76.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1913453655563589
მიმის
დაბადების დღე თენდებოდა. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. ყველაზე მეტად ეს დღე უყვარდა.
ახლა კი მღელვარებას ისე შეეპყრო, რომ წესიერად ვეღარც იგებდა, სიხარულის განცდები იყო ეს, თუ?
რა
ხდებოდა მის თავს?
პიპასთან
ძალიან დამეგობრდა. თუმცა, მაინც სადღაც, გულის კუნჭულში გრძნობდა, რაღაც ისე ვერ იყო მათ შორის. პიპა კი თითქმის, სრულიად გამოიცვალა. ადრინდელთან შედარებით, ბევრად ვითომდა უფრო გახსნილი და გულღია ჩანდა, მაგრამ მიმი მაინც ქვეცნობიერად გრძნობდა, რაღაც მისთვის დაფარულს, შეუცნობელსა და იდუმალს მოეცვა
მისი რჩეული და ამიტომაც, ნებით თუ უნებლიეთ, გამუდმებით აკვირდებოდა და ფარულად სწავლობდა მის ქცევებს. ამოწმებდა და ერთმანეთთან ადარებდა, მის ყველა ჩვევასა თუ მონაყოლს. თავად სურდა ამოეცნო, თუ ვინ იყო მის გვედრით და ვისზე აპირებდა, სავარაუდოდ საბოლოო არჩევანის გაკეთებას.
ფიფოსთანაც ყველაფერი კარგად დალაგდა. უწინდელ დროს დაწყებული და
მერე შეწყვეტილი რომანი, ახლა უკვე კარგ, მჭიდრო მეგობრობაში გადაიზარდა. მიმიმ არ
დაარღვია ფიფოსთვის მიცემული პირობა და კრინტიც არავისთან დაუძრავს. პიპასთანაც კი არ წამოსცდენია,
რომ დაღამებამდე სახელოსნოში მხატვართან ერთად ძველ საბუთებს, ქექავდნენ.
სამწუხაროდ უშედეგოდ მოუწიათ შრომა. რამდენი იწვალეს და მაინც
ვერაფერს მიაკვლიეს. მიმიმ ასე იცოდა და არც მხატვარმა და აღარც ფიფომ აღარ ჩათვალა საჭიროდ, მისთვის ბოლომდე ეთქვათ, რომ იმ ბავშვის საბუთები, სულ სხვა ყუთში, სულ სხვაგან
იყო შერეული და არა მარტო იმ ერთი ბავშვის.
ფიფო სიხარულს ვერ მალავდა. ფრთხილად იღებდა დანარჩენ ყუთებს
და ისე ამოწმებდა, რომ მხატვარს არ გაღვიძებოდა და ბევრი სხვა ისეთი საბუთიც აღმოაჩინა და თანაც, ისეთ ყუთებში, სადაც ისინი წესით არც უნდა ყოფილიყვნენ.
„იქნებ, აერიათ?
ან იქნებ, სპეციალურადაც მიმალეს ეს ბავშვები?
ვინ იცის?
უკვე არაფერს არ
გამოვრიცხავ.“
საბუთების მიხედვით, ამ ბავშვებზე, მხოლოდ ერთი მშობელი ირიცხებოდა
და არსად ეწერა მათი გაყვანის თარიღი. თითქოს, მთელი ცხოვრება იქ გაატარესო.
„რა იყო ეს?
ნუთუ, გაყიდული
ბავშვების სიაა?
ალბათ, ამ დოკუმენტაციის სულ
მთლიანად განადგურების შეეშინდათ და დროულ ბავშვებზე ინფორმაცია, დღენაკლულთა ყუთებში
შეურიეს.
ჰმ, თანაც, როგორ
ეშმაკურად არის ჩალაგებული. ყველა საქაღალდე, თარიღების მიხედვით, თანმიმდევრული სიზუსტით
არის დაწყობილი და უცებ, ალაგ-ალაგ, სადღაც ყოველი მეათე ბლანკის შემდეგ, სულ სხვა
საბუთი დევს.
არა! არ მეშლება!
ნამდვილად ასეა! ქრონოლიგიურად დაწყობილ, ზუსტად ყოველი მეათე საბუთის შემდეგ, სულ
სხვა თარიღიანი დოკუმენტია ჩადებული და მერე ისევ ათი ბლანკი, ერთმანეთის მომდევნო
თარიღებით და ისევ ბაც! სულ სხვა საბუთი დევს მეთერთმეტე ფურცლად.
ჰაჰ! რა თქმა უნდა, სპეციალურად არის შერეული! ამას წყალიც არ გაუვა, რადგან ყველა სხვა დანარჩენ ბავშვზე,
დროულსა თუ დღენაკლულზე გაყვანის, გარდაცვალების, ან ბავშვთა სახლში გადაყვანის თარიღები
და მისამართები ზუსტად არის აღნიშნული და ყოველი მეთერთმეტე კი, უთვისტომოდ, ყოველგვარი
გადამისამართების გარეშე არის გამქრალი.“
საკმაოდ დიდი რიცხვს იტევდა, უმისამართოდ დარჩენილ ბავშვთა
სია.
სად ქრებოდნენ ისინი?
არსებობდა პირდაპირ სამშობიაროდან გაშვილების წესი, მაგრამ
აქ სულ სხვა რამ იყო. ეს იყო ახალშობილთა საავადმყოფო, საიდანაც ბავშვების გარკვეული
ნაწილის კვალი, სადღაც ქრებოდა.
„ჰმ, საიდან სად
გავედი. სულ სხვა რამის ძიებაში, სულ სხვა დანაშაულის კვალზე გავედი, თუმცა რა კვალი? აბა, სად ჩანს კვალი?
არ არსებული კვალი
და ისევ გაურკვევლობა.“
უკვე კარგად გათენებული იყო და ფიფოს, უმისამართო ბავშვების გადამოწმება
დღის ბოლომდე უნდა მოესწრო, ხოლო გვიან ღამით კი, ეს ყუთები ისევე ჩუმად უკანვე უნდა დაებრუნებინა, როგორც ჩუმადვე წამოიღო, რადგან ასეთი პირობით იყო საავადმყოფოს დარაჯთან შეთანხმებული.
„გამქრალი“ ბავშვების სიის გადამოწმებას მთელი დღე მოანდომა.
ხან სად იყო და ხან სად. დაბადების თარიღის მიხედვით, უკვე ზრდასრული ადამიანები უნდა
ეძებნა, მაგრამ ვერავინ აღმოაჩინა. ცხადი იყო, ეს ბავშვები უკანონოდ და უჩუმრად გააშვილეს
და გვარსაც ისე შეუცვლიდნენ, რომ მათ კვალზე, ასე ადვილად, ვერავინ გასულიყო.
კითხვები ერთმანეთს ემატებოდა, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა.
ამდენი სიბილისა და ფიქრებისგან გათანგული და ახალი ამბებით გაოგნებული ფიფო, ბოლოს „ხანუმა დეიდასაც“ მიადგა.
- კი, მაგრამ მაშინ რატომღა შეინახეს ეს სიები? - უკვირდა ფიფოს. - რა საჭირო
იყო? ან რისთვის იყო საჭირო?
- აი, ზუსტადაც, რომ სწორი შეკითხვაა! - თავი დაუქნია ხანუმა
დეიდამ. - მართლაც, რისთვის იყო საჭირო? შეიძლება, ვისაც ამის განადგურება დაავალეს,
უბრალოდ გადამალა! თუნდაც, შანტაჟისთვის! მშვენიერი მასალაა და კარგად გამოიყენებდა
ვინმე, მათსავით გაიძვერა, მაგრამ ეს ჩვენი ფიფო, მათზე გამჭრიახი აღმოჩნდა და ყველას
დაასწრო! - ჩაიხითხითა ხანუმამ. - ხედავ? სულ პატარა, სრულიად უმნიშვნელო რამეს მიაქციე
ყურადღება და რამხელა რამ ამოტივტივდა! ყოჩაღ! ჭკვიანი ბიჭი ხარ!
- ასე მსუყედ, ნუ მაქებ! ყურებამდე ვწითლდები! - გაეცინა
ფიფოს და თან გულში ძლიერ უხაროდა ხანუმას შექება და მით უმეტეს, რომ მართლაც იმსახურებდა
ამას.
- აბა, რატომ არ უნდა შეგაქო? - მხრები აიჩეჩა ხანუმამ.
- შენ რომ არა, ეს საბუთები ალბათ, ვერც ვერასდროს იხილავდა მზის შუქს!
ფიფოს კვლავ ჩაეცინა და განაგრძო:
- მეც ვფიქრობ, რომ მართლაც, სპეციალურად გადამალეს ასე! უცებ
თუ საჭირო გახდებოდა, ისე გამოაჩენდნენ, ვითომდა უნებურად შეერია სხვა საბუთებში, თავსაც
ადვილად იმართლებდნენ.
- ჰმ, მრავლობითში ლაპარაკობ. - ჩაეღიმა ხანუმა დეიდას. - ესე იგი, დარწმუნებული ხარ, რომ ეს მარტო ერთის ნამოქმედარი არ იქნება.
- გამორიცხულია! - მიუგო ფიფომ. - ჯერ კიდევ, სანამ იმ სარდაფებს მივადგებოდი, იმდენი დარღვევები აღმოვაჩინე, მაგრამ ხან როგორ იყო გამართლებული და ხან როგორ შელამაზებული და ამ საბუთებმა ხომ, საერთოდ! - თავი გააქნია ფიფომ. - ახლაც გაოგნებული ვარ, ვერანაირ კვალზე ვერ გავედი.
- ესე იგი, ზრდასრული, ვერავინ აღმოაჩინე მაგ სიიდან?
- ვერავინ! ან ასაკი არ ემთხვევა, ან სქესი. ისე ზოგიერთთან, თითქოს იყო რაღაც მსგავსი დამთხვევა, მაგრამ მერე კარგად გადავამოწმებინე, არაფერი
საერთოდ! უჰ, მთელი დღე მაგას მოვუნდი. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- გამოდის, რომ ეს ჩვილები არც გარდაცვლილან, არც ბავშვთა სახლში
გადაუყვანიათ, უბრალოდ გააქრეს! გაყიდეს!
- ცხადია მასეა.
- ესეც შენი ახალი საქმე! ორმოცი წლის წინათ გაყიდული ბავშვების
საქმე!
- და მერე, ვის აინტერესებს ახლა ეს? - უკმაყოფილოდ გააქნია თავი
ფიფომ. - მოვკვდი ამდენი ჩუმჩუმათობით! ხან ვის რას ვთხოვ და ხან ვის რას! რომ გამიგოს
უფროსობამ, ისევ იმ ძველ საქმეს ვეჭიდები, გადამაშენებენ! არც დამინდობენ!
- დაურეკე ნათლიაშენს!
- რაა? რატომ?
- დარეკე, გეუბნები! - შეუტია ქალმა. - ხომ იცი, როგორი წონაც აქვს სამინისტროში და დაურეკე, მაგრამ იმ ამბავს ნურც ახსენებ. უბრალოდ, გაყიდული ბავშვების საქმე დაგავალოს.
- კარგი იქნებოდა, მაგრამ რა ვუთხრა? საიდან დამესიზმრაო?
ან ამდენი ხანია, რომ ვიქექები და ვიკვლევ...
- ჰო, მართალი ხარ. - თავი დაუქნია ხანუმამ. - მე დავურეკავ და მოვთხოვ, რომ პირადად შენ დაგავალოს! იმ საცოდავ გოგოს, საერთოდაც არ ვუხსენებ, ბავშვის დედას. მიზეზს კი, მოგვიანებით ვეტყვი. რამეს მოვიფიქრებ. შენ მაგაზე არ იდარდო. ხომ იცი, რა გაიძვერაც ვარ?! - „ხანუმა დეიდამ“ ჩაიხითხითა.
ფიფოსაც გაეღიმა.
- ამიკრიფე ერთი, მაგის ნომერი... შენი ტელეფონით არა! შე, პატარა ბრიყვო! ჩემი ნომრიდან უნდა დაირეკოს! - ისევ ჩაიხითხითა მოხუცმა.
ფიფოს თავის სიბრიყვეზე, გემრიელად გაეცინა, ტელეფონი მიაწოდა
და სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავიდა.
ხუთი წუთიც კი არ იყო გასული, რომ ხანუმა დეიდამ დაუძახა:
- წადი, გელოდება!
- მაინც ზუსტად, რა უთხარი? ზედმეტი არაფერი წამომცდეს.
- მიზეზი, არც შენ იცოდი და არც ახლა იცი. - მიუგო ქალმა. - ამას წინათ, ისე, შინაურულად
გთხოვე, მაგ ძველი არქივების ამოქექვა და ჩემი ეჭვებიც გამართლდა სწორედ იმ გაყიდული ბავშვების
თაობაზე! უფრო სწორად, მოპარული ბავშვები ვუხსენე. ასე ჯობია და ისიც ვუთხარი, რაც შენ
აღმოაჩინე იმ სარდაფში. ახლა წადი და ოფიციალურად დაგავალებს და მერე ვნახოთ!
ფიფო ლამის ფრთებ შესხმული გამოფრინდა ხანუმასგან. არც კი იცოდა, ეს საქმე სადამდე მიიყვანდა.
იქნებ, სულაც იმ ძველი საქმისთვის არც გამომდგარიყო, მაგრამ ამ ახალი აღმოჩენით, უკვე
ისე იყო დაინტერესებული, რომ უკან აღარც დაიხევდა. ჯერ კიდევ უამრავი რამ იყო გამოსაკვლევი
და გამოსაქექი.
ფიფომ ახლა უკვე, დარაჯს კი არა და, შიშისგან ფერდაკარგულ, საავადმყოფოს მთავარ
ექიმს გაუშანშანშალა ჩხრეკის ორდერი. თუმცა, ახლა უკვე მართლაც, აღარაფერში სჭირდებოდა, ისედაც გადაქექილი
ჰქონდა ყველაფერი და ძიებამაც ოფიციალური სახე მიიღო.
გახარებული დაბრუნდა მხატვართან. გადაწყვიტა, ზედმეტი სიჩქარის
გარეშე, ისევ და ისევ, თავიდან გადაემოწმებინა ყველაფერი. არაფერი არ უნდა გამორჩენოდა და რაც მთავარი
იყო, ახლა დრო საკმარისად ჰქონდა.
საღამოვდებოდა. მშვენიერი დრო იყო. მოკალათდებოდა სახელოსნოს
სავარძელში და შეეძლო, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ექექა საბუთები.
- აბა, რა ამოვიტანო? დღეს დიდი ღამე გველის! დასალევსაც რამე
უფრო კარგს წამოვიღებ! შენ რა გინდა?
შესვლისთანავე მიახალა მხატვარს, მაგრამ მასპინძელი, ცოტა
არ იყოს, შეყოვნდა.
ფიფომ ყურადღება არ მიაქცია და გახარებული უყვებოდა, თუ როგორ ოსტატურად
იგდო ახალი საქმე ხელთ.
როგორც იქნა, მორჩა ფიფო ქაქანს, მაგრამ მხატვრის რეაქცია, რაღცნაირად ზედმეტად ეუცნაურა და კითხვის თვალით შეხედა.
- რა იყო?
- დღეს მიმის დაბადების დღეა! - მშვიდი ღიმილით წარმოსთქვა
მხატვარმა.
- აუუუუ! - შუბლში იტკიცა ხელი ფიფომ და მხატვარს სასოწარკვეთილი სახით გახედა.
- უნდა წავიდეთ, აბა რა! - თავი დაუქნია მხატვარმა. - თუმცა, მე არც კი ვიცი, ზუსტად სად ცხოვრობს.
- მე ხომ ვიცი და კარგი, წავედით მაშინ, რაღას ვუცდით? თან გზაში, რამე კარგი საჩუქარიც ხომ უნდა შევარჩიოთ?!
- ეს ნახატი, რომ ვაჩუქო? როგორ ფიქრობ? ან ეს? - მხატვარმა
სურათებს შედარება დაუწყო.
- დიდ ვარდების თაიგულს ვუყიდი და ზემოდან მაგარ საჩუქარსაც დავამატებ. - ფიფო ახლა ნახატს შეაჩერდა. - ნახატი? შენი ნებაა, თუ გინდა აჩუქე! მე კი, რამე ძაან მაგარს ავარჩევინებ სალონში და ორივესგან იქნება! ჯერ ვარდები ვნახოთ, ლამაზ თაიგულს შევაკვრევინებ!
- მიმის იასამნები უყვარს.
- დიდ ვარდების თაიგულს ვუყიდი და ზემოდან მაგარ საჩუქარსაც დავამატებ. - ფიფო ახლა ნახატს შეაჩერდა. - ნახატი? შენი ნებაა, თუ გინდა აჩუქე! მე კი, რამე ძაან მაგარს ავარჩევინებ სალონში და ორივესგან იქნება! ჯერ ვარდები ვნახოთ, ლამაზ თაიგულს შევაკვრევინებ!
- მიმის იასამნები უყვარს.
- ააა... არ ვიცოდი... მიმისთვის იასამნები არასდროს მიჩუქნია, ერთ-ერთი ყველაზე
იაფიანი ყვავილია და... - ფიფო გაჩუმდა. - ჰმ, მე კი ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება ძვირიანი
თაიგული შემერჩია.
- აი, ხედავ? ის რაც მარტივი და იაფია, ის ყველაზე საუკეთესო
და შეიძლება, ბევრად ძვირფასიც იყოს!
- ეეე, რა უბრალოდ შეიძლებოდა თურმე, მიმის გულის მოგება,
მე კი... ეჰ..
- არც ახლაა გვიან!
- ასე ფიქრობ? - ეჭვიანად გამოხედა ფიფომ.
- დიახ! - დაუქნია თავი მხატვარმა.
- მდაა, საინტერესოა და ის ვიღაც?
- მას ჯერ კონკრეტული სტატუსი არა აქვს, მაგრამ გირჩევნია
იჩქარო.
- შენ რაღაც იცი, ხომ? - ჩაეკითხა ფიფო.
- რაღაც კი, მაგრამ ბევრი არც არაფერი.
LEX. 2017 წლის 27 მაისი, შაბათიhttps://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1913453655563589
No comments:
Post a Comment