დედას უთხარით, იმას მოელაპარაკე, თქვენ უფრო... უფრო დაგიჯერებს.
- რა ვუთხრა დედას? სწავლა უნდა და აცალეთო? თუ დაგიჯდეს და გამეცადინოს? 
- ჯერ სამუშაოს ვიშოვნი, რამე პატარა ოთახსაც ვიქირავებ და სწავლასაც მივხედავ!
- აბა, აწყობილხარ! - ფიფოს გულიანად გაეცინა. - ისე ერთი კვირა, მართლა მაგრად უნდა გამუშაოს კაცმა და მერე ნახავ, სწავლის თავი კი არა, საწოლამდეც ძლივს მიხვალ!
ვაჩემ ამოიხვნეშა. 
- მომისმინე. - მშვიდი ხმით მიმართა ფიფომ. - მარტო პატარების საბუთები გადმოიტანე, შენი არ წამოიღო. გამიგე? 
ვაჩემ სიხარულით დაუქნია თავი.
- რამეს მოვიფიქრებ!
- სულ... სულ... როგორ მეხმარებით... ყოველთვის... - ბლუკუნებდა ბიჭი. 
- არაფერს გპირდები, მხოლოდ გითხარი რამეს მოვიფიქრებ და ასეც იქნება! - თვალი ჩაუკრა ფიფომ. - როცა ჩამოხვალ, გამომიარე და სასკოლოდ ახალ ტანსაცმელში გამოგაწყობ.
- მაქვს უკვე! 
- ძალიან კარგი, მაშინ სკოლისთვის რაც იქნება საჭირო...
- ყველაფერი გვაქვს! მიმიმ დაგვასაჩუქრა, მეც და ჩემი ძმებიც და აქაური ყველა ბავშვიც ახალი ტანსაცმლით, ჩანთებით და სასკოლო ნივთებით.
- ჰოო? როდის მოახერხა?
- როგორც კი კლინიკიდან ჩამოხვედით, იმ კვირაშივე მოგვინახულა, ფეხსაცმლის ზომებიც კი აგვიღო და იმავე საღამოს, უკვე ყველაფერი ჩამოგვიტანა. - მერე ფიფოს გაკვირვებულ სახეს შეხედა. - თქვენ, რა? არ იცოდით?
- როგორ არა! - უკან არ დაიხია ფიფომ. - უბრალოდ მეგონა, რომ... - ფიფო შეყოვნდა, რა უნდა ეთქვა თავადაც არ იცოდა, თუმცა დიასახლისმა „უშველა“ და ამ უხერხული სიტუაციიდან თავის დასაძვრენად, სუფრასაც მოჩვენებითი ხალისით შემოუჯდა.
არც სადილის თავი ჰქონდა და არც დალევა უნდოდა. პირზე ძალად მიხატული ღიმილის მიღმა, გული უფრო და უფრო ევსებოდა ბოღმით.
„ამიტომაც თქვა დიმეომ, დედიკო ვნახეო! ჰმ, ხედავ შენ? არც კი მითხრა.
რა საქციელია ეს? სულ როგორ ჩუმჩუმელობს ეს გოგო და რატომ? რისთვის?
ამ ვაჩეს კიდევ რა ვუყო? მეცოდება ეს ბიჭი, რადგან დავიწყე, ბარემ ბოლომდე მივხედავ. 
ჩემთან რომ წავიყვანო, იქ აუცილებლად შეამჩნევს, ჩემსა და მიმის ფარსს ცოლ-ქმრობას, მაგრამ მე თუ მიმის გავშორდები, მაშინ ჩემთან წავიყვან და მორჩა! 
ჰო, ისე, რა პრობლემაა? ჩემებთან ვაცხოვრებ, დაამთავროს სკოლა და მერე თვითონ იცის გააგრძელებს თუ არა სწავლას, დახმარებას არ მოვაკლებ, ისედაც უკვე...
ღმერთო ჩემო, რა დროს ვაჩეა! ოჯახი თავზე მენგრევა, თუმცა რა ოჯახი? 
რა არის ოჯახი?
რას ნიშნავს საერთოდ, ოჯახი?“
- ძანე ჩვენთან წავიყვანოთ, რაა? - შეევედრა დიმეო.
- ჰოო? - ძლივს დააღწია თავი ფიფომ ფიქრებს. 
- არა, ბებო. - ჩაერია ძანეს ბებია. - ამას თავისი სკოლა აქვს.
- მერე ჩემს სკოლაში ივლის! - უკან არ იხევდა დიმეო.
- თავისი სკოლა აქვს მამ! - ჩაერია ფიფო. - თავისივე კერძო სკოლის, დირექტორია და აბა, როგორ გამოვა? 
- მართლა? - გაიკვირვა ბავშვმა.
- ჰო! აბა! - დაუმოწმა ბებიამ. - ეს რომ იქ არ იყოს, სხვა ბავშვებმა რა დააშავე? სკოლას ხომ ვერ დავხურავთ? 
- ჰოო... - ჩაფიქრდა ბავშვი. - მაშინ, მეც მინდა, მაგ სკოლაში! სხვაგან არ ვივლი! 
- ჩვენ, სხვანაირი სკოლა გვაქვს, ხომ ნახე? საბავშვო ბაღივით არის. შენ კი, ნამდვილ სკოლაში უნდა ისწავლო, რომ მერე მამიკოსავით კარგი სამსახური გქონდეს. - ჩაიხუტა ქალმა, დაბნეული ბიჭი.
- მაშინ, ვაჩე წამოვიდეს ჩვენთან, ეს ხომ მაინც შეიძლება? 
- არა, ბები. ვაჩეს ჩვენთან წავიყვანთ, ასე უმჯობესია. ჩვენი ბაბუ ამეცადინებს ყველა საგანში, ხომ გვინდა, რომ უმაღლესში ჩააბაროს და მერე...
- ისე, ვაჩეს ჩემთან წამოყვანა მინდოდა, მაგრამ... - გააწყვეტინა ფიფომ, თუმცა ეს ვარიანტი, ახლა უფრო მეტად აწყობდა.
- ჩემი ქმარი, ფიზიკა-მათემატიკაში მოამზადებს, ისედაც ინფორმატიკის სპეციალისტია, თან ყოველდღე ამეცადინებს, აქეთ-იქეთ სირბილს სჯობს სახლში ჰყავდეს გამოცდილი რეპეტიტორი, სხვა საგნებშიც დაეხმარება. რა ვიცი? ისე, თუ თქვენთან ურჩევნია...
- სწორი გადაწყვეტილებაა! - მოუწონა ფიფომ. - და ვაჩე, თუ?..
- თქვენს ლაპარაკს ყური მოვკარი. - გაუღიმა ქალმა. - მაშინვე დამეთანხმა, მაგრამ შენი ერიდება შვილო, მე ვერ ვეტყვი არ ეწყინოს, თქვენთან რომ მირჩევნიაო.
- აბა, რა საწყენია? - გაეცინა ფიფოს. -  სამეცადინოდ აქეთ-იქეთ სირბილს, თანაც ჩვენ, ერთმანეთისგან არც იმდენად ახლოს ვცხოვრობთ. - მერე წამოწითლებულ ვაჩეს გახედა და და თვალი ჩაუკრა.
„ესეც ასეეე!“
გაიფიქრა ფიფომ.
„ვაჩეს ამბავიც მოგვარდააა! 
ღმერთო, რა დროს ვაჩეა და მისი ისედაც უადვილესად მოგვარებადი პრობლემებით, საკუთარ თავს უნდა მივხედო!“ 
ფიფოს თავიდან, მიმისთან უნდოდა დალაპარაკება, მაგრამ მერე გადაწყვიტა, ქირურგიდან დაეწყო, ჯერ იქიდან უნდა მოესინჯა ნიადაგი და მერე მიმის ახსნა-განმარტებებს შეადარებდა. 
ერთ ხანს, ჩაფიქრებული უშვებდა სიგარეტის კვამლს, ფართოდ გაღებული ფანჯრიდან. არც ის შეუმჩნევია, მდივანმა როგორ შემოუტანა ყავა და რაღაც უთხრა. ისე, მექანიკურად დაუქნია თავი, რომ ზედაც არ შეუხედავს, მხოლოდ მდუღარე ყავამ, რომ პირი კინაღამ დაუწვა, მაშინ გამოერკვა. 
„იქნებ, მიმიმ მართლაც კონსულტაციაში სიარულის დროს გაიცნო და მერე მისი ნომერიც ამიტომ ჰქონდა? თანაც მაშინ, რა საშინელი სიტუაცია იყო, სტიქია მძვინვარებდა, სასწრაფოს მანქანებიც არ ჰყოფნიდა ხალხს და შესაძლოა, ვინც იმ დროს თავისუფალი იყო, ის გამოუშვეს მიმის დასახმარებლად?“
ფიფომ ამოიხვნეშა.
„ჰო, რა ვიცი? არც ეგაა ლოგიკას მოკლებული, მაგრამ იქნებ?
იქნებ!
იქნებ!
იქნებ!
ამ სიტყვამაც ცალკე გადამღალა!“
- არა! მაინც უნდა გადავამოწმო! - ხმამაღლა წარმოსთქვა ფიფომ და ქირურგის ნომერი აკრიფა.
LEX. 2019 წლის 27 სექტემბერი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment